მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რა დარღვევები აღმოაჩინეს მდინარე ბარცხანასთან არსებულ ფარმაცევტულ საწარმოში

01.06.2022 •
რა დარღვევები აღმოაჩინეს მდინარე ბარცხანასთან არსებულ ფარმაცევტულ საწარმოში

ბოლო ორი კვირის განმავლობაში მდინარე ბარცხანამ მინიმუმ ორჯერ მიიღო ლილისფერი. მდინარის დაბინძურების მიზეზის დასადგენად „ბათუმელები“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს დაუკავშირდა, რის შემდეგაც უწყების რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში, ბაქრაძის ქუჩისა და მდინარე ბარცხანის დასახლების მიმდებარედ განთავსებული საწარმოები გადაამოწმეს.

ბარცხანის მდინარე გალილისფრდა

ვინაიდან, ადგილობრივი მოსახლეობა მდინარის დაბინძურებას უკავშირებდა მიმდებარედ განთავსებულ ზეთის საწარმოსა და ფარმაცევტული საწარმოს საქმიანობას, დეპარტამენტმა ეს ორი საწარმო შეამოწმა. ინსპექტირებისას აღმოჩნდა, რომ მზესუმზირის ზეთის საწარმოს საქმიანობა შეჩერებული აქვს 2021 წლის ნოემბრის თვიდან, ფარმაცევტული საშუალებების საწარმოს კი გარემოსდაცვითმა ზედამხედველობამ დარღვევები ერთდროულად, რამდენიმე მუხლით დაუდგინა.

▶️ ბათუმის სანაპიროზე ზღვის წყლის ხარისხის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი, სწორედ ბარცხანის მიმდებარედ ფიქსირდება, რადგან  აქ ჯერ კიდევ რჩება დაბინძურების კერები, თუმცა გარემოს დაცვის სამმართველოს ცნობით, აქ საბანაო წყალი ნორმის ფარგლებშია. ზღვის წყლის ხარისხი განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენია შიგნით  ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 19 მაისს, ნონეშვილის N65-ში განთავსებული შპს „ბიოპოლუსი“-ს კუთვნილი ფარმაცევტული საშუალებების საწარმოს ინსპექტირების შედეგად, საწარმოს დაუდგინდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევა. ეს გულისხმობს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის ფაქტობრივ მდგომარეობასთან შეუსაბამობას ან მისი უქონლობას.

დარღვევა ითვალისწინებს 500 ლარიან ჯარიმას.

ინსპექტირების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე, შპს „ბიოპოლუსი“-ს მიმართ ოქმები შედგა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის კიდევ ორი – 82(1)-ე მუხლის და 61(1)-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.

მდინარე ბარცხანაში ჩამდინარე, ნავთობით დაბინძურებული წყალი

ეს ნიშნავს, რომ საწარმოს დაუდგინდა წყლის პირველადი აღრიცხვის წარმოების წესების დარღვევა (61), რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 50-დან 100 ლარამდე; და ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევა (82), რაც 500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

2022 წლის 25 მაისს, ასევე ოქმები შედგა ნარჩენების მართვის კოდექსის 42-ე მუხლის, 43-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 44-ე მუხლის შესაბამისად.

ეს ნიშნავს: გარემოსდაცვითი მმართველის განსაზღვრის ან/და მისი ვინაობის სამინისტროსთვის შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობას (42); კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის დადგენილ ვადაში წარუდგენლობას ან/და ამ გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განუხორციელებლობას (43); ნარჩენების აღრიცხვისა და ანგარიშგების ვალდებულების შეუსრულებლობას (44). 

ჯამში ამ სამი მუხლის დარღვევისთვის საწარმო 5400 ლარით დააჯარიმეს.

ოქმები განსახილველად გადაიგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, შეტყობინების შესვლის დღეს, 18 მაისს, უწყების თანამშრომლების ადგილზე მისვლის დროს, მდინარის შეფერილობა არ იყო შეცვლილი. „განხორციელდა მიმდებარე ტერიტორიის ვიზუალური დათვალიერება, დაბინძურების წყაროს დადგენის მიზნით და ლილისფერი შეფერილობის წყლის რომელიმე წერტილიდან ჩაშვების ფაქტი არ გამოვლინდა“, – იუწყება დეპარტამენტი.

შემთხვევის ადგილზე „ბათუმელებმა“ მდინარის ჩამდინარე წყლებით დაბინძურების რამდენიმე ადგილი დავაფიქსირეთ, მათ შორის ნავთობით დაბინძურების შემთხვევაც.

ამავე თემაზე:

სად არის აჭარაში წელს ზღვა ყველაზე სუფთა და ყველაზე ჭუჭყიანი? – კვლევის შედეგები

მდინარე ბარცხანა გალურჯდა – სავარაუდო ქიმიური დაბინძურება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: