მთავარი,სიახლეები

გვესმოდა, რომ შეიძლება უკან ვეღარ დაბრუნდე – პილოტი, რომელიც აზოვსტალს ამარაგებდა

02.06.2022 • 15635
გვესმოდა, რომ შეიძლება უკან ვეღარ დაბრუნდე – პილოტი, რომელიც აზოვსტალს ამარაგებდა

„აზოვსტალი მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი. ლეგენდარულად იქცა უკრაინელი ჯარისკაცების გმირობა, რომლებიც ორ თვეზე მეტს იცავდნენ ქალაქს.

თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ ქალაქის მცველების დასახმარებლად აგზავნიდნენ ვერტმფრენებს, რომელთა ეკიპაჟებიც გმირულად უპირისპირდებოდნენ რუსულ ავიაციასა და ანტი-საჰაერო თავდაცვას და მიჰქონდათ ალყაში მყოფი ქარხნის მცველებისთვის იარაღი, ტყვია-წამალი, მედიკამენტები და საკვები“, – წერს უკრაინული გამოცემა „ინფორმატორი“ და აქვეყნებს ინტერვიუს ერთ-ერთ მფრინავთან, რომელიც მარიუპოლის მცველების მომარაგების ოპერაციებში მონაწილეობდა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის თქმით, სწორედ მისი უწყება ხელმძღვანელობდა საიდუმლო ოპერაციას, ხოლო მარიუპოლელი ჯარისკაცების დასახმარებლად მთლიანობაში ვერტმფრენი 16-ჯერ გაფრინდა.

„ეკიპაჟს ცოტა დრო ჰქონდა ყველა ნიუანსის აღქმისა და გარკვევისთვის. ეს პლუსიც იყო, რადგანაც დროის მოკლე მონაკვეთში დაზვერვა მათ ბევრ საჭირო მონაცემსა და ინფორმაციას აწვდიდა“, – ამბობს იგი.

ოპერაციაში მონაწილე პილოტი ჰყვება, რომ თითოეული გაფრენა ინდივიდუალური იყო – „ვიღაცას მოსამზადებლად კვირები ჰქონდა, ვიღაცას კი ერთი დღე ან სულაც რამდენიმე საათი“.

„საჭირო იყო ტვირთის მიტანა მოწინააღმდეგის ტერიტორიის სიღრმეში, [საფრენი] 100 კილომეტრზე მეტი იყო. მთელ მანძილზე იყო მტრის ანტი-საჰაერო თავდაცვა. ტაქტიკისა და ყველა მათემატიკური გამოთვლის თანახმად [ოპერაციის შესრულება], არათუ რთული, შეუძლებელი იყო. მაგრამ, პრაქტიკამ აჩვენა, რომ ყველაფრის შესრულება გამოგვივიდა“, – ამბობს იგი.

სამხედრო პირის ცნობით, მხოლოდ ვერტმფრენის დაშვების წერტილთან იყო სამი სხვადასხვა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, რომელიც ზონას ფარავდა.

„როგორც წესი, ვცდილობთ გვერდი ავუაროთ ანტი-საჰაერო თავდაცვის დაფარვის ზონას, მაგრამ არის დავალებები, როცა ამის გაკეთება შეუძლებელია – მაგალითად, მარიუპოლში ტვირთის ჩატანა ან დაჭრილების ევაკუაცია. ჩვენთვის მთავარია ვიცოდეთ ყველა ბუნებრივ თუ ხელოვნურ წინააღმდეგობაზე, რათა მათ ხელი შეგვიწყონ და არა შეგვიშალონ“, – ჰყვება პილოტი.

ოპერაციაში მონაწილე სხვა პილოტი მონაყოლით კი, ყველა აცნობიერებდა რისკს და იცოდა, რომ მონაწილეთა 90% უკან ვეღარ დაბრუნდებოდა.

„როცა ეს დავალება პირველად მოგვცეს, ხელმძღვანელმა გვითხრა: „სამოქალაქო პირების, ან სხვა ადამიანების რამდენ სიცოცხლედ აფასებთ თქვენს სიცოცხლეს? რამდენი ადამიანი უნდა დაიღუპოს, რომ გაიგოთ, რომ თქვენი სიცოცხლე ამად ღირს?“ მართლაც გვესმოდა, იქ რა ხდებოდა“, – იხსენებს პილოტი.

მისი თქმით, ოპერაციის ყველა მონაწილე რისკზე მიდიოდა, რადგანაც ესმოდა, თუ რისთვის და ვისთვის აკეთებდნენ ამას.

„ყველაზე მეტად მაშინ ნერვიულობ, როცა ასაფრენად ვერტმფრენამდე მიდიხარ. როცა მარიუპოლში აღმოვჩნდით, ხალხი ჩამოვსვით და ტვირთიც დავტოვეთ, ეიფორიის გრძნობა მქონდა. უკანა გზაზე, აფრენიდან სამ წუთში, ჩემს ვერტმფრენს, რომელშიც 20 დაჭრილი იყო, რაკეტა მოხვდა, ძრავა ჩაქრა“, – იხსენებს იგი.

პილოტი ასევე ჰყვება სხვა ვერტმფრენზე, რომელიც მათ უკან მიფრინავდა, თუმცა ჩამოვარდა – ეკიპაჟიდან ვერავინ გადარჩა. ეკიპაჟის ყოველ წევრს დოკუმენტშიც უწერია, რომ აფრენაზე და დაშვებაზე გადაწყვეტილებას პირადად იღებს.

„არის უამრავი ნიუანსი, როცა გადაწყვეტილების მიღება შეგიძლია, თუნდაც რთული ამინდის გამო. მიუხედავად იმისა, რომ [აფრენაზე] უარის სათქმელად ათი მიზეზი იყო, ყველა ვასრულებდით [დავალებას]“, – ამბობს ოპერაციის მონაწილე.

____________________

ფოტოზე: აზოვსტალი. დმიტრო კოზაცკის ფოტო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: