Batumelebi | 4 უკანონო რესტორანი ბათუმის სანაპიროზე, „ქართულ ჯიგრულ პონტში“ 4 უკანონო რესტორანი ბათუმის სანაპიროზე, „ქართულ ჯიგრულ პონტში“ – Batumelebi
RU | GE  

4 უკანონო რესტორანი ბათუმის სანაპიროზე, „ქართულ ჯიგრულ პონტში“

ბათუმში, ზღვასთან ახლოს, რესტორნების მესაკუთრეებმა, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებზე, შუშით შეფუთული დარბაზები მიაშენეს, ამ დარბაზების წინ კი ზღვაში პირსები გაიყვანეს, სადაც ღია კაფეები მოაწყვეს მერიასთან შეთანხმებისა და ყოველგვარი ნებართვის გარეშე. ეს ამბავი მერიაში იციან, თუმცა რესტორნებს ამით ხელი არ შეშლიათ, ისინი მუშაობას აგრძელებენ. კონტროლზე პასუხისმგებელ უწყებაში კი ამბობენ, რომ კანონით გათვალისწინებული რეაგირება ჰქონდათ და ახლა პასუხს სასამართლოსგან ელიან.

უკონტროლო სამშენებლო პროცესის გამო ბათუმის მერიას დიდი ხანია ღიად აკრიტიკებენ,  შეფასებისას კი იყენებენ ისეთ მძიმე ბრალდებებს, როგორიცაა: „ფულს აკეთებენ“, „კორუფციის ბუდეა“ და ასე შემდეგ. გასული კვირის ბოლოს კი მსგავსი რამ თავად პრემიერ გიორგი გახარიასგანაც მოვისმინეთ.

„დასრულდა ფულის კეთების დრო, ბათუმს უნდა ჰქონდეს გენგეგმა“, –  განაცხადა პრემიერმა ბათუმში „ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას. რა თქვა ამ სიტყვებით მთავრობის მეთაურმა? – ეს იყო მისი ერთგვარი აღიარება და დასტური ამ დრომდე ქაოსური სამშენებლო პროცესის მიმართ გამოთქმულ ეჭვებზე, თუ სხვა რამ, მაშინ როცა პრემიერს ეკუთვნის ასევე ფრაზა: „რა კორუფცია, რის კორუფცია, იქ თუ ვინმემ ვინმეს რაღაც ქართულ ჯიგრულ პონტში…“

უნებართვო სარესტორნო დარბაზები და პარკინგი პლაჟზე

აგვისტოს მიწურულს, დღის ხუთ საათზე, გოგებაშვილის ქუჩის #33-ში მდებარე რესტორნების წინ, ზღვაზე გამავალ პირსებზე განსაკუთრებული ხალხმრავლობაა, მომხმარებელი სწორედ აქ განთავსებულ მაგიდებს ირჩევს. ეს მაგიდები, როგორც ჩანს, მოთხოვნის შესაბამისად, საკმაოდ ახლოსაა ერთმანეთთან განთავსებული. შეიძლება ითქვას, რომ სიმჭიდროვეა და თავისუფლად გავლა ჭირს. მართალია, ხალხმრავლობა პირსებსა და სანაპიროზე განთავსებულ მაგიდებზე უფრო შეინიშნება, თუმცა მომხმარებელი რესტორნების დარბაზებსაც აკითხავს, ზღვა დარბაზებიდანაც კარგად ჩანს, თანაც აქ უფრო გრილა.

მეტი კომფორტისთვის აქ პარკინგიც ზედ პლაჟზე მოუწყვიათ და მანქანების გაჩერებას საგანგებოდ არეგულირებენ – ამ ყველაფერში უჩვეულო თითქოს არაფერია და რიგითი მომხმარებელი ან გამვლელი ამ ყველაფერს საკურორტო ქალაქისთვის დამახასიათებელ საქმიანობად აღიქვამს. სინამდვილეში კი  სანაპიროზე მოწყობილი შენობები და პირსებიც უკანონოა.

სახელმწიფოს მიწაზე, სანაპიროზე უკანონოდ აშენებული შენობები. უნდა ითქვას ისიც, რომ ამ ადგილზე ნავთობტერმინალის მილი გადის.

პარკინგი პლაჟზე

ზღვისპირა ზოლი ტურისტებისთვის და, შესაბამისად, ბიზნესისთვისაც ყველაზე მომხიბვლელი ადგილია ბათუმში, ამიტომაც მაღალია კონკურენცია ამ ზოლში მიწის ნაკვეთის მიღებაზე, არამხოლოდ საკუთრებაში, არამედ მართვაშიც კი [ საიჯარო წესით].

საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება ან ნაკვეთის ყიდვა ამ ზოლში ბიზნესმენს სოლიდური თანხა უჯდება ან რამდენიმემილიონიანი ინვესტიციის ვალდებულების აღება უწევს. თუმცა ბათუმში არიან ისეთებიც, ვინც არ იწუხებს თავს ამ ყველაფრისთვის და ბიზნესს სახელმწიფოს მიწაზე, ყველაზე მოთხოვნად და პრესტიჟულ ადგილზე, ზღვის პირას, ყოველგვარი ნებართვის გარეშე იწყებს.

ზუსტად ასე, სახელმწიფოს მიწაზე, სახელმწიფო სტრუქტურებთან შეთანხმების გარეშე გააფართოვეს სარესტორნო ბიზნესი გოგებაშვილის #33-ში, ზღვის პირას. კერძო პირებმა ჯერ სახელმწიფოს მიწის ნაკვეთები დაიკავეს, შემდეგ ამ ნაკვეთებზე რესტორნის მოსაწყობად მასშტაბური რკინა-ბეტონის კონსტრუქციები განათავსეს, ამ კონსტრუქციების წინ კი პირსები მოაწყვეს.

გოგებაშვილის #33-ში რესტორანი „ფიშლანდია“ ფუნქციონირებს. იქვეა რესტორნები – „ლურჯი ტალღა“, „ზღვის ვარსკვლავი“ და „პონტო“, რომელსაც გასული წლის ბოლოს „ნეფტუნი“ ერქვა.

ეს რესტორნები ზღვის სანაპიროზე ერთმანეთის გვერდით მდებარეობს, ერთმანეთის მიყოლებითაა ასევე განლაგებული შენობების წინ უნებართვოდ მიმატებული შუშის დარბაზები და საგანგებოდ მოწყობილი პირსებიც. აქ რესტორნების მეპატრონეებმა უკვე არსებული ბიზნესების გასაფართოებლად სახელმწიფოს კუთვნილი არანაკლებ 1400 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მიიტაცეს პირდაპირ ზღვასთან.

სახელმწიფო აუდიტორის ინფორმაციით, რაზეც ის თავის ანგარიშში წერდა, ამ შენობა-ნაგებობების სახელმწიფო მიწაზე უნებართვოდ მშენებლობა დაწყებულია და მიმდინარეობს, მინიმუმ, 2016 წლიდან, რასაც ბათუმის მერიაში კატეგორიულად უარყოფენ. მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლის, ირაკლი მოქიას ინფორმაციით, ეს შენობები და პირსები მხოლოდ 2019 წელს ააშენეს უნებართვოდ და „ამის დამადასტურებელი ფოტომასალაც არსებობს“.

აუდიტორი კი თავის დასკვნაში ამტკიცებს, რომ მერიამ უნებართვოდ აშენებულ შენობებთან დაკავშირებით ღონისძიებების გატარება მხოლოდ აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში დაიწყო, [8.10.2019] და უნებართვოდ აშენებული შენობების მესაკუთრეები 3-3 ათასი ლარით, ჯამში − 12 000 ლარით დააჯარიმა.

ჩვენ აუდიტის სამსახურსაც დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს, რომ აუდიტორმა მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის გამოკითხვა-გამორკვევის საფუძველზე დაადგინა, რომ უკანონო შენობები და პირსები იქ 2016 წლიდან არსებობს. ამის გარდა, ერთ-ერთმა მესაკუთრემ პირად საუბარში დაგვიდასტურა კიდეც, რომ მშენებლობა გაცილებით ადრე დაიწყო.

აუდიტორის ჩანაწერი: ბათუმის მერიამ დროულად არ გამოავლინა და არ აღკვეთა უნებართვო მშენებლობები, არ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება მშენებლობის შეჩერების და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ აშენებული 2 და 3-სართულიანი შენობების დემონტაჟის შესახებ. ამის ყველაფრის შედეგად კი, „ქალაქში გაჩნდა სივრცითი დაგეგმარების, კონსტრუქციული განაშენიანების, არქიტექტურული პარამეტრებისა და ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის გარეშე, თანამედროვე მოთხოვნებთან შესაძლო შეუსაბამო რვა შენობა.

ირაკლი მოქიას განმარტებით, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა რესტორნების მეპატრონეების დაჯარიმების პარალელურად მოამზადა სააღსრულებლო ფურცელი უკანონოდ აშენებული ფართობების, ასევე პირსების დემონტაჟის მოთხოვნით და სააღსრულებლო ბიუროში გადააგზავნა. მოქიას თქმით, მერია დაუყონებლივ დემონტაჟს ითხოვდა, თუმცა მესაკუთრეებმა სააღსრულებლო ფურცელი გაასაჩივრეს და ჩვეულ რეჟიმში გააგრძელეს მუშაობა.

რა თანხა შევიდოდა ბიუჯეტში, ამ რესტორნებს კანონიერად რომ ემუშავათ

2020 წლის მაისში იმავე ზოლში, ზღვის პირას, მიწის ნაკვეთი პირდაპირი განკარგვის წესით შპს „უტევანმა“ მოითხოვა. მოთხოვნილი ტერიტორიის გვერდით, ასევე ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე რესტორანი „რივიერა“ ფუნქციონირებს.

მერია კომპანიას დათანხმდა 478 კვადრატული მეტრი ტერიტორია პირობით – წელიწადში 15 000 ლარად გადაეცა, რაც ერთ კვადრატულ მეტრზე წელიწადში 31,38 ლარია. განკარგულების პროექტის მიხედვით, ფასი აუდიტმა დაადგინა. ამ მონაცემების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, უკანონოდ ათვისებული მიწის ნაკვეთების გამოყენებისთვის ოთხ რესტორანს ბათუმის ბიუჯეტში, ერთ წელში, ჯამში, 50 000 ლარი უნდა შეეტანა, იმ შემთხვევაში კი, თუ ამ ფართობზე შენობები გაჩნდებოდა, ამას დაემატებოდა აღნაგობის საფასურიც. მონაცემებში არ შეგვიყვანია ასევე პირსის და უნებართვო პარკინგის ნებართვით მოწყობის შემთხვევაში საჭირო გადასახადების მოცულობაც.

ვის ხედავს მერია და ვის ვერ ხედავს 

ამ ყველაფრის პარალელურად, პირებს, რომლებსაც ბათუმის ბულვარში უკვე 14 წელია სარესტორნო ბიზნესი აქვთ, მერიას ხელშეკრულების გაგრძელების თხოვნით მიმართეს. მერიაში მათ არ უპასუხეს, შემდეგ კი სახელმწიფოს ქონების არამართლზომიერი მფლობელობისთვის სასამართლოში უჩივლეს. ამ შემთხვევაში საქმე ეხებოდა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ 11 ნაკვეთს, რომელიც 2005 წელს ბათუმის მერიამ კონკურსის წესით, იჯარით გასცა. თერთმეტივე ნაკვეთი ბულვარის ტერიტორიაზე, ზღვასთან ახლოს მდებარეობს.

ერთ-ერთი მოაღნაგისთვის მიწერილი წერილის მიხედვით, რომელიც „ბათუმელებმა“ მოიპოვა,  2018 წლის დეკემბერში ყოფილმა მერმა ლაშა კომახიძემ  მოაღნაგეს შეახსენა, რომ აღნაგობის საფასურის სახით წელიწადში 3 625 ლარი უნდა გადაეხადა და დღემდე არაფერი გადაუხდია. ასევე განუმარტა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის [122-ე მუხლის მეშვიდე პუნქტი] თანახმად, ის ვალდებულია გადაიხადოს ამ ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 5%, ანუ 21 230 ლარი, ამას დაემატება პირგასამტეხლოც, უძრავი ქონების საფასური და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა თანხა. როგორც მერიის წერილშია მითითებული, კომპანიას, საერთო ჯამში, მერიისთვის 57 020 ლარი აქვს გადასახდელი. თერთმეტივე მესაკუთრე მტყუან-მართლის გარკვევას დღემდე სასამართლოში ცდილობს.

ვის ეკუთვნის უკანონო რესტორნები და რას ამბობენ ისინი

„ეს იყო ანტისანიტარია და ჩვენ გავალამაზეთ, დიდი მანქანებით ნაგავი გავიტანეთ და მოვაწესრიგეთ იქაურობა, სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა მოთხოვნა და ინტერესი ამ ადგილზე. კაფემ მოწონება დაიმსახურა და მოთხოვნაც მაღალია. გვყავს სტუმრები ისრაელიდან, უკრაინიდან, რომლებსაც ჩვენი კაფე ძალიან მოსწონთ. ვფიქრობ, მერია უნდა შეგვითანხმდეს საიჯარო პირობებზე“, – გვითხრა რესტორან „ლურჯი ტალღის“ მეპატრონემ იორდან ბიკოვმა. ის ამბობს, რომ პირსი მას არ მოუწყია და ძველ პირსს გაუკეთა რეკონსტრუქცია: „იქ იყო ძველი პირსი, ორმოცდაათწლიანი ისტორიით, მე ამ პირსს გავუკეთე რეკონსტრუქცია“.

იორდან ბიკოვის აზრით, მერია მათ საიჯარო პირობებზე უნდა შეუთანხმდეს: „მივმართეთ ამის თაობაზე, მაგრამ პასუხი არ გვაქვს“. მან ვერ დააკონკრეტა, როდის მიმართეს რესტორნის მეპატრონეებმა მერიას საჯარო პირობებზე შეთანხმების მოთხოვნით – დაჯარიმებამდე თუ დაჯარიმების შემდეგ: „როგორც მახსოვს, მანამდეც და მას შემდეგაცო“.

რეესტრის მონაცემებით, „ფიშლანდია“ ნათია ჭიჭინაძეს ეკუთვნის. რესტორანს რეალურად რევაზ ჭიჭინაძე მართავს, მის სახელზე აქვს მომზადებული მერიას საჯარიმო ფურცელიც.

„ზღვის ვარსკვლავი“ კი ამირან ბერიძეს ეკუთვნის. ის ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდება: „ ეს იყო მეთევზეთა კავშირის ტერიტორია და ჩვენ აქ გვქონდა შენობები, შემდეგ მოთხოვნა გაიზარდა და შესაბამისად ჩვენც გავაფართოვეთ ადგილი. თავდაპირვალად ქოლგები განვათავსეთ, მაგრამ მალევე დაზიანდა, უსახური გახდა, ამიტომაც მსუბუქი კონსტრუქციით კაპიტალურად მოვაწყვეთ ყველაფერი. ჩვენ რა თქმა უნდა გვინდა კაონმდებლობის შესაბამისად ეს ყველაფერი, ამიტომაც სასამართლოს მივმართეთ“

წესით, თუ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ბიზნესის დასაწყებად [გეგმავ თუ არა აქ მშენებლობას] ჯერ მიწის ნაკვეთი უნდა აიღო იჯარით, რაც შესაბამის გადასახადებსაც ითვალისწინებს, თანხა ბიუჯეტში უნდა შევიდეს. ასეთი ხელშეკრულება უფლებას არ გაძლევს ამ ნაკვეთზე მშენებლობა წამოიწყო. ამისთვის უნდა მოამზადო პროექტი და ის თავისი ესკიზებით მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურს წარუდგინო. სამსახური პროექტს განიხილავს  და დადებით პასუხის შემთხვევაში მიიღებ ნებართვას სასურველი მშენებლობის დასაწყებად, ან კონსტრუქციული ნაგებობის მოსაწყობად.

ასე იქცევიან კანონმორჩილი ადამიანები ან ისინი, ვინც იცის, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები შეექმნება – მოვა ზედამხედველობის სამსახური [ახლა უკვე მუნიციპალური ინსპექცია] დაგაჯარიმებს, დაგანგრევინებს ნაგებობას და ხარჯები, რაც ამ დრომდე გაიღე, შეიძლება წყალში ჩაგეყაროს. მაგრამ ბათუმში ყოველთვის ასე არ ხდება და ასეთ მაგალითებზე უახლოეს მომავალში ისევ გამოვაქვეყნებთ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი