მთავარი,სიახლეები

როგორ გახსნა მზეომ სამკერვალო წალკაში, კარტოფილის საწყობში

01.06.2022 • 2530
როგორ გახსნა მზეომ სამკერვალო წალკაში, კარტოფილის საწყობში

46 წლის მზევინარ [მზეო] სურმანიძე ხულოს სოფელ ტუნაძეებიდანაა, თუმცა ის ახლა წალკაში, სოფელ არწივანში ცხოვრობს.

მზევინარი მკერავია და უკვე მესამე წელია, რაც საკუთარი სახელოსნოც აქვს. მან სახელოსნოს გახსნამდე დიდი გზა გაიარა, თავიდან საერთოდ არ ფიქრობდა, რომ კერვა შემოსავლის წყაროდ შეიძლებოდა ექცია.

მზევინარი იხსენებს, რომ ჭრა-კერვა 7-8 წლის ასაკში დაიწყო. დედა და ბებია ყოველთვის კერავდნენ, ქარგავდნენ და ქსოვდნენ. გვიყვება, რომ შედარებით უფრო რთული თარგის ტანსაცმლის შეკერვა 20 წლისამ დაიწყო და მას შემდეგ სულ კერავდა საკუთარი თავისთვის, ოჯახისთვის, მეზობლებისა თუ უბრალო ნაცნობებისთვის.

საკერავი ხელის მანქანა მამამ აჩუქა. „ჩემთვის ეს საკერავი მანქანა ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ნივთია, რაც გამაჩნიაო“ – ამბობს მზევინარი.

იგი მხოლოდ 42 წლის ასაკში დაფიქრდა იმაზე, რომ ამ საქმეს შეიძლებოდა მნიშვნელოვანი შემოსავალი მოეტანა მისთვის.

„4 წლის წინ წალკაში მკერავს კაბა შევუკვეთე, მაგრამ დროის სიმცირის გამო ფაქტობრივად ერთად მოგვიწია კაბის შეკერვა. ამის შემდეგ სამკერვალოს მეპატრონემ მასთან მუშაობა შემომთავაზა“, – გვიყვება მზევინარი.

მზევინარ სურმანიძე

მზევინარმა შემოთავაზება მიიღო, თუმცა მხოლოდ ერთი თვე შეძლო მუშაობა, რადგან მისი სოფელი წალკიდან მოშორებით მდებარეობს და შორი მანძილის გამო სამსახურში სიარული გაუჭირდა, ვეღარ უვლიდა საქონელს და სახლის სხვა საქმეებსაც მოსწყდა.

თუმცა ეს ერთი თვე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა გადაწყვეტილების მისაღებად. სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ მზევინარ სურმანიძემ საკუთარი სახელოსნოს გახსნა გადაწყვიტა.

მზევინარმა „რეგიონული განვითარების ასოციაციის” პროგრამაში მიიღო მონაწილეობა და 3500 ლარის თანადაფინანსება მოიპოვა. მკერავისთვის ეს პირველი კონკურსი იყო, რომელშიც მონაწილეობდა და მაშინ პროექტის წერაც არ იცოდა კარგად. „ამ თანხით თანამედროვე საკერავი მანქანა, „ოვერლოკი“ და ორთქლის უთო შევიძინე“ – გვიყვება ის.

ქალმა სამკერვალოდ სახლის ეზოში მდებარე, კარტოფილის პატარა საწყობი გადააკეთა, რომელსაც იატაკი საერთოდ არ ჰქონდა.

სამკერვალოს შენობის გარემონტებისთვის საჭირო ფულის შეგროვება გაუჭირდა და მზევინარს სოფელში მეზობლები დაეხმარენენ.

„ვისაც რისი გაკეთებაც შეეძლო იმას აკეთებდა. ზოგმა კედლები შელესა, ზოგმა შეათეთრა, შეაფერადა“ – ამბობს ის.

მზევინარ სურმანიძის სამკერვალოს რემონტის პროცესი

„მზეს სამკერვალო“ 2019 წელს გაიხსნა. 

თანამშრომელი არასდროს ჰყოლია. ამბობს, რომ არსებული შემოსავლით ვერ შეძლებს თანამშრომლისთვის ღირსეული ხელფასის გადახდას. „მე არ ვიმუშავებდი მთელი თვე 300 ლარად, ამიტომ ამ ფასს ვერავის შევთავაზებ ჩემთან მუშაობისთვის“ – ამბობს მზევინარი.

პირველი შეკვეთა სამკერვალოში ჯერ კიდევ მაშინ მიიღო, როცა სამკერვალოს მოწყობა ბოლომდე არ იყო დასრულებული, რადგან სოფლის ერთ-ერთ მკვიდრს ძალიან უნდოდა „მზეოს სამკერვალოს“ პირველი მომხმარებელი ყოფილიყო.

მზევინარ სურმანიძის თმით, წალკაში რამდენიმე სამკერვალოა, ხოლო მის და მეზობელ სოფლებში „მზეოს სამკერვალო“ ერთადერთია, ამიტომაც მას შეკვეთების დიდი ნაწილი ახლომდებარე სოფლებიდან აქვს, სადაც ბევრი ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი ცხოვრობს.

„ხანდახან არის შემთხვევები, როცა დღის განმავლობაში არავინ მოდის სახელოსნოში, ხანდახან კი იმდენი ხალხი შეიძლება მოვიდეს და იმდენი შეკვეთა მიიღო, რომ ერთი კვირაც არ გეყოს ამ საქმის გასაკეთებლად. ყველაზე ხშირად ჩემი მომხმარებლები ეთნიკურად სომხები არიან“ – გვიყვება ის.

მზევინარმა სახელოსნოს გახსნის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მალევე გაიარა თბილისში 3-თვიანი სამკერვალო კურსი ხელსაქმის კიდევ უფრო დასახვეწად. მისი თქმით, ყველაზე რთულია მკერავისთვის, როცა რაღაცის გაკეთება უნდა, მაგრამ არ იცის როგორ გააკეთოს.

„უნდა გიყვარდეს შენი საქმე, სულს, გულს უნდა უნდოდეს, რომ კერო. რაღაც სირთულეებს რომ ვხვდები, ვამბობ, რომ ამას ვერ გავაკეთებ, მაგრამ შრომას ყოველთვის აქვს შედეგი და საბოლოოდ კმაყოფილი ვრჩები“ – ამბობს მზეო. 

ის იხსენებს, რომ ბევრჯერ გაუტარებია მთელი ღამე სახელოსნოში, კერვისას. იგი ყველაფერს კერავს პიჯაკების გარდა. მისი თქმით, პიჯაკის შეკერვასა და დამუშავებას ძალიან დიდი დრო სჭირდება და არც უკვეთენ.

როგორც მკერავი ამბობს, ყველაზე დიდ დროს შიფონის ქსოვილზე მუშაობას ანდომებს, რადგან რთული ქსოვილია და დიდი სიფრთხილით მუშაობა სჭირდება.

მზევინარი ფიქრობს, რომ მკერავის მთავარი საზრუნავი მაღალი ხარისხის შენარჩუნება უნდა იყოს. „ქსოვილთან ურთიერთობა ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ხანდახან ქსოვილების მაღაზიაში რომ შევდივარ, დროის განსაზღვრა მიჭირს, ვიკარგები“.

მან მასწავლებლობაც შეითავსა და ცოტა ხნით კერვას სკოლის მოსწავლეებს ასწავლიდა. მზევინარი ფიქრობს, რომ ეს საქმე დღესაც ძალიან ბევრს აინტერესებს.

მზევინარ სურმანიძე მოსწავლეებთან ერთად

მზევინარ სურმანიძე სამომავლოდ სახელოსნოს გაფართოებას და საბნების კერვის დაწყებას გეგმავს.

„საბნების საკერავი მანქანისა და საქარგავი მანქანის შეძენა მინდა, მაგრამ ჩემი ძალებით ვერ შევძლებ, ამიტომ, თუ კიდევ გამოცხადდება რაიმე საგრანტო კონკურსი, ყველგან ვაპირებ, რომ ბედი მოვსინჯო“ – გვითხრა მან.

მზევინარი სოფელში ქმართან და 2 შვილთან ერთად ცხოვრობს. მისი მთავარი საქმე ახლა კერვაა, თუმცა, ამავე დროს, უვლის პირუტყვს და ამუშავებს მიწასაც.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: