ნეტგაზეთი • RU

როგორ ავაშენოთ უკანონოდ ყველაფერი, რაც გვინდა – სქემა ბათუმში

განსაკუთრებულ ძალისხმევას არ მოითხოვს სქემის გაშიფვრა, რომლის მიხედვითაც ბათუმში მრავალსართულიან კორპუსს, სახლს ან სასტუმროს მერიის გვერდის ავლით ანუ უკანონოდ აშენებენ. დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, არსებობს მარტივი გზა უკანონოდ აშენებულის დასაკანონებლად – თუმცა ამაზე შეიძლება მოგვიანებით იზრუნო, როცა მოიცლი, საჩქარო არაფერია.

მანამდე კი უკანონოდ აშენებულ შენობას „თავად მიიღებ“ ექსპლუატაციაში – გახსნი სასტუმროს ან გაყიდი ბინებად და ახალ მესაკუთრეებს აქ ცხოვრების დაწყების საშუალებას მისცემ, ეს მომავალში უკანონოდ აშენებული შენობის დაკანონების გამარტივებაში დაგეხმარება.

არსებობს კიდევ ერთი გზა, თუ მიწის ნაკვეთის პარამეტრები მხოლოდ 8-სართულიანი სახლის აშენების ნებართვის მიღების საშუალებას გაძლევს და შენ 10 სართული მაინც გინდა, არა უშავს – მიიღე 8-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა და 10 სართული ააშენე. სანამ მერია „შეგამჩნევს“, სახურავის გადახურვასაც მოასწრებ.

თუ მაინც და მაინც გაიგეს – ვინმემ ფოტო გამოაქვეყნა, გიჩივლა ან მედიამ დაწერა, ბოლოს და ბოლოს ჯარიმას გადაიხდი. ეს შენ მიერ აშენებული ასობით კვადრატიდან მაქსიმუმ სამი კვადრატის ფასი დაგიჯდება, შეიძლება – არც.

ჩვენ პრაქტიკული მაგალითებით მოგიყვებით რამდენიმე მეთოდზე, რასაც ბათუმში წარმატებით იყენებენ. თუმცა თავად არ სცადოთ, გაგიმართლებთ თუ არა პირადად თქვენ, ეს არ ვიცით. მართალია, სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურები ამ ყველაფერს არ ხედავენ, თუმცა თქვენ შეიძლება მალე დაგინახონ – თუ ამის მოგვარება არ შეგიძლიათ, როგორც ექსპრემიერი გახარია იტყოდა „ქართულ ჯიგრულ პონტში“, ან სხვაგვარად. გახსოვდეთ, რომ ეს უკანონობაა.

დამკვიდრებულ პრაქტიკაზე რომ გავაგრძელოთ – უკანონოდ აშენებული კარკასი ბინებად რომ გაყიდო, ამისთვის დოკუმენტი დაგჭირდება. ამას საჯარო რეესტრში მიიღებ –  უკანონოდ აშენებული ფართობს აქ დაარეგისტრირებ. რეესტრში ამბობენ, რომ არ არიან ვალდებულები არკვიონ ფართობის მშენებლობის კანონიერება, რადგან საჯარო რეესტრი მხოლოდ მარეგისტრირებელი ორგანოა და ასეთ შემთხვევაში უწყებისთვის მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი და შენობის ნახაზიც საკმარისია.

„მიწის ნაკვეთზე ფაქტობრივად არსებულ შენობა-ნაგებობაზე უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია უზრუნველყოფს საკადასტრო მონაცემების ფაქტობრივ მდგომარეობასთან შესაბამისობას, ხოლო  თუ ფაქტობრივად არსებული შენობა-ნაგებობა უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტია, მის ექსპლუატაციაში მიღება/დაკანონებაზე ან დემონტაჟზე უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“, – განგვიმარტეს საჯარო რეესტრში.

რა ხდება ამის შემდეგ? – შენობას გაასხვისებ, გაყიდი მას ბინებად. ახალი მესაკუთრე კი კანონის შესაბამისად კეთილსინდისიერი შემძენია და მისთვის ყველა საჭირო სერვისის მისაწვდომობაზე ზრუნვა ისევ სახელმწიფოს ვალია. რაღა დარჩენია მერიას? – უკანონოდ აშენებული უნდა დააკანონოს, ამას თავისი სურვილით არ აკეთებს, მაგრამ რა ქნას, სასამართლო მაინც მოსთხოვს და უარს რა აზრი აქვს [ეს მერიის არგუმენტია].

პირად საუბარში მშენებლები ამბობენ, რომ მათ მერიაშიც კი ურჩევენ – „სასამართლოში გარკვევას“.

უკანონო მშენებლობებზე „ბათუმელები“ ხშირად წერს. ახლა შეგახსენებთ რამდენიმე შემთხვევას, რომლებზეც ადრე ვწერდით და თან მოგიყვებით, როგორ გადაწყდა მათი ბედი. ეს კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, რომ ზემოთ ნათქვამი ყველა წინადადება ბათუმში კარგად დამკვიდრებული უკანონო მშენებლობის შესაძლებლობის სქემის ნაწილია.

  • 8 სართული უკანონოდ – თავდადებულის #48  

თავდადებულის #48-ში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის ზონაში, აშენებული 8-სართულიანი კორპუსი მესაკუთრემ საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა. შემდეგ კი ამ ქონებაზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნით, ყადაღაც გაჩნდა – მიზეზი მოვალეთა რეესტრი იყო.  ეს იმას ნიშნავს, რომ მესაკუთრეს შეეძლო ქონება მოვალეებისთვის გადაენაწილებინა ვალის დაფარვის, შესაბამისად ყადაღის მოხსნის მიზნით.

მომავალი მესაკუთრეები კეთილსინდისიერ შემძენებად ჩაითვლებოდნენ. ასეც მოხდა, ახლა ამ შენობას რამდენიმე მესაკუთრე ჰყავს.

8 სართულის უკანონოდ აშენებამდე თამარ როყვამ 2016 წელს 201 კვადრატული მეტრი მიწა დაირეგისტრირა ბათუმში, თავდადებულის #48ა-ში. ამ ნაკვეთთან ერთად მან დაირეგისტრირა ასევე შენობა-ნაგებობები, ჯამში 172.07 კვ.მეტრი.

2019 წლის მარტის ჩათვლით ამ მისამართზე [იმავე საკადასტრო კოდზე] ისევ იგივე ფართობები ფიქსირდებოდა, ოქტომბერში კი შენობა-ნაგებობების მასშტაბი უცებ გაიზარდა და იმავე მიწის ნაკვეთზე 843,33 კვადრატული მეტრი ქონება გაჩნდა.

„ბათუმელებმა“ უკანონო მშენებლობის შესახებ პირველად, 2019 წლის პირველ ოქტომბერს დაწერა, 10 ოქტომბერს კი რეესტრმა თამარ როყვას ამ მისამართზე 843.33 კვადრატული მეტრი ფართობი დაურეგისტრირა. როგორც განაცხადშია მითითებული, თამარ როყვამ რეესტრს წარუდგინა შენობის აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსია და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. მშენებლობის კანონიერების რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი მას რეესტრისთვის არ წარუდგენია. არ დასჭირვებია.

რეგისტრაციის ერთ-ერთ საფუძვლად ამხანაგობა „თავდადებული 48“-ის კრების ოქმია მითითებული, რომელიც 2015 წლით თარიღდება. თუმცა უკანონოდ აშენებული ფართობი რეესტრმა მაინც დაარეგისტრირა.

2020 წლის იანვარში თამარ როყვამ რეესტრს კიდევ ერთი რეგისტრაციისთვის მიმართა და ამ მისამართზე მისი ქონება 1125.61 კვადრატულ მეტრამდე გაიზარდა, სადაც ასევე აღნიშნულია კონკრეტული სართულების ფართობების შესახებ ცალ-ცალკე.

რა თქვეს ამ უკანონობაზე მერიაში? – აი, ეს: „ჩვენ მივმართეთ რეესტრს რეგისტრაციის შეჩერების მოთხოვნით, მანამდეც და მას შემდეგაც, რაც დაურეგისტრირა. მაინც დაურეგისტრირა. რატომ, ვერ გეტყვით. ამაზე უფრო კომპეტენტურად, ალბათ, რეესტრი გიპასუხებთ.“

რა განმარტეს რეესტრში? – რომ არ აქვთ ვალდებულება შენობის კანონიერება არკვიონ.

თავდადებულის #48

  • ათი სართული რვის ნაცვლად – ჰაიდარ აბაშიძის #19  

შპს „ძმების სახლმა“ ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაში, 10-სართულიანი, მრავალბინიანი სახლის მშენებლობა დაასრულა. არადა, ბათუმის მერიას კომპანიისთვის მხოლოდ 8-სართულის მშენებლობის ნებართვა ჰქონდა გაცემული. კომპანიამ ამ მისამართზე მშენებლობა თავიდანვე უნებართვოდ დაიწყო, მოგვიანებით დამრღვევ მშენებელს ნებართვა მისცეს და კ2-იც გაუზარდეს.

ყველაფერი 4000 ლარად მოგვარდა. 

  • მშენებლობა ბათუმის ბულვარში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე

შპს „ამბასადორი ბათუმმა“ ძველ ბულვარში ორი სართული უკანონოდ ააშენა. შემდეგ კი შეცვალა პროექტი და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიმართა – თანხმობა უპრობლემოდ მიიღო.

შპს „ამბასადორი ბათუმმა“ ბულვარის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ნებართვა 2018 წელს მოიპოვა. ეს ნებართვა მაშინ 4-სართულიანი გამაჯანსაღებელი ცენტრის აშენებას გულისხმობდა. მშენებლობის პროცესში შეთანხმებული პარამეტრები კომპანიამ ბევრჯერ დაარღვია, ყველა დარღვევა პროექტში ცვლილებაზე თანხმობით დაუკანონეს.

„ამბასადორი ბათუმის“ პროექტი ახლა 18-სართულიანია, რასაც თავისი ვერტმფრენის დასაფრენიც ემატება.

  • ხიმშიაშვილის #15 ბ

„ორბი“ ბათუმში, ხიმშიაშვილის #15 ბ-ში, უკანონოდ აშენებდა, ვიდრე მოსახლეობამ საპროტესტო აქციები არ მოაწყო – კომპანიას მშენებლობის ნებართვა არ აქვს. იმ ნებართვას, რომლითაც კომპანიამ აქ მშენებლობა დაიწყო, ვადა აქვს გასული. გარდა ამისა, კომპანიამ 2010 წელს დამტკიცებული პროექტის სანებართვო პირობებიც დაარღვია და მომიჯნავე ნაკვეთზე მცხოვრებლებს პირდაპირ ფანჯრებთან ამოუშენა კედლები.

 

  • გოგოლის #11 ბ

გოგოლის #11ბ-ში უკანონო მშენებლობას მოსახლეობა აქციებით აპროტესტებდა, თუმცა ის მაინც დასრულდა. 2021 წლის 17 დეკემბერს ბათუმის მერიამ აღსრულების ეროვნულ ბიუროს აცნობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე უკანონოდ კორპუსების მშენებლობა უნდა შეჩერებულიყო.

ამას შედეგი არ მოჰყოლია.

მიუხედავად იმისა, რომ  მშენებლობა უკანონოდ მიმდინარეობდა, საზოგადოებას დიდხანს არ ჰქონდა პასუხი კითხვაზე, რას აშენებდა ნაკვეთის მესაკუთრე ბათუმში, გოგოლის #11ბ-ში, ავტოსადგურ „მეტროს“  მიმდებარედ. მოგვიანებით კი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გვითხრა: „ჩვენ ვიცით, რა შენდება“.

  • გიორგი ბრწყინვალის #42

ბათუმში 15-სართულიანი სასტუმრო უკანონოდ ააშენეს – მერიაში პროექტიც კი ვერ იპოვეს. მერიაში განმარტეს, რომ აქ მხოლოდ პირველი კლასის სამუშაოზე აქვთ ნებართვა გაცემული [პირველი კლასის სამუშაო გულისხმობს ფასადზე კარის, ვიტრაჟის ან ფანჯრის შეცვლას, აივნის შეფუთვას მსუბუქი კონსტრუქციით].

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, მერიიდან გამოთხოვილი დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ შენობაზე, რომლის ნებართვასაც მერიაში ვერ პოულობენ, მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა ფასადის რეკონსტრუქცია შეითანხმა. როგორ? ყველაფერი კანონის შესაბამისადაა? – ამ კითხვებზე განმარტება თავად მერს პრესსამსახურის დახმარებით ვთხოვეთ.

განმარტება ვერ მივიღეთ. ამ თემაზე ვრცლად წაიკითხეთ აქ.

  • 4 უკანონო რესტორანი ბათუმის სანაპიროზე, „ქართულ ჯიგრულ პონტში“

ბათუმში, ზღვასთან ახლოს, რესტორნების მესაკუთრეებმა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებზე შუშით შეფუთული დარბაზები მიაშენეს. ამ დარბაზების წინ კი ზღვაში პირსები გაიყვანეს, სადაც ღია კაფეები მოაწყვეს მერიასთან შეთანხმებისა და ყოველგვარი ნებართვის გარეშე.

  • არც მთავრობა, არც პარლამენტი – რატომ არავინ იწუხებს თავს

ეს ყველაფერი, რაზეც ზემოთ ვწერდით, კარგად იციან მთავრობაშიც და საქართველოს პარლამენტშიც, მაგრამ თავს არავინ იწუხებს, რომ რაიმე შეიცვალოს. არც მას შემდეგ შეწუხებულა არავინ, როცა მაშინ მოქმედმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ თქვა, რომ ასე ფული კეთდება: „მორჩა მარტო ფულის კეთების დრო, ბათუმს სჭირდება განაშენიანების გეგმა“

„გეთანხმებით, რომ შეიძლებოდა სწრაფად დარეგულირებულიყო ეს ყველაფერი. პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს ამისთვის,“ – უპასუხა „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ „ბათუმელების“ კითხვას 7 კორპუსის უკანონოდ აშენებაზე ბათუმში.

გასულ წელს, 26 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტში კულტურის კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრმა არმაზ ახვლედიანმა კომიტეტის თავმჯდომარეს, ელისო ბოლქვაძეს ჰკითხა ბათუმის ბულვარში „ამბასადორის“ მშენებლობაზე.

არმაზ ახვლედიანის თქმით, ის უკვე რამდენიმე თვეა, რაც კომიტეტის თავმჯდომარეს სთხოვს აღნიშნული საკითხი განხილვაზე დააყენოს, რაზეც ამ დრომდე პასუხი ვერ მიიღო.

„გავიდა რამდენიმე თვე და მე არც კი მინდა ვთქვა, რამდენი გავიდა. მგონი საპარლამენტო სეზონიც დასრულდება, პერსპექტივა არ ჩანს ამ საკითხის და მე ვერ ვხვდები რატომ? რა გახდა ასეთი?

„ბულვარის ამბავი იქაური პრობლემაა“ – რა ვერ გააგებინა ახვლედიანმა ბოლქვაძეს „ამბასადორზე“

  • და ბოლოს – ბათუმში უკანონო ცემენტის ქარხანაც გვაქვს

ფიროსმანის ქუჩაზე, ბათუმის ცენტრში, ზღვისპირას, კომპანია „ორბის“ ე.წ. ბეტონის ქარხანა უკანონოდ ფუნქციონირებს. ეს ქარხანა დასახლებაში მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, საწარმო პირდაპირ საცხოვრებელ კორპუსებს შორის დგას და გარემოს აბინძურებს – მტვერს აფრქვევს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი