კულტურა,მთავარი,სიახლეები

„ბულვარის ამბავი იქაური პრობლემაა“ – რა ვერ გააგებინა ახვლედიანმა ბოლქვაძეს „ამბასადორზე“

26.10.2021 • 3922
„ბულვარის ამბავი იქაური პრობლემაა“  – რა ვერ გააგებინა ახვლედიანმა ბოლქვაძეს „ამბასადორზე“

დღეს, 26 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტში კულტურის კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრმა არმაზ ახვლედიანმა კომიტეტის თავმჯდომარეს ელისო ბოლქვაძეს კითხვები დაუსვა ბათუმის ბულვარში „ამბასადორის“ მშენებლობაზე.

არმაზ ახვლედიანის თქმით, ის უკვე რამდენიმე თვეა, რაც კომიტეტის თავმჯდომარეს სთხოვს აღნიშნული საკითხი განხილვაზე დააყენოს, რაზეც ამ დრომდე პასუხი ვერ მიიღო.

„გავიდა რამდენიმე თვე და მე არც კი მინდა ვთქვა, რამდენი გავიდა. მგონი საპარლამენტო სეზონიც დასრულდება, პერსპექტივა არ ჩანს ამ საკითხის და მე ვერ ვხვდები რატომ? რა გახდა ასეთი?

ბათუმში ახლახან ვიყავი ჩასული და ვნახე, რომ 7 ან 14 სართული კი არა, 18 სართულია უკვე აშენებული ბათუმის შუაგულში, ბულვარის ცენტრში. გთხოვთ მიპასუხოთ ამ კითხვაზე,“- მიმართა არმაზ ახვლედიანმა კომიტეტის თავმჯდომარეს ელისო ბოლქვაძეს.

ელისო ბოლქვაძის თქმით, „ამბასადორის“ საკითხი ერთ-ერთია „უამრავ საკითხებს“ შორის, ახვლედიანი კი ამბობს, რომ „ამბასადორი“ ერთ-ერთი საკითხი ვერ იქნება მისთვის.

„ბათუმის ცენტრში არის აღვირახსნილი უკანონობა და რას მეუბნებით, რომ ეს ერთ-ერთი საკითხია? ჩემთვის ეს არ არის ერთ-ერთი.

ჩემთვის ეს არის პრინციპული საკითხი და ვერაფრით ავუვლი ამას გვერდს. გელოდებით უკვე თვეები და გთხოვთ მიპასუხოთ რა ხდება“- ისევ მიმართა მან ბოლქვაძეს.

„როგორ უნდა ჩავერიოთ ჩვენ? მითხარით, რა გზებია რეალურად“ – კითხვითვე უპასუხა მას ელისო ბოლქვაძემ.

არმაზ ახვლედიანის თქმით, მიუხედავად სასამართლო პროცესისა, პარლამენტს ხელს არ უშლის ამ საკითხზე მოისმინოს ინფორმაცია შესაბამისი უწყებებისგან.  „მათგან, ვის კისერზეცაა ეს დანაშაული“.

„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ბათუმის ბულვარი განადგურდა და ჩვენ დაველოდოთ სასამართლოს, რომელიც კაცმა არ იცის რას გააკეთებს? ვერ ვხვდები რა უნდა ვაკეთო სხვა, როდესაც ვიცი, რომ ხანძარია, ჩვენ კი თვეებია გარს ვუვლით“- განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

„ხანძარი არ არის, აშენება მიდის“ – უპასუხა მას ელისო ბოლქვაძემ.

არმაზ ახვლედიანმა კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ჩართვის საჭიროებასაც გაუსვა ხაზი:

„მოვიდეს თეა წულუკიანი, მოიყვანოს მისი უწყების წარმომადგენლები, ვინც პასუხისმგებელია და გვითხრან რას აპირებენ“.

ელისო ბოლქვაძემ ამაზე აღნიშნა, რომ „წულუკიანი თბილისშია და ის არის ავტონომიური რესპუბლიკა“. მან ასევე თქვა, რომ ბათუმის ბულვარის ეს ამბავი „იქაური პრობლემა“.

„თუ თქვენ ვერ იაზრებთ ამ პრობლემის სიმწვავეს, მაშინ რაზე უნდა ვილაპარაკოთ. მე აღარ მივიღებ კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობას.

„ამბასადორში“ ფარდებს რომ ჩამოკიდებენ, მანამდე თუ სასამართლო არ დასრულდება… რას მეუბნებით, მითხარი, ეს არის დანაშაულის ისეთი შემთხვევა, რომელზეც მარტო წულუკიანი კი არა, გენერალური პროკურორი უნდა მუშაობდეს, ვინც ნებართვა გასცა, იმათ უნდა მოეკითხოთ პასუხი, წარმოუდგენელი  დანაშაულია ჩადენილი,“ – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

______________

კომპანია „ამბასადორი ბათუმი“ ბულვარში სასტუმრო კომპლექსს აშენებს. მშენებლობის პროცესში კომპანიამ სანებართვო პირობები არაერთხელ დაარღვია, მათ შორის, ბოლო დარღვევა რამდენიმე  კვირის წინ დადასტურდა. კომპანიამ დამატებით, უკანონო მე-17 სართული ააშენა.

კომპანია „ამბასადორი ბათუმი“ რუსეთის ორ მოქალაქეს, მილიონერ ბიზნესმენს ელგუჯა ქებურიას [მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს] და ვართან ვართანოვს ეკუთვნის.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: