მთავარი,სიახლეები

ბათუმში 15-სართულიანი სასტუმრო უკანონოდ ააშენეს – მერიაში პროექტიც კი ვერ იპოვეს

27.05.2022 • 7893
ბათუმში 15-სართულიანი სასტუმრო უკანონოდ ააშენეს – მერიაში პროექტიც კი ვერ იპოვეს

ბათუმში, გიორგი ბრწყინვალის ქუჩის №42-ში 15-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა თითქმის დასრულებულია. ფასადი ლურჯი შუშით უკვე შეფუთეს, მიმდინარეობს მოპირკეთების სამუშაოები. შენობის ექსტერიერის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ფაქტობრივად, აქ ბოლო დეტალებზე მუშაობენ. შენობა ჯერ ისევ სამშენებლო ღობით არის შემოსაზღვრული, პერიოდულად შეაქვთ სამშენებლო მასალები და გამოაქვთ ნარჩენები.

„ბათუმელებმა“ ინფორმირებული წყაროსგან გაიგო, რომ კომპანია აქ სასტუმროს აშენებს და არა საცხოვრებელ კორპუსს, შენობას აქვს ღია ტერასა მე-15 სართულზე ქალაქის ხედით.

მშენებლობის ადგილზე გამოკრული არ არის საინფორმაციო დაფა, არც ნებართვის ასლი, რაც კანონის მოთხოვნაა. ბათუმის მერიაში კი ამ მისამართზე გაცემულ სამშენებლო ნებართვას ვერ პოულობენ, ვერც შესაბამის პროექტს. ეს იმას ნიშნავს, რომ აქ სასტუმროს უკანონოდ აშენებენ.

„გაცნობებთ, რომ ქ. ბათუმში, გიორგი ბრწყინვალის ქ.N42-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტაცია ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურში არ იძებნება“, – მოგვწერეს 18 მაისს ბათუმის მერიიდან.

მშენებლობის ადგილზე ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს. კომპანიის წარმომადგენელმა ადგილზე გვითხრა, რომ ნებართვა აქვთ, თუმცა ის არ გვაჩვენა: „შევათანხმებთ კომპანიის დამფუძნებელს და დაგიკავშირდებით“.

ამ შეთანხმების შემდეგ ერთ კვირაზე მეტი გავიდა, თუმცა კომპანიიდან არავინ დაგვკავშირებია.

აშენებენ თუ არა მერიის ადმინისტრაციული შენობიდან რამდენიმე კვარტალში 15-სართულიან სასტუმროს უკანონოდ? – ამის გადასამოწმებლად, გამოთხოვილი ინფორმაციის დაზუსტების მოთხოვნით ბათუმის მერიას განმეორებით მივმართეთ.

მერიაში განმარტეს, რომ აქ მხოლოდ პირველი კლასის სამუშაოზე აქვთ ნებართვა გაცემული [პირველი კლასის სამუშაო გულისხმობს ფასადზე კარის, ვიტრაჟის ან ფანჯრის შეცვლას, აივნის შეფუთვას მსუბუქი კონსტრუქციით].

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, მერიიდან გამოთხოვილი დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ შენობაზე, რომლის ნებართვასაც მერიაში ვერ პოულობენ, მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა ფასადის რეკონსტრუქცია შეითანხმა. როგორ? ყველაფერი კანონის შესაბამისადაა? – ამ კითხვებზე განმარტება თავად მერს პრესსამსახურის დახმარებით ვთხოვეთ, თუმცა  განმარტება ვერ მივიღეთ.

2021 წლის 2 თებერვალს ბათუმის მერიამ გიორგი ბრწყინვალეს #42-ში შეითანხმა ფასადის მოპირკეთების ცვლილება და ე.წ. პორტიკის მოწყობის სამუშაოები წარდგენილი ესკიზური პროექტის მიხედვით [პორტიკი არის საყრდენი სვეტებით და თაღებით შექმნილი, სამი მხრიდან გახსნილი ნაგებობა. ჩვეულებრივ კეთდება მთავარი შესასვლელის წინ].

თანხმობის დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც ხელს არჩილ ჩიქოვანი აწერს, მოთხოვნილი მშენებლობა განეკუთვნება I კლასის ობიექტს და არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა. ამავე დროს მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის სამშენებლო რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნები.

დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გიდასტურებთ, ქ. ბათუმი, გიორგი ბრწყინვალეს ქ. #42-ში თქვენს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში ფასადის მოპირკეთების ცვლილებას და პორტიკის მოწყობას, წარმოდგენილი ესკიზური პროექტის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას.

ესკიზი, რომელიც მერიამ 2021 წელს შეითანხმა

„ბათუმელების“ ინფორმაციით, რაც ვიზუალური მასალით დასტურდება, მშენებლობა გიორგი ბრწყინვალეს №42-ში 2017 წელს დაიწყო.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ბათუმში, გიორგი ბრწყინვალის №42-ში, 2016 წელს ერთი მცირე მასშტაბის შენობა და 7 დამხმარე ნაგებობა ფიქსირდებოდა [ჯამში 700 კვ.მეტრამდე]. 2017 წელს აქ დაარეგისტრირეს ექვსი სართული საერთო ფართობით – 3065.9 კვ.მეტრი. 2018 წლის ივლისში, ამონაწერში, იგივე საკადასტრო ერთეულზე ახალი ინფორმაცია გაჩნდა – 12 სართული საერთო ფართობით 4381 კვ.მეტრი. ამავე წლის ბოლოს კი ამონაწერი ისევ განახლდა, ამჯერად დააფიქსირეს 15 სართული საერთო ფართობით 5993.8 კვ.მეტრი, მიწის ნაკვეთის ფართობი კი 695 კვ.მეტრია. ამის შემდეგ ამონაწერი 2020 წელს განაახლეს, თუმცა შენობის ფართობი აღარ გაზრდილა.

იციან თუ არა მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე №42-ში მიმდინარე მშენებლობის შესახებ? – იციან. ამ მშენებლობამ ბათუმში საზოგადოების ყურადღება აქამდეც მიიქცია, როცა მშენებელმა თავისი პროექტის გვერდით, №14 საბავშვო ბაღის წინ, ტროტუარზე კერძო პარკინგი მოაწყო.

2020 წლის 4 მაისს ტროტუარზე მოწყობილ პარკინგთან დაკავშირდებით მუნიციპალურ ინსპექციაში გვითხრეს, რომ კომპანია გააფრთხილეს და დღის ბოლომდე მისცეს ვადა იმისთვის, რომ ტროტუარს პირვანდელი სახე დაუბრუნოს: „წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჯარიმდება.“

მშენებლობის კანონიერებაზე უწყებას 2020 წელსაც ვკითხეთ. მაშინ გვიპასუხეს, რომ „არკვევენ.“ „ბათუმელებისთვის“ უცნობია, რა გაარკვიეს. ფაქტია, რომ აქ მშენებლობა გაგრძელდა და დაზუსტებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ მერიაში ამ მშენებლობის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ.

სამეზობლო მიჯნაზე მცხოვრებლებმა მშენებლობა გიორგი ბრწყინვალეს №42-ში ბევრჯერ გააპროტესტეს, მიმართეს ქალაქის მუნიციპალურ ინსპექციასაც. გარდა ამისა, „ბათუმელებს“ რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა, რომ მერიაში ყველა პასუხისმგებელი პირი მშენებლობის თაობაზე საქმის კურსში ჩააყენეს #14-ე ბაღის ადმინისტრაციის თანამშრომლებმაც.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, საბავშვო ბაღის თანამშრომლები ითხოვდნენ მშენებელს კედელი ბაღის კედლისგან მინიმუმ 1.5 მეტრით დაეშორებინა. თუმცა ვერაფერს გახდნენ. მერიას მათ მოთხოვნაზე რეაგირება არ მოუხდენია და მშენებელმა საკუთარი შენობის კედელი ბაღის ეზოს კედელს მიადგა.

როგორ ახერხებს კომპანია მშენებლობას ყოველგვარი ნებართვის გარეშე და უკანონოდ 2017 წლიდან დღემდე, უკვე მეორე მერის მმართველობის პირობებში? ვინ აფარებს მშენებელს ხელს და ხომ არ გვაქვს საქმე კორუფციულ გარიგებასთან?!

მერიიდან დამატებით მივიღეთ ასევე 2018 წლის ბოლოს გაცემული შეთანხმების დოკუმენტი, რომლითაც მერიის შესაბამისმა სამსახურმა გიორგი ბრწყინვალეს #42-ში უკვე არსებულ 15 სართულიან შენობაზე ფასადის რეკონსტრუქციის, მისი მოპირკეთებისა და ვიტრაჟების მოწყობის ნებართვა გასცა.

ესკიზი, რომელიც მერიამ 2018 წელს შეითანხმა

საჯარო რეესტრის მონაცემებით, გიორგი ბრწყინვალეს #42-ში შპს „ნიკალაა“ რეგისტრირებული. შესაბამისად, მშენებლობასაც ეს კომპანია აწარმოებს. კომპანია 2017 წელს ნელი მელაძემ დააფუძნა, 2021 წელს რეესტრის მონაცემებში შესული ცვლილების მიხედვით ის დირექტორად ფიქსირდება, ხოლო კომპანიის 100 პროცენტს გურამ ჯიმშერაძე ფლობს.

კიდევ ერთი საკითხი, რაც მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს, უსაფრთხოებას ეხება. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შენობის საძირკვლის პარამეტრები აქ შესაძლოა მისი სიმაღლესთან შესაბამისობაში არ იყოს. ცხადია, უსაფრთხოების საკითხი კვალიფიციური სპეციალისტების კვლევის საგანია. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: