განათლება,მთავარი

6 წლამდე ყალიბდება ის, რაც არის ადამიანის ფუნდამენტი – თამარ გაგოშიძე კონფერენციაზე

02.06.2022 • 1440
6 წლამდე ყალიბდება ის, რაც არის ადამიანის ფუნდამენტი – თამარ გაგოშიძე კონფერენციაზე

რატომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბავშვის ადრეული განათლება მისი შემდგომი პიროვნული განვითარებისთვის? – ამ თემაზე დღეს, 2 ივნისს,  ისაუბრა ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ  ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე, ბავშვის ადრეული განათლებისა და ზრუნვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას.

კონფერენციას ესწრებოდნენ ამ სფეროს როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი სპეციალისტები.

„მე არ ვარ განათლების ექსპერტი, მე ვარ ნეირომეცნიერი, ამიტომ ამ საკითხს ვუყურებ როგორც ნეირომეცნიერი. აქედან გამომდინარე, როგორც მომავალი პიროვნების ჩამოყალიბების და თავისუფალი, პასუხისმგებლიანი საზოგადოების ჩამოყალიბების გულშემატკივარი.

6 წლამდე ყალიბდება ის, რაც არის შემდგომში ფუნდამენტი პიროვნების და ადამიანის. 6 წლამდე ადამიანის თავის ტვინი არის მოწყვლადი და პატარა ფსიქოლოგიური ტრავმაც კი, უბრალოდ კლავს ნეირონს.

მეორე მხრივ, 6 წლამდე ტვინი არის უაღრესად მოქნილი და ძალიან ბევრი რაღაცის შეწოვა შეუძლია. იმიტომ, რომ ჩვენი ტვინი რეალურად არის კავშირები და ვსწავლობთ ამ კავშირებით. თუ არ დაკავშირდა ბავშვობაში რაღაცები, ის მერე აღარ დაკავშირდება, თუ გაიარა სენსიტიურმა პერიოდმა და ეს კავშირები გაგვექცა. ამიტომ არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადრეული განათლება“, – ამბობს თამარ გაგოშიძე.

მისი თქმით, განათლება არ არის ბავშვის მოვლა, რადგან ზრუნვა არ ნიშნავს მოვლას: „მოვლა არის აუცილებელი პირობა, მაგრამ მასტიმულირებელი გარემოს შექმნა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვის განვითარებისთვის.“

რა არის მასტიმულირებელი გარემო? – როგორც თამარ გაგოშიძე ამბობს, პირველ რიგში, ეს არის უსაფრთხო და ნდობით აღჭურვილი გარემო, სადაც ბავშვი სწავლობს თვითეფექტურობას. „ანუ იმას, რა შეუძლია და არა. და რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ეს არის ყველაზე მთავარი შემდგომში პიროვნების ჩამოყალიბებაში. თუ ეს არ არის, მერე პიროვნებას ექმნება სერიოზული პრობლემები.

ამიტომ საბავშვო ბაღი, სკოლამდელი დაწესებულება სწორედ ამას უნდა ემსახურებოდეს“, – ამბობს თამარ გაგოშიძე.

ის მიიჩნევს, რომ სკოლისთვის მზაობა არ არის მხოლოდ კოგნიტური მზაობა, არამედ ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვის ემოციური მდგრადობაა.

„ის, რომ მოვამზადეთ ბავშვი და წერა-კითხვა ან სამი ენა იცის, ჩემთვის და ძალიან ბევრი სპეციალისტისთვის არ არის სასკოლო მზაობა. სასკოლო მზაობა, პირველ რიგში, არის ნებელობითი და ემოციური მზაობა. ეს არის ბავშვის ემოციური მდგრადობა და, შესაბამისად, კოგნიტური მზაობაც.

ჩვენ ვიცით ძალიან კარგად, რომ შფოთვისა და ემოციური რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში, ბავშვებს ძალიან უჭირთ დასწავლა. ეს დიდებსაც გვიჭირს, რადგან ადამიანს, რომელსაც აქვთ შფოთვა და დეპრესია, მას აქვს პრობლემები მეხსიერებასა და ყურადღებაში. ეს ემოციები არ აძლევს მას ფოკუსირების საშუალებას, მით უმეტეს, ბავშვს.

ბევრი კვლევაა იმაზე, რომ სკოლამდელ განათლებაში ჩადებული თანხა ათმაგად ნაზღაურდება. ამის მაგალითია აშშ-ში 60-იან წლებში განხორციელებული რეფორმა, რომელმაც სერიოზული ცვლილებები გამოიწვია.

აშშ-ში სიღარიბის დაძლევა დაიწყეს სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის სკოლამდელი განათლების სისტემის შექმნით. ბევრი კვლევა გვეუბნება, რომ ამან შეამცირა კრიმინალი, შეამცირა ადრეული, არასასურველი ორსულობა ახალგაზრდებში, ამან შეამცირა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები და თანაბარი მისაწვდომობა მისცა სოციალურად დაუცველ ფენებს, რომ ჰქონოდათ ხელმისაწვდომობა შემდგომი განათლებისთვის.

ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, რომ ადრეული განათლება არის ფუნდამენტი და  შემდგომში საფუძველი ფსიქიკურად და ფიზიკურად ჯანმრთელი მომავალი მოქალაქეების ჩამოყალიბებისთვის“, – ამბობს თამარ გაგოშიძე.

კონფერენცია ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს და ხვალაც გაგრძელდება.

საერთაშორისო კონფერენცია „ბავშვის ადრეული განათლება და ზრუნვა“.

ადრეული განათლების რეფორმა საქართველოში რამდენიმე წელია მიმდინარეობს, თუმცა ჯერ კიდევ არ არის პროცესი დასრულებული. სახელმწიფოს დამტკიცებული აქვს სკოლამდელი განათლების სტანდარტი. ამ სტანდარტების მისაღწევად საჭიროა როგორც საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება, ასევე სპეციალისტების მომზადება და ინფრასტრუქტურის განვითარება.

საგანმანათლებლო კომპონენტის განვითარება, როგორც კონფერენციაში მონაწილეები ამბობენ, დაკავშირებულია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესაბამისი პროგრამების ინტეგრირებასა და სპეციალისტების მომზადებასთან.

კონფერენციაში აჭარის განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილიც მონაწილეობდა, რომელსაც ვკითხეთ, ბათუმში მოქმედი რომელიმე საბავშვო ბაღი თუ აკმაყოფილებს სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებს. მინისტრმა გვიპასუხა, რომ სტანდარტების დაკმაყოფილებისთვის ბაღებს აქვთ ვადა, „შესაბამისი ნაბიჯები იდგმება და უახლოეს 3 წელში უნდა დასრულდეს ძირითადი ნაწილი“.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ამილახვრის თქმით, სკოლამდელი განათლების რეფორმის მიზანია „ბაღები დავაახლოოთ სკოლასთან. „ეს არის ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხაზი, რომ ბავშვები იყვნენ სრულად მომზადებული სასკოლო განათლებისთვის“, – ამბობს ის.

საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში ადრეული განათლება და ზრუნვა.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებიც. ერთ-ერთი მონაწილის თქმით, სახელმწიფომ უნდა გახსნას თუნდაც ერთწლიანი მოსამზადებელი კურსის სკოლის ბაზაზე იმ სოფლებში, სადაც არ ფუნქციონირებს საბავშვო ბაღები, რადგან საჭიროა ბავშვების ემოციური თუ კოგნიტური მზაობა სკოლისთვის.

ასევე საუბარი იყო ბილინგვური განათლების მიმართულებით კვლევების ჩატარებაზე, რომ უკეთ დაიგეგმოს სკოლამდელი განათლების პროგრამები.

კონფერენციის მიზანია, ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და განიხილონ ბავშვის ადრეულ განათლებასთან დაკავშირებული მართვის, ხელმისაწვდომობის, ინკლუზიურობისა და დაფინანსების საკითხები.

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ როგორც საკანონმდებლო, ასევე, განათლების სფეროს სპეციალისტები, ფსიქოლოგები და სკოლამდელი დაწესებულებების წარმომადგენლები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: