მთავარი,სიახლეები

უკანონოდ აშენებულ 7 კორპუსს ბათუმში კიდევ 2 დაემატა – რას აკეთებს მერია

09.10.2021 •
უკანონოდ აშენებულ 7 კორპუსს ბათუმში კიდევ 2 დაემატა – რას აკეთებს მერია

„ჩვენ არაფერი ვიცით,“ – შუა ქალაქში უკანონო კორპუსების მშენებლობაზე საუბარი აშინებთ ადამიანებს, რომლებიც გოგოლის ქუჩის მიმდებარედ, უკანონოდ აშენებული და მიმდინარე უკვე 9 კორპუსის სამეზობლოში ცხოვრობენ. მაშინ, როცა უკანონო მშენებლობა არათუ შეჩერდა, არამედ კიდევ 2 ახალი კორპუსი ემატება და ხელისუფლება იმასაც კი მალავს, თუ რა შენდება, მოქალაქეები თვლიან, რომ დუმილი სჯობს.

დღემდე ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექცია ირწმუნებოდა, რომ  დააჯარიმა კომპანია, რომელიც უკანონოდ აშენებს. ოფიციალური დოკუმენტებით კი, რომელიც „ბათუმელებმა“ გამოითხოვა, სულ სხვა რამ იკვეთება – დადგინდა, რომ ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ უკანონო მშენებლობისთვის დააჯარიმა კომპანია, რომელსაც არც მიწა ეკუთვნის და არც მშენებლობა – „მეტრო ტერმინალი“. გოგოლის ქუჩაზე უკანონოდ უკვე 9 კორპუსს სულ სხვა კომპანია – „მეტრო მოლ ოფ აჭარაა“ აშენებს და მერიას ის არ დაუჯარიმებია.

რა ხდება ამჟამად გოგოლის ქუჩაზე და ამ უკანონობასთან მიმართებაში რა სქემით მუშაობს მერია?

15 სექტემბრის შემდეგ, როცა უკანონო, ყაზარმული ტიპის კორპუსების შენების შესახებ ინფორმაცია პირველად გასაჯაროვდა, რამდენიმე კორპუსს 3-3 სართული დაემატა. იქვე ორი ახალი კორპუსის მშენებლობაც დაუწყიათ. კორპუსების და, მათ შორის, „მეტროს“ ავტოსადგურის ტერიტორია 7 ოქტომბერს, „ბათუმელებს“ სრულად შემოსაზღვრული დაგვხვდა. უკანონოდ აშენებული და მშენებარე კორპუსების გვერდით „მეტროს“ ავტოსადგურია, რომელიც დაუხურავთ და ესეც შემოსაზღვრული ღობის მიღმაა.

ვცდილობთ, 2 ახალი კორპუსის მშენებლობაზე სადმე ვიპოვოთ გამოკრული ინფორმაცია მშენებლობის შესახებ, რაც კანონით სავალდებულოა, ან ვინმეს გავესაუბროთ. დაცვის პოლიციის თანამშრომლები მალევე ამჩნევენ ტერიტორიაზე ჩვენს შესვლას და სასწრაფოდ ობიექტის დატოვებას გვთხოვენ. „კითხვებს არ ვპასუხობთ“, – მარტივად გვიცილებენ ისინი.

7 კორპუსის მშენებლობის შეჩერების ნაცვლად, გოგოლის ქუჩაზე ახალი კორპუსის მშენებლობაც დაიწყო.

 

რამდენიმე კორპუსს უკვე მე-9 სართულს აშენებენ. აქ არავინ გვითხრა, რამდენი სართულის და ჯამში რამდენი კორპუსის აშენებაა დაგეგმილი

გოგოლის ქუჩაზე უკანონო მშენებლობასთან ერთად ავტოსადგურის ტერიტორიაც შემოსაზღვრულია

რა შენდება გოგოლის ქუჩაზე, გაიგეთ რამე? – ვეკითხები მეზობლებს, რომლებიც უკანონო მშენებლობის ღობის იქეთ ცხოვრობენ. დაცვის თანამშრომლები ფოტო-ვიდეოებს გვიღებენ როგორც ჩვენ, ისე აქ მცხოვრებთ. სწორედ ამიტომ ბევრი უარს ამბობს საუბარზე, რამდენი ქალი კი ვინაობის გამხელის გარეშე გვიყვება, რომ მშენებლობაზე დასაქმებულ ინჟინრებს გაესაუბრნენ და გაიგეს, რომ ონლაინკაზინოებს აშენებენ, სადაც ბათუმში ჩამოსული ათასობით უცხოელი მოქალაქე იმუშავებს.

მშენებლობა გოგოლის ქუჩაზე გრძელდება.

„ინჟინერმა გვითხრა, რომ ფულიც აქ მოიჭრებაო და რა ვიცი, ამიტომ არის დახურულიო… ჩინელებიც ვნახეთ, რამდენიმე დღის წინ იყვნენ, მშენებლობა დაათვალიერეს და წავიდნენ, 10- 15 კაცი იქნებოდა, აქედან ყველაფერი ჩანს და მათაც დაგვინახეს…“ – ამბობს ერთ-ერთი ქალი, რომელიც ამჩნევს, რომ უკანონო მშენებლობის დაცვის თანამშრომლები გვიღებენ და ხმამაღლა ამატებს:

„ძალიანაც კარგია, რომ ეს შენდება. გველების ბუდე იყო აქაურობა“, – გვტოვებს ისიც.

  • რატომ დააჯარიმა მერიამ ის კომპანია, რომელსაც უკანონოდ აშენებული კორპუსები არ ეკუთვნის – რა ჩანს დოკუმენტებიდან

„ბათუმელები“ უკანონო მშენებლობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების დღიდან ითხოვს მერიისგან  პასუხს: რატომ შენდება კორპუსები უკანონოდ? რატომ ვერ ჩერდება? რა შენდება?

მერიაში თავდაპირველად უარი თქვეს ზეპირ კომუნიკაციაზე და მოგვთხოვეს ინფორმაცია წერილობით გამოგვეთხოვა. მიუხედავად იმისა, რომ წერილის გაგზავნიდან 10 დღეზე მეტი გავიდა, მერია მაინც არ გვაწვდის ინფორმაციას, გოგოლის ქუჩაზე უკანონო მშენებლობის შესახებ.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით კი, ეს ინსპექცია კომპანია „მეტრო ტერმინალს“ აჯარიმებდა და მას მშენებლობის შეჩერებას, ასევე დემონტაჟს სთხოვდა. ინსპექციის ეს ჯარიმები „მეტრო ტერმინალმა“ სასამართლოში გაასაჩივრა. სარჩელში კომპანია წერს, რომ ამ კორპუსების მშენებლობასთან არავითარი კავშირი არ აქვს.

აღმოჩნდა, რომ უკანონო კორპუსების მესაკუთრე „მეტრო მოლ ოფ აჭარაა“, რომელსაც მერია პასუხს არ სთხოვს.

მერიის მუნიციპალური ინსპექცია 15 სექტემბრიდან ამბობს, რომ პირველად „მეტრო ტერმინალი“ 1-ელ ივნისს დააჯარიმა და შემდეგ კიდევ 6-ჯერ დააჯარიმეს ეს კომპანია 5 – 5 ათასი ლარით. სწორედ ეს ჯარიმები და მშენებლობის შეჩერების, ასევე დემონტაჟის შესახებ დადგენილებები გაასაჩივრა კომპანია „მეტრო ტერმინალმა“ სასამართლოში. მერია ამ დრომდე არწმუნებდა საზოგადოებას, რომ უკანონო მშენებლობას ვერ აჩერებდა, რადგან სასამართლო დავა დასრულებული არ არის.

რეალურად კი, სასამართლოს შეეძლო მერიასა და კომპანიას შორის დავის დასრულებამდე უკანონო მშენებლობა შეეჩერებინა, თუმცა მერიამ სასამართლოს ამის საშუალება არ დაუტოვა, რადგან სასამართლოში შესული დოკუმენტების მიხედვით, ყაზარმული ტიპის კორპუსებთან იმ კომპანიას არაფერი აკავშირებს, რომელსაც მერია აჯარიმებს და დემონტაჟს ითხოვს.

  • როდის გაიგო მერიამ უკანონო მშენებლობის შესახებ და რა გააკეთა? 

„ბათუმელებისთვის“ მიწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, უკანონო კორპუსების მშენებლობის შესახებ ბათუმის მერიისთვის მინიმუმ ივნისის დასაწყისში იყო ცნობილი. ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ პირველი ივნისის შემოწმების აქტით მუნიციპალურმა ინსპექციამ 20-დღიანი ვადა მისცა კომპანიას „მეტრო ტერმინალი“ მშენებლობის შესაჩერებლად.

„დაუყოვნებლივ შეაჩერეთ სამშენებლო სამუშაოები და მოახდინეთ ობიექტის დემონტაჟი“, – ვკითხულობთ პირველ ივნისის შემოწმების აქტში. ამ აქტის მიხედვით, მშენებლობა მაშინ გოგოლის ქუჩაზე საწყის ეტაპზე იყო და რამდენიმე ბლოკში მხოლოდ ორი სართული იყო აშენებული.

მეზობლების თქმით, აქ მძიმე ტექნიკა ერთი დღეც არ გაჩერებულა

ამ აქტის გამოცემიდან 15 დღეში ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი, არჩილ ჩიქოვანი ბრძანებას გამოსცემს და „მეტრო ტერმინალის“ ნაცვლად, „მეტრო მოლ ოფ აჭარას“, ანუ იმ კომპანიას, რომელიც რეალურად მიწის და იქ აშენებული კორპუსების მესაკუთრეა, პირობების უთანხმებს „სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველმყოფი საზოგადოებრივი ობიექტის მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების“ მიზნით“ , – ვკითხულობთ ბრძანებაში, რომელსაც არჩილ ჩიქოვანი აწერს ხელს.

ბრძანების მიხედვით არ ჩანს, რა სახის საზოგადოებრივი ობიექტის მშენებლობის პირობების შეთანხმება დაიწყო მერიამ. თავიდანვე მერიაში ზეპირსიტყვიერად ინფორმაციის მოწოდებაზე უარი უთხრეს „ბათუმელებს“.  27 სექტემბერს, მერიის მოთხოვნით ინფორმაცია წერილობით გამოვითხოვეთ. ამ დრომდე ბათუმის მერიას არ ჩაუთვლია საჭიროდ საზოგადოებას მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია, რისთვის შენდება ყაზარმული ტიპის კორპუსები გოგოლის ქუჩაზე.

  • მერიამ ოფიციალურად შეცდომა აღიარა, მაგრამ რა შეიცვალა? 

მუნიციპალური ინსპექციის ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ამ უწყებამ 2021 წლის 27 ივლისის დადგენილებაში აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა და რეალურად სხვა საკადასტრო მიწის ნაკვეთს არიცხავდა ჯარიმებს, როცა „მეტრო ტერმინალს“ აჯარიმებდა კორპუსების უნებართვო მშენებლობისთვის.

„შეცდომით იქნა მითითებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი. კერძოდ ქ. ბათუმში ნ. გოგოლის ქ. 11 ბ-ს [მიწის ს/კ 05.29.17.075] ნაცვლად მითითებულ იქნა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის ქ. ბათუმში, ნ. გოგოლის ქ. #11 [მიწის ს/კ 05.29.17.054],“ – აღნიშნულია მუნიციპალური ინსპექციის დადგენილებაში.

საკადასტრო კოდი შეიცვალა, თუმცა მშენებლობა არ შეჩერებულა და ინსპექციამაც ისევ „მეტრო ტერმინალის“ დაჯარიმება განაგრძო.

კომპანიამ „მეტრო ტერმინალი“ 16 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

  • რა თქვა მერიისგან დაჯარიმებულმა კომპანიამ სასამართლოში? 

„აღნიშნული დადგენილება, წარმოადგენდა სრულიად უსაფუძვლო, მტკნარ ფაქტებზე დამყარებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, იმდენად, რამდენადაც არც მიწის ნაკვეთზე ს/კ 05.29.17.054 არსებულ ობიექტზე მიმდინარეობდა მშენებლობა და არც „მეტრო ტერმინალი“ არ ახორციელებდა მშენებლობას და არც წარმოადგენდა აღნიშნული სამართალურთიერთობის სუბიექტს“, – ვკითხულობთ კომპანია „მეტრო ტერმინალის“ სარჩელში.

ამ სარჩელში კომპანია ირონიასაც არ მალავს იმაზე, რომ შეცდომის აღიარების შემდეგ, მუნიციპალური ინსპექცია ისევ ადმინისტრაციული მოკვლევის გარეშე „მეტრო ტერმინალს“ აჯარიმებს, ანუ საკადასტრო კოდი გასწორდა, მაგრამ ისევ „მეტრო ტერმინალი“ ჯარიმდება.

მართლაც, დოკუმენტაციის მიხედვით, 27 ივლისს ხარვეზის გასწორების შემდეგ, 30 ივლისს ისევ „მეტრო ტერმინალი“ დააჯარიმეს.

რა იყო სასამართლოში მერიის მუნიციპალური ინსპექციის შეპასუხება, ან რა ჩაწერა მოსამართლემ გადაწყვეტილებაში – ბათუმის მერიის მსგავსად, უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებული დავის შესახებ ინფორმაციას სასამართლოც ასაიდუმლოებს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში გვითხრეს, რომ რადგან დავა კერძო კომპანიას ეხება, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ვერ მოგვაწვდიან.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მენეჯერმა „ბათუმელებს“ მხოლოდ ის განუმარტა, რომ დავას მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე განიხილავს, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება [ანუ რომლითაც მშენებლობის შეჩერება კანონით სავალდებულო გახდებოდა] გასაჩივრებულია სააპელაციო წესით და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

  • რატომ დასჭირდა მერიას ეს სქემა? 

სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე მერიის პასუხი კითხვაზე: რატომ აჯარიმებდა და აჯარიმებს იმ კომპანიას, რომელსაც უკანონო მშენებლობასთან სამართლებრივი შემხებლობა არ აქვს? რისთვის დასჭირდა ეს სქემა მერიას? – ინფორმაციის და განმარტების მისაღებად ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის პრესსამსახურს მივმართეთ. აქ გვიპასუხეს, რომ „თუ დამატებით კითხვები გაგვიჩნდა, ისევ საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ“.

საჯარო ინფორმაციის გასაცემად მაქსიმალური ვადა 10 სამუშაო დღეა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, მიწის ნაკვეთი, სადაც მრავალსართულიანი კორპუსები უკანონოდ ააშენეს და კიდევ აშენებენ, კომპანია „მეტრო მოლ ოფ აჭარას“ ეკუთვნის და ის 2032 წლამდე იჯარით „მეტრო ატლას ჯორჯიას“ აქვს გადაცემული. იურისტების განმარტებით, მერიას უკანონო მშენებლობისთვის უნდა დაეჯარიმებინა მესაკუთრე, ანუ „მეტრო მოლ ოფ აჭარა“.

„მეტრო მოლ ოფ აჭარას“ და „მეტრო ტერმინალს“ საერთო მესაკუთრე ჰყავთ – „მეტრო ავრასია ინვესტმენტ ჯორჯია“, თუმცა სამართლებრივად „მეტრო ტერმინალს“ უკანონოდ აშენებულ 7 კორპუსთან შეხება არ აქვს და სასამართლოც რეალურად მშენებლობას ვერ შეაჩერებდა, რადგან მერია ერთის ნაცვლად მეორე კომპანიას აჯარიმებდა.

მერიას რომ სიმართლე გარკვევა და უფრო ზუსტად – უკანონო მშენებლობის შეჩერება არ სურს, ჩანს იქედან, რომ საკუთარ საქმიანობაში ხარვეზის დადგენის და აღიარების შემდეგაც, ანუ ივლისის ბოლოდან, მუნიციპალური ინსპექცია ისევ იმ კომპანიას აჯარიმებს, ვისაც უკანონოდ აშენებული და მშენებარე კორპუსები არ ეკუთვნის. ამ სქემით მერია სასამართლო მექანიზმს ანულებს, ხოლო ვიდრე ჟურნალისტებს საჯარო ინფორმაციასაც კი სრულად არ აწვდის და აიძულებს, ინფორმაცია გაჭიანურებულ რეჟიმში მივიღოთ ნაწილ-ნაწილ, შუა ქალაქში უკანონოდ კორპუსების მშენებლობა სრულდება. 

ამ თემაზე:

„ჩვენ ვიცით რა შენდება“ – რიჟვაძე ბათუმში 7 კორპუსის უკანონოდ აშენებაზე

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: