ბათუმი,განათლება,მთავარი,სიახლეები

მე-16 სკოლის მშენებლობაზე ტენდერი მალე გამოცხადდება – სამინისტრო

02.06.2022 • 2195
მე-16 სკოლის მშენებლობაზე ტენდერი მალე გამოცხადდება – სამინისტრო

ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის ახალი შენობის „პროექტი მასშტაბურია, პროექტირების ყველა ეტაპი დასრულდა. პარალელურად, მიმდინარეობს მშენებლობის ნებართვის მოპოვების პროცესი. ტენდერი გამოცხადდება უახლოეს პერიოდში“, – მოგვწერეს „ბათუმელებს“ აჭარის განათლების სამინისტროდან დღეს, 2 ივნისს.

სკოლის ახალი შენობის პროექტირება რომ დასრულდა, სამინისტრომ ამის შესახებ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში განაცხადა:

აქედან ერთ თვეში კი, თებერვალში, სამინისტროში განაცხადეს, რომ „ახალი შენობის პროექტზე მშენებლობის ნებართვის მიღების პირველი ეტაპი დასრულებულია და მიმდინარეობდა სანებართვო პროცედურების მეორე ეტაპი“.

მშენებლობის ნებართვის გამცემი ბათუმის მერიაა. პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ სკოლის ტერიტორიაზე სამუშაოების ჩატარების ნებართვის გაცემა იმიტომ ჭიანურდება, რომ დასანგრევი შენობის გვერდით მდებარე ხუთსართულიანი კორპუსიც ავარიულია.

„ბათუმელებმა“ სცადა ამ საკითხის დაზუსტებაც.

ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში გვითხრეს, რომ მე-16 სკოლის ტერიტორიასთან ახლოს ავარიული კორპუსი არ დგას, თუმცა მაიაკოვსკის ქუჩა 3ა-ში მდებარე კორპუსის ავარიულობაზე კვლევა უნდა ჩატარდეს. „შემოსული განცხადების საფუძველზე ეს შენობა გადავეცით კვლევაზე. სხვა ავარიული კორპუსი სკოლის მიმდებარედ არ დგას“, – გვითხრეს სამმართველოში.

მე-16 სკოლის ტერიტორია [მონიშნულია მწვანედ] და მიმდებარე ტერიტორია – მაიაკოვსკის ქუჩა 3ა –  [წითლად], სადაც მდებარეობს საცხოვრებელი კორპუსი, რომლის ავარიულობა დასადგენია.

რაც შეეხება მშენებლობის ნებართვას, ქალაქის მერიაში „ბათუმელებს“ დღეს, 2 ივნისს, უთხრეს, რომ მე-16 საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობის ნებართვაზე „გადაწყვეტილება მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი“.

აჭარის განათლების სამინისტროში სამი თვის წინ ასევე განაცხადეს, რომ:

  • „პროექტი ორწლიანია, შესაბამისად, ახალი შენობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის ვადაში უნდა აშენდეს.
  • მშენებლობის ღირებულება, პროექტის მიხედვით, 14 942 791 ლარია.
  • რა თანხის სამუშაოები შესრულდება 2022 წელს, ეს ტენდერის გამოცხადების დროისთვის დაზუსტდება.“

ამავე თემაზე:

ბათუმის მე-16 სკოლის მშენებლობაზე 14.9 მილიონი ლარი დაიხარჯება – პროექტირება დასრულდა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: