ბათუმი,კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

რატომ ყიდულობს ბათუმის მერია საკრებულოსთვის ახალ ინვენტარს

01.06.2022 • 3134
რატომ ყიდულობს ბათუმის მერია საკრებულოსთვის ახალ ინვენტარს

ბათუმის მერია ქალაქის საკრებულოს სხდომათა დარბაზისათვის ახალი ინვენტარის [საკონფერენციო მაგიდები, სავარძლები) შეძენას გეგმავს, რისთვისაც 28 880 ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს.

მერია ამჯერად 22 სავარძელს და 12 ცალ საკონფერენციო მაგიდას იყიდის. მერიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობისთვის განაცხადით უკვე მიმართა.

მერიის განმარტებით, ინვენტარის შეძენის აუცილებლობა განაპირობა იმან, რომ საკრებულოს სხდომათა დარბაზში ინვენტარის დიდი ნაწილი ჩამონგრეულმა ბათქაშმა დააზიანა, ამასთან, გაზრდილია საკრებულოს წევრთა და თანამდებობის პირთა რაოდენობა.

მერიის განაცხადის მიხედვით:

  • „ძლიერი წვიმის გამო სახურავიდან გამოჟონილი წყლის შედეგად საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჭერიდან ჩამოინგრა ბათქაში, ჩამონგრეულმა ბათქაშმა დააზიანა საკრებულოს სხდომათა დარბაზში არსებული ინვენტარის დიდი ნაწილი [ასევე სხდომათა დარბაზის პრეზიდიუმი], რომელიც შეკეთებას არ ექვემდებარება [ფოტომასალა წერილს თან ერთვის].

საკრებულოს სხდომათა დარბაზი ბათქაშის ჩამოვარდნის შემდეგ / ბათუმის მერიის ფოტოები შესყიდვების პორტალიდან

  • „საკრებულოში გაიზარდა საკრებულოს წევრთა რაოდენობა 10 წევრით და განისაზღვრა 35 დეპუტატით, ასევე გაიზარდა თანამდებობის პირების რაოდენობა (საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციები თავისი მოადგილეებით). შესაბამისად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს წევრებისათვის და ასევე თანამდებობის პირებისათვის უკვე არსებული ტექნიკური პარამეტრებისა და ვიზუალურად მაღალი სიზუსტით მსგავსი 22 ახალი საოფისე სავარძლის შესყიდვა, ღირებულებით – 8 280 ლარი.“
  • „საკრებულოს წევრთა რაოდენობის ზრდისა და არსებული მაგიდების ახალ მოცემულობასთან შეუსაბამობის გამო, მიზანშეწონილად მიგვაჩნია 12 ცალი საკონფერენციო მაგიდის შესყიდვა ღირებულებით – 20 600 ლარი.“

ახალი განლაგება საკრებულოს დარბაზში

მერიის ინფორმაციით, „ტენდერის ფარგლებში მიმდინარეობს საკრებულოს დარბაზის ჭერის აღდგენა-შეკეთების სამუშაოები, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში კი [სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან კონსულტაციის შედეგად] გამოიკვეთა სხდომათა დარბაზის ახალი განლაგების დიზაინის შექმნის საჭიროება, რაც წინასწარ ვერ იქნებოდა განსაზღვრული“.

სხდომათა დარბაზის შეკეთებასა და სხვა სამუშაოებზე ბათუმის მერიას ხელშეკრულება შპს „იორ ბუილდინგ კომპანი-LTD YOUR BUILDING COMPANY“-სთან 154 ათას 194 ლარზე აქვს გაფორმებული.

მერიას ადმინისტრაციული შენობების სახურავებისა და საკრებულოს სხდომათა დარბაზის შეკეთებაზე ტენდერი ზუსტად იმავე თანხით ჰქონდა გამოცხადებული:

ეს სარემონტო სამუშაოები ხელშეკრულების მიხედვით 2022 წლის 2 აგვისტომდე უნდა დასრულდეს [შენობა, ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე, რომელშიც საკრებულოს სხდომათა დარბაზია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია].

„ბათუმის საკრებულოს სხდომების სხვადასხვა ლოკაციაზე გამართვის გამო, ვერ ხერხდება სრულფასოვნად სხდომების წარმართვისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფა, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს საკრებულოს სხდომების წარმართვის ხარისხს“, – აღნიშნულია მერიის განაცხადში. თუმცა, გასული წლის ბოლოს არჩეული საკრებულო მთელი 5 თვის განმავლობაში არც კი შეკრებილა, მმართველი პარტიისგან არჩეული წევრების ბოიკოტის გამო.

საკრებულოს შეკრება მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ გახდა შესაძლებელი.

ნახეთ დეტალურად:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/413413/

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: