მთავარი,სიახლეები

დამრღვევ მშენებელს ნებართვა მისცეს და კ2-იც გაუზარდეს – ყველაფერი 4000 ლარად მოგვარდა

19.06.2019 • 2455
დამრღვევ მშენებელს ნებართვა მისცეს და კ2-იც გაუზარდეს – ყველაფერი 4000 ლარად მოგვარდა

ბათუმის მერიამ მშენებლობის ნებართვა მისცა და კ2 კოეფიციენტიც 5,0 – მდე გაუზარდა შპს „ძმების სახლს“, რომელმაც ბათუმის ცენტრში, ჰაიდარ აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე დაგეგმილი მრავალბინიანი სახლის ორი სართული უნებართვოდ ააშენა.

2018 წელს ამ ადგილზე ნახევრად დაანგრიეს ორსართულიანი სახლი, რომელიც ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად იყო წარდგენილი. თუმცა კომპანიაში ამბობენ, რომ სახლი მესაკუთრეს დანგრეული ჰქონდა, როცა ტერიტორია შეისყიდეს.

მოგვიანებით კი ამ სახლის საბოლოოდ დანგრევის ნებართვა შპს „ძმების სახლმა“ მოითხოვა და  მიიღო კიდეც. მომიჯნავედ, ფალიაშვილის #16-ში არსებული ბელეტაჟი კი, როგორც აქ მცხოვრებლები ამბობენ, „მიაყოლეს“ – ის საერთოდაც უნებართვოდ დაანგრიეს.

 

სახლი, რომელიც ჰაიდარ აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე დაანგრიეს. ცაგო კახაბერიძის ფოტო

შპს „ძმების სახლის“ დირექტორმა მურმან დიასამიძემ გვითხრა, რომ ბელეტაჟი ამორტიზებული იყო და ის ამას ფოტოებით დაამტკიცებს.

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შპს „ძმების სახლი“ უკანონო მშენებლობისთვის 3000 ლარით დააჯარიმეს და მშენებლობის შეჩერება მოსთხოვეს, თუმცა კომპანიამ მითითება არ შეასრულა, რისთვისაც კიდევ 1000 ლარით დააჯარიმეს.

2019 წლის აპრილში აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურმა საბჭომ ისე იმსჯელა შპს „ძმების სახლის“ სამშენებლო პროექტის შეთანხმებაზე ჰაიდარ აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე, რომ არავის უხსენებია, დასამტკიცებელი პროექტის ორი სართული უკვე აშენებული რომ იყო. კომპანიამ დაჯარიმების შემდეგ ნებართვის მიღებამდე კიდევ ერთი სართული ააშენა.

მერის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში, რომლითაც ის პროექტისთვის კ2 კოეფიციენტის გაზრდის თაობაზე შესაბამისი კომისიის რეკომენდაციას დაეთანხმა, ნათქვამია:

„.. მერიას მიზანშეწონილად მიაჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ვინაიდან სამშენებლო ობიექტი სივრცით – მოცულობითი და არქიტექტურულ-ვიზუალური თვალსაზრისით სრულად აკმაყოფილებს არსებული ტერიტორიის ურბანული განაშენიანებისა და განვითარების პრინციპებს, ასევე საპროექტო ტერიტორიის ირგვლივ არსებული განაშენიანებისა და ქალაქმშენებლობითი პარამეტრების მოთხოვნებს.“

საინტერესოა რა იგულისხმა ამ ჩანაწერში კომისიამ, რადგან სამშენებლო ტერიტორიას მაღლივი სახლები არ ესაზღვრება. ერთ მხარეს ორსართულიანი ისტორიული სახლია, მოპირდაპირედ – საჯარო სკოლა, ხოლო მესამე მხრიდან ისევ დაბალი სახლებია, რომლებიც ასევე სამშენებლო ღობითაა შემოღობილი.

ზონალური საბჭოს სხდომაზე წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, შპს „ძმების სახლი “ ამ ადგილზე 10-სართულიანი მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს.

მთავარი ფოტო: ფალიაშვილზე უკანონოდ დაწყებული კორპუსის მშენებლობა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: