როგორ შეიძლება გაგრძელდეს ბრძოლები ხერსონისა და ხარკოვის მიმართულებაზე, სადაც ბოლო ერთი კვირაა ინტენსიურად იბრძვიან? „ბათუმელები“ გუშინ, პირველ ივნისს, ქართველ მებრძოლს, ვანო ნადირაძეს ისევ ესაუბრა, რომელიც სევეროდონეცკთან იბრძვის. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებაზე უკრაინელებს უკან დახევა მოუხდათ, ვანო ნადირაძე მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი. მისი თქმით, ეს სტრატეგიული დახევაა და „ჩემი აზრით, ცოტა უფრო ადრეც უნდა დაგვეხია, რადგან უკან დახევით უკრაინის ჯარი პოზიციებს გაამაგრებდა მდინარე სევეროდონეცკზეო“.
ვანო ნადირაძის თქმით, უკრაინის გენერალური შტაბი მოქმედებს სწორად და ძალიან მალე ხერსონის პოზიციებზე უკრაინა წარმატებას მიაღწევს.
„იმ ტემპით, როგორიც გვაქვს, სადღაც ორ კვირაში ხერსონამდეც მივალთ და პატარა-პატარა ალყებშიც მოექცევიან რუსები ამ მიმართულებაზე.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 12-კილომეტრიანი ზოლი გავათავისუფლეთ მარჯვენა მხარეს და მარცხენა მხარეს კიდევ 4 სოფელია გათავისუფლებული. ეს ძალიან სერიოზული ბრძოლის შედეგადაა მიღწეული“.
საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, მოსკოვი კონცენტრირებულია, დაიკავოს სევეროდონეცკი და დონბასი მთლიანად, რაც დაუცველს ხდის მას სასიცოცხლო მნიშვნელობის ხერსონის ოლქში, სადაც უკრაინელების კონტრშეტევა გრძელდება.
„დასავლეთმა სიტყვა შეასრულა და გრაფიკით განსაზღვრული შეიარაღება მივიღეთ. ეს საკმარისია იმ ფრონტის ხაზებისთვის, რომელიც დღეს გვაქვს, საკმარისია იმისთვის, რომ რუსების ლოჯისტიკა გავანადგუროთ.
მარიუპოლის დროს რომ გვქონოდა თავიდანვე ასეთი ტექნიკა, შესაძლოა აღარ მოქცეულიყო მარიუპოლი ალყაში“, – ამბობს ნადირაძე.
რის ხარჯზე მიაღწიეს რუსებმა წარმატებას ბოლო კვირაში სევეროდონეცკში? – ვკითხეთ მას. ვანო ნადირაძის თქმით, ეს არის ცოცხალი ძალა და სარაკეტო თავდასხმები.
„რომ გგონია გაანადგურე რაღაც ბატალიონი, უცებ ტარაკნებივით ამოძვრებიან საიდანღაც. ძალიან ბევრნი არიან. იზიუმის და სლავიანსკის მიმართულებით 60-კილომეტრიან მონაკვეთზე 150 ათას კაცზე მეტია თავისი ტექნიკით.
ამის მიუხედავად, იზიუმის მიმართულებაზე მაინც ვერ ახერხებენ ძვრას, რადგან მაგრად უტევენ უკრაინელები. ლიმანი კი აიღეს, მაგრამ ლიმანიდან სლოვიანსკამდე რომ მივიდნენ, შუაშია პატარა ქალაქი რაიგარადოკია და ამ პატარა ქალაქშიც კი ვერ შედიან. ისევ და ისევ მდინარე ყოფს შუაზე, ხიდი აფეთქებულია და მდინარის მეორე მხარეს ჭაობებია, ტექნიკა ვერ იმოძრავებს“, – ამბობს ვანო ნადირაძე.
მისი თქმით, რუსებს წინა კვირაში გეგმაში ჰქონდათ ბახმუტის გზის კონტროლის ქვეშ მოქცევა, თუმცა ვერც ეს შეძლეს.
„სევეროდონეცკი-ლისიჩანსკის მიმართულება ავიღოთ, ამასაც ყოფს მდინარე სევეროდენცკი და თუ დააკვირდებით, მთელ გაყოლებაზე ვერსად ვერ გადმოლახეს ეს მდინარე.
ბელოგოროვკთან რომ იყო შეტაკება, იცით ალბათ ძალიან დიდი ტექნიკა დაკარგეს გადმოსვლისთვის, მაგრამ ვერ მოახერხეს… ჩემთვის რომ ეკითხათ, სევეროდონეცკს უფრო ადრეც დავტოვებდი, ტაქტიკურ უკან დახევას დავარქმევდი ამას და უფრო გავამყარებდი მაგალითად ლისიჩანსკის პოზიციებს, რადგან ლისიჩანსკი საგრძნობ სიმაღლეზეა, აქედან ლისიჩანსკამდე 15 კილომეტრია და სიმაღლიდან გადაჰყურებს სევეროდონეცკსაც და რუბეჟნოესაც. უფრო გავამყარებდი ამ პოზიციებს. ახლა კი სამწუხაროდ, 15-20- კილომეტრიან მონაკვეთებზე 10-12 ტაქტიკური ბატალიონი ჰყავთ და ტარაკნებივით მოძვრებიან“, – ამბობს ვანო ნადირაძე.
რა ვითარებაა ლუგანსკში, ზოგადად? – ვანო ნადირაძის თქმით, რუსები პოზიციებს ბოლომდე ვერც აქ ინარჩუნებენ. „ბახმუტის გზატკეცილიც ლუგანსკის ოლქშია, მაგრამ არ არის რუსების კონტროლს ქვეშ. ამ კვირაში იყვნენ გამოსული სადესანტო მოიერიშე ჯგუფები, მაგრამ ვერ გამაგრდნენ და ისევ უკან დაახევინეს უკრაინელებმა. ბახმუტის გზა მთავარ გზად ითვლება ლისიჩანსკის მიმართულებაზე, ეს გზა ორ მონაკვეთზე ინტენსიურად იბომბება ახლაც. სხვა მონაკვეთებზე კარგი კონტრშეტევა ჩაატარეს უკრაინელებმა და გადაისროლეს რუსები“, – ამბობს ნადირაძე.
კითხვაზე, თუ რამდენად შეძლებენ რუსები ოკუპირებული ლუგანსკი, დონეცკი, ყირიმის გასწვრივ ბრძოლის ხაზის მოსწორებას, ვანო ნადირაძე ამბობს, რომ ამ ხაზის გასწორებას რუსები ომის დაწყების დღიდან ცდილობენ და ვერ შეძლეს.
„ფრონტის ხაზი 800 კილომეტრზე მეტია და ამ რესურსით, რითაც ახლა რუსები იბრძვიან, ფრონტის ხაზი ვერ გასწორდება. ამ ეტაპზე მათი უპირატესობა ცოცხალი ძალის სიმრავლეშია, თუმცა ფრთოსანი და კალიბრიანი რაკეტების მიმართულებით გაუჭირდათ ამ კვირაში.
ის პროგნოზი, რასაც ამბობდნენ დასავლელი ექსპერტები, თუ სადაზვერვო სამსახურები, რომ უკრაინა ზაფხულში შეტევაზე გადავა, გამართლდება და 15 ივისამდე ჩვენ სხვა შედეგებს დავინახავთ. მარტო ხერსონი კი არა, სხვა ტერიტორიებიც გათავისუფლდება, დამიჯერეთ“, – გვეუბნება ვანო ნადირაძე.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ბრძოლაში თითქმის ყოველდღე 60-100 ჯარისკაცი იღუპება. ვანო ნადირაძე კი ამბობს, რომ რუსეთის არმიაში გაცილებით მეტია ცოცხალი ძალის მსხვერპლი. „მსხვერპლს ძირითადად იწვევს დაბომბვები“, – გვიხსნის ნადირაძე.
„მე მაინც მგონია, რომ როგორც კიევის გარშემო იდგნენ და წინსვლას ვერ მიაღწიეს, პატარა მდინარე ირპენიც კი ვერ გადმოლახეს და დემორალიზება დაიწყო ჯარში, იგივე მოხდება ახლაც. ძალიან ბევრი რუსი ჯარისკაცის თუ ოფიცრის ტელეფონი ისმინება და ვიცით, რომ უკვე დაიწყო ხრწნა რუსის ჯარში.
ყველაზე სტრატეგიული ნაბიჯი ამ კვირაში იყო ხერსონის მიმართულება, იზიუმის აღმოსავლეთიდან არ მოასვენებს უკრაინული ჯარი, რომ სლოვიანსკის მიმართულებით არ განაგრძონ გადაადგილება.
როცა ხერსონის მიმართულებაზე ვაგნერის ელიტარული სპეცდანიშნულების რაზმი გაანადგურეს უკრაინელებმა, დიდი დემორალიზება გამოიწვია ამან რუსებში – 20 კილომეტრის მოშორებით რომ იდგა ჯარი, ისინიც კი უკან გარბოდნენ.
მე, პირადად, იმედიანად ვარ განწყობილი, საშინელი ოპტიმისტი ვარ და მართლდება ხოლმე ჩემი ოპტიმიზმი“, – გვეუბნება ვანო ნადირაძე.
მისი თქმით, უკრაინას სწორი ტაქტიკა აქვს აღებული, მთლიანი შეიარაღებული ძალები ჯერ არ ჩაურთავს ბრძოლაში და როცა ჩაერთვება, „ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ხერსონიც დაბრუნდეს და სხვა ტერიტორიებიც“.