მოსამართლე კოტე ჭილაიამ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა მილიონერ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს. სასამართლო სხდომა დღეს, 2 ივნისს ჩატარდა.
გალიფ ოზთურქი გუშინწინ, 31 მაისს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სპეცოპერაციის დროს დააკავა. იმის მიუხედავად, რომ გამოძიება გუშინწინ ფინანსურ დანაშაულებზე საუბრობდა, დღეს, 2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ოზთურქს ოფიციალურად მხოლოდ ნარკოდანაშაულის ჩადენას ედავებიან – სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი ბინიდან დაახლოებით 7 გრამი კოკაინი ამოიღეს.
ეს ითვალისწინებს 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას.
„ქართულ სოფელში დავიბადე და ბავშვობიდან მაქვს საქართველოს სიყვარული… ჩემი პირველივე ინვესტიცია საქართველოში განვახორციელე“, – მიმართა მოსამართლეს ბრალდებულმა გალიფ ოზთურქმა. – „ბევრი თურქი ბიზნესმენი გაოგნებულია ამით, რაც ახლა ხდება, გაოცებული არიან… როგორ შეიძლება ასეთი რამ? ჩემი სახლი საქართველოშია, სად უნდა გავიქცე? მზად ვარ ვითანამშრომლო“, – თქვა ბიზნესმენმა და ვინაიდან მის ნათქვამს თარჯიმანი თურქულიდან ქართულ ენაზე პარალელურ რეჟიმში თარგმნიდა, დარბაზში ბრალდებულის პოზიციის სრულად გაგება შეუძლებელი გახდა.
ოზთურქმა მოსამართლეს უთხრა, რომ მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს – საქართველოს და თურქეთის.
„ეს იყო შეცდომა, რაც გაირკვევა აუცილებლად, მას არ ჩაუდენია ეს დანაშაული“, – უთხრა მოსამართლეს ადვოკატმა იოსებ ბარათაშვილმა.
„ნარკოტიკული ნივთიერება, რაც ამოიღეს, არავითარი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის“, – აღნიშნა ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა.
„ჩხრეკის დროს ოზთურქი ადგილზე იყო, ჩხრეკას ესწრებოდა მისი ადვოკატიც“, – თქვა პროკურორმა დავით ჭარბაძემ.
„ვესწრებოდი, მაგრამ დარღვეული იყო პროცედურები“, – უპასუხა პროკურორს ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა და ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ თუკი ოზთურქი ციხეში იქნება, „ეს საქმე იმოქმედებს საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზეც“. ადვოკატის თქმით, შესაძლოა, უმუშევარი დარჩეს დაახლოებით 3 ათასი ადამიანი, ვინც ახლა ოზთურქის ბიზნესკომპანიებში მუშაობს.
პროკურორმა დავით ჭარბაძემ კი, თავის სიტყვაში თქვა, რომ არსებობს ბრალდებულის მიმალვის საფრთხე, თუ მას გირაოს საფუძველზე გაათავისუფლებენ. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ბრალი წარდგენილი არაა, მაგრამ გამოძიება დაწყებულია ფინანსურ დანაშაულებზე, რაც ეხება გალიფ ოზთურქის ათამდე კომპანიას.
„გამოსაკითხი პირების უმრავლესობა ამ კომპანიებში დასაქმებული პირები არიან. მან შესაძლოა ზემოქმედება მოახდინოს მითითებულ პირებზე“, – აღნიშნა პროკურორმა.
„აბსურდია და რაც მთავარია, კანონით დაუშვებელია პირის დევნა იმ გარემოებების გამო, რაც ბრალში განსაზღვრული არ არის, ეს არის მხოლოდ ბრმა ვარაუდი და დაუსაბუთებელი მოთხოვნა“, – პროკურორს მიმართა ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა.
ადვოკატებმა მოსამართლეს აჩვენეს კლინიკა „მედინას“ მიერ გაცემული ჯანმრთელობის ცნობაც.
„ფაქტობრივად მას გადაადგილებაც უჭირს“, – დასძინა დავით ჩავლეიშვილმა.
ბრალდებულის ადვოკატებმა მოსამართლეს შესთავაზეს ერთი მილიონი ლარი გირაოს სანაცვლოდ ბრალდებულის გათავისუფლება.
„სასამართლოს შეუძლია, თუკი საჭიროდ ჩათვლის, გაზარდოს ეს თანხა, ის საქართველოს და თურქეთის მოქალაქეობის პასპორტებსაც ჩააბარებს“, – დაამატა დავით ჩავლეიშვილმა.
„ეს საქმე შეკერილია… იქ, სადაც თითქოს ამოიღეს ეს ნარკოტიკული ნივთიერება, იყო საკონფერენციო ოთახი, სადაც უამრავი ადამიანი ხვდება. ჩვენ არ ვეთანხმებით ბრალს“, – მიმართა მოსამართლეს ოზთურქის კიდევ ერთმა ადვოკატმა, თენგიზ კახიძემ და შემდეგ ესეც აღნიშნა:
„არ არსებობს საქველმოქმედო ღონისძიება საქართველოში, რაშიც გალიფ ოზთურქს შეტანილი არ აქვს წვლილი… არ არსებობს სხვა ბიზნესმენი, ვისაც მსგავსი მასშტაბის პროექტები აქვს განხორციელებული ჩვენს ქვეყანაში, ეს დითირამბები სულაც არ არის“, – თქვა თენგიზ კახიძემ.
„ნარკოტიკული ნივთიერება ამოღებულია დუპლექსის ტიპის საცხოვრებელი ბინიდან, ეს იყო საცხოვრებელი სივრცე“, – ადვოკატ თენგიზ კახიძის ნათქვამს რეპლიკით გამოეხმაურა პროკურორი დავით ჭარბაძე.
„როგორ გავა ქვეყნიდან, თუკი ორივე პასპორტს ჩაგაბარებთ?“ – პროკურორს მიუბრუნდა სხვა ადვოკატი.
„ისევ თავისი ფინანსების გამოყენებით“, – თქვა პროკურორმა.
რატომ გახდა საჭირო სპეცოპერაცია, თუკი ვერცერთ ფინანსურ დანაშაულებზე ბრალი ვერ წარუდგინეთ ოზთურქს? – ვკითხეთ პროკურორს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.
„ეს არ იყო სპეცოპერაცია. ჩატარდა კანონით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებები, გამოძიება გრძელდება“, – გვიპასუხა პროკურორმა დათო ჭარბაძემ.
რა ვერსია აქვს თავად ოზთურქს? – ბრალდებულის ადვოკატებმა კონკრეტული ვერსიების გაჟღერებისგან თავი შეიკავეს.
„ვეცნობით საქმის მასალებს და შემდეგ შევიმუშავებთ დაცვის მხარე პოზიციას,“ – გვითხრა უკვე დაცარიელებულ დარბაზში ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა.