მთავარი,სიახლეები

„ეს არის მცდელობა კანონმდებლობა ვიწრო პარტიულ ინტერესებს მოარგონ“ – საია ბათუმის საკრებულოზე

11.05.2022 • 1537
„ეს არის მცდელობა კანონმდებლობა ვიწრო პარტიულ ინტერესებს მოარგონ“ – საია ბათუმის საკრებულოზე

„საია მოუწოდებს პარლამენტს, კანონმდებლობის ცვლილებების ინსტრუმენტი არ გამოიყენოს თვითნებურად, მხოლოდ ცალმხრივი პარტიული ინტერესების გათვალისწინებით და არსებული კრიზისი გადაჭრას არა დისკრიმინაციული და დაუსაბუთებელი ინიციატივებით, არამედ ამომრჩეველთა ნების რეალიზაციაზე ორიენტირებული, დროებითი ანტიკრიზისული ნორმებით,“ – ამ რეკომენდაციით მიმართავს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ პარლამენტს, სადაც აპირებენ კონკრეტულად ბათუმის საკრებულოსთვის „საარჩევნო კოდექსი“ შეცვალონ.

საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემთხვევაში, საკრებულოს შუალედური არჩევნების გზით არჩეული დეპუტატის უფლებამოსილებისთვის საკრებულოს შეკრება საჭირო აღარ იქნება.

„წარმოდგენილი ინიციატივა მმართველი პოლიტიკური ძალის კიდევ ერთი მცდელობაა, კანონმდებლობა საკუთარ ვიწრო პარტიულ ინტერესებს მოარგოს,“ – აღნიშნულია საია-ს მიერ დღეს, 11 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.

„სამართლებრივ არგუმენტაციას მოკლებულია სადეპუტატო უფლებამოსილების დაწყების კონტექსტში ორი საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს წევრების გამიჯვნის საჭიროება. ნებისმიერი საარჩევნო სისტემის მიზანია, ამომრჩევლის ნება გარდაისახოს მანდატში. კენჭისყრის დღეს მოსახლეობა თავის არჩევანს აკეთებს არა მხოლოდ კონკრეტული პერსონისთვის (მაჟორიტარი) ხმის მიცემისას, არამედ ის თანხმობას აცხადებს, საკრებულოს დეპუტატი გახდეს მისთვის სასურველი პარტიის სიაში მითითებული პირიც. შესაბამისად, ამომრჩევლის ნების რეალიზაციის დაწყების მომენტის განმსაზღვრელი ფაქტორი ვერ იქნება საარჩევნო სისტემებს შორის განსხვავება. ამის საპირისპიროდ, წარმოდგენილი ცვლილება გაუმართლებლად ახდენს ამომრჩევლის ნების მანდატში გარდასახვის პროცედურის დიფერენცირებას სხვადასხვა სისტემით არჩეულ დეპუტატებთან მიმართებით,“ – წერია საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საია ეხმაურება კანონპროექტის ინიციატორების არგუმენტს იმ ნაწილში, რომ მათ „ერთიანი სტანდარტის დამკვირდება“ სურთ და შუალედური არჩევნების გზით არჩეული დეპუტატის უფლებამოსილებაც მერის მსგავსად, არჩევნების შედეგის გამოცხადებიდან მე-11 დღეს ცნობილი გახდეს.

„დეპუტატები მაჟორიტარი წევრის არჩევას და უფლებამოსილების დაწყებას უკავშირებენ (ადარებენ) მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილების დაწყებას. თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოსა და საკრებულოს მაჟორიტარი წევრის არჩევის წესის ერთმანეთთან შედარება, ისევე როგორც მათ შორის პარალელის გავლება, მოკლებულია ყოველგვარ ლოგიკურობას და სამართლებრივ არგუმენტაციას. ამგვარი მიდგომა საფუძველს დაუდებს არასწორ და საშიშ საკანონმდებლო პრეცედენტებს კოლეგიური წარმომადგენლობითი ორგანოების დაკომპლექტების წესის მხრივ. არჩევნების შედეგის დადგენის მიღმა, ცესკოსთვის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების აღიარების კომპეტენციის გადაცემა კი, ადგილობრივი დემოკრატიის შემზღუდველ, მიუღებელ სტანდარტს დაამკვიდრებს.

თუკი ეს ცვლილებები რეალურად, ამომრჩევლის ნების სადეპუტატო მანდატში გარდასახვას და კრიზისის გადალახვას დაისახავდა მიზნად, კანონით დასაშვები იქნებოდა ისეთი საგამონაკლისო, დროებითი ანტიკრიზისული მექანიზმის შემოღება, რომელიც ყოველგვარ დისკრიმინაციულ მიდგომებს გამორიცხავდა და თანაბრად გაავრცელებდა როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული წესით არჩეულ საკრებულოს წევრებზე. მათი მანდატი კი, თავის მხრივ, პირდაპირ კავშირშია ამომრჩევლის ნებასთან, რომელიც თანაბარმნიშვნელოვანია ორივე საარჩევნო სისტემით ხმის მიცემისას,“ – აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.

ამ თემაზე:

როგორ ისაკუთრებს „ოცნება“ ბათუმის ოპოზიციურ საკრებულოს – ინტერვიუ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: