უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, ევროკავშირის მიერ რუსულ ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგოს დაწესებას ეხმაურება და რუსეთისთვის მოსალოდნელ შედეგებზე წერს.
როგორც პოდოლიაკი ამბობს, ემბარგო საბოლოოდ გამოიწვევს რუსეთში ნავთობის მოპოვების შემცირებასა და ჭაბურღილების კონსერვაციას. მისი თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ რუსეთი ვერ შეძლებს იმავე რაოდენობით ნავთობის ჩინეთისთვის მიყიდვას, რაც ევროკავშირში გაჰქონდა ექსპორტზე.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის გეგმები არ სრულდება და რიტორიკულ შეკითხვას სვამს: „ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, არა?“
„რუსეთი ვერ შეძლებს, ჩინეთს იმდენივე ნავთობი მიყიდოს, რამდენიც ევროკავშირს. ასე, რომ ემბარგო [ნავთობის] მოპოვების შემცირებასა და ჭაბურღილების კონსერვაციას გამოიწვევს. ტექნიკური მიზეზების გამო ზოგი მათგანის აღდგენა შეუძლებელი იქნება. 20 წლის წინ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის მშპ-ში ნავთობის წილს შეამცირებდა. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, არა?,“ – წერს მიხაილო პოდოლიაკი.
🇷🇺 can’t sell oil to 🇨🇳 in EU volumes. The embargo will lead to a reduction in production and wells conservation. Some of them will never restore due to technical reasons. 20 years ago, Putin promised to reduce the share of oil in 🇷🇺 GDP. Is everything according to the plan?
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) June 2, 2022
როგორც „როიტერსი“ მსოფლიო ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, 2020 წელს რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის [მშპ] 46%-ს ექსპორტი წარმოადგენდა, ექსპორტის ნახევარს კი გაზი და ნავთობი მოიცავს. შესაბამისად, ნავთობის გაყიდვით მიღებული შემოსავლის წილი რუსეთის მშპ-ში ჯერ კიდევ მაღალია.
„როიტერსის“ საერთაშორისო საფინანსო კომენტატორების გუნდმა გამოთვალა, თუ რა გავლენას იქონიებს ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი, ერთი მხრივ, რუსეთზე, მეორე მხრივ კი, თავად ევროკავშირზე და დაასკვნა, რომ ნავთობის ემბარგო პუტინს მეტად დააზარალებს, ვიდრე ევროკავშირს.
ევროკავშირის ახალი სანქციების პაკეტი ითვალისწინებს იმ ნავთობის იმპორტის აკრძალვას, რომელიც ევროკავშირში საზღვაო გზით ხვდებოდა, თუმცა არ შეეხება მილსადენით მიწოდებულ ნავთობს. რუსეთიდან ნავთობი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მათ შორის, გერმანიას, პოლონეთს, ჩეხეთს, სლოვაკეთს, უნგრეთსა და ხორვატიას „დრუჟბას“ მილსადენით მიეწოდება.
უნგრეთი იყო ქვეყანა, რომელიც სრული ემბარგოს დაწესებას ეწინააღმდეგებოდა, ამბობდა რა, რომ ეს მის ეკონომიკას გაანადგურებს. სანქციების კომპრომისული ვარიანტით აკრძალვა შეეხება რუსული ნედლი ნავთობის იმპორტის დაახლოებით 75%-ს დაუყოვნებლივ და დაახლოებით 90%-ს – წლის ბოლომდე.
ჯერჯერობით დასავლეთს არ დაუწესებია სანქციები რუსულ გაზზე. თუმცა რუსეთმა თავად შეუწყვიტა რამდენიმე ევროპულ ქვეყანას გაზის მიწოდება, მათ შორის, პოლონეთს. რუსეთი გაზის საფასურის გადახდას რუბლებში ითხოვდა, რაზეც პოლონეთმა უარი განაცხადა.