მთავარი,სიახლეები

რა აფერხებს ქალს გახდეს სრული პროფესორი ­- გენდერული უთანასწორობა აკადემიურ სივრცეში

02.06.2022 • 1640
რა აფერხებს ქალს გახდეს სრული პროფესორი ­- გენდერული უთანასწორობა აკადემიურ სივრცეში

„სურვილი როგორ არ მქონდა, ხომ გაგიგონიათ, ჯარისკაცი რის ჯარისკაცია, გენერლობაზე თუ არ ოცნებობსო. მეც მინდოდა სრული პროფესორობა, მაგრამ…“ – გვითხრა ასისტენტ-პროფესორმა ნუნუ ნაკაშიძემ, რომელიც 1995 წლიდან მუშაობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ერთ-ერთია იმ პროფესორ ქალებს შორის, რომელმაც კარიერული წინსვლა ასისტენტ-პროფესორის საფეხურზე შეაჩერა.

საქართველოს მასშტაბით ბევრად მეტი პროფესორი ქალია, ვიდრე კაცი,  თუმცა სრული პროფესორები ანუ მაღალ საფეხურზე, ძირითადად, კაცები არიან.

გენდერული უთანასწორობა ქვეყანაში ცხადადაა ასახული პროფესორთა გენდერულ გადანაწილებაშიც, სფეროში, სადაც, წესით, პრობლემის ანალიზი, ასევე, უფლებების დაცვა, უნდა სურდეთ და შეეძლოთ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2021-2022 წლების მონაცემებით, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სრული პროფესორი კაცის რაოდენობა სრული პროფესორი ქალის რაოდენობას 571-ით აღემატება, მაშინ, როდესაც, ზოგადად, პროფესორი ქალების რაოდენობა 764-ით აჭარბებს პროფესორი კაცების მაჩვენებელს, ანუ ქვეყანაში უფრო მეტი პროფესორი ქალია, ვიდრე კაცი, თუმცა მაღალ პოზიციებს ქალები არ იკავებენ.

პროფესორისთვის ყველაზე დაბალი აკადემიური თანამდებობა ასისტენტ-პროფესორია, შემდეგია – ასოცირებული პროფესორი, ბოლოს – სრული პროფესორი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სრული პროფესორის თანამდებობას იკავებს 1144 ქალი და 1715 კაცი, ასოცირებული პროფესორია 2647 ქალი და 1869 კაცი, ხოლო ასისტენტ-პროფესორია 1104 ქალი და 547 კაცი.

კაცები რომ ნაკლებად ჯერდებიან ასისტენტ-პროფესორის თანამდებობას, ამას აჩვენებს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაჩვენებელიც – აქ 50 ქალი ასისტენტ-პროფესორია, კაცი – 15.

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2022 წლის მდგომარეობით, სულ 42 სრული პროფესორი კაცია, ქალი – 24. ასოცირებული პროფესორი ანუ შუა საფეხურზე, 88 ქალია, 56 – კაცი. 

„ქალისთვის ოჯახი პირველია. რომ მიაღწიო აკადემიურ წარმატებას,  ბევრი შრომაა საჭირო, როცა ოჯახი გყავს, დრო აღარ გრჩება, არჩევანის წინაშე დგები: ან ერთი უნდა აირჩიო, ან მეორე. ძირითადად ასეა – ქმარს უწყობს ხელს ცოლი. ცოლი ქმრის მხარეს არის, ასეა ხო?“ – გენდერული მოდელის დადასტურებას ითხოვს ასისტენტ-პროფესორი, ნუნუ ნაკაშიძე, მოდელის, რაც ამ უსამართლო მოცემულობას პროფესორებშიც ქმნის.

ნუნუ ნაკაშიძე ბსუ-ს აგროეკოლოგიის და სატყეო საქმის დეპარტამენტში მუშაობს. ამ დეპარტამენტში სულ 6 პროფესორია, მათ შორის, მხოლოდ ორი კაცია. ორივე კაცი სრული პროფესორია. ქალები ასისტენტ-პროფესორები არიან ან ასოცირებული პროფესორები.

„არავითარ შემთხვევაში ეს უსამართლობა არ არის,“ – კატეგორიული პოზიცია აქვს ნუნუ ნაკაშიძეს, თუმცა შემდეგ მთლიანად უნივერსიტეტის და ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების მონაცემებს ვაცნობთ და ვეკითხებით: მაშ, რა გამოდის ამ სტატისტიკით, კაცებს უკეთესი ინტელექტუალური მონაცემები აქვთ?!

„რა თქმა უნდა, არა. იცით, არც დავფიქრებულვარ აქამდე ასე, არ მიფიქრია ამ პრობლემაზე, სხვას ექნება ალბათ პასუხი…“, – გვითხრა მან და პაუზის შემდეგ დასძინა: „არა უშავს, მთავარია, მშვიდობა გვქონდეს, მომავლისთვის წაიწევენ წინ ქალები“.

ოჯახს და დროის გადანაწილების პრობლემას ასახელებს კარიერაში შემაფერხებელ მთავარ ფაქტორად ლეილა ცეცხლაძე. ის ბსუ-ს ბიზნესადმინისტრირების დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორია და 2013 წლიდან იკავებს ამ თანამდებობას. ლეილა ცეცხლაძე მიიჩნევს, რომ საქმე უსამართლობასთან გვაქვს:

„მამაკაცებს მეტი დრო აქვთ. ქალებს – ოჯახიო, შვილები, გადანაწილება გვიწევს ყველაფრის, თორემ ჩვენ უფრო ნიჭიერები გამოვდივართ. ამდენ საქმეს ვასწრებთ და კიდევ პროფესორი, ამდენ პრობლემას ვუმკლავდებით ერთდროულად, ეს ხომ ფაქტია?! მამაკაცები კი, კონცენტრირებულნი არიან მხოლოდ ერთ საკითხზე,“ – გვითხრა ლეილა ცეცხლაძემ.

ლეილა ცეცხლაძის დეპარტამენტშიც სრული პროფესორის ორივე თანამდებობას კაცები იკავებენ.

„მაგრამ მე აუცილებლად წინსვლაზე მაქვს პრეტენზია…. ოჯახური ამბები მქონდა, ყველაფერს თავისი პირობა უნდა, საკონკურსო პირობებს უნდა აკმაყოფილებდე, ვაპირებ, რომ შევიტანო განაცხადი ასოცირებული პროფესორის პოზიციაზე,“ – აღნიშნა ლეილა ცეცხლაძემ „ბათუმელებთან“.

„ძირითადად ქალებს დაკარგული აქვთ თვითრწმენა, მათ არ აქვთ არჩევანის თავისუფლება,“ – საკუთარ დაკვირვებას გვიზიარებს თამილა თურმანიძე, ისიც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორია და დისერტაცია 2017 წელს ამ თემაზე დაიცვა: „ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობები და მათი რეალიზაციის ტენდენციები საქართველოში“.

თამილა თურმანიძე გვიყვება, რომ იგი საქართველოს სხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ ქალებსაც ესაუბრა, რამაც დაუტოვა განცდა, რომ გენდერულ სტერეოტიპებთან დაპირისპირება ყველაზე რთულია.

„ძირითადად პროფესორი ქალები ფიქრობენ, რომ დრო არ ეყოფათ, რაც სჭირდება აკადემიურ, კარიერულ წინსვლას… საზოგადოებაში კი გაბატონებულია მოსაზრება ქალის როლზე ოჯახში. იმისთვის, რომ გახდე სრული პროფესორი, საჭიროა კვლევების ჩატარება, სტატიები უნდა გამოაქვეყნო, მონოგრაფიები. ქალს კი ამდენი დრო აღარ აქვს. ოჯახიდან თუ არის ხელშეწყობა, მაშინ ხდება ქალი სრული პროფესორი,“- ამბობს თამილა თურმანიძე.

კვლევის ავტორი ხაზს უსვამს იმასაც, რომ გენდერული სტერეოტიპი „ქალური“ და „კაცური“ სფეროების სახით ევროპის ქვეყნებშიც შეიმჩნევა, თუმცა არა ასეთი სხვაობით და სიმწვავით, როგორც საქართველოშია და პირდაპირ ქალების მიმართ უსამართლო დამოკიდებულებას აჩვენებს. ასისტენტ-პროფესორი ყურადღებას აქცევს კიდევ ერთ გარემოებას:

„ევროპის ქვეყნების მსგავსად, ჩვენთანაც, მაგალითად, განათლება უფრო „ქალურ საქმედ“ არის მიჩნეული, ქართულ სკოლებში აბსოლუტური უმრავლესობა ქალია, თუმცა დირექტორები ხშირად კაცები არიან. აქაც კი შეიმჩნევა გენდერული სტერეოტიპების გავლენა,“ –  ამბობს ის.

„იმ დროს, როცა ქალმა უნდა დაიწყოს მუშაობა სრული პროფესორის პოზიციის დასაკავებლად, ის რჩება ბავშვებთან“, – იმ ფაქტორს, რომ ასისტენტ-პროფესორად გახდომის დროს ქალები ძირითადად 30-35 წლის არიან, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ნათია წიკლაშვილი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი.

მას ვთხოვეთ, გაეხსენებინა, რა სირთულეები შეხვდა თავის გზაზე სრულ პროფესორობამდე.

პირველ რიგში, პროფესორს ახსენდება ნიჭიერი ქალები, რომლებსაც კარიერულ წინსვლაზე უარის თქმა მოუხდათ.

„ძირითადად თვლიან, რომ ქალისთვის ოჯახი, ქმრის და შვილების მოვლა უფრო ღირებულია, ვიდრე თუნდაც აკადემიური საქმიანობა. თვლიან, რომ ქალმა თუ ასისტენტ-პროფესორის პოზიციამდე მიაღწია, ეს უკვე დიდი და საკმარისი მიღწევაა,“ – პრაქტიკას აღწერს ნათია წიკლაშვილი.

„როცა ქალი ხდება ასისტენტ-პროფესორი, ეს ხშირად ის დროა, როცა მისი შვილები პატარები არიან. ამ დროს ქალებს ჩემთვის ბევრჯერ უთქვამთ, რომ აღარ სურთ, დაიღალნენ. მეუბნებიან, რომ ურჩევნიათ შვილებთან გაატარონ დრო. ჩვენ გვყავს ოჯახებიც ქვეყანაში, სადაც ქალი ასისტენტ-პროფესორია, კაცი – სრული პროფესორი. ეს გავლენები იმდენად დიდია, რომ ხშირად ქალი ჩერდება და კაცის კარიერულ წინსვლას უწყობს ხელს.

მე 2002 წელს მქონდა დისერტაციის დაცვა და იმ დროისთვის თბილისში მიწევდა ხშირად ჩასვლა, ბავშვს ყოველთვის ვერ ვტოვებდი და თან დამყავდა, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ძალიან დიდი იყო ოჯახური მხარდაჭერა – ისინი ხედავდნენ ჩემს მოტივაციას და მეუბნებოდნენ, რადგან შენ ასე გინდა, უნდა მიხვიდე ბოლომდეო.

ბევრჯერ მისაუბრია სტუდენტ ქალებთან, როცა ისინი კარიერული წინსვლის გაგრძელებას აღარ აპირებდნენ და შემდეგ ბევრჯერ გამიხარია „ზეწოლამ“ რომ შედეგი გამოიღო,“ – გვიყვება ნათია წიკლაშვილი.

პროფესორის აზრით, სპეციალური პოლიტიკის შემუშავებაა საჭირო, რომ მეცნიერი ქალების წახალისება მოხდეს.

„პირველ რიგში, თავად ქალებმა უნდა გაითავისონ, რომ ბავშვების გაზრდა და ოჯახური პრობლემების მოგვარება მხოლოდ ქალის ტვირთი არ არის და სოლიდარულად უნდა მოგვარდეს ოჯახის პრობლემები. რაც მახარებს, არის ის, რომ უკვე დაოჯახების ასაკმა გადაიწია – 20 წლის ასაკში ნაკლებად ოჯახდებიან უკვე.

პოლიტიკის შემუშავებაა საჭირო, დამატებით დროის მიცემა იგივე კვლევებისთვის, ასევე ფინანსური წახალისება, მაგალითად, მეცნიერი ქალისთვის, რომ მან კარიერული განვითარება შეძლოს,“ – აღნიშნა ნათია წიკლაშვილმა „ბათუმელებთან“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: