სიახლეები

სამხრეთ კორეული ჯგუფი BTS აშშ-ის პრეზიდენტს შეხვდა თეთრ სახლში

01.06.2022
სამხრეთ კორეული ჯგუფი BTS აშშ-ის პრეზიდენტს შეხვდა თეთრ სახლში

სამხრეთ კორეული მუსიკალური ჯგუფი BTS თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა. 

„ბევრი თქვენგანი შესაძლოა იცნობს BTS-ს, როგორც „გრემის“ პრემიაზე ნომინირებულ საერთაშორისო ვარსკვლავებს, მაგრამ ისინი ასევე ასრულებენ მნიშვნელოვან როლს, როგორც ახალგაზრდობის ელჩები, რომლებიც ხელს უწყობენ პატივისცემისა და პოზიტივის გავრცელებას“ – განაცხადა ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა. 

BTS-ის ბრიფინგი თეთრ სახლში. ფოტო: EAP/Oliver Contreras

BTS-ის ბაიდენთან შეხვედრის თემა ანტიაზიური სიძულვილის საკითხები იყო.

„ბიბისის“ ცნობით, აზიელების მიმართ ჩადენილ დანაშაულთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა აშშ-ში, განსაკუთრებით COVID-19 პანდემიის დროს.

„არაფერია ცუდი იმაში, რომ იყო განსხვავებული. შესაძლოა თანასწორობა სწორედ მაშინ იწყება, როცა ვიხსნებით და ვიღებთ ჩვენს განსხვავებულობას,“ – განაცხადა BTS-ის წევრმა სუგამ.

BTS -მა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გაიხსენა ჯორჯიას შტატში გასულ წელს მომხდარი ინციდენტი, როცა მასაჟის სალონში აზიელი ქალების დისკრიმინაციის შემთხვევა დაფიქსირდა. ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს, რომ მათ ავიწროებდნენ გარეგნობის გამო. 

BTS პირველი სამხრეთ კორეული ჯგუფია, რომლის პოპულარობა დიდი ხანია გასცდა აზიის რეგიონს. 7 მონაწილისგან შემდგარ ჯგუფს ფაქტობრივად ყველა ქვეყანაში ჰყავს ფანების არმია. სამხრეთ კორეული ჯგუფი 2018 წელს გაეროს კონგრესზეც იყო მიწვეული, მათ კლიპი კი, რომელიც გაეროს შტაბ-ბინაში გადაიღეს, გაეროს იუთუბ არხზე ყველაზე პოპულარული ვიდეოა, მას 66 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. 

„ჩვენ ჯერ კიდევ გაოცებული ვართ, რომ სამხრეთ კორეელი არტისტების მუსიკა მთელ მსოფლიოში უამრავ ადამიანამდე აღწევს, სცილდება ენისა და კულტურის ბარიერებს. გვჯერა, რომ მუსიკა ყოველთვის არის ყველაფრის საოცარი და შესანიშნავი გამაერთიანებელი“ – განაცხადა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ჯგუფის წევრმა, ჯონგუკმა. 

„ეს მნიშვნელოვანი თვეა ამერიკაში. ჩვენი ბევრი აზიელი ამერიკელი მეგობარი გახდა დისკრიმინაციის სამიზნე. სიძულვილი მხოლოდ მაშინ იმალება და იკლებს, როდესაც კარგი ადამიანები საუბრობენ მასზე და ამბობენ, თუ როგორი ცუდია ის. ამიტომ, მადლობა.

ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც თქვენ ამბობთ. გზავნილი, რომელსაც თქვენ ავრცელებთ, მნიშვნელოვანია“ – უთხრა ჯგუფის წევრებს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

____________

მთავარ ფოტოზე: ჯო ბაიდენი BTS-სთან ერთად. ჟესტი, რომელსაც ისინი აჩვენებენ, სამხრეთ კორეულად გულს, სიყვარულს გამოსახავს. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: