მთავარი,სიახლეები

საკრებულო ისევ ვერ შეიკრიბა – გველის თუ არა კიდევ ერთი არჩევნები ბათუმში

12.04.2022 • 2005
საკრებულო ისევ ვერ შეიკრიბა – გველის თუ არა კიდევ ერთი არჩევნები ბათუმში

დღეს, 12 აპრილს, ბათუმის საკრებულო ისევ ვერ შეიკრიბა.

„ვადამდელ არჩევნებზე საუბარი არ არის,“ – უთხრა დღეს ჟურნალისტებს თენგიზ აფხაზავამ. ის ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეა და საკრებულოს სხდომის ჩასატარებლად ემზადებოდა ბათუმის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში.

ამჯერად სხდომაზე ოპოზიცია არ გამოცხადდა, „ქართული ოცნების“ 16 დეპუტატის დასწრება კი, კვორუმისთვის საკმარისი არ არის.

დღეს სხდომაზე არ მოსულა საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი ირაკლი თავდგირიძე, ასევე, „ოცნების“ ახალარჩეული დეპუტატი, რამაზ ჯინჭარაძე, ვისი უფლებამოსილებაც ჯერ საკრებულომ უნდა ცნოს, თუმცა „ოცნების“ 16 + 1 ხმით [16 ხმა – „ოცნება“, 1 ხმა კი, დიდი ალბათობით, დამოუკიდებელი დეპუტატის, ირაკლი თავდგირიძის იქნება] ვერ მოხერხდება.

ირაკლი თავდგირიძემ გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ თვითმმართველობის არჩევნებიდან მალევე დატოვა და განაცხადა, რომ მისთვის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა მიუღებელია.

ბათუმის საკრებულო 35 წევრისგან შედგება და  სხდომის გამართვისთვის, ასევე დეპუტატის უფლებამოსილების ცნობისთვის, საჭიროა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, ანუ მინიმუმ 18 ხმა. ოპოზიციას 17 ხმა აქვს და მისი გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ვერც სხდომა გაიხსნება და ვერც ჯინჭარაძის უფლებამოსილება იქნება ცნობილი.

ბათუმში საკრებულო 2021 წლის 2 ოქტომბერს აირჩიეს, პირველი სხდომა 3 დეკემბერს დაიწყო, თუმცა ჩაიშალა, კვორუმის არარსებობის გამო.

გასული თვეების განმავლობაში ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია ითხოვდა სხდომის გამართვას, თუმცა სხდომაზე არ ცხადდებოდა „ოცნება“.

ოპოზიციას 12 აპრილის სხდომაზე მოლოდინი ჰქონდა, რომ „ოცნება“ სენაკის საკრებულოს სცენარით იმოქმედებდა, სადაც ოპოზიციამ საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წარმომადგენელი აირჩია. ეს გადაწყვეტილება „ქართულმა ოცნებამ“ სასამართლოში გაასაჩივრა, რადგან პარტიის შეფასებით, ოპოზიციას არ ჰქონდა უფლება, 3 დეკემბრის გახსნილი სხდომით და კვორუმით ესარგებლა თებერვალში.

გასული წლის 3 დეკემბერს დაწყებული სხდომის აპრილში გაგრძელება დააპირა „ქართულმა ოცნებამაც“ ბათუმში, ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ საკრებულოს აპარატს ოფიციალური წერილით მიმართა.

„თუკი სენაკის შემთხვევაში ეს იყო უკანონო, ახლა რატომ გახდა კანონიერი?“ – კითხვას სვამს რეზო ხარაზი, ბათუმის საკრებულოს წევრი ენმ-დან. დღეს ენმ-ს, „ლელოს“ და გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა საკრებულოს შეკრების მცდელობამდე თქვეს, რომ ისინი სხდომაზე დასწრებას არ აპირებდნენ.

„3 დეკემბრის სხდომასთან კავშირზე გაკეთდება კომენტარი, როდესაც შეიკრიბება საკრებულო,“ – უპასუხა თენგიზ აფხაზავამ, ბათუმის საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“ „ბათუმელებს“, რომელსაც ვკითხეთ, რატომ დააპირა შარშან დაწყებული სხდომის გაგრძელება  ახლა „ქართულმა ოცნებამ“.

თენგიზ აფხაზავა „სენაკის სცენარს“ აღარ დაბრუნებია და ჟურნალისტებთან განმარტა, რომ ოპოზიციიდან მინიმუმ ერთი წევრი უნდა მივიდეს სხდომაზე, რომ ის გაიხსნას.

„ეს არის გაგრძელება დესტრუქციული ქმედებების. „ნაციონალური მოძრაობა“ და გახარიას პარტია მოქმედებენ დესტრუქციულად… ხომ ამბობდა ოპოზიცია, ბევრი საკითხია განსახილველიო. გამოჩნდა მათი მიზნები რაც არის. მათ სურთ მხოლოდ არეულობა და ქაოსი,“ – აღნიშნა თენგიზ აფხაზავამ.

თუკი ოპოზიცია სხდომაზე არ მიდის და კვორუმი პრობლემაა, მაშინ რა გამორიცხავს რიგგარეშე არჩევნებს? – „კონსულტაციები გაგრძელდება,“ – ამბობს თენგიზ აფხაზავა.

რა რესურსი არსებობს კონსულტაციის და მიიჩნევს თუ არა „ქართული ოცნება“, რომ შეცდომა დაუშვა, როცა არჩევნების შედეგად საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციამ მოიპოვა და ოპოზიციონერი თავმჯდომარის არჩევას მხარი არ დაუჭირა? – ვკითხეთ ნატალია ზოიძეს, ბათუმის საკრებულოს წევრს „ქართული ოცნებიდან“.

ნატალია ზოიძე მიიჩნევს, რომ 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა უმრავლესობა, როცა მანდატების 60 პროცენტს მაშინდელ საკრებულოში ოპოზიცია ფლობდა.

„ჯამში რომ ვამბობთ, რა, ისინი ერთნი არიან? ეს ხომ ოპოზიციური სპექტრია… უმრავლესობა მაინც „ქართულ ოცნებას“ აქვს მოპოვებული. შუალედური არჩევნების შემდეგ 70-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნებას“, ამიტომ უნდა მოხდეს კონსულტაციები,“ – გვიპასუხა ნატალია ზოიძემ.

საიას იურისტის, პაატა დიასამიძის განმარტებით, თუ ბათუმის საკრებულო 3 ივნისამდე ვერ შეიკრიბება, კანონმდებლობის მიხედვით, საკრებულოს უფლებამოსილება შეუწყდება და რიგგარეშე არჩევნები  გამოცხადდება, რომელიც ოქტომბერში უნდა ჩატარდეს.

______________________________

2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციამ მოიპოვა, თუმცა საკრებულოს შეკრებამდე ენმ-ს წევრი ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა, 24 ნოემბერს ენმ-მ აუდიოფაილი გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ნუგზარ ფუტკარაძეს 100 ათასი დოლარის სანაცვლოდ ირაკლი თავდგირიძის მსგავსად, „ნეიტრალობას“ აიძულებდნენ.

ამ დრომდე შსს-ს არ გამოუძიებია „ნუგზარ ფუტკარაძის საქმე“.

2 აპრილის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე იმ მაჟორიტარულ ოლქში, სადაც არჩევნები ტარდებოდა, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე 400-მდე ადამიანი ბათუმში მცხოვრები გახდა – ასეულობით ადამიანი, რომელიც წლებია „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობდა, წინასაარჩევნოდ კი, მათ ხელისუფლება ბინების გადაცემას დაჰპირდა.

საია-მ მიიჩნია, რომ ხელისუფლებამ კანონი დაარღვია. საია-მ და სხვა უფლებადამცველებმა ასევე თქვეს, რომ ხელისუფლებას მინიმუმ გამოძიება უნდა დაეწყო ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის და იძულების კუთხით, თუმცა გამოძიება შსს-ს ამ შემთხვევაზე არ დაუწყია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: