მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რამდენად ეფექტურია და რა რისკები ახლავს კუჭის დაპატარავების ოპერაციას

02.06.2022 • 6658
რამდენად ეფექტურია და რა რისკები ახლავს კუჭის დაპატარავების ოპერაციას

კუჭის დაპატარავების და სხვა ოპერაციები, რომლებიც ერთობლივად ცნობილია, როგორც ბარიატრიული ქირურგია, გულისხმობს საჭმლის მომნელებელ სისტემაში ცვლილებების შეტანას ჭარბი წონის დასაკლებად.

ბარიატრიულ ქირურგიას მიმართავენ მაშინ, როდესაც დიეტა და ვარჯიში არ მუშაობს ან როდესაც ჭარბი წონის გამო ადამიანს ჯანმრთელობას სერიოზული პრობლემები ექმნება. ამ თემაზე „ბათუმელები“ კლინიკა „ავერსის“ ზოგადი და ბარიატრიული ქირურგიის სამსახურის კოორდინატორს, კახაბერ ხაჭაპურიძეს ესაუბრა.

  • ბატონო კახა, რა არის ბარიატრია და რა დროს ხდება ის საჭირო?

ბარიატრია არის ჭარბი წონის ქირურგია, ის მოიცავს არა მარტო კუჭის დაპატარავების, არამედ სხვადასხვა ტიპის ბარიატრიულ ოპერაციას. 

ბარიატრიული ოპერაციების ჩვენებაა, როდესაც პაციენტს აქვს მორბიდული ანუ ავადმყოფური სიმსუქნე. მორბიდულ სიმსუქნედ მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც სხეულის მასის ინდექსი (სმი) არის 40-ზე მეტი. ასეთი დიდი წონიდან თავისი ძალებით და დიეტებით ძალიან უჭირს ადამიანს ნორმალურ წონაზე დაბრუნება. 

სმი-ს ნორმა არის 19-დან 25-მდე, ჭარბწონიანობა არის 25-დან 30-მდე, პირველი ხარისხის სიმსუქნე: 30-დან 35-მდე, მეორე ხარისხის სიმსუქნე: 35-დან 40-მდე, 40-ზე მეტი კი არის უკვე მორბიდული, ანუ პათოლოგიური სიმსუქნე.

საქმე ის არის, რომ სიმსუქნე ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. 

თუ პაციენტს აქვს თანმხლები დაავადებები, აქვს ჭარბ წონასთან ასოცირებული სხვადასხვა ენდოკრინული თუ მეტაბოლური პრობლემა, ისეთი, როგორიცაა, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი ან/და გულსისხლძარღვთა პრობლემა, ამ შემთხვევაში შესაძლოა ოპერაცია გაკეთდეს მაშინაც, თუ სხეულის მასის ინდექსია 35 და ნაკლები.

  • სიმსუქნის გამო განვითარებული თანმხლები დაავადებები შეიძლება თუ არა აღმოჩნდეს ბარიატრიულ ქირურგიაზე უარის თქმის საფუძველი?

ბარიატრიული ოპერაციები არ უტარდება მეტ-ნაკლებად ჯანმრთელ ადამიანს. მორბიდული სიმსუქნე ყოველთვის ასოცირებულია სხვადასხვა რთულ, თანმხლებ პათოლოგიასთან, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს. სწორედ ამ საფრთხის შესამცირებლად ტარდება ეს ოპერაციები. ანუ პაციენტებს, რომელთაც აქვთ სხვადასხვა პრობლემა და რისკჯგუფის პაციენტები არიან, მორბიდული სიმსუქნის გამო რომ არ დაემართოთ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი გართულებები, ამიტომ კეთდება ოპერაცია.

თუმცა უკუჩვენება მაინც არსებობს და ეს შეიძლება იყოს ზუსტად იგივე, რაც შეიძლება იყოს სხვა ნებისმიერი ტიპის ოპერაციის დროს. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის ისეთი  უკმარისობა, რომ შეუძლებელი იყოს ოპერაციის წარმოება და ამ ტიპის პრობლემები.  

როცა მორბიდულ სიმსუქნეში გადადის პაციენტი, იმ დონის დარღვევა აქვს უკვე, რომ დიეტებით ფონს ვერ გავა. ასეთ დროს პაციენტმა დიეტა რომ დაიცვას, შეიძლება რამდენიმე წელი დასჭირდეს იმ შედეგის მისაღწევად, რასაც ოპერაციით გაცილებით მოკლე დროში მიაღწევს. თან ეს ძალიან ძნელი შესასრულებელია და ასიდან სულ 7-8 ადამიანი ახერხებს დიეტის დაცვას.

  • რას მოიცავს ბარიატრიული ქირურგია პროცედურულად?

ბარიატრიულ ქირურგიაში კეთდება რესტრიქციული და მალაბსორბციული ტიპის ოპერაციები. კუჭის ლაპაროსკოპიული ვერტიკალური (sleeve) რეზექცია, იგივე კუჭის დაპატარავების ოპერაცია, მიეკუთვნება რესტრიქციული ტიპის ოპერაციას, კუჭის შუნტირება – კომბინირებულს (რესტრიქციული და მალაბსორბციული).

რეზექციის დროს ვაპატარავებთ კუჭს. კერძოდ, იჭრება კუჭის 80-85% და კუჭს ეძლევა მილის ფორმა. შედეგად პაციენტი იღებს ცოტა საკვებს, ნაყრდება მალე და ამ პრინციპით მიიღწევა შედეგი. 

ასეთი ოპერაციის შემდეგ პაციენტი 1 წლის განმავლობაში იკლებს ჭარბი წონის საშუალოდ 70%-ს. პირველი დარტყმითი ეფექტი წონის კლების მხრივ არის ოპერაციიდან I-II თვე, შემდეგ ეტაპობრივად უფრო და უფრო ნაკლებს იკლებენ.

კუჭის დაპატარავების ოპერაცია ტარდება ლაპარასკოპიული მეთოდით და მისი ხანგრძლივობა დაახლოებით 40-50 წუთია. ოპერაციიდან მე-3 მე-4 დღეს პაციენტი ეწერება ბინაზე. პირველი ორი კვირა იღებს ნახევრად თხიერ საკვებს,  შემდეგ ორი კვირა რაციონში ემატება ნახევრად მყარი საკვები, ოპერაციიდან მე-4 კვირის შემდეგ პაციენტი გადადის მყარ საკვებზე.

ფიზიკური აქტივობა, დატვირთვა შეზღუდულია ოპერაციის შემდეგ პირველი ორი კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ ადამიანს შეუძლია თავისუფლად დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს. აქტიურად ვარჯიშის დაწყება შესაძლებელია ოპერაციიდან დაახლოებით 1.5 -2 თვეში

ყველა ასეთ პაციენტს ჰყავს ოპერაციამდე ექიმი ენდოკრინოლოგ-მეტაბოლოგი, რომელიც არის პაციენტის მკურნალი ექიმი. ის აკონტროლებს პაციენტის კვებას, აფართოებს მის რაციონს, უნიშნავს საჭიროებისამებრ პრეპარატსა თუ ვიტამინს. 

„მინი გასტრიკ ბაიპასი“, იგივე გასტროშუნტირება – ეს ოქროს სტანდარტია ბარიატრიულ ქირურგიაში. აქაც კეთდება პატარა კუჭი, მაგრამ ამ შემთხვევაში ოპერაცია ტარდება არა კუჭის დიდი ნაწილის ამოჭრით, არამედ ორგანოების ერთმანეთისგან განცალკევებით. ანუ იქმნება კუჭის ახალი  რეზერვუარი და ამავდროულად მოკლდება წვრილი ნაწლავი, ანუ თავსდება მოკლე შუნტი კუჭსა და წვრილ ნაწლავს შორის. თუ წვრილი ნაწლავის სიგრძე არის 5 მეტრი, აქედან 2 მეტრი გაითიშება საჭმლის მომნელებელი სისტემიდან.

შედეგად ადამიანი იღებს ცოტა რაოდენობის საკვებს (რესტრიქცია), რომელიც გაივლის 3 მეტრ ნაწლავს და არა მთლიან წვრილ ნაწლავს, რის  შედეგად მცირდება ორგანიზმის მიერ ზედმეტი კალორიების ათვისება (მალაბსორბცია) და პაციენტი იკლებს წონაში. ეს კომბინირებული ოპერაციაა, ორგანოს დაპატარავებაც მოვახდინეთ და მალაბსორბციაც, ანუ შევზღუდეთ საკვების ათვისება.  

ასეთი ოპერაციის ხანგრძლივობა 2-3 საათია, პაციენტები ოპერაციიდან 4-5 დღის შემდეგ ეწერებიან ბინაზე.

ოპერაციას მაღალი შედეგი აქვს, იკლებენ ჭარბი წონის დაახლოებით 80%-ს, კლება გრძელდება წელიწად-ნახევარი – ორი წლის განმავლობაში.

  • დაკლებული წონის შენარჩუნების მხრივ როგორია ამ ოპერაციების ეფექტურობა?

კუჭის დაპატარავება  ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ოპერაციაა მსოფლიოში, მაგრამ არის ერთი მონაცემი – ადამიანების დაახლოებით 30%, ვინც ამ ოპერაციას იკეთებს, მესამე წლიდან ნელ-ნელა იწყებს წონაში მატებას. ანუ ხდება კუჭის გადაჭიმვა, ნელ-ნელა ზომაში ზრდა და ეს პაციენტები დაკარგული წონის საშუალოდ 20-50%-ს იბრუნებენ უკან. მართალია, ოპერაციის შემდეგ კუჭი ძველ ფორმას ვერ უბრუნდება, მაგრამ საკმარისია კუჭის ზომა 2-3 სანტიმეტრით გაიზარდოს, რომ პაციენტი იწყებს წონაში მატებას.

 ამ ოპერაციით პაციენტს ეძლევა შანსი, რომ დაიკლოს იმაზე მეტი, ვიდრე დაუკლია ოდესმე დიეტით, შეინარჩუნოს წონა ყველაზე ხანგრძლივად ვიდრე აქამდე, მაგრამ ეს ოპერაცია არ გაძლევთ იმის გარანტიას, რომ თქვენ წონაში არ მოიმატებთ. საქმე ის არის, რომ წონის შენარჩუნება პაციენტის პასუხისმგებლობაა. ოპერაციით, როგორც წესი, შედეგს ყველა იღებს, წონაში იკლებენ, მაგრამ პაციენტმა უნდა იზრუნოს წონის შენარჩუნებაზე.

  • რეაბილიტაციის მხრივ რომელი უფრო მარტივია?

წინასწარი გამოკვლევები, ოპერაციის შემდგომი გამოკვლევები, სახლში გაწერის პერიოდი და ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია პირველი ერთი წელი ორივე ოპერაციის დროს ერთნაირია. 

მაგრამ გასტროშუნტირების ოპერაციასთან ერთი მნიშვნელოვანი დეტალია საყურადღებო – თუ პაციენტმა ყურადღება არ მიაქცია რეკომენდაციებს და დაუბრუნდა არასწორი კვების და ცხოვრების რეჟიმს, წინა ოპერაციისგან განსხვავებით, სადაც ეს წონის ხელახალ მატებას იწვევს, აქ შეიძლება განვითარდეს ჯანმრთელობის სხვადასხვა გართულება. 

ეს იმიტომ ხდება, რომ შედარებით მოკლე ნაწლავის გამო ზედმეტი კალორიების ათვისების შეფერხებასთან ერთად ფერხდება საკვებიდან ორგანიზმისთვის საჭირო მინერალების ათვისებაც, რის გამოც პაციენტმა წელიწადში ორჯერ უნდა ჩააბაროს ანალიზები და დანაკლისის მიხედვით მიიღოს შესაბამისი ვიტამინები.

  • შესაძლოა თუ არა ამ ოპერაციების განმეორებით ჩატარება?

ჩვენ ამ ოპერაციებს ვაკეთებთ 2011 წლიდან და ბუნებრივია, ძალიან ბევრი შემთხვევა ვიცით, როცა პაციენტებს დაეწყოთ წონის მატება. ეს არა მარტო საქართველოში, გლობალურად ასეა.

როცა პაციენტი კუჭის დაპატარავების შემდეგ წონაში იმატებს, ეს ნიშნავს, რომ ოპერაცია არაეფექტურია, ამიტომ განმეორებით იგივე აღარ ტარდება, თუმცა ასეთ დროს პაციენტი უნდა გადავიყვანოთ „მინი ბაი პასში“, ანუ კუჭის დაპატარავებას ემატება მეორე კომპონენტი – ნაწლავის დაპატარავება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: