ანასა და დმიტროს 8 წელია ერთმანეთი უყვართ. ჯერ ომის დასრულებას ელოდნენ, რომ დაქორწინებულიყვნენ, ახლა კი ანა დიმას ტყვეობიდან დაბრუნებას ელოდება.
ანა ნაუმენკო დმიტრო დანილოვის საცოლეა, მარიუპოლის პოლკის პირველი ასეულის პირველი ბატალიონის მეთაურის.
დმიტრო, მარიუპოლის სხვა დამცველებთან ერთად, „აზოვსტალიდან“ მაისის შუა რიცხვებში გამოვიდა. მაშინ მებრძოლებმა ბრძანება მიიღეს, წინააღმდეგობა შეეწყვიტათ და საკუთარი სიცოცხლე გადაერჩინათ. ახლა დაახლოებით 1700 უკრაინელი სამხედრო დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფება, მათ შორის, დმიტროც, რომელიც ევაკუაციის შემდეგ ანას აღარ დაუნახავს. ერთხელ მხოლოდ მისი ხმა გაიგონა ვიდეოში.
„აზოვსტალიდან“ გამოსვლის წინა დღეებში დმიტრომ ანას მისწერა – „შენ ჩემი ცოლი ხარ“ – სიტყვები, რომელთა მოსმენაც ანას ძალიან უნდოდა, თუმცა სხვაგვარად და სხვა ადგილას.
არ იცის, როგორაა ან როდის დაბრუნდება, თუმცა სჯერა, რომ დიმა დაბრუნდება და ოცნებას აისრულებენ – იქორწინებენ მთაში, სადაც მათ საქორწინო ლაშქრობას მხოლოდ რამდენიმე უახლოესი მეგობარი დაესწრება.
დასაწყისი
ერთმანეთს კიევში შეხვდნენ, 8 წლის წინ. ანა ხარკოვიდანაა, დმიტრო – სუმიდან.
2014 წლის ზაფხულში, როდესაც მარიუპოლის მოხალისე დამცველთა ბატალიონი დონბასში საბრძოლველად მიდიოდა, ანა კიევში მეგობრის გასაცილებლად ჩავიდა. სწორედ მაშინ გააცნო მეგობარმა დმიტრო.
„თავიდანვე რაღაც მაგია არ ყოფილა“, – ანა იხსენებს, რომ ჯერ დამეგობრდნენ და მიმოწერა დაიწყეს.
2014 წლის სექტემბერში დიმამ ანას მისწერა, რომ რაღაც საქმეზე ხარკოვში მიდიოდა და ბინის მოძებნაში დახმარება სჭირდებოდა. ანამ წლების შემდეგ შეიტყო, რომ დმიტროს ხარკოვში არანაირი საქმე არ ჰქონია, მხოლოდ მოიმიზეზა, რომ ანას სანახავად ჩასულიყო.
მათი ურთიერთობა ძირითადად დისტანციურად გრძელდებოდა – ანა უმეტესად ხარკოვში იყო, დმიტროს სამხედრო დანაყოფი კი – მარიუპოლთან.
„მეგობრებს ყოველთვის უკვირდათ, როგორ ვახერხებდით ამას“, – იცინის ანა. – „მაგრამ მივეჩვიეთ, უკვე ჩვეულებრივი რამ იყო ეს. ამ 8 წლის განმავლობაში, ალბათ, სულ 3 კვირა ვიყავით ერთად. არც კი ვიცოდით, როგორი იყო სულ ერთად ყოფნა“.
ამიტომაც ანა ცოტა შეშფოთდა, როდესაც 2018-ში, ვენაში ყოფნისას, დმიტრომ ცოლობა სთხოვა. „კი და არა, მოდი ჯერ ვცადოთ ერთად ცხოვრება“, – უპასუხა ანამ.
ამ დროიდან ელოდნენ, როდის დასრულდებოდა დმიტროს სამხედრო სამსახური დონბასში. თუმცა ომი არათუ დამთავრდა, უფრო სასტიკი და ფართომასშტაბიანი ფორმით განახლდა, დმიტრო კი ამ ომის ყველაზე ცხელ წერტილში, მარიუპოლში, მოხვდა.
მარიუპოლი – ხარკოვი
23 თებერვლის საღამოს ანა მარიუპოლში მანქანის წამოსაყვანად ჩავიდა. კაფეში ისხდნენ, ყავას სვამდნენ და თანხმდებოდნენ – „რა მნიშვნელობა აქვს, გვიცხოვრია თუ არა ერთად – როგორც კი ომი დასრულდება, ეგრევე მთაში მივდივართ“.
დილის 4 საათზე ყველაფერი ცხადი გახდა. დმიტრომ ანა პირველივე საგუშაგომდე მიაცილა და ბაზაზე დაბრუნდა.
„თავსხმა წვიმა იყო. მოვდიოდი მარიუპოლიდან და ვფიქრობდი, მიკვირდა, რომ ხალხი არ გარბოდა ქალაქიდან. ალბათ, ეგონათ, ახლაც ისე იქნებოდა, როგორც 2014-ში, მალე დამთავრდებოდა. ცუდია, რომ არ გამოვიდნენ მარიუპოლიდან თავიდანვე, ჩვენი სამხედროებისთვის ბრძოლა უფრო იოლი იქნებოდა, მაგრამ აღმოსავლეთში რაღაცნაირად მიეჩვივნენ ომს“, – ანა იხსენებს, რომ მაშინ მათმა ბევრმა ნაცნობმაც უარი თქვა მარიუპოლის დატოვებაზე.
როდესაც ხარკოვში ჩავიდა, ქალაქის გასასვლელი უკვე მანქანებით იყო სავსე. დიმამ პირობა ჩამოართვა, რომ როგორც კი ხარკოვში დაბრუნდებოდა, ეგრევე დატოვებდა ქალაქს – „მე ვერ ვიბრძოლებ, ვერაფერს გავაკეთებ, თუკი არ მეცოდინება, რომ შენ სამშვიდობოს ხარ. ქალაქი საზღვარზეა, მოკიდე მშობლებს ხელი, ძაღლებიც წაიყვანე და წადით იქიდან.“
ანამ, მშობლებთან ერთად, მალევე დატოვა ხარკოვი და მეგობართან კრემენჩუკში გადავიდა.
„აზოვსტალის“ „გამაყუჩებელი“
ომის პირველ დღეებში მარიუპოლთან დაკავშირებას ახერხებდა, თუმცა შემდეგ კავშირი უკვე იკარგებოდა. ანძებს ბომბავდნენ. ხან 5 დღე ისე გადიოდა, ანა დმიტროსგან შეტყობინებას ვერ იღებდა. მარტის დასაწყისში დაურეკა დმიტრომ, ძალიან ცუდად ისმოდა ხმა. ანა იხსენებს, როგორ შეეშინდა, რომ მასთან დასარეკად დიმა თავს საფრთხეში იგდებდა და სთხოვა, აღარ დაერეკა, მხოლოდ მიეწერა.
შემდეგ ვერტმფრენით „სტარლინკი“ მიაწოდეს და კავშირიც აღდგა, თუმცა იყო დღეები, როცა დმიტრო იკარგებოდა და ანას ძალიან ეშინოდა.
საღამოობით შეტყობინებაში შეიძლებოდა ყვავილის ფოტო მისვლოდა – დმიტრო ყვავილებს მაშინ იღებდა, როდესაც მოქალაქეების ევაკუაციისთვის ქარხნის ტერიტორიაზე გადიოდა.
„რამე წვრილმანი ამბები მომწერე“ – სთხოვდა დიმა. – „როგორ ჩაიარა შენმა დღემ, როგორ არიან ძაღლები, ჩვენი კატა როგორაა?“.
„არ ვიცოდი, მართლა აინტერესებდა ეს ყველაფერი თუ არა. მერე ვიფიქრე, რატომაც არა-მეთქი და ვწერდი ამ ყოფით ამბებს“.
ამ 90 დღის განმავლობაში 25 მარტი ყველაზე რთული აღმოჩნდა. მარიუპოლში დაიღუპა ანასა და დმიტროს საერთო მეგობარი მაქსიმ კაგალი, უკრაინის მსოფლიო ჩემპიონი კიკბოგსინგში.
„დიმამ მაშინ მომწერა – „სრული სიცარიელეა“. ბევრი ნაცნობი დაიღუპა იქ… განადგურებული ხარ, მაგრამ ალბათ, არ აძლევ თავს უფლებას, ყველა სიკვდილი ასე ახლოს მიიტანო, რადგან ეს ძალიან რთულია, სრულიად განგრევს,“ – ამბობს ანა.
იხსენებს, როგორ უყვებოდა დიმა პატარა გოგოზე, ალისაზე, რომელიც თავშესაფარში დარბოდა და სამხედროებს ეკითხებოდა – „კარტოფილი როდის იქნება მზად?“ „როდის დავხატავთ?“ და ისინიც პასუხობდნენ – „ცოტა ხანში“, „მალე“. უყვებოდა, როგორ მივარდებოდა ხოლმე ალისა რომელიმე სამხედროსთან, თითს მხარზე მიაჭერდა და შესძახებდა – „გამაყუჩებელი!“
ანამ დიმასგან იცოდა, რომ ქარხნის თავშესაფარში მოწყობილ ჰოსპიტალში დაჭრილი სამხედროებისთვის ტკივილგამაყუჩებელი აღარ ჰქონდათ.
„და ამ დროს დარბოდა ალისა თავისი გამოგონილი წამლით. დიმა ძალიან ნერვიულობდა მასზე და სხვა ბავშვებზე, განსაკუთრებით, როდესაც ბომბებმა თავშესაფრებში ჩააღწია. მეუბნებოდა, რომ ვერაფრით იღებდა იმ რეალობას, რომელშიც 3-4 წლის ბავშვებს ამის გაძლება უწევდათ.“
ალისას ისტორიის მოყოლიდან მეორე დღეს ალისა სხვა მოქალაქეებთან ერთად „აზოვსტალიდან“ გაიყვანეს. დიმამ ანას მისი ფოტო გაუგზავნა. ანამაც გაუგზავნა სანაცვლოდ ფოტო, რომელიც მედიაში ნახა.
ალისა გადარჩა, თუმცა რუსმა სამხედროებმა ფილტრაციის დროს დედამისი არ გაატარეს, რადგან ექიმი იყო და სამხედროებს ეხმარებოდა. ალისა ზაპოროჟიეში მარტო ჩავიდა.
„აზოვსტალიდან“ გამოსვლა
„ყველაფერი კარგადაა, ვდგავართ. ცოტაც უნდა გავუძლოთ, შევხვდებით“, – ძირითადად ასეთ შეტყობინებებს იღებდა ანა დმიტროსგან.
„და უცებ, აპრილში პირველად მითხრა, რომ ვითარება ძალიან გართულდა. ყველაფერი უთავდებოდათ და ბოლო კი არ ჩანდა. ისიც არ იცოდნენ, კიდევ როდემდე უნდა გაეძლოთ“, – იხსენებს ანა.
„აზოვსტალის“ დამცველთა ოჯახის წევრებმა აქციების მოწყობა დაიწყეს. ცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის მიეწვდინათ ხმა, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიეპყროთ და ევაკუაციისთვის მიეღწიათ.
ანა სხვა მებრძოლების ნათესავებს დაუახლოვდა, მაშინ პირველად წავიდა მათ აქციაზეც და ასე მოხვდა იტალიაშიც, სადაც უკრაინელი მებრძოლების ცოლები რომის პაპთან შესახვედრად ჩავიდნენ.
შეხვედრა 11 მაისს შედგა. ანა ამ შეხვედრაზე არ ყოფილა, თუმცა მისი დეტალები სხვა მებრძოლების ცოლებისგან მოისმინა.
„ვიცოდით, რომ ვატიკანმა მანამდე სამჯერ შესთავაზა რუსეთს „აზოსვტალიდან“ მებრძოლებისა და მოქალაქეების გამოყვანა, თუმცა სამივეჯერ უარი მიიღო პუტინისგან. ამიტომ ამ შეხვედრიდან რაიმე განსაკუთრებულ ძვრას არ ველოდით, უფრო საინფორმაციო მნიშვნელობა ჰქონდა“, – ამბობს ანა.
რომის პაპთან შეხვედრა ფართოდ გაშუქდა. ანა და სხვა ქალები უამრავ ჟურნალისტს შეხვდნენ – უყვებოდნენ თავიანთ ქმრებზე, საქმროებზე, ძმებზე, მეგობრებზე, საყვარელ ადამიანებზე და უყვებოდნენ იმასაც, რომ ტყვეობა „აზოვსტალის“ დამცველებისთვის გამოსავალი ვერ იქნებოდა.
„პარიზში ვართ, კორეელ ჟურნალისტებს ვხვდებით და უცებ ვხედავთ ცნობას ტელეგრამში, მეთაურ „რედისის“ მიმართვას, რომ გარნიზონმა თავისი ამოცანა შეასრულა“, – ჰყვება ანა. – „რამდენჯერმე ვუყურეთ ამ ვიდეოს“.
შემდეგ კიდევ უამრავი ვიდეო გავრცელდა – როგორ ტოვებდნენ „აზოვსტალს“ უკრაინელი სამხედროები, როგორ პასუხობდნენ რუსების შეკითხვებს. ანას ამ ვიდეოების ნახვის ძალიან ეშინოდა, ეშინოდა, რომ შეიძლებოდა დმიტრო დაენახა, დაენახა რამე ისეთი, რისი დანახვაც არ უნდოდა. ცდილობდა, საკუთარ გონებაში წარმოედგინა მისთვის მისაღები სურათი – როგორ გამოდიოდა დიმა „აზოვსტალიდან“, როგორ იყურებოდა გარშემო.
მეგობარმა ახალი ვიდეო გაუგზავნა, დიმა არც იქ ჩანდა, თუმცა მისი ხმა ისმოდა. „ვიღაცას აჩქარებდა, „მიდი, ჩქარა!“ და მე ვფიქრობდი, ღმერთო, სადღა ეჩქარებათ?!“.
„ჟენევის კონვენციის მიხედვით, რუსებს 3 თვეზე მეტხანს მათი დაკავება არ შეუძლიათ, თუმცა ისინი ხომ კანონებს არ იცავენ, არც ამ კონვენციას იცავენ. ერთი მხრივ, ვერასდროს ვენდობით რუსეთსა და მის ქმედებებს, რადგან გვესმის, რომ ის ჩვენი მტერია, მაგრამ იმედი მაინც გვაქვს. იმხელა საერთაშორისო ყურადღებაა „აზოვსტალის“ დამცველთა მიმართ, იქნებ რუსებს მოუნდეთ იმის ჩვენება, რომ არც ისე ცუდები არიან“.
„მარიუპოლისგან ჩონჩხი დარჩა“, – ამბობს ანა და სჯერა, რომ რუსები ვერ შეძლებენ ქალაქის შენარჩუნებას. – „განადგურებული მარიუპოლი რუსებს არაფერში სჭირდებათ. როდესაც ჩვენი მებრძოლები ხერსონს აიღებენ, ისინი მარიუპოლიდან თავისით გაიქცევიან“.
და ანას სჯერა, რომ დმიტრო დაბრუნდება.
როდესაც დიმა დაბრუნდება
„მთავარია, ომი დამთავრდეს. ჯერ ალბათ 4 დღე ოთახში ჩავიკეტებით, ვისხდებით ჩუმად და ვიტირებთ. მე ნამდვილად ვიტირებ და ალბათ, ცოტას ისიც იტირებს.
მერე მე დავარწმუნებ, რომ რეაბილიტაცია გაიაროს, თორემ მერე უფრო რთული იქნება.
პირველი წელი – სრული რეაბილიტაცია, რომ დიმა სრულად დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას და აქ საკუთარი თავი იპოვოს. ერთი წლის გეგმა უკვე მაქვს. შეიძლება, დიმა ფიქრობს, რომ მას ორი თვეც ეყოფა, მაგრამ მან ჩემი გეგმები ჯერ არ იცის.
და ძალიან მინდა ლაშქრობაში წასვლა. მარშრუტიც ვიცი – ჯერ მთაში, სადაც ხელს მოვაწერთ და შემდეგ მოგზაურობაში წავალთ. ტრადიციული ქორწილები არ მიყვარს, მთაში მინდა, სადაც მეგობრების გარდა არავინ იქნება.
ვიდრე ჩვენები „აზოვსტალში“ იყვნენ, მამაჩემმა ერთი ოცჯერ მაინც გამომიგზავნა სტატია, რომ ახლა დისტანციურადაც შეიძლება სამხედროზე დაქორწინება. ყველა ჯერზე ვპასუხობდი, რომ დიმამაც იცის ეს, მაგრამ არ უნდა, ჩვენი ქორწილის დღე ასეთი იყოს.
არც მე მინდოდა ასეთი საშინელი მოგონება. ამიტომაც მჯერა, რომ ყველაფერი დალაგდება და ჩვენ მთაში ვიქორწინებთ – თუნდაც ზამთარი იყოს.
კარპატები ზამთარშიც ულამაზესია“.
წყარო: 24tv.ua