საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით პროფესიული განვითარების საბჭოს წევრებმა ექიმთა პროფესიულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, 7 საქმე განიხილეს.
საბჭოს გადაწყვეტილებით, ერთ-ერთ ექიმს ერთ სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა, ხოლო მეორე სპეციალობაში მოქმედების ვადა 6 თვით შეუჩერდა.
საბჭოს გადაწყვეტილებით, პროფესიული გადაცდომა დაუდგინდა კიდევ ერთ ექიმს, რომელსაც სერტიფიკატის მოქმედების ვადა ერთი თვით შეუჩერდა. 18 მედიკოსს კი წერილობითი გაფრთხილება მიეცა.
პროფესიული განვითარების საბჭოს ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ფარგლებში, ექიმთა პროფესიული საქმიანობის შესწავლა ევალება.
საბჭოს წევრები განიხილავენ პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და პაციენტთან არაკეთილსინდისიერ, არაეთიკურ, შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს.
გამოვლენილი დარღვევების გათვალისწინებით, საბჭო უფლებამოსილია, სამედიცინო პერსონალს შეუწყვიტოს საქმიანობის უფლება, ან შეუჩეროს ოპტიმალური ვადით, დაავალოს პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა და გასცეს წერილობითი გაფრთხილება.
დონბასში რუსეთის ავიაციის მიერ უმართავი რაკეტების ფართოდ გამოყენებამ გამანადგურებელი ზიანი და სერიოზული მსხვერპლი გამოიწვია – მიიჩნევს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა, რომელიც ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში რუსული ავიაციის მოქმედებას მიმოიხილავს.
უწყების ცნობით, ომის დასაწყისში, რუსეთმა ვერ შეძლო, მნიშვნელოვანი ზიანი მიეყენებინა ან სრულად გაენადგურებინა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რამაც მკვეთრად შეზღუდა მისი შესაძლებლობა თავის სახმელეთო ოპერაციებს ჰაერიდან დახმარებოდა და წარმატებული შეტევა განეხორციელებინა კიევზე. ამიტომაც, რუსეთის ავიაცია უმეტესწილად ცდილობდა, ფრთოსანი რაკეტების გამოყენებინით შეეფერხებინა უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაადგილება და საბრძოლო მასალების გადატანა.
დაზვერვა აღნიშნავს, რომ ამ დარტყმებს ომის მიმდინარეობაზე სერიოზული გავლენა არ მოუხდენია.
„დონბასზე კონცენტრირებით, რუსეთმა შეძლო, გაეზარდა ტაქტიკური ავიაციის გამოყენება თავისი სახმელეთო შეტევის დასახმარებლად და ერთდროულად ეწარმოებინა საჰაერო და საარტილერიო შეტევები. სწორედ ავიაციისა და არტილერიის კომბინირებული გამოყენება იქცა რეგიონში რუსეთის წარმატების გადამწყვეტ ფაქტორად“ – მიუთითებს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.
უწყება წერს, რომ რუსეთის ავიაცია რეგიონში კვლავაც აქტიურად განაგრძობს შეტევებს, სამხედრო თვითმფრინავები იყენებენ როგორც მართვად, ისე უმართავ საბრძოლო საშუალებებს.
„უმართავი საბრძოლო საშუალებების ფართოდ გამოყენებამ გამოიწვია დასახლებული პუნქტების ფართომასშტაბიანი ნგრევა და დიდი ალბათობით, გაზარდა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.“
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე სადაზვერვო ცნობებს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ განახლებაში უწყება ომის 100 დღეს აფასებდა და აღნიშნავდა, რომ რუსეთმა, ამ ხნის განმავლობაში, ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია.
ბათუმის ბულვარის გენგეგმაში ჩაწერეს, რომ შეუსაბამო ნაგებობაა „ამბასადორის“ პროექტი, 19-სართულიანი სასტუმრო კომპლექსი. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალში გადაწყვეტილების მიმღებმა ამ შენობასთან მიმართებაშიც იგივე მიდგომა უნდა გამოიყენოს, როგორიც ბულვარისთვის შეუსაბამოდ მიჩნეული სხვა ნებისმიერი ნაგებობის მიმართ.
დოკუმენტში მსგავსი ჩანაწერის გაჩენას ეწინააღმდეგებოდნენ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლთა დაცვის საბჭოს წევრები – აკაკი ძნელაძე [აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე] და ვიქტორია ბერიძე [სააგენტოს დაგეგმარებისა და ნებართვების განყოფილების უფროსი]. ამის შესახებ გენგეგმის ინსპექტირების ჯგუფის ერთ-ერთი სხდომის ოქმში წერია.
მათი რეკომენდაცია იყო, რომ ასეთი ჩანაწერი გენგეგმაში არ გაეკეთებინათ იქამდე, ვიდრე „ამბასადორთან“ დაკავშირებული დავა სასამართლოში არ დასრულდებოდა. გენგეგმაზე მომუშავე კომპანიამ, „ბაუ დიზაინმა“ ეს არ გაითვალისწინა.
სასამართლოში პროექტის წინააღმდეგ საჩივარი ორგანიზაცია „ბათომმა“ შეიტანა.
გენგეგმის ინსპექტირების ჯგუფი ბულვარის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად სხვა სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებსაც აერთიანებს. ჯგუფში შედიან, როგორც ბათუმის მერიის, ასევე ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თანამშრომლები. ჯგუფში არიან ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
დოკუმენტის შემსყიდველი კი ბულვარის ადმინისტრაციაა.
დოკუმენტში ვკითხულობთ ასევე, რომ „ბათომის“ წარმომადგენელი ითხოვდა შეუსაბამო ნაგებობად ჩაეწერათ „ამბასადორის“ კაფე „ორანჟერეას“ შენობაც.
ამ მოთხოვნასთან დაკავშირებული არგუმენტები „ბათომის“ წარმომადგენელმა, გია რამიშვილმა პუნქტებად ჩამოაყალიბა:
უკანონოდ არის გასხვისებული და დაკავებული საჯარო სივრცე.
გარდა კანონმდებლობისა, არ არსებობდა ისტორიული და კულტურული საფუძველი ნებართვის გაცემის.
იქ არასოდეს მდგარა მსგავსი მასშტაბის, ფუნქციისა და არქიტექტურის ნაგებობა.
21-ე საუკუნეში 19-ე საუკუნის მსგავსი ნაგებობის აშენება არის სრული ანაქრონიზმი და არქიტექტურის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევა.
აღნიშნული რესტორანი ისევე შეუსაბამოა ბულვარისთვის, როგორც სასტუმრო „ამბასადორი“, სხვაობა არის მხოლოდ მასშტაბში.
შეუსაბამო შენობების გამოვლენის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით კომპანიამ განმარტა, რომ ძველი ბულვარის იმ ნაწილში, რომელიც ესაზღვრება პრომენადს, შეუსაბამოდ ჩაითვალა კვების ყველა ობიექტი, რადგან მათი ძირითადი ნაწილი განთავსებულია მწვანე ნარგავებს შორის.
იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ სანაპირო ზოლში გაჩნდა დროებითი შენობები კაფეს ფუნქციით, აღარ არსებობს
საჭიროება პრომენადის მიმდებარედ გამწვანებულ სივრცეში იყოს კაფეები. რაც შეეხება ბულვარის შუა ნაწილს, აქ ყოველთვის არსებობდა რაღაც ობიექტები, შესაბამისად, ცენტრალურ ნაწილში შეუსაბამო ობიექტების არსებობის შემთხვევაში იგეგმება მათი
რეკონსტრუქცია ან ფასადის ცვლილება და არა სრული დემონტაჟი.
„ამბასადორის“ კაფესთან დაკავშირებით კომპანია აზუსტებს:
„ხსენებული ობიექტი განთავსებულია ბულვარის შუა ზოლში, მისი არქიტექტურა არ მოდის დისონანსში საპარკო არქიტექტურასთან, რის გამოც განაშენიანების გეგმა არ ითვალისწინებს მის დემონტაჟს ან რეკონსტრუქციას.“
მონიშნულია შენობები, რომლებიც ბულვარისთვის შეუსაბამოდ მიიჩნიეს
ინსპექტირების ჯგუფის წევრია ზაურ ახვლედიანიც, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი [ყოფილი დირექტორი და განათლების მინისტრის მოქმედი მოადგილე]. ბულვარში 19-სართულიანი შენობის მშენებლობის ნებართვას სწორედ მან მოაწერა ხელი. მას საკუთარი პოზიცია „ამბასადორის“ სამშენებლო პროექტის შეუსაბამო ნაგებობად ჩაწერასთან დაკავშირებით გენგეგმის სამუშაო ვარიანტშიც აქვს დაფიქსირებული. როგორც თავად წერს, არ მოსწონს აპელირება „ამბასადორის“ კანონთან შეუსაბამობაზე და მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ.
ამ საქმის განხილვა სასამართლოს ჯერ არ დაუწყია.
დოკუმენტში შეუსაბამო შენობების ჩამონათვალშია ბულვარის შესასვლელში არსებული ქორწინების სახლის შენობა, ასევე ყველა ის შენობა, რომელიც არ არის მსუბუქი კონსტრუქცია და პრომენადს ესაზღვრება.
„აქ კაფეების, რესტორნებისა და ბარების ნაგებობათა ჯგუფები გარკვეული ინტერვალით განაწილებულია არა მხოლოდ პრომენადის გაყოლებით, არამედ პარკის მთელ ტერიტორიაზე, მწვანე ნარგავების გარემოცვაში. ამ ნაგებობათა არქიტექტურის გარეგნული მხარე უმეტეს შემთხვევაში არ აკმაყოფილებს საჭირო სტანდარტს. მათი მასშტაბი ხშირად შეუსაბამოა გარემოსთვის და სასურველია უფრო მოკრძალებული იყოს.
საზოგადოებრივი კვების ობიექტების ფუნქციური დატვირთვაც დასაკორექტირებელია, რადგან ბულვარი არ შეიძლება იქცეს რესტორნისთვის სპეციფიკურ ხანგრძლივი პურობის ადგილად და ამის საჭიროების შემთხვევაში მსურველებმა ქალაქში უნდა გადაინაცვლონ. დარეგულირებას საჭიროებს ასევე მსგავსი ობიექტების რაოდენობა, რადგან, ხშირ შემთხვევაში, გვერდიგვერდ განთავსებული გასართობი ადგილების ფუნქციონირება, დისკომფორტს უქმნის არა მხოლოდ მათ ვიზიტორებს, ასევე ბულვარში დასასვენებლად მოსულ დანარჩენ საზოგადოებას“, – ნათქვამია გენგეგმის ტექსტურ ნაწილში.
ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მერიასთან დადებული უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე მართავს. ბულვარი, როგორც ქონება მერიას ეკუთვნის, ამიტომაც გენგეგმის საბოლოო ვარიანტი საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.
ბულვარში არსებულ შეუსაბამო მშენებლობებზე, განსაკუთრებით კი „ამბასადორის“ 18 სართულიან სასტუმრო კომპლექსზე მერის, არჩილ ჩიქოვანის პოზიციის შესახებ არ ვიცით. მას ამაზე ბევრჯერ ვკითხეთ, თუმცა როგორც ბევრ სხვა საკითხზე გვიპასუხა, რომ მისი აზრით ყველაფერი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა გადაწყდეს.
თურქული მხარის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 1 ივნისიდან თურქეთის რესპუბლიკაში საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით შემომსვლელთათვის მოიხსნა Covid-19 ვაქცინაციის სერტიფიკატის და/ან PCR ტესტის ნეგატიური პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება.
ინფორმაციას ამის შესახებ ფეისბუქზე ავრცელებს საქართველოს საელჩო თურქეთში.
აქამდე თურქეთის რესპუბლიკაში შემსვლელთათვის კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციებიმოქმედებდა, თუმცა ბოლო თვეებში მოქალაქეები, რომლებიც კვეთდნენ საქართველო-თურქეთის საზღვარს, აცხადებდნენ, რომ მათ თურქეთში შესვლისას აღარ სთხოვდნენ ვაქცინაციის ან PCR ტესტის დამადასტურებელ დოკუმენტს და რეგულაციები ფორმალური იყო.
ვიქტორ ლევჩენკომ, ლუგანსკის ოლქის საპატრულო პოლიციის უფროსმა, ბოლო სამ თვეში იმაზე მეტი ნახა და გადაიტანა, ვიდრე თავისი 33-წლიანი ცხოვრების განმავლობაში.
24 თებერვლამდე ლუგანსკის სამ ქალაქში – ლისიჩანსკში, სევეროდონეცკსა და რუბეჟნოეში დაახლოებით 280-300 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. როცა ომი დაიწყო, იქაურობა ბევრმა თავისით დატოვა. პოლიციის საგანგებო ჯგუფმა, რომელსაც ლევჩენკო მეთაურობდა, საომარი მოქმედებების ზონიდან 42 ათასი ადამიანი გამოიყვანა.
თავგანწირვისთვის ვიქტორ ლევჩენკომ სამშობლოს დამცველის მედალი და ბოგდან ხმელნიცკის მესამე ხარისხის ორდენი მიიღო.
რამდენიმე დღის წინ საევაკუაციო ჯავშანმანქანას, რომელშიც საპატრულოს უფროსი ფრანგული ტელევიზიის გადამღებ ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა, რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს. აფეთქების შედეგად დაიღუპა ფრანგი ჟურნალისტი ფრედერიკ ლეკლერ იმჰოფი, ვიქტორი და კიდევ რამდენიმე პოლიციელი კი საავადმყოფოში მოხვდნენ.
ვიქტორ ლევჩენკო Новое Время-ს საკუთარი თვალით ნანახსა და განცდილს უყვება. მის მონათხრობს რედაქცია მონოლოგის ფორმით აქვეყნებს.
ომის დასაწყისი
თუ მთელი უკრაინისთვის ომი 2022 წელს დაიწყო, ლუგანსკსა და დონეცკში ომი 2014 წლიდან გრძელდება. დაქირავებული რუსი მებრძოლები განუწყვეტლივ ისროდნენ. ყოველდღიურად იღუპებოდნენ და იჭრებოდნენ ჩვენი სამხედროები. აქ დიდი ხანია ომია.
ფართომასშტაბიან აგრესიამდე ერთი კვირით ადრე ინტენსიური დარტყმები დაიწყო ქალაქ სჩასტიეზე, დასახლებულ პუნქტებზე. ევაკუაციას ვგეგმავდით, თუმცა ვერ მოვასწარით.
ყველა ჩვენი დანაყოფი მაქსიმალურ მზადყოფნაში იყო. 23 თებერვალს ჩემს მოადგილესთან ერთად ღამის მორიგეობა დავიწყეთ. ჩემს კაბინეტში ვისხედით. ლისიჩანსკში.
სადღაც დილის 4 საათი იყო, ვიდრე მოადგილე თვლემდა, YouTube-ზე შევედი. ონლაინტრანსლაცია ვნახე. მოვისმინე პუტინის რიტორიკა ნაცისტებზე და კიდევ უამრავი ბოდვა. ეგრევე გავაღვიძე ჩემი მოადგილე, მეთაურებიც წამოვყარე, მეთქი -„ეს ომია“.
პუტინს ლაპარაკი არ ჰქონდა დასრულებული, რომ განგაში გამოვაცხადეთ და მთელი პირადი შემადგენლობა შევკრიბეთ. 5 საათისთვის, როცა ის გამოსვლას მორჩა, უკვე ძლიერი აფეთქებების ხმა გაისმა, რაკეტები დაფრინავდნენ. ყველაფერი ფეთქდებოდა. შორიდანაც გვესმოდა ხმები და აფეთქებები ჩვენს ქალაქშიც იყო. მტრის ავიაციამ მუშაობა დაიწყო.
ლუგანსკის ოლქში ბრძოლები დაიწყო. ჩვენი ჯარები დრო და დრო უკან იხევდნენ, რადგან მტერი ძალიან ძლიერად უშენდა ცეცხლს და ალყაში აქცევდა მათ. ჩვენები გადადიოდნენ უფრო მოხერხებულ პოზიციებზე, საიდანაც უკეთ შეძლებდნენ შეტევის მოგერიებას. რუსები ბევრად მეტნი იყვნენ.
ევაკუაცია
საპატრულო პოლიცია სრულიად უსარგებლო გახდა, ვიღას აღელვებდა საგზაო წესებისა და მოძრაობის დაცვა. დავიწყეთ იმაზე ფიქრი, რა სჭირდებოდათ აქაურებს ყველაზე მეტად. ჩვენ ხომ მათ მივეცით ფიცი – უკრაინელ ხალხს.
უკვე მესამე დღეს აღარც მაღაზიები მუშაობდა. ქალაქი მუდმივად შეტევის ქვეშ იყო. დაიწყო წყლის, წამლების, სურსათის პრობლემები. შევქმენით ჰუმანიტარული შტაბი, სადაც მოჰქონდათ პროდუქტები, ჰიგიენის ნივთები.
ამ დროს ჯერ კიდევ იყო რეგიონში კავშირი. ხალხი რეკავდა, ვიგებდით ვის სად რა სჭირდებოდა და პატრულებს მანქანებით მიჰქონდათ ჰუმანიტარული დახმარება.
მერე ხალხმა ქალაქის დატოვება დაიწყო. ვინც ახერხებდა საკუთარი ტრანსპორტით გასვლას – თავისით მიდიოდა. მაინც ძალიან ბევრი იყო ისეთი, ვისაც ამის საშუალება არ ჰქონდა. ასეთები ჩვენ მიგვყავდა რკინიგზამდე და იქიდან მიდიოდნენ დასავლეთ უკრაინაში.
შემდეგ რუსებმა მთლიანად გაანადგურეს რკინიგზა ლისიჩანსკსა და რუბეჟნოეში. ომის მეორე თვეს, შეიძლება ცოტა ადრეც, სარკინიგზო მიმოსვლა საერთოდ შეუძლებელი გახდა. მაშინ დავიწყეთ ევაკუაცია დნეპროპეტროვსკამდე, იქიდან მუშაობდა რკინიგზა.
ვიქტორ ლევჩენკო/ფოტო: ვიქტორ ლევჩენკოს ფეისბუქგვერდიდან
ევაკუაციის მარშრუტები მუდმივად იცვლებოდა, იცვლებოდა ტრანსპორტიც, რადგან იოლად ზიანდებოდა სროლების გამო. სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციას ავტობუსები და მიკროავტობუსები სხვა ოლქებიდან მოჰყავდა. არც მძღოლები გვყოფნიდა. ეს ხომ საბრძოლო მოქმედებების ზონა იყო, ამიტომ ბევრი მძღოლი წავიდა აქედან. საპატრულოს თანამშრომლები დასხდნენ საჭესთან. ზოგს ამ კატეგორიის მართვის მოწმობა არ ჰქონდა, ზოგს არასდროს ემართა ავტობუსი, მაგრამ გზადაგზა ვსწავლობდით. ავტობუსებსაც ჩვენვე ვარემონტებდით, როგორც ვახერხებდით. ასე დავდიოდით ლუგანსკის ყველაზე ჯოჯოხეთურ ადგილებში.
პირველ თვეს დღეში 3-5 ათასი ადამიანი მაინც გამოგვყავდა. მერე ნელ-ნელა იკლო ხალხმა, ასე 200-300 კაცი იყო უკვე დღეში. დავდიოდით ლუგანსკის ჯერ კიდევ თავისუფალ ადგილებში, რომლებიც რაშისტებს არ დაეპყროთ – პოპასნაია, გორნაია ობშინა, ტოშკოვკა, ორეხოვო, ნოვოდრუჟესკი, პრივოლიე, რუბეჟნოე (მაშინ იქ ბრძოლები მიდიოდა), სევეროდონეცკი.
როდესაც ხალხის ნაკადი შეწყდა, დავიწყეთ კონკრეტული ინფორმაციის მიღება კონკრეტულ ადგილებზე, სადაც ადამიანები იყვნენ და გამოსვლას ვერ ახერხებდნენ. ეს უკვე სპეციალური ოპერაცია იყო, სხვაგვარად ვერ დავარქმევ. ვარჩევდით მარშრუტებს, ფარულად მივდიოდით სამალავებამდე, სადაც ხალხი აფარებდა თავს. ხან დარწმუნება გვჭირდებოდა, რომ გამოგვყოლოდნენ.
და ასე შეუსვენებლად.
ბავშვები და არამხოლოდ
ბავშვები ჩემი უდიდესი ტკივილია – ბავშვები, რომლებიც საომარი მოქმედებების ზონებში რჩებიან. ჩემთვის, პირადად, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი მომავლის გადარჩენაა. დიდმა შეიძლება თავად გადაწყვიტოს, რა უნდა და რა არა, მაგრამ ბავშვებს ხომ ჯერ ცხოვრება არ უნახავთ, ვერ აფასებენ საფრთხეებს.
ბავშვები არ უნდა ხედავდნენ სიკვდილსა და ნგრევას, ისინი ასეთ საფრთხეში ყოფნას არ იმსახურებენ.
მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებს ვეუბნებოდით, „გამოდით სამალავიდან და მიმოიხედეთ, ყველაფერი დანგრეულია, საჭმელიც კი არაღაა“. ჩვენ რომ არ მიგვეტანა მათთვის საჭმელი, შიმშილით დაიხოცებოდნენ.
„რაშისტები“ ხალხზე არ ზრუნავენ, ისინი მხოლოდ იმაზე ზრუნავენ, რომ რაც შეიძლება მეტი მიწა დაიპყრონ და მეტი უკრაინელი გაანადგურონ. ეს ცხადად აჩვენა მარიუპოლის, ბუჩისა და ირპენის მაგალითებმა.
ამიტომაც, ძალიან აქტიურად ვმუშაობდით მცირეწლოვანთა მშობლებთან და ძალიან გვიხაროდა, როცა თუნდაც ერთი ბავშვის გამოყვანას ვახერხებდით.
ერთი კვირის წინ, ერთ რეისზე, 13 მცირეწლოვანი გამოვიყვანეთ. საოცრებაა! ეს ბავშვები უკვე აღარასოდეს გახდებიან რაშისტების მსხვერპლი. ისინი ახლა დასავლეთ უკრაინასა და ევროპაში არიან.
და რაც მთავარია, რუსები მათ ვეღარ გაიტაცებენ, როგორც ამას მარიუპოლში აკეთებენ.
სამწუხაროდ, ლუგანსკში ბავშვები კიდევ რჩებიან. ჩემთვის, ერთი ბავშვიც რომ დარჩეს – უკვე ბევრია.
ჩვენ ასე გვჯერა: ერთი სიცოცხლისთვის ღირს თავგანწირვა. სწორედ ეს განგვასხვავებს რუსებისგან. მათთვის ადამიანები უბრალოდ სტატისტიკაა. ჩვენთვის თითოეული სიცოცხლე ძვირფასია.
ცოტა ხნის წინ ბელოგოროვკაში წავედით. იქ რუსები მდინარე სევეროდონეცკის ფორსირებას ცდილობდნენ, ბევრი მათი ტექნიკა განადგურდა. ეს სოფელიც დაიკავეს და შემდეგ ჩვენებმა გაათავისუფლეს.
მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ იქ კიდევ იყო ხალხი, ვისაც ევაკუაცია სურდა. წამოსვლაზე მხოლოდ ორი ადამიანი დაგვთანხმდა. წამოვიყვანეთ. ძალიან რთულია აღვწერო ეს სოფელი. სრულიად განადგურებულია, აღარაფერია დარჩენილი.
ცხოველებიც გამოგვიყვანია. ერთხელ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ რუბეჟნოეში, რომელიც იმ დროს თითქმის ოკუპირებული იყო, ძაღლთა თავშესაფარს სჭირდებოდა ჩვენი დახმარება. იქ 40 ძაღლი და მათი სამი პატრონი იყო დარჩენილი, უკვე თვეზე მეტი გრძელდებოდა ბრძოლები და აღარც ადამიანისთვის ჰქონდათ საჭმელი და აღარც ძაღლისთვის.
ჩვენ ცხოველებისთვის სპეციალური ტრანსპორტი არ გვაქვს. გადავწყვიტეთ, ჩვენი სპეცდანაყოფების მიკროავტობუსები გამოგვეყენებინა. წავედით ორი ავტობუსით და ერთი საპატრულო მანქანით, რომელშიც მეც ვიჯექი. ჩვენი ამოცანა იყო, როგორმე ფარულად და უსაფრთხოდ მივსულიყავით თავშესაფრამდე, რადგან ვიცოდით, რომ იქვე ტყეში მტრის დივერსიული ჯგუფი იმყოფებოდა. ვიდრე პატრულების ნაწილს მიზანში ჰქონდა ამოღებული ტყის გამოსასვლელები, მეორე ნაწილი მიკროავტობუსებში ძაღლებს სვამდა. საშინელი სანახავები იყვნენ, შიმშილისგან გაძვალტყავებულები.
ჯერ ლისიჩანსკში ჩავიყვანეთ და იქიდან – ზაპოროჟიეში. მერე პატრონებმა ვიდეოც გამოგვიგზავნეს, რომ ძაღლები კარგად იყვნენ, მოიკეთეს და მშვენივრად გრძნობდნენ თავს.
ფრანგი ჟურნალისტი
ევაკუაციისთვის განკუთვნილი ჯავშნიანი ტრანსპორტი სულ რაღაც ორი კვირაა, რაც გვაქვს. სამხედრო სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გადმოგვცა, რადგან ლუგანსკის ოლქში, ახლა უკვე ყველა გზაზე ისვრიან და ჩვეულებრივი ტრანსპორტით ხალხის გამოყვანა ძალიან საშიშია.
სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაცია დამიკავშირდა და მაცნობა, რომ ფრანგი ჟურნალისტები მოვიდოდნენ თარჯიმანთან ერთად, ევაკუაციას აშუქებდნენ. შევხვდით, შევთავაზე, რომ ჩვენ მივცემდით ინტერვიუს, ხალხი კი უკვე გამოყვანის შემდეგ ბახმუტში გადაეღოთ, რადგან ჩვენთან ერთად წამოსვლა საშიში იყო. ერთმანეთში მოილაპარაკეს და ბოლოს მაინც წამოსვლა გადაწყვიტეს.
გავედით ლისიჩანსკიდან და თავდასხმაც დაიწყო. ზუსტად ჩვენ წინ აფეთქდა ნაღმი. მახსოვს გზა, ხმაური ყურებში, კვამლი სალონში, მტვერი და სრულიად დამსხვრეული საქარე მინა. არ ვიცი, ეს რა იყო, ალბათ გამოძიება დაადგენს. აფეთქება ნამდვილად ძლიერი იყო, რაღაც დროის განმავლობაში სრულიად დეზორიენტირებული ვიყავი.
საევაკუაციო ავტომანქანის საქარე მინა/ფოტო: ვიქტორ ლევჩენკოს ფეისბუქგვერდიდან
როდესაც გონს მოვედი, მძღოლს მივუბრუნდი, როგორ ხარ-მეთქი. სულ სისხლიანი ჰქონდა სახე. ვუთხარი, რომ სროლა გრძელდებოდა და გაჩერება არ შეიძლებოდა, ვერ გადავრჩებოდით. მან გზა გააგრძელა. 5 წუთი გაუჩერებლად ვიარეთ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ნამსხვრევებმა მისი ჩაფხუტი გახვრიტა და თავში იყო დაჭრილი, მაგრამ გადარჩა, ჩაფხუტმა გადაარჩინა.
რადიოკავშირით გადავეცით, რომ მძიმედ დაჭრილები გვყავდა. ვცადეთ ფრედერიკისთვის პირველადი დახმარება გაგვეწია. რომ გავჩერდით, პოლიციელებმა პულსი გაუსინჯეს, უკვე მკვდარი იყო.
ტვინის ძლიერი შერყევა მაქვს. მეორე პატრულსაც, ის თავშიცაა დაჭრილი. კიდევ ერთი პოლიციელი ფეხშია დაჭრილი.
ფიქრები ომზე
რუსები არანაირი ძმები არ არიან. არც არასდროს ყოფილან. ისინი ყოველთვის ჩვენი და ჩვენი კულტურის განადგურებას ცდილობდნენ.
რასაც ისინი ახლა აკეთებენ – ეს გენოციდია. ანგრევენ ჩვენს ქალაქებს, საერთოდ არ ფიქრობენ, სად ისვრიან, რას ესვრიან, მთავარია, ყველა გაანადგურონ. ეს უკრაინელი ერის გადარჩენის ომია. ეს არაა დონბასის გათავისუფლება, როგორც თავად ამბობენ. ახლა მთელი ქვეყანა გაერთიანდა და შეიარაღებულ ძალებს ეხმარება. ყველა გაერთიანდა, რომ ამ თავდასხმას წინააღმდეგობა გაუწიოს. ამიტომაც გავიმარჯვებთ, აუცილებლად. სამწუხაროდ, დიდი მსხვერპლის ფასად, მაგრამ გავიმარჯვებთ.
არც ისე დიდი კაცი ვარ, რომ მე გადავწყვიტო, რა უნდა იყოს შემდეგ. როგორც ხელმძღვანელობა იტყვის, ისე ვიმუშავებთ. ახლა ცოტას მოვღონიერდები, რომ ჩემი მოვალეობის სრულყოფილად შესრულება შევძლო და საქმეს დავუბრუნდები.
ავტორი: კრისტინა ბერდინსკიხი
თარგმნა: თამარ რუხაძემ
მთავარი ფოტო: ვიქტორ ლევჩენკო ერთ-ერთი ევაკუაციის დროს/ფოტო: ვიქტორ ლევჩენკოს ფეისბუქგვერდიდან
______
გაიგე, როგორ შეგიძლია დაეხმარო უკრაინულ გამოცემა Новое Время-ს, რომელმაც ეს მასალა მოამზადა და სხვა უკრაინულ გამოცემებს:
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება წერს, რომ უკრაინა მზადაა შექმნას შესაბამისი პირობები ოდესის პორტიდან ექსპორტის აღსადგენად.
კულებას თქმით, ამას მხოლოდ ის აფერხებს, რომ რუსეთისგან არ არსებობს გარანტიები, სატრანსპორტო გზის ოდესაზე თავდასხმისთვის არგამოყენების შესახებ. თუმცა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ პრობლემის გადასაჭრელად მუშაობა გრძელდება გაეროსა და პარტნიორებთან ერთად.
„უკრაინა მზადაა შექმნას აუცილებელი პირობები ოდესის პორტიდან ექსპორტის აღსადგენად. საკითხავია, როგორ დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი არ გამოიყენებს სავაჭრო გზას ქალაქ ოდესაზე თავდასხმისთვის. ჯერ არავითარი გარანტია არაა რუსეთისგან. ჩვენ ვეძებთ გადაწყვეტილებებს გაეროსთან და პარტნიორებთან ერთად. ჩვენ, გაეროსა და პარტნიორებთან ერთად ვეძებთ გამოსავალს“.
Ukraine is ready to create necessary conditions to resume exports from the port of Odesa. The question is how to make sure that Russia doesn’t abuse the trade route to attack the city of Odesa. No guarantees from Russia so far. We seek solutions together with the UN and partners.
რუსეთი ბლოკავს უკრაინის პორტებს, რომელთა მეშვეობითაც უკრაინული ხორბალი შავი ზღვის გავლით გადის ექსპორტზე. უკრაინა ხორბლის მეხუთე, ხოლო სიმინდის მეოთხე – უდიდესი ექსპორტიორია მსოფლიოში. რუსეთსა და უკრაინიდან გადატანილი ხორბალი კი, გლობალური ბაზრის 30%-ს შეადგენდა ომამდე.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ 25 მაისს, რუსულ საინფორმაციო სააგენტოებთან განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა სურსათით დატვირთულ გემებს უსაფრთხო დერეფანი შესთავაზოს უკრაინის დასატოვებლად. სამაგიეროდ, მოითხოვა რუსეთის წინააღმდეგ ექსპორტსა და ფინანსურ ტრანზაქციებზე დაწესებული გარკვეული სანქციები მოხსნა.
აღნიშნული გარემოებები უკვე გახდა სურსათის გლობალური კრიზისის შიშის საფუძველი საერთაშორისო საზოგადოებისთვის.
35 წლის თეონა ასლანიძეს ბოლო წლებია ერთი მთავარი საფიქრალი აქვს – როგორ გადაარჩინოს შვილის სიცოცხლე. თეონას ოჯახი სოციალურად დაუცველია და მიუხედავად ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამაში ჩართულობისა, ოჯახს ხშირად უწევს ფულის სესხება, რომ 5 წლის შვილის, ომარიკოს ჯანმრთელობაზე იზრუნოს.
ომარიკოს ოჯახი ქობულეთში, ჯიხანჯურში ცხოვრობს. ბავშვის დედის, თეონა ასლანიძის თქმით, ომარიკოს 2019 წლის ნოემბერში იმუნოდეფიციტი დაუდგინდა, ბავშვს უზიანდება ნერვული სისტემაც, რისი მიზეზიც, ბევრი გამოკვლევის მიუხედავად, დღემდე ვერ დადგინდა.
დედა ბავშვის მდგომარეობის უკეთ კონტროლისა და მართვისთვის დაახლოებით 1 წელია თბილისში ცხოვრობს.
„ომარიკოს დაბადებამდე, ჩემი უფროსი ბიჭი, ლუკა, 15 წლის ასაკში მენინგიტმა გამომაცალა ხელებიდან.
ომარიკო შეგვეძინა თუ არა, მაშინვე ჩავუტარეთ გამოკვლევები, გვეშინოდა, ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა არ ჰქონოდა მასაც, თუმცა, გამოკვლევების მიხედვით სრულიად ჯანმრთელი იყო და ჩვენც მშვიდად ვიყავით“ – გვიყვება თეონა.
თეონას თმით, ჯანმრთელობის პრობლემები ომარიკოს 2 წლის ასაკში დაეწყო. იქამდე მას სიარულიც და საუბარიც თავისუფლად შეეძლო.
„ნელ-ნელა ლაპარაკიც შეწყვიტა და სიარულიც. 2019 წლის დეკემბერში გერმანიაში ვიყავით, მაშინ ომარიკოს შეეძლო ხელჩაკიდებული გადაადგილება, რამდენიმე სიტყვის თქმა. უკვე ერთი წელია საერთოდ აღარ აქვს რეაქცია, მხედველობის პრობლემებიც დაეწყო“, – ამბობს თეონა.
ომარიკო ასლანიძე
როგორც თეონა გვიყვება, ომარიკო გერმანიაში ჰყავდათ წაყვანილი გამოკვლევებისთვის, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ დააფინანსა, საქველმოქმედო ფონდი „იალქანი“ კი ოჯახს თარჯიმნის და სხვა ხარჯების გასტუმრებაში ეხმარებოდა.
„გერმანიაში ზურგის ტვინის ანალიზი გაუკეთდა ომარიკოს. იქაც იმუნოდეფიციტის დიაგნოზი დაგვისვეს, თუმცა რა უზიანებს ნერვულ სისტემას, ამის შესახებ ვერ გვითხრეს“ – გვიყვება თეონა. მისი თქმით, ფონდი „იალქანი“ მათ მაქსიმალურად ეხმარებათ და გასულ წელს, თურქეთში ბავშვის წაყვანის ხარჯიც ბოლომდე „იალქანმა“ დაუფინანსათ.
ახლა თეონას ომარიკოს ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან ერთად ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო პრობლემებთანაც უჭირს გამკლავება. ბავშვის მოსავლელად ყოველთვიური ხარჯისა და თბილისში ცხოვრებისთვის საჭირო ფულის შეგროვება ძალიან რთულია, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის.
„ომარიკოს 1 თვის განმავლობაში 1500-2000 ლარი მაინც სჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვისთვის საჭირო იმუნოგლობულინს ჯანდაცვის სამინისტრო გვიფინანსებს.
ომარიკოს სჭირდება ტრაქეოსტომია. სანაციის მილი 1 ლარი ღირს, შესაძლოა დღეში 25-30 ცალი ასეთი მილი დაგვჭირდეს. რესპირატორულ 20-წუთიან მასაჟს იკეთებს, რაშიც 50 ლარს ვიხდით.
ხშირად მძიმდება მისი მდგომარეობა და მთელ დროს ექიმებთან ვატარებთ, სჭირდება ანტიბიოტიკებიც.
ომარიკო სპეციალური აპარატის დახმარებით იკვებება, რომელიც ყოველ 4 თვეში საჭიროებს გამოცვლას. ეს აპარატი 200 ლარი ღირს.
თბილისში ჩემი ქმრის ძმის სახლში ვცხოვრობთ. არ გვაქვს ქირა გადასახდელი, მაგრამ მაინც ძალიან რთულია ჩვენთვის აქ ცხოვრება და გვიჭირს ყოველთვიურ ხარჯს გავწვდეთ. ჩვენი შემოსავალი ომარიკოს პენსია – 275 ლარი და სოციალური დახმარების 380 ლარია. ფულს ძალიან ხშირად ვსესხულობთ“, – ამბობს თეონა.
თეონა ახლა ცდილობს ყველა გზა, ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს შვილის გადასარჩენად.
„ვიცი, რომ ომარიკოს მდგომარეობა მძიმეა. ვიბრძვი იმისთვის, რომ ომარიკო გვერდით მყავდეს. გადაწყვეტილი მაქვს, რომ ისევ უნდა ვცადო ბავშვის საზღვარგარეთ წაყვანა“ – ამბობს თეონა.
თეონა გვეუბნება, რომ ფონდმა „იალქანმა“ ისრაელში კლინიკა მოიძია, რომელიც ომარიკოს გამოკვლევებს დათანხმდა და ინვოისიც მიიღეს. ინვოისის მიხედვით ომარიკოს კვლევების ხარჯი ისრაელის კლინიკაში 10 000 ევრო იქნება. თეონას იმედი აქვს, რომ ისრაელში ვიზიტს მის შვილს ჯანდაცვის სამინისტრო დაუფინანსებს, სასტუმროს, გზისა და სხვა ხარჯების დაფარვაში კი ფონდი „იალქანი“ დაეხმარება – „ბავშვის ტვინი დღითიდღე ზიანდება. რაც მალე შევძლებთ ომარიკოს ისრაელში წაყვანას, მით უფრო კარგი იქნება მისთვის“.
თეონას კიდევ ერთი, რვა წლის შვილი ჰყავს, რომელიც თბილისში მასთან და ომარიკოსთან ერთად ცხოვრობს. თეონას მისი სკოლაში შეყვანაც თბილისში მოუხდა, რადგან ომარიკოს ჯანმრთელობის გამო ძირითადად თბილისში უწევთ ყოფნა. თეონა გვიყვება, რომ მისი მეუღლე ბათუმში მუშაობს და იშვიათად ახერხებს მათ მოსანახულებლად ჩასვლას.
_____________________
თეონა ასლანიძის შვილის, 5 წლის ომარიკოს დახმარების მსურველებს თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ შემდეგ ანგარიშზე
თბს ბანკი:
GE80TB7533045061100050
საქართველოს ბანკი:
GE98BG0000000316304600
მიმღები: თეონა ასლანიძე.
საქველმოქმედო ზარი მაგთიდან, ჯეოსელიდან და ბილაინიდან: 0901500502
ვინიცის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში დიპლომის დაცვის ერთი შეხედვით ჩვეულებრივი დღე იყო, თუმცა სტუდენტმა ნაშრომი ფრონტიდან, სანგარში ყოფნისას წარმოადგინა.
როგორც უკრაინული „24-ე კანალი“წერს, მასწავლებლებს სტუდენტის ავტომატურად შეფასება სურდათ. სტუდენტი დიპლომის ონლაინდაცვისას აქტიური საომარი მოქმედებების ზონაში იყო.
ფრონტის ხაზზე მყოფმა სტუდენტმა შეფასების ხუთბალიანი სისტემით 4 ქულა მიიღო.
„სტუდენტი ონლაინრეჟიმში იცავდა დიპლომს და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ფრონტიდან ჩაერთო, მოსალოდნელი იყო ავტომატურადაც დაგეწერა მისთვის შეფასება, მაგრამ დამსახურებულად მიიღო 4 ქულა“, – წერს სოციალურ ქსელში მიხაილ განჩუკი, ერთ-ერთი ლექტორი, რომელიც დიპლომის ონლაინდაცვას თავადაც ესწრებოდა.
დიპლომის ონლაინდაცვა ვინიცის ტექნიკურ უნივერსიტეტში
სოციალურ ქსელში მიხაილ განჩუკის პოსტზე ხალხს სხვადასხვაგვარი რეაქცია ჰქონდა. უმეტესობა კითხულობს, რატომ არ დაუწერეს ბიჭს 5 ქულა, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ რთულ სიტუაციაში დიპლომის დაცვის მიუხედავად ნიშანი სამართლიანად უნდა დაიწეროს.
„ეს ბიჭი იცავს ცას ამ უნივერსიტეტის და მთელი ქვეყნის თავზე…“ – წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში მძიმე საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღება შეუძლია ყველა მოსწავლესა და სტუდენტს, მათ შორის მათაც, ვინც ვერ მოასწრო ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინის მიერ კონტროლირებად ზონებში გადასვლა.
უკრაინის განათლების სამინისტრო გეგმავს უახლოეს მომავალში შეიმუშაოს ალგორითმი საგანმანათლებლო დოკუმენტაციის გასაცემად იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც იძულებული არიან დარჩნენ საზღვარგარეთ.
ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, სანაპირო ზოლში არსებული „ორბი ჯგუფის“ ცემენტის უკანონო საწარმო ჰაერის დაბინძურებისთვის 10 ათასი ლარით დააჯარიმეს. სამართალდარღვევათა ოქმი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სასამართლოს უკვე გადაუგზავნა.
„ორბი ჯგუფი“ სამართალდარღვევათა კოდექსის 78-ე მუხლის მეხუთე ნაწილითაა დაჯარიმებული, რომელიც გულისხმობს აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ექსპლუატაციის წესების დარღვევას ან ამ მოწყობილობების გაუმართაობას, ასევე, აღნიშნული მოწყობილობების გამოუყენებლობას ან უქონლობას.
„მიმდინარე წლის 28 მაისს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლობის მიერ ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე განთავსებული „ორბი ჯგუფი ბათუმის“ სასაქონლო ბეტონის საწარმოს დათვალიერება განხორციელდა.
დადგინდა, რომ ტერიტორიაზე განთავსებული ცემენტის სილოსებიდან ერთ-ერთი არ იყო აღჭურვილი აირმტვერდამჭერი მოწყობილობით.
გამოვლენილ დარღვევაზე მიმდინარე წლის 31 მაისს „ორბი ჯგუფი ბათუმის“ მიმართ შედგა ოქმი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 78-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რომელიც გულისხმობს აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ექსპლუატაციის წესების დარღვევას ან ამ მოწყობილობების გაუმართაობას, ასევე, აღნიშნული მოწყობილობების გამოუყენებლობას ან უქონლობას“, – მოგვწერა ზედამხედველობის სამსახურმა.
ამავე კანონში წერია, რომ თუ სამართალდარღვევა განმეორებით იქნება ჩადენილი, ჯარიმის ოდენობა გაორმაგდება. ეს იმას ნიშნავს, რომ გარემოს დაბინძურებისთვის „ორბი ჯგუფმა“, წესით, 20 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს, რადგან „ორბი ჯგუფის“ უკანონო საწარმომ გარემო 2020 წლის 31 აგვისტოსაც დააბინძურა. ზედამხედველობამ მაშინაც თქვა, რომ საწარმომ მტვერდამჭერი სისტემების ექსპლუატაციის წესები დაარღვია.
78-ე მუხლის მეხუთე ნაწილში ასევე წერია, რომ აირმტვერდამჭერი მოწყობილობების გამოუყენებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარიდან 15 000 ლარამდე. განმეორება კი გამოიწვევს ჯარიმის გაორმაგებას.
აირმტვერდამჭერი მოწყობილობების უქონლობა – ამ მუხლის ხელმეორედ დარღვევა ასევე იწვევს პირის დაჯარიმებას 10 000-დან 20 000-მდე ლარით. გამეორების შემთხვევაში ჯარიმა ისევ ორმაგდება.
ის, რომ სამშენებლო კომპანიას ცემენტის საწარმო უკანონოდ აქვს აშენებული ქალაქის ცენტრში, ამ ინფორმაციას ბათუმის მერიაც ადასტურებს. მათი განცხადებით, უკანონო მშენებლობის მუხლით კომპანიას მერიამ ჯერ კიდევ 2018 წელს უჩივლა სასამართლოში, თუმცა საქმის განხილვა ამ დრომდე არ დაწყებულა.
მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში, ზღვისპირა ზოლში, საწარმო უკანონოდაა აშენებული და გარემოსაც პერმანენტულად აბინძურებს, მისი დემონტაჟისთვის სახელმწიფომ მთელი ხუთი წლის მანძილზე არაფერი გააკეთა.
როგორც ჯანდაცვის სფეროს სხვადასხვა კვლევით დასტურდება, ჰაერის დაბინძურება იწვევს კიბოს.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დიაბეტის მქონე ბავშვები დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობას უკვე ბათუმშიც შეძლებენ.
სამინისტროს ცნობით, დიაბეტის პროგრამის ვაუჩერული სერვისით სარგებლობა ბათუმში შესაძლებელია ბათუმის მ. იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში (აეროპორტის გზატკეცილი 64).
ვაუჩერის კომპონენტი ითვალისწინებს შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ბავშვებისთვის შემდეგი მომსახურების მიწოდებას:
• საანალიზო-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა:
• გლუკომეტრი;
• სისხლში გლუკოზის საანალიზო ტესტ-ჩხირები და სისხლის ასაღები ლანცეტის ნემსები;
• გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრა კაპილარული სისხლით;
• დიაბეტით გამოწვეული თვალის დაავადებების მონიტორინგი;
• პროგრამის მოსარგებლეების და მათი მშობლების სამედიცინო განათლება;
• ფიზიკური რეაბილიტაციის უზრუნველყოფა, პაციენტის სურვილის შემთხვევაში;
• სამედიცინო ცნობის და რეცეპტის გაცემა.
პროგრამის ფარგლებში, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა დიაბეტის მართვის სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. აქამდე, ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფო პროგრამის დაფინანსებით სერვისების მიღება მხოლოდ თბილისის 3 დაწესებულებაში იყო შესაძლებელი, ახლა სერვისის მიღება თბილისის გარდა ბათუმსა და ქუთაისშიც არის შესაძლებელი.
ქართული წარმოშობის ყირიმელი სამხედრო მფრინავი, ოლეგ გეგეჭკორი 8 მარტს, კიევის დაცვის დროს დაიღუპა საბრძოლო ფრენისას.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ სიკვდილის შემდეგ ოლეგ გეგეჭკორს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა.
50 წლის ოლეგ გეგეჭკორი მე-11 ბრიგადის შვეულმფრენების ესკადრილიის მეთაური და პოლკოვნიკი იყო. ის ხერსონის რეგიონში საავიაციო დანაყოფში მსახურობდა.
კიევის ციდან მისი ვერტმფრენი რუსების მიერ გახსნილმა ცეცხლმა ჩამოაგდო. გეგეჭკორი 8 აპრილს კრემენჩუგში დაკრძალეს.
ოლეგ გეგეჭკორს გამოცემა Armyinform-ის კორესპონდენტი, ანასტასია ოლეხნოვიჩი ორი წლის წინ ესაუბრა. Armyinform-ის კორესპონდენტი უკრაინის ქართველი პოლკოვნიკის ნაამბობს ხელახლა იხსენებს და აქვეყნებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო სააგენტოს გვერდზე:
„ოლეგ გეგეჭკორი ყოველდღე, საზღვრის გასწვრივ, 12 საათის განმავლობაში დაფრინავდა.
2014 წელს მტრის საგუშაგოზე გაგზავნეს. ოლეგ გეგეჭკორი ჰყვებოდა, თუ როგორ შურს ყველას პილოტების, რომ უკეთესი პროფესია არ არსებობს. შვეულმფრენების ესკადრილიის მეთაური ამბობდა, რომ დაღლილი იყო, მაგრამ მაინც იბრძოდა. 2014 წლამდე ლიბიისა და სიერა ლიონეს სამხედრო მოქმედებებში იყო ჩართული სამძებრო ჯგუფის წევრად.
ოც წელზე მეტია, რაც მე-11 ბრიგადის შვეულმფრენების ესკადრილიას ხელმძღვანელობდა“, – წერს Armyinform-ის კორესპონდენტი.
ოლეგ გეგეჭკორის ნაამბობი
„როცა მტერი ორივე მხრიდან ერთდროულად ხსნის ცეცხლს, ყველაფერი ციმციმებს. ამ დროს ვერტმფრენით 45 გრადუსით ვუხვევთ. ბორბლებით მზესუმზირებს ვეხებით. ტყვიების ზუზუნი ისმის გამუდმებით ფრენისას.
როცა პირველად გვესროლეს, ხეების ქვეშ დავიწყეთ ფრენა. დავიმალეთ და ასე გადავრჩით, თუმცა ოფიციალური პროტოკოლით 15 მეტრზე დაბლა ფრენა არ შეიძლება, აკრძალულია.
დონბასში ფრენისას ბევრჯერ მიქრია, აი, ამჯერად კი ნამდვილად დამთავრდა ყველაფერი-მეთქი. დებალცევოში ცეცხლში მოვყევით, ვოლნოვახაშიც, ცეცხლი გაგვიხსნეს სლოვიანსკშიც, მაგრამ მეორე დღეს უბრალოდ ვრთავდით ძრავებს და ვაგრძელებდით მუშაობას.
ერთხელ ცოლმა მკითხა: შეგიძლია კაცი მოკლაო? ვუთხარი, რომ გარეთ გასვლა და ვინმესთვის თავში ჩარტყმა არ შემეძლო, მაგრამ, რა თქმა უნდა, შემეძლო ოკუპანტის განადგურება, რომელიც ჩვენს შვილებს კლავს – და მეტიც, ჯობდა ასი ან ათასი ოკუპანტი გამენადგურებინა ერთდროულად.
ხშირად გვიწევდა გამორთული ფარებით დაშვება, რადგან მტერი შეიძლება ნებისმიერ ადგილას ყოფილიყო ჩასაფრებული.
კარგია, მთვარე მაინც თუ ანათებს და რამე მაინც ჩანს… მახსოვს, როგორ გავფრინდით ოთხი ვერტმფრენით ამბროსიევკაში, დაჭრილებს ჩავაკითხეთ, სამოცი დაჭრილი უნდა წამოგვეყვანა.
ჩავფრინდით და იქ სამოცის ნაცვლად ასთვრამეტი დაჭრილი დაგვხვდა. როგორც შეგვეძლო, ისე ვატევდით ვერტმფრენებში: სავარძლებზე, დერეფნებში, ერთმანეთზე… სრულ სიბნელეში მივფრინავდით ოთხი ვერტმფრენით, ერთმანეთისგან მინიმალური მანძილი გვაშორებდა, მერე რიგრიგობით ვეშვებოდით მზესუმზირების ველზე.
მორბოდნენ მედდები, ყველა მიჰყავდათ, ერთ წუთში უკვე შენს ადგილას მეორე ვერტმფრენი ეშვებოდა… ასეთ სირთულეებს ვერცერთი წვრთნისას ვერ ნახავდი.
ყველგან ყველაფერი ისმინებოდა, ამიტომ პირდაპირ არასდროს ვახსენებდით, რომ დაჭრილები გადმოგვყავდა. იმის ნაცვლად, რისი თქმაც გვინდოდა, მსგავს სისულელეებს ვამბობდით: „მისმინე, ბავშვს მგონი მუცელი სტკივა…“, თუმცა ყველას გვესმოდა ერთმანეთის.
ხანდახან, როცა დაჭრილები მოგვყავდა, მედდები კარვებში დასვენებას გვაიძულებდნენ: გამოიძინეთ ცოტა, თქვენც სარეანიმაციოები რომ არ გახდეთო.
ყველაფრისთვის მზადმყოფი კაცის ფსიქიკაც კი ვერ უძლებდა ამ ყველაფერს ხანდახან.
ერთხელ დნეპროში დაჭრილი მოიყვანეს. ბნელოდა, წვიმდა… ვხედავ, რაღაც შეფუთვა გდია ვერტმფრენის სალონში და დავიწყე ბუზღუნი, რომ ჩემს ვერტმფრენში მუდამ წესრიგია. ვურტყამ პარკს ფეხს და უცებ დაჭრილი მეუბნება „პოლკოვნიკო, ჩემი ფეხი დევს შიგ“.
უცებ შევნიშნე, რომ შეფუთვაში მართლაც მოჭრილი ფეხია. ბოდიში მოვუხადე, მაგრამ ეს შემთხვევა გონებიდან არ ამომდის…
იშვიათად მამახსოვრდებოდნენ დაჭრილები. ჩვენს ეკიპაჟს დღეში ასობით დაჭრილი გადაჰყავდა. მოგვიანებით ისინი მოდიოდნენ და მიყვებოდნენ, რომ ამა და ამ დღეს, ამა და ამ ადგილიდან თქვენ გადმოგვაფრინეთ და მადლობაო.
ომი აჩვენებს, ვის რა ფასი აქვს. დადიხარ ძმობილებთან ერთად, ჩვეულებრივად ურთიერთობ, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ხალხია, მაგრამ როცა საჭიროა, კბილებს აღრჭიალებენ და შეუძლებელს აკეთებენ.
ბევრი მფრინავი წავიდა სამოქალაქო ავიაციაში, თვეში 10- ათასდოლარიანი ხელფასის გამო და ომის დროს დაბრუნდნენ. პატივი და დიდება მათ, სხვა რა უნდა ვთქვა. სიმართლე გითხრათ, თავიდან მეგონა უბრალოდ ომში ჩართვის სურვილს გამოთქვამდნენ სიტყვებით, მაგრამ არა… მიდიოდნენ კომისარიატში და ომში გაწვევას ითხოვდნენ!.
მათ სწრაფ გადაწყვეტილებებს ხშირად გადაურჩენია მთელი ეკიპაჟი, გადაჰყავდათ დაჭრილები და დაღუპულები… და ახალგაზრდები? მათ თვალები ენთებოდათ ზაფხულის ომში ფრენის გაგონებაზე, მაგრამ ვუხსნიდი ყველას, რომ როცა ცაზე ბევრი ვერტმფრენი დაფრინავს, მტერი ხშირად ხსნის ცეცხლს, რომელიც ადრე თუ გვიან რომელიმე ვერტმფრენს აუცილებლად შეიწირავს, და ერთ დღესაც შეიძლება ეს შენი ვერტმფრენი იყოს. მაგრამ არ ჭრიდა! ჩქარობდნენ, ეფრინათ!
ჩემი შვილიც სამხედრო მფრინავია. მე არ მინდოდა სამხედრო ავიაცია აერჩია.
უკრაინის ჩემპიონია. სპორტის ოსტატობის კანდიდატი ლაშქრობაში. მათემატიკისა და ფიზიკის ოლიმპიადებზე პრიზებს იგებდა. ვეუბნებოდი: ედიკ, აირჩიე რაც გინდა, უამრავი რამ შეგიძლია, იმდენი რაღაც იცი-მეთქი, მაგრამ არა, მაინცადამაინც სამხედრო ავიაცია აირჩია. ახლა ფრენებს ელოდება და პროფესორებს კითხვებით თავს აბეზრებს“.
პოლკ „აზოვის“ ჯარისკაცი დმიტრო კოზაცკი, რომელმაც აზოვსტალში უკრაინელი მეომრების ცნობილი ფოტოსერია გადაიღო, პრესტიჟულ პოლონურ კონკურსზე, Grand Press Photo 2022-ზე სპეციალური პრიზით დააჯილდოვეს.
დმიტრო კოზაცკი ამჟამად ტყვეობაში იმყოფება თვითგამოცხადებულ დონეცკის რესპუბლიკაში. მისი, ისივე როგორც სხვა აზოველების, მომავლის შესახებ უცნობია.
დმიტრო კოზაცკის „აზოვსტალში“ გადაღებული, მარიუპოლის მცველების ფოტოები გამოქვეყნებისთანავე გავრცელდა მსოფლიო მედიაში. აზოვსტალის დატოვებამდე დმიტრომ ბოლო ფოტორეპორტაჟი გამოაქვეყნასოციალურ ქსელებში და ყველას სთხოვა, მისი ფოტოები კონკურსებზე გაეგზავნათ.
„სანამ ტყვეობაში ვარ, საუკეთესო ხარისხით გიტოვებთ ფოტოებს, გაგზავნეთ ის ყველა ჟურნალისტურ და ფოტოკონკურსზე, თუ რამე მოვიგე, გამოსვლის შემდეგ ძალიან კარგი იქნება. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. შევხვდებით.“ – დაწერა მან.
„ჩვენ გვჯერა, რომ დმიტრო მიიღებს ამ დიპლომს პირადად მომავალ წელს, კონკურსის დროს. ჩვენ მას ველოდებით ცოცხალსა და ჯანმრთელს“, – განაცხადა ვერონიკა მიროვსკამ, Grand Press Foundation-ის ხელმძღვანელმა დაჯილდოების ცერემონიალზე, წერსპოლონური მედია.
აზოვსტალი. დმიტრო კოზაცკის ფოტოაზოვსტალი. ფოტოს ავტორია პოლკ „აზოვის“ მებრძოლი დმიტრო კაზაცკი.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრიდან მეოთხე თვესაც გერმანია ყველაფერს არ აკეთებს უკრაინის დასახმარებლად. ამას გერმანიის მთავრობა იმით ასაბუთებს, რომ არ სურს მესამე მსოფლიო ომის დაწყების პროვოცირება.
გერმანული გამოცემა Bild-ის ცნობით, ეს მოსაზრება ეკუთვნის გერმანიის ეკონომიკის მინისტრ, რობერტ ჰაბეკს.
მინისტრის აზრით, თუ უკრაინა გერმანიას მაქსიმალურად დაეხმარება, ეს აღიქმება ამ ომში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ჩართვად და გააჩენს მესამე მსოფლიო ომის ესკალაციის საფრთხეს.
„ჩვენ ყველაფერს არ ვაკეთებთ… ჩვენ არ გვინდა და არც უნდა გავხდეთ ომის მონაწილე. არა მხოლოდ ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლის შიშის გამო, რომლებიც ბრძოლის ველზე დაიღუპებიან, იმიტომაც, რომ ამ გზით ჩვენ გზას გავუხსნით გლობალურ ომს. სწორედ ამიტომ ჩვენ არ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია. მაგრამ ვაკეთებთ ყველაფერს, რისი გაკეთებაც პასუხისმგებლიანი იქნებოდა ახლა, უკრაინის დასახმარებლად“, – განმარტა ჰაბეკმა.
ჰაბეკმა აღნიშნა, რომ ბერლინი „მხარს უჭერს უკრაინის სამხედრო მიზნებს“ და ირწმუნება, რომ „უკრაინა თავად გადაწყვეტს, რა იქნება მისთვის ომის წარმატებული დასასრული“.
„ომის წარმატებით დასრულება – ნიშნავს არ წააგო. გამარჯვება – ეს ღია კონცეფციაა. არ მინდა ვივარაუდო, რას შეიძლება ეს ყველაფერი ნიშნავდეს, მაგრამ არსებობს მრავალი გზა ამ ომის წარმატებით დასასრულებლად…
რაღაც მომენტში გამოჩნდება დიპლომატიური შესაძლებლობა. ცხადია, ეს შესაძლებლობა მხოლოდ მაშინ შეიძლება გაჩნდეს, როცა პუტინს აღარ შეეძლება სამხედრო გზით გამარჯვება“, – აღნიშნა ჰაბეკმა.
კიდევ ერთმა გერმანულმა გამოცემა Welt-მა გამოაქვეყნა დოკუმენტები, რომელთა მიხედვითაც გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უარი თქვა, უკრაინას მიაწოდოს ისეთი მძიმე შეიარაღება, როგორიცაა ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები, ნატოს მოკავშირეებთან შეთანხმების მოტივით.
____
მთავარ ფოტოზე: რობერტ ჰაბეკი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო/EPA
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებას „ოცნების ქალაქის“ – მცხოვრებლებისთვის ბინების გადაცემის კრიტერიუმების განსაზღვრის საკითხზე და ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს პროცესის გამჭვირვალობა, მოსახლეობის პროაქტიული ინფორმირება განსახლების პროცესის შესახებ და პროცესის ისე წარმართვა, რომ გათვალისწინებული იყოს ყველა მოსახლის მოწყვლადობა და საჭიროებები.
ცენტრის ცნობით, „მოსახლეობა მიიჩნევს, რომ კრიტერიუმები, რომელთა შესახებაც მედიასაშუალებებიდან შეიტყვეს, არ არის ცხადი, განმარტებას მოითხოვს და არ საუბრობს მათ საჭიროებებზე, ვინც საცხოვრისით დაუკმაყოფილებელი შეიძლება დარჩეს“.
30 მაისს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ სამთავრობო კომისიამ „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლებისათვის ბინების გადანაწილების საბოლოო კრიტერიუმები (ჯამში 15 კრიტერიუმი) შეიმუშავა, რომელიც, მისი პოზიციით, განსახლების სამართლიან სტანდარტს ადგენს.
„მიუხედავად აღნიშნული განცხადებისა, დადგენილი კრიტერიუმების შინაარსი უამრავ კითხვის ნიშანს იწვევს და მთავრობის მხრიდან შესაბამისი პასუხების გაცემა ან/და პროცესის მოდიფიცირებაა საჭირო,“ – აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.
„ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე 1740 ოჯახი ცხოვრობს, თუმცა საცხოვრისების მშენებლობის პირველი ეტაპი მხოლოდ 582 შინამეურნეობის დაკმაყოფილებას (ამ მიზნით ორი კორპუსი შენდება) ითვალისწინებს, რამაც სამართლიანი და გამჭვირვალე კრიტერიუმების შემუშავების საჭიროება შექმნა.
მიუხედავად ამისა, სპეციალურად ამ მიზნით შექმნილმა სამთავრობო კომისიამ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების უგულებელყოფით, პირველ რიგში, პრიორიტეტი მიანიჭა არა ყველაზე მოწყვლად მოსახლეობას, არამედ იმ პირებს, რომელთა ამჟამინდელ საცხოვრებელ ტერიტორიაზე იგეგმება მესამე შენობის აგება.
კომისიის მიერ გათვალისწინებული მოწყვლადობის კრიტერიუმები (შშმ პირის და შშმ ბავშვის სტატუსი, სპეციალური სამედიცინო საჭიროება, მარტოხელა მშობელი და მარჩენალდაკარგული ოჯახები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი მშობელი, მრავალშვილიანი ოჯახები და ოჯახები, რომლებიც სოციალურ შემწეობას იღებენ, მრავალსულიანი ოჯახები, ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, პენსიონერები, იძულებით გადაადგილებული პირები და იპოთეკით დაზარალებული მოქალაქეები) კი მხოლოდ ტერიტორიული პრინციპის დაკმაყოფილების შემდეგ იქნება გათვალისწინებული, რაც ვერ იქნება უსახლკარო მოსახლეობის განსახლების სათანადო სტანდარტად მიჩნეული,“ – წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრი განცხადებაში.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ კრიტერიუმების შინაარსი ადგილობრივ მოსახლეობაში დაბნეულობასა და დაძაბულობას იწვევს, რაც შესაძლოა კონფლიქტში გადაიზარდოს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს აჭარის მთავრობას:
უზრუნველყოს „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლების სრული და პროაქტიური ინფორმირება მშენებარე კორპუსებში განსახლების კრიტერიუმებთან და პირველ ეტაპზე განსასახლებელ შინამეურნეობებთან დაკავშირებით;
უზრუნველყოს „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებთან მუდმივი კომუნიკაცია და მათი ინფორმირება მშენებლობის შემდეგი ეტაპების განხორციელების შესახებ;
მოკლე ვადებში უზრუნველყოს მცხოვრებლების განსახლების კრიტერიუმების იმგვარი ცვლილება, რომ პრიორიტეტი მიენიჭოს მოსახლეობას არა მათი საცხოვრებელი ადგილის მდებარეობის, არამედ მოწყვლადობისა და საჭიროებების მიხედვით; ასევე, განხორციელდეს განსახლებისას ბლანკეტური ჩამკეტი მექანიზმების მოდიფიცირება და მორგება მოსახლეობის ამჟამინდელ მდგომარეობაზე;
განხორციელდეს ღონისძიებები განსახლების პროცესში მოსახლეობაში კონფლიქტების ეფექტიანი პრევენციისთვის.
მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ბათუმში ქუჩის კარვებით გადაკეტვისთვის 6 მაისის აქციის მონაწილეები 2 -2 ათასი ლარით დააჯარიმა, რამდენიმე მონაწილე კი – 3500 ლარით.
24 ოპოზიციონერის ადმინისტრაციული წესით დაკავებაზე საბოლოო გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ დღეს, 3 ივნისს, მიიღო.
„სასამართლომ ჩათვალა, რომ არ გვქონდათ სამართლებრივი საფუძველი, გზა გადაკეტილიყო“, – უთხრა ოპოზიციონერებს მოსამართლემ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად დააჯარიმა აქციის მონაწილეები. ეს მუხლი გულისხმობს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას.
მოსამართლემ დააჯარიმა ბათუმის საკრებულოს წევრებიც: ლაშა კილაბერია და მამუკა ქობულაძე 3500-3500 ლარით, რეზო ხარაზი და ილია ჯინჭარაძე 2 -2 ათასი ლარით, ქობულეთის საკრებულოს წევრი ლაშა კომახიძე – 3500 ლარით, ხელვახაურის საკრებულოს წევრს, მერაბ ვარშალომიძეს კი, მხოლოდ შენიშვნა მისცა.
3500-3500 ლარით დაააჯარიმეს ასევე ლევან გორგილაძე და გიგა თედორაძე.
სასამართლომ 2 – 2 ათასი ლარით დააჯარიმა უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ენმ-დან: ლევან ანთაძე და გიორგი კირთაძე.
სასამართლოს შეაგინა და სხდომა დატოვა ბათუმის საკრებულოს წევრმა მამუკა ქობულაძემ.
მოსამართლემ ოპოზიციონერები გაამართლა 166-ე მუხლის ნაწილში, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. პოლიციელების მტკიცებით, აქციის მონაწილეები მათ აგინებოდნენ აქციაზე და არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს.
ამ ნაწილში დადასტურდა, რომ პოლიციამ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს.
„პოლიციის შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონდა, ეს იყო გამოხატვის თავისუფლება“, – დასძინა მოსამართლემ, ვიდრე მისი ხმა ჩაიკარგებოდა დარბაზის ოვაციებში: „მონა“, „ლუკაშენკო“, „სირცხვილია“.
მოსამართლემ ორივე მუხლით აქციის მხოლოდ რამდენიმე მონაწილე გაამართლა: უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გია აბულაძე, ბათუმის საკრებულოს წევრი ბაჩი მექვაბიშვილი, ასევე რომან ვარშალომიძე და ლაშა ადამია.
მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ რამდენიმე დღის წინ დააჯარიმა ასევე აქციის მონაწილე მინდია ცინცაძე – 2500 ლარით.
აქციის რამდენიმე მონაწილის საქმის განხილვა ჯერ არ დასრულებულა.
„24 ოპოზიციონერის დაკავების საქმე“ – ბათუმის საქალაქო სასამართლო. 3 ივნისი, 2022 წ. ფოტო: „ბათუმელები“/ჯაბა ანანიძე„24 ოპოზიციონერის დაკავების საქმე“ – ბათუმის საქალაქო სასამართლო. 3 ივნისი, 2022 წ. ფოტო: „ბათუმელები“/ჯაბა ანანიძე„24 ოპოზიციონერის დაკავების საქმე“ – ბათუმის საქალაქო სასამართლო. 3 ივნისი, 2022 წ. ფოტო: „ბათუმელები“/ჯაბა ანანიძე„24 ოპოზიციონერის დაკავების საქმე“ – ბათუმის საქალაქო სასამართლო. 3 ივნისი, 2022 წ. ფოტო: „ბათუმელები“/ჯაბა ანანიძე
საუბარია 6 მაისის აქციაზე, რომელიც პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა, აქციის მონაწილეებს კარვები წაართვა და 24 ოპოზიციონერი ერთდროულად დააკავა. შსს-მ ოპოზიციონერები ადმინისტრაციული წესით დააკავა და ედავებოდა წვრილმან ხულიგნობას, ასევე, პოლიციის კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებლობას.
ოპოზიციამ ბათუმში 6 მაისს დააანონსა, რომ იწყებდნენ ფართომასშტაბიან აქციებს პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად. ამ დაკავების შემდეგ აქციები აღარ გამართულა.
საქართველოს რკინიგზის ცნობით, ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით საგარეუბნო მატარებლით მგზავრობის ფასი 2 ლარი იქნება. იმ შემთხვევაში, თუ კი მგზავრი შუალედურ სადგურში ავა მატარებელში [მაგალითად, სამტრედიაში ან ლანჩხუთში], მგზავრობის ფასი 1 ლარი იქნება.
რაც შეეხება ბათუმი-ოზურგეთს, ამ მიმართულებაზე მატარებელი დღეში ერთ რეისს შეასრულებს. განრიგი ასეთია:
ბათუმი-ოზურგეთის მიმართულებით საგარეუბნო მატარებლით მგზავრობის ფასი 80 თეთრი იქნება. ხოლო თუ კი მგზავრი მატარებელში ავა შუალედური სადგურიდან – 50 თეთრი.
ბათუმიდან საგარეუბნო მატარებლების მოძრაობა კორონავირუსის პანდემიის დაწყებისას, 2020 წელს შეჩერდა და მხოლოდ ახლა განახლდა.
ტკივილს და მასთან დაკავშირებულ დისკომფორტს ხშირად მკურნალობენ ურეცეპტოდ გაცემული ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებით. საზიანოა თუ არა ტკივილგამაყუჩებლების ხშირი გამოყენება?
ტკივილგამაყუჩებლები, რომლებსაც მოსახლეობის დიდი ნაწილი რეგულარულად იყენებს თავის, მენსტრუალური ან სხვა, ქრონიკული ტკივილის დროს, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, იგივე ანალგეტიკებია. ამ ჯგუფში შედის, მაგალითად: პარაცეტამოლი, ასპირინი, იბუპროფენი, კეტონალი, ნიმესილი და სხვა.
კლინიკა „მედცენტრის“ ექიმი, ნევროლოგი ნინო ფილია ამბობს, რომ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები მედიკამენტების ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი ჯგუფია და ისინი ძალიან ღირებულ ინსტრუმენტს წარმოადგენენ ექიმებისა და პაციენტებისთვის, თუმცა სისტემატურ და დიდი დოზებით მოხმარებას, შესაძლოა, სერიოზული გვერდითი ეფექტები მოჰყვეს.
ქალბატონო ნინო, რამდენად საზიანო შეიძლება იყოს ტკივილგამაყუჩებლების ინტენსიური მოხმარება და კონკრეტულად რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ადამიანს?
ეს საშუალებები ამსუბუქებენ ტკივილს და ამცირებენ ანთებას, ამიტომ ზოგ შემთხვევაში უებარი საშუალებაა ბევრი დაავადების დროს.
მაგალითად, მუდმივი ტკივილით თუ იტანჯება ადამიანი, თუნდაც ართრიტის დროს – ამ შემთხვევაში შეუცვლელია, მაგრამ როცა ადამიანი ამ წამლებს ექიმის რეკომენდაციის გარეშე მოიხმარს, სწორად არ არჩევს დოზას ან/და მოიხმარს იმაზე ხანგრძლივად, ვიდრე იმ კონკრეტულ დაავადებას სჭირდება, რა თქმა უნდა, არის საფრთხე, რომ მედიკამენტმა სარგებელზე მეტი ზიანი მოუტანოს პაციენტის ჯანმრთელობას.
სამწუხაროდ, თითქმის ყველა მედიკამენტს, მათ შორის, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასაც ახლავს გვერდითი ეფექტები.
ზოგიერთი ტკივილგამაყუჩებლის ხშირი მომხმარებლები წამლის მიღებასთან ერთად კუჭის ტკივილსაც უჩივიან. რატომ ხდება ეს?
არასტეროიდებს გვერდითი ეფექტები, პირველ რიგში, ახასიათებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. აქ შეიძლება იყოს ისეთი დისპეფსიური მოვლენები, როგორიცაა: გულძმარვა, წვა კუჭის არეში, ტკივილი. ასევე, ტკივილგამაყუჩებლების ხანგრძლივი და რეგულარული მიღებისას შეიძლება გამწვავდეს წყლულოვანი დაავადება ან სისხლდენაც კი დაეწყოს პაციენტს. ეს უკანასკნელი შესაძლოა განვითარდეს ძალიან იშვიათ შემთხვევაში, მაგრამ ასეთი საშიშროებაც არის.
გარდა ამისა, ტკივილგამაყუჩებლების ხანგრძლივი და დიდი დოზით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება, შეიძლება დამძიმდეს თირკმლის ქრონიკული დაავადება.
ასევე, შედარებით მსუბუქი და „უწყინარი“ გვერდითი ეფექტია ე.წ. ტინიტუსი, ანუ წუილის მსგავსი ხმაური ყურებში. ეს არ არის საშიში გვერდითი ეფექტი, მაგრამ საკმაოდ შემაწუხებელია პაციენტისთვის და ჩვეულებრივ გადის, თუ შევამცირებთ არასტეროიდის დოზას ან მოვხსნით მას.
რამდენად რეალურია ის, რომ რეგულარული მოხმარების შედეგად ორგანიზმი ეჩვევა ტკივილგამაყუჩებელს და დროთა განმავლობაში, ეფექტის მისაღწევად, საჭირო ხდება უფრო ძლიერი ან დიდი დოზის მიღება?
აქ შეიძლება რამდენიმე მიზეზი იყოს. მაგალითად, შესაძლოა არის რაღაც დაავადება, რომელიც არასწორად არის ნამკურნალევი, არასტეროიდი ანუ ტკივილგამაყუჩებელი კი გამოიყენება მხოლოდ სიმპტომურად, ხსნის ტკივილის სიმპტომს, მაგრამ ძირითადი დაავადება, რომელიც იწვევს ტკივილს, ვითარდება თავისი გზით, უარესდება და რაღაც ეტაპზე ტკივილგამაყუჩებელი ვეღარ აქრობს იმ სიმპტომსაც.
არის კიდევ მეორე მომენტი – მედიკამენტებით გამოწვეული თავის ტკივილი, ანუ გართულებული თავის ტკივილი, რომელიც წამლების (ანალგეტიკების) ჭარბი მოხმარებით არის გამოწვეული.
დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში ცალკე პუნქტად არის გამოყოფილი მედიკამენტების ზედოზირებით გამოწვეული თავის ტკივილი.
როცა პაციენტი თავისი შეხედულებისამებრ, დიდი რაოდენობით და ხანგრძლივად იყენებს ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას, შემდგომ უკვე ეს საშუალებები მეორადად იწვევენ თავის ტკივილს. ყველაზე ხშირად ეს დაძაბვის ტიპის თავის ტკივილის და შაკიკის დროს ხდება. თითქოს ამ საშუალებების გარეშე არ შეუძლია პაციენტს, მოიხმარს ძალიან დიდი რაოდენობით, მაგრამ თავის ტკივილი მაინც რჩება და ეს უკვე სხვაგვარ მიდგომას საჭიროებს – ტკივილგამაყუჩებლებიდან გეგმურად უნდა მოიხსნას პაციენტი, სხვა მედიკამენტის ფონზე და ექიმის გარეშე ამას პაციენტი ვეღარ იზამს.
თავის ტკივილი წამლის მიღებისთანავე არ ვითარდება, თითქოს რაღაც პერიოდი მედიკამენტი აყუჩებს ტკივილს და შემდგომ უფრო ძლიერად აღმოცენდება ხოლმე, ქრონიკულ ხასიათს იღებს, მანკიერი წრე ვითარდება: პაციენტი წამალს იღებს – ტკივილი კვლავ აღმოცენდება, ტკივილის გამო ისევ წამალს იღებს და ასე შემდეგ.
რა ზოგადი რეკომენდაციები არსებობს ტკივილგამაყუჩებლების გამოყენებასთან დაკავშირებით?
ანალგეტიკების ეპიზოდური გამოყენებას არ სჭირდება ექიმის ჩარევა. არც რეცეპტი სჭირდება ანთების საწინააღმდეგო ისეთ საშუალებებს, როგორიცაა: პარაცეტამოლი, ასპირინი, იბუპროფენი… ოღონდ საუბარია ეპიზოდურ გამოყენებაზე, როცა პაციენტს არ უწევს მათი გამოყენება, დავუშვათ, კვირაში 5-6 დღის განმავლობაში, თვეში 15 დღეზე მეტ ხანს ან ყოველდღიურად.
თუ პაციენტი ამჩნევს, რომ ვერ აყუჩებს თავის ან სხვა ტკივილს, ან ტკივილი გაივლის, მაგრამ ძალიან სწრაფად ბრუნდება/ისევ აღმოცენდება, მაშინ უნდა დადგინდეს მიზეზი – შესაძლოა ქრონიკული დაავადება გამწვავდა და პაციენტი ვეღარ არეგულირებს. ან დასადგენია, რაღაც სხვა მიზეზი ხომ არ არის, იგივე მენსტრუალური ტკივილის დროს, ხომ არ არის რაღაც პროცესი, რასაც სჭირდება ექიმის ჩარევა და მკურნალობა სხვა მედიკამენტებით, გარდა ტკივილგამაყუჩებლისა.
ფაქტობრივად, ტკივილი არის რაღაც დაავადების სიმპტომი და ხშირად, თუ ეს დაავადება ქრონიკულია, გარდა ტკივილგამაყუჩებლებისა, საჭიროა მკურნალობა. რადგან სწორედ ასეთ შემთხვევაში ხდება ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების დიდი დოზით, ხანგრძლივად გამოყენება, ყველა შემთხვევაში, გზა მაინც ექიმთან მიდის.
შესაბამისად, თუ პაციენტი ეპიზოდური მიღებით ვერ არეგულირებს ტკივილს, ესე იგი, საჭიროა ექიმის ჩარევა.
თირკმლისა და ღვიძლის ქრონიკული დაავადებების დროს ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მიიღოს პაციენტმა ტკივილგამაყუჩებლები. ასევე, ორსულებისთვის არ არის მიზანშეწონილი გარკვეული მედიკამენტების, მათ შორის, ანალგეტიკების მიღება, განსაკუთრებით ორსულობის მე-20 კვირის შემდგომ, როცა გარკვეულწილად იზრდება სისხლდენის რისკი. ამიტომ ორსულობის მე-20 კვირის შემდგომ ანალგეტიკების მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით შეიძლება.
ბაქოდან ბათუმის მიმართულებით ავიარესიები განახლდა.
დღეს, 3 ივნისს, „აზერბაიჯან ეარლაინსმა“ პირველი რეისი შეასრულა პანდემიის შემდეგ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, ბაქოდან 100-მდე მგზავრი ჩამოფრინდა.
ავიარეისები ბაქოდან ბათუმის მიმართულებით და პირიქით, ივნისის ბოლომდე კვირაში ორჯერ, ივლისიდან კი კვირაში სამჯერ შესრულდება.
ივნისში ბათუმი-ბაქოს მიმართულებით ბილეთის ფასი 115-135 ევროა [ეკონომკლასი].
ტურიზმის დეტარტამენტის ცნობით, წელს ბათუმის მიმართულებით ფრენა დაიწყო ხუთმა ახალმა ავიაკომპანიამ: Airbaltic-მა, Flydeal-მა, Jordan Aviation-მა, Aseman-მა და Uzbekistan Airways-მა. მათ შორის ავიაკომპანიებმა Airbaltic-მა და Uzbekistan Airways-მა ფრენები წელს პირველად რიგადან და ტაშკენტიდან შეასრულეს.
ივნისში ბათუმის მიმართულებით 300-მდე ფრენაა დაგეგმილი 12 ქვეყნიდან.
_______________
ფოტოზე: „აზერბაიჯან ეარლაინსის” თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში. ფოტო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი
მარიუპოლში რუსმა სამხედროებმა პროპაგანდისტული სიუჟეტის გადაღებისას საცხოვრებელ სახლებს ესროლეს. ნანგრევების გაწმენდისას კი იქ 6 ადამიანის ცხედარი აღმოჩნდა.
ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველი პიოტრ ანდრიუშენკო ტელეგრამში წერს.
მისი თქმით, ვიდეოსიუჟეტს ტელეკომპანია Russia Today-სთვის იღებდნენ. გადაღების დროს ტანკმა პირდაპირ, დამიზნებით ესროლა მოქალაქეთა საცხოვრებელ სახლებს პაშკოვსკის ქუჩაზე და პირველი მაისის გამზირზე.
მერის მრჩევლის ინფორმაციით, როდესაც რუსებმა ამ რაიონების ნანგრევებისგან გაწმენდა დაიწყეს, ერთ-ერთი სახლის ქვეშ, რომელსაც სიუჟეტისთვის ესროლეს, 6 ადამიანის ცხედარი აღმოჩნდა – 5 კაცის და 1 ქალის. ცხედრები სოფელ ვინოგრადნოეში საძმო საფლავში დამარხეს.
მისივე ინფორმაციით, ერთი კვირის წინ მარიუპოლში, ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე, 70 დაღუპულის ცხედარი იპოვეს.
ქალაქი მარიუპოლი მთლიანად ოკუპირებულია. უკრაინული მედიის ცნობით, განადგურებულია დაახლოებით 85 ათასი ადამიანის საცხოვრებელი სახლი, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, წინასწარი გათვლებით მარიუპოლში დაახლოებით 22 ათასი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა.
მარიუპოლი მარტის დასაწყისიდან რუსეთის ალყაში იყო. მაისის პირველ კვირაში, გაეროს დახმარებით, უკრაინამ „აზოვსტალიდან“ მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია მოახერხა, 16 მაისს კი ქარხნიდან მარიუპოლის დამცველთა გაყვანა დაიწყო. დაახლოებით 1700 უკრაინელი სამხედრო ახლა სეპარატისტული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმყოფება. რა ბედი ეწევათ მარიუპოლის მცველებს, უცნობია. უკრაინის ხელისუფლება მათ რუს ტყვეებში გაცვლას გეგმავს.
_________________________
მთავარ ფოტოზე: კადრი ვიდეოდან. პიოტრ ანდრიუშენკოს ტელეგრამ არხი
ქობულეთში, ისპანის ტორფნარზე საფეხმავლო ბილიკის მოწყობასა და არსებული ხიდების რეკონსტრუქციაში აჭარის ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება.
„ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე, ისპანის ტორფნარზე, ეკოტურიზმისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით საფეხმავლო ბილიკის [700 მეტრი] მოწყობაზე და არსებული ორი ხიდის რეკონსტრუქციაზე“ ტენდერი აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ გამოაცხადა.
წინადადებების მიღება 2022 წლის 19 ივნისს დაიწყება და ხუთ დღეში, 24 ივნისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო/სატენდერო ღირებულებაა 548 ათასი ლარი.
პირობის მიხედვით, სამუშაოები 2022 წლის 15 ნოემბრამდე უნდა დასრულდეს.
სააგენტოს ინფორმაციით:
„ისპანის ტორფნარები ზღვის სანაპიროდან სულ რაღაც 500 მეტრში მდებარეობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ტურისტების მოზიდვის, ასევე მომიჯნავე ტერიტორიების მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.
ქობულეთის დაცული ტერიტორია, რომლის ფართობი 770 ჰექტარია, ორ მთავარ ზონას მოიცავს: ისპანი 2 – სფაგნუმიან ტორფნარს, ანუ სახელმწიფო ნაკრძალს და ისპანი 1 ტორფნარი – აღკვეთილი. სწორედ ისპანი 2 ნაკრძალი წარმოადგენს იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ადგილს, ისპანი 1 კი ბუფერულ ზონად განიხილება, სადაც შესაძლებელია ვიზიტორების მოზიდვა და ინფრასტრუქტურული განვითარება. მისი ფართობი დაახლოებით 1 (ერთი) ჰექტარია. ბუფერულ ზონად განიხილება ასევე ისპანი 2 ტორფნარის განაპირა ტყის ვიწრო ზოლი.
2021 წელს ა(ა)იპ – ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ, ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, მოამზადა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს გარემოსთან ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკების, გადმოსახედი კოშკურის, მოსასვენებელი კოტეჯის, ავტოპარკინგისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობას.
შემუშავებული სრული პროექტიდან სააგენტო გეგმავს მხოლოდ საჩრდილობლით და სკამებით საფეხმავლო ბილიკის (700 მეტრი) მოწყობას და არსებული ხიდების რეკონსტრუქციას.
სრული პროექტი გამარჯვებულს გადაეცემა ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.“
ისპანის ტორფნარი, როგორც ბუნებრივი მემკვიდრეობა, გამორჩეული ადგილია, რომლის მსგავსი მსოფლიოში არსად არის:
2021 წელს მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებს, ასევე, კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს, UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.
მკვლევრის, ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომლის, იზოლდა მაჭუტაძის თქმით: „ეს არის ცოცხალი ეკოსისტემები [მაგალითად, ტორფნარებში ტორფის წარმოქმნის პროცესი დღესაც მიმდინარეობს]. ის, რომ მსგავსი ეკოსისტემა მსოფლიოში არ არის, მეცნიერული კვლევებით იქნა დამტკიცებული.“
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.3 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის წლიური ინფლაციის მაჩვენებლების თანახმად, საქართველოში ფასები გაიზარდა:
ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე – 51.1 პროცენტი;
პურსა და პურპროდუქტებზე – 34.5 პროცენტი;
მინერალური და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალური წვენებზე – 23.5 პროცენტი;
ხილსა და ყურძენზე – 23.3 პროცენტი;
თევზეულზე – 19.4 პროცენტი;
ზეთსა და ცხიმზე – 17.7;
რძეზე, ყველსა და კვერცხზე – 16.0 პროცენტი;
შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე – 15.4 პროცენტი;
ხორცსა და ხორცის პროდუქტები – 9.6 პროცენტი.
საქსტატის ცნობით, ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 20.0 პროცენტით, რაც 2.42 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (25.2 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (12.9 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3.0 პროცენტი).
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 2022 წლის 14 აპრილს საიას წარმოებაში არსებულ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სახელმწიფოს ზიანის ანაზღაურება დააკისრა. კერძოდ, სამივე ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფო ვალდებულია აუნაზღაუროს მორალური ზიანი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალის დედას, ვისი შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანაც სახელმწიფომ თავიდან ვერ აიცილა.
„მსხვერპლი ქალი მეუღლის (და შემდგომ ყოფილი მეუღლის) მხრიდან განიცდიდა სისტემატურ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, რომლისგან დასაცავადაც, 5 წლის მანძილზე, მას 16-ჯერ ჰქონდა მიმართული სამართალდამცავი ორგანოებისთვის.
ამის მიუხედავად, სახელმწიფო უწყებებმა არ გამოიყენეს კანონით გათვალისწინებული ეფექტიანი ღონისძიებები. 2017 წლის თებერვალში მსხვერპლი გარდაცვლილი იპოვეს და მისი ყოფილი მეუღლე პასუხისგებაში მისცეს თვითმკვლელობამდე მიყვანის გამო (თუმცა უზენაესმა სასამართლომ სისხლის სამართლის საქმე საბოლოდ ოჯახში ძალადობად გადააკვალიფიცირა)“, – წერს საია.
საიამ გარდაცვლილი პირის დედის სახელით მიმართა სასამართლოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურისგან მოითხოვა მორალური ზიანის ანაზღაურება – „ვინაიდან სახელმწიფო ორგანოებმა ვერ შეძლეს მისი შვილის სიცოცხლის უფლების დაცვა, მიუხედავად დახმარების თხოვნით 16-ჯერ მიმართვისა“.
საიას განცხადებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს დააკისრა.
„საქმე სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა, რომელმაც ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მიიჩნია, რომ ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელია როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ისე – გენერალური პროკურატურა, ვინაიდან პროკურატურამ სათანადოდ არ შეაფასა მსხვერპლის არაერთი მიმართვა, მოძალადის ქმედებები და არ მიიღო კანონით გათვალისწინებული ზომები მოძალადის პასუხისმგებლობის დროულად დასაყენებლად. სააპელაციო სასამართლოში საქმე მოსამართლე შოთა გეწაძემ განიხილა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ და გენერალურმა პროკურატურამ არ აღიარეს დარღვევა და გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს, სადაც, ქვედა ინსტანციების მსგავსად, ამტკიცებდნენ, რომ კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ და ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ ეკისრებოდათ“, – აცხადებს საია.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (მომხსენებელი მოსამართლე – ქეთევან ცინცაძე) მათი არგუმენტები არ გაითვალისწინა და საჩივრები დაუშვებლად ცნო. შესაბამისად, ძალაში დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურისთვის დაკისრებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
საია მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უკიდურესად მნიშვნელოვანია, „ვინაიდან, როგორც ფემიციდის სხვა ფორმების (როგორიც არის განზრახ მკვლელობა) შემთხვევაში, თვითმკვლელობამდე მიყვანის დროსაც სახელმწიფო ორგანოებს უნდა ეკისრებოდეთ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, როცა მათ იცოდნენ ან უნდა სცოდნოდათ მსხვერპლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკი და არ დაიცვეს იგი მათ ხელთ არსებული საშუალებებით.
საქმე საქართველოსთვის პრეცედენტულია, როდესაც აღნიშნულ საკითხს სასამართლო თვითმკვლელობამდე მიყვანის თავიდან აცილების კონტექსტში მიმოიხილავს (წარსულში საიამ მსგავსი საქმეები განზრახ მკვლელობის, როგორც ფემიციდის ფორმის, შესახებ აწარმოა)“, – წერს საია.
მათივე განცხადებით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასევე იმის გამო, რომ იგი ეფუძნება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით (სიცოცხლის უფლება) გათვალისწინებულ ვალდებულებებს, სტამბოლის კონვენციის, CEDAW-ს კომიტეტის ზოგად კომენტარებს და გვთავაზობს არგუმენტაციას ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის სიღრმისეულ მიმოხილვაზე დაყრდნობით.
„აღნიშნული სტანდარტების ეროვნული სასამართლოების მიერ გამოყენება ნიშანდობლივია საქართველოს სასამართლო პრაქტიკის პროგრესული განვითარებისა და მართლმსაჯულების სისტემის მიერ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანი როლის შესასრულებლად – რისი ცხადი მაგალითიც არის აღნიშნული საქმე“.
საიას ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალის დედის სახელით საქმეს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს, სადაც საია და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი დავობენ, ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევაზე.
„მიუხედავად ეროვნული სასამართლოს მიერ მიღებული პროგრესული და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან შესაბამისი გადაწყვეტილებისა, საქმე ევროპულ სასამართლოში გრძელდება – ვინაიდან, ევროპული სასამართლოს პრეცედეტული სამართლის თანახმად, მორალური ზიანის ანაზღაურება არ არის საკმარისი სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებათა ისეთი მძიმე დარღვევისთვის, როგორიც კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებია“, – წერს საია.
აშშ-ის დაზვერვის მაისის ანგარიშის მიხედვით, ვლადიმერ პუტინს კიბოს უკანასკნელი სტადია აქვს და მან აპრილში მკურნალობის კურსი გაიარა. ამერიკული Newsweek-ი წერს, რომ ეს ინფორმაცია გამოცემას დაუდასტურა დაზვერვის სამმა მაღალჩინოსანმა, რომლებიც ანგარიშს იცნობენ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მაღალი რანგის თანამდებობის პირები, რომლებიც დაზვერვის სამ სხვადასხვა სააგენტოს წარმოადგენენ, შეშფოთებულნი არიან, რომ თავისი მდგომარეობის გამო, პუტინი მთელი ძალით ებღაუჭება ძალაუფლებას, რაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს არაპროგნოზირებადს ხდის. მეორე მხრივ, მათი თქმით, არსებულ ვითარებაში, ბირთვული ომის საფრთხე ნაკლებად სავარაუდოა.
ეს პუტინის ჯანმრთელობაზე დაზვერვის უკვე მეოთხე ანგარიშია, თუმცა უცნობია, როდის მომზადდა პირველი სამი. მეოთხე ანგარიში, Newsweek-ის ცნობით, ორი კვირის წინ მომზადდა და მასში ნათქვამია, რომ რუსეთის პრეზიდენტი სასიკვდილოდ ავადაა.
გამოცემის წყაროები მიუთითებენ, რომ რუსეთის ლიდერის იზოლაცია აშშ-ის დაზვერვისთვის მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კიდევ უფრო დაზუსტებული ცნობების მოპოვებას ძალიან ართულებს.
„რაც ჩვენ ვიცით, არის ის, რომ იქ არის მთელი აისბერგი, თუმცა ის მთლიანად ნისლშია,“ – ეუბნება Newsweek-ს ერთ-ერთი თანამდებობის პირი.
„პუტინი ნამდვილად ავადაა… მალე მოკვდება თუ არა, ეს უკვე სპეკულაციაა. ის ჯერ კიდევ საშიშია და თუკი მოკვდება, მერეც ქაოსი იქნება. ამაზე უნდა ვფოკუსირდეთ და ვიყოთ მზად“, – უთხრა გამოცემას კიდევ ერთმა წყარომ, სამხედრო დაზვერვის მაღალჩინოსანმა.
დოკუმენტებში საუბარია იმაზეც, რომ პუტინზე მარტში თავდასხმა განხორციელდა.
გამოცემის ცნობით, დაზვერვამ გაანალიზა საჯარო გამოსვლებისა და შეხვედრების დროს პუტინის ქცევა, რომელიც, მათი თქმით, ადასტურებს, რომ კრემლის ლიდერი მართლაც ავადაა.
Newsweek-ი ასევე აქვეყნებს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კომენტარს, რომელიც გამოცემამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ წერილობით მიიღო და მასში მოგვიანებით ჩაამატა – „ცნობები, რომ დაზვერვის მსგავსი შეფასებები არსებობს ან ისინი წერილობითი სახით მომზადდა პრეზიდენტისთვის, სიმართლეს არ შეესაბამება“.
რუსეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე საერთაშორისო მედიაში არაერთხელ დაიწერა. 28 მაისს ტაბლოიდურმა გამოცემა Mirror-მა გამოაქვეყნა მასალა რუსეთის ეფ-ეს-ბეს ოფიცერზე დაყრდნობით. მედიასაშუალების წყარო იუწყებოდა, რომ პუტინს კიბოს მძიმე და სწრაფად პროგრესირებადი ფორმა აქვს. სტატიაში ნათქვამი იყო, პუტინი კარგავს მხედველობას და ვერ იჩერებს კიდურების კანკალს.
იგივე ინფორმაცია გაავრცელა მაისის დასაწყისში კრემლთან დაახლოებულმა ოლიგარქმაც, რომლის კომენტარებიც ასევე Mirror-მა გაავრცელა.
კიდევ ერთმა ბრიტანულმა გამოცემამ, Independet-მა გამოაქვეყნა MI6-ის ყოფილი ხელმძღვანელის, სერ რიჩარდ დირლავის ვარაუდი, რომ „2023 წლისთვის, პუტინი არა ხელისუფლებაში, არამედ სანატორიუმში იქნება“.
მსგავსი კომენტარები ბრიტანეთის დაზვერვის კიდევ ერთმა ყოფილმა თანამდებობის პირმა, კრისტოფერ სტილმაც გააკეთა. მისი თქმით, რუსეთის ლიდერი სულ უფრო ხშირად ტოვებს შეხვედრებს სამედიცინო დახმარების მისაღებად.
„უშიშროების საბჭოს შეხვედრები, რომლებიც, როგორც წესი, თითქმის მთელი საათი გრძელდება ხოლმე, ახლა რამდენიმე ნაწილადაა დაყოფილი. პუტინს მუდმივად თან ახლავს ექიმების ჯგუფი“, – უთხრა LBC რადიოს კრისტოფერ სტილმა, რომელიც 2016 წლის აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე მომზადებული დოსიეს ავტორია.
პუტინის ჯანმრთელობაზე სპეკულაციების მიზეზად მისი შეხვედრების რამდენიმე ვიდეოჩანაწერი იქცა. Independent-ი იხსენებს პუტინის შოიგუსთან შეხვედრას და აღნიშნავს, რომ 12 წუთის განმავლობაში, რუსეთის პრეზიდენტი მაგიდას ეჭიდებოდა. ტაჯიკეთის და ბელარუსის პრეზიდენტთან შეხვედრისას კი გაუჩერებლად ამოძრავებდა ფეხს.
პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მასზე თავდასხმაზე გავრცელებულ ცნობები, „უკრაინსკა პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა. ის აღნიშნავდა, რომ პუტინის მოკვლა ნამდვილად სცადეს, თუმცა უშედეგოდ.
სილქნეტის მობილურ ქსელში ჩართულ მომხმარებელს, ზაფხულის პირველი სილქფესტის ფარგლებში, შესაძლებლობა აქვს სასურველი შეთავაზება 3 ივნისს გაიაქტიუროს.
აბონენტი კოდით *202# ან აპლიკაციით My Silknet მთელი თვით ჩაირთავს ერთ ან რამდენიმე პაკეტს:
1 000 ადგილობრივი წუთი – 12₾
25 000 MB უსწრაფესი ინტერნეტი – 16₾
ულიმიტო ინტერნეტი + ულიმიტო სასაუბრო დრო – 33₾
სიახლე! – უკვე შესაძლებელია სილქფესტის შეთავაზებები სხვასაც გაუაქტიუროთ საკუთარი ბალანსიდან, იგივე კომბინაციის *202# გამოყენებით. სილქფესტის აქციები განკუთვნილია ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის. გაიგეთ მეტი სილქფესტის შესახებ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 ივნისის 21 საათიდან 4 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8 -13 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 24 – 29 გრადუსი
ღამით: 15 – 20 გრადუსი
შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია:
დღისით: 23 – 28 გრადუსი
ღამით: 8 – 13 გრადუსი
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 5-6 ივნისს, საღამოს და ღამის საათებში აჭარაში ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.
დღეს, 2022 წლის 3 ივნისს მე-100 დღეა მას შემდეგ რაც რუსთი უკრაინაში შეიჭრა. მხარეები ყოველდღიურად ანახლებენ იმფორმაციას მოწინააღმდეგის სამხედრო დანაკარგებზე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 3 ივნისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 30 950 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +100]
ტანკი – 1 367 ერთეული [+4]
ჯავშანტექნიკა – 3 366 ერთეული [+12]
საარტილერიო სისტემა – 675 ერთეული [+14]
MLRS – 207 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 95 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 210 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 175 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 535 ერთეული [+14]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 121 ერთეული [+1]
გემი/ნავი – 13 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 2 329 ერთეული [+4]
სპეცტექნიკა – 51 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 3 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
186 თვითმფრინავი
129 ვერტმფრენი
1 087 უპილოტო საფრენი აპარატი
328 საზენიტო სარაკეტო სისტემა
3 386 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
462 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
1 760 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
3 376 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 100 დღის წინ, 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მე-100 დღეს, თავის სადაზვერვო ცნობარს, დიდი ბრიტანეთის დაზვერვა რუსეთის სტრატეგიულ გეგმებსა და მისი შესრულების შეფასებას უძღვნის.
უწყება აღნიშნავს, რომ რუსეთის ძალებმა ვერ შეძლეს თავდაპირველი მიზნების მიღწევა და კიევისა და უკრაინის სახელისუფლო ცენტრების დაკავება. აგრესიული ოპერაციის მოგერიებას ხელი შეუწყო როგორც უკრაინის მტკიცე წინააღმდეგობამ, ისე იმ ფაქტორმა, რომ პირველი 24 საათის განმავლობაში, რუსეთის ძალებმა ვერ შეძლეს გოსტომელის აეროპორტის შენარჩუნება.
„მას შემდეგ, რაც არასწორი გათვლებისა და ცუდი შესრულების გამო, თავდაპირველი გეგმა ჩავარდა, რუსეთმა თავისი ოპერატიული ამოცანები შეცვალა და მიზანში დონბასი ამოიღო“, – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.
„რუსეთი ახლა ტაქტიკური წარმატების მიღწევას დონბასში ცდილობს“ – უწყება აღნიშნავს, რომ რუსეთის ძალები ლუგანსკში უპირატესობას ინარჩუნებენ.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის ინფორმაციით, რუსეთი აკონტროლებს ლუგანსკის ოლქის 90 %-ს და სავარაუდოდ, უახლოეს ორ კვირაში სრულ კონტროლსაც მოიპოვებს.
„მოსკოვმა ამ ტაქტიკურ წარმატებას მიაღწია დიდი მსხვერპლის ფასად, იმის ხარჯზე, რომ თავისი ძალები და შეტევა მთლიანად ერთ კონკრეტულ ტერიტორიაზე მიმართა“, – წერს დაზვერვა და უკვე 100 დღიანი ომის საერთო შედეგებს ასე აფასებს:
„რუსეთმა ვერ შეძლო შეტევის გაგრძელება სხვა ფრონტებსა და მიმართულებებზე, დანარჩენ ადგილებში ის თავდაცვაზეა გადასული.
თავდაპირველ გეგმასთან შედარებით, მან ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია. იმისთვის, რომ რუსეთმა რაიმე წარმატება მოიპოვოს, მას დასჭირდება მუდმივი და უზარმაზარი ინვესტიციები პირად შემადგენლობასა და აღჭურვილობაში, რაც მნიშვნელოვან დროს მოითხოვს“.
ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში მიმდინარე ბრძოლებზე წერდა დიდი ბრიტანეთის დაზვერვა 2 ივნისის განახლებაში. უწყების ცნობით, რუსეთის სამხედრო ძალებისთვის ახლა მთავარი მდინარე სევეროდონეცკის გადალახვაა, ბუნებრივი ბარიერის, რომლის დაძლევაც რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„სურვილი როგორ არ მქონდა, ხომ გაგიგონიათ, ჯარისკაცი რის ჯარისკაცია, გენერლობაზე თუ არ ოცნებობსო. მეც მინდოდა სრული პროფესორობა, მაგრამ…“ – გვითხრა ასისტენტ-პროფესორმა ნუნუ ნაკაშიძემ, რომელიც 1995 წლიდან მუშაობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ერთ-ერთია იმ პროფესორ ქალებს შორის, რომელმაც კარიერული წინსვლა ასისტენტ-პროფესორის საფეხურზე შეაჩერა.
საქართველოს მასშტაბით ბევრად მეტი პროფესორი ქალია, ვიდრე კაცი, თუმცა სრული პროფესორები ანუ მაღალ საფეხურზე, ძირითადად, კაცები არიან.
გენდერული უთანასწორობა ქვეყანაში ცხადადაა ასახული პროფესორთა გენდერულ გადანაწილებაშიც, სფეროში, სადაც, წესით, პრობლემის ანალიზი, ასევე, უფლებების დაცვა, უნდა სურდეთ და შეეძლოთ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2021-2022 წლების მონაცემებით, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სრული პროფესორი კაცის რაოდენობა სრული პროფესორი ქალის რაოდენობას 571-ით აღემატება, მაშინ, როდესაც, ზოგადად, პროფესორი ქალების რაოდენობა 764-ით აჭარბებს პროფესორი კაცების მაჩვენებელს, ანუ ქვეყანაში უფრო მეტი პროფესორი ქალია, ვიდრე კაცი, თუმცა მაღალ პოზიციებს ქალები არ იკავებენ.
პროფესორისთვის ყველაზე დაბალი აკადემიური თანამდებობა ასისტენტ-პროფესორია, შემდეგია – ასოცირებული პროფესორი, ბოლოს – სრული პროფესორი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სრული პროფესორის თანამდებობას იკავებს 1144 ქალი და 1715 კაცი, ასოცირებული პროფესორია 2647 ქალი და 1869 კაცი, ხოლო ასისტენტ-პროფესორია 1104 ქალი და 547 კაცი.
კაცები რომ ნაკლებად ჯერდებიან ასისტენტ-პროფესორის თანამდებობას, ამას აჩვენებს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაჩვენებელიც – აქ 50 ქალი ასისტენტ-პროფესორია, კაცი – 15.
ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2022 წლის მდგომარეობით, სულ 42 სრული პროფესორი კაცია, ქალი – 24. ასოცირებული პროფესორი ანუ შუა საფეხურზე, 88 ქალია, 56 – კაცი.
„ქალისთვის ოჯახი პირველია. რომ მიაღწიო აკადემიურ წარმატებას, ბევრი შრომაა საჭირო, როცა ოჯახი გყავს, დრო აღარ გრჩება, არჩევანის წინაშე დგები: ან ერთი უნდა აირჩიო, ან მეორე. ძირითადად ასეა – ქმარს უწყობს ხელს ცოლი. ცოლი ქმრის მხარეს არის, ასეა ხო?“ – გენდერული მოდელის დადასტურებას ითხოვს ასისტენტ-პროფესორი, ნუნუ ნაკაშიძე, მოდელის, რაც ამ უსამართლო მოცემულობას პროფესორებშიც ქმნის.
ნუნუ ნაკაშიძე ბსუ-ს აგროეკოლოგიის და სატყეო საქმის დეპარტამენტში მუშაობს. ამ დეპარტამენტში სულ 6 პროფესორია, მათ შორის, მხოლოდ ორი კაცია. ორივე კაცი სრული პროფესორია. ქალები ასისტენტ-პროფესორები არიან ან ასოცირებული პროფესორები.
„არავითარ შემთხვევაში ეს უსამართლობა არ არის,“ – კატეგორიული პოზიცია აქვს ნუნუ ნაკაშიძეს, თუმცა შემდეგ მთლიანად უნივერსიტეტის და ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების მონაცემებს ვაცნობთ და ვეკითხებით: მაშ, რა გამოდის ამ სტატისტიკით, კაცებს უკეთესი ინტელექტუალური მონაცემები აქვთ?!
„რა თქმა უნდა, არა. იცით, არც დავფიქრებულვარ აქამდე ასე, არ მიფიქრია ამ პრობლემაზე, სხვას ექნება ალბათ პასუხი…“, – გვითხრა მან და პაუზის შემდეგ დასძინა: „არა უშავს, მთავარია, მშვიდობა გვქონდეს, მომავლისთვის წაიწევენ წინ ქალები“.
ოჯახს და დროის გადანაწილების პრობლემას ასახელებს კარიერაში შემაფერხებელ მთავარ ფაქტორად ლეილა ცეცხლაძე. ის ბსუ-ს ბიზნესადმინისტრირების დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორია და 2013 წლიდან იკავებს ამ თანამდებობას. ლეილა ცეცხლაძე მიიჩნევს, რომ საქმე უსამართლობასთან გვაქვს:
„მამაკაცებს მეტი დრო აქვთ. ქალებს – ოჯახიო, შვილები, გადანაწილება გვიწევს ყველაფრის, თორემ ჩვენ უფრო ნიჭიერები გამოვდივართ. ამდენ საქმეს ვასწრებთ და კიდევ პროფესორი, ამდენ პრობლემას ვუმკლავდებით ერთდროულად, ეს ხომ ფაქტია?! მამაკაცები კი, კონცენტრირებულნი არიან მხოლოდ ერთ საკითხზე,“ – გვითხრა ლეილა ცეცხლაძემ.
ლეილა ცეცხლაძის დეპარტამენტშიც სრული პროფესორის ორივე თანამდებობას კაცები იკავებენ.
„მაგრამ მე აუცილებლად წინსვლაზე მაქვს პრეტენზია…. ოჯახური ამბები მქონდა, ყველაფერს თავისი პირობა უნდა, საკონკურსო პირობებს უნდა აკმაყოფილებდე, ვაპირებ, რომ შევიტანო განაცხადი ასოცირებული პროფესორის პოზიციაზე,“ – აღნიშნა ლეილა ცეცხლაძემ „ბათუმელებთან“.
„ძირითადად ქალებს დაკარგული აქვთ თვითრწმენა, მათ არ აქვთ არჩევანის თავისუფლება,“ – საკუთარ დაკვირვებას გვიზიარებს თამილა თურმანიძე, ისიც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორია და დისერტაცია 2017 წელს ამ თემაზე დაიცვა: „ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობები და მათი რეალიზაციის ტენდენციები საქართველოში“.
თამილა თურმანიძე გვიყვება, რომ იგი საქართველოს სხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ ქალებსაც ესაუბრა, რამაც დაუტოვა განცდა, რომ გენდერულ სტერეოტიპებთან დაპირისპირება ყველაზე რთულია.
„ძირითადად პროფესორი ქალები ფიქრობენ, რომ დრო არ ეყოფათ, რაც სჭირდება აკადემიურ, კარიერულ წინსვლას… საზოგადოებაში კი გაბატონებულია მოსაზრება ქალის როლზე ოჯახში. იმისთვის, რომ გახდე სრული პროფესორი, საჭიროა კვლევების ჩატარება, სტატიები უნდა გამოაქვეყნო, მონოგრაფიები. ქალს კი ამდენი დრო აღარ აქვს. ოჯახიდან თუ არის ხელშეწყობა, მაშინ ხდება ქალი სრული პროფესორი,“- ამბობს თამილა თურმანიძე.
კვლევის ავტორი ხაზს უსვამს იმასაც, რომ გენდერული სტერეოტიპი „ქალური“ და „კაცური“ სფეროების სახით ევროპის ქვეყნებშიც შეიმჩნევა, თუმცა არა ასეთი სხვაობით და სიმწვავით, როგორც საქართველოშია და პირდაპირ ქალების მიმართ უსამართლო დამოკიდებულებას აჩვენებს. ასისტენტ-პროფესორი ყურადღებას აქცევს კიდევ ერთ გარემოებას:
„ევროპის ქვეყნების მსგავსად, ჩვენთანაც, მაგალითად, განათლება უფრო „ქალურ საქმედ“ არის მიჩნეული, ქართულ სკოლებში აბსოლუტური უმრავლესობა ქალია, თუმცა დირექტორები ხშირად კაცები არიან. აქაც კი შეიმჩნევა გენდერული სტერეოტიპების გავლენა,“ – ამბობს ის.
„იმ დროს, როცა ქალმა უნდა დაიწყოს მუშაობა სრული პროფესორის პოზიციის დასაკავებლად, ის რჩება ბავშვებთან“, – იმ ფაქტორს, რომ ასისტენტ-პროფესორად გახდომის დროს ქალები ძირითადად 30-35 წლის არიან, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ნათია წიკლაშვილი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი.
მას ვთხოვეთ, გაეხსენებინა, რა სირთულეები შეხვდა თავის გზაზე სრულ პროფესორობამდე.
პირველ რიგში, პროფესორს ახსენდება ნიჭიერი ქალები, რომლებსაც კარიერულ წინსვლაზე უარის თქმა მოუხდათ.
„ძირითადად თვლიან, რომ ქალისთვის ოჯახი, ქმრის და შვილების მოვლა უფრო ღირებულია, ვიდრე თუნდაც აკადემიური საქმიანობა. თვლიან, რომ ქალმა თუ ასისტენტ-პროფესორის პოზიციამდე მიაღწია, ეს უკვე დიდი და საკმარისი მიღწევაა,“ – პრაქტიკას აღწერს ნათია წიკლაშვილი.
„როცა ქალი ხდება ასისტენტ-პროფესორი, ეს ხშირად ის დროა, როცა მისი შვილები პატარები არიან. ამ დროს ქალებს ჩემთვის ბევრჯერ უთქვამთ, რომ აღარ სურთ, დაიღალნენ. მეუბნებიან, რომ ურჩევნიათ შვილებთან გაატარონ დრო. ჩვენ გვყავს ოჯახებიც ქვეყანაში, სადაც ქალი ასისტენტ-პროფესორია, კაცი – სრული პროფესორი. ეს გავლენები იმდენად დიდია, რომ ხშირად ქალი ჩერდება და კაცის კარიერულ წინსვლას უწყობს ხელს.
მე 2002 წელს მქონდა დისერტაციის დაცვა და იმ დროისთვის თბილისში მიწევდა ხშირად ჩასვლა, ბავშვს ყოველთვის ვერ ვტოვებდი და თან დამყავდა, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ძალიან დიდი იყო ოჯახური მხარდაჭერა – ისინი ხედავდნენ ჩემს მოტივაციას და მეუბნებოდნენ, რადგან შენ ასე გინდა, უნდა მიხვიდე ბოლომდეო.
ბევრჯერ მისაუბრია სტუდენტ ქალებთან, როცა ისინი კარიერული წინსვლის გაგრძელებას აღარ აპირებდნენ და შემდეგ ბევრჯერ გამიხარია „ზეწოლამ“ რომ შედეგი გამოიღო,“ – გვიყვება ნათია წიკლაშვილი.
პროფესორის აზრით, სპეციალური პოლიტიკის შემუშავებაა საჭირო, რომ მეცნიერი ქალების წახალისება მოხდეს.
„პირველ რიგში, თავად ქალებმა უნდა გაითავისონ, რომ ბავშვების გაზრდა და ოჯახური პრობლემების მოგვარება მხოლოდ ქალის ტვირთი არ არის და სოლიდარულად უნდა მოგვარდეს ოჯახის პრობლემები. რაც მახარებს, არის ის, რომ უკვე დაოჯახების ასაკმა გადაიწია – 20 წლის ასაკში ნაკლებად ოჯახდებიან უკვე.
პოლიტიკის შემუშავებაა საჭირო, დამატებით დროის მიცემა იგივე კვლევებისთვის, ასევე ფინანსური წახალისება, მაგალითად, მეცნიერი ქალისთვის, რომ მან კარიერული განვითარება შეძლოს,“ – აღნიშნა ნათია წიკლაშვილმა „ბათუმელებთან“.
პირველი ივნისიდან ხულოში საზაფხულო იალაღებზე მგზავრთა ტრანსპორტირების პროგრამა დაიწყო.
დაბა ხულოდან ყოველ დღე, დღეში ერთხელ, დილის რვა საათზე გავა ტრანსპორტი, ხოლო მთიდან საღამოს 6 საათზე დაბრუნდება.
ხულოს მერიის ცნობით, ამ ეტაპზე, აღნიშნული გრაფიკით, მხოლოდ ერთი მიკროავტობუსი იმოძრავებს ბეშუმისა და ბეშუმის მიმდებარე იალაღებისკენ.
10 ივნისიდან მიკროავტობუსი ივლის დიდაჭარისა და ვაშლოვანის იალაღებისკენ და მერიის ინფორმაციით, ეტაპობრივად დაემატება მიკროავტობუსები სხვა მიმართულებებითაც.
საზაფხულო იალაღებზე მგზავრთა ტრანსპორტირების პროგრამის თანადამფინანსებელია ხულოს მერია. გასულ წელს პროგრამას ხულოს მერია 30 000 ლარით აფინანსებდა, წელს 35 000 ლარით დააფინანსებს, თუმცა, გასული წლებისგან განსხვავებით ხულოს საზაფხულო იალაღებზე ტრანსპორტი უფასო აღარ იქნება.
წელს მგზავრობის საფასური მგზავრებისთვის 3 ლარი იქნება. მგზავრობის ეს ტარიფი იქნება ტურისტებისთვისაც.
იგივე პროგრამით მოიალაღებისთვის მგზავრობა წინა წლებში უფასო იყო. რატომ გახდა წელს მგზავრობა ფასიანი? – ვკითხეთ ხულოს მერიას.
როგორც ხულოს მერიაში გვითხრეს, წელს პროგრამისთვის მერიის მიერ გამოყოფილი თანხის გაზრდის მიუხედავად ხულოს მთებში მიმავალ მგზავრებს 3 ლარის გადახდა იმიტომ უწევთ, რომ 2022 წლისთვის რეისების რაოდენობა გაიზარდა და მიკროავტობუსი ხულოს ყველა მთაზე მდებარე იალაღებისკენ ივლის.
მოსამართლე კოტე ჭილაიამ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა მილიონერ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს. სასამართლო სხდომა დღეს, 2 ივნისს ჩატარდა.
გალიფ ოზთურქი გუშინწინ, 31 მაისს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სპეცოპერაციის დროს დააკავა. იმის მიუხედავად, რომ გამოძიება გუშინწინ ფინანსურ დანაშაულებზე საუბრობდა, დღეს, 2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ოზთურქს ოფიციალურად მხოლოდ ნარკოდანაშაულის ჩადენას ედავებიან – სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი ბინიდან დაახლოებით 7 გრამი კოკაინი ამოიღეს.
ეს ითვალისწინებს 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას.
„ქართულ სოფელში დავიბადე და ბავშვობიდან მაქვს საქართველოს სიყვარული… ჩემი პირველივე ინვესტიცია საქართველოში განვახორციელე“, – მიმართა მოსამართლეს ბრალდებულმა გალიფ ოზთურქმა. – „ბევრი თურქი ბიზნესმენი გაოგნებულია ამით, რაც ახლა ხდება, გაოცებული არიან… როგორ შეიძლება ასეთი რამ? ჩემი სახლი საქართველოშია, სად უნდა გავიქცე? მზად ვარ ვითანამშრომლო“, – თქვა ბიზნესმენმა და ვინაიდან მის ნათქვამს თარჯიმანი თურქულიდან ქართულ ენაზე პარალელურ რეჟიმში თარგმნიდა, დარბაზში ბრალდებულის პოზიციის სრულად გაგება შეუძლებელი გახდა.
ოზთურქმა მოსამართლეს უთხრა, რომ მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს – საქართველოს და თურქეთის.
„ეს იყო შეცდომა, რაც გაირკვევა აუცილებლად, მას არ ჩაუდენია ეს დანაშაული“, – უთხრა მოსამართლეს ადვოკატმა იოსებ ბარათაშვილმა.
„ნარკოტიკული ნივთიერება, რაც ამოიღეს, არავითარი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის“, – აღნიშნა ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა.
„ჩხრეკის დროს ოზთურქი ადგილზე იყო, ჩხრეკას ესწრებოდა მისი ადვოკატიც“, – თქვა პროკურორმა დავით ჭარბაძემ.
„ვესწრებოდი, მაგრამ დარღვეული იყო პროცედურები“, – უპასუხა პროკურორს ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა და ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ თუკი ოზთურქი ციხეში იქნება, „ეს საქმე იმოქმედებს საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზეც“. ადვოკატის თქმით, შესაძლოა, უმუშევარი დარჩეს დაახლოებით 3 ათასი ადამიანი, ვინც ახლა ოზთურქის ბიზნესკომპანიებში მუშაობს.
პროკურორმა დავით ჭარბაძემ კი, თავის სიტყვაში თქვა, რომ არსებობს ბრალდებულის მიმალვის საფრთხე, თუ მას გირაოს საფუძველზე გაათავისუფლებენ. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ბრალი წარდგენილი არაა, მაგრამ გამოძიება დაწყებულია ფინანსურ დანაშაულებზე, რაც ეხება გალიფ ოზთურქის ათამდე კომპანიას.
„გამოსაკითხი პირების უმრავლესობა ამ კომპანიებში დასაქმებული პირები არიან. მან შესაძლოა ზემოქმედება მოახდინოს მითითებულ პირებზე“, – აღნიშნა პროკურორმა.
„აბსურდია და რაც მთავარია, კანონით დაუშვებელია პირის დევნა იმ გარემოებების გამო, რაც ბრალში განსაზღვრული არ არის, ეს არის მხოლოდ ბრმა ვარაუდი და დაუსაბუთებელი მოთხოვნა“, – პროკურორს მიმართა ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა.
ადვოკატებმა მოსამართლეს აჩვენეს კლინიკა „მედინას“ მიერ გაცემული ჯანმრთელობის ცნობაც.
„ფაქტობრივად მას გადაადგილებაც უჭირს“, – დასძინა დავით ჩავლეიშვილმა.
ბრალდებულის ადვოკატებმა მოსამართლეს შესთავაზეს ერთი მილიონი ლარი გირაოს სანაცვლოდ ბრალდებულის გათავისუფლება.
„სასამართლოს შეუძლია, თუკი საჭიროდ ჩათვლის, გაზარდოს ეს თანხა, ის საქართველოს და თურქეთის მოქალაქეობის პასპორტებსაც ჩააბარებს“, – დაამატა დავით ჩავლეიშვილმა.
„ეს საქმე შეკერილია… იქ, სადაც თითქოს ამოიღეს ეს ნარკოტიკული ნივთიერება, იყო საკონფერენციო ოთახი, სადაც უამრავი ადამიანი ხვდება. ჩვენ არ ვეთანხმებით ბრალს“, – მიმართა მოსამართლეს ოზთურქის კიდევ ერთმა ადვოკატმა, თენგიზ კახიძემ და შემდეგ ესეც აღნიშნა:
„არ არსებობს საქველმოქმედო ღონისძიება საქართველოში, რაშიც გალიფ ოზთურქს შეტანილი არ აქვს წვლილი… არ არსებობს სხვა ბიზნესმენი, ვისაც მსგავსი მასშტაბის პროექტები აქვს განხორციელებული ჩვენს ქვეყანაში, ეს დითირამბები სულაც არ არის“, – თქვა თენგიზ კახიძემ.
„ნარკოტიკული ნივთიერება ამოღებულია დუპლექსის ტიპის საცხოვრებელი ბინიდან, ეს იყო საცხოვრებელი სივრცე“, – ადვოკატ თენგიზ კახიძის ნათქვამს რეპლიკით გამოეხმაურა პროკურორი დავით ჭარბაძე.
„როგორ გავა ქვეყნიდან, თუკი ორივე პასპორტს ჩაგაბარებთ?“ – პროკურორს მიუბრუნდა სხვა ადვოკატი.
„ისევ თავისი ფინანსების გამოყენებით“, – თქვა პროკურორმა.
რატომ გახდა საჭირო სპეცოპერაცია, თუკი ვერცერთ ფინანსურ დანაშაულებზე ბრალი ვერ წარუდგინეთ ოზთურქს? – ვკითხეთ პროკურორს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.
„ეს არ იყო სპეცოპერაცია. ჩატარდა კანონით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებები, გამოძიება გრძელდება“, – გვიპასუხა პროკურორმა დათო ჭარბაძემ.
რა ვერსია აქვს თავად ოზთურქს? – ბრალდებულის ადვოკატებმა კონკრეტული ვერსიების გაჟღერებისგან თავი შეიკავეს.
„ვეცნობით საქმის მასალებს და შემდეგ შევიმუშავებთ დაცვის მხარე პოზიციას,“ – გვითხრა უკვე დაცარიელებულ დარბაზში ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა.
22 წლის გოგო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან ქართულ ფილოლოგიას და ქიმიას სწავლობს ილიას უნივერსიტეტში. გვიყვება, რომ ქართულის კარგად შესასწავლად დრო და ბევრი შრომა დასჭირდა.
შოღიკ მშეციანმა ქართული, როგორც უცხო ენა ისე ისწავლა: მის თემში არავინ ლაპარაკობდა ქართულად – ნინოწმინდაში, მის სოფელში, სათხეში, ქართულენოვანი მოსახლეობა არ ცხოვრობს:
„ჩემთვისაც ისე რთული იყო ქართულის სწავლა! ვიცოდი მხოლოდ წერა-კითხვა და ვერ ვლაპარაკობდი. 1+4 პროგრამითაც მხოლოდ ერთი წელია ენის სასწავლებლად მოსამზადებელი კურსი და ეს ძალიან ცოტაა. ამ ხნის განმავლობაში ენას ვერ სწავლობ ისე, რომ კარგად შეძლო კომუნიკაცია. ამ ყველაფერს ემატებოდა ისიც, რომ არ ვარ კომუნიკაბელური. ვიჯექი და ვკითხულობდი ქართულად“ – ამბობს შოღიკი.
იგი ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს ილიაუნიში და მესამე კურსზეა, თუმცა სწავლა ქიმიის ფაკულტეტზეც დაიწყო და ერთდროულად ფილოლოგიც იქნება და ქიმიკოსიც. შოღიკი ამბობს, რომ მისი არჩევანი ნინოწმინდაში მასწავლებლების ნაკლებობამ განაპირობა:
„ჩვენს რეგიონში თითქმის არ არიან ქიმიის და ფიზიკის მასწავლებლები, შესაბამისად, არავინ სწავლობს ამ საგნებს სკოლაში კარგად. ამიტომ გადავწყვიტე, ქიმიის ფაკულტეტზეც მესწავლა. ერთი წელი ვისწავლე, სტატუსი დროებით შევაჩერე და როცა ფილოლოგიის ფაკულტეტს დავამთავრებ, გავაგრძელებ ქიმიის მიმართულებაზე სწავლას.
მარტივი არ იყო ჩემთვის ფილოლოგიის მიმართულებაზე სწავლის დაწყება. ბევრი წიგნი მქონდა წაკითხული ქართულად, მაგრამ როცა ეთნიკურად არაქართველი ხარ და ქართული უცხო ენასავით გაქვს ნასწავლი, ვერ იგებ ქვეტექსტებს. ბევრი შრომა გავწიე, ბევრი ვიკითხე ენის ასე გასაგებად. თბილისის 55-ე სკოლაში ახლა პრაქტიკას გავდივარ“ – გვიყვება შოღიკი.
იგი არასამთავრობო ორგანიზაციების, PITA-სა და USAID-ის საქმიანობაშიცაა ჩართული. 2018 წლიდან PITA-ს წევრია და ერთვება სხვადასხვა აქტივობაში. 2020 წელს, როცა პანდემიისას ყველაფერი დაიკეტა, შოღიკი ინტეგრაციის პროცესში ეხმარებოდა ბავშვებს ეთნიკური უმცირესობების თემიდან, რომლებსაც საქართველოს სხვადასხვა კუთხის ქართულ ოჯახებში უნდა ეცხოვრათ დროებით.
USAID-ის პროექტით შოღიკი სომხური თემის სკოლებში ატარებს კვლევებს იმის გასაგებად, თუ როგორ სწავლობენ ბავშვები სომხურ, ქართულ ენებსა და მათემატიკას.
„ჩემი კლასიდან, როცა სკოლა დავამთავრე, მხოლოდ სამმა გააგრძელა სწავლა ქართულ უნივერსიტეტებში, დანარჩენები რუსეთსა და სომხეთში წავიდნენ ან სოფელში დარჩნენ.
წელს ჩემი ძმა ამთავრებს სკოლას, კლასში ცხრამეტნი არიან, მაქსიმუმ 4 აპირებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებას, ისიც არ ვიცით, მოხვდებიან თუ არა, ჯერ გამოცდები უნდა ჩააბარონ.
ჩვენთან, ნინოწმინდაში ამბობენ, რომ თუ სოფელში გინდა გქონდეს სამსახური, მედდა ან მასწავლებელი უნდა გახდე, ეს ორი საქმეა მარტო ჩვენთან.
ნინოწმინდაში ცხოვრება ძნელია, ზამთარი 8-9 თვე გრძელდება, მამაკაცების უმრავლესობა რუსეთში მიდის სამუშაოდ, რადგან ქართული არ იციან და აქ ვერ საქმდებიან.
რუსეთში ჯავახეთიდან კაცები ძირითადად მშენებლობებზე საქმდებიან. კარგ ფულს შოულობენ იქ. ვინც რუსეთში მუშაობს და კარგად უხდიან, მათ ოჯახებს მერე საქონლის ყოლა აღარ სჭირდებათ.
ვისაც საქონელი ჰყავს ჯავახეთში, ჰყავს ბევრი: 10-15 სული მაინც და ეს ძალიან რთულია, ბევრი შრომა გიწევს, თან გყავს ქათმებიც, ცხვრებიც… მარტო საქონელი არავის ჰყავს. ამას გარდა ჰექტრობით უნდა დაამუშაო მიწა კარტოფილისთვის, დათესო და აიღო. რთულია მოკლედ“ – ამბობს შოღიკი.
შოღიკის დედა ისტორიის მასწავლებელია, ბებია – გეოგრაფიის.
„უნივერსიტეტს რომ დავამთავრებ, მეც მასწავლებელი ვიქნები: ქართულის და ქიმიის. ვინ იცის, კიდევ რამის სწავლა თუ არ მომინდა, ვნახოთ“ – ამბობს 22 წლის გოგო ნინოწმინდიდან.
განსაკუთრებულ ძალისხმევას არ მოითხოვს სქემის გაშიფვრა, რომლის მიხედვითაც ბათუმში მრავალსართულიან კორპუსს, სახლს ან სასტუმროს მერიის გვერდის ავლით ანუ უკანონოდ აშენებენ. დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, არსებობს მარტივი გზა უკანონოდ აშენებულის დასაკანონებლად – თუმცა ამაზე შეიძლება მოგვიანებით იზრუნო, როცა მოიცლი, საჩქარო არაფერია.
მანამდე კი უკანონოდ აშენებულ შენობას „თავად მიიღებ“ ექსპლუატაციაში – გახსნი სასტუმროს ან გაყიდი ბინებად და ახალ მესაკუთრეებს აქ ცხოვრების დაწყების საშუალებას მისცემ, ეს მომავალში უკანონოდ აშენებული შენობის დაკანონების გამარტივებაში დაგეხმარება.
არსებობს კიდევ ერთი გზა, თუ მიწის ნაკვეთის პარამეტრები მხოლოდ 8-სართულიანი სახლის აშენების ნებართვის მიღების საშუალებას გაძლევს და შენ 10 სართული მაინც გინდა, არა უშავს – მიიღე 8-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა და 10 სართული ააშენე. სანამ მერია „შეგამჩნევს“, სახურავის გადახურვასაც მოასწრებ.
თუ მაინც და მაინც გაიგეს – ვინმემ ფოტო გამოაქვეყნა, გიჩივლა ან მედიამ დაწერა, ბოლოს და ბოლოს ჯარიმას გადაიხდი. ეს შენ მიერ აშენებული ასობით კვადრატიდან მაქსიმუმ სამი კვადრატის ფასი დაგიჯდება, შეიძლება – არც.
ჩვენ პრაქტიკული მაგალითებით მოგიყვებით რამდენიმე მეთოდზე, რასაც ბათუმში წარმატებით იყენებენ. თუმცა თავად არ სცადოთ, გაგიმართლებთ თუ არა პირადად თქვენ, ეს არ ვიცით. მართალია, სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურები ამ ყველაფერს არ ხედავენ, თუმცა თქვენ შეიძლება მალე დაგინახონ – თუ ამის მოგვარება არ შეგიძლიათ, როგორც ექსპრემიერი გახარია იტყოდა „ქართულ ჯიგრულ პონტში“, ან სხვაგვარად. გახსოვდეთ, რომ ეს უკანონობაა.
დამკვიდრებულ პრაქტიკაზე რომ გავაგრძელოთ – უკანონოდ აშენებული კარკასი ბინებად რომ გაყიდო, ამისთვის დოკუმენტი დაგჭირდება. ამას საჯარო რეესტრში მიიღებ – უკანონოდ აშენებული ფართობს აქ დაარეგისტრირებ. რეესტრში ამბობენ, რომ არ არიან ვალდებულები არკვიონ ფართობის მშენებლობის კანონიერება, რადგან საჯარო რეესტრი მხოლოდ მარეგისტრირებელი ორგანოა და ასეთ შემთხვევაში უწყებისთვის მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი და შენობის ნახაზიც საკმარისია.
„მიწის ნაკვეთზე ფაქტობრივად არსებულ შენობა-ნაგებობაზე უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია უზრუნველყოფს საკადასტრო მონაცემების ფაქტობრივ მდგომარეობასთან შესაბამისობას, ხოლო თუ ფაქტობრივად არსებული შენობა-ნაგებობა უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტია, მის ექსპლუატაციაში მიღება/დაკანონებაზე ან დემონტაჟზე უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“, – განგვიმარტეს საჯარო რეესტრში.
რა ხდება ამის შემდეგ? – შენობას გაასხვისებ, გაყიდი მას ბინებად. ახალი მესაკუთრე კი კანონის შესაბამისად კეთილსინდისიერი შემძენია და მისთვის ყველა საჭირო სერვისის მისაწვდომობაზე ზრუნვა ისევ სახელმწიფოს ვალია. რაღა დარჩენია მერიას? – უკანონოდ აშენებული უნდა დააკანონოს, ამას თავისი სურვილით არ აკეთებს, მაგრამ რა ქნას, სასამართლო მაინც მოსთხოვს და უარს რა აზრი აქვს [ეს მერიის არგუმენტია].
პირად საუბარში მშენებლები ამბობენ, რომ მათ მერიაშიც კი ურჩევენ – „სასამართლოში გარკვევას“.
უკანონო მშენებლობებზე „ბათუმელები“ ხშირად წერს. ახლა შეგახსენებთ რამდენიმე შემთხვევას, რომლებზეც ადრე ვწერდით და თან მოგიყვებით, როგორ გადაწყდა მათი ბედი. ეს კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, რომ ზემოთ ნათქვამი ყველა წინადადება ბათუმში კარგად დამკვიდრებული უკანონო მშენებლობის შესაძლებლობის სქემის ნაწილია.
8 სართული უკანონოდ – თავდადებულის #48
თავდადებულის #48-ში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის ზონაში, აშენებული 8-სართულიანი კორპუსი მესაკუთრემ საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა. შემდეგ კი ამ ქონებაზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნით, ყადაღაც გაჩნდა – მიზეზი მოვალეთა რეესტრი იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ მესაკუთრეს შეეძლო ქონება მოვალეებისთვის გადაენაწილებინა ვალის დაფარვის, შესაბამისად ყადაღის მოხსნის მიზნით.
მომავალი მესაკუთრეები კეთილსინდისიერ შემძენებად ჩაითვლებოდნენ. ასეც მოხდა, ახლა ამ შენობას რამდენიმე მესაკუთრე ჰყავს.
8 სართულის უკანონოდ აშენებამდე თამარ როყვამ 2016 წელს 201 კვადრატული მეტრი მიწა დაირეგისტრირა ბათუმში, თავდადებულის #48ა-ში. ამ ნაკვეთთან ერთად მან დაირეგისტრირა ასევე შენობა-ნაგებობები, ჯამში 172.07 კვ.მეტრი.
2019 წლის მარტის ჩათვლით ამ მისამართზე [იმავე საკადასტრო კოდზე] ისევ იგივე ფართობები ფიქსირდებოდა, ოქტომბერში კი შენობა-ნაგებობების მასშტაბი უცებ გაიზარდა და იმავე მიწის ნაკვეთზე 843,33 კვადრატული მეტრი ქონება გაჩნდა.
„ბათუმელებმა“ უკანონო მშენებლობის შესახებ პირველად, 2019 წლის პირველ ოქტომბერს დაწერა, 10 ოქტომბერს კი რეესტრმა თამარ როყვას ამ მისამართზე 843.33 კვადრატული მეტრი ფართობი დაურეგისტრირა. როგორც განაცხადშია მითითებული, თამარ როყვამ რეესტრს წარუდგინა შენობის აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსია და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. მშენებლობის კანონიერების რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი მას რეესტრისთვის არ წარუდგენია. არ დასჭირვებია.
რეგისტრაციის ერთ-ერთ საფუძვლად ამხანაგობა „თავდადებული 48“-ის კრების ოქმია მითითებული, რომელიც 2015 წლით თარიღდება. თუმცა უკანონოდ აშენებული ფართობი რეესტრმა მაინც დაარეგისტრირა.
2020 წლის იანვარში თამარ როყვამ რეესტრს კიდევ ერთი რეგისტრაციისთვის მიმართა და ამ მისამართზე მისი ქონება 1125.61 კვადრატულ მეტრამდე გაიზარდა, სადაც ასევე აღნიშნულია კონკრეტული სართულების ფართობების შესახებ ცალ-ცალკე.
რა თქვეს ამ უკანონობაზე მერიაში? – აი, ეს: „ჩვენ მივმართეთ რეესტრს რეგისტრაციის შეჩერების მოთხოვნით, მანამდეც და მას შემდეგაც, რაც დაურეგისტრირა. მაინც დაურეგისტრირა. რატომ, ვერ გეტყვით. ამაზე უფრო კომპეტენტურად, ალბათ, რეესტრი გიპასუხებთ.“
რა განმარტეს რეესტრში? – რომ არ აქვთ ვალდებულება შენობის კანონიერება არკვიონ.
თავდადებულის #48
ათი სართული რვის ნაცვლად – ჰაიდარ აბაშიძის #19
შპს „ძმების სახლმა“ ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაში, 10-სართულიანი, მრავალბინიანი სახლის მშენებლობა დაასრულა. არადა, ბათუმის მერიას კომპანიისთვის მხოლოდ 8-სართულის მშენებლობის ნებართვა ჰქონდა გაცემული. კომპანიამ ამ მისამართზე მშენებლობა თავიდანვე უნებართვოდ დაიწყო, მოგვიანებით დამრღვევ მშენებელს ნებართვა მისცეს და კ2-იც გაუზარდეს.
ყველაფერი 4000 ლარად მოგვარდა.
მშენებლობა ბათუმის ბულვარში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე
შპს „ამბასადორი ბათუმმა“ ძველ ბულვარში ორი სართული უკანონოდ ააშენა. შემდეგ კი შეცვალა პროექტი და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიმართა – თანხმობა უპრობლემოდ მიიღო.
შპს „ამბასადორი ბათუმმა“ ბულვარის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ნებართვა 2018 წელს მოიპოვა. ეს ნებართვა მაშინ 4-სართულიანი გამაჯანსაღებელი ცენტრის აშენებას გულისხმობდა. მშენებლობის პროცესში შეთანხმებული პარამეტრები კომპანიამ ბევრჯერ დაარღვია, ყველა დარღვევა პროექტში ცვლილებაზე თანხმობით დაუკანონეს.
„ამბასადორი ბათუმის“ პროექტი ახლა 18-სართულიანია, რასაც თავისი ვერტმფრენის დასაფრენიც ემატება.
ხიმშიაშვილის #15 ბ
„ორბი“ ბათუმში, ხიმშიაშვილის #15 ბ-ში, უკანონოდ აშენებდა, ვიდრე მოსახლეობამ საპროტესტო აქციები არ მოაწყო – კომპანიას მშენებლობის ნებართვა არ აქვს. იმ ნებართვას, რომლითაც კომპანიამ აქ მშენებლობა დაიწყო, ვადა აქვს გასული. გარდა ამისა, კომპანიამ 2010 წელს დამტკიცებული პროექტის სანებართვო პირობებიც დაარღვია და მომიჯნავე ნაკვეთზე მცხოვრებლებს პირდაპირ ფანჯრებთან ამოუშენა კედლები.
გოგოლის #11 ბ
გოგოლის #11ბ-ში უკანონო მშენებლობას მოსახლეობა აქციებით აპროტესტებდა, თუმცა ის მაინც დასრულდა. 2021 წლის 17 დეკემბერს ბათუმის მერიამ აღსრულების ეროვნულ ბიუროს აცნობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებისშესახებ, რომლის მიხედვითაც ბათუმში, გოგოლის ქუჩაზეუკანონოდ კორპუსების მშენებლობაუნდა შეჩერებულიყო.
ამას შედეგი არ მოჰყოლია.
მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა უკანონოდ მიმდინარეობდა, საზოგადოებას დიდხანს არ ჰქონდა პასუხი კითხვაზე, რას აშენებდა ნაკვეთის მესაკუთრე ბათუმში, გოგოლის #11ბ-ში, ავტოსადგურ „მეტროს“ მიმდებარედ. მოგვიანებით კი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გვითხრა: „ჩვენ ვიცით, რა შენდება“.
გიორგი ბრწყინვალის #42
ბათუმში 15-სართულიანი სასტუმრო უკანონოდ ააშენეს – მერიაში პროექტიც კი ვერ იპოვეს. მერიაში განმარტეს, რომ აქ მხოლოდ პირველი კლასის სამუშაოზე აქვთ ნებართვა გაცემული [პირველი კლასის სამუშაო გულისხმობს ფასადზე კარის, ვიტრაჟის ან ფანჯრის შეცვლას, აივნის შეფუთვას მსუბუქი კონსტრუქციით].
როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, მერიიდან გამოთხოვილი დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ შენობაზე, რომლის ნებართვასაც მერიაში ვერ პოულობენ, მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა ფასადის რეკონსტრუქცია შეითანხმა. როგორ? ყველაფერი კანონის შესაბამისადაა? – ამ კითხვებზე განმარტება თავად მერს პრესსამსახურის დახმარებით ვთხოვეთ.
განმარტება ვერ მივიღეთ. ამ თემაზე ვრცლად წაიკითხეთ აქ.
4 უკანონო რესტორანი ბათუმის სანაპიროზე, „ქართულ ჯიგრულ პონტში“
ბათუმში, ზღვასთან ახლოს, რესტორნების მესაკუთრეებმა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებზე შუშით შეფუთული დარბაზები მიაშენეს. ამ დარბაზების წინ კი ზღვაში პირსები გაიყვანეს, სადაც ღია კაფეები მოაწყვეს მერიასთან შეთანხმებისა და ყოველგვარი ნებართვის გარეშე.
არც მთავრობა, არც პარლამენტი – რატომ არავინ იწუხებს თავს
ეს ყველაფერი, რაზეც ზემოთ ვწერდით, კარგად იციან მთავრობაშიც და საქართველოს პარლამენტშიც, მაგრამ თავს არავინ იწუხებს, რომ რაიმე შეიცვალოს. არც მას შემდეგ შეწუხებულა არავინ, როცა მაშინ მოქმედმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ თქვა, რომ ასე ფული კეთდება: „მორჩა მარტო ფულის კეთების დრო, ბათუმს სჭირდება განაშენიანების გეგმა“
„გეთანხმებით, რომ შეიძლებოდა სწრაფად დარეგულირებულიყო ეს ყველაფერი. პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს ამისთვის,“ – უპასუხა „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ „ბათუმელების“ კითხვას 7 კორპუსის უკანონოდ აშენებაზე ბათუმში.
გასულ წელს, 26 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტში კულტურის კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრმა არმაზ ახვლედიანმა კომიტეტის თავმჯდომარეს, ელისო ბოლქვაძეს ჰკითხა ბათუმის ბულვარში „ამბასადორის“ მშენებლობაზე.
არმაზ ახვლედიანის თქმით, ის უკვე რამდენიმე თვეა, რაც კომიტეტის თავმჯდომარეს სთხოვს აღნიშნული საკითხი განხილვაზე დააყენოს, რაზეც ამ დრომდე პასუხი ვერ მიიღო.
„გავიდა რამდენიმე თვე და მე არც კი მინდა ვთქვა, რამდენი გავიდა. მგონი საპარლამენტო სეზონიც დასრულდება, პერსპექტივა არ ჩანს ამ საკითხის და მე ვერ ვხვდები რატომ? რა გახდა ასეთი?
და ბოლოს – ბათუმში უკანონო ცემენტის ქარხანაც გვაქვს
ფიროსმანის ქუჩაზე, ბათუმის ცენტრში, ზღვისპირას, კომპანია „ორბის“ ე.წ. ბეტონის ქარხანა უკანონოდ ფუნქციონირებს. ეს ქარხანა დასახლებაში მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, საწარმო პირდაპირ საცხოვრებელ კორპუსებს შორის დგას და გარემოს აბინძურებს – მტვერს აფრქვევს.
ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის ახალი შენობის „პროექტი მასშტაბურია, პროექტირების ყველა ეტაპი დასრულდა. პარალელურად, მიმდინარეობს მშენებლობის ნებართვის მოპოვების პროცესი. ტენდერი გამოცხადდება უახლოეს პერიოდში“, – მოგვწერეს „ბათუმელებს“ აჭარის განათლების სამინისტროდან დღეს, 2 ივნისს.
სკოლის ახალი შენობის პროექტირება რომ დასრულდა, სამინისტრომ ამის შესახებ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში განაცხადა:
აქედან ერთ თვეში კი, თებერვალში, სამინისტროში განაცხადეს, რომ „ახალი შენობის პროექტზე მშენებლობის ნებართვის მიღების პირველი ეტაპი დასრულებულია და მიმდინარეობდა სანებართვო პროცედურების მეორე ეტაპი“.
მშენებლობის ნებართვის გამცემი ბათუმის მერიაა. პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ სკოლის ტერიტორიაზე სამუშაოების ჩატარების ნებართვის გაცემა იმიტომ ჭიანურდება, რომ დასანგრევი შენობის გვერდით მდებარე ხუთსართულიანი კორპუსიც ავარიულია.
„ბათუმელებმა“ სცადა ამ საკითხის დაზუსტებაც.
ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში გვითხრეს, რომ მე-16 სკოლის ტერიტორიასთან ახლოს ავარიული კორპუსი არ დგას, თუმცა მაიაკოვსკის ქუჩა 3ა-ში მდებარე კორპუსის ავარიულობაზე კვლევა უნდა ჩატარდეს. „შემოსული განცხადების საფუძველზე ეს შენობა გადავეცით კვლევაზე. სხვა ავარიული კორპუსი სკოლის მიმდებარედ არ დგას“, – გვითხრეს სამმართველოში.
მე-16 სკოლის ტერიტორია [მონიშნულია მწვანედ] და მიმდებარე ტერიტორია – მაიაკოვსკის ქუჩა 3ა – [წითლად], სადაც მდებარეობს საცხოვრებელი კორპუსი, რომლის ავარიულობა დასადგენია.რაც შეეხება მშენებლობის ნებართვას, ქალაქის მერიაში „ბათუმელებს“ დღეს, 2 ივნისს, უთხრეს, რომ მე-16 საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობის ნებართვაზე „გადაწყვეტილება მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი“.
აჭარის განათლების სამინისტროში სამი თვის წინ ასევე განაცხადეს, რომ:
„პროექტი ორწლიანია, შესაბამისად, ახალი შენობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის ვადაში უნდა აშენდეს.
მშენებლობის ღირებულება, პროექტის მიხედვით, 14 942 791 ლარია.
რა თანხის სამუშაოები შესრულდება 2022 წელს, ეს ტენდერის გამოცხადების დროისთვის დაზუსტდება.“
„აზოვსტალი მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი. ლეგენდარულად იქცა უკრაინელი ჯარისკაცების გმირობა, რომლებიც ორ თვეზე მეტს იცავდნენ ქალაქს.
თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ ქალაქის მცველების დასახმარებლად აგზავნიდნენ ვერტმფრენებს, რომელთა ეკიპაჟებიც გმირულად უპირისპირდებოდნენ რუსულ ავიაციასა და ანტი-საჰაერო თავდაცვას და მიჰქონდათ ალყაში მყოფი ქარხნის მცველებისთვის იარაღი, ტყვია-წამალი, მედიკამენტები და საკვები“, – წერს უკრაინული გამოცემა „ინფორმატორი“ და აქვეყნებს ინტერვიუს ერთ-ერთ მფრინავთან, რომელიც მარიუპოლის მცველების მომარაგების ოპერაციებში მონაწილეობდა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის თქმით, სწორედ მისი უწყება ხელმძღვანელობდა საიდუმლო ოპერაციას, ხოლო მარიუპოლელი ჯარისკაცების დასახმარებლად მთლიანობაში ვერტმფრენი 16-ჯერ გაფრინდა.
„ეკიპაჟს ცოტა დრო ჰქონდა ყველა ნიუანსის აღქმისა და გარკვევისთვის. ეს პლუსიც იყო, რადგანაც დროის მოკლე მონაკვეთში დაზვერვა მათ ბევრ საჭირო მონაცემსა და ინფორმაციას აწვდიდა“, – ამბობს იგი.
ოპერაციაში მონაწილე პილოტი ჰყვება, რომ თითოეული გაფრენა ინდივიდუალური იყო – „ვიღაცას მოსამზადებლად კვირები ჰქონდა, ვიღაცას კი ერთი დღე ან სულაც რამდენიმე საათი“.
„საჭირო იყო ტვირთის მიტანა მოწინააღმდეგის ტერიტორიის სიღრმეში, [საფრენი] 100 კილომეტრზე მეტი იყო. მთელ მანძილზე იყო მტრის ანტი-საჰაერო თავდაცვა. ტაქტიკისა და ყველა მათემატიკური გამოთვლის თანახმად [ოპერაციის შესრულება], არათუ რთული, შეუძლებელი იყო. მაგრამ, პრაქტიკამ აჩვენა, რომ ყველაფრის შესრულება გამოგვივიდა“, – ამბობს იგი.
სამხედრო პირის ცნობით, მხოლოდ ვერტმფრენის დაშვების წერტილთან იყო სამი სხვადასხვა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, რომელიც ზონას ფარავდა.
„როგორც წესი, ვცდილობთ გვერდი ავუაროთ ანტი-საჰაერო თავდაცვის დაფარვის ზონას, მაგრამ არის დავალებები, როცა ამის გაკეთება შეუძლებელია – მაგალითად, მარიუპოლში ტვირთის ჩატანა ან დაჭრილების ევაკუაცია. ჩვენთვის მთავარია ვიცოდეთ ყველა ბუნებრივ თუ ხელოვნურ წინააღმდეგობაზე, რათა მათ ხელი შეგვიწყონ და არა შეგვიშალონ“, – ჰყვება პილოტი.
ოპერაციაში მონაწილე სხვა პილოტი მონაყოლით კი, ყველა აცნობიერებდა რისკს და იცოდა, რომ მონაწილეთა 90% უკან ვეღარ დაბრუნდებოდა.
„როცა ეს დავალება პირველად მოგვცეს, ხელმძღვანელმა გვითხრა: „სამოქალაქო პირების, ან სხვა ადამიანების რამდენ სიცოცხლედ აფასებთ თქვენს სიცოცხლეს? რამდენი ადამიანი უნდა დაიღუპოს, რომ გაიგოთ, რომ თქვენი სიცოცხლე ამად ღირს?“ მართლაც გვესმოდა, იქ რა ხდებოდა“, – იხსენებს პილოტი.
მისი თქმით, ოპერაციის ყველა მონაწილე რისკზე მიდიოდა, რადგანაც ესმოდა, თუ რისთვის და ვისთვის აკეთებდნენ ამას.
„ყველაზე მეტად მაშინ ნერვიულობ, როცა ასაფრენად ვერტმფრენამდე მიდიხარ. როცა მარიუპოლში აღმოვჩნდით, ხალხი ჩამოვსვით და ტვირთიც დავტოვეთ, ეიფორიის გრძნობა მქონდა. უკანა გზაზე, აფრენიდან სამ წუთში, ჩემს ვერტმფრენს, რომელშიც 20 დაჭრილი იყო, რაკეტა მოხვდა, ძრავა ჩაქრა“, – იხსენებს იგი.
პილოტი ასევე ჰყვება სხვა ვერტმფრენზე, რომელიც მათ უკან მიფრინავდა, თუმცა ჩამოვარდა – ეკიპაჟიდან ვერავინ გადარჩა. ეკიპაჟის ყოველ წევრს დოკუმენტშიც უწერია, რომ აფრენაზე და დაშვებაზე გადაწყვეტილებას პირადად იღებს.
„არის უამრავი ნიუანსი, როცა გადაწყვეტილების მიღება შეგიძლია, თუნდაც რთული ამინდის გამო. მიუხედავად იმისა, რომ [აფრენაზე] უარის სათქმელად ათი მიზეზი იყო, ყველა ვასრულებდით [დავალებას]“, – ამბობს ოპერაციის მონაწილე.
რატომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბავშვის ადრეული განათლება მისი შემდგომი პიროვნული განვითარებისთვის? – ამ თემაზე დღეს, 2 ივნისს, ისაუბრა ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე, ბავშვის ადრეული განათლებისა და ზრუნვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას.
კონფერენციას ესწრებოდნენ ამ სფეროს როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი სპეციალისტები.
„მე არ ვარ განათლების ექსპერტი, მე ვარ ნეირომეცნიერი, ამიტომ ამ საკითხს ვუყურებ როგორც ნეირომეცნიერი. აქედან გამომდინარე, როგორც მომავალი პიროვნების ჩამოყალიბების და თავისუფალი, პასუხისმგებლიანი საზოგადოების ჩამოყალიბების გულშემატკივარი.
6 წლამდე ყალიბდება ის, რაც არის შემდგომში ფუნდამენტი პიროვნების და ადამიანის. 6 წლამდე ადამიანის თავის ტვინი არის მოწყვლადი და პატარა ფსიქოლოგიური ტრავმაც კი, უბრალოდ კლავს ნეირონს.
მეორე მხრივ, 6 წლამდე ტვინი არის უაღრესად მოქნილი და ძალიან ბევრი რაღაცის შეწოვა შეუძლია. იმიტომ, რომ ჩვენი ტვინი რეალურად არის კავშირები და ვსწავლობთ ამ კავშირებით. თუ არ დაკავშირდა ბავშვობაში რაღაცები, ის მერე აღარ დაკავშირდება, თუ გაიარა სენსიტიურმა პერიოდმა და ეს კავშირები გაგვექცა. ამიტომ არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადრეული განათლება“, – ამბობს თამარ გაგოშიძე.
მისი თქმით, განათლება არ არის ბავშვის მოვლა, რადგან ზრუნვა არ ნიშნავს მოვლას: „მოვლა არის აუცილებელი პირობა, მაგრამ მასტიმულირებელი გარემოს შექმნა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვის განვითარებისთვის.“
რა არის მასტიმულირებელი გარემო? – როგორც თამარ გაგოშიძე ამბობს, პირველ რიგში, ეს არის უსაფრთხო და ნდობით აღჭურვილი გარემო, სადაც ბავშვი სწავლობს თვითეფექტურობას. „ანუ იმას, რა შეუძლია და არა. და რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ეს არის ყველაზე მთავარი შემდგომში პიროვნების ჩამოყალიბებაში. თუ ეს არ არის, მერე პიროვნებას ექმნება სერიოზული პრობლემები.
ამიტომ საბავშვო ბაღი, სკოლამდელი დაწესებულება სწორედ ამას უნდა ემსახურებოდეს“, – ამბობს თამარ გაგოშიძე.
ის მიიჩნევს, რომ სკოლისთვის მზაობა არ არის მხოლოდ კოგნიტური მზაობა, არამედ ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვის ემოციური მდგრადობაა.
„ის, რომ მოვამზადეთ ბავშვი და წერა-კითხვა ან სამი ენა იცის, ჩემთვის და ძალიან ბევრი სპეციალისტისთვის არ არის სასკოლო მზაობა. სასკოლო მზაობა, პირველ რიგში, არის ნებელობითი და ემოციური მზაობა. ეს არის ბავშვის ემოციური მდგრადობა და, შესაბამისად, კოგნიტური მზაობაც.
ჩვენ ვიცით ძალიან კარგად, რომ შფოთვისა და ემოციური რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში, ბავშვებს ძალიან უჭირთ დასწავლა. ეს დიდებსაც გვიჭირს, რადგან ადამიანს, რომელსაც აქვთ შფოთვა და დეპრესია, მას აქვს პრობლემები მეხსიერებასა და ყურადღებაში. ეს ემოციები არ აძლევს მას ფოკუსირების საშუალებას, მით უმეტეს, ბავშვს.
ბევრი კვლევაა იმაზე, რომ სკოლამდელ განათლებაში ჩადებული თანხა ათმაგად ნაზღაურდება. ამის მაგალითია აშშ-ში 60-იან წლებში განხორციელებული რეფორმა, რომელმაც სერიოზული ცვლილებები გამოიწვია.
აშშ-ში სიღარიბის დაძლევა დაიწყეს სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის სკოლამდელი განათლების სისტემის შექმნით. ბევრი კვლევა გვეუბნება, რომ ამან შეამცირა კრიმინალი, შეამცირა ადრეული, არასასურველი ორსულობა ახალგაზრდებში, ამან შეამცირა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები და თანაბარი მისაწვდომობა მისცა სოციალურად დაუცველ ფენებს, რომ ჰქონოდათ ხელმისაწვდომობა შემდგომი განათლებისთვის.
ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, რომ ადრეული განათლება არის ფუნდამენტი და შემდგომში საფუძველი ფსიქიკურად და ფიზიკურად ჯანმრთელი მომავალი მოქალაქეების ჩამოყალიბებისთვის“, – ამბობს თამარ გაგოშიძე.
კონფერენცია ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს და ხვალაც გაგრძელდება.
საერთაშორისო კონფერენცია „ბავშვის ადრეული განათლება და ზრუნვა“.
ადრეული განათლების რეფორმა საქართველოში რამდენიმე წელია მიმდინარეობს, თუმცა ჯერ კიდევ არ არის პროცესი დასრულებული. სახელმწიფოს დამტკიცებული აქვს სკოლამდელი განათლების სტანდარტი. ამ სტანდარტების მისაღწევად საჭიროა როგორც საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება, ასევე სპეციალისტების მომზადება და ინფრასტრუქტურის განვითარება.
საგანმანათლებლო კომპონენტის განვითარება, როგორც კონფერენციაში მონაწილეები ამბობენ, დაკავშირებულია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესაბამისი პროგრამების ინტეგრირებასა და სპეციალისტების მომზადებასთან.
კონფერენციაში აჭარის განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილიც მონაწილეობდა, რომელსაც ვკითხეთ, ბათუმში მოქმედი რომელიმე საბავშვო ბაღი თუ აკმაყოფილებს სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებს. მინისტრმა გვიპასუხა, რომ სტანდარტების დაკმაყოფილებისთვის ბაღებს აქვთ ვადა, „შესაბამისი ნაბიჯები იდგმება და უახლოეს 3 წელში უნდა დასრულდეს ძირითადი ნაწილი“.
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ამილახვრის თქმით, სკოლამდელი განათლების რეფორმის მიზანია „ბაღები დავაახლოოთ სკოლასთან. „ეს არის ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხაზი, რომ ბავშვები იყვნენ სრულად მომზადებული სასკოლო განათლებისთვის“, – ამბობს ის.
საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში ადრეული განათლება და ზრუნვა.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებიც. ერთ-ერთი მონაწილის თქმით, სახელმწიფომ უნდა გახსნას თუნდაც ერთწლიანი მოსამზადებელი კურსის სკოლის ბაზაზე იმ სოფლებში, სადაც არ ფუნქციონირებს საბავშვო ბაღები, რადგან საჭიროა ბავშვების ემოციური თუ კოგნიტური მზაობა სკოლისთვის.
ასევე საუბარი იყო ბილინგვური განათლების მიმართულებით კვლევების ჩატარებაზე, რომ უკეთ დაიგეგმოს სკოლამდელი განათლების პროგრამები.
კონფერენციის მიზანია, ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და განიხილონ ბავშვის ადრეულ განათლებასთან დაკავშირებული მართვის, ხელმისაწვდომობის, ინკლუზიურობისა და დაფინანსების საკითხები.
საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ როგორც საკანონმდებლო, ასევე, განათლების სფეროს სპეციალისტები, ფსიქოლოგები და სკოლამდელი დაწესებულებების წარმომადგენლები.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, ევროკავშირის მიერ რუსულ ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგოს დაწესებას ეხმაურება და რუსეთისთვის მოსალოდნელ შედეგებზე წერს.
როგორც პოდოლიაკი ამბობს, ემბარგო საბოლოოდ გამოიწვევს რუსეთში ნავთობის მოპოვების შემცირებასა და ჭაბურღილების კონსერვაციას. მისი თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ რუსეთი ვერ შეძლებს იმავე რაოდენობით ნავთობის ჩინეთისთვის მიყიდვას, რაც ევროკავშირში გაჰქონდა ექსპორტზე.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის გეგმები არ სრულდება და რიტორიკულ შეკითხვას სვამს: „ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, არა?“
„რუსეთი ვერ შეძლებს, ჩინეთს იმდენივე ნავთობი მიყიდოს, რამდენიც ევროკავშირს. ასე, რომ ემბარგო [ნავთობის] მოპოვების შემცირებასა და ჭაბურღილების კონსერვაციას გამოიწვევს. ტექნიკური მიზეზების გამო ზოგი მათგანის აღდგენა შეუძლებელი იქნება. 20 წლის წინ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის მშპ-ში ნავთობის წილს შეამცირებდა. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, არა?,“ – წერს მიხაილო პოდოლიაკი.
🇷🇺 can’t sell oil to 🇨🇳 in EU volumes. The embargo will lead to a reduction in production and wells conservation. Some of them will never restore due to technical reasons. 20 years ago, Putin promised to reduce the share of oil in 🇷🇺 GDP. Is everything according to the plan?
როგორც „როიტერსი“ მსოფლიო ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, 2020 წელს რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის [მშპ] 46%-ს ექსპორტი წარმოადგენდა, ექსპორტის ნახევარს კი გაზი და ნავთობი მოიცავს. შესაბამისად, ნავთობის გაყიდვით მიღებული შემოსავლის წილი რუსეთის მშპ-ში ჯერ კიდევ მაღალია.
„როიტერსის“ საერთაშორისო საფინანსო კომენტატორების გუნდმა გამოთვალა, თუ რა გავლენას იქონიებს ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი, ერთი მხრივ, რუსეთზე, მეორე მხრივ კი, თავად ევროკავშირზე და დაასკვნა, რომ ნავთობის ემბარგო პუტინს მეტად დააზარალებს, ვიდრე ევროკავშირს.
ევროკავშირის ახალი სანქციების პაკეტი ითვალისწინებს იმ ნავთობის იმპორტის აკრძალვას, რომელიც ევროკავშირში საზღვაო გზით ხვდებოდა, თუმცა არ შეეხება მილსადენით მიწოდებულ ნავთობს. რუსეთიდან ნავთობი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მათ შორის, გერმანიას, პოლონეთს, ჩეხეთს, სლოვაკეთს, უნგრეთსა და ხორვატიას „დრუჟბას“ მილსადენით მიეწოდება.
უნგრეთი იყო ქვეყანა, რომელიც სრული ემბარგოს დაწესებას ეწინააღმდეგებოდა, ამბობდა რა, რომ ეს მის ეკონომიკას გაანადგურებს. სანქციების კომპრომისული ვარიანტით აკრძალვა შეეხება რუსული ნედლი ნავთობის იმპორტის დაახლოებით 75%-ს დაუყოვნებლივ და დაახლოებით 90%-ს – წლის ბოლომდე.
ჯერჯერობით დასავლეთს არ დაუწესებია სანქციები რუსულ გაზზე. თუმცა რუსეთმა თავად შეუწყვიტა რამდენიმე ევროპულ ქვეყანას გაზის მიწოდება, მათ შორის, პოლონეთს. რუსეთი გაზის საფასურის გადახდას რუბლებში ითხოვდა, რაზეც პოლონეთმა უარი განაცხადა.