მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

დაბინძურებული ჰაერი, რომელიც კლავს – კიბოს კიდევ ერთი რისკფაქტორი 

06.11.2020 •
დაბინძურებული ჰაერი, რომელიც კლავს – კიბოს კიდევ ერთი რისკფაქტორი 

კიბო მსოფლიოში სიკვდილიანობის მეორე მთავარი მიზეზია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით,  გლობალურად, ყოველი ექვსი გარდაცვალებიდან ერთის მიზეზი კიბოა, მაგალითად, 2018 წელს მსოფლიოში კიბოთი 9,6 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. ჯანმოს მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ფილტვის კიბოა, რომლის ძირითად გამომწვევ მიზეზად თამბაქო მიიჩნევა, თუმცა არსებობს ფილტვის კიბოს ხელშემწყობი კიდევ ერთი ფაქტორი – ჰაერის დაბინძურება, რომლის მავნე ზეგავლენა კორონავირუსის პანდემიის დროს განსაკუთრებით აქტუალური გახდა, რადგან ვირუსი, პირველ რიგში, სწორედ რესპირატორულ სისტემას აზიანებს.

აშშ-ს კიბოს ასოციაციის მონაცემებით, „უტყუარი მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ჩვენ მიერ მოხმარებულ ჰაერს, რომელიც ბინძურდება როგორც ავტომანქანების გამონაბოლქვის ნაწილაკებით, ასევე ნებისმიერი სხვა ინდუსტრიული წყაროებიდან – შუძლია გამოიწვიოს ფილტვის კიბო”.

„ჰაერის მყარი ნაწილაკებით დაბინძურება ზრდის ნაადრევად გარდაცვალების, გულის დაავადებების,  ასთმური შეტევების რისკებს და მას ასევე შეუძლია შეაფერხოს ფილტვების ზრდა და ფუნქციონირება“.

ონკოლოგის, მედიცინის დოქტორის, მემედ ჯინჭარაძის თქმით, ფილტვის კიბოს უმრავლეს შემთხვევაში თამბაქოს მოხმარება იწვევს, თუმცა იგი ამბობს, რომ დაბინძურებული ჰაერის ფაქტორი სატრანსპორტო თუ საწარმოო გამონაბოლქვის სახით ასევე შეიძლება ფილტვის კიბოს მიზეზი გახდეს.

აჭარაში ფილტვის კიბოთი ავადობის წელიწადში 100 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან ყველა არის მწეველი. 

„მამაკაცებში ფილტვის კიბო სიკვდილიანობის წამყვანი ფაქტორია, როგორც საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში, ქალების სიკვდილიანობის ფაქტორების პირველ ათეულშიც შედის. მისი გამომწვევი მიზეზი ცალსახად არის თამბაქოს მოხმარება. თუ სადმე ფილტვის კიბოთი ავადობა ქალებში გამოჩნდა, ეს 95% მწეველი ქალია,” – ამბობს მემედ ჯინჭარაძე.

მისივე თქმით, ფილტვის კიბო არ მიიჩნევა ახალგაზრდების დაავადებად, რადგან იგი წლების განმავლობაში ყალიბდება:

„ახალგაზრდა ფილტვი იტანს თავიდან, მაგრამ 50 წელს გადაცილებულ ადამიანებში – ვეღარ. ფილტვის კიბოს ანამნეზში არის 20-30-წლიანი მოწევის გამოცდილება. ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ მერე დაანებებენ თავს, მაგრამ თამბაქო იწვევს ძლიერ დამოკიდებულებას და მასზე თავის დანებება ძალიან რთულია”.

ონკოლოგი ამბობს, რომ სიმსივნურ დაავადებებს შორის ფილტვის კიბო ყველაზე ვერაგია, რადგან არ ჩანს და ამის გამო მომართვიანობაც დაგვიანებულია, შესაბამისად მაღალია ფილტვის კიბოთი სიკვდილიანობა – „ძალიან რთულად იკურნება, დაავადებულთა 70% მოდის მე-3 მე-4 სტადიაში”.

„ყველა ადამიანი, ვისაც ფილტვის კიბო უდგინდება, სიგარეტს არ ეწევა. აშშ-ში ფილტვის კიბოთი გარდაცვლილი ადამიანების 20%-ს სიგარეტი არასოდეს მოუწევია ან გამოუყენებია თამბაქოს რაიმე ფორმა, მაგრამ ფილტვის კიბო იმ ადამიანებში, რომელთაც არასოდეს მოუწევიათ, ერთ-ერთი ყველაზე ფატალურია შტატებში“ ” – წერს აშშ-ს კიბოს ასოციაცია.

2013 წლის ოქტომბერში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტომ (IARC), დაბინძურებული ჰაერის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი – მყარი ნაწილაკები კარცეროგენად მიიჩნია და თქვა, რომ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისთვის, რომ დავასკვნათ –  ჰაერის დაბინძურება იწვევს ფილტვის კიბოს.

IARC-ის შეფასებით, ფილტვის კიბოს რისკი იზრდება მყარი ნაწილაკებისა და დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედების შედეგად.

იმავე წელს, 8 წლის ჩინელი გოგონა, რომელსაც ფილტვის კიბო დაუდგინდა, გახდა ჩინეთში ფილტვის კიბოთი დაავადებული ყველაზე პატარა პაციენტი. ექიმმა თქვა, რომ გოგონას შემთხვევაში ფილტვის კიბო დაბინძურებული ჰაერის შედეგია – ამის შესახებ გარდიანიც წერდა.

ჯანმოს ცნობით, დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედება მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში მნიშვნელოვნად მომატებულია, ეს ძირითადად ეხება დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებს. ჯანმოს ცნობით, მსოფლიო მოსახლეობის 91% ცხოვრობს ისეთ გარემოში, სადაც ჰაერის დაბინძურების ხარისხი აჭარბებს ნორმებს.

ჰაერში მყარი ნაწილაკების მაჩვენებელი ხშირად საქართველოს ქალაქებშიც აჭარბებს ზღვრულ ნორმებს.

სულ უფრო და უფრო მეტი კვლევა და სპეციალისტი აკავშირებს ჰაერის დაბინძურებას კორონავირუსის მძიმე შედეგებთან.

„დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედება ყოველწლიურად 7 მილიონი ნაადრევი გარდაცვალების მიზეზი ხდება. თუ გავაანალიზებთ, რომ ჰაერის დაბინძურების ზემოქმედება ზრდის რესპირატორული სისტემის დაავადებების რისკს, ხოლო COVID19 სწორედ რესპირატორული სისტემის დაავადებაა, მიხვდებით, რომ იზრდება ვირუსის მიმართ იმ ადამიანების მოწყვლადობა, ვინც დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედების ქვეშაა,” – ამბობს ჯანმოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის, გარემოს და სოციალური დეპარტამენტის დირექტორი მარია ნირა.

ადამიანები, რომლებიც არ ეწევიან, თავს არიდებენ ფილტვის კიბოს ყველაზე დიდ რისკფაქტორს, თუმცა უკეთესი პრევენციისთვის, აშშს კიბოს ასოციაციის რეკომენდაციით, უმჯობესია გქონდეთ სხვადასხვა ხილითა და ბოსტნეულით მდიდარი კვების რაციონი.

„ზოგიერთი მტკიცებულება მიანიშნებს, რომ ხილითა და ბოსტნეულით მდიდარ დიეტას შეუძლია ფილტვის კიბოსგან დაიცვას როგორც მწეველი, ისე არამწეველი ადამიანები,“ – წერს აშშ-ს კიბოს ასოციაცია.

საქართველოში ჰაერის ხარისხსა და ახალ რეგულაციებზე წაიკითხეთ:

ნაადრევი მშობიარობა და დაბინძურებული ჰაერის სხვა შედეგები – ახალი გლობალური კვლევა

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: