მთავარი,სიახლეები

თავგანწირვა 1 სიცოცხლისთვისაც ღირს – პატრული, რომელსაც ლუგანსკიდან ხალხი გამოჰყავდა

03.06.2022 •
თავგანწირვა 1 სიცოცხლისთვისაც ღირს – პატრული, რომელსაც ლუგანსკიდან ხალხი გამოჰყავდა

წყარო: NV.ua 

ვიქტორ ლევჩენკომ, ლუგანსკის ოლქის საპატრულო პოლიციის უფროსმა, ბოლო სამ თვეში იმაზე მეტი ნახა და გადაიტანა, ვიდრე თავისი 33-წლიანი ცხოვრების განმავლობაში.

24 თებერვლამდე ლუგანსკის სამ ქალაქში – ლისიჩანსკში, სევეროდონეცკსა და რუბეჟნოეში დაახლოებით 280-300 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. როცა ომი დაიწყო, იქაურობა ბევრმა თავისით დატოვა. პოლიციის საგანგებო ჯგუფმა, რომელსაც ლევჩენკო მეთაურობდა, საომარი მოქმედებების ზონიდან 42 ათასი ადამიანი გამოიყვანა.

თავგანწირვისთვის ვიქტორ ლევჩენკომ სამშობლოს დამცველის მედალი და ბოგდან ხმელნიცკის მესამე ხარისხის ორდენი მიიღო.

რამდენიმე დღის წინ საევაკუაციო ჯავშანმანქანას, რომელშიც საპატრულოს უფროსი ფრანგული ტელევიზიის გადამღებ ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა, რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს. აფეთქების შედეგად დაიღუპა ფრანგი ჟურნალისტი ფრედერიკ ლეკლერ იმჰოფი, ვიქტორი და კიდევ რამდენიმე პოლიციელი კი საავადმყოფოში მოხვდნენ.

ვიქტორ ლევჩენკო Новое Время-ს საკუთარი თვალით ნანახსა და განცდილს უყვება. მის მონათხრობს რედაქცია მონოლოგის ფორმით აქვეყნებს.

ომის დასაწყისი

თუ მთელი უკრაინისთვის ომი 2022 წელს დაიწყო, ლუგანსკსა და დონეცკში ომი 2014 წლიდან გრძელდება. დაქირავებული რუსი მებრძოლები განუწყვეტლივ ისროდნენ. ყოველდღიურად იღუპებოდნენ და იჭრებოდნენ ჩვენი სამხედროები. აქ დიდი ხანია ომია.

ფართომასშტაბიან აგრესიამდე ერთი კვირით ადრე ინტენსიური დარტყმები დაიწყო ქალაქ სჩასტიეზე, დასახლებულ პუნქტებზე. ევაკუაციას ვგეგმავდით, თუმცა ვერ მოვასწარით.

ყველა ჩვენი დანაყოფი მაქსიმალურ მზადყოფნაში იყო. 23 თებერვალს ჩემს მოადგილესთან ერთად ღამის მორიგეობა დავიწყეთ. ჩემს კაბინეტში ვისხედით. ლისიჩანსკში.

სადღაც დილის 4 საათი იყო, ვიდრე მოადგილე თვლემდა, YouTube-ზე შევედი. ონლაინტრანსლაცია ვნახე. მოვისმინე პუტინის რიტორიკა ნაცისტებზე და კიდევ უამრავი ბოდვა. ეგრევე გავაღვიძე ჩემი მოადგილე, მეთაურებიც წამოვყარე, მეთქი -„ეს ომია“.

პუტინს ლაპარაკი არ ჰქონდა დასრულებული, რომ განგაში გამოვაცხადეთ და მთელი პირადი შემადგენლობა შევკრიბეთ. 5 საათისთვის, როცა ის გამოსვლას მორჩა, უკვე ძლიერი აფეთქებების ხმა გაისმა, რაკეტები დაფრინავდნენ. ყველაფერი ფეთქდებოდა. შორიდანაც გვესმოდა ხმები და აფეთქებები ჩვენს ქალაქშიც იყო. მტრის ავიაციამ მუშაობა დაიწყო.

ლუგანსკის ოლქში ბრძოლები დაიწყო. ჩვენი ჯარები დრო და დრო უკან იხევდნენ, რადგან მტერი ძალიან ძლიერად უშენდა ცეცხლს და ალყაში აქცევდა მათ. ჩვენები გადადიოდნენ უფრო მოხერხებულ პოზიციებზე, საიდანაც უკეთ შეძლებდნენ შეტევის მოგერიებას. რუსები ბევრად მეტნი იყვნენ.

ევაკუაცია

საპატრულო პოლიცია სრულიად უსარგებლო გახდა, ვიღას აღელვებდა საგზაო წესებისა და მოძრაობის დაცვა. დავიწყეთ იმაზე ფიქრი, რა სჭირდებოდათ აქაურებს ყველაზე მეტად. ჩვენ ხომ მათ მივეცით ფიცი – უკრაინელ ხალხს.

უკვე მესამე დღეს აღარც მაღაზიები მუშაობდა. ქალაქი მუდმივად შეტევის ქვეშ იყო. დაიწყო წყლის, წამლების, სურსათის პრობლემები. შევქმენით ჰუმანიტარული შტაბი, სადაც მოჰქონდათ პროდუქტები, ჰიგიენის ნივთები.

ამ დროს ჯერ კიდევ იყო რეგიონში კავშირი. ხალხი რეკავდა, ვიგებდით ვის სად რა სჭირდებოდა და პატრულებს მანქანებით მიჰქონდათ ჰუმანიტარული დახმარება.

მერე ხალხმა ქალაქის დატოვება დაიწყო. ვინც ახერხებდა საკუთარი ტრანსპორტით გასვლას – თავისით მიდიოდა. მაინც ძალიან ბევრი იყო ისეთი, ვისაც ამის საშუალება არ ჰქონდა. ასეთები ჩვენ მიგვყავდა რკინიგზამდე და იქიდან მიდიოდნენ დასავლეთ უკრაინაში.

შემდეგ რუსებმა მთლიანად გაანადგურეს რკინიგზა ლისიჩანსკსა და რუბეჟნოეში. ომის მეორე თვეს, შეიძლება ცოტა ადრეც, სარკინიგზო მიმოსვლა საერთოდ შეუძლებელი გახდა. მაშინ დავიწყეთ ევაკუაცია დნეპროპეტროვსკამდე, იქიდან მუშაობდა რკინიგზა.

ვიქტორ ლევჩენკო/ფოტო: ვიქტორ ლევჩენკოს ფეისბუქგვერდიდან

ევაკუაციის მარშრუტები მუდმივად იცვლებოდა, იცვლებოდა ტრანსპორტიც, რადგან იოლად ზიანდებოდა სროლების გამო. სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციას ავტობუსები და მიკროავტობუსები სხვა ოლქებიდან მოჰყავდა. არც მძღოლები გვყოფნიდა. ეს ხომ საბრძოლო მოქმედებების ზონა იყო, ამიტომ ბევრი მძღოლი წავიდა აქედან. საპატრულოს თანამშრომლები დასხდნენ საჭესთან. ზოგს ამ კატეგორიის მართვის მოწმობა არ ჰქონდა, ზოგს არასდროს ემართა ავტობუსი, მაგრამ გზადაგზა ვსწავლობდით. ავტობუსებსაც ჩვენვე ვარემონტებდით, როგორც ვახერხებდით. ასე დავდიოდით ლუგანსკის ყველაზე ჯოჯოხეთურ ადგილებში.

პირველ თვეს დღეში 3-5 ათასი ადამიანი მაინც გამოგვყავდა. მერე ნელ-ნელა იკლო ხალხმა, ასე 200-300 კაცი იყო უკვე დღეში. დავდიოდით ლუგანსკის ჯერ კიდევ თავისუფალ ადგილებში, რომლებიც რაშისტებს არ დაეპყროთ – პოპასნაია, გორნაია ობშინა, ტოშკოვკა, ორეხოვო, ნოვოდრუჟესკი, პრივოლიე, რუბეჟნოე (მაშინ იქ ბრძოლები მიდიოდა), სევეროდონეცკი.

როდესაც ხალხის ნაკადი შეწყდა, დავიწყეთ კონკრეტული ინფორმაციის მიღება კონკრეტულ ადგილებზე, სადაც ადამიანები იყვნენ და გამოსვლას ვერ ახერხებდნენ. ეს უკვე სპეციალური ოპერაცია იყო, სხვაგვარად ვერ დავარქმევ. ვარჩევდით მარშრუტებს, ფარულად მივდიოდით სამალავებამდე, სადაც ხალხი აფარებდა თავს. ხან დარწმუნება გვჭირდებოდა, რომ გამოგვყოლოდნენ.

და ასე შეუსვენებლად.

ბავშვები და არამხოლოდ

ბავშვები ჩემი უდიდესი ტკივილია – ბავშვები, რომლებიც საომარი მოქმედებების ზონებში რჩებიან. ჩემთვის, პირადად, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი მომავლის გადარჩენაა. დიდმა შეიძლება თავად გადაწყვიტოს, რა უნდა და რა არა, მაგრამ ბავშვებს ხომ ჯერ ცხოვრება არ უნახავთ, ვერ აფასებენ საფრთხეებს.

ბავშვები არ უნდა ხედავდნენ სიკვდილსა და ნგრევას, ისინი ასეთ საფრთხეში ყოფნას არ იმსახურებენ.

მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებს ვეუბნებოდით, „გამოდით სამალავიდან და მიმოიხედეთ, ყველაფერი დანგრეულია, საჭმელიც კი არაღაა“. ჩვენ რომ არ მიგვეტანა მათთვის საჭმელი, შიმშილით დაიხოცებოდნენ.

„რაშისტები“ ხალხზე არ ზრუნავენ, ისინი მხოლოდ იმაზე ზრუნავენ, რომ რაც შეიძლება მეტი მიწა დაიპყრონ და მეტი უკრაინელი გაანადგურონ. ეს ცხადად აჩვენა მარიუპოლის, ბუჩისა და ირპენის მაგალითებმა.

ამიტომაც, ძალიან აქტიურად ვმუშაობდით მცირეწლოვანთა მშობლებთან და ძალიან გვიხაროდა, როცა თუნდაც ერთი ბავშვის გამოყვანას ვახერხებდით.

ერთი კვირის წინ, ერთ რეისზე, 13 მცირეწლოვანი გამოვიყვანეთ. საოცრებაა! ეს ბავშვები უკვე აღარასოდეს გახდებიან რაშისტების მსხვერპლი. ისინი ახლა დასავლეთ უკრაინასა და ევროპაში არიან.

და რაც მთავარია, რუსები მათ ვეღარ გაიტაცებენ, როგორც ამას მარიუპოლში აკეთებენ.

სამწუხაროდ, ლუგანსკში ბავშვები კიდევ რჩებიან. ჩემთვის, ერთი ბავშვიც რომ დარჩეს – უკვე ბევრია.

ჩვენ ასე გვჯერა: ერთი სიცოცხლისთვის ღირს თავგანწირვა. სწორედ ეს განგვასხვავებს რუსებისგან. მათთვის ადამიანები უბრალოდ სტატისტიკაა. ჩვენთვის თითოეული სიცოცხლე ძვირფასია.

ცოტა ხნის წინ ბელოგოროვკაში წავედით. იქ რუსები მდინარე სევეროდონეცკის ფორსირებას ცდილობდნენ, ბევრი მათი ტექნიკა განადგურდა. ეს სოფელიც დაიკავეს და შემდეგ ჩვენებმა გაათავისუფლეს.

მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ იქ კიდევ იყო ხალხი, ვისაც ევაკუაცია სურდა. წამოსვლაზე მხოლოდ ორი ადამიანი დაგვთანხმდა. წამოვიყვანეთ. ძალიან რთულია აღვწერო ეს სოფელი. სრულიად განადგურებულია, აღარაფერია დარჩენილი.

ცხოველებიც გამოგვიყვანია. ერთხელ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ რუბეჟნოეში, რომელიც იმ დროს თითქმის ოკუპირებული იყო, ძაღლთა თავშესაფარს სჭირდებოდა ჩვენი დახმარება. იქ 40 ძაღლი და მათი სამი პატრონი იყო დარჩენილი, უკვე თვეზე მეტი გრძელდებოდა ბრძოლები და აღარც ადამიანისთვის ჰქონდათ საჭმელი და აღარც ძაღლისთვის.

ჩვენ ცხოველებისთვის სპეციალური ტრანსპორტი არ გვაქვს. გადავწყვიტეთ, ჩვენი სპეცდანაყოფების მიკროავტობუსები გამოგვეყენებინა. წავედით ორი ავტობუსით და ერთი საპატრულო მანქანით, რომელშიც მეც ვიჯექი. ჩვენი ამოცანა იყო, როგორმე ფარულად და უსაფრთხოდ მივსულიყავით თავშესაფრამდე, რადგან ვიცოდით, რომ იქვე ტყეში მტრის დივერსიული ჯგუფი იმყოფებოდა. ვიდრე პატრულების ნაწილს მიზანში ჰქონდა ამოღებული ტყის გამოსასვლელები, მეორე ნაწილი მიკროავტობუსებში ძაღლებს სვამდა. საშინელი სანახავები იყვნენ, შიმშილისგან გაძვალტყავებულები.

ჯერ ლისიჩანსკში ჩავიყვანეთ და იქიდან – ზაპოროჟიეში. მერე პატრონებმა ვიდეოც გამოგვიგზავნეს, რომ ძაღლები კარგად იყვნენ, მოიკეთეს და მშვენივრად გრძნობდნენ თავს.

ფრანგი ჟურნალისტი

ევაკუაციისთვის განკუთვნილი ჯავშნიანი ტრანსპორტი სულ რაღაც ორი კვირაა, რაც გვაქვს. სამხედრო სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გადმოგვცა, რადგან ლუგანსკის ოლქში, ახლა უკვე ყველა გზაზე ისვრიან და ჩვეულებრივი ტრანსპორტით ხალხის გამოყვანა ძალიან საშიშია.

სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაცია დამიკავშირდა და მაცნობა, რომ ფრანგი ჟურნალისტები მოვიდოდნენ თარჯიმანთან ერთად, ევაკუაციას აშუქებდნენ. შევხვდით, შევთავაზე, რომ ჩვენ მივცემდით ინტერვიუს, ხალხი კი უკვე გამოყვანის შემდეგ ბახმუტში გადაეღოთ, რადგან ჩვენთან ერთად წამოსვლა საშიში იყო. ერთმანეთში მოილაპარაკეს და ბოლოს მაინც წამოსვლა გადაწყვიტეს.

გავედით ლისიჩანსკიდან და თავდასხმაც დაიწყო. ზუსტად ჩვენ წინ აფეთქდა ნაღმი. მახსოვს გზა, ხმაური ყურებში, კვამლი სალონში, მტვერი და სრულიად დამსხვრეული საქარე მინა. არ ვიცი, ეს რა იყო, ალბათ გამოძიება დაადგენს. აფეთქება ნამდვილად ძლიერი იყო, რაღაც დროის განმავლობაში სრულიად დეზორიენტირებული ვიყავი.

საევაკუაციო ავტომანქანის საქარე მინა/ფოტო: ვიქტორ ლევჩენკოს ფეისბუქგვერდიდან

როდესაც გონს მოვედი, მძღოლს მივუბრუნდი, როგორ ხარ-მეთქი. სულ სისხლიანი ჰქონდა სახე. ვუთხარი, რომ სროლა გრძელდებოდა და გაჩერება არ შეიძლებოდა, ვერ გადავრჩებოდით. მან გზა გააგრძელა. 5 წუთი გაუჩერებლად ვიარეთ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ნამსხვრევებმა მისი ჩაფხუტი გახვრიტა და თავში იყო დაჭრილი, მაგრამ გადარჩა, ჩაფხუტმა გადაარჩინა.

რადიოკავშირით გადავეცით, რომ მძიმედ დაჭრილები გვყავდა. ვცადეთ ფრედერიკისთვის პირველადი დახმარება გაგვეწია. რომ გავჩერდით, პოლიციელებმა პულსი გაუსინჯეს, უკვე მკვდარი იყო.

ტვინის ძლიერი  შერყევა მაქვს. მეორე პატრულსაც, ის თავშიცაა დაჭრილი. კიდევ ერთი პოლიციელი ფეხშია დაჭრილი.

ფიქრები ომზე

რუსები არანაირი ძმები არ არიან. არც არასდროს ყოფილან. ისინი ყოველთვის ჩვენი და ჩვენი კულტურის განადგურებას ცდილობდნენ.

რასაც ისინი ახლა აკეთებენ – ეს გენოციდია. ანგრევენ ჩვენს ქალაქებს, საერთოდ არ ფიქრობენ, სად ისვრიან, რას ესვრიან, მთავარია, ყველა გაანადგურონ. ეს უკრაინელი ერის გადარჩენის ომია. ეს არაა დონბასის გათავისუფლება, როგორც თავად ამბობენ. ახლა მთელი ქვეყანა გაერთიანდა და შეიარაღებულ ძალებს ეხმარება. ყველა გაერთიანდა, რომ ამ თავდასხმას წინააღმდეგობა გაუწიოს. ამიტომაც გავიმარჯვებთ, აუცილებლად. სამწუხაროდ, დიდი მსხვერპლის ფასად, მაგრამ გავიმარჯვებთ.

არც ისე დიდი კაცი ვარ, რომ მე გადავწყვიტო, რა უნდა იყოს შემდეგ. როგორც ხელმძღვანელობა იტყვის, ისე ვიმუშავებთ. ახლა ცოტას მოვღონიერდები, რომ ჩემი მოვალეობის სრულყოფილად შესრულება შევძლო და საქმეს დავუბრუნდები.

ავტორი: კრისტინა ბერდინსკიხი

თარგმნა: თამარ რუხაძემ

მთავარი ფოტო: ვიქტორ ლევჩენკო ერთ-ერთი ევაკუაციის დროს/ფოტო: ვიქტორ ლევჩენკოს ფეისბუქგვერდიდან

______

გაიგე, როგორ შეგიძლია დაეხმარო უკრაინულ გამოცემა Новое Время-ს, რომელმაც ეს მასალა მოამზადა და სხვა უკრაინულ გამოცემებს: 

რატომ უნდა დავეხმაროთ ჟურნალისტებს უკრაინაში – #უკრაინულიმედიისთვის

გადაბეჭდვის წესი


ასევე: