მთავარი,სიახლეები

იყო პუტინის მოკვლის მცდელობა კავკასიელთა მხრიდან – უკრაინის სამხედრო დაზვერვის გენერალი

24.05.2022 •
იყო პუტინის მოკვლის მცდელობა კავკასიელთა მხრიდან – უკრაინის სამხედრო დაზვერვის გენერალი

ავტორი: რომან კრავეცი

თარგმნა: თამარ რუხაძე

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი, კირილო ბუდანოვი ომამდე მედიასთან იშვიათად ჩნდებოდა. გენერალ-მაიორი, რომელიც პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამ სამსახურის უფროსად 2020 წელს დანიშნა, დღეს უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ავტორიტეტული ძალოვანია.

კირილო ბუდანოვი ასევე ერთ-ერთია იმ თანამდებობის პირებს შორის, ვინც ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე ლაპარაკობდა ღიად რუსეთის მხრიდან სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დიდ ალბათობაზე. დაზვერვის ხელმძღვანელი, მაშინ, რუსეთის სამხედრო აგრესიის ძირითად მიმართულებებსაც ასახელებდა – მისი პროგნოზები გამართლდა.

გამოცემა „უკრაინსკა პრავდასთან“ ვრცელ ინტერვიუში კირილო ბუდანოვი საუბრობს ვლადიმერ პუტინის ავადმყოფობაზე, იმაზე, თუ რა ხდება დღეს რუსეთის ელიტაში, შესაძლებელია თუ არა სახელმწიფო გადატრიალება რუსეთში, რისთვის ამზადებდნენ ვიქტორ იანუკოვიჩს და როგორ დასრულდება ეს ომი.

„ბათუმელები“ ამ ინტერვიუს შემოკლებულ ვერსიას გთავაზობთ.

  • ცოტა ხნის წინ, უცხოურ მედიასთან ინტერვიუში თქვენ თქვით, რომ ომის აქტიური ფაზა წლის ბოლოსთვის დასრულდება, აგვისტოში კი გარდამტეხი მომენტი დადგება. შეგიძლიათ დააკონკრეტოთ, როგორ დასრულდება აქტიური ფაზა წლის ბოლოს და რა უნდა მოხდეს აგვისტოში?

მოდი, ასე ვთქვათ: აგვისტოდან, ის შეიარაღება, რომელსაც უკრაინას მიაწვდიან, მნიშვნელოვან მოცულობას მიაღწევს. უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემაზე გაკეთებული განცხადებიდან ამ შეიარაღების გამოყენებამდე რამდენიმე ეტაპი არსებობს.

პირველი – ესაა შეიარაღების ქვეყანაში შემოტანა. მეორე – ამ შეიარაღების გამოყენებას უნდა დაეფლოს შემადგენლობა. მესამე ეტაპი – უკვე მისი ბრძოლაში გამოყენებაა. ეს ყველაფერი გარკვეულ დროს იკავებს.

აგვისტოდან ეს იარაღი ბრძოლაში იქნება, ამიტომაც დადგება გარდამტეხი მომენტი.

  • რაც შეეხება აქტიური ფაზის დასრულებას, რას ნიშნავს ეს და რა იქნება შემდეგ?

აქტიური ფაზა – ეს არის აქტიური საბრძოლო მოქმედებები. ეს იმ რანგის ბატალიებია, რაც ახლა ხდება, როდესაც ხელიდან ხელში გადადის დასახლებული პუნქტები. ეს ფაზა შესუსტდება წლის ბოლოსთვის და თითქმის ნულამდე დავა.

  • და როგორ გაგრძელდება ომი?

ჩვენს ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლით. ამით დასრულდა ჩვენი ომი, სხვა დეტალებზე ლაპარაკი ახლა უადგილოა.

  • თქვენ ღიად ლაპარაკობდით პუტინის ავადმყოფობაზე, მართლა კიბო აქვს?

დიახ, ჩვენ სრულად ვადასტურებთ ამ ინფორმაციას. მას რამდენიმე მძიმე დაავადება აწუხებს, ერთ-ერთი მათ შორის კიბოა. თუმცა იმედი, რომ პუტინი ხვალ მოკვდება, ნუ გექნებათ. მას სულ მცირე რამდენიმე წელი კიდევ აქვს, მოგვწონს ეს ჩვენ თუ არა.

  • და როგორია მისი ფსიქო-ემოციურ მდგომარეობა?

ამაზე შეიძლება ბევრი ვიდავოთ, თუ როგორ მდგომარეობაში შეიძლება იყოს დიქტატორი, რომელიც ფიქრობდა, რომ სამ დღეში მთელ ქვეყანას დაიპყრობდა და კიევის ადმინისტრაციის თავზე რუსულ დროშას ააფრიალებდა. აგერ უკვე მესამე თვეა, მისი „მსოფლიოში მეორე“ და ხანაც „პირველი“ არმია ვერ ერევა მისივე თქმით „ჩამორჩენილ უკრაინას“. ეს მისივე რიტორიკაა. ახლა წარმოიდგინეთ, როგორ იქნება?

  • ვფიქრობ, დაბნეულია.

ასეც არის.

  • ვის აქვს დღეს წვდომა პუტინთან?

გვარების გარეშე ვიტყვი: მან ძალიან შეამცირა იმ ხალხის სია, ვისაც მასთან სიახლოვე შეუძლია. ამ სიაში ძალიან ცოტა ადამიანია, დანარჩენებთან ის დისტანციას ინარჩუნებს.

  • რუსეთის პრეზიდენტი ობიექტურ ინფორმაციას იღებს ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ?

დამარცხებისა და შეცდომების აღიარების, ყველაზე მეტად, შემსრულებლებს ეშინიათ. ამიტომაც, ის საკმაოდ შეზღუდულ ინფორმაციას იღებს.

  • ამზადებს მემკვიდრეს?

ეს საკმაოდ საინტერესო საკითხია. თავისი მმართველობის გარკვეულ პერიოდებში, ის ამაზე ფიქრობდა და პრინციპში, როგორც ამბობენ, ფავორიტებსაც არჩევდა. ასეთი რამდენიმე ადამიანი იყო. თუმცა თუ გავითვალისწინებთ მის მანიაკალურ სინდრომებს, სავარაუდოდ, მას ეშინია მემკვიდრის, რადგან ესმის, რომ მომზადების პროცესში, მემკვიდრემ შესაძლოა, სავარძელში ჩაჯდომა იმაზე ადრე მოინდომოს, ვიდრე ეს პუტინს სურს. ამიტომაც ინარჩუნებს დისტანციას და სჯერა, რომ სამუდამოდ ხელისუფლებაში იქნება, მაგრამ ეს ასე არაა.

  • რას ნიშნავს „სამუდამოდ“, ის ხომ ავადაა, მალე 70 წლის ხდება…

გადახედეთ ХХ-ХХІ საუკუნეების ნებისმიერი დიქტატორის ისტორიას. მათმა უმრავლესობამ ერთნაირად დაამთავრა, საკუთარი სურვილით არ დაუსრულებიათ სიცოცხლე. ავიღოთ უკანასკნელი მაგალითები, სადამ ჰუსეინი, იუგოსლავიის ყოფილი დიქტატორი, ლიბიის დიქტატორი. ეს დიქტატორის კლასიკური სახეა. იყო სხვა მაგალითებიც აფრიკაში. მათ ერთნაირად დაამთავრეს და პუტინიც ასე დაამთავრებს.

  • ისტორიაში არის მაგალითები, როდესაც უახლოესმა გარემოცვამ დიქტატორის მოშორება სცადა. პუტინზე თავდასხმების შესახებ თუ იცით რამე?

დიახ, პუტინზე თავდასხმის მცდელობებიც იყო.

  • ბოლო პერიოდში? 

იყო მისი მოკვლის მცდელობა კავკასიელთა მხრიდან. ეს არაა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია. წარუმატებელი მცდელობა იყო, თუმცა იყო.

  • როდის მოხდა ეს? 

დაახლოებით ორი თვის წინ. კიდევ ერთხელ ვამბობ – უშედეგო იყო. ეს ინფორმაცია არ გახმაურებულა არსად, თუმცა ფაქტი ნამდვილად მოხდა.

  • თქვენ უკვე აღნიშნეთ, რა გეგმა ჰქონდა პუტინს თავდაპირველად, მაგრამ არ გამოუვიდა, ახლა რა გეგმა აქვს კრემლს?

საერთო ჩანაფიქრი არ შეცვლილა – პუტინს მთელი უკრაინა სჭირდება, მას არ აინტერესებს მხოლოდ ნაწილი. რა თქმა უნდა, სამთვიანი ბრძოლების შემდეგ, ისინი ცვლიან გეგმებს და უკვე ამზადებენ საზოგადოებრივ აზრს რუსეთში, რომ თუ ბოლომდე დაასრულებენ დონეცკის, ლუგანსკისა და ხარკოვის ოკუპაციას, ეს გამარჯვებად ჩაითვალოს.

თუმცა საერთო გეგმები არ შეცვლილა, სამწუხაროდ, და არც მომავალში შეიცვლება, ვიდრე ჩვენ არ დავუსვამთ წერტილს პუტინს, რუსეთს იმ სახით, როგორითაც ის დღეს არსებობს – საფრთხე მთელი მსოფლიოსთვის, პირველ რიგში კი ევროპის კონტინენტისთვის, კვლავაც იარსებებს.

კირილო ბუდანოვი/”უკრაინსკა პრავდა”

  • ხერსონის ოლქს რას უპირებენ რუსები – ფსევდორეფერენდუმის ჩატარებას, რუსეთთან შეერთებას? 

მათ სამჯერ სცადეს რეფერენდუმის გამართვა და უკვე მიხვდნენ, რომ ხალხი არ მიდის რეფერენდუმზე. ხალხი არ მივა და არ მისცემს ხმას, იმ ზეწოლის ქვეშაც კი, რომელშიც ახლა არიან. ეს არ მოხდება, ამიტომ, ახლა სხვა ვარიანტებზე ფიქრობენ, რეფერენდუმის გარეშე.

  • კონკრეტულად?

უბრალოდ, თუნდაც დროებითი მთავრობის მიმართვის საფუძველზე.

უნდათ, რომ ხერსონის ტავრიდის გუბერნია დაარქვან. უფრო სწორად, ეს იქნება დროებით ოკუპირებული ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა. ხერსონის ოლქი ოდესღაც, მეფის რუსეთის დროს, იყო ხერსონის გუბერნია, რომელსაც ადმინისტრაციული ცენტრი სიმფეროპოლში ჰქონდა. ამის აღდგენა უნდათ.

ეს ერთ-ერთი ძირითადი ვარიანტია, რომ ხერსონი შეუერთონ ყირიმს და შეიყვანონ რუსეთის შემადგენლობაში, როგორც ტავრიდის გუბერნია. ხალხის აზრი მათ სრულიად არ აინტერესებთ.

  • როდესაც ხერსონის ოლქის ოკუპაცია დაიწყო, ხალხი მასობრივად გამოდიოდა და აპროტესტებდა ამას. ეს ტენდენცია გაგრძელდება თუ მოსკოვი ეცდება ამ ხალხის რუსეთის ტერიტორიაზე გაყვანას, როგორც ამას საბჭოთა დროს აკეთებდა?

პირველ რიგში, თქვენ თავადვე უპასუხეთ თქვენს კითხვას. მეორეც, სამწუხაროდ, რაც უფრო დიდხანს იქნება ნებისმიერი ტერიტორია ოკუპირებული, მით ნაკლები ადამიანი ეცდება გამოხატოს წინააღმდეგობა ღიად. მოგვწონს თუ არა, ეს ობიექტური რეალობაა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილისთვის. ცხადია, ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან, გააგრძელებენ პროტესტსა და წინააღმდეგობას.

  • ადრე თქვენ აცხადებდით, რომ რუსეთში სახელმწიფო გადატრიალება მზადდება…

მე თქვენთვის არასდროს მითქვამს, რომ რუსეთში სახელმწიფო გადატრიალება მზადდება.

  • მე დასავლურ მედიასთან თქვენს ნათქვამს ვგულისხმობ…

ცოტა არ იყოს, ცვლით ჩემს ნათქვამს. მე მკითხეს, შესაძლებელია თუ არა სახელმწიფო გადატრიალება რუსეთში, მე მაშინ განვმარტე, რომ უკმაყოფილება გაიზრდება, თუმცა რუსეთის მოსახლეობის უკმაყოფილება, იქ, არც არასდროს აინტერესებდათ და არც ახლა დააინტერესებთ.

რაც შეეხება ახლო გარემოცვას, რომელიც ფინანსურ საყრდენს წარმოადგენს და რომელმაც უკვე ბევრი დაკარგა ამ ომის გამო, აი, ისინი კი ეძებენ სიტუაციიდან გამოსავალს. ყველაზე იოლი გამოსავალი მათთვის  პუტინის ვინმეთი შეცვლაა.

და ყველაფერში არა რუსეთის, არამედ ერთი კონკრეტული ადამიანის, პუტინის, დადანაშაულება. თქმა, რომ ის ავადმყოფი დიქტატორი იყო, მოგვიხსენით სანქციები, მოგვიხსენით შეზღუდვები, დავიწყებთ ხელახლა ცხოვრებას, ყველაფერში დამნაშავეა ის და არა რუსეთი.

  • თქვენ გჯერათ, რომ რუსეთში შესაძლებელია გადატრიალება?

სახელმწიფო გადატრიალება? ღიად ეს არარეალურია.

  • ფარულად?

ფარულად – კი.

  • მაშინ ასე გკითხავთ: რუსეთის პოლიტიკურ და ბიზნესელიტაში ვინ ემხრობა ომს და ვინაა წინააღმდეგი?

თავს ავარიდებ ამაზე პასუხს, ჩემი მხრიდან არაკორექტული იქნება გვარების დასახლება, თუმცა კატეგორიებად დაყოფა შემიძლია. სამხედროები – პრინციპში მხარს უჭერენ ომს, თუმცა ამავე დროს, საბრძოლო მოქმედებების გაგრძელების დიდი სურვილითაც არ იწვიან, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი დანაკარგები აქვთ. რამდენიც უნდა იცრუოს პროპაგანდამ, სამხედროებმა იციან თავიანთი რეალური დანაკარგები.

ეს პირველი. მეორე კატეგორიაა სპეცსამსახურები. მათი გარკვეული ნაწილი, თავდაპირველად, ამ „ოპერაციას“ მხარს უჭერდა, რათა დაემალათ ის უზარმაზარი დანახარჯები, რომლებიც უკრაინაში პრორუსული განწყობების ფორმირებაზე გაიფლანგა. ეს დიდი ფინანსები იყო. თავიანთი ჩავარდნები რომ დაეფარათ, ისინიც მხარს უჭერდნენ საომარი მოქმედებების დაწყებას იმ იმედით, რომ როგორც ამბობენ, ომი ყველაფერს ჩამოწერს.

გარდა ამისა, მათ მართლა სჯეროდათ, რომ სამ დღეში კიევს აიღებდნენ, მეათე დღეს კი მთელ საომარ ოპერაციას დაასრულებდნენ. ეს მათი ოცნება იყო, მაგრამ ვერ აიხდინეს.

შემდეგი ბიზნესია – მას, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ესმის ზარალი. ისინი სრულიად წინააღმდეგნი არიან და ძალიან უნდათ, ყველაფერი დამთავრდეს. როგორც ამბობენ, ისინი ეგზისტენციალურად არ ეთანხმებიან იმას, რაც აქ ხდება, იმ საშინელებებს, რასაც რუსები სჩადიან. საქმე იმაშია, რომ ისინი საკმაოდ პრაგმატულად უყურებენ ომს. ისინი კარგავენ ფულს, დიდ ფულს, ამიტომაც არიან წინააღმდეგნი, თუმცა პუტინისთვის ამის ღიად თქმას ვერ ბედავენ. ერთმანეთში ლაპარაკობენ. ასეთი საუბრებია ბიზნესსა და ძალოვნებს შორის, ბიზნესსა და პოლიტიკოსებს შორის.

  • რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი – ის უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებშია ჩართული. რა პოზიციას იკავებს და რა როლი აქვს მას ამ მოლაპარაკებებში?

კომუნიკატორის.

  • ვის და ვის შორის?

ჩვენ მხარესა და მათ მხარეს შორის. ის არის კომუნიკატორი, არაფერი მეტი ან ნაკლები.

  • ჩვენი წყაროების ცნობით, აბრამოვიჩი მნიშვნელოვანია იმით, რომ მას პირდაპირ შეუძლია ელაპარაკოს პუტინს და შიშის გარეშე, შეულამაზებლად უთხრას, თუ რა ხდება მოლაპარაკებებზე. ეს მართალია?

თქვენი წყაროების ვარაუდის კომენტირებისგან თავს შევიკავებ. ჩემი მხრიდან არაკორექტული იქნება.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ კირილო ბუდანოვი სამხედრო დაზვერვის უფროსად 2020 წელს დანიშნა/ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ოფისი

  • დავუბრუნდეთ ომის დასაწყისს. ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში აცხადებდით, რომ იანვარ-თებერვალში პუტინს შეიძლებოდა ფართომასშტაბიანი ომი დაეწყო. როგორ გეგმავდა ის ამ ომს?

როგორც გეგმავდა, ისეც დაიწყო. მას რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა. გეუბნებით, როგორც დაზვერვის წარმომადგენელი – მას ჰქონდა სრულიად რეალური ვარიანტები, რომლებიც შეიძლებოდა ჩვენთვის ძალიან ცუდად დასრულებულიყო, საკმაოდ მოკლე ხანში. ასევე, ჰქონდა სრულიად უგუნური, როგორც ამბობენ, მხეცური ვარიანტი – ღია აგრესია. იყვნენ ადამიანები, ვინც ეუბნებოდა, რომ ღია აგრესიის ვარიანტი ყოველთვის არსებობდა, თუმცა ის არ იყო საუკეთესო. და აი, ნამდვილი რუსული ტრადიციისამებრ, ყველა კარგი და ცუდი ვარიანტიდან, რუსი მეფე ყოველთვის ირჩევს უარესს. მანაც იგივე გააკეთა.

  • რამდენიმე დღეში უნდოდა კიევის აღება და მერე რა უნდა მომხდარიყო?

მისი გეგმის ძირითადი ასპექტი ეგ იყო, რომ მესამე დღეს აეღო კიევის ადმინისტრაცია, ხოლო არაუგვიანეს მეათე დღისა, დაესრულებინა აქტიური საომარი ფაზა, ანუ მთლიანად გაენადგურებინა წინააღმდეგობა. მას ამის სჯეროდა.

  • უკრაინის მთელ ტერიტორიაზე?

დნეპრამდე. ამის იქით მას უკვე ნაკლებად აინტერესებდა, რადგან ფიქრობდა, რომ იქით წინააღმდეგობა არ იქნებოდა და ყველაფერი ავტომატურად დასრულდებოდა. უნდა დაესვა უკრაინის ახალი მმართველი, რომელიც პუტინისთვის სასურველ პოლიტიკას გაატარებდა.

  • კრემლი იანუკოვიჩის დაბრუნებას აპირებდა.

ხომ იცით, რომ ცოტა ახლოსაც კი მოიყვანეს.

  • მინსკში?

დიახ. იანუკოვიჩი უკრაინის პრეზიდენტი არ უნდა გამხდარიყო, თუ გაინტერესებთ, თუმცა მათ მისი გამოყენება სურდათ, ასევ ვთქვათ, პროცესის ლეგიტიმაციისთვის, როგორც დროებითი ხელისუფლების. მათ რატომღაც სჯეროდათ, რომ უკრაინელი ხალხი იანუკოვიჩს უფრო მიიღებდა, ვიდრეს ვინმე სხვას.

მაგრამ ხომ გითხარით, ყველა დანარჩენი ვარიანტიდან პუტინმა ამ ოპერაციის ყველაზე უგუნური და სასტიკი ვერსია აირჩია.

  • ეს პირადად პუტინის გადაწყვეტილება იყო?

მან გადაწყვეტილება პირადად მიიღო, მინდა ხაზი გავუსვა ამას. არავის ჰქონია სერიოზული გავლენა ამ გადაწყვეტილებაზე. მეტსაც გეტყვით, ომის დაწყების დღეს ის პირადად გავიდა კავშირზე ყველა დანაყოფის მეთაურთან, მოისმინა ფორმალური ანგარიში მზადყოფნაზე და ფორმალურად, პირადად გასცა საომარი აგრესიის დაწყების ბრძანება.

ის – ავადაა, ეს უნდა გესმოდეთ, ისაა ადამიანი, რომელიც ძალიან არის დამოკიდებული სიმბოლოებზე, თარიღებზე.

  • თქვენ თქვით, რომ უკეთესი ვარიანტები ჰქონდა, რომლები?

არაა საჭირო, მივცეთ შანსი, გაიმეოროს ის, რისი გაკეთებაც შეეძლო.

  • მან ხომ ისედაც იცის, მისთვის ეს სიახლე არ იქნება.

მან იცის, და დაე, მასთანვე დარჩეს. იყო ჰიბრიდული მეთოდები, როგორ უნდა გაკეთებულიყო ყველაფერი.

  • საინფორმაციო?

ჰიბრიდული. ესაა აქტიური საბრძოლო მოქმედებებისა და საინფორმაციო პოლიტიკის კომბინაცია. არსი მარტივია: ის ძალიან მაღლა წევს ტემპერატურას დონეცკსა და ლუგანსკში და იწყებს მოლაპარაკებების პროცესს. ამ პროცესის განმავლობაში, კიდევ უფრო წევს ტემპერატურას, ახორციელებს რამდენიმე დარტყმას კონკრეტულ ობიექტებზე უკრაინის მასშტაბით და ქმნის ქაოსს ქვეყნის შიგნით. ასეთი ზეწოლის პირობებში, აიძულებდა უკრაინას, მის პირობებზე დათანხმებულიყო.

ეს გაცილებით ლოგიკური იყო, მაგრამ მაინც და მაინც პირდაპირი აგრესია აირჩია. რატომ? სავარაუდოდ, იმიტომ, რატომაც დიქტატორები იქცევიან ასე – მას სჯეროდა, რომ რაიმე არჩევანს აკეთებს არა იმიტომ, რომ ის კარგია ან ცუდი, არამედ იმიტომ, რომ მას ეს შეუძლია. ამიტომაც მოიქცა ასე.

  • თქვენ იცოდით, რომ ომი იქნებოდა…

ხომ გეუბნებით, ზუსტი რიცხვიც ვიცოდით. რასაც პრესას აძლევენ, ეს არაა ყოველთვის ის ინფორმაცია, რაც დახურული არხებით მოდის.

  • იცოდით ზუსტი თარიღიც. პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მოახსენეთ ამის შესახებ?

რასაკვირველია.

  • როგორი იყო რეაქცია?

როგორც ხედავთ, უკრაინამ თავი შეიკავა. ესე იგი, რეაქცია იყო.

  • მაშინ, რატომ არავინ მოამზადა საზოგადოება ამ ომისთვის?

საზოგადოებას ამზადებდნენ ამ ომისთვის, თუმცა მთავარი იყო, რომ არ ყოფილიყო პანიკა. სწორედ ამას მივაღწიეთ.

  • 24 თებერვალს პანიკა მაინც იყო…

უნდა გესმოდეთ, რომ როდესაც ნებისმიერ ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, ის ემზადება თუ არ ემზადება ომისთვის, ბომბების ცვენა იწყება, საზოგადოების დიდი ნაწილი მაინც გაკვირვებულია, მოდი, ასე დავარქვათ ამას.

  • ჩვენ გვახსოვს პრეზიდენტის ომამდელი განცხადებები, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ არაა საჭირო პანიკა

ასე გიპასუხებთ. პირველი – არის დახურული ტიპის ინფორმაცია და არის ყველასთვის ღია ინფორმაცია. ეს ინფორმაციის ორი სრულიად სხვადასხვა კატეგორიაა. მეორე – პუტინმა საბოლოო გადაწყვეტილება საომარი მოქმედებების დაწყებაზე 23 თებერვალს, 15:00 საათზე მიიღო. 23-ში, სადილამდე, ჯერ კიდევ იყო ეჭვები, მზადება და ასე შემდეგ. ამ რიცხვამდე მას შეეძლო ნებისმიერი ვარიანტი გამოეყენებინა. ამაზე დაყრდნობით და ასევე იმ მიზნით, რომ არ ყოფილიყო ნაადრევი პანიკა, რაც სწორედაც რომ რუსეთის ინტერესებში შედიოდა, არ ყოფილიყო ვალუტის კურსის ძლიერი რყევა, კაპიტალის გადინება, შენარჩუნებულიყო საინვესტიციო კლიმატი, ეკონომიკური ასპექტები, საჭირო იყო სიტუაციის კონტროლი. ასეც მოხდა.

  • მაშინ პირდაპირ გკითხავთრატომ ვერ შევინარჩუნეთ ხერსონი?

ეს ღია კითხვაა და მას სერიოზული გამოძიება სჭირდება. ომის დასრულების შემდეგ.

  • ბოლო შეკითხვებზე გადავიდეთ. რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს სრულმასშტაბიანი ომი?

როგორც უკვე გითხარით, აქტიური ფაზა უნდა წავიდეს ბოლოსკენ წლის დასასრულს. რუსეთს ნორმალური ომის საწარმოებლად 12 თვის რესურსი აქვს.

  • და როგორ შეიძლება ეს ომი დასრულდეს უკრაინისთვის?

ის დასრულდება ერთადერთი გზით: ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებით.

  • ყირიმის ჩათვლით?

რასაკვირველია. და თქვენ რა, ყირიმი ოკუპირებულად არ მიგაჩნიათ?

  • უდავოდ. თუმცა მე ვაზუსტებ ამ საკითხს, რადგან სხვა, დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისგან განსხვავებით, რუსეთმა ყირიმი შეიერთა.

და ვინ აღიარებს ამას?

  • არც არავინ, რუსეთის გარდა.

ისინი აღიარებენ. დაე, ასე იყოს. შეუძლიათ არ აღიარონ, რომ ჩვენ მას დავიბრუნებთ.

  • თუ სწორად გავიგე, წლის ბოლომდე ყირიმს დავიბრუნებთ?

წლის ბოლომდე, ჩვენ, სულ მცირე, უნდა შევიდეთ ყირიმის ტერიტორიაზე.

  • მაშინ, როგორ დასრულდება ეს ომი რუსეთისთვის?

ორი ვარიანტია: პირველი – პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილებით და რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის ფორმალური შენარჩუნებით, ხაზს ვუსვამ – ფორმალური.

ამ ვარიანტში, ყველა დაადანაშაულებს პირადად პუტინს და მის ახლო გარემოცვას და იტყვიან, რომ რუსეთი არაფერ შუშია.

გაიყვანენ ჯარებს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან. ეს ტერიტორიები დაუბრუნდება იმ ქვეყნებს, რომლებსაც ეკუთვნით  – საქართველოს, იაპონიას, გერმანიას და სხვ.

რუსეთი დაიწყებს არსებობას, როგორც ცივილიზებული სახელმწიფო. ხელახლა არსებობას, ასე ვთქვათ. გარკვეული დროის განმავლობაში, ეს იმუშავებს, დანარჩენს უკვე ისტორია აჩვენებს.

მეორე ვარიანტია – რუსეთის დაშლა სამ ან ოთხ ნაწილად.

  • კერძოდ?

რუსეთი შეიძლება დაიშალოს სამ ან მეტ ნაწილად, ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად.

მთავარი ფოტო: კირილო ბუდანოვი/”უკრაინსკა პრავდა”

______

გაიგე, როგორ შეგიძლია დაეხმარო უკრაინულ გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“, რომელმაც ეს ინტერვიუ მოამზადა და სხვა უკრაინულ გამოცემებს: 

რატომ უნდა დავეხმაროთ ჟურნალისტებს უკრაინაში – #უკრაინულიმედიისთვის

გადაბეჭდვის წესი


ასევე: