მთავარი,სიახლეები

 „ორბის“ უკანონო ბეტონის ქარხანა ქალაქის ცენტრში 3 წელია მუშაობს – რა გააკეთა მერიამ

31.08.2020 • 3203
 „ორბის“ უკანონო ბეტონის ქარხანა ქალაქის ცენტრში 3 წელია მუშაობს – რა გააკეთა მერიამ

ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამშენებლო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ირაკლი მოქიამ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ფიროსმანის ქუჩაზე, ბათუმის ცენტრში, ზღვის პირას, კომპანია „ორბის“ ე.წ ბეტონის ქარხანა უკანონოდ ფუნქციონირებს. ეს ქარხანა დასახლებაში მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, რადგან საწარმო პირდაპირ საცხოვრებელ კორპუსებს შორის დგას და გარემოს აბინძურებს.

ირაკლი მოქიას თქმით, 2018 წელს „ორბი“ უკანონო საწარმოს ფუნქციონირებისთვის დააჯარიმეს კიდეც და საწარმოს დემონტაჟის ბრძანებაც გამოიცა, თუმცა „ორბმა“ მერიას სასამართლოში უჩივლა. როგორც მერიაში აცხადებენ, „ორბთან“ დავის პროცესი ჯერ არ დასრულებულა, ამიტომ საწარმოს დემონტაჟს ვერ ახერხებენ.

იმას, რომ „ორბის“ ბეტონის ქარხანაზე ნებართვა არ არის გაცემული, მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელი, მირიან მეტრეველიც ადასტურებს. კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ „ორბის“ ბეტონის საწარმო უკანონოდ მუშაობს? – მირიან მეტრეველი ამბობს, რომ კი.

„დამხმარე ნაგებობების პროექტი ნახაზებში არ არის. ასეთ დროს მერიის ზედამხედველობის სამსახურმა უნდა დააჯარიმოს და მოხდეს დემონტაჟი ობიექტის ან შეაჩეროს მუშაობა. შესაძლოა მოგვმართოს შეთანხმებაზეც, მაგრამ ქარხნის შეთანხმებას თავისი წესები აქვს. ჩვენგან ნებართვა არ აქვთ და სხვაგან თუ აიღეს რაიმე სპეცნებართვა, ვერ გეტყვით“, – ამბობს მირიან მეტრეველი.

გარდა იმისა, რომ სამშენებლო კომპანია „ორბი“ ბეტონის საწარმოს უკანონოდ ამუშავებს, მტვერდამჭერი სისტემების ექსპლოატაციის წესების დარღვევის გამო, შესაძლოა, დააჯარიმონ კიდეც. ამის შესახებ „ბათუმელებს“ გარემოს ზედამხედველობის სამსახურში უთხრეს. „ბათუმელებმა“ 29 აგვისტოს გაავრცელა ვიდეომასალა, რომელზეც ჩანს კორპუსებს შორის მდებარე „ორბის“ ბეტონის საწარმო როგორ აბინძურებს ჰაერს.

„ვიდეო როგორც კი გავრცელდა, შევისწავლეთ ეს ფაქტი  და როგორც გაირკვა, საწარმოო პროცესში მტვერდამჭერი სისტემა გაიჭედა. ჩვენთვის ეს  ფაქტი არის მტვერდამჭერი სისტემის ექსპლოატაციის წესების დარღვევა, ამიტომ ამ ვიდეომასალითაც და კომპანიის აღიარებიდან გამომდინარე, გატარდება შესაბამისი ღონისძიება“, – ამბობს ნატო დავითაძე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს განყოფილების უფროსი.

„შესაბამისი ღონისძიება“ ითვალისწინებს სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, რომელიც გადაიგზავნება სასამართლოში, სადაც იმაზე იმსჯელებენ, რამდენით დააჯარიმონ კომპანია.

კანონში მტვერდამჭერი მოწყობილობების ექსპლოატაციის წესების დარღვევაზე ჯარიმა 500-დან 1000-მდე ლარითაა განსაზღვრული.

„ბათუმელები“ კომპანია „ორბსაც“ დაუკავშირდა და ჰკითხა, რატომ გადაწყვიტეს ქალაქის ცენტრში, მჭიდროდ დასახლებულ უბანში ეწარმოებინათ სამშენებლო ბეტონი, რაც ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ნინო ჩიტაიშვილი ამბობს, რომ „იმ რაოდენობის ბეტონის ტრანსპორტირება, რაც ამ სამი კომპლექსის მშენებლობას დასჭირდებოდა, უფრო მეტ ზიანს მოუტანდა [ქალაქს], ვიდრე აქ გაკეთებული, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული პატარა ქარხანა“.

ნინო ჩიტაიშვილის თქმით, „აქ არ იწარმოება ბეტონი სარეალიზაციოდ, ეს არის ქარხანა, რომელიც მხოლოდ ამ უბანში წარმოებული მშენებლობებისთვის გაკეთდა. როგორც იცით, აქ შენდება სამი მასშტაბური კომპლექსი და, შესაბამისად, ამ კომპლექსების ბეტონით მომარაგებისთვის გაკეთდა. ნებართვა გასცა ბათუმის მერიამ, მაგრამ ნებართვა გაიცა, როგორც დამხმარე ნაგებობის ინფრასტრუქტურის სახით“.

ნინო ჩიტაიშვილს ვკითხეთ, იცოდა თუ არა ბათუმის მერიამ, რომ კომპანია დამხმარე ნაგებობაში ბეტონის საწარმოს მოწყობას აპირებდა. ჩიტაიშვილი ამბობს, რომ მერიამ ეს იცოდა.

„რაზეც ვსაუბრობთ, რომ არის გამონაბოლქვი და ცხოვრება შეუძლებელია, ეს მოხდა (ჰაერში მტვრის გაფრქვევა) მხოლოდ ერთჯერადად, მუშა პროცესის დროს დაზიანდა ფილტრი, რომელიც მომენტალურად შეიცვალა. ყველა სხვა ნორმა ქარხნის ფუნქციონირების, დაცულია“, – ამბობს ნინო ჩიტაიშვილი.

ის ასევე ამბობს, რომ გარემოს დაცვაში კომპანია ყოველი თვის ბოლოს წარადგენს ანგარიშს, „სადაც ჩანს, რომ მშენებლობა მოთხოვნების შესაბამისად მიმდინარეობს“.

ჩიტაიშვილი ამბობს, რომ „ორბის“ საწარმო დასახლებულ უბანში მანამდე იმუშავებს, სანამ აქ მიმდინარე კომპლექსების მშენებლობა არ დასრულდება. მას საუბარში მერიასთან დავა და სასამართლო პროცესები არ უხსენებია.

„ბათუმელები“ აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოსაც დაუკავშირდა, რომელიც ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციას პერიოდულად ამოწმებს ქალაქში, თუმცა როგორც სამმართველოში „ბათუმელებს“ უთხრეს, ფიროსმანის 18 ნომერში ან მიმდებარე ტერიტორიებზე საწარმოს მიერ გარემოზე ზემოქმედება არ შეუსწავლიათ, არც ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი გაუზომიათ.

აღნიშნული კომპანიის ე.წ ბეტონის საწარმო კი შუა ქალაქში, უკვე მესამე წელია მუშაობს.

https://www.facebook.com/batumelebi/videos/1878887398919677/?v=1878887398919677

გადაბეჭდვის წესი


ასევე: