Batumelebi | მსგავსი ტყეები და ტორფნარები მსოფლიოში არ არის – UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრების სტატუსი მსგავსი ტყეები და ტორფნარები მსოფლიოში არ არის – UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრების სტატუსი – Batumelebi
RU | GE  

მსგავსი ტყეები და ტორფნარები მსოფლიოში არ არის – UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრების სტატუსი

მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებს, ასევე კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.

რას ნიშნავს როცა გვაქვს ბუნება, რომლის მსგავსი მსოფლიოში არ არის? – „ბათუმელები“ მკვლევარს, ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ თანამშრომელს, იზოლდა მაჭუტაძეს ესაუბრა.

  • რამდენად მნიშვნელოვანია დაცული ტერიტორიებისთვის UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება?

მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ტერიტორიებს UNESCO დაიცავს, თუმცა, ჩვენი მხრიდანაც უფრო მეტად დასჭირდება დაცვა. ამასთან, პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტყეები და მსგავსი ტორფნარები მთელს მსოფლიოში არ არის და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

მეორე – ეს არის ცოცხალი ეკოსისტემები [მაგალითად, ტორფნარებში ტორფის წარმოქმნის პროცესი დღესაც მიმდინარეობს]. ის, რომ მსგავსი ეკოსისტემა მსოფლიოში არ არის, მეცნიერული კვლევებით იქნა დამტკიცებული. საამაყოა, რომ გვაქვს ბუნება, რომლის მსგავსი არსად არ არის.

  • საქართველოში ასეთი სტატუსი დაცულ ტერიტორიებს პირველად მიენიჭა თუ სხვაც გვაქვს?

არა თუ საქართველოში, არამედ სამხრეთ კავკასიაშიც კი, ასეთი სტატუსი დაცულ ტერიტორიას პირველად მიენიჭა. მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ბევრი გვაქვს, მაგრამ ეს პირველი და ერთადერთია, როგორც მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობა.

  • რას ნიშნავს ქვეყნისთვის ასეთი მემკვიდრეობა?

ეს ნიშნავს ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებას, სოციალური პროექტების განხორციელებას. ამ ტერიტორიებთან, რომლებსაც UNESCO დაიცავს, ახლოს იქნება ტურისტული ბილიკები, შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურა. მოვლენ ვიზიტორები, რომლებმაც უნდა ნახონ ისეთი ეკოსისტემები, რომლის მსგავსი მსოფლიოში არ არის. ის, თუ რატომ არის უნიკალური ეს ადგილები, ამის შესახებ გავრცელდება ინფორმაცია.

დაცულ ტერიტორიებთან ასევე ხელი შეეწყობა ისეთი სოციალური პროექტების განხორციელებას, რომლებიც მიმართული იქნება ამ ტერიტორიების მომიჯნავედ მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად [ეკოტურიზმი, ვიზიტორებისთვის ხელშეწყობა და სხვა].

პირადად ვმუშაობ შესაბამის, ეკონომიურად მომგებიან სოციალურ პროექტებზე. ჯერ რეალური პროექტები მზად არ არის, მაგრამ გვაქვს სამეცნიერო კვლევები და სხვა საფუძველი, რომ განხორციელდება ეს პროექტები. განსაკუთრებით დაბლობში – კოლხეთის ეროვნული პარკისა და ქობულეთის ტერიტორიებზე.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩატარდება კიდევ უფრო მეტი სამეცნიერო კვლევები.

  • დაცული ტერიტორიებისა თუ ძეგლების სიახლოვეს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაც იგეგმება. რამდენადაა დასაშვები უკვე მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლის სიახლოვეს ასეთი პროექტების განხორციელება?

უნდა აღინიშნოს, რომ ის ადგილები, რომლებსაც მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭათ, თვითონ არიან მოქცეული დაცული ტერიტორიების შიგნით. მის გარეთ არის აღკვეთილი, ტურისტული ზონა, დაცულ ტერიტორიაზე მშენებლობა კი, ისედაც დაუშვებელია. UNESCO-ს მიერ აღიარებული ზონები ამ დაცული ტერიტორიების შუაგულშია მოქცეული.

უფრო გასაგები რომ იყოს, მაგალითად, ქობულეთის დაცულ ტერიტორიას მთლიანად კი არ მიენიჭა მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი, არამედ ამ ტერიტორიის იმ ნაწილს, რომელიც მკაცრი დაცვის ზონაა. მაგალითად, „ისპანი2“ არის მკაცრი დაცვის ზონა, ანუ ნაკრძალი, და ის უკვე შესულია UNESCO-ს დაცვის ქვეშ. ასევე შესულია არა კინტრიშის დაცული ტერიტორია ან კოლხეთის ეროვნული პარკი მთლიანად, არამედ, ამ ტერიტორიების მხოლოდ მკაცრი დაცვის ზონები.

იზოლდა მაჭუტაძე / ფოტო: ბსუ

საქართველოს დაცული ტერიტორიების UNESCO-ში წარსადგენად ბოლო რამდენიმე წელია მუშაობენ. ნომინაციაზე წარსადგენად საჭირო დოკუმენტებზე მუშაობა გერმანიაში არსებულმა მიხეილ ზუკოვის ფონდმა დააფინანსა.

 

მთავარი ფოტო: მტირალას ეროვნული პარკი
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com