მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

საზიანოა თუ არა ტკივილგამაყუჩებლების ხშირად გამოყენება – ექიმის რჩევები

03.06.2022 • 3613
საზიანოა თუ არა ტკივილგამაყუჩებლების ხშირად გამოყენება – ექიმის რჩევები

ტკივილს და მასთან დაკავშირებულ დისკომფორტს ხშირად მკურნალობენ ურეცეპტოდ გაცემული ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებით. საზიანოა თუ არა ტკივილგამაყუჩებლების ხშირი გამოყენება?

ტკივილგამაყუჩებლები, რომლებსაც მოსახლეობის დიდი ნაწილი რეგულარულად იყენებს თავის, მენსტრუალური ან სხვა, ქრონიკული ტკივილის დროს, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, იგივე ანალგეტიკებია. ამ ჯგუფში შედის, მაგალითად: პარაცეტამოლი, ასპირინი, იბუპროფენი, კეტონალი, ნიმესილი და სხვა.

კლინიკა „მედცენტრის“ ექიმი, ნევროლოგი ნინო ფილია ამბობს, რომ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები მედიკამენტების ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი ჯგუფია და ისინი ძალიან ღირებულ ინსტრუმენტს წარმოადგენენ ექიმებისა და პაციენტებისთვის, თუმცა სისტემატურ და დიდი დოზებით მოხმარებას, შესაძლოა, სერიოზული გვერდითი ეფექტები მოჰყვეს.

  • ქალბატონო ნინო, რამდენად საზიანო შეიძლება იყოს ტკივილგამაყუჩებლების ინტენსიური მოხმარება და კონკრეტულად რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ადამიანს?

ეს საშუალებები ამსუბუქებენ ტკივილს და ამცირებენ ანთებას, ამიტომ ზოგ შემთხვევაში უებარი საშუალებაა ბევრი დაავადების დროს.

მაგალითად, მუდმივი ტკივილით თუ იტანჯება ადამიანი, თუნდაც ართრიტის დროს – ამ შემთხვევაში შეუცვლელია, მაგრამ როცა ადამიანი ამ წამლებს ექიმის რეკომენდაციის გარეშე მოიხმარს, სწორად არ არჩევს დოზას ან/და მოიხმარს იმაზე ხანგრძლივად, ვიდრე იმ კონკრეტულ დაავადებას სჭირდება, რა თქმა უნდა, არის საფრთხე, რომ მედიკამენტმა სარგებელზე მეტი ზიანი მოუტანოს პაციენტის ჯანმრთელობას.

სამწუხაროდ, თითქმის ყველა მედიკამენტს, მათ შორის, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასაც ახლავს გვერდითი ეფექტები.

  • ზოგიერთი ტკივილგამაყუჩებლის ხშირი მომხმარებლები წამლის მიღებასთან ერთად კუჭის ტკივილსაც უჩივიან. რატომ ხდება ეს?

არასტეროიდებს გვერდითი ეფექტები, პირველ რიგში, ახასიათებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. აქ შეიძლება იყოს ისეთი დისპეფსიური მოვლენები, როგორიცაა: გულძმარვა, წვა კუჭის არეში, ტკივილი. ასევე, ტკივილგამაყუჩებლების ხანგრძლივი და რეგულარული მიღებისას შეიძლება გამწვავდეს წყლულოვანი დაავადება ან სისხლდენაც კი დაეწყოს პაციენტს. ეს უკანასკნელი შესაძლოა განვითარდეს ძალიან იშვიათ შემთხვევაში, მაგრამ ასეთი საშიშროებაც არის.

გარდა ამისა, ტკივილგამაყუჩებლების ხანგრძლივი და დიდი დოზით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება, შეიძლება დამძიმდეს თირკმლის ქრონიკული დაავადება.

ასევე, შედარებით მსუბუქი და „უწყინარი“ გვერდითი ეფექტია ე.წ. ტინიტუსი, ანუ წუილის მსგავსი ხმაური ყურებში. ეს არ არის საშიში გვერდითი ეფექტი, მაგრამ საკმაოდ შემაწუხებელია პაციენტისთვის და ჩვეულებრივ გადის, თუ შევამცირებთ არასტეროიდის დოზას ან მოვხსნით მას.

  • რამდენად რეალურია ის, რომ რეგულარული მოხმარების შედეგად ორგანიზმი ეჩვევა ტკივილგამაყუჩებელს და დროთა განმავლობაში, ეფექტის მისაღწევად, საჭირო ხდება უფრო ძლიერი ან დიდი დოზის მიღება?

აქ შეიძლება რამდენიმე მიზეზი იყოს. მაგალითად, შესაძლოა არის რაღაც დაავადება, რომელიც არასწორად არის ნამკურნალევი, არასტეროიდი ანუ ტკივილგამაყუჩებელი კი გამოიყენება მხოლოდ სიმპტომურად, ხსნის ტკივილის სიმპტომს, მაგრამ ძირითადი დაავადება, რომელიც იწვევს ტკივილს, ვითარდება თავისი გზით, უარესდება და რაღაც ეტაპზე ტკივილგამაყუჩებელი ვეღარ აქრობს იმ სიმპტომსაც.

არის კიდევ მეორე მომენტი – მედიკამენტებით გამოწვეული თავის ტკივილი, ანუ გართულებული თავის ტკივილი, რომელიც წამლების (ანალგეტიკების) ჭარბი მოხმარებით არის გამოწვეული.

დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში ცალკე პუნქტად არის გამოყოფილი მედიკამენტების ზედოზირებით გამოწვეული თავის ტკივილი.

როცა პაციენტი თავისი შეხედულებისამებრ, დიდი რაოდენობით და ხანგრძლივად იყენებს ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას, შემდგომ უკვე ეს საშუალებები მეორადად იწვევენ თავის ტკივილს. ყველაზე ხშირად ეს დაძაბვის ტიპის თავის ტკივილის და შაკიკის დროს ხდება. თითქოს ამ საშუალებების გარეშე არ შეუძლია პაციენტს, მოიხმარს ძალიან დიდი რაოდენობით, მაგრამ თავის ტკივილი მაინც რჩება და ეს უკვე სხვაგვარ მიდგომას საჭიროებს – ტკივილგამაყუჩებლებიდან გეგმურად უნდა მოიხსნას პაციენტი, სხვა მედიკამენტის ფონზე და ექიმის გარეშე ამას პაციენტი ვეღარ იზამს.

თავის ტკივილი წამლის მიღებისთანავე არ ვითარდება, თითქოს რაღაც პერიოდი მედიკამენტი აყუჩებს ტკივილს და შემდგომ უფრო ძლიერად აღმოცენდება ხოლმე, ქრონიკულ ხასიათს იღებს, მანკიერი წრე ვითარდება: პაციენტი წამალს იღებს – ტკივილი კვლავ აღმოცენდება, ტკივილის გამო ისევ წამალს იღებს და ასე შემდეგ.

  • რა ზოგადი რეკომენდაციები არსებობს ტკივილგამაყუჩებლების გამოყენებასთან დაკავშირებით? 

ანალგეტიკების ეპიზოდური გამოყენებას არ სჭირდება ექიმის ჩარევა. არც რეცეპტი სჭირდება  ანთების საწინააღმდეგო ისეთ საშუალებებს, როგორიცაა: პარაცეტამოლი, ასპირინი, იბუპროფენი… ოღონდ საუბარია ეპიზოდურ გამოყენებაზე, როცა პაციენტს არ უწევს მათი გამოყენება, დავუშვათ, კვირაში 5-6 დღის განმავლობაში, თვეში 15 დღეზე მეტ ხანს ან ყოველდღიურად.

თუ პაციენტი ამჩნევს, რომ ვერ აყუჩებს თავის ან სხვა ტკივილს, ან ტკივილი გაივლის, მაგრამ ძალიან სწრაფად ბრუნდება/ისევ აღმოცენდება, მაშინ უნდა დადგინდეს მიზეზი – შესაძლოა ქრონიკული დაავადება გამწვავდა და პაციენტი ვეღარ არეგულირებს. ან დასადგენია, რაღაც სხვა მიზეზი ხომ არ არის, იგივე მენსტრუალური ტკივილის დროს, ხომ არ არის რაღაც პროცესი, რასაც სჭირდება ექიმის ჩარევა და მკურნალობა სხვა მედიკამენტებით, გარდა ტკივილგამაყუჩებლისა.

ფაქტობრივად, ტკივილი არის რაღაც დაავადების სიმპტომი და ხშირად, თუ ეს დაავადება ქრონიკულია, გარდა ტკივილგამაყუჩებლებისა, საჭიროა მკურნალობა. რადგან სწორედ ასეთ შემთხვევაში ხდება ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების დიდი დოზით, ხანგრძლივად გამოყენება, ყველა შემთხვევაში, გზა მაინც ექიმთან მიდის.

შესაბამისად, თუ პაციენტი ეპიზოდური მიღებით ვერ არეგულირებს ტკივილს, ესე იგი, საჭიროა ექიმის ჩარევა.

თირკმლისა და ღვიძლის ქრონიკული დაავადებების დროს ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მიიღოს პაციენტმა ტკივილგამაყუჩებლები. ასევე, ორსულებისთვის არ არის მიზანშეწონილი გარკვეული მედიკამენტების, მათ შორის, ანალგეტიკების მიღება, განსაკუთრებით ორსულობის მე-20 კვირის შემდგომ, როცა გარკვეულწილად იზრდება  სისხლდენის რისკი. ამიტომ ორსულობის მე-20 კვირის შემდგომ ანალგეტიკების მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით შეიძლება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: