მთავარი,სიახლეები

გარემოს დაბინძურებისთვის „ორბი ჯგუფის“ უკანონო ქარხანა 10 000 ლარით დააჯარიმეს

03.06.2022
გარემოს დაბინძურებისთვის „ორბი ჯგუფის“ უკანონო ქარხანა 10 000 ლარით დააჯარიმეს

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, სანაპირო ზოლში არსებული „ორბი ჯგუფის“  ცემენტის უკანონო საწარმო ჰაერის დაბინძურებისთვის 10 ათასი ლარით დააჯარიმეს. სამართალდარღვევათა ოქმი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სასამართლოს უკვე გადაუგზავნა.

„ორბი ჯგუფი“ სამართალდარღვევათა კოდექსის 78-ე მუხლის მეხუთე ნაწილითაა დაჯარიმებული, რომელიც გულისხმობს აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ექსპლუატაციის წესების დარღვევას ან ამ მოწყობილობების გაუმართაობას, ასევე, აღნიშნული მოწყობილობების გამოუყენებლობას ან უქონლობას.

კანონდარღვევა 10 000-მდე ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

„მიმდინარე წლის 28 მაისს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლობის მიერ ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე განთავსებული „ორბი ჯგუფი ბათუმის“ სასაქონლო ბეტონის საწარმოს დათვალიერება განხორციელდა.

დადგინდა, რომ ტერიტორიაზე განთავსებული ცემენტის სილოსებიდან ერთ-ერთი არ იყო აღჭურვილი აირმტვერდამჭერი მოწყობილობით.

გამოვლენილ დარღვევაზე მიმდინარე წლის 31 მაისს „ორბი ჯგუფი ბათუმის“ მიმართ შედგა ოქმი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 78-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რომელიც გულისხმობს აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ექსპლუატაციის წესების დარღვევას ან ამ მოწყობილობების გაუმართაობას, ასევე, აღნიშნული მოწყობილობების გამოუყენებლობას ან უქონლობას“, – მოგვწერა ზედამხედველობის სამსახურმა.

ამავე კანონში წერია, რომ თუ სამართალდარღვევა განმეორებით იქნება ჩადენილი, ჯარიმის ოდენობა გაორმაგდება. ეს იმას ნიშნავს, რომ გარემოს დაბინძურებისთვის „ორბი ჯგუფმა“, წესით, 20 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს, რადგან „ორბი ჯგუფის“ უკანონო საწარმომ გარემო 2020 წლის 31 აგვისტოსაც დააბინძურა. ზედამხედველობამ მაშინაც თქვა, რომ საწარმომ მტვერდამჭერი სისტემების ექსპლუატაციის წესები დაარღვია.

78-ე მუხლის მეხუთე ნაწილში ასევე წერია, რომ აირმტვერდამჭერი მოწყობილობების გამოუყენებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარიდან 15 000 ლარამდე. განმეორება კი გამოიწვევს ჯარიმის გაორმაგებას.

აირმტვერდამჭერი მოწყობილობების უქონლობა – ამ მუხლის ხელმეორედ დარღვევა ასევე იწვევს პირის დაჯარიმებას 10 000-დან 20 000-მდე ლარით. გამეორების შემთხვევაში ჯარიმა ისევ ორმაგდება.

ის, რომ სამშენებლო კომპანიას ცემენტის საწარმო უკანონოდ აქვს აშენებული ქალაქის ცენტრში, ამ ინფორმაციას ბათუმის მერიაც ადასტურებს. მათი განცხადებით, უკანონო მშენებლობის მუხლით კომპანიას მერიამ ჯერ კიდევ 2018 წელს უჩივლა სასამართლოში, თუმცა საქმის განხილვა ამ დრომდე არ დაწყებულა.

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში, ზღვისპირა ზოლში, საწარმო უკანონოდაა აშენებული და გარემოსაც პერმანენტულად აბინძურებს, მისი დემონტაჟისთვის სახელმწიფომ მთელი ხუთი წლის მანძილზე არაფერი გააკეთა.

როგორც ჯანდაცვის სფეროს სხვადასხვა კვლევით დასტურდება, ჰაერის დაბინძურება იწვევს კიბოს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: