მთავარი,სიახლეები

38 000 ლარით დააჯარიმა ენმ-ს წევრები ბათუმში მოსამართლე გოგუაძემ ქუჩის გადაკეტვისთვის 

03.06.2022 • 1829
38 000 ლარით დააჯარიმა ენმ-ს წევრები ბათუმში მოსამართლე გოგუაძემ ქუჩის გადაკეტვისთვის 

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ბათუმში ქუჩის კარვებით გადაკეტვისთვის 6 მაისის აქციის მონაწილეები 2 -2 ათასი ლარით დააჯარიმა, რამდენიმე მონაწილე კი – 3500 ლარით.

24 ოპოზიციონერის ადმინისტრაციული წესით დაკავებაზე საბოლოო გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ დღეს, 3 ივნისს, მიიღო.

„სასამართლომ ჩათვალა, რომ არ გვქონდათ სამართლებრივი საფუძველი, გზა გადაკეტილიყო“, – უთხრა ოპოზიციონერებს მოსამართლემ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად დააჯარიმა აქციის მონაწილეები. ეს მუხლი გულისხმობს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას.

მოსამართლემ დააჯარიმა ბათუმის საკრებულოს წევრებიც: ლაშა კილაბერია და მამუკა ქობულაძე 3500-3500 ლარით, რეზო ხარაზი და ილია ჯინჭარაძე 2 -2 ათასი ლარით, ქობულეთის საკრებულოს წევრი ლაშა კომახიძე – 3500 ლარით, ხელვახაურის საკრებულოს წევრს, მერაბ ვარშალომიძეს კი, მხოლოდ შენიშვნა მისცა.

3500-3500 ლარით დაააჯარიმეს ასევე ლევან გორგილაძე და გიგა თედორაძე.

სასამართლომ 2 – 2 ათასი ლარით დააჯარიმა უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ენმ-დან: ლევან ანთაძე და გიორგი კირთაძე.

სასამართლოს შეაგინა და სხდომა დატოვა ბათუმის საკრებულოს წევრმა მამუკა ქობულაძემ.

მოსამართლემ ოპოზიციონერები გაამართლა 166-ე მუხლის ნაწილში, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. პოლიციელების მტკიცებით, აქციის მონაწილეები მათ აგინებოდნენ აქციაზე და არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს.

ამ ნაწილში დადასტურდა, რომ პოლიციამ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს.

„პოლიციის შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონდა, ეს იყო გამოხატვის თავისუფლება“, – დასძინა მოსამართლემ, ვიდრე მისი ხმა ჩაიკარგებოდა დარბაზის ოვაციებში: „მონა“, „ლუკაშენკო“, „სირცხვილია“.

მოსამართლემ ორივე მუხლით აქციის მხოლოდ რამდენიმე მონაწილე გაამართლა: უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გია აბულაძე, ბათუმის საკრებულოს წევრი ბაჩი მექვაბიშვილი, ასევე რომან ვარშალომიძე და ლაშა ადამია.

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ რამდენიმე დღის წინ დააჯარიმა ასევე აქციის მონაწილე მინდია ცინცაძე – 2500 ლარით.

აქციის რამდენიმე მონაწილის საქმის განხილვა ჯერ არ დასრულებულა.

„24 ოპოზიციონერის დაკავების საქმე“ – ბათუმის საქალაქო სასამართლო. 3 ივნისი, 2022 წ. ფოტო: „ბათუმელები“/ჯაბა ანანიძე

„24 ოპოზიციონერის დაკავების საქმე“ – ბათუმის საქალაქო სასამართლო. 3 ივნისი, 2022 წ. ფოტო: „ბათუმელები“/ჯაბა ანანიძე

„24 ოპოზიციონერის დაკავების საქმე“ – ბათუმის საქალაქო სასამართლო. 3 ივნისი, 2022 წ. ფოტო: „ბათუმელები“/ჯაბა ანანიძე

„24 ოპოზიციონერის დაკავების საქმე“ – ბათუმის საქალაქო სასამართლო. 3 ივნისი, 2022 წ. ფოტო: „ბათუმელები“/ჯაბა ანანიძე

საუბარია 6 მაისის აქციაზე, რომელიც პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა, აქციის მონაწილეებს კარვები წაართვა და 24 ოპოზიციონერი ერთდროულად დააკავა. შსს-მ ოპოზიციონერები ადმინისტრაციული წესით დააკავა და ედავებოდა წვრილმან ხულიგნობას, ასევე, პოლიციის კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებლობას.

ოპოზიციამ ბათუმში 6 მაისს დააანონსა, რომ იწყებდნენ ფართომასშტაბიან აქციებს პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად. ამ დაკავების შემდეგ აქციები აღარ გამართულა.

___

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/413980/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: