მთავარი,სიახლეები

რატომ უნდა დავეხმაროთ ჟურნალისტებს უკრაინაში – #უკრაინულიმედიისთვის

19.04.2022 • 3016
რატომ უნდა დავეხმაროთ ჟურნალისტებს უკრაინაში – #უკრაინულიმედიისთვის

კამპანია მედიის მხარდასაჭერად უკრაინულმა ორგანიზაციებმა ომის პირველი დღეებიდანვე წამოიწყეს და მასში მალევე ჩაერთნენ დასავლეთის გავლენიანი მედიასაშუალებები და ფონდები. მედია ყველა ქვეყანაში ერთიანდება იმისთვის, რომ უკრაინაში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა გადაარჩინოს. დღეიდან ამ კამპანიას „ბათუმელები & ნეტგაზეთიც“ უერთდება.

ეს არის უკრაინული მედიის მხარდასაჭერი კამპანია, რომლის მიზანიც ომში მომუშავე ჟურნალისტების დახმარებაა და რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია – მოქალაქეებს, ცალკეულ ჟურნალისტებს, მედიასაშუალებებს, ორგანიზაციებსა თუ ბიზნესკომპანიებს – ყველას, ვისაც თავისუფალი სიტყვისა და ინფორმაციის მნიშვნელობა ესმის და ესმის, თუ რამდენად სასიცოცხლოდ აუცილებელია ის ომის პირობებში.

რატომ სჭირდება უკრაინულ მედიას დახმარება

აგერ, უკვე ორი თვეა, საქართველოს მთავარი ამბებიც უკრაინაში ხდება. ამ ომს მსოფლიოს ყველა მედიასაშუალება აშუქებს, თუმცა მთავარ ინფორმაციას მაინც უკრაინიდან ვიღებთ. ბევრი უკრაინელი ჟურნალისტი, ვინც საკუთარ ქალაქებში დარჩა, სულაც არ ყოფილა ახალი ამბების რეპორტიორი, მით უმეტეს ომის რეპორტიორი. ზოგი მათგანი ონლაინგამოცემის რედაქტორი იყო, ზოგი ციფრული მონაცემების ანალიტიკოსი, ზოგიერთი საერთოდაც მოგზაურობასა თუ კულტურაზე წერდა, თუმცა დღეს ისინი ამბობენ, – „მსოფლიომ უნდა იცოდეს სიმართლე“ და იმ ცნობილი გამონათქვამის საპირისპიროდ, ყოველდღე ამტკიცებენ, რომ ომში სიმართლე ყოველთვის არ კვდება.

სიცოცხლეს საფრთხეში იგდებენ და მაინც მუშაობენ, ცდილობენ თავადაც გადარჩნენ და საკუთარი საქმეც გადაარჩინონ. უკრაინულ მედიას დღეს იმაზე ზრუნვაც უწევს, როგორ შეიძინოს აღჭურვილობა, საიდან მოიტანოს მუშაობისთვის აუცილებელი რესურსები, როგორ მოახერხოს და არ გაჩერდეს, მაშინაც კი, როდესაც მისი შემოსავლის ყველა წყარო დახურულია.

ზოგს პერსონალური თავდაცვის აღჭურვილობაც კი არ ჰქონია – ჯავშანჟილეტი და ჩაფხუტი, ზოგს მშობლიური ადგილიდან გაქცევა მოუხდა, ზოგს დამალვა, ზოგიერთს ქვეყნის დატოვება, ზოგს კი უბრალოდ ფინანსური რესურსები არ ჰყოფნის იმისთვის, რომ ომის პირობებში იმუშაოს.

„ამისთვის ბოლომდე მზად ვერავინ იქნებოდა“, – გვეუბნება ზახარ პროციუკი, The Fix Media-ს თანადამფუძნებელი და კამპანიის ერთ-ერთი ინიციატორი, – „არც ისე იოლია, იყო მდგრადი მედია უკრაინაში მშვიდობის დროსაც კი და ასჯერ უფრო რთულია ეს ომის დროს“.

რისთვის გროვდება თანხა

კოალიცია, რომლის მიზანიც უკრაინული მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების ფინანსური დახმარებაა, ონლაინგამოცემა The Fix – მა შექმნა. ის ლონდონსა და კიევში ბაზირებული მედიასაშუალებაა და მისი დამფუძნებლებისა და რედაქტორების უმრავლესობა უკრაინელია.

ორგანიზაციამ ამ იდეის გარშემო გამომცემლებისა და მედიაზე მომუშავე ორგანიზაციების გაერთიანება დაიწყო: კამპანიაში ჩაერთნენ Axel Springer, The Guardian, The Local, და სხვა 15-მდე გავლენიანი მედიასაშუალება, რომლებიც უკრაინულ მედიას ეხმარებიან ფინანსურად, აღჭურვილობით თუ საინფორმაციო მხარდაჭერით. ვრცელია კამპანიის მონაწილე საერთაშორისო ფონდებისა და ინსტიტუტების სიაც.

მხარდაჭერა რამდენიმე ეტაპად იყოფა:

გადაუდებელიპერსონალური დაცვის აღჭურვილობა; ტექნიკური მხარდაჭერა (ქლაუდ-სერვერების მიგრაცია, შეტევებისგან თავდაცვა); სასწრაფო და პირდაპირი ფინანსური მხარდაჭერა (მიკროგრანტები).

მოკლევადიანი: დახმარება გადაადგილებაში და მუშაობაში, როგორც უკრაინაში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ; დახმარება თანხების მოზიდვასა და საგრანტო პროექტების მომზადებაში.

გრძელვადიანი: 6-12 თვიანი დაფინანსება, რათა საქმიანობის გაგრძელება შეძლონ; ახალ ბიზნეს და საოპერაციო მოდელების შექმნაში დახმარება, თუნდაც ნაწილობრივი მდგრადობის მისაღწევად.

ვის ვეხმარებით

„ბევრი პროექტი დაიხურა, ბევრი ჟურნალისტი უმუშევარია. ბევრი ერთი რეგიონიდან მეორეში გადავიდა. ისინი სადღაც უნდა დასახლდნენ… ვიცნობ რამდენიმე კოლეგას, რომელიც აფეთქებისას მანქანაში ჩახტა და რაც თან ჰქონდა, იმით წავიდა – მეუღლე, შვილები, ძაღლი, კატა და ტელეფონი – სხვა არაფერი“, – გვითხრა ინტერვიუში მაქსიმ ოპანასენკომ, უკრაინული საგამოძიებო მედიის, „ბიჰუს ინფოს“ რედაქტორმა.

„ბიჰუს ინფო“ ერთ-ერთია იმ 12 ეროვნული დონის მედიასაშუალებას შორის, რომლებსაც კოალიცია ეხმარება:

Українська правда უკრაინაში პირველი ციფრული მედიაა. ის 2000 წელს დააარსა ჟურნალისტმა გიორგი ღონღაძემ, რომელიც მთავრობისადმი შეუპოვარი კრიტიკით გამოირჩეოდა და რომელიც, როგორც მოგვიანებით გამოძიებამაც დაადგინა, უკრაინის მაშინდელმა ხელისუფლებამ მოკლა.

„უკრაინსკა პრავდა“ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ონლაინმედიაა და 2022 წლის იანვრის მონაცემით, თვეში 38-მილიონიანი აუდიტორია ჰყავს. გამოცემა აერთიანებს ექვს მედიაპროექტს პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, ევროინტეგრაციაზე, ისტორიასა და ცხოვრების სტილზე. ისტორიულად, რედაქცია ცნობილია უკრაინაში პოლიტიკური კორუფციის გამოძიებით. 2021 წლიდან, „უკრაინსკა პრავდა“ აქტიურად აძლიერებს ვიდეო-გამოძიებების მიმართულებას. გამოცემის გამოძიებების უმრავლესობა უკრაინულ მედიასივრცეში ექსკლუზიურია.

Новое время (nv.ua) უკრაინის წამყვანი ციფრული მედიაა და დღეში მას მილიონ მომხმარებელზე მეტი კითხულობს. გამოცემა აშუქებს უკრაინისა და მსოფლიოს ამბებს სამ ენაზე (უკრაინულად, რუსულად და ინგლისურად). უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, „ნოვოე ვრემია“ უცხოური აუდიტორიისთვის უკრაინის ერთ-ერთი მთავარი ხმა გახდა.

LIGA.net დაარსდა 2000 წელს. ის ერთ-ერთი წამყვანი ციფრული მედიაა და აშუქებს ისეთ თემებს, როგორებიცაა უსაფრთხოება, პოლიტიკა, ეკონომიკა და საზოგადოება. 2022 წლის იანვრის მონაცემით, გამოცემის ვებგვერდზე თვეში 13 მილიონი ადამიანი შედის.

Ukrainer 2016 წელს დაარსებული პროექტია, რომელიც საზოგადოებას უკრაინას, მის ხალხს, ხელოვნებას, ისტორიას აცნობს. „უკრაინერი“ კონტენტს 12 ენაზე ქმნის. ის ასევე ყველაზე პოპულარული ვიდეო პლატფორმაა და ჰყავს მოხალისეების რეკორდული რაოდენობა უკრაინასა და მსოფლიოში. „უკრაინერი“ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მედია და კულტურული ორგანიზაციაა. მისი გუნდი ქმნის პატარა ვიდეორგოლებს, ვიდეობლოგებს, სტატიებს როგორც უკრაინელი, ისე უცხოელი აუდიტორიისთვის.

Слідство.Інфо უკრაინის საგამოძიებო ჟურნალისტების სამი მთავარი გუნდიდან ერთ-ერთია. ცნობილია უკრაინის მაღალ ეშელონებში არსებული კორუფციის შესახებ გადაღებული ფილმებით. ომის დაწყების შემდეგ, გამოცემა აქვეყნებს სასარგებლო ინფორმაციას ომში ჩართული რუსების შესახებ.

Hromadske, არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოებრივი ტელევიზია”, წამყვანი უკრაინული დამოუკიდებელი მედიაა, რომელიც 2013-2014 წლებში, მაიდანის დროს დაიბადა. იგი შექმნეს ჟურნალისტებმა, რომლებსაც სურდათ ჭეშმარიტად დამოუკიდებელი მედიასაშუალება მფლობელის გარეშე. დღეისთვის, „ჰრომადსკეს“ უზარმაზარი მხარდაჭერა აქვს მთელ ქვეყანაში. გამოცემა აშუქებს აქტუალურ ახალ ამბებს უკრაინასა და მსოფლიოში ყოველთვიურად დაახლოებით 5 მილიონი ადამიანისთვის. „ჰრომადსკე“ ცნობილია გამოძიებებით, ადამიანებზე ფოკუსირებული რეპორტაჟებით, ყირიმის ანექსიისა და დონბასში ომის გაშუქებით. ახლა, რუსეთის სრულმასშტაბიანი და უპრეცედენტო ომისას, „ჰრომადსკე“ ერთ-ერთი უმთავრესი საინფორმაციო წყაროა.

Дзеркало тижня (Zerkalo Nedeli) დაფუძნდა 1994 წელს, როგორც „ხარისხიანი პრესა“. თავდაპირველად იბეჭდებოდა, თუმცა მოგვიანებით ინტერნეტშიც დაიწყო მუშაობა. გამოცემა უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და გავლენიანი დამოუკიდებელი მედიაა. მისი ჟურნალისტები და რედაქტორები მუშაობენ ცხელი წერტილებიდან, მათ შორის რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან და დღეში 200-ზე მეტ ახალ ამბავს და სულ მცირე 20 ანალიტიკურ მასალას ქმნიან უკრაინულ და რუსულ ენებზე.

Бабель  2018 წელს დაარსებული დამოუკიდებელი პოლიტიკური და სოციალური ონლაინმედიაა. დაფუძნების დღიდან, გამოცემას მფლობელობის გამჭვირვალე პოლიტიკა აქვს. საზოგადოდაა ცნობილი „ბაბელის“ სარედაქციო პოლიტიკაც, ხოლო მასობრივი ინფორმაციის ინსტიტუტი მას ერთ-ერთ ყველაზე სანდო მედიასაშუალებად მიიჩნევს. „ბაბელის“ რამდენიმე გამოცემამ მიიღო დამოუკიდებელი, „პროფესიული ღირსების“ ჯილდო.

Детектор медіаუკრაინული „უოჩდოგი“ (ქართ. მოდარაჯე ძაღლი), ამავე სახელწოდების არასამთავრობო ორგანიზაციის ონლაინგამოცემაა. „დეტექტორ მედიის“ მნიშვნელოვანი ამოცანაა უკრაინული მედიასაშუალებების მუშაობის ანალიზი, რათა მათ კონტენტის ხარისხი გაზარდონ და ხელი შეუწყონ მედიაწიგნიერების გაუმჯობესებას მოსახლეობაში. „დეტექტორ მედიის“ სხვა პრიორიტეტული სფეროებია: რეფორმები მედიაში, დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლობის შექმნა და გაძლიერება, მედიის დარგში კორუფციის დასრულება, სახელმწიფოსა და მარეგულირებელი ორგანოების საქმიანობის მონიტორინგი და მედიის ინფორმაციის პროპაგანდად ქცევის წინააღმდეგ მუშაობა.

Bihus.Info, ანტიკორუფციული და საინფორმაციო პროექტების ჯგუფი, შეიქმნა 2013 წელს გამომძიებელი ჟურნალისტების გუნდის მიერ, დენის ბიჰუსის ხელმძღვანელობით. „ბიჰუს ინფო“ ცნობილია თავდაცვის სფეროში არსებული კორუფციის გამოძიებით, ე.წ. „მედვედჩუკის ჩანაწერებით“ და საჯარო მოხელეების ქონებრივი დეკლარაციების გაციფრულებაში შეტანილი წვლილით.

Заборона არის სტარტაპი, რომელიც საუკეთესო ხარისხის ღრმა რეპორტაჟებს აქვეყნებს და ამისთვის თანამედროვე ტექნოლოგიურ საშუალებებს იყენებს. უკრაინულ ენაში „ზაბორონა“ ტაბუს ნიშნავს. „ზაბორონაში“ მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანი ამბები ტაბუდადებული არ უნდა იყოს. პლატფორმა 2018 წელს ჩაუშვეს ჟურნალისტებმა კატერინა სერგაცკოვამ და რომან სტეპანოვიჩმა. „ზაბორონა“ დამოუკიდებელი გამოცემაა აღმოსავლეთ ევროპის პოსტსოციალისტური ქვეყნების სოციალურ ტრენდებსა და კულტურაზე და სთავაზობს მკითხველს ღრმა რეპორტაჟებსა და მიმდინარე მოვლენების ფართო კონტექსტს.

The Village Україна სამოქალაქო ონლაინგამოცემაა – ყველაფერი კულტურულ და სოციალურ ცხოვრებაზე, გართობაზე, მომსახურებასა და საჭმელზე კიევში. გამოცემის მიზანია, შექმნას კონტენტი, რომელიც ქალაქში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას დაეხმარება.

კოალიციამ საგანგებო ფინანსური დახმარება უკვე გაუწია 60-ზე მეტ რეგიონულ მედიასაშუალებას, ასევე ცალკეულ ჟურნალისტებს.

#უკრაინულიმედიისთვის საქართველოში

„ვეხმარებით უკრაინულ მედიას“ ეს არის გვერდი, რომელზეც კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას გაიგებთ კამპანიაზე. მეტიც, გვერდი, საიდანაც ნებისმიერი მსურველი მარტივად შეძლებს გადარიცხოს თანხა, რომელსაც პირდაპირ უკრაინული მედიის მხარდამჭერი კოალიცია მიიღებს. შემოწირულების გაკეთება შესაძლებელია როგორც ბრიტანული პლატფორმა GoFundMe-ს საშუალებით, ისე პირდაპირ საბანკო ანგარიშებზე.

ყველა გადარიცხვა გადამწყვეტია – თქვენი დიდი თუ მცირე შენატანით დაეხმარებით ჟურნალისტებს, გადარჩნენ, იმუშაონ, განაგრძონ ომის გაშუქება და მსოფლიოს მიაწოდონ რეალური ინფორმაცია უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის შესახებ.

ამ გვერდზე ჩვენ ასევე თავი მოვუყარეთ კოალიციის პარტნიორი მედიასაშუალებების შესახებ ინფორმაციას, ამ მედიასაშუალებების წარმომადგენელთა ინტერვიუებს, ბლოგებს, წერილებს, ვიდეომიმართვებს. ასევე, ყველა იმ მნიშვნელოვან სტატიასა თუ ახალ ამბავს, რომელიც კი ომში მომუშავე ჟურნალისტებს ეხება.

ინფორმაცია ომში განსაკუთრებით ძვირფასი და მნიშვნელოვანია. რომ არა ადგილობრივი და საერთაშორისო მედია, საზოგადოებას შესაძლოა, ომის ბევრი ამბავი ვერ გაეგო, ან გაეგო წლების დაგვიანებით. ეს ვფიქრობთ, ყველაზე უკეთ ისევ მედიის წარმომადგენლებსა და მედიის მეგობარ ორგანიზაციებს ესმით.

„ბათუმელები & ნეტგაზეთი“ კამპანიაში ჩართვის თხოვნით მიმართავს კოლეგებს, როგორც სატელევიზიო, ისე ონლაინ მედიიდან, სამოქალაქო სექტორს, ბიზნეს კომპანიებს და მოქალაქეებს. მთელი საქართველო ჩართულია უკრაინის მხარდასაჭერ აქციებში სხვადასხვა ფორმით, იქნება ეს ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა, უკრაინული არმიისთვის თანხის გადარიცხვა, საქართველოში ჩამოსული უკრაინელი ლტოლვილების დახმარება – თუმცა ისე, როგორც არასდროს, ჩვენი მხარდაჭერა ასევე სჭირდება უკრაინის კიდევ ერთ და ძალიან მნიშვნელოვან ინსტიტუტს – თავისუფალ მედიას.

მთავარი ფოტო: კარლოს ბარრია/ Reuters. ირპენი, უკრაინა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: