მთავარი,სიახლეები

ფოთის ყოფილი პროკურორი, რომლის მანქანაც დაცხრილეს, ბათუმში მოსამართლედ დანიშნეს  

04.10.2019
ფოთის ყოფილი პროკურორი, რომლის მანქანაც დაცხრილეს, ბათუმში მოსამართლედ დანიშნეს  

„მე მივაწოდე ინფორმაცია პროკურატურას ამ ფაქტის შესახებ, გამოძიება დასრულებული არ არის… ეს უკავშირდებოდა ჩემს საპროკურორო საქმიანობას,“ – გვიპასუხა მასამართლე ალექსანდრე გოგუაძემ დღეს, 4 ოქტომბერს, ერთ-ერთი სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ. ალექსანდრე გოგუაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რამდენიმე დღის წინ – 18 სექტემბრიდან გაამწესა.

მოსამართლედ გამწესებული ალექსანდრე გოგუაძე 2013 წლიდან 2016 წლის ჩათვლით ფოთის მთავარ პროკურორად მუშაობდა. 2016 წლის იანვარში პროკურორის ავტომანქანას, რომლითაც ალექსანდრე გოგუაძე გრიგოლეთში მიდიოდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან ოთხი ტყვია ესროლეს. ამ ფაქტიდან რამდენიმე დღეში ალექსანდრე გოგუაძის შვილი ავტომანქანის ქურდობის ბრალდებით დააკავეს, რამდენიმე დღეში კი, გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.  „ბათუმელებმა“ სწორედ ამ საქმეების შესახებ ჰკითხა მოსამართლეს სხდომის დასრულების შემდეგ. ალექსანდრე გოგუაძემ გვიპასუხა, რომ არც ერთი საქმის გამოძიება დასრულებული არ არის და მისი პროკურატურიდან წასვლა ამას არ უკავშირდება.

„არა, მე ჩემი განცხადებით წამოვედი. ამის შემდეგ მე თბილისის პროკურატურაში ვმუშაობდი, განყოფილების პროკურორი ვიყავი… შვილის ქურდობის ბრალდებაც ჩემს საქმეს უკავშირდება. გაგრძელება იყო იმის, რაც მოხდა. მე მივაწოდე ვერსია პროკურატურას, მეტს ვერაფერს გეტყვით,“ – გვიპასუხა ალექსანდრე გოგუაძემ.

ფოთის პროკურორობის შემდეგ ალექსანდრე გოგუაძე 2016 წლის თებერვლიდან მაისამდე პერიოდში მუშაობდა თბილისის პროკურატურაში შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის თანამდებობაზე. პროკურატურის სისტემიდან წამოსვლის შემდეგ, 2016 წელს, ალექსანდრე გოგუაძე პარლამენტის იურიდიული კომიტეტის აპარატში მუშაობდა. ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ალექსანდრე გოგუაძე სენაკის სასამართლოს მაგისტრი მოსამართლე იყო აბაშის მუნიციპალიტეტში.

ალექსანდრე გოგუაძე ფოთში მოსამართლედაც მუშაობდა 1999 წლიდან 2009 წლამდე. მანამდე იგი ასევე პროკურატურის სისტემაში იყო დასაქმებული.

რა ვერსია მიაწოდა პროკურატურას ალექსანდრე გოგუაძემ ავტომანქანის დაცხრილვის შესახებ მაშინ, როცა ის ჯერ კიდევ პროკურორად მუშაობდა? – მოსამართლეს ესეც ვკითხეთ, მაგრამ მან ამ შეკითხვაზე არ გვიპასუხა.

„მგონი, საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ გამოგივიდათ… სხვა პროცესს ვიწყებთ,“ – გვითხრა ალექსანდრე გოგუაძემ.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: