ბათუმის ბულვარის გენგეგმაში ჩაწერეს, რომ შეუსაბამო ნაგებობაა „ამბასადორის“ პროექტი, 19-სართულიანი სასტუმრო კომპლექსი. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალში გადაწყვეტილების მიმღებმა ამ შენობასთან მიმართებაშიც იგივე მიდგომა უნდა გამოიყენოს, როგორიც ბულვარისთვის შეუსაბამოდ მიჩნეული სხვა ნებისმიერი ნაგებობის მიმართ.
დოკუმენტში მსგავსი ჩანაწერის გაჩენას ეწინააღმდეგებოდნენ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლთა დაცვის საბჭოს წევრები – აკაკი ძნელაძე [აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე] და ვიქტორია ბერიძე [სააგენტოს დაგეგმარებისა და ნებართვების განყოფილების უფროსი]. ამის შესახებ გენგეგმის ინსპექტირების ჯგუფის ერთ-ერთი სხდომის ოქმში წერია.
მათი რეკომენდაცია იყო, რომ ასეთი ჩანაწერი გენგეგმაში არ გაეკეთებინათ იქამდე, ვიდრე „ამბასადორთან“ დაკავშირებული დავა სასამართლოში არ დასრულდებოდა. გენგეგმაზე მომუშავე კომპანიამ, „ბაუ დიზაინმა“ ეს არ გაითვალისწინა.
სასამართლოში პროექტის წინააღმდეგ საჩივარი ორგანიზაცია „ბათომმა“ შეიტანა.
გენგეგმის ინსპექტირების ჯგუფი ბულვარის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად სხვა სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებსაც აერთიანებს. ჯგუფში შედიან, როგორც ბათუმის მერიის, ასევე ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თანამშრომლები. ჯგუფში არიან ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
დოკუმენტის შემსყიდველი კი ბულვარის ადმინისტრაციაა.
დოკუმენტში ვკითხულობთ ასევე, რომ „ბათომის“ წარმომადგენელი ითხოვდა შეუსაბამო ნაგებობად ჩაეწერათ „ამბასადორის“ კაფე „ორანჟერეას“ შენობაც.
ამ მოთხოვნასთან დაკავშირებული არგუმენტები „ბათომის“ წარმომადგენელმა, გია რამიშვილმა პუნქტებად ჩამოაყალიბა:
- უკანონოდ არის გასხვისებული და დაკავებული საჯარო სივრცე.
- გარდა კანონმდებლობისა, არ არსებობდა ისტორიული და კულტურული საფუძველი ნებართვის გაცემის.
- იქ არასოდეს მდგარა მსგავსი მასშტაბის, ფუნქციისა და არქიტექტურის ნაგებობა.
- 21-ე საუკუნეში 19-ე საუკუნის მსგავსი ნაგებობის აშენება არის სრული ანაქრონიზმი და არქიტექტურის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევა.
- აღნიშნული რესტორანი ისევე შეუსაბამოა ბულვარისთვის, როგორც სასტუმრო „ამბასადორი“, სხვაობა არის მხოლოდ მასშტაბში.
შეუსაბამო შენობების გამოვლენის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით კომპანიამ განმარტა, რომ ძველი ბულვარის იმ ნაწილში, რომელიც ესაზღვრება პრომენადს, შეუსაბამოდ ჩაითვალა კვების ყველა ობიექტი, რადგან მათი ძირითადი ნაწილი განთავსებულია მწვანე ნარგავებს შორის.
იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ სანაპირო ზოლში გაჩნდა დროებითი შენობები კაფეს ფუნქციით, აღარ არსებობს
საჭიროება პრომენადის მიმდებარედ გამწვანებულ სივრცეში იყოს კაფეები. რაც შეეხება ბულვარის შუა ნაწილს, აქ ყოველთვის არსებობდა რაღაც ობიექტები, შესაბამისად, ცენტრალურ ნაწილში შეუსაბამო ობიექტების არსებობის შემთხვევაში იგეგმება მათი
რეკონსტრუქცია ან ფასადის ცვლილება და არა სრული დემონტაჟი.
„ამბასადორის“ კაფესთან დაკავშირებით კომპანია აზუსტებს:
„ხსენებული ობიექტი განთავსებულია ბულვარის შუა ზოლში, მისი არქიტექტურა არ მოდის დისონანსში საპარკო არქიტექტურასთან, რის გამოც განაშენიანების გეგმა არ ითვალისწინებს მის დემონტაჟს ან რეკონსტრუქციას.“
ინსპექტირების ჯგუფის წევრია ზაურ ახვლედიანიც, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი [ყოფილი დირექტორი და განათლების მინისტრის მოქმედი მოადგილე]. ბულვარში 19-სართულიანი შენობის მშენებლობის ნებართვას სწორედ მან მოაწერა ხელი. მას საკუთარი პოზიცია „ამბასადორის“ სამშენებლო პროექტის შეუსაბამო ნაგებობად ჩაწერასთან დაკავშირებით გენგეგმის სამუშაო ვარიანტშიც აქვს დაფიქსირებული. როგორც თავად წერს, არ მოსწონს აპელირება „ამბასადორის“ კანონთან შეუსაბამობაზე და მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ.
ამ საქმის განხილვა სასამართლოს ჯერ არ დაუწყია.
დოკუმენტში შეუსაბამო შენობების ჩამონათვალშია ბულვარის შესასვლელში არსებული ქორწინების სახლის შენობა, ასევე ყველა ის შენობა, რომელიც არ არის მსუბუქი კონსტრუქცია და პრომენადს ესაზღვრება.
„აქ კაფეების, რესტორნებისა და ბარების ნაგებობათა ჯგუფები გარკვეული ინტერვალით განაწილებულია არა მხოლოდ პრომენადის გაყოლებით, არამედ პარკის მთელ ტერიტორიაზე, მწვანე ნარგავების გარემოცვაში. ამ ნაგებობათა არქიტექტურის გარეგნული მხარე უმეტეს შემთხვევაში არ აკმაყოფილებს საჭირო სტანდარტს. მათი მასშტაბი ხშირად შეუსაბამოა გარემოსთვის და სასურველია უფრო მოკრძალებული იყოს.
საზოგადოებრივი კვების ობიექტების ფუნქციური დატვირთვაც დასაკორექტირებელია, რადგან ბულვარი არ შეიძლება იქცეს რესტორნისთვის სპეციფიკურ ხანგრძლივი პურობის ადგილად და ამის საჭიროების შემთხვევაში მსურველებმა ქალაქში უნდა გადაინაცვლონ. დარეგულირებას საჭიროებს ასევე მსგავსი ობიექტების რაოდენობა, რადგან, ხშირ შემთხვევაში, გვერდიგვერდ განთავსებული გასართობი ადგილების ფუნქციონირება, დისკომფორტს უქმნის არა მხოლოდ მათ ვიზიტორებს, ასევე ბულვარში დასასვენებლად მოსულ დანარჩენ საზოგადოებას“, – ნათქვამია გენგეგმის ტექსტურ ნაწილში.
ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მერიასთან დადებული უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე მართავს. ბულვარი, როგორც ქონება მერიას ეკუთვნის, ამიტომაც გენგეგმის საბოლოო ვარიანტი საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.
ბულვარში არსებულ შეუსაბამო მშენებლობებზე, განსაკუთრებით კი „ამბასადორის“ 18 სართულიან სასტუმრო კომპლექსზე მერის, არჩილ ჩიქოვანის პოზიციის შესახებ არ ვიცით. მას ამაზე ბევრჯერ ვკითხეთ, თუმცა როგორც ბევრ სხვა საკითხზე გვიპასუხა, რომ მისი აზრით ყველაფერი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა გადაწყდეს.