მთავარი,სიახლეები

დედის ბრძოლა 5 წლის შვილის გადასაჩენად

03.06.2022 • 1793
დედის ბრძოლა 5 წლის შვილის გადასაჩენად

35 წლის თეონა ასლანიძეს ბოლო წლებია ერთი მთავარი საფიქრალი აქვს – როგორ გადაარჩინოს შვილის სიცოცხლე. თეონას ოჯახი სოციალურად დაუცველია და მიუხედავად ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამაში ჩართულობისა, ოჯახს ხშირად უწევს ფულის სესხება, რომ 5 წლის შვილის, ომარიკოს ჯანმრთელობაზე იზრუნოს.

ომარიკოს ოჯახი ქობულეთში, ჯიხანჯურში ცხოვრობს. ბავშვის დედის, თეონა ასლანიძის თქმით, ომარიკოს 2019 წლის ნოემბერში იმუნოდეფიციტი დაუდგინდა, ბავშვს უზიანდება ნერვული სისტემაც, რისი მიზეზიც, ბევრი გამოკვლევის მიუხედავად, დღემდე ვერ დადგინდა.

დედა ბავშვის მდგომარეობის უკეთ კონტროლისა და მართვისთვის დაახლოებით 1 წელია თბილისში ცხოვრობს.

„ომარიკოს დაბადებამდე, ჩემი უფროსი ბიჭი, ლუკა, 15 წლის ასაკში მენინგიტმა გამომაცალა ხელებიდან.

ომარიკო შეგვეძინა თუ არა, მაშინვე ჩავუტარეთ გამოკვლევები, გვეშინოდა, ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა არ ჰქონოდა მასაც, თუმცა, გამოკვლევების მიხედვით სრულიად ჯანმრთელი იყო და ჩვენც მშვიდად ვიყავით“ – გვიყვება თეონა.

თეონას თმით, ჯანმრთელობის პრობლემები  ომარიკოს 2 წლის ასაკში დაეწყო. იქამდე მას სიარულიც და საუბარიც თავისუფლად შეეძლო.

„ნელ-ნელა ლაპარაკიც შეწყვიტა და სიარულიც. 2019 წლის დეკემბერში გერმანიაში ვიყავით, მაშინ ომარიკოს შეეძლო ხელჩაკიდებული გადაადგილება, რამდენიმე სიტყვის თქმა. უკვე ერთი წელია საერთოდ აღარ აქვს რეაქცია, მხედველობის პრობლემებიც დაეწყო“, – ამბობს თეონა.

ომარიკო ასლანიძე

როგორც თეონა გვიყვება, ომარიკო გერმანიაში ჰყავდათ წაყვანილი გამოკვლევებისთვის, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ დააფინანსა, საქველმოქმედო ფონდი „იალქანი“ კი ოჯახს თარჯიმნის და სხვა ხარჯების გასტუმრებაში ეხმარებოდა.

„გერმანიაში ზურგის ტვინის ანალიზი გაუკეთდა ომარიკოს. იქაც იმუნოდეფიციტის დიაგნოზი დაგვისვეს, თუმცა რა უზიანებს ნერვულ სისტემას, ამის შესახებ ვერ გვითხრეს“ – გვიყვება თეონა. მისი თქმით, ფონდი „იალქანი“ მათ მაქსიმალურად ეხმარებათ და გასულ წელს, თურქეთში ბავშვის წაყვანის ხარჯიც ბოლომდე „იალქანმა“ დაუფინანსათ.

ახლა თეონას ომარიკოს ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან ერთად ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო პრობლემებთანაც უჭირს გამკლავება. ბავშვის მოსავლელად ყოველთვიური ხარჯისა და თბილისში ცხოვრებისთვის საჭირო ფულის შეგროვება ძალიან რთულია, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის.

„ომარიკოს 1 თვის განმავლობაში 1500-2000 ლარი მაინც სჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვისთვის საჭირო იმუნოგლობულინს ჯანდაცვის სამინისტრო გვიფინანსებს. 

ომარიკოს სჭირდება ტრაქეოსტომია. სანაციის მილი 1 ლარი ღირს, შესაძლოა დღეში 25-30 ცალი ასეთი მილი დაგვჭირდეს. რესპირატორულ 20-წუთიან მასაჟს იკეთებს, რაშიც 50 ლარს ვიხდით.  

ხშირად მძიმდება მისი მდგომარეობა და მთელ დროს ექიმებთან ვატარებთ, სჭირდება ანტიბიოტიკებიც.  

ომარიკო სპეციალური აპარატის დახმარებით იკვებება, რომელიც ყოველ 4 თვეში საჭიროებს გამოცვლას. ეს აპარატი 200 ლარი ღირს.

თბილისში ჩემი ქმრის ძმის სახლში ვცხოვრობთ. არ გვაქვს ქირა გადასახდელი, მაგრამ მაინც ძალიან რთულია ჩვენთვის აქ ცხოვრება და გვიჭირს ყოველთვიურ ხარჯს გავწვდეთ. ჩვენი შემოსავალი ომარიკოს პენსია – 275 ლარი და სოციალური დახმარების 380 ლარია. ფულს ძალიან ხშირად ვსესხულობთ“, – ამბობს თეონა.

თეონა ახლა ცდილობს ყველა გზა, ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს შვილის გადასარჩენად.

„ვიცი, რომ ომარიკოს მდგომარეობა მძიმეა. ვიბრძვი იმისთვის, რომ ომარიკო გვერდით მყავდეს. გადაწყვეტილი მაქვს, რომ ისევ უნდა ვცადო ბავშვის საზღვარგარეთ წაყვანა“ – ამბობს თეონა.

თეონა გვეუბნება, რომ ფონდმა „იალქანმა“ ისრაელში კლინიკა მოიძია, რომელიც ომარიკოს გამოკვლევებს დათანხმდა და ინვოისიც მიიღეს. ინვოისის მიხედვით ომარიკოს კვლევების ხარჯი ისრაელის კლინიკაში 10 000 ევრო იქნება. თეონას იმედი აქვს, რომ ისრაელში ვიზიტს მის შვილს ჯანდაცვის სამინისტრო დაუფინანსებს, სასტუმროს, გზისა და სხვა ხარჯების დაფარვაში კი ფონდი „იალქანი“ დაეხმარება – „ბავშვის ტვინი დღითიდღე ზიანდება. რაც მალე შევძლებთ ომარიკოს ისრაელში წაყვანას, მით უფრო კარგი იქნება მისთვის“.

თეონას კიდევ ერთი, რვა წლის შვილი ჰყავს, რომელიც თბილისში მასთან და ომარიკოსთან ერთად ცხოვრობს. თეონას მისი სკოლაში შეყვანაც თბილისში მოუხდა, რადგან ომარიკოს ჯანმრთელობის გამო ძირითადად თბილისში უწევთ ყოფნა. თეონა გვიყვება, რომ მისი მეუღლე ბათუმში მუშაობს და იშვიათად ახერხებს მათ მოსანახულებლად ჩასვლას.

_____________________

თეონა ასლანიძის შვილის, 5 წლის ომარიკოს დახმარების მსურველებს თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ შემდეგ ანგარიშზე

თბს ბანკი:

GE80TB7533045061100050

საქართველოს ბანკი:

GE98BG0000000316304600

მიმღები:  თეონა ასლანიძე.

 

საქველმოქმედო ზარი მაგთიდან, ჯეოსელიდან და ბილაინიდან: 0901500502

გადაბეჭდვის წესი


ასევე: