მთავარი,სიახლეები

„ოცნების ქალაქის მცხოვრებლების განსახლების პროცესი კვლავ ბუნდოვანია“ – განცხადება

03.06.2022 •
„ოცნების ქალაქის მცხოვრებლების განსახლების პროცესი კვლავ ბუნდოვანია“ – განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებას „ოცნების ქალაქის“ – მცხოვრებლებისთვის ბინების გადაცემის კრიტერიუმების განსაზღვრის საკითხზე და ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს პროცესის გამჭვირვალობა, მოსახლეობის პროაქტიული ინფორმირება განსახლების პროცესის შესახებ და პროცესის ისე წარმართვა, რომ გათვალისწინებული იყოს ყველა მოსახლის მოწყვლადობა და საჭიროებები.

ცენტრის ცნობით, „მოსახლეობა მიიჩნევს, რომ კრიტერიუმები, რომელთა შესახებაც მედიასაშუალებებიდან შეიტყვეს, არ არის ცხადი, განმარტებას მოითხოვს და არ საუბრობს მათ საჭიროებებზე, ვინც საცხოვრისით დაუკმაყოფილებელი შეიძლება დარჩეს“.

30 მაისს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ სამთავრობო კომისიამ „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლებისათვის ბინების გადანაწილების საბოლოო კრიტერიუმები (ჯამში 15 კრიტერიუმი) შეიმუშავა, რომელიც, მისი პოზიციით, განსახლების სამართლიან სტანდარტს ადგენს.

„მიუხედავად აღნიშნული განცხადებისა, დადგენილი კრიტერიუმების შინაარსი უამრავ კითხვის ნიშანს იწვევს და მთავრობის მხრიდან შესაბამისი პასუხების გაცემა ან/და პროცესის მოდიფიცირებაა საჭირო,“ – აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

„ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე 1740 ოჯახი ცხოვრობს, თუმცა საცხოვრისების მშენებლობის პირველი ეტაპი მხოლოდ 582 შინამეურნეობის დაკმაყოფილებას (ამ მიზნით ორი კორპუსი შენდება) ითვალისწინებს, რამაც სამართლიანი და გამჭვირვალე კრიტერიუმების შემუშავების საჭიროება შექმნა.

მიუხედავად ამისა, სპეციალურად ამ მიზნით შექმნილმა სამთავრობო კომისიამ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების უგულებელყოფით, პირველ რიგში, პრიორიტეტი მიანიჭა არა ყველაზე მოწყვლად მოსახლეობას, არამედ იმ პირებს, რომელთა ამჟამინდელ საცხოვრებელ ტერიტორიაზე იგეგმება მესამე შენობის აგება.

კომისიის მიერ გათვალისწინებული მოწყვლადობის კრიტერიუმები (შშმ პირის და შშმ ბავშვის სტატუსი, სპეციალური სამედიცინო საჭიროება, მარტოხელა მშობელი და მარჩენალდაკარგული ოჯახები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი მშობელი, მრავალშვილიანი ოჯახები და ოჯახები, რომლებიც სოციალურ შემწეობას იღებენ, მრავალსულიანი ოჯახები, ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, პენსიონერები, იძულებით გადაადგილებული პირები და იპოთეკით დაზარალებული მოქალაქეები) კი მხოლოდ ტერიტორიული პრინციპის დაკმაყოფილების შემდეგ იქნება გათვალისწინებული, რაც ვერ იქნება უსახლკარო მოსახლეობის განსახლების სათანადო სტანდარტად მიჩნეული,“ – წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრი განცხადებაში.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ კრიტერიუმების შინაარსი ადგილობრივ მოსახლეობაში დაბნეულობასა და დაძაბულობას იწვევს, რაც შესაძლოა კონფლიქტში გადაიზარდოს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს აჭარის მთავრობას:

  • უზრუნველყოს „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლების სრული და პროაქტიური ინფორმირება მშენებარე კორპუსებში განსახლების კრიტერიუმებთან და პირველ ეტაპზე განსასახლებელ შინამეურნეობებთან დაკავშირებით;
  • უზრუნველყოს „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებთან მუდმივი კომუნიკაცია და მათი ინფორმირება მშენებლობის შემდეგი ეტაპების განხორციელების შესახებ;
  • მოკლე ვადებში უზრუნველყოს მცხოვრებლების განსახლების კრიტერიუმების იმგვარი ცვლილება, რომ პრიორიტეტი მიენიჭოს მოსახლეობას არა მათი საცხოვრებელი ადგილის მდებარეობის, არამედ მოწყვლადობისა და საჭიროებების მიხედვით; ასევე, განხორციელდეს განსახლებისას ბლანკეტური ჩამკეტი მექანიზმების მოდიფიცირება და მორგება მოსახლეობის ამჟამინდელ მდგომარეობაზე;
  • განხორციელდეს ღონისძიებები განსახლების პროცესში მოსახლეობაში კონფლიქტების ეფექტიანი პრევენციისთვის.

ამავე თემაზე: 

ვინ [ვერ] მიიღებს ბინას „ოცნების ქალაქში“ – აჭარის მთავრობამ კრიტერიუმები განსაზღვრა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: