არტემის II -ის მისიის ეკიპაჟის დაბრუნება დედამიწაზე [ფოტო- NASA]

არტემის II -ის მისიის ეკიპაჟი დედამიწაზე დაბრუნდა.

მთვარეზე ისტორული მისიის შემდეგ არტემის II-ის ასტრონავტები უსაფრთხოდ დაბრუნდნენ დედამიწაზე. ეკიპაჟი წყნარ ოკეანეში თბილისის დროით 04:07 საათზე დაეშვა.

ფოტო- NASA
ფოტო- NASA

ოთხივე ასტრონავტი „ბედნიერი და ჯანმრთელია,“ განაცხადა კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენელმა პრესკონფერენციაზე.

ფოტო- NASA
კოსმოსური ხომალდი დედამიწას მაქსიმალურად 6 აპრილს დაშორდა 406,771 კმ-ით და ამით მოხსნა რეკორდი კოსმოსში დედამიწიდან ყველაზე შორს მოგზაურობის.
ორიონის კაფსულის დატოვების შემდეგ ასტრონავტებს სამედიცინო შემოწმება უნდა ჩაუტარდეთ, შეხვდნენ ოჯახის წევრებს და დაბრუნდნენ ჰიუსტონში, მისიის მართვის ცენტრში.
დღეს ასევე დაგეგმილია ასტრონავტების ვიზიტი თეთრ სახლში.

აჭარის მთავრობა 5961კვ.მ მიწის ნაკვეთს ბათუმში 3.5 მილიონად ყიდის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში, გრიგოლ გურიელის ქუჩის პირველში, 5961 კვ.მეტრ არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთს 4 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების პირობით ყიდის.

გასაყიდ მიწის ნაკვეთზე არის 814 კვ.მეტრი ფართობის ძველი შენობაც.

ქონების საწყისი ფასი 3 მილიონ 578 000 ლარია, ბიჯი 90 000 ლარი. აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველმა საფასური ორ ეტაპად უნდა გადაიხადოს – 2026 წლის პირველ სექტემბრამდე საბოლოო საფასურის არანაკლებ 30% და 2026 წლის 1 დეკემბრამდე დარჩენილი საპრივატიზებო საფასური სრულად უნდა დაფაროს.

გარდა ამისა, სავალდებულო იქნება ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენა – 80 000 ლარის ოდენობით, რომლის ვადაც არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას.

როგორ შეძლებენ თითქმის 4 მილიონიანი ქონების 80 000 ლარით დაზღვევას, ეს გაუგებარია.

აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველმა შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში ობიექტის მშენებლობის ნებართვა უნდა მიიღოს, 36 თვეში კი, შესაბამისი შენობა-ნაგებობ(ებ)ის აშენება და ექსპლუატაციაში მიღება უნდა შეძლოს.

გასაყიდი მიწის ნაკვეთი ბათუმის აეროპორტთან ახლოსაა. შესაბამისად, აქ მაღალი კორპუსის მშენებლობა არ არის დაშვებული. გასაყიდი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ საცხოვრებელ ვილებს აშენებენ და ძვირად ყიდიან.

აუქციონი პირველ აპრილს გამოაცხადეს და 29 აპრილს უნდა დასრულდეს.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 11 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 11 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 310 110 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 440. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 851 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 24 381 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 39 798 ერთეული [+64]
  • MLRS – 1 726 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 344 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 350 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 231 785 ერთეული [+2 014]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 517 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 88 698 ერთეული [+183]
  • სპეცტექნიკა – 4 121 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

უკრაინამ ჩაახშო რუსების მცდელობა ზაპოროჟიეში, ანუ უპირატესობა საფრონტო დრონებით – ინტერვიუ

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

უკრაინის დაზვერვამ დრონებით ჩაძირა სატვირთო ბორანი, რუსებს დარჩათ ყირიმის ხიდი – ინტერვიუ

„უკრაინელებმა „Front Strike“-ის, ანუ საფრონტო დრონებით რუსებთან შექმნეს უპირატესობა სამი ერთთან. წარმოიდგინეთ, რამხელა უპირატესობაა. ესე იგი, 30%-ით უფრო მეტ დრონს იყენებენ უკრაინელები, ვიდრე რუსები,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე. იგი ისევ აქტიურად აკვირდება ფრონტის ხაზს უკრაინაში.

უკრაინული დრონების გააქტიურების პარალელურად, რუსებს „უპილოტო საფრენი აპარატების ძალები“ შეუქმნიათ:

„ამ უპილოტო ძალების განვითარების ხელმძღვანელად დანიშნეს იური ვაგალოვი. ზედმეტსახელად „უნიტაზი“. ასეა ცნობილი, რადგან უნიტაზების ბიზნესში იყო მანამდე და შემდეგ გენერლობა მიანიჭეს ნულიდან, სამხედრო წოდება არ ჰქონდა. ის ცდილობს, რომ ააღორძინოს ეს მიმართულება,“ – აღნიშნავს ვახტანგ კაპანაძე.

სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, რუსეთის მხრიდან აქტიურობის შემცირება უფრო იმას ნიშნავს, რომ პუტინი გაზაფხული-ზაფხულის კამპანიისთვის ემზადება.

„რუსეთი შეეცდება, რომ აქტიური ინიციატივა დაიბრუნოს თავისი შეტევებით, ყოველ შემთხვევაში მაქსიმალურად გამოიყენოს სახმელეთო მშრალი პერიოდი. ამას უკრაინელებიც ხვდებიან, ამიტომაც ცდილობენ შორ მანძილზე რუსული დანაყოფების დაზიანებას, არ მისცენ კონცენტრაციის საშუალება,“ – ამბობს ვახტანგ კაპანაძე და განსაკუთრებულად გვიყვება, ამასობაში, როგორ მოახერხეს უკრაინელებმა რუსების მესამე ბორნის ჩაძირვა, ისედაც სულ სამი ერთეული ჰყავდათ რუსებს შავ ზღვაში და ბორანს იყენებდნენ მომარაგებისთვისო.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, რა ხდება ფრონტის ხაზზე ამჯერად? პუტინმა განაცხადა, რომ აღდგომაზე ცეცხლი შეწყდება. ზელენსკიმაც დაწერა წუხელ: „მზად ვართ სარკისებური ნაბიჯებისთვის, ჩვენ ვთავაზობდით წელს ცეცხლის შეწყვეტას აღდგომის დღესასწაულისთვის, შესაბამისად, ვიმოქმედებთ“. 

არ ვიცი, რამდენად იქნება ცეცხლის შეწყვეტა წარმატებული – წინა აღდგომას 12 საათი ვერ გაძლო ცეცხლის შეწყვეტამ. უკრაინა ამას ალბათ არ დაარღვევს, თუ დაარღვევს ისევ შეიძლება რუსებმა დაარღვიონ. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამჯერად პუტინს უნდა აჩვენოს, რომ ნამდვილი ქრისტიანია. ფაქტობრივად, ორ დღეზეა საუბარი – 13 აპრილის დადგომამდე. არაფერი გადამწყვეტი მნიშვნელობა ამას არ გააჩნია.

ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები ფრონტის ხაზზე არ არის. უკრაინელებმა გარკვეული ტაქტიკური ამოცანები შეასრულეს. ახლაც ზოგიერთ ტერიტორიაზე მიმდინარეობს დაპირისპირება, სადაც ყველაფერი გადამწვარია და გადაბუგული. იქ ისედაც ტრიალი მინდორი იყო, ახლა კი, ქარსაცავი ზოლები ფაქტობრივად განადგურებულია. აღარც უკრაინელები აღარ ცდილობენ, რომ წინ წაიწიონ. რუსებსაც წინ წაწევა აღარ გამოსდით.

საინტერესოა სირსკის განცხადება, რომ უკრაინელებს გააჩნიათ სტრატეგიული უპირატესობა ე.წ. „მცირე ჰაერში“, ანუ დრონების გამოყენებაზე. ეს, ფაქტობრივად, საშუალებას არ აძლევს რუსებს, ფართომასშტაბიან შეტევაზე გადავიდნენ ნებისმიერი მიმართულებით. ამისთვის საჭირო ძალების კონცენტრირების საშუალებას არ აძლევენ რუსებს უკრაინელები.

ძირითადად მაინც მიმდინარეობს სარაკეტო და დრონების დარტყმები. რუსების სამიზნეებია დასახლებული პუნქტები. ჩაიარა ზამთარმა და რუსებმა ვერ მიაღწიეს ჩანაფიქრს ამჯერადაც – ეგონათ, რომ უკრაინელი მოსახლეობა გატყდებოდა, ვერ აიტანდა სიცივეს და უშუქობას. ეს არ გამოუვიდათ.

თავის მხრივ, უკრაინელებმა გააქტიურეს დარტყმები. სულ ახლახან უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ დრონების საშუალებით ჩაძირა „სლავიანინი“ – ეს არის სატვირთო ბორანი, რომელიც სულ სამი ერთეული ჰყავდათ შავ ზღვაში რუსებს: „კონრად რეიდი“, „ავანგარდი“ და „სლავიანინი“. „კონრადი“ ადრე ჩაძირეს უკრაინელებმა, „ავანგარდი“ წინა შემოდგომაზე ჩაძირეს და ახლა – „სლავიანინი“.

  • რამდენად ცვლის ეს მოცემულობას რუსებისთვის? 

ეს ბორნები, რომელზეც ლიანდაგები იყო მოწყობილი, ძალიან აქტიურად გამოიყენებოდა ტვირთების გადასაზიდად. ყირიმი ფაქტობრივად არის ერთი დიდი სამხედრო ბაზა, ხოლო ნებისმიერ სამხედრო ბაზას სჭირდება ლოჯისტიკა, უზრუნველყოფა – პროდუქტიდან დაწყებული, საბრძოლო მასალით და სათადარიგო ნაწილებით დამთავრებული. „სლავიანინის“ ჩაძირვის შემდგომ რუსებს ყირიმის ხიდი დარჩათ და სახმელეთო კომუნიკაციის შეზღუდული ზოლი, რომელიც დარტყმების ქვეშ არის მოქცეული, სამხრეთ ზაპოროჟიეს ტერიტორიის გავლით. ასე რომ, ეს მნიშვნელოვანი ლოჯისტიკური და ფსიქოლოგიური დარტყმაა რუსებისთვის.

ეს სატრანსპორტო საშუალებები ძალიან აქტიურად გამოიყენებოდა იმ პერიოდში, როცა ყირიმის ხიდი არ მოქმედებდა. ყირიმის ხიდი პერიოდულად, როგორც იცით, გამოჰყავდათ უკრაინელებს წყობიდან. რუსებს გემების გამოყენება უჭირდათ ისეც უკრაინელების გავლენის გამო. თვითმფრინავით კი, დიდი ტვირთის გადატანა რთულია.

ამას გარდა, უკრაინელებმა განაგრძეს დარტყმები ენერგომატარებლებზე. ახლახან დაარტყეს ფეოდოსიაში განლაგებულ სამხედრო საზღვაო საცავებს პორტში. აქ არის განთავსებული საზღვაო ძალების მცურავი საშუალებებიც. ჯერჯერობით დაზუსტებული მონაცემები არ არსებობს, რა გაანადგურეს.

უკრაინელებმა ასევე ეფექტურად დაარტყეს რუსების სარემონტო ბაზებს ლუგანსკის და დონეცკის რაიონში. ეს ბაზები რუსების დაზიანებული სახმელეთო ტექნიკის შეგროვებისთვის არის მოწყობილი. აქ ხდება თავმოყრა და შემდგომ ხდება გადანაწილება სარემონტო წერტილებში, არემონტებენ, თუკი მეტ-ნაკლებად გარემონტება შესაძლებელია. სადაც იყო თავმოყრილი სარემონტოდ გამზადებული ტექნიკა, ამას დაარტყეს უკრაინელებმა.

მთავარი მაინც ისაა, რომ არსებულ ვითარებაში უკრაინელებმა არ მისცეს საშუალება რუსებს, გამოეყენებინათ ირანის გარშემო შექმნილი ვითარება, რაც დაკავშირებული იყო გარკვეული პერიოდის ამერიკული მხარდაჭერის შეფერხებასთან, ასევე, ნავთობის გაზრდილ ფასებთან.

  • ეს რის ხარჯზე მოახერხეს უკრაინელებმა, დრონების აქტიური წარმოება და გამოყენება რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ პროცესში? 

თავდაცვის მინისტრად ფიოდოროვის დანიშვნის შემდგომ ძალიან აქტიურად განავითარა უკრაინამ დრონები.

ზუსტად ამას გაუსვა ხაზი სირსკიმ, რომ ინიციატივა აიღეს უკრაინელებმა. მათ აქვთ კამპანია „Front Strike“ – ანუ საფრონტო დარტყმები და „Middle Strike“ – ანუ საშუალო სიღრმეებზე დარტყმები. ეს შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა შეძლეს ტაქტიკურ-ოპერატიულ სიღრმეში, სადღაც 250 კილომეტრის სიღრმემდე დარტყმების განხორციელება. უკრაინელებმა განავითარეს თავიანთი დრონები. ეს განსაკუთრებით ეხება თვითმფრინავის ტიპის დრონებს, რომლებიც ძალიან აქტიურად გამოიყენება. ამ დრონებით, ბოლო პერიოდში განადგურებული იქნა 200-მდე ტექნიკა და სხვა მნიშვნელოვანი სამიზნეები.

უკრაინელების მონაცემებით, „Middle Strike“-ის დრონებმა დააზიანეს რუსების 172 ჰაერსაწინააღმდეგო საშუალება, დისლოკაციის 48 პუნქტი, 14 მცურავი საშუალება, 19 საბრძოლო ტექნიკა, 31 საფრენი აპარატი, 42 საწყობი, 35 ენერგეტიკული სისტემა და ასე შემდეგ. სიღრმეში ყველაზე ხშირად გამოიყენებოდა FPV-2, რომელიც უკრაინული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატია. ეს იყო დაახლოებით 40% და „რუბაკა“, რომელიც ასევე უკრაინული წარმოების დრონია, სადღაც 17%.

პირველად მიმდინარე წლის მარტში უკრაინელების მიერ განადგურებული ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების რაოდენობამ გადაასწრო დანარჩენი განადგურებული, ან დაზიანებული ტექნიკის, სხვა სამიზნეების რაოდენობას.

რუსებს, როგორც მოგეხსენებათ, აწყობილი აქვთ საჰაერო სისტემა ეშელონირებულად: ახლო მანძილის, საშუალო მანძილის, შორი მანძილის და ობიექტური, ანუ ტაქტიკური, ოპერატიული და სტრატეგიული თვალსაზრისით საჰაერო თავდაცვის სისტემა. ამ სისტემის მოწინავე ტაქტიკური შემადგენელი არის „სტრელა-10“, „პანცირი“, „ტუნგუსკა“, რომელსაც შემდგომ მოჰყვება „ბუკი“, „ტორი“ და ასე შემდეგ. ეს იზრდება და „ეს-300“-მდე მიდის ხოლმე.

„ტუნგუსკა“, „პანცირი“. ძირითადად „ეს-300“ და „ეს-400“ გამშვებების დაცვისთვის გამოიყენება. წარმოიდგინეთ, თუკი უკრაინელები ახერხებენ იგივე „ბუკების“ და „ტორების“ განადგურებას, რაც საფრონტო ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებია, ეს აჩენს ღრიჭოს რუსების თავდაცვის სისტემაში.

ამ ღრიჭოს შევსებას სჭირდება დრო და რესურსი. დაბალ სიმაღლეზე მფრინავი საშუალებები, ასევე ადრეული შეტყობინების საშუალებები აქედან ამოვარდნილია. შესაბამისად, ეს საშუალებას აძლევს უკრაინელებს, ღრიჭოები გამოიყენონ.

  • რა მასშტაბის უპირატესობაა ეს უკრაინელებისთვის? აჩენს ეს ფართომასშტაბიანი კონტრშეტევის შესაძლებლობას? 

უკრაინელებმა „Front Strike“-ის, ანუ საფრონტო დრონებით რუსებთან შექმნეს უპირატესობა სამი ერთთან. წარმოიდგინეთ, რამხელა უპირატესობაა. ესე იგი, 30%-ით უფრო მეტ დრონს იყენებენ უკრაინელები, ვიდრე რუსები.

თუ გახსოვთ: 2023 წლის ზამთარში რუსებს ჰქონდათ დიდი უპირატესობა ოპტიკურ-ბოჭკოვანი დრონების გამოყენებაში და ამან საშუალება მისცა რუსებს მაშინ, გარკვეული წინსვლა ჰქონოდათ.

  • ირანის დასუსტება დაეტყო რუსეთს, რუსები თავად აწარმოებენ დრონებს, როგორც ვიცი, რა ხდება ამ შემთხვევაში? 

დიახ, რუსებმა დაიწყეს წარმოება და რუსები ჯობდნენ კიდეც უკრაინელებს, მაგრამ უკრაინელებმა დასავლეთის დახმარებით დაიწყეს ოპტიკურ-ბოჭკოვანი დრონების წარმოება. ამავე დროს, მნიშვნელოვნად გაზარდეს თვითონ ავტომატური დამიზნების მქონე დრონების წარმოება, რომელიც არ არის დაკავშირებული ოპერატორთან.

უკრაინელებმა შეიძლება ეს ციფრები გაზვიადებულად წარმოადგინონ, ამიტომაც, აქვე გეტყვით რუსების მონაცემს, რომლის მიხედვითაც ოპტიკურ-ბოჭკოვანი დრონების წარმოება უკრაინელებმა რუსებთან შედარებით გაზარდეს ორნახევარჯერ, ტაქტიკური დრონების გამოყენება კი, მკვეთრად გაზარდეს. ეფექტიანობის მანძილი სამჯერ უფრო მეტია, ვიდრე რუსების ყველაზე მაქსიმალური დისტანცია ოპტიკურ-ბოჭკოვანი სერიული დრონების მიღწევადობის, ანუ სამჯერ უფრო შორს აწვდება უკრაინული დრონი, ვიდრე რუსული დრონი.

ვერ ვიტყვი, რომ რუსები ამას უყურებენ შორიდან – რუსებმაც გაზარდეს წარმოება, მაგრამ უფრო ნაკლები წარმატება აქვს რუსების წარმოებას.

ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეითდება რუსების დრონების გამოყენების ეფექტიანობა. ისევ რუსების მონაცემებით: ოპტიკურად მართვადი ყოველი 8 დრონიდან მიზანს აღწევს ერთი; ყოველი რადიომართვადი 50 დრონიდან მიზანს აღწევს ერთი. ჯერჯერობით რუსებმა ვერ შეძლეს დრონებზე დაემაგრებინათ მოწყობილობა, რომელიც თვითმფრინავზეა, მაგალითად, „მეგობარი-მტრის“ ამომცნობი მოწყობილობა. ამ ვითარების ტექნიკური მიზეზების გარდა, ასევე მნიშვნელოვანია ის რეალობა, რომლის მიხედვითაც რუსებს უჭირთ ფრონტის ხაზთან ახლოს დრონების და მათი ოპერატორების მიწოდება.

თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდე: ეს საკმარისია თუ არა იმისთვის, რომ უკრაინელებმა დაიწყონ კონტრშეტევა? – არ არის ამ ეტაპზე საკმარისი. აუცილებელია არტილერიისა და სხვა საცეცხლე საშუალებების მხარდაჭერა, ავიაციის მხარდაჭერა. ამ თვალსაზრისით, ჯერჯერობით, უკრაინა არ არის მზად იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი ოპერატიული დონის კონტრშეტევა განახორციელოს.

  • პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის რაკეტების ახალი პარტია მიიღო უკრაინამ ამ დღეებში. ეს რამდენად ცვლის და აუმჯობესებს მის შესაძლებლობებს?

დიახ, მიიღეს „პატრიოტი“ და მიიღეს სხვა სისტემებიც, მათ შორის, ავტომატური ქვემეხის სისტემაზე შემუშავებული „TRIDON MK2, ჰაერსაწინააღმდეგო საშუალება უშუალოდ დრონების საწინააღმდეგოდ. მაგალითად, „ბოფორი“ 40-მილიმეტრიანი ავტომატური ქვემეხია, რომელსაც 300 გასროლა აქვს წუთში თავისი ჭკვიანი ჭურვებით. ეს მიზანთან ახლოს ფეთქდება და ეკონომიკური გასროლის საშუალებას იძლევა.

სხვა საზენიტო საშუალებებიც მიიღეს უკრაინელებმა. უკრაინა აქტიურად იღებს ამ საშუალებებს დასავლეთიდან, მოწინავე საშუალებებს, ერთმანეთზე უკეთესს.

  • ვისთან ერთად და სად აწარმოებს დრონებს უკრაინა? 

გააჩნია დრონს და დრონის ტიპს. სხვადასხვა ქვეყანაში მზადდება, მათ შორის, ამას ამზადებენ უკრაინის ტერიტორიაზეც… მაგალითად, ბრიტანეთში ამზადებენ „ოქტოპუსს“. არის გერმანულ-უკრაინული წარმოება, ასევე არის ფრანგულ-უკრაინული წარმოება. სკანდინავიის ქვეყნებშიც მუშაობენ უკრაინელი სპეციალისტები.

სხვათა შორის, გვიან დაიწყო უკრაინამ კონტრ-დრონებზე ყურადღების მიქცევა. ცოტა ადრე რომ დაეწყოთ ეს პროცესი, უფრო ეფექტიანი იქნებოდა თავდაცვისუნარიანობა და ასეთი ზარალიც შეიძლება არ მიეღოთ. ეს დრონები ძალიან ეფექტიანად მოქმედებენ და საკმაოდ იაფია. ესენია: „სტინგი“ – 3000 მ მანძილამდე და 315-343კმ/სთ; „ბულეტი“ – 5500 მ, 130-300 კმ/სთ; „ოქტოპუსი“ [მონაცემები არ ქვეყნდება]; „ოდინი“ – 5000 მ, 280 კმ/სთ; „ პ-სანი“ –  3000მ, 300 კმ/სთ და სხვა.

  • რუსებზე მინდა გკითხოთ: სტუდენტების გაწვევა რომ დაიწყეს, ეს უკავშირდება დრონების და უპილოტოების აქტიურ გამოყენებას? 

რუსეთში სამხედრო ხელმძღვანელობამ რეფორმა მიმართა უპილოტო ძალების განვითარებაზე: ბრიგადიდან დაწყებული და ზევით შექმნილ თითოეულ დანაყოფში არის დრონების ქვედანაყოფი, რომელსაც შეუძლია აწარმოოს დამოუკიდებლად საბრძოლო მოქმედებები.

ამავე დროს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შეიქმნა უპილოტო საფრენი აპარატების ძალები. ამ უპილოტო ძალების განვითარების ხელმძღვანელად დანიშნეს იური ვაგალოვი. ზედმეტსახელად „უნიტაზი“. ასეა ცნობილი, რადგან უნიტაზების ბიზნესში იყო მანამდე და შემდეგ გენერლობა მიანიჭეს ნულიდან, სამხედრო წოდება არ ჰქონდა. ის ცდილობს, რომ ააღორძინოს ეს მიმართულება, მათ შორის, სტუდენტების გააქტიურებით.

უნდა ითქვას, რომ განსხვავებულია უკრაინული და რუსული მიდგომები. რუსები ცდილობენ, ყველა კარგი ოპერატორი წამოიყვანონ სხვადასხვა დანაყოფიდან და თავი მოუყარონ უპილოტო საფრენი აპარატების ძალებში, უკრაინელები კი, პირიქით აკეთებენ: უკრაინელები საუკეთესოებს ხელს არ კიდებენ და ნულიდან იწყებენ, ამზადებენ და მერე მიჰყავთ სარდლობაში.

საინტერესოა ისიც, რომ უკრაინაში ფიოდოროვმა, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ორჯერ გაზარდა ბონუსი განადგურებული დრონის ოპერატორებისთვის. თუ უკრაინელი გაანადგურებს რუსული დრონის ოპერატორს, ის იღებს ბონუსს ორჯერ უფრო მეტს, ვიდრე მანამდე იღებდა.

  • რა ჩანს ამ ეტაპზე? ემზადება რუსეთი ახალი კამპანიის წამოსაწყებად, თუ ელოდება მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდს?

ეს ერთმანეთს არ უშლის ხელს. წარმატებული კამპანია სჭირდება წარმატებული მოლაპარაკებისთვის, როგორც ერთ მხარეს, ისე მეორეს.

ჯერჯერობით არ ჩანს მონაცემები, რომ რაღაც მზადება მიმდინარეობდეს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ რუსების აქტიურობის შემცირება დაკავშირებულია საგაზაფხულო-საზაფხულო კამპანიისთვის მზადებასთან. რამდენიმე თვე მიწა იქნება მშრალი, ეს ვითარება გამოსაყენებელია, როგორც ჯავშანტექნიკის და მექანიზებული დანაყოფებისთვის, ასევე სახმელეთო რობოტებისთვისაც.

რუსეთი შეეცდება, ინიციატივა დაიბრუნოს თავისი შეტევებით, ყოველ შემთხვევაში გამოიყენოს მაქსიმალურად სახმელეთო მშრალი პერიოდი. თუმცა ამას უკრაინელებიც ხვდებიან, ამიტომაც ცდილობენ შორ მანძილზე რუსული დანაყოფების დაზიანებას, კონცენტრაციის საშუალება რომ არ მისცენ. აი, ამაზეა ახლა ორივე მხარე გადასული. ამ ამოცანებით არიან ძირითადად მხარეები დაკავებული.

არ მგონია, რომ ახალი მიმართულება გაჩნდეს. ძალაშია დონბასი. რუსების წარუმატებელი მცდელობა ზაპოროჟიეში ჩაახშეს უკრაინელებმა – პირიქით, აქეთ მიიღეს კონტრშეტევები. ის მიმართულება, რომელზეც ჯერ კიდევ ინიციატივა გააჩნიათ რუსებს, ეს არის ისევ და ისევ კრამატორსკი-სლავიანსკი, რათა სრულად დონბასი დაიკავონ. ამ მიმართულების გააქტიურებას შეეცდებიან რუსები ისევ, ალბათ.

საკრებულოს წევრის სამშენებლო ბიზნესი ბათუმში, რომელიც ძმას ახლახან გადაუფორმა

ბათუმის საკრებულოს წევრის, მამუკა კაკაბაძის კომპანია შპს „ველ ბილდინგი“ ძველ ბათუმში, მაზნიაშვილის #9-ში მრავალბინიან კორპუსს აშენებს.

კომპანიამ მშენებლობის ნებართვა ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში მიიღო და სანაცვლოდ გონიოს სანაპიროზე დაგეგმილი სამშენებლო პროექტის კოეფიციენტის გაზრდა მოითხოვა [კომპანიის წილები საკრებულოს წევრს მართვაში აქვს გადაცემული 2025 წლიდან].

ბათუმი, მაზნიაშვილის #9 – მშენებლობა ამ  სახლის ადგილზე მიმდინარეობს.

მაზნიაშვილის #9-ში კომპანიამ 2-სართულიანი სახლი დაანგრია და 467 კვ.მეტრ ფართობზე 3-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა მიიღო.

მშენებლობის ნებართვის მიხედვით, შპს „ველ ბილდინგი“ აქ 1139 კვ.მეტრი ფართობის მქონე შენობას აშენებს, მათ შორის საცხოვრებელი ფართობი 609 კვ.მეტრი იქნება, კომერციული ფართობი კი 181 კვ.მეტრი.

არსებული შენობის ფართობი 467 კვ.მეტრი იყო.

შპს „ველ ბილდინგი“ ბათუმის საკრებულოს წევრმა, მამუკა კაკაბაძემ 2023 წლის ივნისში დააფუძნა. მაშინ ის აჭარის უმაღლეს საბჭოში მუშაობდა. მას, როგორც საჯარო მოხელეს, ბიზნესის ფლობის უფლება ჰქონდა, თუმცა მართვის – არა.

მიმდინარე მშენებლობა
რენდერი

ძველ ბათუმში კორპუსის მშენებლობის ნებართვის პარალელურად ბათუმის საკრებულოს წევრის კომპანიამ 12-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვა მიიღო გონიოს სანაპიროზე.

პროექტის რენდერი

შპს „ველ ბილდინგის“ დაფუძნებიდან მალევე, 2 თვეში, აჭარის უმაღლესი საბჭოს მოხელემ კომპანიის 55 პროცენტი შპს „აბ დეველოპმენტს“ გადაუფორმა კონკრეტული ვალდებულებით. 45% კი საკუთრებაში დაიტოვა. შეთანხმების დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ „აბ დეველოპმენტმა“ შპს „ველ ბილდინგის“ მიერ წარმოებული მოლაპარაკების შესაბამისად უნდა იმოქმედოს.

ამონარიდი შეთანხმების დოკუმენტიდან

„აბ დეველოპმენტის“ წილებს ბეგლარ ბოლქვაძე და ირაკლი ანანიძე ფლობენ.

ამ დროს კომპანიას სამშენებლო მიწის ნაკვეთი გონიოს სანაპიროსთან ჯერ დარეგისტრირებული არ ჰქონდა, თუმცა მესაკუთრესთან მოლაპარაკებები დასრულებული იყო. მამუკა კაკაბაძემ „აბ დეველოპმენტის“ მფლობელს დაუთმო კომპანიის დირექტორის თანამდებობაც.

წილების გადაფორმებიდან მალევე, „აბ დეველოპმენტმა“ კომპანიის საწესდებო კაპიტალში 525 770 ლარი შეიტანა. ამ კომპანიამ აიღო სამშენებლო დოკუმენტების მომზადებისა და მშენებლობის დაფინანსების ვალდებულებაც.

2025 წლის მარტში შპს „აბ დეველოპმენტმა“ კომპანიის წილების თავისი 55 პროცენტი, შპს „არტექს პრემიერს“ 350 000 დოლარად მიჰყიდა. შპს „ველ ბილდინგის“ დირექტორი ნიკა ჟღენტი გახდა.

შპს „არტექს პრემიერის“ წილებს ნიკა ჟღენტი [30%] და გოჩა აფაქიძე [70%] იყოფენ. 

საჯარო რეესტრის განახლებული ამონაწერით ირკვევა ისიც, რომ შპს „ველ ბილდინგის“ წილები მამუკა კაკაბაძემ საკრებულოს წევრად არჩევის შემდეგ ძმას, სულხან კაკაბაძეს გადასცა მართვაში, 2026 წლის მარტში კი გადაუფორმა უსასყიდლოდ.

ბოლო მონაცემებით, მიწის ნაკვეთი გონიოში, სადაც „ველ ბილდინგი“ კორპუსს აშენებს, სააქციო საზოგადოება „თიბისი ლიზინგის“ საკუთრებაა. კომპანია პირველ მხარედ ფიქსირდება, ეს ნიშნავს, რომ „ველ ბილდინგს“ აქვს ამ ქონებით სარგებლობის და მისი გამოსყიდვის უფლება. მას შემდეგ, რაც „ველ ბილდინგი“ სრულად დაფარავს ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას [შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს], საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში ისევ მასზე, ან მის მიერ მითითებულ პირზე გადაფორმდება.

ეს არის სტანდარტული სალიზინგო სქემა, სადაც ქონება ლიზინგის გამცემის სახელზეა მანამ, სანამ გამოსყიდვის ყველა პირობა არ შესრულდება.

საკრებულოს წევრი მამუკა კაკაბაძე წილებს კიდევ ერთ კომპანიაში ფლობდა. 2021 წლის დეკემბერში მამუკა კაკაბაძემ შპს „გონიო სანრაიზ ვილა“ მანუჩარ ანანიძესთან ერთად დააფუძნა. პარტნიორები კომპანიის წილებს თანაბრად იყოფდნენ.

2022 წელს მანუჩარ ანანიძემ თავისი წილებიდან 17 პროცენტი მამუკა კაკაბაძეს დაუთმო უსასყიდლოდ, 16.50 პროცენტი კი იოსებ კუჭაშვილს ასევე უსასყიდლოდ გადასცა, თავად 16.5 პროცენტი დაიტოვა.

2022 წლის ბოლოს პარტნიორებმა კომპანიის წილები 300 000 აშშ დოლარად გაასხვისეს.

ამ დროს კომპანიის საკუთრებაში იყო 2500 კვ.მეტრი სამშენებლო მიწის ნაკვეთი ავგიის დასახლებაში. ეს ადგილი კარგად გამწვანებულ მომაღლო ადგილზეა და გონიოს სანაპიროს გაჰყურებს. პარტნიორებმა ამ ყველაფერთან ერთად გაასხვისეს ასევე არქიტექტურული პროექტი ნებართვით, რომელიც ამ ადგილზე მშენებლობას ითვალისწინებდა.

სამშენებლო მიწის ნაკვეთი
პროექტის რენდერი

საკრებულოს წევრი „ოცნებიდან“ მამუკა კაკაბაძე კიდევ ერთი კომპანიის თანადამფუძნებელია. 2023 წლის ივლისში მას შპს „პანორამა გონიო ვილა“ დაუფუძნებია ფარნაოზ კახიძესთან ერთად. თუმცა ამ შემთხვევაში ის მხოლოდ 5 პროცენტის მფლობელად ფიქსირდებოდა, დანარჩენი პარტნიორის საკუთრება იყო.

კომპანიის დაფუძნებიდან მალევე, 2023 წლის თებერვალში მან თავისი წილი 25 000 დოლარად გაყიდა.

რატომ გადაიხადა 25 000 დოლარი ახალმა მფლობელმა ახალდაფუძნებული კომპანიის 5 პროცენტში? – როგორც ჩანს, აქაც მიწის ნაკვეთის მფლობელთან გარიგების, „მომლაპარაკებლის“ როლი გაითვალისწინეს.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, 2023 წლის თებერვალში მამუკა კაკაბაძემ, როგორც შპს „პანორამა გონიო ვილას“ წარმომადგენელმა, მიმართა რეესტრს და კომპანიის საკუთრებაში დაარეგისტრირა 2500 კვ.მეტრი ფართობი ავგიას პირველი ჩიხის #3-ში.

კომპანიამ ამ მიწის ნაკვეთზე ე.წ. თაუნჰაუზისს ტიპის საცხოვრებლის მშენებლობას გეგმავს და პროექტის დამტკიცების მოთხოვნით მერიას მიმართა.

ბოლო ამონაწერის მიხედვით, შპს „პანორამა გონიო ვილას“ ახლა ლევან ვეფხვიშვილი ფლობს.

  • რატომ არ ჰქონდა მამუკა კაკაბაძეს ბიზნესის მართვის უფლება?

საკრებულოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, 2016 წლიდან 2020 წლამდე მამუკა კაკაბაძე უმაღლესი საბჭოს „ქართული ოცნება-მაჟორიტარების“ აპარატის თანამშრომელი იყო. 2020-2024 წლებში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ილია ვერძაძის თანაშემწე. 2024-2025 წლებში კი – აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატის თანამშრომელი.  

მამუკა კაკაბაძე 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში გონიოს მაჟორიტარობის კანდიდატი იყო „ოცნებიდან“, მას არჩევნები ენმ-ს წევრმა ნუგზარ ფუტკარაძემ მოუგო, რომელიც არჩევნებიდან მალევე გარდაიცვალა. ბოლო მოწვევის საკრებულოში კი მამუკა კაკაბაძე „ოცნების“ სიით შევიდა.

საჯარო მოხელის მიერ კომპანიის მართვის შესაძლებლობას არ უშვებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტმა, გიგი ჩიხლაძემ სატელეფონო საუბარში განგვიმარტა, რატომ არ ჰქონდა უმაღლეს საბჭოში დასაქმებულ მოხელეს ბიზნესის მართვის უფლება.

„პირი, რომელიც იყო დასაქმებული აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწედ, როგორც წესი დასაქმებულია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის მიზნებისთვის არის საჯარო მოსამსახურე.

ამავე კანონის თანახმად, საჯარო მოხელეს ეკრძალება საწარმოს მართვა, მას არ აქვს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება. მას აქვს უფლება ფლობდეს წილს, თუმცა არ აქვს უფლება იყოს კერძო მოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაციის გადაწყვეტილების მიმღები, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, შპს-ს დირექტორი. ასეთი საქმიანობის უფლება მას მაშინაც და დღესაც ეკრძალება.

ეს არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის დარღვევა“. 

 

 

ბათუმი-სარფის გზის პროექტისთვის ხალხთან საკომუნიკაციოდ კონსულტანტს დაიქირავებენ

ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის პროცესში იმ მოქალაქეებისა თუ კერძო კომპანიების უფლებების დასაცავად, რომლებსაც ეს პროექტი შეეხებათ, სპეციალურ კონსულტანტს დაიქირავებენ.

ვინაიდან პროექტი აზიის განვითარების ბანკის [ADB] სესხით ფინანსდება, კონსულტანტის შესარჩევად საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ვაკანსია ბანკის მხარდაჭერით გამოაცხადა.

„შერჩევა განხორციელდება ინდივიდუალური კონსულტანტის  შერჩევის მეთოდის გამოყენებით აზიის განვითარების ბანკის შესყიდვების სახელმძღვანელოს თანახმად“, – წერს დეპარტამენტი.

სოციალური საკითხების ადგილობრივი კონსულტანტის მთავარი მოვალეობა ბათუმი-სარფის გზის მშენებლობის არეალში მოხვედრილი ადამიანების ინტერესების დაცვა იქნება.

გზების დეპარტამენტის განცხადებით, „დავალების სავარაუდო ხანგრძლივობაა 4 წელი“. დაინტერესებულმა პირებმა კი ინტერესის გამოხატვა ინგლისურ ენაზე უნდა წარადგინონ აზიის განვითარების ბანკის ვებგვერდის მეშვეობით, 2026 წლის 14 აპრილის ჩათვლით. 

ADB-ს ვებგვერდის მიხედვით, საკონსულტაციო მომსახურების ბიუჯეტი 196 ათას 500 აშშ დოლარია.

დაქირავებულ კონსულტანტს, ძირითადად, სამი მთავარი მიმართულება ევალება:

  • განსახლებისა და კომპენსაციების პროცესის ზედამხედველობა – კონსულტანტმა უნდა აკონტროლოს, რომ მიწების შესყიდვა, ხალხის განსახლება და კომპენსაციების გაცემა მოხდეს წესების [ADB-ის სტანდარტების] დაცვით. აქ მთავარია არ დაიწყოს სამშენებლო სამუშაოები მანამ, სანამ ყველა დაზარალებული კუთვნილ კომპენსაციას არ მიიღებს.
  • კომუნიკაცია ხალხთან და საჩივრების მართვა – ეს არის შუამავლის როლი გზების დეპარტამენტსა და მოსახლეობას შორის [საჩივრების მიღება, მათი აღრიცხვა და ზრუნვა იმაზე, რომ ხალხის პრეტენზიები დროულად და სამართლიანად დაკმაყოფილდეს. ასევე, საჯარო შეხვედრების ორგანიზება, რათა მოსახლეობას ჰქონდეს ამომწურავი ინფორმაცია].
  • მონაცემთა ბაზების წარმოება და ანგარიშგება – კონსულტანტს ევალება მთელი ამ პროცესის „ქაღალდზე“ ასახვა. ანუ, შექმნას და განაახლოს ბაზები [ვინ რა კომპენსაცია აიღო, ვის რა პრობლემა აქვს], ჩაატაროს მონიტორინგი ადგილზე და მოამზადოს ანგარიშები იმის შესახებ, თუ რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს პროექტი.

აქვე აღსანიშნავია, რომ ბათუმი-სარფის გზის პროექტის ფარგლებში მომზადებული მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის თანახმად, გზის განთავსების ზოლში მოქცეულია კერძო საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული 117 მიწის ნაკვეთი, 9 საცხოვრებელი სახლი, 10 ბინა/არასაცხოვრებელი ფართობი, 27 კომერციული/ადმინისტრაციული შენობა და 37 დამხმარე ნაგებობა.

„მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის თანახმად, ჯამური საკომპენსაციო თანხა მიწის ნაკვეთებისათვის შეადგენს 61 410 384 ლარს, ხოლო შენობა-ნაგებობებისათვის – 44 630 671 ლარს. მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის განხორციელება დაიწყო 2025 წლის აგვისტოს თვეში“, – აღნიშნულია გზების დეპარტამენტისგან „ბათუმელებისთვის“ 2025 წლის 11 სექტემბერს გამოგზავნილ წერილში. 

კონსულტანტის შერჩევამდე კი, კერძო პირებისთვის ექსპროპრიაციის გზით ქონების ჩამორთმევის პროცედურაც დაწყებულია.

ამ თემაზე: ბათუმი-სარფის ავტობანის გამო კერძო მესაკუთრეებს ქონებას ჩამოართმევენ – ექსპროპრიაცია

პროექტი აზიის განვითარების ბანკის სესხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით უნდა განხორციელდეს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გრძელვადიანი სესხის მოცულობა 306,6 მილიონი ევროა2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში კი ბათუმი-სარფის გზის პროექტისთვის 68 მილიონი ლარია გაწერილი.

„ქართული ოცნების“ 2016 წლის საარჩევნო დაპირებით ბათუმი[ჭოროხი] – სარფის[თურქეთის საზღვარი] გზა კარგა ხნის აშენებული უნდა იყოს. თუმცა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ბათუმი-სარფის გზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი 2025 წლის 5 ნოემბერს გამოაცხადა.

სატენდერო მოწვევის დოკუმენტის მიხედვით, ბათუმი-სარფის გზის მშენებლობისთვის დაახლოებით 4 წელია გათვლილი [1 440 დღე – ხელშეკრულების გაფორმებიდან], ხოლო მომდევნო დაახლოებით 3 წელი [1080 დღე] – „დეფექტების შეტყობინების პერიოდი“ იქნება.

პროექტი ეხება სახელმწიფო თუ მუნიციპალურ ქონებასაც.

ამ თემაზე:

მკვლელი შემოვლითი გზა – რას შეცვლის ხელისუფლება 15 წლის ლიკას დაღუპვის შემდეგ

სასკოლო სახელმძღვანელოების მთავარი რედაქტორი რუსეთში მედვედევი გახდა

დიმიტრი მედვედევი მთავარი რედაქტორი გახდა IX-XI კლასების სასკოლო სახელმძღვანელოების – საზოგადოებათმცოდნეობა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედვედევის მტავარ რედაქტორად მიწვევაზე ინფორმაციას რუსეთის განათლების მინისტრის მოადგილე, ოლგა კოლუდაროვა ავრცელებს.

„გასულ წელს ჩვენ დიმიტრი ანატოლიევიჩ მედვედევს მივმართეთ სახელმძღვანელოების სერიის მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე ყოფნის თხოვნით. მან ჩვენს თხოვნას უპასუხა.

კომენტარები გვერდებისთვის, წინადადებები, რედაქტირება და ბევრი სხვა – ეს ყველაფერი აისახა არა მხოლოდ სახელმძღვანელოს საბოლოო ვერსიაში, არამედ ახალ ფედერალურ სტანდარტებსა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სასწავლო გეგმებშიც“, – განაცხადა განათლების სამინისტროს მოხელემ.

რუს პოლიტიკოსებს შორის დიმიტრი მედვედევი განსაკუთრებით გამოირჩევა შეთქმულებების თეორიების გავრცელებით, ხშირად იმუქრება ატომური იარაღის გამოყენებით და, შესაბამისად, თანამედროვე ევროპული ცივილიზაციის განადგურებით.

ბათუში, სპაცენტრში ხანძარი იყო, არავინ დაშავებულა – რამდენად დაცულია უსაფრთხოების ნორმები

გუშინ, 9 აპრილს, დაახლოებით ღამის 12-ზე, ბათუმში, მრავალსართულიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა. „ბათუმელებს“ სამაშველო სამსახურის პრესცენტრში უთხრეს, რომ ხანძარი სპაცენტრში გაჩნდა და არავინ დაშავებულა.

კორპუსი, სადაც ხანძარი იყო, ფიროსმანის ქუჩაზეა, გმირთა ხეივანში. ადამიანები, რომლებიც მეზობელ კორპუსებში ცხოვრობენ, სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ მომხდარმა სასტუმრო „ლეოგრანდის“ ტრაგედია გაახსენათ – მოქალაქეების მტკიცებით, ამ შემთხვევაშიც სპაცენტრს სავარაუდოდ არ ჰქონდა უსაფრთხოების შესაბამისი სისტემა.

2017 წლის 24 ნოემბერს ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი ღამით გაჩნდა. ხანძრის შედეგად დაიღუპა 11  ადამიანი. ამ ეტაპზე ვერ ირკვევა, ჰქონდა თუ არა უსაფრთხოების სისტემა სპაცენტრს, ფაქტი ისაა, რომ ხანძრის ჩაქრობა მხოლოდ მეხანძრე-მაშველების ჩარევის შემდეგ და ფასადიდან მუშაობით მოხერხდა.

მრავალსართულიანი კორპუსი, სადაც წუხელ ხანძარი გაჩნდა, შპს „დარ ბილდინგის“ აშენებულია. ამ კორპუსის რამდენიმე სართული სასტუმრო „ბილიონერს“ ეკუთვნის, შენობის მეოთხე სართულზე კი, მოწყობილია სპაცენტრი „ვიქტორია“. სპაცენტრის ზედა სართულებზე მოქალაქეები ცხოვრობენ ჩვეულებრივ ბინებში.

დღეს, 10 აპრილს, სპაცენტრი „ვიქტორია“ დაკეტილია. სპაში „ბათუმელების“ სატელეფონო ზარს არ უპასუხეს, მისმა მფლობელმა მობილურ ტელეფონზე გვიპასუხა, რომ „კომენტარს არ აკეთებს“.

სპაცენტრის ზემოთ – მეხუთე სართულზე ცხოვრობს გურამ დუმბაძის ოჯახი. გურამ დუმბაძე „ბათუმელებს“ უყვება, რომ ხანძრის გაჩენას ამ კორპუსში წელიწად-ნახევარია ვარაუდობს. მას ამის შესახებ 112-ის ოპერატორთანაც უთქვამს და მუნიციპალური ინსპექციისთვისაც მიუმართავს:

„წუხელ, ჩემი ბინის იატაკი იწვოდა. კიდევ კარგი, სახლში არ ვიყავით, სააღდგომოდ წაყვანილი მყავდა ბავშვები…

დაკვამლიანება დამხვდა ჩემს ბინაში, დაზიანებულია იატაკი.

ჩემს ბინაში იატაკი მუდმივად ისე ცხელდებოდა, თუ გააჩერებდი ცოტა ხანს ხელს, იგრძნობდი წვას. გვიან ღამით უწევდნენ ტემპერატურას და ეს იყო…“ – გვითხრა გურამ დუმბაძემ. მას ბინა ამ კორპსუსში 2022 წელს შეუძენია, 2023 წელს კი იგრძნო, რომ ბინაში იატაკი საეჭვოდ ცხელდებოდა. აღმოჩნდა, რომ ბინის ქვევით საუნა გაუხსნიათ, მისმა უცხოელმა მფლობელმა კი უპასუხა, რომ „დარ ბილიდინგისგან“ იქირავა ფართობი და პრობლემებს კომპანია, ანუ მესაკუთრე მოაგვარებდა.

„ასე მარბენიეს წელიწად-ნახევარი, კომპანიაში მითხრეს, ვერაფერს ვერ გვიზამ, სასამართლოს მიმართეო. ბოლოს ლამინატი და შპალერი მომიყარეს… ეს იყო 2024 წლის ბოლოს.

112-შიც მაქვს ნათქვამი, ხანძარი გაჩნდება აქ უეჭველი და ყველა ამოვიწვებით, მერე გაგვატელევიზორებენ-მეთქი. მერე მუნიციპალურ ინსპექციას მივმართე. არც კი შეუმოწმებიათ, ეგ ჩვენი კომპეტენცია არ არისო. კიდევ ვისთვის უნდა მიმემართა?

შემდეგ, რაღაც პერიოდი, აღარ იყო პრობლემა, მაგრამ ამ ზამთარში როცა იყო სიცივეები, როგორც ჩანს, მოუმატეს საუნაშიც ტემპერატურა და ისევ გახურდა ჩემი ბინის იატაკი. ისევ დავურეკე „დარ ბილდინგის“ იურისტებს, მაგრამ ვერაფერს გავხდი, არ მომაქციეს ყურადღება. ჩემს ბინაში აღარ იცხოვრება, ამიტომ მოვითხოვე მისი შეცვლა. შემომთავაზეს მხოლოდ შავი კარკასი სხვა კორპუსში, ფულს ვერ მაძლევდნენ…“, – ამბობს გურამ დუმბაძე.

„არც სასტუმრო და არც სპაცენტრი „დარ ბილდინგს“ არ ეკუთვნის, გაყიდული აქვს კომპანიას 2 წლის წინ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ კომპანია „დარ ბილდინგის“ იურისტმა, ირაკლი სურმანიძემ. ის ადასტურებს, რომ ნამდვილად ჰქონდა კომუნიკაცია მოქალაქე გურამ დუმბაძესთან და პრობლემის მოგვარებაში ჩაერთნენ, რადგან ბინა მოქალაქემ „დარ ბილდინგისგან“ იყიდა და პრეტენზიაც კომპანიასთან ჰქონდა.

„როგორც ვიცი, პრობლემა იყო, მაგრამ ეს პრობლემა მოგვარდა. ჩემთვის პირადად ბოლო პერიოდში მას [გურამ დუმბაძე] აღარ მოუმართავს,“ – დასძინა ირაკლი სურმანიძემ „ბათუმელებთან“.

იყო თუ არა დაცული საუნაში უსაფრთხოების ზომები? – ირაკლი სურმანიძე განმარტავს, რომ სამშენებლო კომპანია „დარ ბილდინგმა“ [მესაკუთრე რუსლან ბოლქვაძე] უსაფრთხოების შესაბამისი ნორმების დაცვით ააშენა ეს კორპუსი და „ბინა ექსპლუატაციაში მიღებულია“, უშუალოდ საუნის უსაფრთხოების სისტემის შესახებ კი, „დარ ბილდინგს“ ინფორმაცია არ აქვს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, იმ ფართობის მესაკუთრე, სადაც სპაცენტრია მოწყობილი, კომპანია „დარ ინვესტია“. შპს „დარ ინვესტის“ 100%-იანი წილის მესაკუთრე ამირან დარჩიძეა. კომპანია „დარ ინვესტში“ გვითხრეს, რომ მესაკუთრის სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდებიან და ინფორმაციას მოგვაწვდიან.

მას შემდეგ, რაც უშუალოდ საუნას მფლობელ კომპანიაში არ ისურვეს მედიასთან საუბარი, შრომის ინსპექციაში დავრეკეთ. აქ ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ, თუმცა ჯერ არც ის მიგვიღია.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს – პრესცენტრის თქმით, წუხანდელ ხანძარზე გამოძიება დაიწყო არა 240-ე მუხლით, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას მოიცავს, არამედ სსკ-ის 187-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს „სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“.

უცნობია, არის თუ არა დაკავებული ვინმე ან რა ეტაპზეა გამოძიება.

გონიოს ხიდიდან ახალი ბულვარის გაგრძელებამდე ახალ გზას გაიყვანენ – 6,3 მილიონი

ბათუმში, გონიოს ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან ახალი ბულვარის გაგრძელებამდე მონაკვეთში გზის მშენებლობაა დაგეგმილი.

ახალი გზა ერთმანეთთან გონიოს ხიდის მიმდებარე ტერიტორიას [ჭოროხის ქუჩას] და ახალი ბულვარის გაგრძელებას [დავით ართმელაძის ქუჩას] დააკავშირებს.

ახალი გზა ართმელაძის ქუჩას გამწმენდი ნაგებობის მიმდებარედ შეუერთდება.

„ჭოროხის ქუჩის და დავით ართმელაძის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მოწყობაზე“ ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 6 მილიონ 380 ათას 714 ლარი. ფული ქალაქის ბიუჯეტიდან დაიხარჯება.

ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 26 აპრილს დაიწყება და ხუთ დღეში, პირველ მაისს დასრულდება.

ახალი გზა [წითელი ხაზით], რომლის მშენებლობაზეც ტენდერია გამოცხადებული
ჭოროხისა და ართმელაძის ქუჩებს შორის არსებულ ტერიტორია, სადაც ახალი გზის გაყვანაა დაგეგმილი, დაუსახლებელია და როგორც პროექტშიცაა აღნიშნული, ზოგან სამშენებლო ნაგვითაა დაფარული და ზოგან ეკელ-ბარდით. ახალი გზის მიმდებარედ აღმოჩნდება ადლიის ნაგავსაყარი და „ნაგავსაყარის დასახლებაც“.

ჭოროხის ქუჩა კი იგივე „ჭოროხის გზაა“, რომელიც მახოს ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან გადის მდინარე ჭოროხის გასწვრივ, გამოდის „გონიოს ხიდის“ ქვეშ და ნაგავსაყართან მისასვლელი გზის დასაწყისში უერთდება აეროპორტის გზატკეცილს. „ჭოროხის გზა“ ამ ბოლო დროს ააშენეს, თუმცა, საგზაო მონიშვნები სავალ ნაწილზე დასრულებული არ არის.

წითელი ხაზით მონიშნულია ახალი გზის საპროექტო ტერიტორია / ფოტოები „ბათუმელების“ არქივიდან

რაც შეეხება დავით ართმელაძის ქუჩას, ეს იგივე ახალი ბულვარის გაგრძელებაა, რომელიც აეროპორტის ასაფრენი ზოლის ბოლოში [ანწუხელიძისა და კაჩინსკების კვეთაში არსებული წრიულიდან] იწყება და მდინარე ჭოროხის კალაპოტთან წყდება.

ამ თემაზე: რატომ წყდება გზა ბულვარიდან გონიომდე – ჭოროხით გაყოფილი პრომინადი და ველობილიკი

ეს გზა გონიოს მიმართულებით უნდა გაგრძელებულიყო და ჭოროხზე ახალი ხიდის აშენებით გონიოს პლაჟს უნდა დაჰკავშირებოდა, თუმცა ეს პროექტი აღარ გაგრძელებულა.

ამ თემაზე: ჭოროხის დელტა, რომლის დაცვაზეც მთავრობამ უნდა იზრუნოს, მთავრობისგანაა დასაცავი

ახალი გზა, რომელიც ნაგავსაყართან უნდა აშენდეს სიგრძით 1 955 მეტრი იქნება. ტენდერის პირობის მიხედვით, გზის მოწყობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 2027 წლის 30 მაისის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს.

ბათუმის მერიამ ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების შეერთებაზეც მიიღო გადაწყვეტილება 3 წლის წინ. საჭირო იყო დაახლოებით 300 მეტრი სიგრძის ახალი შემაერთებელი გზის აშენება. მერიის სამმართველომ ტენდერიც გამოაცხადა, გამარჯვებულთან ხელშეკრულებაც გააფორმა, თუმცა სამშენებლო სამუშაოები, რომელიც შარშან უნდა დასრულებულიყო, ამ დრომდე არ დაწყებულა.

ამ თემაზე:

ახალი გზა „ევრო 2000“-ის ეზოში გაივლის – რატომ ვერ შეერთდა ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩები

„30 000 ლარი შემოგვთავაზეს კომპენსაციად“ – დამეწყრილი კურსების მცხოვრები

„თუკი აქამდე გვესმოდა, რომ ზარალი დაითვლებოდა ინდივიდუალურად, ამჯერად პირველად გააჟღერეს, რომ თურმე ჩვენ ვართ ეკომიგრანტები და 30 000 ლარია კანონით განსაზღვრული ეკომიგრანტებისთვის. ამას მოჰყვა უკმაყოფილება,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მარიამ ბეროძე, დამეწყრილი სოფლის, კურსების მაცხოვრები.

მისი თქმით, 8 აპრილს, დამეწყრილ ოჯახებს გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ, რომლებსაც კითხვები დაუსვეს კომპენსაციაზე და მეწყრის განვითარების მიზეზებზე.

რატომ არის მიუღებელი შეთავაზებული კომპენსაცია და რას ითხოვს მოსახლეობა? – ამ თემაზე ვესაუბრეთ მარიამ ბეროძეს.

  • მარიამ, რა ითქვა ამ შეხვედრაზე და კონკრეტულად რა იყო მიუღებელი მოსახლეობისთვის ამ შეთავაზებიდან?

სანამ ჩვენამდე მოვიდოდნენ და პრეზენტაციას ჩაატარებდნენ, რამდენიმე დღით ადრე, „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ დაიწყო ინფორმაციის გავრცელება, რომ ამ სოფელში თურმე ისტორიულად ყოფილა მეწყრული კერები და მე-19 საუკუნეში ეს ადგილი დაცლილი იყოო.

გამოდის, რომ სანამ დასკვნას წარმოგვიდგენდნენ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეს „დასკვნა“ მოიპოვა. როცა ჩვენ დავსვით კითხვები თუ საიდან ჰქონდათ ეს ინფორმაცია, არსებობს თუ არა რაიმე წყარო, მტკიცებულება, გვითხრეს, რომ მოკვლევის ერთ-ერთი მეთოდია ადამიანების გამოკითხვა და ჩვენც გამოვკითხეთ ერთი ადამიანი, რომელსაც ანონიმურად ვტოვებთო.

მთავარი სათქმელი რაც ჰქონდათ ჩვენთან, ის იყო, რომ კურსებში მეწყერი არის ბუნებრივი გზებით გამოწვეული და შახტები, კარიერები და ყველა სხვა ხელოვნური ჩარევა გარემოში, გამორიცხეს. გვეუბნებიან, რომ რაღაც გრუნტის წყლებია მთავარი პრობლემა, რომ ტერიტორიის მორფოლოგიური აგებულება, ტექტონიკაა ასეთი და ასე შემდეგ.

შემდეგ, როცა მოსახლეობამ დასვა კითხვები გზის აღდგენაზე და კომპენსაციის ოდენობაზე, გზის აღდგენაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა უარი განაცხადა. თქვა, რომ ვერ გასცემს რეკომენდაციას იმ მიზეზით, რადგან სოფელი ისევ მეწყერსაშიში ზონაა და აქტიური პროცესებია.

თუმცა ერთ-ერთმა თანასოფლელმა ისაუბრა ალტერნატიულ გზებზე, რომელიც არსებობდა. აღმოჩნდა, რომ ეს საკითხიც არ ჰქონდათ ბოლომდე შესწავლილი და შეიძლება გამოვძებნოთ რაიმე გზაო.

  • ამ შეხვედრაზე თუ ითქვა გარკვევით კომპენსაციაზე და რამდენი შეიძლება იყოს ეს?

პრეზენტაციაში არაფერი ეწერა ანაზღაურების ნაწილზე და რადგან მოსახლეობამ დასვა ეს კითხვები, შემდეგ დაიწყეს პასუხის გაცემა, რასაც მოჰყვა დიდი აჟიოტაჟი – რადგან თუკი აქამდე გვესმოდა, რომ ზარალი დაითვლებოდა ინდივიდუალურად, ამჯერად პირველად გააჟღერეს, რომ თურმე ჩვენ ვართ ეკომიგრანტები და 30 000 ლარია კანონით განსაზღვრული ეკომიგრანტებისთვის. ამას მოჰყვა უკმაყოფილება მოსახლეობის მხრიდან.

მოსახლეობის რეაქციის შემდეგ თქვეს, რომ ვმუშაობთ კომპენსაციის გაზრდაზეო, მაგრამ რამდენით გაიზრდება და რას მოიაზრებენ ამაში, არც ეს მოგვისმენია.

  • თქვენი შეფასებით, რამდენი ლარი შეიძლება იყოს გონივრული თანხა, რომელიც უნდა მიიღონ დაზარალებულმა ოჯახებმა, თუ ისაუბრა ამაზე თავად მოსახლეობამ?

ეკომიგრანტების დახმარების თანხა 30 000 ლარი, 2012 წელს არის დადგენილი. მას შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა ქვეყანაში. კოლოსალურად გაძვირდა უძრავი ქონება, ყველაფერზე აწეულია ფასები, შესაბამისად, ეს თანხა ვერანაირად ვერ იქნება ადეკვატური. არც ეკომიგრანტის სტატუსია პრობლემა, ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, სამართლიანად აგვინაზღაურონ ზარალი.

ქვეყანაში, სადაც ნახევარი მილიონი ლარი თეატრის განათებაზე იხარჯება, მილიონები კი ათას უაზრო პროექტებზე, მეწყერისგან დაზარალებულმა ოჯახებმა, რატომ არ უნდა მიიღონ ღირსეული ანაზღაურება?

როცა სხვა სოფლები დაიმეწყრა, 50 000 ლარი შესთავაზეს კომპენსაცია ადამიანებს, თუმცა დღეს, ეს თანხაც სათუოა. რადგან ძალიან მწვავე კამათი მოჰყვა ამ საკითხს, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ვერც კი დაასრულა საუბარი.

  • ერთი ადამიანის მონაყოლზე დაყრდნობით გადაწყვიტეს, რომ მეწყერი ბუნებრივი პროცესით იყო გამოწვეული და ამიტომ არ გეკუთვნით მაღალი კომპენსაცია?

დიახ. მიუხედავად იმისა, რომ თავად ამბობენ, ეს დასკვნები არ არის საბოლოოო. შემდეგ გვითხრეს, თუ დოკუმენტი გაინტერესებთ, გამოითხოვეთ ინფორმაციაო. რატომ უნდა მჭირდებოდეს დასკვნების გამოთხოვა, ხომ მოვიდნენ, მოეტანათ ეს წყაროები, დოკუმენტები და გაეცნოთ ჩვენთვის. ან კარგად მოეძიებინათ და ისე ესაუბრათ.

  • დავუშვათ, მართლაც იყო მეწყერი ორი საუკუნის წინ ამ სოფელში, ეს რა კავშირშია კომპენსაციის საკითხთან?   

ამ ინფორმაციას ავრცელებენ რკინიგზის აშენების თარიღზე დაყრდნობით, რომ რკინიგზის აშენებამდე მოხდა ეს ყველაფერი, სავარაუდოდ მე-19 საუკუნეშიო. თუმცა ამის სხვა რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ.

  • თუ მეწყერსაშიში იყო ეს ზონა, სტრატეგიული ობიექტი, ანუ რკინიგზა როგორ ააშენეს, მაშინაც ხომ უნდა ჰქონოდათ ეს ინფორმაცია?

კარგი კითხვაა, რეალურად ჩვენც იმავეს ვეკითხებით, რომ თუ იყო მეწყრული ზონა, მაშინ, რატომ აშენდა რკინიგზა, შემდეგ მაღაზიები, გასამართი სადგური, კომერციული ფართობები და ბევრი სხვა რამ. რატომ მისცეს უფლება ადამიანებს, რომ რაღაცები აეშენებინათ. მაგალითად, ჩემმა ბევრმა მეზობელმა სახლი გაყიდა ქუთაისში და კურსებში დაიწყო მშენებლობები. გარემოს ეროვნული სააგენტო ამბობს, ჩვენ ხომ არ გაგვიცია ლიცენზიები, პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთო.

  • მეწყრის შემდეგ ხომ არ ყოფილხართ სოფელში და თუ მოახერხეთ რაიმეს გამოტანა სახლიდან?

ჩემი სახლი მთლიანად დანგრეული არ არის, მაგრამ წითელ ზონაშია, სახლის დამხმარე ნაგებობებია წაღებული და სახლზეც მომდგარია მეწყერი.

ერთადერთხელ მოგვცეს საშუალება, რომ მაშველებთან ერთად შევსულიყავით სოფელში და აუცილებელი ნივთები წამოგვეღო. ახლა არავის უშვებენ და ჩაკეტილია გზა.

ჩვენ არ გვყავდა საქონელი, მხოლოდ კატები გვყავდა. შინაური ცხოველები – ძროხები, გოჭები ვისაც ჰყავდა, როგორც ვიცით, გამოაყვანინეს ხალხს. იმიტომ, რომ ამ შეხვედრაზე ახსენეს ეს საკითხი. ძაღლებს და კატებს ალბათ თავშესაფარში წაიყვანენ, რადგან როცა ბინებს ვქირაობთ, მეპატრონეები ცხოველების შეყვანის უფლებას არ გვაძლევენ.

ქირის ფულს იხდის სახელმწიფო და როგორც გვითხრეს, 6 თვიდან ერთ წლამდე გაგრძელდება თანხის გადახდა.

იმერეთში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში მეწყერი 12 მარტს, გამთენიისას ჩამოწვა, რის შედეგადაც 15 სახლი მთლიანად განადგურდა. მეწყრული ზონიდან 45 ოჯახია გაყვანილი.

______________

ამ თემაზე:

„თითქოს მიწა ღმუოდა, ისმოდა ხეების ტკაცატკუცი, ისმოდა გუგუნი“- რა ხდებოდა მეწყერის ღამეს კურსებში

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 აპრილის 21 საათიდან 11 აპრილის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში წვიმა, ღამით მაღალ მთაში თოვა.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 2 – 7 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 3 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა 3-4 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +12 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 12 და 13 აპრილს მოსალოდნელია უმეტეს რაიონში დროგამოშვებით წვიმა.

 

ბათუმში 12 და 13 აპრილს მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება

ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი 12 და 13 აპრილს მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. აღნიშნულ დღეებში უფასოდ მგზავრობა აღდგომის დღესასსწაულს უკავშირდება.

ამასთან, „ფერიის სასაფლაომდე შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, სერგი მესხის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით ცალმხრივი გახდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, №11 სამარშრუტო ხაზი უკუმიმართულებით გადაადგილებისას იმოძრავებს გოგოლისა და სევერიანე აჭარელის [ყოფილი მაიაკოვსკის] ქუჩების გავლით, ხოლო №2 და №2ა ხაზებზე მოძრავი ავტობუსები გადაადგილდებიან მაიაკოვსკის ქუჩიდან თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით.“ – აცხადებს ბათუმის მერია.

მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომას წელს 12 აპრილს აღნიშნავს.

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 10 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 10 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 308 670 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 130. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 848 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 24 375 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 39 734 ერთეული [+45]
  • MLRS – 1 724 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 341 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 350 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 229 771 ერთეული [+2 232]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 517 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 88 515 ერთეული [+183]
  • სპეცტექნიკა – 4 119 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ამნეზია თუ დაგემართა, პიროვნება აღარ ხარ, ზუსტად ასევეა ერი“ – რატომ არ ახსენეს რუსეთი 9 აპრილის ახალ დაფაზე

„კოლექტიური მეხსიერების შეცვლის კიდევ ერთი მეთოდია სიმართლის გადადღაბნა, გაბუნდოვანება, რომ ვერ გაარკვიო მკაფიოდ, რა მოხდა,“ – გვიყვება რუსუდან კობახიძე, რომელსაც 9 აპრილის მემორიალთან ბათუმში განთავსებულ საინფორმაციო დაფაზე ვესაუბრეთ.

საინფორმაციო დაფაზე 9 აპრილის აღწერის დროს ნახსენები არ არის „საბჭოთა რუსული არმია.“

საბჭოთა წარსულის მკვლევრის დაკვირვებით, „ოცნებას“ ქვეყნის რუსეთისკენ მიტრიალების პროცესში გმირობის მაგალითი არ სჭირდება, თანაც, როცა ეს გმირები შუა საუკუნეებში კი არა, სულ რამდენიმე წლის წინ თავს სწირავდნენ სამშობლოსთვის, არ სჭირდებათ გმირები, რომლებიც დღეს სინდისის პატიმრები არიან.

„ეს არის კოლექტიური მეხსიერების წაშლის მცდელობა და არაზუსტი სახელდება… ოცნებას“ უნდა მთლიანად ქვეყნის კურსის მოტრიალება, ამიტომაც, რაში სჭირდება გმირობის მაგალითი? ისედაც, აგერ ციხეში უზით ამდენი ადამიანი, რომლებიც, ფაქტობრივად, გმირებად იქცნენ,“ – ამბობს რუსუდან კობახიძე. 

„ბათუმელებმა“ რუსუდან კობახიძესთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი საბჭოთა წარსული კვლევის ლაბორატორიის მკვლევარია.

  • ქალბატონო რუსუდან, ქუთაისის შემდეგ, სადაც 2008 წლის ომის მემორიალზე ოკუპანტი რუსეთი არ ახსენეს, ბათუმში 9 აპრილის მემორიალთან განათავსეს საინფორმაციო დაფა წარწერით: „1989 წლის 9 აპრილის მოვლენების შედეგად დამოუკიდებელი საქართველოსთვის დაღუპული გმირების მემორიალი“. რას აჩვენებს ეს შემთხვევები? 

ეს საბჭოთა მეხსიერების პოლიტიკის ჩვეულებრივი გაგრძელებაა. ეს არის კოლექტიური მეხსიერების წაშლის მცდელობა და არაზუსტი სახელდება: საერთოდ, თუ მოვლენას არ დაარქმევ თავის სახელს, ის რაღაცნაირად კარგავს სიმძაფრეს, კარგავს თავის ნამდვილობას, კარგავს თავის მნიშვნელობას და შინაარსს.

ამის ყველაზე ნათელი მაგალითია 1991-92 წლის მოვლენები, როდესაც სახელმწიფო გადატრიალებას ეწოდა „თბილისის ომი“. არაფერს გვეუბნება ეს „თბილისის ომი“ გარდა იმისა, რომ ეს ბრძოლები მიმდინარეობდა თბილისში, ხომ? მხოლოდ ადგილმდებარეობის ხაზგასმაა და ეს უკვე დამოუკიდებლობის პერიოდში ხდება, მაგრამ აი საზოგადოებრივი დაპირისპირება იმდენად მწვავე იყო, რომ ირიდებდა თავს – არამარტო ხელისუფლება ჩქმალავს ამ ფაქტს. 

ამ მოვლენას მაშინ დაარქვეს „სახალხო რევოლუცია“, მაგრამ არ ჩაჯდა ეს მეხსიერებაში, შემდეგ უწოდეს „თბილისის ომი“, ასე ვთქვათ, ნეიტრალური სახელი.

რუსუდან კობახიძე

თუ გადავალთ უფრო ღრმად, საბჭოთა კავშირში, მაგალითად, 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციას ბოლშევიკები ეძახდნენ „გასაბჭოებას“, ამავდროულად ხდებოდა პირველი რესპუბლიკის დემონიზაცია, რომ აი, ამათ დააქციეს საქართველო, შლიდნენ მეხსიერებიდან სახელებს, სახეებს… გვარების წაშლა, საერთოდ არხსენება და ფოტოების არგამოჩენა ჩვეულებრივი მოვლენა იყო.

დღევანდელ შემთხვევებში კი, საქმე გვაქვს გაბუნდოვანების პრაქტიკასთან – აბუნდოვანებ მოვლენას. ერთ-ერთი მიზანი არის ის, რომ პირდაპირ არ ახსენონ რუსეთი, „7 აგვისტოს“ ნაცვლად თქვან „8 აგვისტო“. ზოგს ჰგონია, რომ ეს არის რაღაც რიცხვები. ამ დროს კონკრეტული მოვლენებია, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

  •  წულუკიანის ე.წ. კომისიის დასკვნის მიხედვით, 2008 წლის ომის დაწყება საქართველოს უკავშირდება. ქუთაისის მემორიალზე როცა არ ახსენეს რუსეთი, ესეც საერთო პოლიტიკის ნაწილია – არ გამოჩნდეს ის, რომ დადასტურებულად დამნაშავეა რუსეთი? 

დიახ, ამ გზით ხდება რაღაცნაირი შემსუბუქება.

კოლექტიური მეხსიერების შეცვლის კიდევ ერთი მეთოდია სიმართლის გადადღაბნა, გაბუნდოვანება, რომ ვერ გაარკვიო მკაფიოდ, რა მოხდა. საბოლოოდ, ეს ყველაფერი არის მეხსიერების რეკონსტრუქცია. მიზანია, რომ არამხოლოდ შემდეგმა თაობებმა, არამედ თვითონ იმ ადამიანების მეხსიერებაშიც კი, ვინც თავის კისერზე გადაიტანა ეს ყველაფერი, ეს ყველაფერი მიივიწყონ.

მაგალითად, მივიწყებულია 31 მარტის რეფერენდუმი, რომელიც იყო უზარმაზარი მნიშვნელობის თარიღი. მთელი ხალხი იყო მაშინ მობილიზებული. წარმოიდგინეთ, როცა ამომრჩევლის 91% მივა უბნებზე და ხმას მისცემს… ამ ადამიანებმა ყველაფერი გვერდით გადადეს და რეფერენდუმზე მივიდნენ. 

9 აპრილის მოვლენების შედეგად რომ დაიღუპნენ ადამიანები, იცოდნენ, რომ მოდიოდა ტანკები, მაგრამ ისინი საქართველოს თავისუფლებისთვის მაინც იქ იდგნენ, მათ თავი გასწირეს. გმირი რას ნიშნავს? ეს ისტორია ადამიანს უყვება, რომ აი, შენხელა ადამიანმა თავი გასწირა, ხომ? ეს სადღაც მე-12 საუკუნეში ცხენზე ამხედრებული გმირი კი არაა, არამედ ახლა იყო… ამათ უნდათ,  სადღაც იქ ჩატოვონ გმირობის ფენომენი. არ უნდათ, რომ გმირობის ფენომენი თანამედროვე იყოს.

ამათი მიზანია, თანამედროვე გმირობის ფენომენის გაქრობა. ეს გმირის ცნებაზე დარტყმაა, მაგრამ ეს პროპაგანდა მუშაობს მაშინ, როცა სუსტია ღირებულებითი სისტემა.

  • ქუთაისის მემორიალის შემთხვევაში ძალიან მძაფრი იყო საზოგადოების რეაქცია – პროტესტის შემდეგ წარწერა საერთოდ მოხსნეს. ეს ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ვერ მუშაობს „ოცნების“ მიდგომა, გადღაბნოს, ან დაგვავიწყოს ისტორიული სინამდვილე? 

დიახ, ეს ნიშნავს, რომ არ მუშაობს. ჩვენ თუ დავიძინებთ, იქით გვერდზე გადავბრუნდებით და ამას წავუყრუებთ, რა თქმა უნდა, იმუშავებს.

ამიტომაც მნიშვნელოვანია საინფორმაციო კამპანიები და ამიტომ ებრძვის ეს რეჟიმი სწორედ თავისუფალ სივრცეს, სადაც თავისუფალი სიტყვა ითქმება. ვერანაირი ტოტალიტარიზმი კი არა, დიქტატურა და ძალიან მკაცრი ავტორიტარიზმი ვერ დამყარდება ქვეყანაში, სადაც ღია საინფორმაციო სივრცეა, სადაც თავისუფალი სიტყვა არსებობს. ამიტომაც იყო, რომ საბჭოთა კავშირში იყო მთლიანად ჩაკეტილი არამარტო საზღვარი, არამედ საინფორმაციო სივრცე, კულტურა, ყველაფერი.

  • რა განზრახვით მოქმედებს „ოცნება“, თქვენი დაკვირვებით? მიზანია ის, რომ რუსეთის მიმართ შიში, ან სიძულვილი შესუსტდეს? 

დიახ. ამიტომაც მათი დამარცხება და ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია, რადგან ხალხში რუსეთის მიმართ სიყვარულს და ამ მიკუთვნებულობის განცდას ვეღარ გააჩენენ, გაწყდა ეგ ჯაჭვი კარგა ხანია. ემოციური ბმა ვეღარ აკავშირებს თანამედროვე ახალგაზრდას რუსეთთან.

ძველებს ჰქონდათ ემოციური მიბმულობა რუსეთთან, ენობრივი მიბმულობა, კულტურული, იყო მერკანტილური მიბმულობაც, რომ საბჭოთა კავშირი აძლევდა აგარაკებს, მანქანებს, ბინებს, უფასო რემონტებს, პრივილეგიებს, მაღაზიებს და ასე შემდეგ, ამის საშუალება მათ არა აქვთ დღევანდელ კონტექსტში და ეს ძალიან გასახარია.

„ოცნებას“ უნდა ქვეყნის კურსის მოტრიალება, ამიტომაც, რაში სჭირდება გმირობის მაგალითი? ისედაც, აგერ ციხეში უზით ამდენი ადამიანი, რომლებიც, ფაქტობრივად, გმირებად იქცნენ. მათი მიზანი იყო, რომ ეს ადამიანები გაეტეხათ და მერე ეთქვათ: აი, ასეთები იყვნენ და თვითონ აღიარეს… მუდმივი კამპანია მიმდინარეობს დემონიზების, თუმცა ეს არ მუშაობს დიდ სეგმენტზე, ეგ არის მთავარი. როგორც წარმოუდგენიათ „ოცნებაში“ სახელმწიფო, ისეთი სახელმწიფო შექმნან აქ, უბრალოდ, წარმოუდგენელია.

დღეს პუტინს და ბიძინასაც სჭირდებათ ერთმანეთი. პუტინს სჭირდება აქ გავლენის სფერო, ხოლო ბიძინას სჭირდება რუსეთი იმიტომ, რომ ევროპული მოდელის სახელმწიფოში თავისუფალი სასამართლო უნდა იყოს, თავისუფალი სიტყვა, ადამიანის უფლებები… 

  • ამ მოდელისთვის მარო მაყაშვილი, გიორგი ანწუხელიძე, ან დღევანდელი სინდისის პატიმრები საშიშია? 

რა თქმა უნდა, საშიში კი არა, თავზარდამცემია. ამიტომაც, უნდათ, რომ წაშალონ ჩვენში იდენტობა, ეს უნდა დაანგრიონ. 

ერი მეხსიერებითი ერთობაა, იგი დგას მეხსიერებაზე, როგორც ინდივიდი დგას თავის მეხსიერებაზე: ვინ არის დედა, ვინ არის მამა, სად ცხოვრობს, რას აკეთებს? აი, მნეზია თუ დაგემართა, შენ პიროვნება აღარ ხარ, ხომ? ზუსტად ასევეა ერი. ერის იდენტობის წაშლა იწყება მეხსიერების წაშლით და ამაზე ძალიან კარგად მუშაობენ, კარგად ერკვევიან პუტინის პროპაგანდისტულ ხრიკებში. არა მგონია, არქივებში ისხდნენ და იჩხრიკებოდნენ. შესაძლებელია, ვიღაც ჰყავთ მრჩევლები. ყოველ შემთხვევაში, ეს ძალიან ცნობილი მეთოდია – მეხსიერების წაშლა, დამახინჯება, ფრაგმენტაცია – რაღაც გვახსოვდეს, რაღაც არ გვახსოვდეს.

  • ამ გადასახედიდან თქვენთვის რას ნიშნავს 9 აპრილი, რამდენად გავიაზრეთ ეს თარიღი და მისი მნიშვნელობა?

9 აპრილი ორმაგი თარიღია, ერთია დარბევა და ტრაგედია, რაც იყო შეგნებული თავგანწირვა. ამას ვერ ვარქმევ მსხვერპლს –  ეს არის თავგანწირვა. ეს არ იყო შემთხვევა, როცა რაღაც წამოვიდა, ვთქვათ, ნიაღვარი და ჩაგიტანა, ან მიწისძვრის მსხვერპლი ხარ – უნებლიე არ იყო ეს. ამიტომაც, 9 აპრილი იყო თავგანწირვა. მნიშვნელოვანია შესაბამისი სახელდება – ეს არის 9 აპრილის თავგანწირვა, რის შედეგადაც დაიღუპნენ ადამიანები. ჩვენ ხომ მსხვერპლს არ ვეძახით უკრაინელ მეომარს – მან იცის, რისთვის იბრძვის და იცის, სად მიდის.

მეორეა დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, რომელიც დაამთხვიეს ზუსტად ამ დღეს, რომ ეს არ ყოფილიყო მარტო გლოვის დღე. საინტერესოა, რომ კოლექტიურ მეხსიერებაში მაინც 9 აპრილი უფრო ფოკუსირებულია გლოვის დღედ. ტრავმული საზოგადოება ვართ და ეს, როგორც ტრავმა, ასე გვაქვს ჩარჩენილი.

9 აპრილს გამოცხადდა დამოუკიდებლობის აღდგენა, როცა ჯერ საბჭოთა კავშირი არ იყო დანგრეული. ამან მოიტანა სრული გაცამტვერება კომუნისტური იდეოლოგიის – ისედაც გაცამტვერებული იყო, უბრალოდ კომუნისტების მიმართ პატივისცემა საერთოდ წაიშალა, უკვე რცხვენოდათ და ეს ყველაფერში გამოიხატებოდა.

  • მოქანდაკე, რომელმაც ბათუმში დადგა 9 აპრილის მემორიალი, დღეს სწორედ ამას აპროტესტებდა: საინფორმაციო დაფაზე მხოლოდ გლოვის შესახებ წერია, თანაც საბჭოთა რუსული არმიის შესახებ არაფერია აღნიშნული, არადა 9 აპრილი გამარჯვების დღეც არისო. 

ესეც რაღაცნაირად თავზე ნაცრის დაყრაა… ეს ყველაფერი დასაძლევი გვაქვს. გვეუბნებიან მუდმივად, რომ მოგვიგებენ, ყველაფერს გვისრულებენ… სინამდვილეში, რეალობა იქნება ის, რასაც შენ დააყენებ.

მარცხის განწყობა და ვაიმე, არაფერი გვეშველება, ეს არის „ოცნების“ დასაყრდენი.

დღეს, რაც ჩვენ რუსთაველზე ვნახეთ, საცოდაობა იყო: ადამიანებს, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ, რომ არიან ხელისუფლება, უწევთ სადღაც, წამიერად გაძრომა და ოთხ ფენად, სამ ფენად პოლიციის კორდონით სიარული. ძალიან კარგად გამოჩნდა მათი სისუსტე და გაუბედაობა, ხალხთან აბსოლუტური დისტანცია.

პოლიციის ჯებირი იყო მენტალური ჯებირი – ისინი ჩვენგან აბსოლუტურად თავს აცალკევებენ, ხომ? თავიანთი მომხრეების ხელისუფლებადაც არ წარმოუდგენიათ თავი, ეს კავშირიც კი, მათ შორის არ არის გამოკვეთილი, რაღაც ცალკე დგანან.

როდემდე იდგებიან ასე ცალკე? ხალხის გარეშე არ არსებობს სახელმწიფო.

___

ამავე თემაზე:

რა გამოტოვა „ოცნებამ“ ბათუმში 9 აპრილის მემორიალის საინფორმაციო დაფაზე: „არ წერენ, რა მოვლენები იყო“

„ეს აგორებულია“ – ბათუმის მერის პასუხი თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნაზე

„არ არის სწორი, ტყუილია. ამოიღეთ სიები რეორგანიზაციის შედეგად, ვინ არის გაშვებული. ეგ არის ტყუილი,“ – ასე პასუხობს მერი „ბათუმელების“ კითხვას, რატომ გაუშვეს ბათუმის მერიიდან პროევროპული პეტიციის ხელმომწერები.

გიორგი ცინცაძის პასუხის შემდეგ ჟურნალისტმა კითხვა დააზუსტა: „როგორ მოხდა, რომ რეორგანიზაცია 90 პროცენტით EU პეტიციის ხელმომწერებს შეეხო?“

მერმა უპასუხა, რომ „ეს არის აგორებული“:

„შეადარეთ სხვა სიები.

მერიის გარდა ა(ა)იპებშიც იყო. შეადარეთ სიები. სიმართლეს არ შეესაბამება. დანარჩენი ვინ იყო, სხვა ა(ა)იპებში რომ რეორგანიზაცია მოხდა იქაც იყვნენ? – არ არის, მე არ მაქვს ეგ სია, ეგ თქვენი აგორებულია.“

„ბათუმელებს“ მერისთვის ა(ა)იპებზე არაფერი უკითხავს, მაგრამ მერმა მაინც შემოიტანა ეს საკითხი, რომ თავი გაემართლებინა. სხვანაირად „არ დალაგდებოდა“.

უკვე წლებია, რაც მაღალი რანგის საჯარო მოხელეებმა დაამკვიდრეს პრაქტიკა, როცა საკუთარ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხების გაცემას თავს არიდებენ ან ამბობენ, რომ „ტყუილია“.

ხანდახან იმასაც ამტკიცებენ, რომ მათი პასუხისმგებლობა არ არის ის, რასაც თავად მოაწერეს ხელი: „მე რა შუაში ვარ.“

ხშირად რჩება შთაბეჭდილება, რომ გადაწყვეტილების მიღებისას გააზრებული არ აქვთ, რომ თავად არიან პასუხისმგებლები იმაზე, რაზეც ხელს აწერენ, საიდანაც არ უნდა იყოს ნაკარნახევი ამ გადაწყვეტილებების შესახებ.

ბათუმის მერიიდან რეორგანიზაციის შედეგად 35 პირი გაათავისუფლეს.

პროევროპულ პეტიციას ხელს 26 პირი აწერდა, მათგან 22-მა რეორგანიზაციის შედეგად დატოვა სამსახური, ორ მათგანს 3 წლამდე ასაკის ბავშვი ჰყავს, ერთს შშმ შვილი და კანონი იცავს, ერთი კი რეორგანიზაციამდე თავად გადავიდა სხვა სამსახურში.

2024 წელს ნოემბერში ირაკლი კობახიძის ცნობილი განცხადების შემდე, ბათუმის მერიის თანამშრომლებმა განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც წერდნენ, რომ EU-თან მოლაპარაკების პროცესის შეჩერებას ემიჯნებიან.„ეს გადაწყვეტილება არაა თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან, რომელიც კონსტიტუციის 78-ე მუხლში აისახა. ჩვენ ვიყავით, ვართ და ვრჩებით ჩვენი მოქალაქეების, კონსტიტუციის და ევროპული ღირებულებების ერთგულნი,“ – წერდნენ დეკემბერში მერიის თანამშრომლები განცხადებაში, რომელსაც საბოლოოდ 26-მა პირმა მოაწერა ხელი.

„აგორებულია“ – ბათუმის მერის პასუხი EU პეტიციის ხელმომწერი საჯარო მოხელეების გათავისუფლებაზე

2026 წლის 9 იანვარს კი, მერიამ რეორგანიზაცია გამოაცხადა და წესები თავიდანვე ისე განსაზღვრა, რომ ცხადი იყო, რომელი ჯგუფის წინააღმდეგ იყო მიმართული ის.

რეორგანიზაციის ფარგლებში ბათუმის მერიამ რამდენიმე განყოფილება გააერთიანა. გარდა ამისა, შეცვალეს სპეციალისტების კატეგორიები. მაგალითად, თუ სამსახურში მუშაობდა მეორე კატეგორიის ორი სპეციალისტი, რიგ შემთხვევებში კატეგორია პირველამდე გაზარდეს. შედეგად მეორე კატეგორიის მოქმედი თანამშრომლების შტატი გაუქმდა.

მეტწილად კი ცვლილები შეეხო იმ სამსახურებსა და განყოფილებებს, სადაც პროევროპული პეტიციის ხელმომწერები მუშაობდნენ. უმეტეს შემთხვევაში დახურული, რიგ შემთხვევებში კი ღია კონკურსები გამოაცხადეს.

პეტიციის ხელმომწერების ნაწილს კონკურსში მონაწილეობა აღარ მიუღია, რადგან თვლიდნენ, რომ „ არ ღირდა“,  ვინც მიიღო აღმოჩნდა, რომ „არც მათთვის ღირდა“ – ვერცერთმა მათგანმა შესარჩევი კონკურსი ვერ გაიარა.

„ბათუმელებისთვის“ ცნობილია, რომ ათამდე ადამიანი [არახელმომწერი], ვისაც რეორგანიზაცია შეეხო ხელშეკრულებით აიყვანეს.

ამიტომ მერმა ა(ა)იპები ახსენა, ციფრებით მანიპულაცია რომ გამოსვლოდა. არადა რა შუაშია ა(ა)იპები? – საერთოდ არაფერში.

რეორგანიზაციის შედეგად სამსახური დატოვეს პროფესიულმა საჯარო მოხელეებმა, რომლებიც თავის დროზე მერიაში კონკურსის წესით უვადოდ აიყვანეს.

კანონით საჯარო მოხელე ახორციელებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებებს. თანამდებობაზე ინიშნება განუსაზღვრელი ვადით, რამაც მისი სტაბილურობა და პოლიტიკური ცვლილებებისგან დაცვა უნდა უზრუნველყოს.

განსხვავებით სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისგან, მოხელე არ იცვლება ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად.

მისი საქმიანობა ეფუძნება კარიერულ პრინციპს. ეს ნიშნავს, რომ მოხელეს აქვს შესაძლებლობა დაწინაურდეს იერარქიულ საფეხურებზე საკუთარი კვალიფიკაციისა და მუშაობის შეფასების საფუძველზე.

ა(ა)იპის ხელმძღვანელს კი მერი ნიშნავს. ა(ა)იპის თანამშრომელი საჯარო მოხელე არ არის და მათ კონკურსის წესით არ ნიშნავენ.

როგორც წესი, მერიისა და სხვა საჯარო სტრუქტურების ა(ა)იპებში ძირითადად მმართველი პარტიის მხარდამჭერებს ასაქმებენ.

საარჩევნო წელს აიპებში დასაქმებულთა ხელფასების ნაწილში თანხები მილიონობით ლარით იზრდება, ეს კარგად გამოჩნდა სახელმწიფო აუდიტის კვლევაში, რომელიც 2025 წელს გამოქვეყნდა.

რაც შეეხება რეორგანიზაციას ა(ა)იპებში, რაზეც დღეს მერმა სცადა ყურადღების გამახვილება, ეს ცალკე კვლევის საკითხია და ამაზე „ბათუმელები“ უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს სტატიას.

ასევე, მერიას ვკითხეთ, რამდენი პირი აიყვანა 2026 წელს ხელშეკრულებით, გვიპასუხეს, რომ ეს ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.

პასუხის მიღებისთანავე „ბათუმელები“ ამ ინფორმაციასაც გამოაქვეყნებს.

ბათუმში კიდევ 43 ჰექტარი ზღვა მიწად დაარეგისტრირეს – ვისთვის ამზადებენ სანაპიროს

ზღვაში ტერიტორიების ნაკვეთებად რეგისტრაცია გრძელდება. წყლით დაფარულ ტერიტორიებს არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთებად სახელმწიფო ირეგისტრირებს, შემდეგ კი სარგებლობაში გასცემს, მათ შორის კერძო კომპანიებზე.

რისთვის არეგისტრირებს სახელმწიფო ზღვაში ნაკვეთებს ცალკე საკადასტრო ერთეულებად? – თუ წყლით დაფარულ „ნაკვეთებს“ და მათ მიმდებარე ტერიტორიებს დავაკვირდებით, პასუხი მარტივია – ეკონომიკური საქმიანობის, ძირითადად, ამა თუ იმ კერძო ბიზნესის ხელშეწყობისთვის.

დაახლოებით ერთი თვის წინ, ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადების საფუძველზე საჯარო რეესტრმა სარფში, 9 ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაარეგისტრირა ზღვაში სახელმწიფოს საკუთრებად.

ზღვის „ნაკვეთი“ სარფი-კვარიათის საზღვართანაა, კვარიათის მხარეს მიწის ნაკვეთზე კი, მშენებლობაა დაგეგმილი.

მშენებლობას შპს „ლიცი“ გეგმავს. კონცეფციის მიხედვით, კომპანია ზღვიდან 50 მეტრში [„რაკუშკებთან“ ახლოს], 70 მეტრი სიმაღლის, სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლის აშენებას აპირებს.

სარფი / მარჯვნივ პროექტის რენდერი და ზღვაში მონიშნული ნაკვეთი მარცხნივ

შპს „ლიცის“ მიერ ბათუმის მერიაში 2026 წელს გადაგზავნილ დოკუმენტებს საპროექტო ტერიტორიის ვიზუალიზაციის ამსახველი ფოტოებიც ახლავს, როგორც არსებული სიტუაციის, ასევე – რენდერებიც [თუ როგორი იქნება იგივე ადგილი პროექტის განხორციელების შემდგომ].

ერთ-ერთი ასეთი რენდერის მიხედვით ვიგებთ, რომ კომპანია ზღვაში იახტკლუბის მოწყობასაც გეგმავს. იახტკლუბი კი, ზღვის იმ ნაწილში უნდა განთავსდეს, რომელიც სახელმწიფომ ახლახან დაარეგისტრირა ნაკვეთად.

ზღვის „ნაკვეთი“ ამ დროისთვის სახელმწიფოს საკუთრებაშია და ის იჯარით ან აღნაგობით ვინმესთვის გადაცემული არ არის.

ამ თემაზე: კვარიათის სანაპიროზე, კაფე „რაკუშკებთან“ ახლოს კიდევ ერთი სასტუმროს მშენებლობას გეგმავენ

აღსანიშნავია რომ საქართველოს საზღვაო სივრცეში სახელმწიფოს 5 საზღვაო ზონა აქვს შერჩეული აკვაკულტურისთვის. ესენია: გონიო-კვარიათი, ჩაქვი, ქობულეთი, ფოთი და ანაკლია. ზღვაში ამ ზონების საზღვრებიც ცნობილია, თუმცა ზემოთ აღნიშნული „ზღვის ნაკვეთი“ გონიო-კვარიათის საზღვაო ზონაში არ შედის.

  • სახელმწიფომ ზღვაში კიდევ ერთი ტერიტორია – 43,3 ჰექტარი დაირეგისტრირა ცალკე ნაკვეთად. წყლით დაფარულ ტერიტორიაზე, როგორც არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთზე, ამონაწერი საჯარო რეესტრმა 2026 წლის 30 მარტს გასცა.

ახალრეგისტრირებული ფართობი ზღვაში იმ ტერიტორიას ესაზღვრება, რომელიც სახელმწიფომ ადრე ხელოვნური კუნძულის პროექტისთვის დაარეგისტრირა.

ხელოვნური ნახევარკუნძულების მშენებლობა ბათუმში / 7.04.2026

„მიწის ნაკვეთზე [მდებარე: ქალაქი ბათუმი, წყლით დაფარული ტერიტორია] სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის“ მოთხოვნით ქონების ეროვნულმა სააგენტომ საჯარო რეესტრს 2026 წლის 27 მარტს მიმართა.

უკავშირდება თუ არა ზღვაში ტერიტორიის რეგისტრაცია ხელოვნური კუნძულის პროექტს? – ამ კითხვაზე პასუხს „ბათუმელები“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან ელოდება და მიღების შემთხვევაში აქვე მოგაწვდით.

განახლება: „აღნიშნული სახელმწიფო ქონების შემდგომ განკარგვაზე გადაწყვეტილება მიღებული იქნება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს მთავრობის თანხმობით“. – მოგვწერეს ქონების სააგენტოდან 22 აპრილს.

ნაკვეთები ზღვაში

ფოტოზე ნაჩვენებია, რომ სახელმწიფოს ბათუმის მიმდებარედ ზღვაში 6 ნაკვეთი [წყლით დაფარული ტერიტორია] აქვს დარეგისტრირებული:

  1. ახალდარეგისტრირებული ნაკვეთი, 43,3 ჰექტარი [მონიშნულია წითელი ფერით].
  2.  ხელოვნური კუნძულისთვის რეგისტრირებული ტერიტორია [მწვანე ფერით]
  3. სანაპირო დაცვის სამსახურის სარგებლობაში არსებული ტერიტორია[იასამნისფრად]
  4. ღია ლურჯი ფერით მონიშნულია თამარის დასახლებასთან ზღვაში რეგისტრირებული ტერიტორია
  5. ბათუმის პორტის აკვატორია [ყვითელი ფერით]
  6. ბათუმის იახტკლუბთან დარეგისტრირებული ტერიტორია [ლურჯი ფერით]

„ხელოვნური კუნძულის“ პროექტისთვის ზღვაში სახელმწიფოს მიერ დარეგისტრირებულ ტერიტორიაზე ამ ეტაპზე ხელოვნური ნახევარკუნძულები შენდება. რაც შეეხება უშუალოდ კუნძულის მშენებლობას, ის ჯერ დაწყებული არ არის.

ხელოვნურ ნახევარკუნძულზე ცათამბჯენის მშენებლობა დაწყებულია / 7.04.2026

„ამბასადორი ბათუმი აილენდზე“ ხელოვნური კუნძულის პროექტისთვის ზღვაში ჯამში 1 443 223 კვადრატული მეტრი ფართობია გადაცემული აღნაგობის უფლებით.

კომპანიას იმ ტერიტორიას, რომელსაც ზღვაში ხმელეთად აქცევს, სახელმწიფო ეტაპობრივად გადასცემს საკუთრებაში. მაგალითად, 2025 წლის თებერვალში „ამბასადორს“ ხელოვნურ კუნძულზე 194 457 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი გადასცეს საკუთრებაში 1 ლარად.

საპროექტო დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ხელოვნური ნახევარკუნძულებისა და კუნძულის სრულად განაშენიანების შემდგომ ბათუმის მოსახლეობის რაოდენობა თითქმის 70 000-ით გაიზრდება.

პარალელურად, „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ ერთ-ერთ ხელოვნურ ნახევარკუნძულზე ცათამბჯენის მშენებლობაც აქვს დაწყებული.

ცათამბჯენების მშენებლობას თამარის დასახლებაში, მდინარე ყოროლისწყლის შესართავთან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერისა და პარლამენტარების კომპანიებიც გეგმავენ.

ამ თემაზე ვრცლად: ირაკლი დგებუაძის მეგობარი ბათუმში ცათამბჯენს აშენებს

ამ კომპანიებისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთების მოპირდაპირედ კი სახელმწიფოს ზღვაში 3 ჰექტარი ტერიტორია აქვს დარეგისტრირებული [ზემოთ ფოტოზე N4], როგორც არასასოფლო სამეურნეო ნაკვეთი. ეს ტერიტორია რეესტრის ბოლო ამონაწერით ისევ სახელმწიფოს საკუთრებაშია.

  • ზღვაში 1 ჰექტრამდე ნაკვეთი სახელმწიფომ 2019 წელშიც დაირეგისტრირა ბათუმის იახტკლუბის პროექტის გამო.

მიწად დარეგისტრირებულ 1 ჰექტარ ზღვას კი „ბათუმის იახტ კლუბი“ 2037 წლამდე ითხოვს.

ამ დროისთვის არც ეს ნაკვეთია ვინმესთვის გადაცემული სარგებლობაში.

ზღვაში რეგისტრირებული ნაკვეთი ბათუმის იახტკლუბთან

იახტკლუბის განვითარების პროექტი 2017 წელს დაიგეგმა და თავდაპირველი შეთანხმებით, 2021 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, გარკვეული შენობის მშენებლობა მხოლოდ 2025 წელს დაიწყო.

ამ თემაზე ვრცლად: რას აშენებენ ბათუმის იახტკლუბთან – პროექტი, რომელიც 9 წლის წინ დაიწყო და ჯერ არ დასრულებულა

  • იახტებისთვის მისადგომს და აუზის აშენებას ზღვაში „დრიმლენდ ოაზისიც“ გეგმავს ჩაქვში.

სახელმწიფომ შესაბამისი ტერიტორია, 5 727 კვადრატული მეტრი, ზღვაში აქაც არასასოფლო სამეურნეო ნაკვეთად დაარეგისტრირა.

ჩაქვი / ზღვაში რეგისტრირებული ნაკვეთი [მარცხნივ] „ოაზისის“ პირდაპირ და „ოაზისის“ რენდერი პროექტიდან [მარჯვნივ]
რეესტრის ამონაწერებით, არც ეს ადგილია ვინმესთვის ჯერ სარგებლობაში გადაცემული.

რას გეგმავს კომპანია – ამ თემაზე ვრცლად: ჩაქვში ზღვა მიწის ნაკვეთად დაარეგისტრირეს და ასხვისებენ

  • ზღვაში ტერიტორიები ნაკვეთებად ასევე დარეგისტრირებულია ოზურგეთის სოფელ შეკვეთილში.
ზღვაში ნაკვეთებად მონიშნული ტერიტორიები შეკვეთილში, სასტუმრო „პარაგრაფთან“.

ფოტოზე წითელი ფერით მონიშნული ტერიტორია [რომელიც სასტუმრო „პარაგრაფის“ მიმდებარედაა] სახელმწიფოს საკუთრებაშია და ის სარგებლობაში რეესტრით გადაცემული არ არის.

მწვანე ფერით მონიშნული ტერიტორიის მესაკუთრეები კი არის სახელმწიფო [10 420 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის, რომელიც 99 წლით, აღნაგობის უფლებით გადაცემულია შპს „ბლექ სი რიზორთსიზე“ 2015 წლიდან] და შპს „ბლექ სი რიზორთსი“ [N1 და N2 აუზის, რომლებიც შპს „პარაგრაფ შეკვეთილზეა“ იჯარით გადაცემული].

სასტუმრო აქ პლაჟს და მიწის ნაკვეთს უკანონოდაც სარგებლობს.

ამ თემაზე ვრცლად: სახელმწიფო მიწები, რომლებითაც ივანიშვილი უკანონოდ სარგებლობს

საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, ამ დროისთვის შპს „ბლექ სი რიზორთსის“ მესაკუთრე საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდია, ამ ფონდის წილებს კი „საქველმოქმედო ფონდი ქართუ“ ფლობს, რომელიც „ქართუ ჯგუფის“ შვილობილია. „ქართუ ჯგუფის“ ერთადერთი პარტნიორი კი უტა ივანიშვილია.

„პარაგრაფის“ გვერდით ზღვაში ტერიტორია ნაკვეთად არ არის მონიშნული, თუმცა აშენებულია 410 მეტრი სიგრძის პირსი [„ხაზობრივი ნაგებობა“], რომელიც ივანიშვილის ოჯახის საკუთრებაა.

პირსი ბიძინა ივანიშვილის რეზიდეციასთან შეკვეთილში / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, ამ პირსის მშენებლობაზე ოზურგეთის არქიტექტურის სამსახურმა ნებართვა 2006 წელს გასცა, ხოლო ნაგებობა ექსპლუატაციაში მიიღეს 2009 წელს.

პირსის მესაკუთრე პირადად ბიძინა ივანიშვილი იყო.

2012 წელს კი, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მესაკუთრე ბერა ივანიშვილი გახდა.

2017 წლის ბოლო ამონაწერით კი, ამ პირსის მესაკუთრე უკვე შპს „ურეკი რეზიდენსია“. „ურეკი რეზიდენსის“ 100 პროცენტი წილის მფლობელი ეკატერინა ხვედელიძეა.

ამ პირსიდან 600 მეტრის დაშორებით სახელმწიფოს ზღვაში 2 266 კვადრატული მეტრი ტერიტორიაც აქვს დარეგისტრირებული არასასოფლო სამეურნეო ნაკვეთად.

ეს ტერიტორია სახელმწიფომ 2016 წელს დაირეგისტრირა, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა აჭარიდან ხეების ზღვით გადატანა დაიწყო.

ადგილი შეკვეთილში სადაც ზღვით წამოღებული ხეები გადმოჰქონდათ დენდროპარკისთვის. მარჯვნივ მონიშნულია იგივე ტერიტორია ზღვაში, რომელიც სახელმწიფოს ცალკე ნაკვეთად აქვს დარეგისტრირებული / ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

ამ ადგილზე სახელდახელოდ მოწყობილ პირსზე გადმოჰქონდათ ხეები დენდროლოგიური პარკისთვის. ეს პირსი 2019 წლისთვის უკვე გაუქმებული იყო, თუმცა ზღვაში ტერიტორია დღემდე ცალკე საკადასტრო ერთეულად რჩება.

ამ თემაზე: რა ხდება ივანიშვილის რეზიდენციასთან [ფოტო]

შეკვეთილთან სახელმწიფომ 2 წლის წინ ზღვაში კიდევ ერთი ნაკვეთი დაარეგისტრირა, რომლის ფართობი [პლაჟის ჩათვლით] 9 ჰექტარია. ეს ნაკვეთიც რეესტრის მიხედვით სარგებლობაში ჯერ არავისთვის არ არის გადაცემული:

9 ჰექტარი ფართობის ნაკვეთი [წითელი ფერით] ნატანებთან[შეკვეთილთან], რომლის უდიდესი ნაწილი ზღვაშია.
  • სახელმწიფოს ზღვაში კიდევ ორ ადგილას აქვს დარეგისტრირებული ნაკვეთები. ესენია ფოთი და ანაკლია.

ფოთის პორტი და პორტის აკვატორიაში სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირებული ნაკვეთები [მარჯვნივ, ლურჯი ფერით]. სახელმწიფოს ზღვაში ტერიტორია აქ 3 საკადასტრო ერთეულად აქვს დარეგისტრირებული.
რაც შეეხება ანაკლიას, აქ სახელმწიფოს ზღვაში 225 ჰექტარი აქვს დარეგისტრირებული [2 251 007 კვადრატული მეტრი].

საჯარო რეესტრის მონაცემებით, აღნიშნული ტერიტორია სახელმწიფოს 99 წლით შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურზე“ აქვს გადაცემული სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით.

აღნაგობის ხელშეკრულება 2023 წლის ოქტომბერშია დადებული. ამ კომპანიის 100 პროცენტ წილს სახელმწიფო ფლობს.

ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგური უნდა აშენდეს.

ზღვაში დარეგისტრირებული „ნაკვეთი“ ანაკლიასთან [მონიშნულია წითელი ფერით]
„ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“ სახელმწიფომ 2023 წელს დააფუძნა. კომპანიამ უნდა უზრუნველყოფს საზღვაო ინფრასტუქტურის [ფსკერდაღრმავების, ტალღმტეხელის] პროექტირება და მშენებლობა ანაკლიაში.

ანაკლიაში პორტის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო.

მოგვიანებით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულება შეუწყვიტეს.

ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის ბოლო ეტაპზე ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმია გადასული.

ხელისუფლება აცხადებდა, რომ მასთან ხელშეკრულებას მალე გააფორმებდა, თუმცა, კონსორციუმი დღემდე კონკურსის გამარჯვებულადაც კი არ არის გამოცხადებული.

ამ კონსორციუმის წამყვანი კომპანია China Communications Construction Company Limited [CCCC] კი სანქცირებულია აშშ-ში.

ანაკლიაში 2026 წლის 26 აგვისტოს იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი, პიტერ ანდრეოლი.

ამ თემაზე:

„ოცნებას“ ანაკლიის კარტი აქვს შემონახული გასათამაშებლად – ინტერვიუ

ნაპირდაცვა თუ ბათუმის სანაპიროს ეკოლოგიური დასახიჩრება – რა შემთხვევაში ემუქრება წარეცხვა ძველ ბულვარს

მთავარი ფოტო: ხელოვნური ნახევარკუნძულების მშენებლობა ბათუმში / ფოტო: „ბათუმელები“ / 7.04.2026

 

„პოლიციის კორდონის გარეშე თავს ვერ ჰყოფენ სოროებიდან“ – ქალი, რომელსაც „ოცნების“ წევრი ხელით შეეხო

დღეს, 9 აპრილს, „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები პოლიციისა და დაცვის კორდონით მივიდნენ, რუსი სამხედროების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქეების მემორიალთან.

მათ დღესაც მოისმინეს შეძახილები – „მონა“, „რუსებო“, „ქვეყნის ინტერესების გამყიდველებო“, საქართველოს იმ მოქალაქეებისგან, რომლებიც ერთ წელზე მეტია პროტესტში იმყოფებიან და „ქართული ოცნების“ სახით, საქართველოში რუსული გავლენების გაძლიერებას ეწინააღმდეგებიან.

თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული ადამიანების მემორიალთან, დღეს ორი ადამიანი დააკავეს, ერთს სცემეს, აქტივისტ ქალ მარიამ მეყანწიშვილს კი, რომელიც ტროტუარზე დგომის გამო სამჯერ დააკავა პოლიციამ, დღეს „ოცნების“ წევრი ბექა დავითულიანი ხელითაც შეეხო და გვერდზე მოიქნია.

მარიამის თქმით, „ქართული ოცნება“, რომელიც დღეს საბჭოთა რეჟიმის რეინკარნაციას წარმოადგენს საქართველოში, ძალის დემონსტრირების მიუხედავად, ვერ შეძლებს საქართველოს ეროვნული ინტერესების ჩახშობას.

„კუნთები ათამაშეს, მაგრამ რა აჩვენეს ამით? ის, რომ პოლიციის კორდონის გარეშე თავს ვერ ყოფენ საკუთარი სოროებიდან. მხოლოდ ამის დემონსტრირება მოხდა დღეს და გულწრფელად მეცოდებიან, რადგან ქვეყნის ხელისუფლება ჰგონიათ თავი და 40 პოლიციელის და პირადი დაცვის გარეშე ვერ გადაადგილდებიან. ეს არის მათი მთავარი მარცხი“, – ამბობს მარიამ მეყანწიშვილი, რომელსაც დღეს ბექა დავითულიანი ფიზიკურადაც კი შეეხო.

„ამათ რომ ვუყურებ, ერთი იგავი მახსენდება, მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენ და ის, გამიშვიო ცხვრები გამექცაო – ამბობდა. მათი 9 აპრილის მემორიალთან მოსვლა ფარისევლობაა, რადგან ეს ადამიანები ქვეყნის თავისუფლებას შეეწირნენ. დღეს კი, „ოცნება“ იმ ადამიანებს უსწორდება ფიზიკურად, ვინც ასევე იბრძვის საქართველოს თავისუფლებისთვის.

იყენებენ ყველა რესურს – ადმინისტრაციულს, ადამიანურს, ყველაფერზე წამსვლელი შავრაზმელებს და უსწორდებიან ქვეყნის ინტერესებისთვის მებრძოლ ადამიანებს.

არ მიკვირს, რომ ფიზიკურად შემეხნენ, რადგან ეს არის მათი სახე, ეს არის მათი მეთოდი. არც ეთიკა აქვთ, არც კულტურა, არც ქცევის ფორმა.

ადამიანი, რომელიც ჩვენი გადასახადებიდან 10 400 ლარს იღებს, ჩემზე, საქართველოს მოქალაქეზე ძალადობს. ამ დროს, პენსიონერებს წამლის ფული არ აქვთ. ხალხს ჯიბიდან ჰპარავენ ფულს და კორუფციაში არიან ჩაფლული.

აი, ასეთი ადამიანები არიან. თუმცა, როცა შავ საქმეებს გააკეთებინებენ, მათაც მოიშორებენ, ისევე როგორც მოიშორეს ღარიბაშვილი, გომელაური, ბურჭულაძე და სხვები“, – ამბობს მარიამ მეყანწიშვილი.

ის ამბობს, რომ ბექა დავითულიანს აუცილებლად უჩივლებს ფიზიკური ძალადობის გამო, რადგან „ოცნების“ ხელისუფლება ტროტუარზე დგომის გამო უშვებს ადამიანებს ციხეში.

„არა, არ უნდა შერჩეთ არცერთი წამით, მაშინ, როცა სილის შემორტყმის გამო ჰყავთ მზია ციხეში. ჩემზე ფაქტობრივად იძალადა დღეს დავითულიანმა, მაგრამ პოლიციას არანაირი სამართლებრივი რეაგირება არ ჰქონია ამაზე. მაშინ, როცა, ადამიანია ადმინისტრაციული მუხლით დააკავეს ივანიშვილის ხსენების გამო. აუცილებლად დავწერ საჩივარს დავითულიანის წინააღმდეგ, ვალდებულები არიან, რეაგირება მოახდინონ.

იქ იყვნენ „ოცნების“ მხარდამჭერებიც, რამდენიმე ხანშიშესული ქალი და როდესაც ყაველაშვილის და სხვა მოღალატეების მემორიალთან მისვლა გავაპროტესტე, ერთი ქალი უკნიდან მომეპარა და თმაში მწვდა, მეორე ქალი კი პირზე მაფარებდა ხელს. ამათთვის ეროვნული ღირებულებები უცხო სიტყვაა და მოვა დრო, როცა აუცილებლად ინანებენ, რაც ჩაიდინეს.

მოქალაქე, რომელსაც 9 აპრილს, რუსთაველზე, ფიზიკურად გაუსწორდა „ოცნების“ მხარდამჭერი

ამ ქვეყნისთვის თავისუფლების წართმევა არ გამოუვიდათ საბჭოთა კავშირში, არ გამოუვიდათ კომუნისტებს, არ გამოუვიდა ჩვენი ქვეყნის არცერთ მტერს, არ გამოუვიდათ შიდა გამყიდველებს, მოღალატეებს, ვის რეინკარნაციასაც წარმოადგენს ახლა „ოცნების“ გუნდი. ესენი რუსულ გავლენას ატარებენ ამ ქვეყანაში და იმედი მაქვს, დასრულდებიან პოლიტიკურ სანაგვეზე.

ამიტომ, 9 აპრილის მემორიალთან მათი მისვლა შეურაცხყოფაა გმირთა სულების, რადგან ეს ადამიანები შეიწირა რუსულმა ოკუპაციამ“, – ამბობს მარიამ მეყანწიშვილი.

9 აპრილის მემორიალთან მოქალაქე ივანიშვილის ხსენების გამო დააკავეს.

ზვიად რატიანმა თქვა ერთხელ, რომ 9 აპრილის შემდეგ, სულ ცხრა აპრილია საქართველოში და აღარ დადგა 10 აპრილი. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს, ელოდებით 10 აპრილის დადგომას, ანუ საქართველოს საბოლოო გათავისუფლებას რუსეთისგან? – ვკითხეთ მარიამს.

მისი თქმით, ამ დღის გათენება მხოლოდ ქართველი ხალხის ბრძოლაზე არ არის დამოკიდებული და თავს გავლენას ახდენს გეოპოლიტიკური ცვლილებები.

„როცა უკრაინა გაიმარჯვებს რუსეთზე, აუცილებლად საქართველოშიც დამარცხდება რუსეთი. ვფიქრობ, ეს პროცესები ერთმანეთზეა მიბმული, მაგრამ ჩვენი ყოველდღიური ბრძოლა მაინც დიდი შინაარსის მატარებელია, რადგან როგორც მერაბ კოსტავამ თქვა, თუ შეწყვეტ თავისუფლებისთვის ბრძოლას, აუცილებლად დაკარგავო.

ამიტომ გრძელდება ჩვენი ბრძოლაც რუსული იმპერიის წინააღმდეგ და არ ნებდება ქართველი ხალხი, მიუხედავად ჩვენი მცირერიცხოვნობისა.

თუმცა, მცირერიცხოვნობაშიც დაუმარცხებიათ ჩვენ მეფეებს მტერი და შეუნარჩუნებიათ ქართველი ერის თვითმყოფადობა. შესაბამისად, მაგალითი ჩვენი წინაპრებისგან უნდა ავიღოთ და თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები.

გათენდება თუ არა 10 აპრილი, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ჩვენ ყოველთვის უნდა დავიცვათ თავისუფლება და შვილებსაც ვასწავლოთ თავისუფლებისთვის ბრძოლა“, – ამბობს მარიამ მეყანწიშვილი.

____________________

მთავარი ფოტო: ბექა დავითულიანი ხელით ეხება მარიამ მეყანწიშვილს.

რა გამოტოვა „ოცნებამ“ ბათუმში 9 აპრილის მემორიალის საინფორმაციო დაფაზე: „არ წერენ, რა მოვლენები იყო“

„რატომ არ წერენ, რა მოვლენები იყო? იქნებ ჩვენ დავღუპეთ ერთმანეთი… ჭყლეტაში მოხდაო, ისიც თქვეს,“ – მოქანდაკე თემურ მახარაძე ბათუმში, 9 აპრილის მემორიალთან განთავსებულ საინფორმაციო დაფას აპროტესტებს.

იგი 9 აპრილის მემორიალის ავტორია, თუმცა მემორიალთან საინფორმაციო დაფა მასთან შეთანხმების გარეშე განათავსეს.

„1989 წლის 9 აპრილის მოვლენების შედეგად დამოუკიდებელი საქართველოსთვის დაღუპული გმირების მემორიალი“, – ასე წერია 9 აპრილის მემორიალთან განთავსებულ ახალ საინფორმაციო დაფაზე, სადაც ჩამოწერილია იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომლებიც 9 აპრილს დაიღუპნენ.

9 აპრილის საინფორმაციო დაფაზე არ წერია, ვინ დახოცა ხალხი რუსთაველზე 1989 წლის 9 აპრილს.

37 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა რუსული არმიის სამხედროებმა დაარბიეს მშვიდობიანი აქციის მონაწილეები. გამოიყენეს ცეცხლსასროლი იარაღი, ნიჩბები და მომწამლავი ნივთიერებები. 

დარბევის შედეგად 21 ადამიანი გარდაიცვალა.

უმეტესობა ქალი.

ახალ საინფორმაციო დაფაში, რომელიც დღეს გახსნეს ბათუმში, სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ბათუმის მერიამ 13 294 ლარი გადაიხადა.

საინფორმაციო დაფა, რომელშიც ბათუმის მერიამ 13 294 ლარი გადაიხადა.

„ეს არ არის შესაბამისი,“ – ამბობს მოქანდაკე თემურ მახარაძე მასთან შეთანხმების გარეშე განთავსებულ საინფორმაციო დაფაზე და იქვე განმარტავს:

„9 აპრილის მემორიალის თავდაპირველ ესკიზში წარწერის მომზადება გათვალისწინებული საერთოდ არ იყო… უნდა ყოფილიყო ასახული 9 აპრილი, როგორც გამარჯვების დღე და არამხოლოდ გლოვის დღე“.

მოქანდაკის აზრით, კარგი იქნებოდა, მემორიალთან თანამედროვე ტექნოლოგიებით (QR კოდით) აღჭურვილი საინფორმაციო დაფა მომზადებულიყო, საიდანაც 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოში მომხდარი მოვლენების შესახებ, სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაციის მიღებას შეძლებდნენ მოქალაქეები.

9 აპრილის მემორიალთან დადგმულ საინფორმაციო დაფაზე არ წერია რა მოხდა ამ დღეს

9 აპრილის მემორიალი ბათუმში, გმირთა ხეივანში 2019 წელს დადგეს.

ამ მემორიალის ავტორია მოქანდაკე თემურ მახარაძე.

მემორიალთან წლების განმავლობაში არ იყო საინფორმაცია დაფა, მაგრამ იყო აღწერა: „9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მიღების დღე. საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობის და სამშობლოსთვის დაღუპულთა მოგონების დღე“.

9 აპრილის მემორიალი ბათუმში – 2019 წელი
ეს აღწერა იყო 9 აპრილის მემორიალზე ბათუმში / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

მემორიალზე ეს აღწერა სულ ცოტა 2025 წლიდან აღარაა.

ის ჩაანაცვლა წარწერამ „9 აპრილი“, წელს კი, მემორიალთან გაჩნდა ახალი საინფორმაციო დაფა.

საინფორმაციო დაფა 9 აპრილის მემორიალთან – 2026 წლის 9 აპრილი

რამდენიმე დღით წინ  ქუთაისში რუსეთ – საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი ისე განაახლეს, რომ მასზე დატანილ წარწერებში ოკუპანტი რუსეთი ნახსენები არ იყო.

ამასთან, ომის დაწყების თარიღად მემორიალზე მიუთითეს არა 7 აგვისტო, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო, არამედ 8 აგვისტო.მოქალაქეთა პროტესტის შემდეგ წარწერა ჩამოხსნეს.

ბათუმში 9 აპრილის მემორიალთან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს საპროტესტო გზავნილებით დახვდნენ.

"არავის ეგონა, რომ ასლან აბაშიძე წავიდოდა, მაგრამ წავიდა მეგობრებო. ბიძინაც წავა" - მოქალაქე

ბათუმის მერიის პრესცენტრში 9 აპრილის მემორიალის საინფორმაციო დაფაზე განმარტებას დაგვპირდნენ, რომელსაც მიღებისთანავე გაგაცნობთ.

განახლება: „სხვადასხვა მედია საშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში 9 აპრილის მემორიალთან განთავსებულ საინფორმაციო დაფაზე არ არის წარმოდგენილი ისტორიული მოვლენების აღწერა და მისი განთავსება არ ყოფილა შეთანხმებული მემორიალის ავტორთან.

აღნიშნულთან დაკავშირებით გვინდა განვმარტოთ, რომ 9 აპრილის გმირების ხსოვნის უკვდავსაყოფად, მემორიალთან განთავსდა ცალკე მდგომი საინფორმაციო დაფა, რომლის ფორმატი ითვალისწინებდა დაღუპულთა სახელებისა და გვარების დატანას და არა ისტორიული მოვლენების აღწერას. ახალი დაფა კონსტრუქციულად არ ეხება არსებულ მემორიალს და წარმოადგენს დამოუკიდებელ ელემენტს. შესაბამისად, ის არ ცვლის უკვე არსებულ კომპოზიციასა და კონცეფციას და არ საჭიროებდა მემორიალის ავტორთან დამატებით შეთანხმებას,“ – აღნიშნულია ბათუმის მერიის გავრცელებულ განცხადებაში.

„პოლიცია 9 აპრილის მემორიალთან მისვლის საშუალებას არ გვაძლევს“ – მოქალაქეები

„პოლიცია როგორ იქცევით, სირცხილია“, „კობახიძე აქაა?“, „რა მასკარადი მოაწყვეთ აქ“ – თბილისში 9 აპრილის მემორიალთან დაძაბულობაა.

აქ მისული მოქალაქეები აცხადებენ, რომ პოლიციამ ისინი ტროტუარიდან მიწოლით გადაწია და კორდონი გააკეთა, ახლა ისინი პარლამენტთან იმყოფებიან და მემორიალთან მისვლის საშუალება აღარ აქვთ.

პოლიცია მემორიალთან მისულ ჯგუფებს შერჩევით ატარებს, რამდენიმე ჯგუფი უკან დააბრუნეს: „შემდეგ მობრძანდით“.

„ნეტგაზეთის“ ჟურნალისტის ინფორმაციით მემორიალთან დააკავეს რამდენიმე მოქალაქე, სხვადასხვა მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანდნენ ასევე დაშავებულები.

რამდენი ადამიანია დაკავებული ამ დროისთვის არ ვიცით, „ბათუმელები“ ინფორმაციის დაზუსტებას ცდილობს, თუმცა შს სამინისტროში ამ დროისთვის არ გვპასუხობენ.

მემორიალთან მივიდნენ „ოცნების“ მთავრობის წევრები, რომლებმაც ტიტები დაალაგეს ხმაურისა და შეძახილების ფონზე. ამ დროს პარლამენტთან შეკრებილები სკანდირებდნენ: „მონებო“, „რუსებო“.

მემორილთან შვილებთან ერთად იმყოფება მოქალაქე, რომელიც აცხადებს, რომ ყოველ 9 აპროილს აქ მოდის შვილებთან ერთად: „ამ დღეს ვარ დაბადებული და აქ მოვდივარ ყოველთვის, გამეყინა შვილები, რა მასკარადი მოაწყვეთ აქ.“ მიმართა მან პოლიციას.

თვითმხილველების თანახმად, ბაღდოშვილს და აქციის სხვა მონაწილეებს უცნობი პირები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, თუმცა ბოლოს ბაღდოშივილი დააკავეს.

მდინარაძე პოლკოვნიკი გახდა

მამუკა მდინარაძეს ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკის წოდება მიანიჭა. შესაბამისი ბრძანება 8 აპრილით თარიღდება. მანამდე, ერთი თვით ადრე კი, კობახიძის ბრძანებით მდინარაძე ვიცე-პოლკოვნიკი გახდა.

„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის 56 მუხლის, მე-7 მუხლის 2¹ პუნქტისა და მე-8 მუხლის საფუძველზე,
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკს, მამუკა მდიწარაძეს,
ვადამდე მიენიჭოს მორიგი უფროსი სპეციალური წოდება „სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკი“. – ნათქვამია  კობახიძის ბრძანებაში.

მამუკა მდინარაძე სუს-ში 2025 წლის 3 სექტემბერს დაინიშნა. შესაბამისად,  პოლკოვნიკის წოდებას 7 თვეში მიაღწია. „სახელმწიფო უსაფრთხოების გენერლობამდე“ მდინარაძეს მხოლოდ პოლკოვნიკის წოდება აშორებდა და უკვე ეს წოდებაც მიიღო.

სუსის ამჟამინდელმა უფროსმა, მამუკა მდინარაძემ, პარლამენტში ყოფნისას, „გამჭვირვალობის“ მოტივით, მხარი დაუჭირა რუსულ კანონს. ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დანიშვნის შემდეგ წაშალეს იმ წლების ქონებრივი დეკლარაციებიც კი, რომლებიც მას პარლამენტის წევრობის დროს ჰქონდა შევსებული.


2026 წლის პირველი თებერვლიდან სუს-ში ხელფასები გაიზარდა. გაიზარდა როგორც თანამდებობრივი, ასევე წოდებრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთები. კობახიძის ხელმოწერით სუს-ში ხელფასები გასული წლის დეკემბერშიც გაიზარდა.

ახალი დადგენილების მიხედვით სუს-ის უფროსის, მამუკა მდინარაძის ხელფასი უკვე ჯამში 16 170 ლარი იქნება [აქედან 15 690 თანამდებობრივი სარგოა, 480 ლარი კი – წოდებრივი].

ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს 2025 წლის 3 სექტემბერს – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ლეიტენანტის, 23 ოქტომბერს – უფროსი ლეიტენანტის, 25 ოქტომბერს – კაპიტნის, 26 ოქტომბერს კი, ვადამდე ადრე მიანიჭა სახელმწიფო უსაფრთხოების მაიორის წოდება. 

კობახიძის 2026 წლის 9 მარტის ბრძანებით მდინარაძე ვიცე-პოლკოვნიკი გახდა, 8 აპრილის ბრძანებით კი – პოლკოვნიკი.

 

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 9 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 9 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 307 540 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 040. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 847 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 24 370 ერთეული [+2]
  • საარტილერიო სისტემა – 39 689 ერთეული [+64]
  • MLRS – 1 724 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 341 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 350 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 227 539 ერთეული [+2 238]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 517 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 88 332 ერთეული [+229]
  • სპეცტექნიკა – 4 119 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

დეპუტატის ძმის კომპანია ბათუმში ისტორიულ სახლებს ანგრევს და 29-სართულიანი კორპუსის აშენებას გეგმავს

ბათუმში, მეტაქსას ქუჩაზე, დეპუტატ გია ჭყონიას ძმის, სულიკო ჭყონიას კომპანია ისტორიულ სახლებს ანგრევს.

პროექტის მიხედვით მეტაქსას ქუჩაზე #3-5-ში შპს „მეტაქსა გორგასალი“ 29-სართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. სამშენებლო ფართობი 880 კვ.მეტრია. პროექტი ავარიული სახლების ათვისების პროგრამის ფარგლებში დაამტკიცეს. 

 

ნგრევა დაწყებულია

 

 

ბათუმი მეტაქსას ქუჩა

სამშენებლო დოკუმენტების მიხედვით, პირველ სართულზე მოაწყობენ სივრცეს კომერციული ობიექტებისთვის. მე-2, მე-3 და მე-4 სართულებზე კი დაგეგმილი აქვთ პარკინგის მოწყობა.

პარკინგი სართულის გეგმის მიხედვით

ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელი იქნება პანდუსების საშუალებით. დოკუმენტებში განმარტებულია, რომ პანდუსი დაპროექტებულია თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით.

მეხუთე სართულიდან 29-ს ჩათვლით კი  განსაზღვრულია საცხოვრებელი ბინები, სულ 25 სართული, საერთო რაოდენობით 200 ბინა, ჯამური ბინების სარეალიზაციო ფართობი 13 239,5 კვ მეტრია.

პროექტის კ2 კოეფიციენტი 17.0- მდე გაზარდეს.

რენდერი
ნგრევა დაწყებულია

მშენებლობის ნებართვა  ბათუმის მერმა, გიორგი ცინცაძემ 2026 წლის იანვარში გასცა.

სამშენებლო დოკუმენტების მიხედვით, მერიამ საბანკო გარანტია მოითხოვა იმის უზრუნველსაყოფად, რომ მშენებელი კორპუსის მშენებლობას დაასრულებს.

შპს „თაუერ ჯგუფი გორგასალი“ 2021 წელს დაფუძნებული კომპანიაა და წილის 67 პროცენტს სულიკო ჭყონია ფლობს. ის „ოცნების“ დეპუტატის – გია ჭყონიას ძმაა. კომპანიის 33 პროცენტი ირაკლი ემირიძეს ეკუთვნის.

___

ვინ არის გია ჭყონია, დეტალურად წაიკითხეთ აქ:

გია ჭყონიამ 335-მილიონიანი შემოსავალი მიიღო ტენდერებიდან – მან მთავრობას ჩარტერი დაუფინანსა

საია საგანგაშო გარემოებებზე – როგორ ეპყრობოდნენ სინდისის პატიმრებს დაკავებისას და შემდეგ

საია, რომელიც საპროტესტო აქციების კონტექსტში დაკავებული პირების სისხლის სამართლის საქმეებს აკვირდება, საგანგაშო გარემოებებზე საუბრობს, რომელიც, მათი დაკვირვებით, უთანაბრდება საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებებით აკრძალულ, სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებებს (მათ შორის, გარემოებების მიხედვით, თითოეული შეიძლება გაუთანაბრდეს სსკ-ის 1441-ე, 1442-ე, 1443-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს – წამებას, წამების მუქარას, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას).

საიას განცხადებით, არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე სხვადასხვა დროს მიუთითა 17-მა პირმა, ხოლო 10-მა ისაუბრა პენიტენციურ დაწესებულებაში ისეთ პირობებზე, რაც შეიძლება გაუთანაბრდეს არასათანადო მოპყრობას.

არასათანადო მოპყრობის ნაწილში საია იცავს სახაროვის პრემიის ლაურეატის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელისა და კიდევ ერთი პირის, საბა სხვიტარიძის ინტერესებს, „ხოლო ყველა სხვა საქმეზე ინფორმაცია ეყრდნობა სასამართლოს ღია სხდომებზე დაკვირვების პროცესში დასახელებული პირების მიერ გავრცელებულ ცნობებს, ასევე, შესაბამისი წყაროს მითითებით, მედიამონიტორინგის შედეგად მიღებულ მასალებს“.

დაკავების ან/და შემდგომ პერიოდში არასათანადო მოპყრობა

მზია ამაღლობელი: 2025 წლის 12 იანვარს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან პოლიციამ მზია ამაღლობელი უკანონოდ და ძალადობრივი მეთოდებით დააკავა. შედეგად, მან მიიღო ფიზიკური დაზიანება და დაეხა ქურთუკი.

პოლიციის დეპარტამენტის ეზოში შეყვანისას, ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, აგინებდა და „სისხლით დაჭერით“ ემუქრებოდა. მან პოლიციის დეპარტამენტის ეზოში მზია ამაღლობელზე ფიზიკური ძალადობაც სცადა, თუმცა საკუთარმა თანამშრომლებმა შეაკავეს.

მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობა პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გაგრძელდა, სადაც დგებუაძემ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, არ მისცა წყლის დალევის უფლება და აუკრძალა საპირფარეშოთი სარგებლობა.

გარდა ამისა, მზია ამაღლობელს რამდენიმე საათის განმავლობაში არ მიეცა უფლება, ესარგებლა ადვოკატის მომსახურებით. მას ჩხრეკა ადვოკატების დასწრების გარეშე ჩაუტარდა და ხელბორკილები, დამცირების მიზნით, ზურგს უკან დაადეს, მიუხედავად იმისა, რომ ამის არანაირი საჭიროება არ არსებობდა. საია ამ საქმეს უკვე სტრასბურგის სასამართლოში აწარმოებს. მზია ამაღლობელს პროკურატურა დაზარალებულის სტატუსსაც კი არ ანიჭებს.

საბა სხვიტარიძე: 2024 წლის 5 დეკემბერს, ღამის საათებში, საბა სხვიტარიძე, მამასთან, ზაზა სხვიტარიძესთან ერთად, გადაადგილდებოდა თბილისიდან გურიის მიმართულებით. ქალაქ ზესტაფონთან პოლიციამ ის ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დააკავა და საპატრულო პოლიციის ავტომობილში ჩასვა.

ზაზა სხვიტარიძეს ჩამოართვეს მობილური ტელეფონი და არ მისცეს საშუალება, მომხდარის შესახებ ინფორმაცია ადვოკატისთვის მიეწოდებინა. მოთხოვნის მიუხედავად, შსს-ის წარმომადგენლებმა არ ჩართეს სამხრე კამერები და არ გააკეთეს არანაირი განმარტება დაკავების მიზეზთან დაკავშირებით.

გორთან ახლოს საბა სხვიტარიძე საპატრულო პოლიციის ავტომობილიდან გადასვეს „ტოიოტა ქემრის“ ავტომობილის უკანა სავარძელზე. ავტომობილში მასთან ერთად ჩაჯდა 4 ადამიანი და გაემართნენ თბილისის მიმართულებით. ამ ავტომობილში საბა სხვიტარიძეს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. ერთ-ერთი პირი მას დაემუქრა ე.წ. დუბინკით გაუპატიურებით.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში მისვლისას სხვიტარიძე აიყვანეს მე-5 სართულზე, სადაც ამ ოთხმა პირმა დაიწყო მასზე ფსიქოლოგიური ძალადობა. მას სთხოვდნენ, რომ ეღიარებინა პოლიციელზე თავდასხმა. საბა სხვიტარიძე უარყოფდა დანაშაულის ჩადენას, რის შემდგომაც მასთან ოთახში შევიდა ხაკისფერ ტაქტიკურ სამოსიანი 4 ნიღბიანი პირი, რომლებმაც 5-10 წუთის განმავლობაში ფიზიკურად იძალადეს საბა სხვიტარიძეზე.

სცემდნენ ხელებითა და ფეხებით, ურტყამდნენ კიდურების, მუცლის, მკერდისა და თავის არეში, წაქცეულს ურტყეს ფეხები, მარცხენა ხელის ნეკა თითზე დააჭირეს ფეხი და სცადეს ხელის მოტეხვა.

ძალადობის შედეგად, საბა სხვიტარიძემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ჰქონდა გონების დაკარგვის ეპიზოდი, მიიღო ტვინის შერყევა. ამის შემდგომ ოთახში კვლავ დაბრუნდა სხვიტარიძის ტრანსპორტირებაში მონაწილე 4 პირი და მისგან ისევ მოითხოვდნენ აღიარებით ჩვენებას. ემუქრებოდნენ, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში იგი მოხვდებოდა ე.წ. „ქათმების“ კამერაში.

სხვიტარიძის მიმართ ძალადობის კიდევ ერთი ეპიზოდი უკავშირდება ამავე შენობის მე-8 სართულზე აყვანას, სადაც ის შეიყვანეს ჯერ ერთ-ერთ ხელმძღვანელ პირთან, რომელმაც მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდგომ კი – გამომძიებელ სალომე ედიშერაშვილთან.

მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ სხვიტარიძე კითხვებს არ პასუხობდა, ედიშერაშვილმა ოთახი დატოვა, ხოლო 5-მა პირმა საბა სხვიტარიძეზე ფიზიკურად იძალადა. ის გააკავეს, ურტყამდნენ ტანისა და თავის არეში, ასევე, თავზე გადაამტვრიეს ხის ნივთი, რომელიც იდო ედიშერაშვილის მაგიდაზე.

ტვინის შერყევის გამო, საბა სხვიტარიძეს კიდევ ერთხელ აერია გული, რის შემდგომაც შეწყდა მასზე ძალადობა. ოთახში დაბრუნდა ედიშერაშვილი, რომელმაც კვლავ დაიწყო კითხვების დასმა, რაზეც ისევ ვერ მიიღო პასუხები. ამის შემდეგ, დაახლოებით 05:00 საათზე, საბა სხვიტარიძე შეასახლეს დროებითი მოთავსების იზოლატორში. მისი დაზიანებები აღწერა იზოლატორის ექიმმა, ასევე, გადაუღეს ფოტოსურათები.

საბა სხვიტარიძე ცნობილია დაზარალებულად. საია საქმეში ჩაერთო 2026 წლის თებერვალში, რის შემდგომაც განახლდა საგამოძიებო მოქმედებები, გამოჰკითხეს საბას დედა და ძმა. საია განაგრძობს დაზარალებულის სახელით ამ საქმის წარმოებას ადგილობრივ და, საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო დონეზე.

რევაზ კიკნაძე: მიუთითებდა, რომ მას ფსიქოლოგიური ზეწოლისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის პირობებში აიძულებდნენ, ეღიარებინა დანაშაული და დაედანაშაულებინა სხვები, რაც გამოიწვევდა მის მიმართ სისტემის მხრიდან ლოიალურ დამოკიდებულებას.

იგი გატაცებული ჰყავდათ ლისის ტბის მიმდებარედ და ემუქრებოდნენ ცოცხლად დამარხვით. კიკნაძემ ასევე აღნიშნა, რომ ორთაჭალაში გადაყვანის შემდეგ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შენობაში მასზე განხორციელდა შემდეგი შინაარსის მუქარა (ერთ-ერთი პირი: „დაბლა ჩავიყვანოთ და „კლიზმაზე“ დავსვათ ან შამპანურის ბოთლზე“; მეორემ უპასუხა: „შეიძლება გაეპაროს, ბინძური საქმეა, ხელთათმანები გავიკეთოთ“).

ნიკა კაცია

ნიკოლოზ კაცია: მიუთითებდა, რომ დაკავებისას მას ექცეოდნენ დამცინავად და შეურაცხმყოფელად, უწოდებდნენ „რიჟიკას“, ბილწსიტყვაობდნენ მისი მისამართით და ეუბნებოდნენ, რომ, რასაც ეტყოდნენ, ის უნდა დაედასტურებინა.

ანატოლი გიგაური: დაცვის მხარემ პროცესზე აღნიშნა, რომ გიგაურს თავად პოლიციელმა მიაყენა ფიზიკური დაზიანება სახის არეში მუშტის არაერთი დარტყმით და ეს ყველაფერი დასტურდებოდა ვიდეომტკიცებულებით.

დავით ხომერიკი

დავით ხომერიკი: მიუთითებდა სექსუალური ძალადობის მუქარის, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის, ასევე, გაშიშვლების ფაქტებზე.

დავით ლომიძე: მიუთითებდა, რომ სცემეს დაკავებისას. მას ჰქონდა ხერხემლის პრობლემები. ცემის შედეგად, გაურთულდა მდგომარეობა და დასჭირდა ოპერაცია.

თემურ ზასოხაშვილი: აღნიშნავდა, რომ სამართალდამცავები გაუსწორდნენ ფიზიკურად დაკავების დროს. ადვოკატის თქმით, ზაჰესის იზოლატორში მას, ლომიძის მსგავსად, ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ აღიარებით ჩვენებაზე მოაწერინეს ხელი.

არჩილ მუსელიანცი

არჩილ მუსელიანცი: მიუთითებდა, რომ მას ემუქრებოდნენ და სთავაზობდნენ თანამშრომლობას. ეუბნებოდნენ, რომ ხელი დაედო პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის.

ანასტასია ზინოვკინა: განმარტავდა, რომ მის მიმართ განხორციელდა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ძალადობა, სექსუალური ძალადობის მუქარა. ერთ-ერთ პოლიციელს ხელი თავის სასქესო ორგანოზე ედო და ემუქრებოდა, თუ გაინძრეოდა, ამ ადგილით დასჯიდა. ის მოწმის და ვიდეოგადაღების გარეშე დააკავეს.

ზინოვკინამ მიუთითა, რომ შეეძლო იმ პოლიციელის ამოცნობა, რომელმაც მას ტელეფონი წაართვა. ამავე პოლიციელმა ჩაუდო ნარკოტიკი ქურთუკის ჯიბეში. ზინოვკინა იხსენებდა, რომ „პოლიციელი“ ემუქრებოდა, თუ გააგრძელებდა ქურთუკის ყურებას, მას „იხმარდა“. მას შემდეგ, რაც დაკავებულის ქურთუკში ნარკოტიკული საშუალება განათავსეს, ჩაცმა აიძულეს. მხოლოდ ამ „ოპერაციის“ შემდეგ დაიწყო ოფიციალური ჩხრეკა. ქალი ცდილობდა ყველაფრის დანახვას, თუმცა, ემუქრებოდნენ, რომ მასზე იძალადებდნენ, თუ აქეთ-იქით ყურებას გააგრძელებდა.

არტემ გრიბული: დაკავებისას აგრესიულ მოპყრობასა და სექსუალური ძალადობის მუქარაზე მიუთითებდა.

ალეკო ელისაშვილი: პირველი წარდგენის სხდომაზე განაცხადა, რომ დაკავებისას მანქანაში ჩასვეს და სცემეს.

თედო აბრამოვი

თევდორე აბრამოვი: აღნიშნავდა, რომ ის პოლიციის სამმართველოში გადაყვანის შემდგომ გააშიშვლეს და ბუქნები აკეთებინეს. დასცინოდნენ საყურის და ტატუს გამო, შეურაცხმყოფელ სიტყვებს ეუბნებოდნენ აქციებთან კავშირისთვის.

თორნიკე მჭედლიშვილი: სასამართლო პროცესზე აღნიშნავდა, რომ დაკავების შემდგომ, გურჯაანიდან წამოყვანისას, მას აგინებდნენ, ჯანმრთელობის დაზიანებითა და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ, იყენებდნენ შემდეგ ფორმულირებას: „გიხმართ“.

ვახტანგ ფიცხელაური: აცხადებდა, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა ძალადობასა და შეურაცხყოფას, მათ შორის, ოჯახის მიმართულებით. იგი გადმოათრიეს მანქანიდან, ათრიეს გარკვეულ მანძილზე, მხრებში ჩაარტყეს სამჯერ და ემუქრებოდნენ: „ბურჭულაძეს ნუ უდგები გვერდით… ახლა ნახავ“.

როგორც პროცესზე გამოიკვეთა, ვახტანგ ფიცხელაურს ხელებსა და ტანზე აღენიშნებოდა ზედაპირული თვალსაჩინო დაზიანებები. მისი ადვოკატის თქმით, ფიცხელაური გაიტაცეს, მას დაკავების დროს არ განემარტა უფლებები და არც დაკავების ოქმის ასლი გადასცემია.

დავით ჟღენტი: მიუთითებდა, რომ დაკავებისას და შემდეგაც სცემეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) თანამშრომლებმა. ადვოკატის განმარტებით, დაკავებისას მათ დავით ჟღენტი შეიყვანეს პრეზიდენტის სასახლეში, სადაც არაერთმა პირმა მასზე ფიზიკურად იძალადა. ადვოკატის თქმით, დავით ჟღენტს დაზიანებები აღენიშნებოდა თვალბუდის, თავის, ყელის, ხელების, ზურგის და მკერდის არეში.

ამირან დოლიშვილმა აღნიშნა, რომ დაკავებისას სახლში სპეცრაზმელმა დაარტყა.

  • პენიტენციურ დაწესებულებაში არასათანადო მოპყრობა

10-მა ბრალდებულმა ისაუბრა პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობასა და მოპყრობაზე. კონკრეტულად: ნიკოლოზ კაცია, გიორგი ახობაძე, ინსაფ ალიევი, ზურაბ მენთეშაშვილი, დენის კულანინი, არტემ გრიბული, ანტონ ჩეჩინი, ნანა სანდერი, ნინო დათაშვილი, ანასტასია ზინოვკინა, თავად ან მათი უფლებადამცველების მეშვეობით, მიუთითებდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ გამოწვევებზე.

მათი მონათხრობი ეხება, როგორც ელემენტარულ საცხოვრებელ პირობებს, ისე კვებას, უსაფრთხოებასა და სამედიცინო მომსახურებაზე წვდომას.

  • კვება, ფინანსური რესურსები და უსაფრთხოება (ნიკოლოზ კაცია, ანასტასია ზინოვკინა)

საჯარო წყაროებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკოლოზ კაციას პენიტენციურ დაწესებულებაში არ უზრუნველყოფდნენ საკვებით, ხოლო მის პირად საბანკო ანგარიშზე არსებული თანხებით სხვა მსჯავრდადებულები სარგებლობდნენ.

ამის თაობაზე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმაც გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ნიკოლოზ კაციამ სახალხო დამცველის რწმუნებულებთან შეხვედრისას მიუთითა პენიტენციურ დაწესებულებაში მისი უფლებების დარღვევის ფაქტებზე. 2025 წლის 21 თებერვლის სასამართლო სხდომაზე ნიკოლოზ კაციამ აღნიშნა, რომ საბადრაგო სამსახურის თანამშრომლები პროცესამდე მას „ბუქნებს“ აკეთებინებდნენ.

ანასტასია ზინოვკინას ადვოკატი აღნიშნავდა, რომ ზინოვკინას აქვს ალერგია სტაფილოზე: „ამბობს, რომ სტაფილო ყველა საკვებშია და, ამის გამო ვერ იღებს იმ საჭმელს, რომელსაც ციხის ადმინისტრაცია სთავაზობს“.

ადგილობრივი კანონმდებლობით და საერთაშორისო აქტებით, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს როგორც ბრალდებულთა და მსჯავრდადებულთა სათანადო კვება, აგრეთვე მათი სათანადო საცხოვრებელი პირობები. დაუშვებელია, მათი დასჯის მიზნით, არათუ საკვების მიცემაზე უარის თქმა, არამედ კალორიულობის შემცირებაც კი. აღნიშნული, შესაძლოა, შეიცავდეს წამების/არაადამიანური მოპყრობის ნიშნებს.

პენიტენციური სამსახური ვალდებულია, პატიმარი დაიცვას სხვა პატიმართა მხრიდან ძალადობისა და ექსპლუატაციისგან, ხოლო კვების შეზღუდვა ან მისით მანიპულაცია, შესაძლოა, წამების ან არაადამიანური მოპყრობის ნიშნებს შეიცავდეს.

საიამ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოუწოდა, ნიკოლოზ კაციას მიმართ გამოყენებული პატიმრობა აღესრულებინა საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და პენიტენციური კოდექსით გარანტირებული უფლებების დაცვით. ასევე, ორგანიზაციამ იმ დროისთვის არსებულ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ნიკოლოზ კაციას არაადამიანურ საპატიმრო პირობებზე რეაგირებისა და ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდა.

ამასთან, სისხლის სამართლის საქმეების სასამართლო განხილვის ეტაპზე არაერთი ბრალდებული მიმართავდა პროტესტის უკიდურეს ფორმას – შიმშილობას.

საყურადღებოა, რომ პატიმრების მიერ შიმშილობის დაწყება არის პროტესტის უკიდურესი ფორმა, რომელიც მიმართულია, როგორც მათ მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების არსებითი გარემოებების, ასევე პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის/პირობების წინააღმდეგ.

ანტისანიტარია და საცხოვრებელი პირობები (გიორგი ახობაძე, ინსაფ ალიევი, ზურაბ მენთეშაშვილი, დენის კულანინი, არტემ გრიბული, ანტონ ჩეჩინი) რამდენიმე ბრალდებული პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ სხვა პრობლემებზე მიუთითებდა.

კონკრეტულად:

2025 წლის 19 ივლისს საჯაროდ გავრცელდა გიორგი ახობაძის წერილი, რომელშიც ის მიუთითებდა დაწესებულებაში არსებულ გაუსაძლის სიცხესა და ვენტილაციის პრობლემაზე: „დიდი ხანია, ვითხოვთ ვენტილატორის შემოტანას მაღაზიაში, წარმოუდგენელი სიცხეა, ვიხრჩობით ფაქტიურად ამ კოლოფებში, შეუძლებელია ღამე ძილი. ორი კვირის განმავლობაში რანაირად შეიძლება ვენტილატორი ვერ მიეწოდებოდეს მაღაზიას“.

2025 წლის 11 აგვისტოს ინსაფ ალიევის ადვოკატმა განაცხადა, რომ ბრალდებულმა დაიწყო შიმშილობა. ადვოკატი აღნიშნავდა, რომ საკანში იყო ტარაკნები, რის გამოც, ალიევი და მისი თანამესაკნეები გადაიყვანეს სხვა საკანში, სადაც, ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით: „არ იყო წყალი და კანალიზაცია იყო გაჭედილი. მათ არ შეეძლოთ ხელ-პირის დაბანა და ჭურჭლის რეცხვა, რის გამოც, ვერ იღებდნენ საკვებს და, ფაქტობრივად, შეეზღუდათ წვდომა კვებაზე“.

პენიტენციურ დაწესებულებაში ტარაკნების არსებობასა და არაჰიგიენურ პირობებზე მიუთითებდა კიდევ ორი პატიმარი – ზურაბ მენთეშაშვილი და დენის კულანინი.

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, რომელმაც დენის კულანინი მოინახულა, ვიზიტთან დაკავშირებით შედგენილ ოქმში მწვავე რეალობა ასახა. როგორც ის აღწერს, დენის კულანინმა აცნობა, რომ კარცერში გადაყვანის შემდგომ 1 კვირის განმავლობაში არ ჰქონდა საწოლი და ძირს მდებარე მატრასზე ეძინა.

არ ჰქონდა საშუალება, ესარგებლა საშხაპით და ელემენტარული ჰიგიენით. „[…] P.S. მსჯავრდებულმა მთხოვა, დამეთვალიერებინა საკარანტინე ოთახი. N2 საკარანტინე ოთახი არის მძიმე მდგომარეობაში. არის ტარაკნები (სკამზე ორი მკვდარი ტარაკანი ვნახე). ტუალეტი არის მძიმე მდგომარეობაში, არის ანტისანიტარია. საწოლის [ბალიშები] არის უბინძურესი,“ – აღნიშნავს სახალხო დამცველის წარმომადგენელი.

როგორც არტემ გრიბულის ადვოკატმა აღნიშნა, არტემ გრიბული და ანტონ ჩეჩინი გადაიყვანეს საკარანტინე სივრცეში, სადაც ასევე იყო ანტისანიტარია, ტარაკნები, დასვრილი კედლები და იატაკი.

  •  სამედიცინო მომსახურებაზე შეზღუდული წვდომა (ნანა სანდერი, ნინო დათაშვილი, ანასტასია ზინოვკინა, ინსაფ ალიევი)

2025 წლის 11 აგვისტოს, სხვა გამოწვევებთან ერთად, ინსაფ ალიევის ადვოკატმა ისაუბრა პენიტენციურ დაწესებულებაში არასაკმარის სამედიცინო დახმარებაზე:

„ინსაფ ალიევს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, საჭიროებს მედიკამენტებს და ნემსს ორ დღეში ერთხელ. მიუხედავად დაპირებისა, რომ მედიკამენტებს მიუტანდნენ, ამ დრომდე მას კვლავ შეზღუდული აქვს წვდომა მისთვის აუცილებელ სამკურნალო საშუალებებზე“.

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ნანა სანდერი ასევე მიუთითებდა არასაკმარის სამედიცინო დახმარებაზე პენიტენციურ დაწესებულებაში და ამბობდა, რომ მას სჭირდებოდა მედიკამენტი, რომელიც არ მიუტანეს. მისივე თქმით, როდესაც ერთ-ერთ სხდომაზე დააანონსა შიმშილობა, საპყრობილეში დაბრუნებულს ციხის დირექტორი ნესტან ვერულაშვილი და ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლები ატერორებდნენ.

„[…] ჩემი შიმშილობის პერიოდში მომიტანეს ქსეროასლები იმისა, თუ ჩემი საპყრობილეში მიყვანის დღიდან რამდენჯერაც მქონდა მიმართული ექიმისთვის, ექთნისთვის, რომლებიც მანამდე მქონდა მოთხოვნილი. 20%-იც არ არის დაფიქსირებული იმ პრობლემებისა, რაც მე მაწუხებს. იმის მაგივრად, რომ ექიმზე, რომელიც პასუხისმგებელი იყო, რაღაც პასუხისმგებლობა დაეკისრებინა, მე მომიწყო ციხის დირექტორმა ტერორი.

[…] ჩემ მიმართ ციხეში მიყვანის პირველივე წუთებიდან განხორციელდა სისხლის სამართლის დანაშაული. ადამიანის ღირსების შემლახველი მოპყრობა, არაადამიანური მოპყრობა, რაც, როგორც ვიცი, 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ამას დავამატოთ სექსუალური შევიწროება გაშიშვლების მოთხოვნით. ამაში მინიმუმ 5 ადამიანი იყო ჩართული. მათ შორის, ციხის დირექტორი და მისი მოადგილეები – მზია და დაჯი. არ ვიცი, შეიძლება ის ცუდი ადამიანი არ იყოს, მაგრამ ჩემ მიმართ ეს არის შერჩევითი დამოკიდებულება. არაადამიანობაა“ – აღნიშნა სასამართლო სხდომაზე ნანა სანდერმა.

პენიტენციურ დაწესებულებაში დროული სამედიცინო დახმარების პრობლემები გამოიკვეთა ნინო დათაშვილის შემთხვევაშიც. დაცვის მხარის აქტიური მოთხოვნისა და შუამდგომლობის მიუხედავად, საბოლოოდ, დათაშვილმა მხოლოდ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გირაოს სანაცვლოდ და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზით დატოვა პენიტენციური დაწესებულება. საკუთარი ჯანმრთელობის გამოწვევებზე საუბრობდა და პენიტენციური დაწესებულებისგან შესაბამის მხარდაჭერას, მკურნალობას მოითხოვდა ანასტასია ზინოვკინაც.

არასათანადო სამედიცინო დახმარებაზე მიუთითებდა ანასტასია ზინოვკინას ადვოკატიც: „ზინოვკინას აღენიშნება ხერხემლის პრობლემები. მას ტკივილგამაყუჩებელს აძლევენ, მაგრამ ვერ მკურნალობენ. ასევე გაუმკაცრეს თავისუფლების აღკვეთის პირობები“.

  • გამოძიების არაეფექტიანობა

„საერთო ჯამში, ზემოხსენებულ საქმეებზე გამოძიება ხასიათდება არაეფექტიანობით. ამასთან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებით, „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ, დემონსტრაციულად გამოხატა, რომ არ აპირებს საპოლიციო ძალადობის და არასათანადო მოპყრობის ეფექტიან გამოძიებას, ევროკავშირთან ასოცირების პროცესში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას.

აღსანიშნავია, რომ ეფექტიანი გამოძიება მოითხოვს ხუთ კრიტერიუმს: გამოძიების დამოუკიდებლობა, მისი ადეკვატურობა, გამოძიების სწრაფი წარმოება, საჯაროობა, მასში დაზარალებულის ჩართულობა.

დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს გაუქმება, მისი გაძლიერების ნაცვლად, იმის სრულიად საპირისპირო მიმართულებით სვლაზე მიანიშნებს, რომლის ადვოკატირებასა და მხარდაჭერასაც კომიტეტი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა.

2026 წლის 9-11 მარტს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა განიხილა „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეების აღსრულების პროგრესი. მინისტრთა კომიტეტმა ყურადღება გაამახვილა სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის პრაქტიკაზე, არაეფექტიან გამოძიებასა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებაზე, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ეფექტიანობას.

კომიტეტმა მკაცრად მოუწოდა სახელმწიფოს, გამოიძიოს არასათანადო მოპყრობის შესახებ ყველა ბრალდება, მათ შორის, 2024-2025 წლების აქციების კონტექსტში, ასევე, უზრუნველყოს მსხვერპლთა უფლებების დაცვა და დანერგოს მყარი პრევენციული მექანიზმები“, – წერს საია.

ორკვირიანი შესვენება ტრამპს სჭირდება იმისთვის, რომ სტრატეგია და ტაქტიკა გადააწყოს – ინტერვიუ ირანისტთან 

„ირანი ძალიან დიდი ყურადღებით ამზადებს დელეგაციას ისლამაბადში, ამბობენ, ყალიბაფის გაგზავნა უნდათო. ყალიბაფი არის ირანის „გუშაგთა კორპუსის“ გენერალი, ანუ ირანის პარლამენტის, მეჯლისის თავმჯდომარე და ძალიან გავლენიანი პიროვნება. ამ მოლაპარაკებების შემდეგ საბოლოო დასკვნა გაკეთდება, საითკენ წავა მოვლენები,“ – ამბობს ირანისტი ვასილ ღლონტი, რომელსაც დღეს, 8 აპრილს მიღებულ გადაწყვეტილებაზე ვესაუბრეთ: აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანზე შეტევას 2 კვირით აჩერებს.

ირანისტის დაკვირვებით, აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების მიღწევის პირობა ამ ეტაპზე არ იკვეთება და 2 კვირის შემდეგ ირანში ომი გაგრძელდება:

„ვფიქრობ, ეს ორკვირიანი შესვენება დონალდ ტრამპს სჭირდება იმისათვის, რომ სტრატეგია და ტაქტიკა გადააწყოს და ახალი რაღაც მოიფიქროს, მეორე მხრივ კი, სამხედრო მარაგები შეივსოს…

ამერიკისა და ისრაელის სამხედრო პოტენციალს გაცილებით მაღლა დავაყენებდი. ნახეთ, რა ხდება: ამერიკა და ისრაელი იმდენად ფილიგრანულად მუშაობენ, რომ „გუშაგთა კორპუსის“ და თავდაცვის სამინისტროს, პოლიციის მაღალჩინოსნებს ზუსტი დამიზნებით ანადგურებენ, ხომ? ირანი კი ბომბავს ისრაელს და სხვა ქვეყნებს, მაგრამ ერთი ებრაელი ან ამერიკელი გენერალი გინახავთ, რომ მოეკლა ირანს?“ – გვიყვება ირანისტი.

„ბათუმელებმა“ ვასილ ღლონტთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი და საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტია.

  • ბატონო ვასილ, საითკენ მიდის მოვლენები ირანში? დღეს, 8 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანზე შეტევას ორი კვირით აჩერებს „იმ პირობით, თუ ირანის ისლამური რესპუბლიკა დათანხმდება ჰორმუზის სრუტის სრულ, დაუყოვნებლივ და უსაფრთხო გახსნას“.

ჩემი აზრით, დონალდ ტრამპი, მისი ადმინისტრაცია და პოლიტიკური გუნდი, მგონი, არ ელოდნენ საომარი მოქმედებების ასე გაჭიანურებას. ტრამპი დაფიქრებულიც მეჩვენება ბოლო ხანებში – წინა ომის დროს 12 დღეში მოხსნეს გარკვეული პრობლემები, თუმცა ბოლომდე ვერ მოხსნეს – ამ შემთხვევაში გაუჭიანურდათ. ვფიქრობ, ტრამპს ეგონა, დროის მცირე მონაკვეთში შეძლებდა ირანის ნებისყოფის გატეხას. ეს რომ ვერ მოხდა, ეტყობა, ტრამპი აპირებს სტრატეგიისა და ტაქტიკის შეცვლას და გადაწყობას.

ირანის ზარალს რომ შევხედოთ – თითქმის მთლიანად გაუნადგურეს სამხედრო ხელმძღვანელობა, „გუშაგთა კორპუსის“ ხელმძღვანელობის პირველი ეშელონი მოსპეს და მეორე ეშელონი მიაყოლეს. უზარმაზარი ზარალი აქვს ირანს და რატომღაც ტრამპს ეგონა, ასეთ ზარალს რომ მიაყენებდა, ირანი კაპიტულანტურ პოლიტიკას აირჩევდა და დათმობდა, წავიდოდა კომპრომისზე, მაგრამ ასე არ მოხდა. მიუხედავად ამ მასშტაბის ზარალისა, ირანი იქეთ უყენებს პირობებს ამერიკას, ცდილობს, სათავისო დათმობებზე წამოიყვანოს.

ვფიქრობ, ეს ორკვირიანი შესვენება დონალდ ტრამპს სჭირდება იმისათვის, რომ ჯერ ერთი, სტრატეგია და ტაქტიკა გადააწყოს და ახალი რაღაც მოიფიქროს, მეორე მხრივ კი, სამხედრო მარაგები შეივსოს.

  • რა ჩანს ტრამპის გზავნილებიდან? 

ტრამპი ძალიან სპეციფიკური პიროვნებაა. ეს არის ადამიანი, რომელიც ფაქტობრივად არავის არ უჯერებს და ყველაფერს აკეთებს თავისი ჭკუით. ეგ ხან გამოსდის ცხოვრებაში, ხან – არა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვფიქრობ, ტრამპი ბოლომდე ცდილობს, ირანი თავის ჭკუაზე გადაიყვანოს, ასე ვთქვათ, მოარჯულოს.

ვასილ ღლონტი

ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ირანი არ წამოვა დათმობაზე, ისეთი რაღაცა დაემართება და იმდენად დიდ სამხედრო დარტყმას განვახორციელებთ, ცივილიზაციაც კი შეიძლება გაქრესო. ცხადია, ირანულ ცივილიზაციაზე ჰქონდა ტრამპს საუბარი. ვფიქრობ, თუ ირანმა ამ ორი კვირის განმავლობაში აშშ-ს პირობები არ მიიღო, ირანს ძალიან დიდი პრობლემები ელის. აქ უკვე ამერიკის იმიჯზეა საუბარი.

  • რა ჩანს ირანის პასუხიდან? ცნობილია, რომ მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია. ირანის ახალი უზენაესი ლიდერი ომის დაწყების შემდეგ საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა, მისი სახელით განცხადებებს სახელმწიფო მედია ავრცელებს. 

ირანის 10-პუნქტიან პირობებს რაც გადავხედე, ჩანს, რომ ირანი არავითარ დათმობაზე წასვლას არ აპირებს, მაგალითად, პირველ პუნქტად ირანს უწერია: აუცილებლად უნდა შეწყდეს ჩემზე თავდასხმებიო. თუ შენ არ შეასრულე ამერიკის მიერ წაყენებული პირობები, ვინ შეწყვეტს თავდასხმას? ეს ზღაპარია.

მეორე პუნქტი აქვს ასეთი: უნდა შეინარჩუნოთ ჰორმუზის სრუტეზე გავლენაო. შეიძლება, ამერიკა მაგაზე წავიდეს, რადგან ამერიკას ჰორმუზის გასასვლელის დაკეტვით არაფერი არ მოსდის, ამერიკას თავისი ენერგორესურსები აქვს დიდი რაოდენობით… ტრამპმა შეღავათი ინდოეთს, ან რუსეთს იმიტომ დაუწესა, რომ ნავთობი იყიდება ამერიკულ დოლარზე? თუ შენ ვაჭრობა გლობალურად გააჩერე, დოლარი ვეღარ გამყარდება.

ტრამპი ცდილობს, ირანის ხელისუფლება დაითანხმოს თავის პირობებზე, მოახდინოს მისი მაქსიმალური დემილიტარიზაცია, ცდილობს, რამენაირად ბირთვული პროგრამის განვითარებაზე ხელი ააღებინოს, ყოველ შემთხვევაში, ურანის გამდიდრებაზე. შენ ურანს ამდიდრებ იმ დონეზე, რომ ბირთვული იარაღი შექმნა, ეს უკვე პრობლემაა ამერიკისთვის, ისრაელისთვისაც და ჩვენთვისაც. ეს ყველასთვის პრობლემაა. ამ დროს ირანს პირდაპირ უწერია მე-3 პუნქტში ის, რომ ურანის გამდიდრება არ უნდა დაუშალონ.

  • ჰორმუზის სრუტეზე აღწევენ შეთანხმებას აშშ და ირანი? 

რთულია რამე თქვა, როცა საქმე გაქვს ირანსა და ამერიკასთან. აქეთ არის ტრამპი თავისი ხისტი ხასიათით, ასევე, იგი არაკომპრომისულობით არის ცნობილი. მეორე მხარესაა აიათოლების რეჟიმი – ხისტები და ჯიუტები.

იმის თქმა კონკრეტულად, გაიხსნება თუ არა ჰორმუზის გასასვლელი, რთულია, თუმცა აქეთკენ მიდის ამ ეტაპზე საქმე.

  • ისრაელის არმიამ 8 აპრილს გამოაცხადა, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობის დირექტივებით ირანზე დარტყმები შეწყვიტა, მაგრამ სამხედრო ოპერაციას აგრძელებს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ. რას აჩვენებს ისრაელის ეს პოზიცია? 

ირანი ოფიციალურად კი დათანხმდა ორკვირიან ზავს, მაგრამ რეალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის დაბომბვა გრძელდება, მაგალითად, არის რაიონები, რომლებიც ახლაც კი დაიბომბა. ასევე, ირანმა დაბომბა ქუვეითის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორია. ირანის მიერ მოცემული სიტყვა ყოველთვის შეიძლება რევიზიას დაექვემდებაროს. ხშირად ხდება, როცა ირანი მსგავსი ტიპის ხელშეკრულებებს აწერს ხელს და მას არღვევს. ზოგადად ამით არის ირანი გამორჩეული – ეს ქვეყანა ძალიან ძნელად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს.

  • რუსეთის მოკავშირეა ამ ნაწილშიც? 

რუსეთზე უარესებიც კი არიან. რუსეთი ხომ გადაგდების მოყვარულია, ჟარგონზე რომ ვთქვათ. ჯერ კიდევ აფხაზეთის ომის დროს გვახსოვს რუსეთის დამოკიდებულება სიტყვის შესრულებაზე. აი, ირანელები რუსებზე უარესი გადამგდებები არიან.

  • 10 აპრილს უნდა დაიწყოს პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში მოლაპარაკებები ირანსა და აშშ-ს შორის. რაზე შეიძლება შეთანხმდნენ მხარეები, რა იკვეთება?  

შეთანხმების პირობას ამ ეტაპზე ვერ ვხედავ. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა და ასევე მუნირ ასიმმა, რომელიც გენშტაბის უფროსია, განცხადებები გააკეთეს. ესენი არიან შუამავლები და იმედი გამოთქვეს, რომ შეთანხმება იქნება. სხვათა შორის, თურქეთიც გამოეხმაურა ამ საკითხს.

თურქეთი არის უხერხულ მდგომარეობაში. ერთი მხრივ, თურქეთს არ აწყობს ბირთვული იარაღის მქონე ირანი. ბირთვული იარაღის მქონე ირანი ნიშნავს ირანის რეგიონული, ზესახელმწიფოდ ქცევას. ამ დროს თურქეთს აქვს ამბიცია, ისლამურ სამყაროში დომინანტი ქვეყანა იყოს თვითონ. ირანმა თუ ბირთვული იარაღი შექმნა, მაშინ თურქეთი ვეღარ იქნება დომინანტი ქვეყანა – თურქეთს არ აქვს ბირთვული იარაღი. ამიტომაც, თურქეთისთვის ბირთვული იარაღის მქონე ირანი მიუღებელია.

მეორე მხრივ, თურქეთი ძალიან დიდი შიშით და სიფრთხილით უყურებს ამ ომს, რადგანაც შეიძლება, რომ ეს მასზე აისახოს. იგივე ნავთობის გაძვირება თურქეთს არ აწყობს, იქ სასაზღვრო ზოლი აქვს ქურთისტანთან, საიდანაც შეიძლება საფრთხე წარმოიშვას. ფაქტია, რომ თურქეთი ამ რეალობაში ვერაფერს აკეთებს და მხოლოდ გვერდიდან უყურებს მოვლენებს, პერიოდულად განცხადებებს აკეთებს, მაგრამ ვერ ერევა ვერაფრით ჯერჯერობით.

იყო საუბარი, რომ თურქეთმა თითქოს ქურთი ტერორისტები, რომლებიც თურქეთის ტერიტორიაზე ამოძრავდნენ, შეავიწროვა და ამით თითქოს ირანს რაღაცით დაეხმარა. ვფიქრობ, თურქეთი იმიტომ კი არ აკეთებს მაგას, რომ ირანი აინტერესებს, უბრალოდ იცავს თავის ტერიტორიებს – არ უნდა, რომ დესტაბილიზაცია მის ტერიტორიაზე გადავიდეს.

  • რა არის ყველაზე რეალისტური ამ ეტაპზე? თქვენი აზრით, ისევ განიხილება ის, რომ აშშ ირანში შეიძლება სახმელეთო ჯარითაც შევიდეს? 

სახმელეთო ოპერაცია რთული გადასაწყვეტია როგორც ამერიკისთვის, ისე ირანისთვის. ეს განსაკუთრებულად დიდი ზარალის მომტანი იქნება. ირანი ძალიან დიდი ყურადღებით ამზადებს დელეგაციას ისლამაბადში – ამბობენ, რომ ყალიბაფის გაგზავნა უნდათო. ყალიბაფი არის ირანის „გუშაგთა კორპუსის“ გენერალი, ანუ ირანის პარლამენტის, მეჯლისის თავმჯდომარე და ძალიან გავლენიანი პიროვნება.

ამ მოლაპარაკებების ბოლოს დასკვნა გაკეთდება, საითკენ წავა მოვლენები, თუმცა მე ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს ტრამპმა. ამერიკა ირანს ბომბავს, ძალიან დიდი უპირატესობა აქვს და ეს ამერიკელებში პატრიოტიზმს აძლიერებს, რომ აი, სამხედრო უპირატესობა ჩვენია. ეს ტრამპს რეიტინგს წევს მაღლა, მაგრამ მეორეა, თუ ტრამპი შეიყვანს ჯარს ირანში და იქ ხალხი დაიხოცება, ამ დროს ტრამპის რეიტინგი დაიწევს.

თუ სახმელეთო ოპერაციაზე ტრამპი წავიდა, ვფიქრობ, ამას უფრო სხვა ფორმა ექნება: ტრამპი ეცდება, ირანის ოპოზიცია შეაიარაღოს, ქურთები შეაიარაღოს, ამ დროს თავისი სპეცნაწილები და მედესანტეები მიაშველოს. არ მგონია ძალიან დიდი კონტინგენტი გადაისროლოს ირანში.

  • რა ხდება ამ დროს ირანის საპროტესტო მოძრაობაში? რა ინფორმაცია გაქვთ? 

ირანულ წყაროებს ყოველდღიურად ვკითხულობ ხოლმე, როგორც სახელმწიფო, ისე ოპოზიციურს. სახელმწიფო წყაროები არ აშუქებენ ასეთ თემებს, მაგრამ ოპოზიციურები აშუქებენ და რასაც ვუყურებ, მოსახლეობა წერს სოციალურ ქსელებში სპარსულად: შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხალხი არის ლოდინის რეჟიმში. ყველა ელოდება, რა მოხდება ამ მოლაპარაკებებზე, რა მოხდება ომის შემდეგ?

მოსახლეობამ ირანში გაითავისა: შიშველი ხელებით ქუჩაში რომ გავიდნენ, დახოცავენ, იციან, რომ ახლა უარესად ესვრიან, კიდევ უფრო მეტად არ დაინდობენ, რადგან საომარი მდგომარეობაა ქვეყანაში. ამიტომაცაა, რომ ყველა სახლებშია ჩაკეტილი და უყურებს მოვლენების განვითარებას. თუ ტრამპმა და ისრაელმა შეძლეს რეჟიმის სამხედრო პოტენციალის იმ დონეზე დასუსტება, რომ მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდეს და ხელისუფლება ხელში აიღოს, ეს იქნება უკვე ძალიან საინტერესო პროცესი.

„გუშაგთა კორპუსი“ და „ბასიჯი“ კარგად ორგანიზებული, შეიარაღებული ფორმირებებია. ვიდრე ამ ფორმირებებს წელში არ გადატეხავ, მანამდე რაც არ უნდა ბევრი ადამიანი გამოვიდეს ქუჩაში, შეძლებ ავტომატიანი ადამიანების და შეიარაღებული ადამიანების დამარცხებას? იქნება ძალიან დიდი მსხვერპლი, ამიტომაც ხალხი ჯერჯერობით ამას ერიდება.

  • რა რესურსს ეფუძნება „გუშაგთა კორპუსი“ და „ბასიჯი“? მათი არაერთი ლიდერი აშშ-მ გაანადგურა.

ეს სამხედრო პოტენციალია, სამხედრო სისტემა. სამხედროებს აქვთ თვითორგანიზაციის დიდი უნარი. ვიდრე ზედა რგოლი ჯერ კიდევ ცოცხალია, ქვედა რგოლი ასე თუ ისე ფუნქციონირებს.

  • რელიგიური ფანატიზმის როლი როგორია? 

რელიგიური ფანატიზმი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც ემატება სამხედრო სისტემას. ეს სისტემა არის პრობლემური, ძალადობრივი, მაგრამ ძალიან მყარია და ყალიბდებოდა ათწლეულების განმავლობაში. ვხედავთ, როგორი პრობლემაა ხელისუფლების შეცვლა, რომელიც 13 წელია სათავეშია და წარმოიდგინეთ ძალა, რომელიც 1979 წლიდან მუშაობს, მისი ნეიტრალიზაცია არ არის იოლი, მით უმეტეს, რელიგიური იდეოლოგიის დამუშავების ქვეშ მყოფი სამხედრო სისტემა.

საინტერესო რაღაც გაჟღერდა დღეს: ტრამპმა განაცხადა, შეგვიძლია, ირანელ ხალხს დანგრეული შენობების რეკონსტრუქციაში შევუწყოთ ხელიო. მე თუ მკითხავთ, ეს ირანისათვის მისაღებია, მაგრამ სანამ აი, ეს პუნქტები იქნება, რაც ახლა გვაქვს ჩამოწერილი მხარეების მიერ, ვერ ვხედავ მოლაპარაკების მიღწევის საშუალებას.

ვნახოთ, რა მოხდება მოლაპარაკებებზე. ჯერ ერთი, ერთმანეთს კბილებს მოუსინჯავენ მაინც. იგივე ჟენევის ფორმატი რომ ავიღოთ ქართველებსა და რუსებს შორის, ვიცით, რომ რუსები არანაირ დათმობაზე არ წამოვლენ, მაგრამ მაინც გვიწევს დიალოგი, ხომ? საერთაშორისო სამართალში არის ასეთი პრაქტიკა, როცა იცი, რომ ტყუილად მიდიხარ მოლაპარაკებებში, მაგრამ უნდა წახვიდე. ასეთი სიტუაციაა ახლაც. დაისვენებენ ორი კვირა და ესაა.

  • 2 კვირის შემდეგ ელოდებით ომის ახალ ეტაპს? 

ამ მოლაპარაკებებში გამოჩნდება პლუსები და მინუსები, სპეციფიკა. აქედან გამომდინარე გადაეწყობა ეს პროცესი, სტრატეგიას გადააწყობენ.

ჩემი აზრით, ამერიკა და ისრაელიც შეეცდება, ირანის სარაკეტო პოტენციალი კიდევ უფრო დაასუსტოს. მიუხედავად იმისა, რომ ირანმა დიდი დარტყმები მიიღო და იქ ბევრი სტრატეგიული ობიექტი განადგურდა, ირანი მაინც ახერხებს რაკეტების გაშვებას. ირანის სარაკეტო პოტენციალი ჯერჯერობით ისევ მოქმედებს. ირანს ეს ბუნკერები ისეთ მთებში აქვს განთავსებული, რომ ფაქტობრივად გადამალულია.

ამერიკის და ისრაელის სამხედრო პოტენციალს გაცილებით მაღლა დავაყენებდი. ნახეთ, რა ხდება: ამერიკა და ისრაელი იმდენად ფილიგრანულად მუშაობენ, რომ „გუშაგთა კორპუსის“ და თავდაცვის სამინისტროს, პოლიციის მაღალჩინოსნებს ზუსტი დამიზნებით ანადგურებენ, ხომ? ირანი კი ბომბავს ისრაელს და სხვა ქვეყნებს, მაგრამ ერთი ებრაელი ან ამერიკელი გენერალი გინახავთ, რომ მოეკლას ირანს?

უპირველესად, კლასით სჯობს ამერიკა და ისრაელი ირანს, აი, ეგ იკვეთება. ირანი ნახევრად უკვე დამარცხებულია, თუ ჩვენ სამხედრო კუთხით შევხედავთ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

რა დახვდებათ აბიტურიენტებს უნივერსიტეტებში, როცა პროგრამები ჯერ არც კი გადაუკეთებიათ

აბიტურიენტებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია უკვე დაიწყეს. თუმცა „ქართული ოცნების“ განათლების „რეფორმამ“ უნივერსიტეტები კიდევ ერთი პრობლემის წინაშე დააყენა, მათ პირველ მაისამდე ანუ ფაქტობრივად ერთ თვეში უნდა მოასწრონ ოთხწლიანი საბაკალავრო პროგრამების სამწლიანად გადაკეთება, ხოლო მაგისტრატურის ორწლიანი პროგრამები პირველ ივლისამდე უნდა გადაკეთდეს ერთწლიანად.

რატომ დუმს ამ პროცესში ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და რას მისცემს სტუდენტებს ერთ თვეში შემცირებულ-გადაკეთებული სასწავლო პროგრამები? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის ასოცირებულ პროფესორს, ქეთი ცოტნიაშვილს ესაუბრა.

  • ქალბატონო ქეთი, როგორც ვიცით, „რეფორმამდე“ უნივერსიტეტები თვეობით მუშაობდნენ ახალ პროგრამაზე, შემდეგ კი ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მსჯელობდა პროგრამის ხარისხზე და ისე ანიჭებდა აკრედიტაციას. რა მოხდება ახლა, როცა ფაქტობრივად ერთ თვეში უწევთ უნივერსიტეტებს პროგრამების თავიდან დაწერა?

დიახ, პრობლემა ძალიან კრიტიკულია, რადგან პირველ მაისამდე ძალიან ცოტა დროა იმისთვის, რომ ეს პროგრამები გადაკეთდეს. სავარაუდოდ, უკვე არსებულ პროგრამებს მოაკლდება მაინორის კრედიტები და ასევე, თავისუფალი არჩევითი საგნები, ამაზეა გათვლა.

თუმცა ყველა პროგრამა ასეთი მარტივი გადასაკეთებელი არ არის – სხვადასხვა უნივერსიტეტში სხვადასხვა პროგრამას სხვადასხვანაირი განაწილება აქვს კრედიტების. ამიტომ ასეთ მჭიდრო ვადებში პროგრამების გადაკეთება მნიშვნელოვნად აზიანებს ხარისხს. გამოდის, აბიტურიენტებმა ისე უნდა შემოხაზონ ახლა პროგრამები, რომ არც კი ვიცით რას როგორ გადააკეთებენ უნივერსიტეტები და როგორ გადამოწმდება მათი ხარისხი – მექანიზმები ხარისხის ცენტრის მიერ ფორმალიზებული არ არის. იმდენად მოკლე დროა დარჩენილი ხარისხის ცენტრისთვისაც კი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჯეროვნად შეძლონ შემოკლებული პროგრამების ხარისხის შეფასება.

ქეთი ცოტნიაშვილი

პრობლემაა ისიც, რომ სტუდენტები ჩაირიცხებიან ისეთ პროგრამებზე, რომელთა ხარისხიც როგორაა გადამოწმებული, არ ეცოდინება არავის. ახლა, როცა უკვე უნდა აირჩიონ პროგრამები, მათ ისიც კი არ იციან, რომელი პროგრამა რამდენწლიანია. წინა წლებში აბიტურიენტების ცნობარში ეს მითითებული იყო. მაგალითად, დაწყებითი მასწავლებლის მომზადების პროგრამა 5-წლიანი ანუ 300-კრედიტიანი იყო, ზოგიერთ უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა 180 კრედიტი (3 წელი), პროგრამების უმრავლესობა კი 240 კრედიტი (ანუ 4 წელი) და ასე შემდეგ.

  • არც სამინისტროს აქვს სადმე მითითებული კრედიტების რაოდენობა, როცა წლებს ამცირებდნენ, კრედიტებზე არ დაფიქრდნენ?

სამინისტრომ გამოსცა ბრძანება, რომელშიც მოცემულია გარკვეული პროგრამების ჩამონათვალი, რომლებიც უნდა დარჩეს 240 კრედიტზე, თუმცა პროგრამების უმრავლესობა იქნება 180-კრედიტიანი. აბიტურიენტები ამის შესახებ ინფორმირებულნი არ არიან, რადგან ისინი სამინისტროს ბრძანებებს არ ეცნობიან.

მაგალითად, ინჟინერია და, ძირითადად, STEM-ის მიმართულების პროგრამები ისევ ოთხწლიანი იქნება. ასევე, კონსერვატორიის რამდენიმე სამუსიკო პროგრამა. მაგრამ, როგორ შეირჩა ეს პროგრამები, რომელი უნდა დარჩეს და რომელი არა 240-კრედიტიანი, ეს არ ვიცით – დარგობრივ საბჭოებთან, ექსპერტებთან, აკადემიურ პერსონალთან ეს განხილული არ ყოფილა.

მაგალითად, ფსიქოლოგიის პროგრამა ვერ მოხვდა იმ გამონაკლისებში, რომელსაც უნარჩუნდებოდა 240 და 120 კრედიტი სამაგისტრო და საბაკალავრო საფეხურზე. თუმცა შემდეგ თსუ-მ, პროფესორ მარინა ჩიტაშვილის ინიციატივით, მიმართა სამინისტროს და აუხსნეს, რომ ეს იყო სერიოზული დარღვევა, როგორც პროფესიული, ასევე აკადემიური სტანდარტის და მერე შეცვალა სამინისტრომ ბრძანება.

  • გამოდის, ინდივიდუალურად უნდა არკვიონ პროგრამის ხელმძღვანელებმა სამინისტროსთან?

ასე გამოდის. ინდივიდუალურად მიმართვის საფუძველზე რაღაცები იცვლება. თუმცა, იმდენად დაულაგებელია ეს პროცესი, რომ ვინ მიმართავს, ვის დათანხმდებიან და ვის არა, ესეც გაურკვეველია.

  • თქვენ რა პროგრამაზეც ასწავლით ილიაუნში, ისიც შეამცირეს?

მე ვარ განათლების მიმართულებაზე, ოღონდ სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე ვასწავლი სტუდენტებს. სადოქტორო საფეხურთან დაკავშირებით ჯერ არაფერია ცნობილი, სამაგისტრო პროგრამებზე ასევე გვეუბნებიან, რომ ორწლიანი პროგრამები უნდა გადავაკეთოთ ერთწლიანად. ახლა გვაქვს სამაგისტრო პროგრამა განათლების ადმინისტრირების მიმართულებით, რომელიც 2009 წელს შეიქმნა კალიფორნიის უნივერსიტეტთან (UCLA) თანამშრომლობით. ეს იყო ამ მიმართულების პირველი პროგრამა საქართველოში, რომელიც წლების განმავლობაში კიდევ უფრო დაიხვეწა. ყოველ წელს 40 სტუდენტს ვიღებდით. ახლა კი 5 სტუდენტის მიღების უფლება მოგვცეს მხოლოდ. ახლა გვეუბნებიან, რომ ეს პროგრამაც უნდა გადავაკეთოთ.

დაწყებითის მასწავლებლის პროგრამა საერთოდ გააუქმეს და წელს ამ პროგრამაზე ვერავინ ჩაირიცხება.

  • თუ UCLA-ს სტანდარტებით არის შემუშავებული თქვენი პროგრამა, რა დაემართება კრედიტების შემცირების შემდეგ? თუ მოიშლება ეს ხარისხი, იქნება კი ისევ მოთხოვნადი? როგორ ფიქრობთ?

ამ პროგრამის მთავარი ფოკუსი არის ის, რომ სტუდენტები იკვლევენ სკოლებსა და უნივერსიტეტებში არსებულ პრაქტიკას, სწავლობენ ცვლილების მართვას კვლევაზე დაფუძნებით და ამის ერთ წელში ჩატევა შეუძლებელია. ასეთი უხეში ჩარევა ყველა სამაგისტრო პროგრამისთვის სერიოზული პრობლემა იქნება. ბაკალავრიატს რაც შეეხება, ამ პროგრამებს მოაკლებენ არჩევით საგნებს და მაინორის კომპონენტს.

  • რას ამბობს ხარისხის ეროვნული ცენტრი, განხილვის რომელიმე ეტაპზე თუ ისაუბრა ამ რისკებზე?

ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა სანდოობის თვალსაზრისით კიდევ უფრო კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, რადგან ქვეყნის განათლების სისტემა უნდა იყოს თავსებადი განათლების ევროპულ სისტემასთან. რაც პროცესების გამჭვირვალობას, სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებას, ხარისხის მართვის პროცესებში აკადემიური საზოგადოების ჩართულობას და პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებლობას გულისხმობს.

ამ პროცესებით კი საერთოდ გაუგებარია, როგორ ამოწმებს ამ პროგრამებს ხარისხის ცენტრი. ირღვევა სტუდენტებისა და აბიტურიენტების ინტერესები. ეს მაშინ, როცა ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ამ უწყების სანდოობა EQAR-ში წევრობის დაკარგვის გამო.

თუ ქვეყანაში ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მიმართ სანდოობა დაბალია, საფრთხე შეექმნება საქართველოში მიღებული განათლების რეპუტაციას. შესაბამისად, აღიარებას.

დღეს ევროპაში ჩვენს კვალიფიკაციას იმიტომ აღიარებენ მარტივად, რომ ისინი ენდობიან ბოლონიის წევრი ქვეყნების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემებს. ახლა, ამ დაჩქარებული, გაუაზრებელი და ქაოსური პროცესებით, ხარისხი, რა თქმა უნდა, ვერ დადასტურდება.

  • ეს დაჩქარებული ტემპები ნიშნავს იმას, რომ ფორსმაჟორში გადაკეთებული პროგრამები მიიღებენ აკრედიტაციას? და თუ არა, მაშინ რა მოხდება?

სავარაუდოდ, ყველას შეუნარჩუნებენ აკრედიტაციას ამ ეტაპზე. თუმცა, პოლიტიკური ანგარიშსწორება სადაც უნდათ, იმ პროგრამებს შესაძლოა არ მისცენ. აქ კიდევ ერთი პრობლემაა, როცა აკრედიტაცია ენიჭება პროგრამას, იქ უნივერსიტეტი ასაბუთებს, რამდენი სტუდენტის მიღების რესურსი აქვს უნივერსიტეტს კონკრეტულ პროგრამაზე. ახლანდელი ცენტრალიზებული რეფორმის შედეგად კი ეს პროცესი მოიშალა. თუ, მაგალითად, თსუ 700 სტუდენტს იღებდა ბიზნესის პროგრამაზე, წელს 1700 სტუდენტით განუსაზღვრეს კვოტა, საიდან გადაამოწმეს ამ უნივერსიტეტის რესურსი ამ კვოტების მინიჭების დროს?

  • 2028-2029 წლისთვის აბიტურიენტების გაორმაგებული რაოდენობა გვეყოლება და რა მოხდება მაშინ?

რასაც განათლების სამინისტრო იტყვის, იმას მოარგებს თავის პროცედურებს ხარისხის ეროვნული ცენტრიც და საერთოდ აღარ აინტერესებთ ხარისხი ასეთი პროცესების პირობებში.

  • არის თუ არა ეს სტუდენტის მოტყუება? როცა ვეღარც გრანტს იღებს, რომ სასურველ უნივერსიტეტში წავიდეს და ვეღარც ისეთ დიპლომს, რომელსაც დასავლეთში ან სხვა ქვეყნებში ექნება სანდოობა?

კი, ზიანდება სტუდენტი.

სამწლიანი საბაკალავრო პროგრამა საკმაოდ მიღებული პრაქტიკაა ევროპაში, მაგრამ აქ როგორ მიდის ამ პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფა, ეს არის საკითხავი. ერთწლიანი მაგისტრატურა ასევე ძალიან სერიოზული პრობლემაა, რადგან ევროპის ძირითადი მოდელი არის 3+2, გამონაკლისი მიმართულებების გარდა.

არსებობს ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამებიც, თუმცა ესენი პროფესიული განვითარებისთვისაა და მთავარი მოთხოვნა ამ პროგრამაზე ჩასარიცხად, წინარე სამუშაო გამოცდილებაა იმისთვის, რომ კონკრეტულ პროფესიაში აიმაღლო კვალიფიკაცია.

ის, რომ სამწლიანი ბაკალავრიატის შემდეგ პირდაპირ ერთწლიან მაგისტრატურაზე ჩააბარებ, ასეთ დიპლომს არანაირი ღირებულება არ ექნება.

  • რას აპირებენ უნივერსიტეტები, გაუმკლავდებიან ამ პრობლემებს?

განხილვები მიდის და ხარისხის ცენტრთანაც იყო რამდენიმე შეხვედრა, მაგრამ ბევრ საკითხზე ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს პასუხი არ აქვს. მაგალითად, ახლა ილიას უნივერსიტეტში დატოვეს მასწავლებლის პროგრამები სხვადასხვა საგანში – ისტორიის მასწავლებელი, ფიზიკის მასწავლებელი, მათემატიკის მასწავლებელი. ამ შემთხვევაშიც გაურკვეველია, პროგრამების გავლის შემდეგ შეეძლება თუ არა ბაკალავრს მიიღოს ისტორიის ბაკალავრის დიპლომიც და ისტორიის მასწავლებლის კვალიფიკაციაც.

მარტო პედაგოგიურ ჩარჩოში უნდათ, რომ ჩაკეტონ უნივერსიტეტი? ამ კითხვაზეც არ გვაქვს დადასტურებული პასუხი, რომ სადმე ეწეროს.

როცა პრობლემა და პრეტენზია გვაქვს და არ მოგვწონს მასწავლებლების კვალიფიკაცია, ეს შემოკლებული პროგრამები ხომ კიდევ უფრო გააუარესებს ამას.

  • არჩევითი საგნების და მაინორი პროგრამების გაუქმებით რა აკლდებათ სტუდენტებს?

მაინორი ნიშნავს იმას, რომ თუ, მაგალითად, სწავლობ ბიზნესის ადმინისტრირებაზე, შეგიძლია მაინორ პროგრამად აირჩიო საინფორმაციო ტექნოლოგიები და ამ ორის კომბინირებით, გაიფართოო დასაქმების არეალი. ახლა კი მაინორის და თავისუფალი კრედიტების ამოღება მოუწევთ უნივერსიტეტებს.

„ამბასადორის კუნძულზე $600 მილიონზე მეტი ღირებულების საინვესტიციო პროექტები ხორციელდება” – გოჩა კამკია

ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე უკვე მიმდინარეობს 600 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის საინვესტიციო პროექტები, რომლებიც ძირითადად ქართული კომპანიების მიერ ხორციელდება. პროექტის განვითარებაში ადგილობრივი ბიზნესის აქტიური ჩართულობა საერთო სინერგიას უსვამს ხაზს.

„ვინაიდან თითოეული პროექტის განვითარების მონაცემები უკვე დათვლილი გვაქვს, შემიძლია ვთქვა, რომ ქართული კომპანიების მიერ, კუნძულზე ამჟამად 600 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების საინვესტიციო პროექტები ხორციელდება.”

ამ პროექტებს წმინდა ქართული კომპანიები უძღვებიან, რაც ჩვენთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა. როდესაც ამ ყველაფერს ვგეგმავდით, ჩვენი უმთავრესი მიზანი იყო, რომ მომავალში ეს წარმატება სხვა ქართული კომპანიებისთვისაც გაგვეზიარებინა. დღეს უკვე გვაქვს სურათი, სადაც ქართული ბიზნესი „ამბასადორ აილენდზეა“ წარმოდგენილი. ეს პროექტი მათი თანაზიარი საკუთრებაა. ისინი ჩვენთან სრულ სინერგიაში არიან და საკუთარ, დამოუკიდებელ ისტორიას ქმნიან, რაც, ვფიქრობ, შესანიშნავი შედეგია“, – აცხადებს გოჩა კამკია.


გოჩა კამკია

რაც შეეხება სხვა საინტერესო ფაქტებსა და მონაცემებს, მარტის თვეში ძალიან საინტერესო მაჩვენებელი დაგვიფიქსირდა – უძრავი ქონების დაახლოებით 70% ევროკავშირის მოქალაქეებმა შეიძინეს. ეს ოფიციალური მონაცემია. მათი ასაკი, დაახლოებით, 25-დან 45 წლამდე მერყეობს.ევროკავშირის მოქალაქეები  გადაწყვეტილების მიღებისას საკმაოდ ფრთხილები არიან და დიდხანს ფიქრობენ.

მეორე მხრივ, საქმე გვაქვს ასაკობრივ კატეგორიასთან, როდესაც ადამიანი ყველაზე პროდუქტიულია, მომავალზე ორიენტირებულია და საკუთარ პერსპექტივაში ახდენს ინვესტირებას. ეს ყველაფერი იმის დასტურია, რომ ჩვენი კომპანიის მიერ საერთაშორისო სისტემების სიღრმისეულმა დანერგვამ გლობალურ ასპარეზზე დიდი ნდობა მოიპოვა.

შესაბამისად, ევროკავშირის მოქალაქეები უკვე იღებენ სათანადო გადაწყვეტილებებს, რასაც ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით. სამომავლოდ ვგეგმავთ სხვადასხვა პროგრამის განხორციელებას, რათა მათ ამ გადაწყვეტილებების მისაღებად კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მივცეთ“, – აღნიშნავს გოჩა კამკიამ.

„პოლიციელები გვაიძულებენ უფასო სექსს და თანამშრომლობას“ – საკონსტიტუციომ სექსმუშაკების დაჯარიმებაზე სარჩელი არ დააკმაყოფილა

სარჩელი ეხებოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებულ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, პროსტიტუცია ადმინისტრაციული წესით დასჯადი ქმედებაა. „პროსტიტუცია გამოიწვევს გაფრთხილებას, ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე“, – წერია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

ადამიანის პროსტიტუციაში ჩაბმა, ან პროსტიტუციის ადგილის მოწყობა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია. საკონსტიტუციო სარჩელი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს არ ეხებოდა.

დავის საგანი იყო ადმინისტრაციული კოდექსის კონკრეტული სამართლებრივი ნორმა, რომლის მიხედვითაც პოლიციელს შეუძლია და აჯარიმებს კიდეც სექსმუშაკებს პროსტიტუციისთვის.

მაშინ, როცა ეს სარჩელი შევიდა საკონსტიტუციოში, საიას მიერ მოწყობილ ერთ-ერთ ღონისძიებაზე „ბათუმელებს“ სექსმუშაკებმა უშუალოდ უთხრეს, რომ ამ ჩანაწერის გამო მათ პოლიციელები აჯარიმებენ, უფასო სექსს აიძულებენ, ან პოლიციასთან თანამშრომლობას.

ამ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განხილვის სხდომა 2019 წელს გაიმართა. გადაწყვეტილება კი, 2026 წელს მიიღეს მოსამართლეებმა: მანანა კობახიძემ [სხდომის თავმჯდომარე], გიორგი მოდებაძემ. კოლეგიის კიდევ ერთმა მოსამართლემ – თეიმურაზ ტუღუშმა განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა და კოლეგიას არ დაეთანხმა. მოსამართლის განსხვავებული აზრი საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე ჯერ გამოქვეყნებული არ არის.

  • რა ეწერა სარჩელში? 

მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმა ითვალისწინებს პროსტიტუციის რეგულირებას ორ სრულწლოვან პირს შორის, მათ შორის იმ ვითარებაში, როდესაც აღნიშნულს ადგილი აქვს კერძო სივრცეში, მესამე პირის მონაწილეობისა და ფართო სექსინდრუსტიასთან კავშირის გარეშე. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე თვლის, რომ სადავო ნორმა არ წარმოადგენს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ვიწროდ მიმართულ საშუალებას.

კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, შესაძლოა, სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზანი იყოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, რადგან არსებობს ალბათობა, რომ ქუჩაში სექსუალური კავშირის შეთავაზებამ ხმაური, ან ძალადობა გამოიწვიოს. ამგვარი უწესრიგობის მიზეზი შეიძლება იყოს ფასზე შეუთანხმებლობა, სექსუალური მომსახურების მიმღების არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა და სხვა გარემოებები.

აღნიშნულის აღსაკვეთად, სამართალდამცავ ორგანოებს გააჩნიათ ისეთი ალტერნატიული ეფექტიანი საშუალება, როგორიცაა შესაბამისი პირებისთვის წვრილმანი ხულიგნობისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება.

პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების შეზღუდვის კიდევ ერთი ლეგიტიმური მიზანი შეიძლება იყოს ჯანმრთელობის დაცვა, აივ (შიდსის) ან სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების თავიდან აცილება, თუმცა მოსარჩელის შეფასებით, სადავო რეგულირება არათუ არ არის დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგი საშუალება, არამედ მნიშვნელოვნად აფერხებს ამ მიზნის მიღწევას, რადგან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შიშიდან გამომდინარე, ინფექციის მაღალი რისკის მატარებელი ბევრი ადამიანი თავს არიდებს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებში მონაწილეობას, რაც ხელს უწყობს, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მეტად გავრცელებას.

„სადავო ნორმა, შესაძლოა, ასევე ემსახურებოდეს საზოგადოებრივი მორალის დაცვას, თუმცა ამ შემთხვევაში, უფრო მეტად ამორალურად იქცევა არა სექს-მუშაკი, რომელიც ოჯახის რჩენის მიზნით ირჩევს აღნიშნულ პროფესიას, არამედ სექსუალური მომსახურების მიმღები და სხვა პირები, რომლებიც ხელს უწყობენ სექსმუშაკთა აღნიშნულ საქმიანობაში ჩართვას.

შესაბამისად, საზოგადოებრივი მორალის დაცვის გამოსადეგი საშუალება იქნებოდა არა ექსპლუატაციის მსხვერპლი პირების, არამედ სექსუალური მომსახურების მიმღები პირების დასჯა. ამასთან, ისეთ შემთხვევებში, როდესაც პირთა შორის პროსტიტუციის თაობაზე შეთანხმება ხდება საზოგადოების წევრთაგან იზოლირებულად, შეუძლებელია ასეთმა ქმედებამ საზოგადოებრივ მორალს ზიანი მიაყენოს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ შეზღუდვა არათანაზომიერია და არღვევს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას,“ – ეწერა სარჩელში.

ამ საქმის განხილვის დროს მოსარჩელის იურისტს მოსამართლეებისთვის უთქვამს, რომ „პროსტიტუცია მოიცავს ქალის სხეულის ობიექტივიზაციას, თუმცა აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მას, ვინც ახდენს სხეულის ობიექტივიზაციას და არა ადამიანს, რომლის სხეულის ობიექტივიზაციაც ხდება.“

ეს რამდენიმე ევროპული ქვეყნის პრაქტიკაა, სადაც პროსტიტუცია ასევე მიჩნეულია სამართალდარღვევად, თუმცა პოლიცია აჯარიმებს მას, ვინც სექსუალური მომსახურებაში ფულს იხდის.

ხაზგასასმელია, რომ მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად არ მიიჩნევდა პროსტიტუციის აკრძალვას. მოსარჩელე მხარისათვის პრობლემას წარმოადგენს სექსმუშაკისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება.

„სექსმუშაკები ხშირად ხდებიან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი, სწორედ მაშინ, როდესაც ახორციელებენ სადავო ნორმით აკრძალულ ქმედებას. სადავო ნორმით გათვალისწინებული აკრძალვა და დაწესებული სანქცია, აიძულებს სექსმუშაკებს, დამალონ მათ მიმართ განხორციელებული ძალადობა, სამართალდამცავ ორგანოებში არ განაცხადონ მათ მიმართ განხორციელებული ცემის, წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის, სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევები.

სექსმუშაკებმა საგამოძიებო ორგანოებს რომ მიმართონ მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის თაობაზე, მათ მოუწევთ იმ საქმიანობის დასახელება, რაც სადავო ნორმით იკრძალება. ეს გარემოება გამოიწვევს სოციალურად განსაკუთრებით შეჭირვებული სექსმუშაკთა დაჯარიმებას, ძალადობის ჩამდენი პირის დასჯასთან ერთად.

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შიშით სექსმუშაკებს უწევთ მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის გახმაურებისაგან თავის შეკავება და მუდმივი ძალადობის ატმოსფეროში ცხოვრების გაგრძელება.

ამით სადავო ნორმა სხვადასხვა მიზნის – მორალის, საზოგადოებრივი წესრიგის – მისაღწევად სექსმუშაკებს აქცევს სამართლის შიშველ ობიექტად, აიძულებს რა მათ გაჩუმდნენ ძალადობის აშკარა ფაქტების მიმართ.

სადავო ნორმა, პროსტიტუციისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებით, აგდებს დაუცველ მდგომარეობაში ადამიანების იმ კლასს, რომელიც ყველაზე ხშირად განიცდის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას.

სადავო ნორმის გამო ადამიანები იძულებული ხდებიან, არ განაცხადონ მათ მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ფაქტების თაობაზე. პროსტიტუციის ადმინისტრაციული დასჯადობით, რა მიზანსაც არ უნდა ემსახურებოდეს ეს უკანასკნელი, კანონმდებელი განაიარაღებს, დაუცველს ტოვებს მსხვერპლს მოძალადის წინაშე.

ამით, გარდა იმისა, რომ ადამიანი იქცევა მიზნის მიღწევის შიშველ საშუალებად, სახელმწიფო არღვევს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე ვალდებულებას, შექმნას ყველა პირობა წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის წინააღმდეგ ეფექტურად საბრძოლველად.

სადავო ნორმა იწვევს არასათანადო მოპყრობის მსხვერპლის სიჩუმეს, მსხვერპლის სიჩუმე იწვევს მოძალადის დაუსჯელობას, მოძალადის დაუსჯელობა კი იწვევს წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის გაგრძელებას,“ – ეწერა სარჩელში.

სარჩელში მოსამართლეებმა ნახეს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ და „ღია საზოგადოება საქართველოს“ 2018 წელს გამოცემული კვლევის მონაცემებიც. კვლევის ფარგლებში 2016 წელს გამოიკითხეს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, თელავსა და ქუთაისში მყოფი 26 სექსმუშაკი ქალი.

„თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, თელავსა და ქუთაისში მცხოვრებმა სექსმუშაკებმა აღნიშნეს, რომ ისინი, ან მათი ნაცნობი სექსმუშაკები, რეგულარულად განიცდიან პოლიციის მხრიდან ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ ძალადობასა და იძულებას. უკიდურესად პრობლემურად აღინიშნა პოლიციელების მიერ სექსმუშაკთა იძულება ანაზღაურების გარეშე სექსუალური მომსახურების გაწევაზე.

ვინაიდან აღნიშნულზე უარის შემთხვევაში სექსმუშაკების მიმართ პოლიცია იყენებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობას და შევიწროებას, სექსმუშაკები იძულებული არიან სექსუალურ მომსახურებაზე დათანხმდნენ. სექსმუშაკების იძულება სექსუალურ მომსახურებაზე უმეტესწილად მაშინ ხდება, როდესაც პოლიციელები ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არიან,“ – აღნიშნული იყო კვლევაში.

  • რა პოზიცია დააფიქსირა მოპასუხემ, ანუ პარლამენტმა? 

მოპასუხე მხარე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საზოგადოების წევრებში არსებული აღქმის თანახმადაც, პროსტიტუციას ახორციელებს სექსუალური მომსახურების მიმწოდებელი და არა მისი მიმღები.

მოპასუხე მხარის პოზიციით, სადავო ნორმის ფარგლებში მოიაზრებიან პროსტიტუციაში ნებაყოფლობით ჩართული ადამიანები. ამასთან, სადავო ნორმით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის არსებობისთვის აუცილებელია, მინიმუმ, ორი მხარის: სექსმუშაკისა და მომსახურების მიმღების არსებობა.

იმავდროულად, შესაძლოა, ანაზღაურება გამოხატული არ იყოს ფულადი სახით, არამედ იგი გულისხმობდეს მატერიალური სარგებლის მიღებას. მოპასუხის არგუმენტაციით, სადავო ნორმის ფარგლებში მოიაზრება ქმედების განხორციელება, როგორც საჯარო თავშეყრის ადგილას, ასევე არასაჯარო ადგილას, როგორიცაა, მაგალითად, კაფე-ბარი ან სასტუმრო.

მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ პროსტიტუციის ნაწილად მოიაზრება, როგორც პირადად შეთანხმება და მომსახურების გაწევა, ასევე დისტანციურად, სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით შეთანხმება და მომსახურების გაწევა, რამდენადაც, შეთავაზების ხერხის განურჩევლად, შედეგობრივად, აღნიშნული დაკავშირებულია მომსახურების გაწევასთან.

მოპასუხემ მიუთითა, რომ კანონმდებლობა, ერთდროულად, ებრძვის და ითვალისწინებს პროსტიტუციასთან დაკავშირებული ქმედებების მიმართ პრევენციულ ღონისძიებებს.

„მოპასუხე მხარის განმარტებით, სახელმწიფომ მოახდინა პროსტიტუციასთან დაკავშირებული ქმედებების გრადაცია, მათთვის დამახასიათებელი ზიანის ხარისხიდან გამომდინარე. სექსმუშაკის მიერ სექსუალური მომსახურების გაწევა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, ხოლო პროსტიტუციაში პირის ჩაბმასა და პროსტიტუციის ხელშეწყობასთან დაკავშირებული ქმედებები დასჯადია სისხლის სამართლის წესით. შესაბამისად, მოპასუხე განმარტავს, რომ პროსტიტუცია და მისი ხელშეწყობა, ზოგადად, დასჯადია საქართველოს კანონმდებლობით.

მოპასუხე მხარე სადავო რეგულირების ლეგიტიმურ მიზნებად ასახელებს, როგორც საზოგადოებრივ უსაფრთხოების, ზნეობისა და მორალის, ისე ჯანმრთელობის დაცვას,“ – ვკითხულობთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

  • რა თქვა საკონსტიტუციომ? 

ზნეობასა და მორალზე ამახვილებს ყურადღებას საკონსტიტუციო სასამართლო:

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, უწინარესად, იმსჯელებს საზოგადოებრივი ზნეობისა და მორალის დაცვის ლეგიტიმურ მიზანზე. მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ პროსტიტუცია ხელს უწყობს ადამიანის სხეულის ობიექტივიზაციას, რაც წინააღმდეგობაშია ღირსების უფლებასთან.

თავის მხრივ, პროსტიტუციის განხორციელების დაშვება გამოიწვევს სხეულით სექსუალური მომსახურების გაწევის, როგორც მისაღები ქცევის დამკვიდრებას, რაც ლახავს იმ საზოგადოებრივ ღირებულებას, რომელიც ადამიანის ღირსების პატივისცემას ეფუძნება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, მოცემული საქმის ფარგლებში, საზოგადოებრივი ზნეობისა და მორალის, როგორც ლეგიტიმური მიზნის რელევანტურობას, სწორედ ამ არგუმენტაციის ჭრილში შეაფასებს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ, ზოგადად, არ არის გამორიცხული, საზოგადოებრივი ზნეობისა და მორალის დაცვა საფუძვლად დაედოს ამა თუ იმ უფლებაში ჩარევას. აღნიშნული ღირებულებები საზოგადოებრივი ცხოვრების საფუძველს წარმოადგენს და მათი დაცვა, შესაძლოა საჯარო პოლიტიკაშიც სათანადო გამოხატვას პოვებდეს.

თუმცა, ამავე დროს, ზნეობასა და მორალზე აპელირება არ შეიძლება იქცეს იმგვარი ჩარევის დამოუკიდებელ საფუძვლად, რომელიც პიროვნებისათვის ანაზღაურების სანაცვლოდ, სექსუალური მომსახურების გაწევას შეზღუდავს, პასუხისმგებლობის დაკისრების გზით. ზემოაღნიშნული ქმედებისათვის პასუხისმგებლობის დაწესება გამართლებადია სწორედ საჯარო ინტერესთან დაკავშირებულ, მათ შორის, სხვებისათვის რეალური და სერიოზული საფრთხის მიყენების მიზნებზე აპელირებით,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ამ თემაზე:

სექსმუშაკის დაჯარიმების მიზეზები: უარი უფასო სექსზე ან თანამშრომლობაზე – საიას სარჩელი

ბოტანიკური ბაღის დირექტორი 31 თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლებას ადასტურებს

2025 წლის სექტემბრიდან 2026 წლის 25 მარტის ჩათვლით პერიოდში, მას შემდეგ, რაც ბოტანიკური ბაღის დირექტორად თენგიზ ტარიელაძე დაინიშნა, შრომითი ურთიერთობა შეუწყდა 31 დასაქმებულს.

გათავისუფლებული პირების შესახებ „ბათუმელებმა“ 25 მარტს გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია. ბაღის ადმინისტრაციამ მონაცემები მოგვაწოდა და თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტი დაგვიდასტურა.

ბაღის დირექტორის განმარტებით, შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის ინიციატორი 24 შემთხვევაში თავად დასაქმებულები იყვნენ.

„აღნიშნული შემთხვევებიდან 7 დასაქმებულის მიერ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დაკავშირებული იყო „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებთან, კერძოდ, სამსახურებრივი შეუთავსებლობის გარემოებასთან.

7 დასაქმებულს კი შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა დისციპლინური წარმოების შედეგად ისეთი საფუძვლებით, როგორებიცაა სამუშაო ადგილზე სისტემატური, არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა ან ორგანიზაციის შინაგანაწესის ნორმების უხეში დარღვევა,“ – მოგვწერა ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციამ.

რატომ გადაწყვიტა 17-მა თანამშრომელმა წასვლა, ამაზე კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ ბაღის ადმინისტრაციისგან.

მათ ასევე ვთხოვეთ მოეწოდებინათ ინფორმაცია, კონკრეტულად რომელი განყოფილებიდან გაუშვეს თანამშრომლები, თუმცა არც ეს დეტალები დაგვიზუსტეს ბაღის ადმინისტრაციაში და მოგვწერეს, რომ „ზემოაღნიშნული პირები, მათი ფუნქციური მოვალეობებიდან გამომდინარე, განაწილებულნი იყვნენ ორგანიზაციის სხვადასხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში“.

ბოტანიკური ბაღის რამდენიმე თანამშრომელი „ბათუმელებს“ მარტში დაუკავშირდა, რომლებიც მიგვიყვნენ, რომ მას შემდეგ, რაც ბოტანიკურ ბაღში ახალი დირექტორი დაინიშნა, მებაღეების და სხვა დასაქმებული პერსონალის შრომითი პირობები მნიშვნელოვნად გაუარესდა.

თანამშრომლები ასევე საუბრობდნენ ახალი დირექტორის მხრიდან უხეშ მოპყრობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე.

ერთ-ერთმა მეფუტკრემ უსაუბრა ფიზიკური ძალადობის შემთხვევაზეც.

თუმცა, მაშინ, ბოტანიკური ბაღის დირექტორმა „ბათუმელებთან“ უარყო თანამშრომლების მიმართ უხეში დამოკიდებულება და არც სამსახურიდან ვინმეს დათხოვნა დაადასტურა.

____________________

ამ თემაზე:

„გვაყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, იყო ფიზიკური ძალადობაც“ – რა ხდება ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

„საათნახევრით შევამცირებთ მატარებლით მგზავრობის დროს თბილისიდან ბათუმამდე“ – ირაკლი კობახიძე

„რკინიგზას დაემატება თბილისი-ქუთაისის მიმართულება. აგვისტოში დასრულდება თბილისი-ბათუმის რკინიგზის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც გადაადგილების დრო ხუთნახევარი საათიდან შემცირდება 4-საათამდე, 1.5 საათით შევამცირებთ მგზავრობის დროს თბილისიდან ბათუმამდე,“ –  განაცხადა დღეს, 8 აპრილს, ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ დღესვე სარკინიგზო მიმართულებით რამდენიმე სიახლე დააანონსა.

კერძოდ, კობახიძის თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული მატარებლის, ე.წ. „კუკუშკის“ რეაბილიტაციის თაობაზე. ეს მატარებელი 2020 წლიდან არ მუშაობს.

ასევე, რკინიგზას დაემატება თბილისი-ახალციხის რეისი, რომელიც 2009 წლიდან არ მუშაობდა.

„აგვისტოში დასრულდება თბილისი-ახალციხის რკინიგზის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც აღდგება აღნიშნული რეისი, რომელიც გაუქმებული იყო 2009 წლიდან და გადაადგილების დრო, ძველ დროსთან შედარებით, 6 საათიდან შემცირდება 3-საათამდე, ანუ განახევრდება მგზავრობის დრო თბილისი-ახალციხის მიმართულებაზე.

ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს არის გეგმის ნაწილი – ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული მატარებლის, ე.წ. „კუკუშკის“ რეაბილიტაციის თაობაზე.

სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება როგორც მატარებელს, ისე სარკინიგზო ინფრასტრუქტურას, განხორციელდება 5 შესაბამისი სარკინიგზო სადგურის რეაბილიტაცია. ეს ხაზიც იყო 2020 წლიდან გაჩერებული და გეგმის მიხედვით, მატარებელი მომავალი წლის იანვრიდან მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს, ტურისტული თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობა აქვს რკინიგზის ამ ხაზის აღდგენას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს რკინიგზამ შეიმუშავა განვითარების 2026-2028 წლების სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც, შეისყიდიან 50 ახალ ლოკომოტივს, ასევე 1 500 ახალ ვაგონს.

„დავნერგავთ თანამედროვე სარკინიგზო სისტემებს, რის შედეგადაც გაუმჯობესდება საოპერაციო პროცესები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაორმაგდება საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, 2 მლნ-დან 5 მლნ-მდე გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის წლიური მაჩვენებელი.

„შევისყიდით 10 ახალ სამგზავრო მატარებელს, ამის შედეგად, ყველა მაგისტრალური რეისი შესრულდება ახალი მატარებლებით, სამგზავრო გადაყვანები გახდება გაცილებით კომფორტული და სწრაფი, როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ისე ქვეყნის სტუმრებისთვის. 2 მლნ-დან 5 მლნ-მდე გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის წლიური მაჩვენებელი,“- განაცხადა კობახიძემ.

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 აპრილის 21 საათიდან 9 აპრილის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, წვიმა, მაღალ მთაში თოვლჭყაპი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, რომელიც შესაძლებელია გაძლიერდეს 17-22 მ/წმ-მდე.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 3 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 0 – 3 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 3 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა 4-5 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +12 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 10 და 11 აპრილს მოსალოდნელია უმეტეს რაიონში დროგამოშვებით წვიმა.

 

წყალი პლასტმასის ბოთლით ისევ გაიყიდება – „ოცნებამ“ გადაწყვეტილება შეცვალა

სასმელი წყალი, ლუდი და სხვა სასმელები პლასტმასის ბოთლებით ისევ გაიყიდება. „ოცნების“ მთავრობამ გადაწყვეტილება შეცვალა.

დღეს, 8 აპრილს, მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბიზნესსექტორთან ჰქონდა კონსულტაციები და კონსულტაციების შემდეგ თავის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ცვლის:

„ამ კონსულტაციების შემდეგ 4 წლით გადაიდო პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტის და ბაზარზე განთავსების რეგუალციის ამოქმედება,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მიერ 2026 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან უნდა აკრძალულიყო პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება [გარდა ექსპორტის მიზნით], იმპორტი და ბაზარზე განთავსება.

ირაკლი კობახიძის თქმით, პლასტმასის ბოთლების მინით ჩანაცვლების რეგულაცია გადავადდა 2031 წლის პორველ თებერვლამდე.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის პირველი აპრილიდან აკრძალულია პლასტმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, ასევე გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების და მათი თავსახურების, ჭიქების და მათი თავსახურების რეალიზაცია. აღნიშნული პროდუქციის იმპორტი და წარმოება 2026 წლის პირველი იანვრიდან უკვე აკრძალულია.

ამასთან, 2026 წლის 1-ლი აპრილიდან საბიუჯეტო ორგანიზაციებს პლასტმასის ჭიქების, პლასტმასის კონტეინერებისა და პლასტმასის 3 ლიტრამდე ბოთლებით სასმელის სახელმწიფო შესყიდვა ეკრძალებათ. შეეხება თუ არა ამ რეგულაციას გადავადება ჯერ უცნობია.

ამ თემაზე: პარლამენტი 60 000 ბოთლ წყალში 58 000 ლარს იხდის, შარშან კი 22 ათასად იყიდა – მინის ბოთლები პლასტმასის ნაცვლად

2026 წლის 1 ივლისიდან საქართველოში ასევე უნდა აკრძალულიყო საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიწოდება, თუმცა მთავრობის დღევანდელი განცხადებიდან გამომდინარე ეს აკრძალვაც გაუქმდება

ამ თემაზე

რესტორნებში აიკრძალება პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიწოდება

 

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 8 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 8 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 306 500 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 030. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 846 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 24 368 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 39 625 ერთეული [+63]
  • MLRS – 1 723 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 341 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 350 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 225 301 ერთეული [+1 960]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 517 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 88 103 ერთეული [+241]
  • სპეცტექნიკა – 4 117 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

როგორ ანაცვლებს თამაზაშვილის ხალხი რიჟვაძის ხალხს

მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის კადრების ჩანაცვლების პროცესი აჭარაში ჯერ არ დასრულებულა – ისევ აქტიურ ფაზაშია.

ახალი ხალხი თითქმის ყველა უწყებაში მიიღეს, მას შემდეგ, რაც ძველი თანამშრომლების ნაწილი, რეორგანიზაციის საბაბით, სამსახურიდან გაუშვეს. 

ოფიციალური უწყებების მიერ დაანონსებული რეორგანიზაციის პროცესები ჯერ კიდევ მიმდინარებს.

ამ სტატიაში მიმოვიხილავთ იმ უწყებებს, სადაც თანამდებობის პირები უკვე ჩაანაცვლეს.

  • თორნიკე რიჟვაძის ხალხი

2025 წლის 4 აპრილის დილას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ „მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ“.

2025 წლის 4 აპრილის საღამოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული სულხან თამაზაშვილი დანიშნეს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი.

სულხან თამაზაშვილს დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები 2024 წლის 19 დეკემბერს დაუწესა, როგორც ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივი თავდასხმების ერთ-ერთ პასუხისმგებელ პირს.

თამაზაშვილთან ერთად მაშინ დაასანქცირეს შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანი, მათ შორის ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური.

სულხან თამაზაშვილის აჭარაში გადმოსვლისთანავე გაჩნდა მოსაზრება, რომ ის თავის კადრებს მოიყვანდა ყველა საკვანძო თანამდებობაზე.

საკადრო ცვლილებების პროცესი ხანგრძლივი აღმოჩნდა და ამ ეტაპზე ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

ერთ-ერთი პირველი, ვინც სულხან თამაზაშვილის აჭარაში ჩამოსვლის შემდეგ თანამდებობა დატოვა, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, თინა ზოიძე იყო.

თინა ზოიძე თორნიკე რიჟვაძის ერთგულ კადრად მიიჩნეოდა.

თამაზაშვილის დანიშვნიდან მალევე, 2025 წლის 13 მაისს, თანამდებობიდან გადადგა ბათუმის არჩეული მერი არჩილ ჩიქოვანი.

ხოლო მეორე დღეს, 14 მაისს, თანამდებობა დატოვა ქობულეთის არჩეულმა მერმა ლევან ზოიძემ.

ორივე მათგანი აჭარაში თორნიკე რიჟვაძის გარემოცვის წევრი იყო და ორივეს კარიერული დაწინაურება თორნიკე რიჟვაძის სახელს უკავშირდებოდა.

თანამდებობიდან გაუშვეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძეც, თუმცა სისტემაში დატოვეს, მთავრობის აპარატში სპეციალური შტატი შეუქმნეს და დაასაქმეს.

თანამდებობა დატოვა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემაც.

ჯერჯერობით ბოლო ცვლილება დავით გაბაიძეს შეეხო. სადავო არჩევნებით არჩეული აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე მიმდინარე წლის 30 მარტს გადადგა.

ის ჟურნალისტებთან ამტკიცებდა, რომ თავისი ნებით დატოვა თანამდებობა და „უკვე დრო იყო“ წასვლის.

გარდა ამ სახელებისა, თანამდებობების დატოვება ან ჩამოქვეითება მოუწია ათობით საჯარო მოხელეს, ვინც ირიბად ან პირდაპირ იყო დაკავშირებული თორნიკე რიჟვაძესთან.

ფოტოზე: თორნიკე რიჟვაძე, არჩილ ჩიქოვანი, ლევან ზოიძე, თინა ზოიძე, დავით გაბაიძე და ჯაბა ფუტკარაძე
  • ვინ ჩაანაცვლა ე.წ. რიჟვაძის ხალხი

სულხან თამაზაშვილი წარმოშობით ქობულეთიდანაა.

გასული წლის 4 აპრილს ის აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დანიშნეს.

მისი მოსვლიდან ერთ თვეში გადადგა ორი ქალაქის მერი – ბათუმის არჩეული მერი არჩილ ჩიქოვანი და ქობულეთის არჩეული მერი ლევან ზოიძე.

კანონის მიხედვით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არ აქვს უფლება რაიმე ფორმით ჩაერიოს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში.

თუმცა პრაქტიკაში სულხან თამაზაშვილის გარეშე არც ერთი მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილება არ ხორციელდება.

თამაზაშვილის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი ბათუმის მერი, გიორგი ცინცაძეა.

ის აჭარაში სულხან თამაზაშვილთან ერთად ჩამოვიდა.

2025 წლის 13 აპრილს აჭარის მთავრობის აპარატის უფროსად დანიშნეს, მას შემდეგ, რაც თორნიკე რიჟვაძის კადრმა, თინა ზოიძემ თანამდებობა დატოვა.

მოგვიანებით, გიორგი ცინცაძე მერობის კანდიდატად დაასახელეს. ის 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ბათუმელ ამომრჩეველთა 27 %-მა მერად აირჩია.

გიორგი ცინცაძე სულხან თამაზაშვილის ნდობით აღჭურვილი პირია.

აჭარაში სოფლის მეურნეობის მინისტრად დანიშნეს დენის სალუქვაძე, რომელიც პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატიდან გადმოიყვანეს.

ის გიორგი ცინცაძესთანაც მეგობრობს.

ფოტოზე: სულხან თამაზაშვილი, გიორგი ცინცაძე, დენის სალუქვაძე, ცოტნე ანანიძე და ირაკლი ცეცხლაძე

დენის სალუქვაძის მინისტრად დანიშვნიდან რამდენიმე თვეში, ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსად დანიშნეს მისი ცოლი, მარიამ ხაზარაძე.

ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე მარიამ ხაზარაძე „ინვეტ ჯგუფში“ იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო ბოლო სამი წლის განმავლობაში. ამ ორგანიზაციის საქმიანობის სფეროა ვეტერინარული მედიკამენტების, ვაქცინების, საკვების, ინვენტარის, მომსახურება და კონსულტირება.

მარიამ ხაზარაძემ ბათუმის მერიაში რეორგანიზაცია ჩაატარა.

რეორგანიზაციის შედეგად მერიიდან 35 საჯარო მოხელე გაუშვეს. მათგან 24 საჯარო მოხელე  ევროკავშირის მხარდამჭერი პეტიციის ხელმომწერი იყო.

ამავდროულად მერიის ყველა მნიშვნელოვან სამსახურში განხორციელდა ცვლილება.

მაგალითად, შეიცვალა ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი. ამ თანამდებობაზე არჩილ გირკელიძე დანიშნეს.

ბათუმის ურბანული განვითარება სწორედ მთავარი არქიტექტორის ხელშია.

ბათუმის მერიაში ასევე შეცვალეს მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

ბოლო ცვლილება აჭარის უმაღლეს საბჭოში განხორციელდა.

დავით გაბაიძე თანამდებობიდან გადადგა და ის ცოტნე ანანიძემ ჩაანაცვლა.

ვინ არიან ბათუმის მერიის ორგანიზაციების ახალი უფროსები და ვინ ელოდება შეთავაზებას

„2 ლიდერის უკან ადევნებული ადამიანი დაჟინებით ითხოვს, პრემიერი დამიძახეთო“ – რა გვაჩვენა ალიევის ვიზიტმა

„ივანიშვილისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ინტერესია. ალიევთან შეხვედრაც დიდი ალბათობით მისთვის საინტერესო იყო იმით, რომ გაერკვია: ახალ ტრანსნაციონალურ პროექტებში, რომელსაც აშშ გვთავაზობს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, კონკრეტულად ივანიშვილმა საკუთარი ფინანსური ინტერესები როგორ შეიძლება ჩადოს?“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი ლელა ჯეჯელავა. მას ივანიშვილის შუშის სასახლეში ალიევის სტუმრობაზე ვესაუბრეთ.

გარდა იმისა, რომ ამ შეხვედრით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას, რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე? – პოლიტოლოგის დაკვირვებით, ტრამპი ალიევს რეგიონის ერთ-ერთ ლიდერად მოიაზრებს, აშშ-ს ინტერესები კი, რეგიონში მზარდია.

„ივანიშვილთან და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროსაც კარგად ჩანდა ალიევის სხეულის ენა, ჟესტები – ალიევი მხოლოდ სტუმრის ამპლუაში არ გრძნობდა თავს…“ – თავის დაკვირვებას გვიზიარებს პოლიტოლოგი. მას ამ შეხვედრის ყველაზე რეზონანსულ მომენტზეც ვკითხეთ: ალიევი და ივანიშვილი წინ მოდიან, უკან მოჰყვება ირაკლი კობახიძე…

„გუშინ რაც ჩვენ ვნახეთ: ორი ლიდერის უკან ადევნებული, სრულიად დაბნეული ადამიანი, რომელიც დაჟინებით ითხოვს ჩვენგან, პრემიერ-მინისტრი დამიძახეთო… ამ სცენის მერე როგორ შეიძლება ადამიანმა იფიქროს, რომ ივანიშვილი პატივს სცემს ქართველ ხალხს?

ან რა სტატუსით მასპინძლობდა ბიძინა ივანიშვილი ალიევს, როგორც ქვეყნის არაფორმალური ლიდერი? თუ ეს ასე არაა, როდის იყო ქვეყნის პრეზიდენტები პარტიის თავმჯდომარეებს ხვდებოდნენ? ის, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, აბსოლუტურად ამოვარდნილია ყოველგვარი პროტოკოლიდან კი არა – ზოგადად პოლიტიკური კანონზომიერების ჩარჩოდან,“ – ამბობს ლელა ჯეჯელავა.

„ბათუმელებმა“ პოლიტოლოგ ლელა ჯეჯელავასთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ქალბატონო ლელა, რა გამოჩნდა ყველაზე მნიშვნელოვანი ივანიშვილი-ალიევის შეხვედრაზე, რომელსაც ირაკლი კობახიძეც ესწრებოდა? 

ჩემთვის, ბუნებრივია, ყველაზე საინტერესო რჩება ალიევის ვიზიტის მიზანი – ის საკითხები, რომლებიც განხილული იყო ივანიშვილთან შეხვედრის დროს, მაგრამ, როგორც ჩანს, ამის შესახებ ჩვენ ინფორმაციას არავინ არ მოგვცემს. შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ ეს რეგიონის გეოპოლიტიკურ ვითარებას უკავშირდება, მათ შორის იმას, რომ სამხრეთ კავკასია შეერთებული შტატების სტრატეგიული ინტერესების ზონა გახდა.

მოგეხსენებათ, ტრამპს არ უყვარს სუსტები – მას უყვარს ძლიერები. ტრამპი ალიევს  ამ რეგიონის მთავარ პოლიტიკურ ფიგურად განიხილავს. ამიტომაც, დარწმუნებული ვარ, ალიევი სწორედ მომავალი პროექტების განსახილველად ჩამოვიდა, რაც უკავშირდება ე.წ. TRIPP-ს და ასე შემდეგ: საქართველო რამდენად არის მზად, რომ აღმოჩნდეს შეერთებული შტატების გეოსტრატეგიული ინტერესების კონტექსტში?

ბევრი რამ ვნახეთ ამ შეხვედრაზე. პირადად მაქვს ასეთი განცდა, შეიძლება ეს ძალიან სუბიექტურია, მაგრამ უკვე მერამდენედ მიჩნდება შეგრძნება, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალიან არ უყვარს თავისი ხალხი: ყოველ ჯერზე, როდესაც ის ამცირებს ხოლმე უკიდურესი ფორმით იმ ადამიანებს, ვისაც თვითონვე დაარქმევს ხოლმე პრემიერ-მინისტრის სახელს, ეს სწორედ ამას ნიშნავს – ივანიშვილი დასცინის ქართველ ხალხს.

ლელა ჯეჯელავა

გუშინ რაც ჩვენ ვნახეთ: ორი ლიდერის უკან ადევნებული, სრულიად დაბნეული ადამიანი, რომელიც დაჟინებით ითხოვს ჩვენგან, პრემიერ-მინისტრი დამიძახეთო და თან ამის გამო გვსჯის კიდეც პერიოდულად, ხომ? აი, როგორ შეიძლება ამ სცენის მერე ადამიანმა იფიქროს, რომ ივანიშვილი პატივს სცემს ქართველ ხალხს? აქ კობახიძის პატივისცემაზე არ არის ლაპარაკი, იმ ხალხის პატივისცემაზეა, ვისგანაც პრემიერ-მინისტრის დაძახებას დაჟინებით ითხოვს.

ივანიშვილი უკვე მერამდენედ აჩვენებს, რომ კობახიძე არავინ არ არის. კობახიძე, რომელიც ისტერიულად ითხოვს ლეგიტიმაციას ჩვენგან, იმასაც ვერ ახერხებს, ივანიშვილის გვერდით დადგეს და უკან აჩრდილივით არ მიჰყვებოდეს.

  • დარღვეული იყო პროტოკოლი – მაგალითად, ალიევს მინისტრები წარუდგინა ივანიშვილმა, რომელიც არც ერთ თანამდებობაზე არ არის და არა ირაკლი კობახიძემ.

ეს სრული აცდენაა პროტოკოლისა. ჩვენ ისიც არ ვიცით, რა სტატუსით უმასპინძლა ბიძინა ივანიშვილმა ალიევს, როგორც ქვეყნის არაფორმალურმა ლიდერმა? თუ ეს ასე არაა, როდის იყო ქვეყნის პრეზიდენტები პარტიის თავმჯდომარეებს ხვდებოდნენ?

ის, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, აბსოლუტურად ამოვარდნილია ყოველგვარი პროტოკოლიდან კი არა – ზოგადად პოლიტიკური კანონზომიერების ჩარჩოდან.

  • რა გზავნილი იყო ეს ივანიშვილისგან? 

ივანიშვილი გვაჩვენებს ქართველებს იმას, რომ ჩვენ ვართ უფლებააყრილი ადამიანები.

ის არ იძლევა საშუალებას უკვე მერამდენედ, რომ ჩვენი არჩევანი გავაკეთოთ. ის ხალხის არჩევანს ატრიალებს თავის სასარგებლოდ.

გვეუბნება, რომ მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, რა ჰქვია კონკრეტულ ადამიანს, რომელსაც დანიშნავს ქართველი ხალხის მწყემსად. ეგ არის ყველაზე უფრო მძიმე რეალობა და უკიდურესი შეურაცხყოფა.

  • ივანიშვილი მანამდე არ შეხვედრია თბილისში ჩამოსულ ფაშინიანს, ასევე „ოცნების“ მოკავშირე ორბანს. ივანიშვილი ალიევამდე შეხვდა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, ალ ნაჰაიანს. ჩანს, რომ ივანიშვილი ისევ უფრო ფინანსური ინტერესის შესაბამისად მოქმედებს? 

რასაკვირველია ივანიშვილისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ინტერესია. ალიევთან შეხვედრაც დიდი ალბათობით მისთვის საინტერესო იყო იმით, რომ გაერკვია: ახალ ტრანსნაციონალურ პროექტებში, რომელსაც კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში გვთავაზობს აშშ, კონკრეტულად ივანიშვილმა საკუთარი ფინანსური ინტერესები როგორ შეიძლება ჩადოს?

ძალიან ბევრი ფაქტორია, რაც ახლა საქართველოს საკითხს ააქტიურებს. ერთია, ირანში მიმდინარე პროცესები. ჩვენ არ ვიცით, ხვალ რა მდგომარეობა იქნება ირანში – შეიძლება, საკომუნიკაციო მარშრუტები გადალაგდეს სრულად. ნებისმიერ შემთხვევაში სამხრეთის დერეფანი ყველაზე უფრო რენტაბელური და საინტერესოა.

ნებისმიერ გეოპოლიტიკურ კონფიგურაციაში, რომელსაც ახლა ამერიკის გეოსტრატეგიული ინტერესების უზრუნველყოფა შეუძლია, საქართველო ინტერესის ობიექტია.

  • მიგაჩნიათ, რომ აშშ და ტრამპი არ განიხილავს ახალ კონფიგურაციას კავკასიაში საქართველოს გარეშე? 

არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ საქართველო დატოვონ თამაშგარე, მაგრამ ეს არ არის მომგებიანი. ჩემი აზრით, გაცილებით უფრო მომგებიანია ამერიკისთვის ივანიშვილის ხელისუფლების, როგორც დილემის მოშორება, ვიდრე პრობლემების საქართველოს გარეშე გადაწყვეტა.

  • მაგრამ ივანიშვილს მიტაცებული აქვს ძალაუფლება და ცდილობს, მოკლას დემოკრატია. ამ ვითარებაში რას შეიძლება ველოდოთ ლოგიკურად?

ის, რომ ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას კლავს, ტრამპის ადმინისტრაციისთვის არ არის ნომერ პირველი პრობლემა – მოგვწონს თუ არა, ეს ასეა.

თუმცა ბიძინა ივანიშვილი რომ არის სერიოზული პარტნიორი რუსეთ-ჩინეთ-ირანის, ეს არის ამერიკელებისთვის სერიოზული პრობლემა, რომელსაც ისინი ივანიშვილს არც ერთ შემთხვევაში არ გაუტარებენ.

  • ალიევის თბილისში ვიზიტამდე საქართველომ გააძევა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი. ეს მოხდა საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევით. ეს რაში დასჭირდა ივანიშვილს, თქვენი აზრით? 

ეს იყო საშინელი მუხანათობა, ამას სხვა სახელი არ ეძებნება. ეს მაგონებს ფეოდალურ ეპოქას, როდესაც სტუმრად მისულ ფეოდალს მეორე უკეთებს ამ ტიპის საჩუქარს მონის სახით. ეს იყო ძალიან მდაბიო ჟესტი, რაც გააკეთა ხელისუფლებამ.

შეიძლება, ამას ასეთ დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს თავად ივანიშვილი და ჩათვალა უბრალოდ, რომ ასიამოვნა იმით ალიევს – ადამიანი, რომელიც ალიევის მიერ დევნილი იყო ქვეყნიდან, გადასცა მას და ახლა ალიევს თავად შეუძლია ისე მოიქცეს, როგორც საჭიროდ ჩათვლის.

  • დავით გარეჯი არ უხსენებიათ ალიევის თბილისში ვიზიტის დროს. 2020 წელს „ოცნების“ მთავარი წინასაარჩევნო სლოგანი ეს იყო: „დავით გარეჯი საქართველოა“… 

დავით გარეჯის საკითხი დასრულდა 2020 წელს, როდესაც „ოცნებამ“ ეს საკითხი აქცია შიდაპოლიტიკური სპეკულირების თემად. ამით აზერბაიჯანს სერიოზული სიურპრიზი მოუწყვეს. მანამდე დავით გარეჯი არ იყო შეტანილი ალბანური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში და შეიტანეს, გზა მიიყვანეს და ტურისტულ მარშრუტში ჩასვეს, დააყენეს მესაზღვრეები იქ, სადაც არ უნდა იდგნენ… პრაქტიკულად, 2020 წელს გარეჯი აზერბაიჯანს რეალურად დაუკანონეს ყოველგვარი პოლიტიკური განხილვის გარეშე.

ეს საკითხი უნდა ყოფილიყო პოლიტიკური განხილვის თემა ორ სახელმწიფოს შორის და უნდა მოეძებნათ შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ორივე სახელმწიფოსთვის იქნებოდა მისაღები. ეს შანსი მოსპეს „ქოცებმა“ გარეჯის საარჩევნო საკითხად გადაქცევით.

აზერბაიჯანთან საზღვარი არ გვაქვს ბოლომდე დელიმიტირებული და დადგენილი. როდესაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დასრულდება საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაცია, ეს პროცესი ორივე სახელმწიფოს დააყენებს დღის წესრიგში, ჩვენთან დაიწყოს ამ საკითხის განხილვა. აი, მაშინ ვნახავთ ყველა, რას ნიშნავდა 2020 წლის  „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებული დავით გარეჯის ეს უზნეო ოპერაცია. იქ მოვიმკით მაგის შედეგებს.

  • როგორ ლიდერად ჩამოყალიბდა ამასობაში ალიევი? 

ალიევი ძლიერი პოლიტიკური ლიდერია. მას ასე განიხილავს საერთაშორისო პოლიტიკა დღეს, რომ ის არის რეგიონული მასშტაბის ლიდერი. გარკვეულწილად შეერთებულ შტატებს აქვს ასევე მცდელობა, ალიევის ფიგურით ერდოღანის დაბალანსებისა და ეს ძალიან მკაფიოდ ჩანს. ის იძენს უფრო დიდ მასშტაბს, ვიდრე, დავუშვათ, მხოლოდ აზერბაიჯანის სახელმწიფო მმართველი.

ივანიშვილთან და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროსაც კარგად ჩანდა ალიევის სხეულის ენა, ჟესტები – ალიევი მხოლოდ სტუმრის ამპლუაში არ გრძნობდა თავს.

აზერბაიჯანში დემოკრატიის ისეთი მოთხოვნა არ არის და არც ყოფილა არასდროს, როგორც ეს საქართველოშია. ჩვენ ორი განსხვავებული ქვეყანა ვართ, ორი განსხვავებული კულტურით, განსხვავებული ცხოვრების და, შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნები დემოკრატიაზე და აზერბაიჯანელი მოსახლეობისა ერთმანეთისაგან განსხვავდება.

დიახ, არ არის ალიევი დემოკრატი ლიდერი, ის არ მოსწონს ყველას ქვეყანაში და საკმაოდ ხისტია მისი დამოკიდებულება ოპონენტების მიმართ, მაგრამ ალიევი არის გამარჯვებული ლიდერი, რომელმაც ბევრი წლის შემდეგ ტერიტორიული მთლიანობა დაუბრუნა სახელმწიფოს.

ბუნებრივია, ეს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში მისდამი დამოკიდებულებას სრულიად სხვაგვარად წარმოაჩენს.

  • ჩვენ სად ვართ ამ დროს?

ჩვენ არა ვართ, უბრალოდ.

ივანიშვილს არ ესმის, რომ მისი პოლიტიკა, რომელიც საქართველოს მიმართ იყო ასეთი, თუ შეიძლება ვიტყვი რუსულად: „ნიჟე ტრავი, ტიშე ვადი“, დღევანდელ რეალობაში აბსოლუტურად შეუსაბამოა. კიდევ ერთხელ ვამბობ: სუსტები არავის მოსწონს, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაციის პირობებში. დღეს ყველა ცდილობს იყოს ძლიერი ლიდერი, ძლიერი პოზიციებით და ძლიერი მოთხოვნებით საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურების ფორმირებისას ერთადერთი ჩვენ ვართ, ვინც არავისგან არაფერს არ ვითხოვთ და არაფრის მიღებას არ ვცდილობთ.

ჩვენს საქმეს არავინ გააკეთებს – ეს კარგად უნდა გვახსოვდეს. 500 დღე კი არა, მეტიც რომ იყოს საჭირო, უნდა ვიყოთ პროტესტში. მთავარია, ამ პროტესტს ჰქონდეს შედეგი.

„ოზთურქის ბინებს“ ბათუმის მერია მოქალაქეებისგან კიდევ 2 თვით დაიცავს – ბიუჯეტიდან 373 ათასი ლარი იხარჯება

ბათუმის მერია ბიზნესმენ გალიფ ოზთურქზე ჩამორთმეული კორპუსების დაცვას კიდევ 2 თვით გააგრძელებს.

სახელმწიფო დაცვის პოლიციას კი, დამატებით 186 ათას 930 ლარს გადაუხდიან. მერიის ინფორმაციით, ეს ობიექტის 2 თვის განმავლობაში დაცვისთვის საჭირო ჯამური თანხაა.

ბათუმის მერია აღნიშნულ კორპუსებს 2026 წლის თებერვლიდან იცავს, ანუ კიდევ 2 თვით გახანგრძლივებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან დაცვის პოლიციას ჯამში 373 ათას 860 ლარს გადაუხდიან.

„მოქალაქეთა მხრიდან აღნიშნული ფართის თვითნებურად [უკანონოდ] დაკავების თავიდან აცილების მიზნით [რისი მცდელობაც ბოლო პერიოდში არაერთხელ ყოფილა] მიზანშეწონილია ზემოაღნიშნული ობიექტების დაცვით უზრუნველყოფა,“ – წერს ბათუმის მერია.

„აჭარის დაცვის პოლიციის მთავარი სამმართველოს მიერ ხორციელდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ბათუმში, ნიკოლოზ გოგოლის ქ. #11ბ-ში მდებარე 16 081 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობების საპოლიციო ძალების მეშვეობით დაცვა.

ხელშეკრულება გაფორმებულია ორი თვის ვადით [2026 წლის 10 თებერვლიდან 10 აპრილის ჩათვლით]. ამასთან, ზემოაღნიშნული უძრავი ქონების საპოლიციო ძალების მეშვეობით დაცვა სავარაუდოდ გაგრძელდება 2 თვის ვადით, რისთვისაც საჭიროა 186 930ლარი,“ – აღნიშნულია შესყიდვების სააგენტოს პორტალზე ატვირთულ დოკუმენტებში.

სააგენტოს მერიამ მომსახურების ტენდერის გარეშე შესყიდვისთვის მიმართა.

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების [ქ. ბათუმი, ნ. გოგოლის ქ. №11] დაცვის მომსახურების განხორციელების მიზნით, დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის შესყიდვების განყოფილებას გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობის მიღების მიზნით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის მიმართვა,“ – წერია ბათუმის მერის 2026 წლის 3 აპრილის ბრძანებაში.

თუმცა, აღნიშნულ მისამართზე მდებარე შენობა-ნაგებობები – ანუ გალიფ ოზთურქისთვის ჩამორთმეული 7 კორპუსი, საჯარო რეესტრის მიხედვით ჯერ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონებად დარეგისტრირებული არ არის.

ბათუმის საკუთრებად რეესტრში მხოლოდ მიწის ნაკვეთია რეგისტრირებული და მასზე მდებარე შენობები არ არის მითითებული. შენობები არც ოზთურქის საკუთრებად იყო რეგისტრირებული.

  • საჯარო რეესტრის 2026 წლის 13 იანვრის ამონაწერით, ქ. ბათუმში, ნ. გოგოლის ქ. №11-ში მდებარე 16 081 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, სადაც კორპუსები დგას, გალიფ ოზთურქის საკუთრებაში იყო.
  • 2026 წლის 20 იანვრის ამონაწერით იგივე ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.
  • 2026 წლის 6 თებერვლის ბოლო ამონაწერით კი, აღნიშნული ნაკვეთის მესაკუთრე უკვე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტია.
მიწის ნაკვეთი [მონიშნულია წითელი ფერით] და მასზე მდებარე 7 კორპუსი ბათუმში, გოგოლის 11 ნომერში / ინფორმაციისთვის: ბათუმში გოგოლის ქუჩის ამ ნაწილს 2025 წელს გიორგი ცაბაძის სახელი დაარქვეს

რა ხდება

უძრავი ქონება [7 კორპუსი] ბათუმში, გოგოლის ქუჩა #11-ში, ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს სახელმწიფომ ჩამოართვა. საუბარია იმ კორპუსებზე, რომლებიც ოზთურქის კომპანიამ 2021 წელს უკანონოდ ააშენა და სახელმწიფოს მისთვის ხელი არ შეუშლია.

მას შემდეგ, რაც „ოცნების“ მთავრობას ბიზნესმენთან ურთიერთობა დაეძაბა, ამ კორპუსების კანონიერებაზე დაიწყო ადმინისტრაციული დავა ბათუმის სასამართლოში.

რამდენიმე ოჯახი თვითნებურად შესახლდა ოზთურქზე ჩამორთმეულ კორპუსებში. ეს მოქალაქეები ამბობდნენ, რომ უსახლკაროები არიან და აქციებიც გამართეს.

აჭარის არალეგიტიმური მთავრობის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ მოქალაქეებთან აქციაზე დაადასტურა, რომ ოზთურქისთვის ჩამორთმეულ კორპუსებს სოციალური მიზნებისთვის გამოიყენებენ, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტები სამთავრობო კომისიამ უნდა შეისწავლოს.

მოქალაქეებმა კი განცხადებით ბათუმის მერიას უნდა მიმართონ.

დეტალები ნახეთ ამ ბმულზე:

„ოზთურქის ბინების“ მოქალაქეებისგან დასაცავად ბათუმის მერია ორ თვეში 186 930 ლარს გადაიხდის

„რა უნდა დამალოს, სახლი და მანქანა რომ აქვს?“ – რატომ წაშალეს მამუკა მდინარაძის ქონებრივი დეკლარაციები

სუსის ამჟამინდელმა უფროსმა, მამუკა მდინარაძემ, პარლამენტში ყოფნისას, „გამჭვირვალობის“ მოტივით, მხარი დაუჭირა რუსულ კანონს. ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დანიშვნის შემდეგ წაშალეს იმ წლების ქონებრივი დეკლარაციებიც კი, რომლებიც მას პარლამენტის წევრობის დროს ჰქონდა შევსებული.

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონი სუსის უფროსსა და მის მოადგილეებს ქონებრივი დეკლარაციის წარდგენას ავალდებულებს. თუმცა არც მამუკა მდინარაძის და არც მისი მოადგილეების დეკლარაცია შესაბამის პორტალზე არ იძებნება. მიუხედავად იმისა, რომ სუს-ის ყოფილი უფროსების ქონებრივი დეკლარაციები ისევ ხელმისაწვდომია, მათ შორის, პატიმრობაში მყოფი გრიგოლ ლილუაშვილის.

„პუბლიკასთან“ საუბარში სუს-მა ხელმძღვანელი პირების მხრიდან დეკლარაციების საჯაროობის ვალდებულებას პარადოქსული უწოდა. მათ ახსენეს საერთაშორისო პრაქტიკაც და ის, რომ სუს-ის უფროსის დეკლარაციების ფარულობას დააკანონებენ კიდეც.

მდინარაძის გაუმჭვირვალე დეკლარაციების საკითხს ყოფილი პარლამენტარი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე 2014-2018 წლებში თეონა აქუბარდია გამოეხმაურა.

თეონა აქუბარდია

როდესაც კანონის უზენაესობა სავალდებულოა და კანონის დაცვა ევალება ყველას, რატომ ჩათვალა მამუკა მდინარაძემ, რომ მისი სახლის ან ავტომანქანის შესახებ ინფორმაცია საიდუმლო უნდა იყოს? – თეონა აქუბარდიას „ბათუმელები“ დაუკავშირდა და ამ საკითხის შეფასება სთხოვა.

  • ქალბატონო თეონა, როგორც ვიცით, კანონი ჯერ არ შეუცვლიათ და ამის მიუხედავად, მაინც წაიშალა სისტემიდან მამუკა მდინარაძის ქონებრივი დეკლარაციები. რამდენად მისაღებია თუნდაც ის, რომ მისი დეპუტატობის დროინდელი დეკლარაციებიც კი დახურეს?

არ უნდა წაშლილიყო ეს ინფორმაცია – ისედაც უამრავ გვერდზეა გადატანილი და შეუძლებელია ამ დეკლარაციების გაქრობა. დეპუტატობა არანაირ კავშირში არ არის ამასთან და მაინც რა უნდა დამალოს, სახლი და მანქანა რომ აქვს? რატომ არის ეს უსაფრთხოებისთვის გამოწვევა, ამის არგუმენტია საჭირო.

თუ დაამტკიცებენ, რომ ეს უსაფრთხოებისთვის საჭიროა, მაშინ კანონში წერია, რომ სუს-ის უფროსი პირდაპირ არის ანგარიშვალდებული პარლამენტთან, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან. ამ შემთხვევაში პარლამენტის თავდაცვის კომიტეტისთვის მისი დეკლარაცია უნდა იყოს ხელმისაწვდომი, რომ გააკონტროლონ, ისე როგორც სუს-ის უწყება მთლიანად.

  • დასავლეთის პრაქტიკაზე რომ საუბრობენ, აშშ-ს გულისხმობენ?

დიახ, ამერიკაში არის ასეო. სიმართლე გითხრათ, არ მიძებნია კონკრეტული ქვეყნების სამართლებრივი ანალიზი, ეს მათი ვალდებულებაა, თუმცა კორუფციის მკვლევარი „პუბლიკასთან“ საუბარში ამბობდა, რომ რიგ ქვეყნებში არის ასე. მაგრამ სადაც საჯარო არ არის დეკლარაცია, იქ პარლამენტი აკონტროლებს ან შესაბამისი სამსახური. თანაც ყველაფრის ასე კოპირება არ შეიძლება. უნდა გაითვალისწინო კონტექსტი.

საქართველოში სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი ციხეშია კორუფციის ბრალდებით და თავდაცვის ყოფილი მინისტრიც ციხეშია – ეს ნიშნავს, რომ კორუფციის მაღალი რისკები არსებობს.

გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ყველაზე ხანგრძლივად ხელმძღვანელობდა სუს-ს და დღეს ციხეში სწორედ კორუფციის ბრალდებით ზის, დეკლარაციის საჯაროობას მისთვის ხელი არ შეუშლია იმაში, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქისგან ფული აეღო, როგორც ამას ბრალდება ამბობს. ამიტომ ეს ფაქტორები უნდა იყოს გათვალისწინებული.

კატასტროფული მდგომარეობაა კორუფციის მხრივ. აგერ თურმე უფასო სასადილოებიდან ბიუჯეტის 3 მილიონი ლარი იყო შეჭმული, ყველაზე უპოვარ ადამიანებსაც კი ჰპარავდნენ ფულს და რატომ არ უნდა იყოს საჯარო მდინარაძის დეკლარაცია?

სახელმწიფო უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სუს-ის უფროსის დეკლარაციის საჯაროობის საფრთხე კარგად უნდა იყოს განმარტებული და არა მხოლოდ თითის გაშვერა დასავლეთისკენ, რომ თურმე იქ არის ასე.

დასავლური დემოკრატიების მაგალითები თუ უნდათ, მაშინ უშიშროების საბჭო რატომ გააუქმეს, რომელიც ყველა ქვეყანას აქვს, მათ შორის რუსეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს და დაზვერვის სამსახური რატომ შეუერთეს სუს-ს. აშშ-იც დაზვერვის და უსაფრთხოების სამსახურები ცალკეა.

  • რადგან კანონი არ შეცვლილა, გამოდის, მდინარაძე დეკლარაციების გაუჩინარებით არსებულ კანონს არღვევს?

მე რომ არ შემევსო დეკლარაცია, 1000 ლარით დამაჯარიმებდნენ. რატომ არ არის კანონის ეს ვალდებულება გამოყენებული მდინარაძესთან მიმართებაში? თუ 2 აპრილს უწევდა დეკლარაციის შევსება, მაშინ ჯერ ემსჯელათ, შეეცვალათ კანონი და ისე წაეშალათ დეკლარაციები. ახლა კი, მდინარაძის რწმენის შესაბამისად მოხდა დეკლარაციების წაშლა და არა კანონის.

მაშინ, როცა მამუკა მდინარაძე იყო ვითომ „გამჭვირვალობის“ კანონის ავტორი (რომელსაც სამართლიანად შევარქვით „რუსული კანონი“) და ჩვენი ევროპული კურსის განვითარების საწინააღმდეგო მხარეს იდგა.

მხოლოდ და მხოლოდ მამუკა მდინარაძის დეკლარაციის საკითხში რატომ არის დასავლური პრაქტიკა მიმზიდველი და არა მთლიანად ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელიც განსაკუთრებით მოშალეს და დააზიანეს.

Exit mobile version