მთავარი,სიახლეები

მთავრობამ კიდევ 95 ჰექტარი ზღვა დაირეგისტრირა, როგორც არასასოფლო ნაკვეთი

30.09.2021
მთავრობამ კიდევ 95 ჰექტარი ზღვა დაირეგისტრირა, როგორც არასასოფლო ნაკვეთი

საქართველოს მთავრობამ ბათუმში, იახტკლუბის მიმდებარედ, ზღვაში, 95 ჰექტარი ტერიტორია დაირეგისტრირა, როგორც არასასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი. ეს გადაწყვეტილება რეესტრში 2021 წლის 2 აგვისტოს აისახა.

იქედან გამომდინარე, რომ ამ ტერიტორიის გასწვრივ „მთავრობამ ზღვაში 89 ჰექტარი [891 258 კვ.მ.] ტერიტორია აღნაგობის უფლებით უკვე გადასცა „ამბასადორი ბათუმი აილენდს“, „ბათუმელები“ დაინტერესდა, ამ ტერიტორიის გადაცემაც ხომ არ იგეგმება რომელიმე კერძო კომპანიისთვის.

აქ წაიკითხეთ: მთავრობამ ამბასადორს 89 ჰექტარი ზღვა გადასცა – რა იქნება კუნძულზე

ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ტერიტორიის გასხვისება არ იგეგმება და მთავრობამ გადაწყვეტილება ნავსადგურის შეუფერხებლად მუშაობისთვის, ასევე ქვეყნის ტრანზიტული პოტენციალის გაზრდის მიზნით მიიღო. ამ მიზნების მისაღწევად სააგენტო რეგულაციების დაწესებასაც განიხილავს.

„გაცნობებთ, რომ ნავსადგურში შესასვლელი არხი წარმოადგენს სახელმწიფოს ექსკლუზიურ საკუთრებას. ნავსადგურის შეუფერხებლად მუშაობის და ქვეყნის ტრანზიტული პოტენციალის ასამაღლებლად, მნიშვნელოვანია განსაზღვრული იყოს არხით სარგებლობის, მოსაკრებლის, მოვლის და სხვა სამართლიანი პირობები. ამ მიზნით ბათუმში, ნავსადგურის მიმდებარედ არსებული 956 955 კვ.მეტრი უძრავი ქონება დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად. ასევე მოგახსენებთ, რომ აღნიშნული ქონების სხვა მიზნით განკარგვა არ განიხილება და რეგისტრაციის მიზანია მხოლოდ სახელმწიფო ინტერესის დაცვა“, – წერილობით განმარტეს სააგენტოში.

ამავე ტერიტორიაზე, პორტის აკვატორიაში, მიწის ნაკვეთად 1 ჰექტარი ფართობი მთავრობამ 2019 წელსაც დაარეგისტრირა. მაშინ სააგენტოში აცხადებდნენ, რომ გადაწყვეტილების საფუძველი „ბათუმის იახტკლუბის“ მიმართვა იყო.

„ბათუმის იახტკლუბის“ დირექტორის, მიშა ფანჩულიძის განმარტებით, ორი წლის წინ ტერიტორიას იმავე მიზეზით – ზღვაში ქაოსური მოძრაობის დასარეგულირებლად ითხოვდნენ, თუმცა მოგვიანებით კომპანიამ თავად თქვა უარი ტერიტორიაზე.

„მოგვიანებით მივხვდით, რომ ტერიტორიის გადმოცემა არაფერს შეცვლიდა“, – განმარტეს დღეს კომპანიაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: