გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის [KfW] საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ადლიის გამწმენდი ნაგებობის გაფართოება იგეგმება.
ეს პროგრამა [ე.წ. V ფაზა] ქალაქის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის გაფართოებას ითვალისწინებს ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებზე.
ქალაქის მერიის შპს „ბათუმის წყალმა“ ადლიის გამწმენდი ნაგებობის წარმადობის გაზრდისა და ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტთან დაკავშირებით სკოპინგის ანგარიშით გარემოს ეროვნულ სააგენტოს უკვე მიმართა.
პროექტი ითვალისწინებს როგორც უშუალოდ გამწმენდი ნაგებობის გაფართოებისთვის სამშენებლო ადგილის, ასევე, დაგეგმილი სატუმბი სადგურებისა და ახალი საკანალიზაციო ქსელის განთავსების ტერიტორიების მომზადებას.
ანგარიშის მიხედვით, შემოერთებულ ტერიტორიებზე საკანალიზაციო ქსელი განთავსდება საავტომობილო გზებისა და ტროტუარების გასწვრივ. მშენებლობისთვის კი, შესაბამისი ნებართვების მიღების შემდეგ, გათვალისწინებულია მაქსიმუმ 2 წელი.
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ამ ანგარიშის შესწავლის საფუძველზე უნდა გასცეს სკოპინგის დასკვნა, რომლითაც განისაზღვრება თუ რა კვლევებია საჭირო გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ-ის] ანგარიშის მომზადებისთვის, ასევე განისაზღვრება შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალი. დასკვნის გათვალისწინება კი სავალდებულოა გზშ-ის ანგარიშის მომზადებისას.
- ადლიის გამწმენდი ნაგებობა
სკოპინგის ანგარიშიდან:
„არსებული გამწმენდი ნაგებობა, 2009 წლის პროექტის მიხედვით, განთავსდა 1977 წელს აშენებული გამწმენდი ნაგებობის ტერიტორიაზე, რომელიც საჭიროებდა რეკონსტრუქციას. გარდა ამისა, ტერიტორია იძლეოდა სამომავლოდ გაფართოების საშუალებას.
არსებული გამწმენდი ნაგებობა დაპროექტდა 200 000 მოსახლეობის ეკვივალენტზე და მისი გაფართოება იგეგმებოდა 2028 წლიდან, თუმცა, ფაქტობრივი მონაცემებით, ბათუმში და მის შემოგარენში, მოსახლეობის რაოდენობის ზრდა მნიშვნელოვნად აღემატება 2009 წლის გზშ-ის ანგარიშში გაკეთებულ პროგნოზს.
გარდა ამისა, 2011 წელს, მუნიციპალიტეტების გაერთიანების დროს, ბათუმის მუნიციპალიტეტში გაერთიანდა ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებიდან ხუთი ადმინისტრაციული ერთეული, რამაც ასევე გამოიწვია ბათუმის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მკვეთრი ზრდა, მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა დაახლოებით 30 000 მოსახლით.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმი 2007 წლიდან სარგებლობს KfW საინვესტიციო პროგრამით, „მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია I-IV ფაზა“, რომლის ფარგლებში ინვესტიციები ფოკუსირებული იყო კანალიზაციის სისტემის, ადლიის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობისა და ქალაქის წყლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე ქალაქის იმ ტერიტორიებზე, რომელიც 2011 წლამდე იყო ბათუმის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში.
ფაქტობრივი მონაცემებით, ბათუმში და მის შემოგარენში, მოსახლეობის რაოდენობის ზრდა მნიშვნელოვნად აღემატება 2009 წელს გაკეთებულ პროგნოზს და შეადგენს დაახლოებით 275 000 ადამიანს [ზაფხულის პერიოდის გათვალისწინებით].
ახალი კვლევის მიხედვით, ბათუმში მოსახლეობის რაოდენობის პროგნოზი 2040 წლისთვის 352 000 სულ მოსახლეს მიაღწევს, საკურორტო სეზონის დატვირთვის გათვალისწინებით კი – 414 000 სულს.
ზემოთ ჩამოთვლილმა გარემოებებმა და მოსახლეობის რაოდენობის მკვეთრმა ზრდამ განაპირობა ადლიის გამწმენდი ნაგებობის გაფართოების გადაუდებელი საჭიროება.
გამწმენდი ნაგებობის გაფართოების პროექტი ითვალისწინებს როგორც გამწმენდი ნაგებობის სიმძლავრის გაზრდას, ასევე აზოტისა და ფოსფორის მოცილების პროცესის გაძლიერებას, რათა გაწმენდილმა წყლის ხარისხმა სრულად დააკმაყოფილოს, როგორც ეროვნული ისე ევროკავშირის შესაბამისი დირექტივა.“
ამავე ანგარიშის მიხედვით, იმისთვის, რომ გამწმენდმა ნაგებობამ უზრუნველყოს 2040 წლისთვის მოსალოდნელი დატვირთვის მომსახურება, წინასწარი გაანგარიშებით დამატებითი საჭირო იქნება შემდეგი ინფრასტრუქტურის მოწყობა:
- გამცხრილავი – 4 ერთეული
- ქვიშის დამჭერი – 4 ერთეული
- პირველადი დალექვის სალექარი – 6 ერთეული
- დენიტრიფიკაციის აუზები – 12 ერთეული
- შუალედური დალექვის სალექარები – 34 ერთეული
- წვეთოვანი ფილტრები – 11 ერთეული
- საბოლოო დალექვის სალექარი – 4 ერთეული
- მეზოფილური ლამის დაიჯესტერი – 4 ერთეული
- აირის დამჭერი – 2 ერთეული
- თბოელექტროცენტრალი (CHP) – 2 ერთეული
დოკუმენტის მიხედვით, „გამწმენდის გაფართოების პროექტისთვის შერჩეული დაახლოებით 5 ჰექტარი ტერიტორია, რომელიც აღმოსავლეთით ესაზღვრება არსებულ გამწმენდ ნაგებობას.
ტერიტორიაზე უსისტემოდ არის განთავსებული სამშენებლო ნარჩენები. ტერიტორიის დიდი ნაწილი წარმოდგენს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებას, მხოლოდ ერთ ნაკვეთზე ფიქსირდება კერძო საკუთრება“.
- კანალიზაციის სატუმბი სადგურები შემოერთებულ ტერიტორიაზე
პროექტი ასევე ითვალისწინებს სატუმბი [სატუმბი მაგისტრალური მილსადენები და სატუმბი სადგურები] და მხოლოდ პირველადი თვითდენითი კოლექტორების სისტემების მოწყობას აეროპორტის, ინდუსტრიული და კახაბრის ადმინისტრაციული ერთეულებისთვის.
სკოპინგის ანგარიშში აღნიშნულია, რომ „აეროპორტისა და ინდუსტრიული ადმინისტრაციული ერთეულები წარმოადგენს ბათუმის მომავალი გაფართოების ზონებს, ხოლო კახაბრის ადმინისტრაციული ერთეული არის მთიანი ტერიტორია, სადაც არ არის მკაფიო დასახლების სტრუქტურა, განლაგებულია ცალკეული სახლები და მხოლოდ იშვიათად დასახლებული ტერიტორიაა.
შესაბამისად, კახაბერის ადმინისტრაციული ერთეული განიხილება უფრო დაბალ პრიორიტეტად, გარდა მამია ვარშანიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიისა [ყოფილი მთისძირის ქუჩა], რომელიც განაშენიანების მხრივ საკმაოდ აქტიური ტერიტორიაა, ინტენსიურად მიმდინარეობს სახლების და სასტუმროების შენება და ხდება ერთგვარი ზემო ქალაქის საცხოვრებელი ზონა.
აეროპორტის, ინდუსტრიული და კახაბერის ადმინისტრაციული ერთეულები განიხილება როგორც ერთი ტერიტორია, რომელიც ტოპოგრაფიულად შეიძლება დაიყოს წყალშემკრებ ზონებად:
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წყალშემკრებ ზონებად დაყოფა განპირობებულია არსებული რელიეფის თავისებურებით:„ასე მაგალითად, მდინარე მეჯინისწყალი და დიდი ზომის სანიაღვრე არხები წარმოადგენს ბუნებრივ დაბრკოლებას თვითდინებითი კოლექტორების მოსაწყობად [გადაკვეთის დროს], რის შედეგადაც კონკრეტული წყალშემკრები ზონებიდან თვითდინებითი საკანალიზაციო სისტემის საშუალებით შეგროვილი ჩამდინარე წყლების ჩაშვება ხორციელდება სატუმბ სადგურებში, საიდანაც ხდება მიღებული მასების გადატუმბვა ადლიის გამწმენდ ნაგებობამდე შემდგომი გაწმენდის მიზნით“.
თითოეული წყალშემკრები ზონის შემთხვევაში გათვალისწინებულია საწნეო მილსადენების, ძირითადი კოლექტორებისა და გამანაწილებელი ქსელის მოწყობა, რომელთა ჯამური სიგრძე დაახლოებით 38 კილომეტრი იქნება.
„დაგეგმილია ჯამში ოთხი ერთეული მცირე ზომის სატუმბი სადგურის მოწყობა, რომელიც მოემსახურება კონკრეტულ წყალშემკრებ ზონას ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით. თითოეული მათგანი მუშაობს ავტომატურ რეჟიმში და მექანიკურ ჩარევას საჭიროებს მხოლოდ მანქანა-დანადგარების მომსახურებისა და სარემონტო სამუშაოების წარმოების დროს.
თითოეული სატუმბი სადგური აღჭურვილი იქნება შესაბამისი გამცხრილავითა და ელევატორით, რომელთა საშუალებითაც მიმდინარეობს შემოსული გაბარიტული ნარჩენების მოშორება და ხრახნიანი პრესის საშუალებით სანაგვე ურნაში შეგროვება, რისი გატანაც პერიოდულად მოხდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე, ოპერატორ კომპანიასთან [შპს „სანდასუფთავება“] დადებული მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში“ – წერია სკოპინგის ანგარიშში.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ „პროექტის განხორციელების შედეგად მოსალოდნელია არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება. გაწმენდილი ჩამდინარე წყლები ორგანიზებულად გაყვანილი და ჩაშვებული იქნება მდინარე ჭოროხში [ღია სანიაღვრე არხის მეშვეობით] და შავ ზღვაში [სიღრმისეული ჩაშვებით].
აღნიშნული ჩამდინარე წყლების გაწმენდა მოხდება ევროკავშირის და ეროვნული ნორმატიული დოკუმენტებით დადგენილ ნორმებამდე. გზშ-ს ეტაპზე შემუშავდება და სააგენტოში შესათანხმებლად წარმოდგენილი იქნება ზედაპირული წყლის ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების [ზდჩ-ს] ნორმების პროექტი“.
ნიშანდობლივია, რომ „საპროექტო ტერიტორია არ ხვდება, საქართველოში არსებული დაცული ტერიტორიების საზღვრებში. დაახლოებით 8 კმ-ით არის დაშორებული მტირალას ეროვნული პარკიდან, თუმცა, უშუალოდ ადლიის გამწმენდი ნაგებობის ტერიტორია სრულად არის მოქცეული ზურმუხტის ქსელის მიღებული საიტის „ჭოროხის დელტა GE0000054“-ის და ბიომრავალფეროვნების მნიშვნელოვან ტერიტორია „Batumi 1“-ის ფარგლებში“.
- სუნი გამწმენდი ნაგებობის ტერიტორიაზე
ბათუმში, ადლიის დასახლებაში მოქალაქეები ხშირად უჩივიან სპეციფიკურ, უსიამოვნო სუნს. ტერიტორიასთან, სადაც ბოლო წლებში საკანალიზაციო წყლების გამწმენდი ნაგებობა ფუნქციონირებს, ახლოსაა ბათუმის ნაგავსაყრელიც.
უსიამოვნო სუნის გამომწვევ მიზეზად მხოლოდ ნაგავსაყრელი სახელდებოდა, თუმცა შპს „ბათუმის წყალმა“ რამდენიმე წლის წინ განაცხადა, რომ გამწმენდ ნაგებობასთან ასევე იყო გოგირდ-წყალბადის სუნიც და აპირებდა მის გაუნებელყოფას.
თუმცა, „ბათუმის წყალში“ მაშინ ისიც გვითხრეს, რომ ადლიის გამწმენდ ნაგებობაზე კვარტალურად ატარებენ სუნის ლაბორატორიულ შემოწმებას და „ამ შემოწმების შედეგები აჩვენებს, რომ სუნი გამწმენდი ნაგებობის ტერიტორიაზე დასაშვებ ნორმაშია და არ სცილდება დადგენილ ზღვრებს.“
- ვრცლად ამ თემაზე: სპეციფიკური სუნი ადლიაში – „ბათუმის წყალი“ გამწმენდ ნაგებობაზე ბიოგაზის დაჭერას გეგმავს
რა იქნება გამწმენდი ნაგებობის გაფართოების შემდეგ.
სკოპინგის ანგარიშშიც აღნიშნულია, რომ „როგორც წესი ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების ექსპლუატაცია უსიამოვნო სუნის გავრცელებას უკავშირდება. სუნის გავრცელების მთავარი წყარო კი არის სკრინინგი და სალამე მოედნები, სადაც წარიმართება ლამის გამოშრობა და აერობული სტაბილიზაცია. ასევე სუნის გავრცელება მოსალოდნელია სხვა სტრუქტურული ობიექტებიდან“.
მიუხედავად ამისა, დოკუმენტში იქვე ხაზგასმულია, რომ „მოქმედი გამწმენდი ნაგებობის ექსპლუატაციის ეტაპზე, უსიამოვნო სუნი შეინიშნება მხოლოდ გამწმენდი ნაგებობის რამდენიმე უბანზე და სუნის გავრცელებას ადგილი არა აქვს ტერიტორიის გარეთ.
ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის [ზდგ] ნორმების პროექტის შემუშავების ეტაპზე, გაანგარიშებული იქნება უსიამოვნო სუნის მქონე დამაბინძურებლების მოსალოდნელი რაოდენობა და გაბნევების ინტენსივობა.
გარდა ამისა, უსიამოვნო სუნის გავრცელების რისკების შემცირებისთვის გატარდება სათანადო ღონისძიებები, განსაკუთრებით სალამე მოედნების ოპერირების პროცესში, კერძოდ:
• არასასიამოვნო სუნის გავრცელების პრევენციის მიზნით დამყარდება სისტემატური კონტროლი ნაგებობის გამართულ მუშაობაზე;
• ჩამდინარე წყლების მიმღები კამერები რეგულარულად გაიწმინდება ლამისგან;
• წვეთოვანი ფილტრები რეგულარულად გასუფთავდება და მოხდება მათი პერიოდული ტექმომსახურება;
• ლამის საშრობ მოედნებზე დასაწყობება მოხდეს მაქსიმალურად სქელი ფენით [თუმცა საპროექტო პარამეტრების ზედმიწევნით დაცვის პირობით] და ამით მინიმუმამდე შემცირდება ლამის ზედაპირის ფართობი;
• დაცული იქნება საკანალიზაციო ქსელის ოპერირების პირობები. ქსელის (მათ შორის ჭების) გაწმენდა მოხდება რეგულარულად.
წინასწარი შეფასებით, შემარბილებელი ღონისძიებების გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ გამწმენდი ნაგებობის და საკანალიზაციო ქსელის ექსპლუატაციის ეტაპზე უსიამოვნო სუნის გავრცელებით გამოწვეული ზემოქმედება იქნება დაბალი და არ გასცდება გამწმენდის ტერიტორიას.
აქვე ხაზგასასმელია, რომ პროექტის განხორციელება ცალსახად დადებითი შედეგების მომტანი იქნება ამჟამინდელ მდგომარეობასთან შედარებით, როდესაც საკანალიზაციო წყლების არაორგანიზებული მართვის გამო დასახლებაში უსიამოვნო სუნის გავრცელების გაცილებით მაღალი რისკები არსებობს.
გზშ-ს ეტაპზე მოხდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გამოყოფის და გაბნევის გაანგარიშება [მათ შორის უსიამოვნო სუნის გამომწვევი ნივთიერებებისთვის], რის საფუძველზეც საჭიროების შემთხვევაში განისაზღვრება დამატებითი შერბილების ღონისძიებები.
ცალკე ანგარიშის სახით წარმოდგენილი იქნება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების ემისიების ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტი. ზემოქმედება შეფასდება უახლოესი საცხოვრებელი სახლისთვის.
მავნე ნივთიერებების გამოყოფის და მგრძნობიარე რეცეპტორებისკენ გავრცელების მთავარი პრევენციული ღონისძიებაა გამწმენდი ნაგებობის ოპერირების ტექნიკური პირობების დაცვა, მათ შორის ნარჩენების [ლამი და სხვა] სათანადო მართვა.
- საჯარო განხილვა
მიუხედავად იმისა, რომ უსიამოვნო სუნი გამწმენდი ნაგებობიდან, ძირითადად ადლია-აეროპორტის დასახლებაში აწუხებს მოსახლეობას, სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩანიშნულია ხელვაჩაურის მერიის შენობაში [მისამართი: ქალაქი ბათუმი, დიდაჭარის ქუჩა №23] 2024 წლის 17 ივნისს, 15:00 საათზე.
საჯარო განხილვის ორგანიზატორია სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ პირს.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განცხადებით „წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 21 ივნისის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge [შენიშვნის/მოსაზრების ელ-ფოსტაზე გამოგზავნისას უნდა მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს].
მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსიის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, რისთვისაც დაინტერესებულ პირს შეუძლია დაუკავშირდეს აღნიშნულ ცენტრს [ტელ: +995 322 112023, ელ-ფოსტა: ph@eiec.gov.ge, მისამართი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N32გ]“.