განათლება,მთავარი,სიახლეები

რა დახვდებათ აბიტურიენტებს უნივერსიტეტებში, როცა პროგრამები ჯერ არც კი გადაუკეთებიათ

08.04.2026
რა დახვდებათ აბიტურიენტებს უნივერსიტეტებში, როცა პროგრამები ჯერ არც კი გადაუკეთებიათ

აბიტურიენტებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია უკვე დაიწყეს. თუმცა „ქართული ოცნების“ განათლების „რეფორმამ“ უნივერსიტეტები კიდევ ერთი პრობლემის წინაშე დააყენა, მათ პირველ მაისამდე ანუ ფაქტობრივად ერთ თვეში უნდა მოასწრონ ოთხწლიანი საბაკალავრო პროგრამების სამწლიანად გადაკეთება, ხოლო მაგისტრატურის ორწლიანი პროგრამები პირველ ივლისამდე უნდა გადაკეთდეს ერთწლიანად.

რატომ დუმს ამ პროცესში ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და რას მისცემს სტუდენტებს ერთ თვეში შემცირებულ-გადაკეთებული სასწავლო პროგრამები? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის ასოცირებულ პროფესორს, ქეთი ცოტნიაშვილს ესაუბრა.

  • ქალბატონო ქეთი, როგორც ვიცით, „რეფორმამდე“ უნივერსიტეტები თვეობით მუშაობდნენ ახალ პროგრამაზე, შემდეგ კი ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მსჯელობდა პროგრამის ხარისხზე და ისე ანიჭებდა აკრედიტაციას. რა მოხდება ახლა, როცა ფაქტობრივად ერთ თვეში უწევთ უნივერსიტეტებს პროგრამების თავიდან დაწერა?

დიახ, პრობლემა ძალიან კრიტიკულია, რადგან პირველ მაისამდე ძალიან ცოტა დროა იმისთვის, რომ ეს პროგრამები გადაკეთდეს. სავარაუდოდ, უკვე არსებულ პროგრამებს მოაკლდება მაინორის კრედიტები და ასევე, თავისუფალი არჩევითი საგნები, ამაზეა გათვლა.

თუმცა ყველა პროგრამა ასეთი მარტივი გადასაკეთებელი არ არის – სხვადასხვა უნივერსიტეტში სხვადასხვა პროგრამას სხვადასხვანაირი განაწილება აქვს კრედიტების. ამიტომ ასეთ მჭიდრო ვადებში პროგრამების გადაკეთება მნიშვნელოვნად აზიანებს ხარისხს. გამოდის, აბიტურიენტებმა ისე უნდა შემოხაზონ ახლა პროგრამები, რომ არც კი ვიცით რას როგორ გადააკეთებენ უნივერსიტეტები და როგორ გადამოწმდება მათი ხარისხი – მექანიზმები ხარისხის ცენტრის მიერ ფორმალიზებული არ არის. იმდენად მოკლე დროა დარჩენილი ხარისხის ცენტრისთვისაც კი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჯეროვნად შეძლონ შემოკლებული პროგრამების ხარისხის შეფასება.

ქეთი ცოტნიაშვილი

პრობლემაა ისიც, რომ სტუდენტები ჩაირიცხებიან ისეთ პროგრამებზე, რომელთა ხარისხიც როგორაა გადამოწმებული, არ ეცოდინება არავის. ახლა, როცა უკვე უნდა აირჩიონ პროგრამები, მათ ისიც კი არ იციან, რომელი პროგრამა რამდენწლიანია. წინა წლებში აბიტურიენტების ცნობარში ეს მითითებული იყო. მაგალითად, დაწყებითი მასწავლებლის მომზადების პროგრამა 5-წლიანი ანუ 300-კრედიტიანი იყო, ზოგიერთ უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა 180 კრედიტი (3 წელი), პროგრამების უმრავლესობა კი 240 კრედიტი (ანუ 4 წელი) და ასე შემდეგ.

  • არც სამინისტროს აქვს სადმე მითითებული კრედიტების რაოდენობა, როცა წლებს ამცირებდნენ, კრედიტებზე არ დაფიქრდნენ?

სამინისტრომ გამოსცა ბრძანება, რომელშიც მოცემულია გარკვეული პროგრამების ჩამონათვალი, რომლებიც უნდა დარჩეს 240 კრედიტზე, თუმცა პროგრამების უმრავლესობა იქნება 180-კრედიტიანი. აბიტურიენტები ამის შესახებ ინფორმირებულნი არ არიან, რადგან ისინი სამინისტროს ბრძანებებს არ ეცნობიან.

მაგალითად, ინჟინერია და, ძირითადად, STEM-ის მიმართულების პროგრამები ისევ ოთხწლიანი იქნება. ასევე, კონსერვატორიის რამდენიმე სამუსიკო პროგრამა. მაგრამ, როგორ შეირჩა ეს პროგრამები, რომელი უნდა დარჩეს და რომელი არა 240-კრედიტიანი, ეს არ ვიცით – დარგობრივ საბჭოებთან, ექსპერტებთან, აკადემიურ პერსონალთან ეს განხილული არ ყოფილა.

მაგალითად, ფსიქოლოგიის პროგრამა ვერ მოხვდა იმ გამონაკლისებში, რომელსაც უნარჩუნდებოდა 240 და 120 კრედიტი სამაგისტრო და საბაკალავრო საფეხურზე. თუმცა შემდეგ თსუ-მ, პროფესორ მარინა ჩიტაშვილის ინიციატივით, მიმართა სამინისტროს და აუხსნეს, რომ ეს იყო სერიოზული დარღვევა, როგორც პროფესიული, ასევე აკადემიური სტანდარტის და მერე შეცვალა სამინისტრომ ბრძანება.

  • გამოდის, ინდივიდუალურად უნდა არკვიონ პროგრამის ხელმძღვანელებმა სამინისტროსთან?

ასე გამოდის. ინდივიდუალურად მიმართვის საფუძველზე რაღაცები იცვლება. თუმცა, იმდენად დაულაგებელია ეს პროცესი, რომ ვინ მიმართავს, ვის დათანხმდებიან და ვის არა, ესეც გაურკვეველია.

  • თქვენ რა პროგრამაზეც ასწავლით ილიაუნში, ისიც შეამცირეს?

მე ვარ განათლების მიმართულებაზე, ოღონდ სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე ვასწავლი სტუდენტებს. სადოქტორო საფეხურთან დაკავშირებით ჯერ არაფერია ცნობილი, სამაგისტრო პროგრამებზე ასევე გვეუბნებიან, რომ ორწლიანი პროგრამები უნდა გადავაკეთოთ ერთწლიანად. ახლა გვაქვს სამაგისტრო პროგრამა განათლების ადმინისტრირების მიმართულებით, რომელიც 2009 წელს შეიქმნა კალიფორნიის უნივერსიტეტთან (UCLA) თანამშრომლობით. ეს იყო ამ მიმართულების პირველი პროგრამა საქართველოში, რომელიც წლების განმავლობაში კიდევ უფრო დაიხვეწა. ყოველ წელს 40 სტუდენტს ვიღებდით. ახლა კი 5 სტუდენტის მიღების უფლება მოგვცეს მხოლოდ. ახლა გვეუბნებიან, რომ ეს პროგრამაც უნდა გადავაკეთოთ.

დაწყებითის მასწავლებლის პროგრამა საერთოდ გააუქმეს და წელს ამ პროგრამაზე ვერავინ ჩაირიცხება.

  • თუ UCLA-ს სტანდარტებით არის შემუშავებული თქვენი პროგრამა, რა დაემართება კრედიტების შემცირების შემდეგ? თუ მოიშლება ეს ხარისხი, იქნება კი ისევ მოთხოვნადი? როგორ ფიქრობთ?

ამ პროგრამის მთავარი ფოკუსი არის ის, რომ სტუდენტები იკვლევენ სკოლებსა და უნივერსიტეტებში არსებულ პრაქტიკას, სწავლობენ ცვლილების მართვას კვლევაზე დაფუძნებით და ამის ერთ წელში ჩატევა შეუძლებელია. ასეთი უხეში ჩარევა ყველა სამაგისტრო პროგრამისთვის სერიოზული პრობლემა იქნება. ბაკალავრიატს რაც შეეხება, ამ პროგრამებს მოაკლებენ არჩევით საგნებს და მაინორის კომპონენტს.

  • რას ამბობს ხარისხის ეროვნული ცენტრი, განხილვის რომელიმე ეტაპზე თუ ისაუბრა ამ რისკებზე?

ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა სანდოობის თვალსაზრისით კიდევ უფრო კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, რადგან ქვეყნის განათლების სისტემა უნდა იყოს თავსებადი განათლების ევროპულ სისტემასთან. რაც პროცესების გამჭვირვალობას, სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებას, ხარისხის მართვის პროცესებში აკადემიური საზოგადოების ჩართულობას და პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებლობას გულისხმობს.

ამ პროცესებით კი საერთოდ გაუგებარია, როგორ ამოწმებს ამ პროგრამებს ხარისხის ცენტრი. ირღვევა სტუდენტებისა და აბიტურიენტების ინტერესები. ეს მაშინ, როცა ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ამ უწყების სანდოობა EQAR-ში წევრობის დაკარგვის გამო.

თუ ქვეყანაში ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მიმართ სანდოობა დაბალია, საფრთხე შეექმნება საქართველოში მიღებული განათლების რეპუტაციას. შესაბამისად, აღიარებას.

დღეს ევროპაში ჩვენს კვალიფიკაციას იმიტომ აღიარებენ მარტივად, რომ ისინი ენდობიან ბოლონიის წევრი ქვეყნების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემებს. ახლა, ამ დაჩქარებული, გაუაზრებელი და ქაოსური პროცესებით, ხარისხი, რა თქმა უნდა, ვერ დადასტურდება.

  • ეს დაჩქარებული ტემპები ნიშნავს იმას, რომ ფორსმაჟორში გადაკეთებული პროგრამები მიიღებენ აკრედიტაციას? და თუ არა, მაშინ რა მოხდება?

სავარაუდოდ, ყველას შეუნარჩუნებენ აკრედიტაციას ამ ეტაპზე. თუმცა, პოლიტიკური ანგარიშსწორება სადაც უნდათ, იმ პროგრამებს შესაძლოა არ მისცენ. აქ კიდევ ერთი პრობლემაა, როცა აკრედიტაცია ენიჭება პროგრამას, იქ უნივერსიტეტი ასაბუთებს, რამდენი სტუდენტის მიღების რესურსი აქვს უნივერსიტეტს კონკრეტულ პროგრამაზე. ახლანდელი ცენტრალიზებული რეფორმის შედეგად კი ეს პროცესი მოიშალა. თუ, მაგალითად, თსუ 700 სტუდენტს იღებდა ბიზნესის პროგრამაზე, წელს 1700 სტუდენტით განუსაზღვრეს კვოტა, საიდან გადაამოწმეს ამ უნივერსიტეტის რესურსი ამ კვოტების მინიჭების დროს?

  • 2028-2029 წლისთვის აბიტურიენტების გაორმაგებული რაოდენობა გვეყოლება და რა მოხდება მაშინ?

რასაც განათლების სამინისტრო იტყვის, იმას მოარგებს თავის პროცედურებს ხარისხის ეროვნული ცენტრიც და საერთოდ აღარ აინტერესებთ ხარისხი ასეთი პროცესების პირობებში.

  • არის თუ არა ეს სტუდენტის მოტყუება? როცა ვეღარც გრანტს იღებს, რომ სასურველ უნივერსიტეტში წავიდეს და ვეღარც ისეთ დიპლომს, რომელსაც დასავლეთში ან სხვა ქვეყნებში ექნება სანდოობა?

კი, ზიანდება სტუდენტი.

სამწლიანი საბაკალავრო პროგრამა საკმაოდ მიღებული პრაქტიკაა ევროპაში, მაგრამ აქ როგორ მიდის ამ პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფა, ეს არის საკითხავი. ერთწლიანი მაგისტრატურა ასევე ძალიან სერიოზული პრობლემაა, რადგან ევროპის ძირითადი მოდელი არის 3+2, გამონაკლისი მიმართულებების გარდა.

არსებობს ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამებიც, თუმცა ესენი პროფესიული განვითარებისთვისაა და მთავარი მოთხოვნა ამ პროგრამაზე ჩასარიცხად, წინარე სამუშაო გამოცდილებაა იმისთვის, რომ კონკრეტულ პროფესიაში აიმაღლო კვალიფიკაცია.

ის, რომ სამწლიანი ბაკალავრიატის შემდეგ პირდაპირ ერთწლიან მაგისტრატურაზე ჩააბარებ, ასეთ დიპლომს არანაირი ღირებულება არ ექნება.

  • რას აპირებენ უნივერსიტეტები, გაუმკლავდებიან ამ პრობლემებს?

განხილვები მიდის და ხარისხის ცენტრთანაც იყო რამდენიმე შეხვედრა, მაგრამ ბევრ საკითხზე ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს პასუხი არ აქვს. მაგალითად, ახლა ილიას უნივერსიტეტში დატოვეს მასწავლებლის პროგრამები სხვადასხვა საგანში – ისტორიის მასწავლებელი, ფიზიკის მასწავლებელი, მათემატიკის მასწავლებელი. ამ შემთხვევაშიც გაურკვეველია, პროგრამების გავლის შემდეგ შეეძლება თუ არა ბაკალავრს მიიღოს ისტორიის ბაკალავრის დიპლომიც და ისტორიის მასწავლებლის კვალიფიკაციაც.

მარტო პედაგოგიურ ჩარჩოში უნდათ, რომ ჩაკეტონ უნივერსიტეტი? ამ კითხვაზეც არ გვაქვს დადასტურებული პასუხი, რომ სადმე ეწეროს.

როცა პრობლემა და პრეტენზია გვაქვს და არ მოგვწონს მასწავლებლების კვალიფიკაცია, ეს შემოკლებული პროგრამები ხომ კიდევ უფრო გააუარესებს ამას.

  • არჩევითი საგნების და მაინორი პროგრამების გაუქმებით რა აკლდებათ სტუდენტებს?

მაინორი ნიშნავს იმას, რომ თუ, მაგალითად, სწავლობ ბიზნესის ადმინისტრირებაზე, შეგიძლია მაინორ პროგრამად აირჩიო საინფორმაციო ტექნოლოგიები და ამ ორის კომბინირებით, გაიფართოო დასაქმების არეალი. ახლა კი მაინორის და თავისუფალი კრედიტების ამოღება მოუწევთ უნივერსიტეტებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: