მთავარი,სიახლეები

ორკვირიანი შესვენება ტრამპს სჭირდება იმისთვის, რომ სტრატეგია და ტაქტიკა გადააწყოს – ინტერვიუ ირანისტთან 

08.04.2026
ორკვირიანი შესვენება ტრამპს სჭირდება იმისთვის, რომ სტრატეგია და ტაქტიკა გადააწყოს – ინტერვიუ ირანისტთან 

„ირანი ძალიან დიდი ყურადღებით ამზადებს დელეგაციას ისლამაბადში, ამბობენ, ყალიბაფის გაგზავნა უნდათო. ყალიბაფი არის ირანის „გუშაგთა კორპუსის“ გენერალი, ანუ ირანის პარლამენტის, მეჯლისის თავმჯდომარე და ძალიან გავლენიანი პიროვნება. ამ მოლაპარაკებების შემდეგ საბოლოო დასკვნა გაკეთდება, საითკენ წავა მოვლენები,“ – ამბობს ირანისტი ვასილ ღლონტი, რომელსაც დღეს, 8 აპრილს მიღებულ გადაწყვეტილებაზე ვესაუბრეთ: აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანზე შეტევას 2 კვირით აჩერებს.

ირანისტის დაკვირვებით, აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების მიღწევის პირობა ამ ეტაპზე არ იკვეთება და 2 კვირის შემდეგ ირანში ომი გაგრძელდება:

„ვფიქრობ, ეს ორკვირიანი შესვენება დონალდ ტრამპს სჭირდება იმისათვის, რომ სტრატეგია და ტაქტიკა გადააწყოს და ახალი რაღაც მოიფიქროს, მეორე მხრივ კი, სამხედრო მარაგები შეივსოს…

ამერიკისა და ისრაელის სამხედრო პოტენციალს გაცილებით მაღლა დავაყენებდი. ნახეთ, რა ხდება: ამერიკა და ისრაელი იმდენად ფილიგრანულად მუშაობენ, რომ „გუშაგთა კორპუსის“ და თავდაცვის სამინისტროს, პოლიციის მაღალჩინოსნებს ზუსტი დამიზნებით ანადგურებენ, ხომ? ირანი კი ბომბავს ისრაელს და სხვა ქვეყნებს, მაგრამ ერთი ებრაელი ან ამერიკელი გენერალი გინახავთ, რომ მოეკლა ირანს?“ – გვიყვება ირანისტი.

„ბათუმელებმა“ ვასილ ღლონტთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი და საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტია.

  • ბატონო ვასილ, საითკენ მიდის მოვლენები ირანში? დღეს, 8 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანზე შეტევას ორი კვირით აჩერებს „იმ პირობით, თუ ირანის ისლამური რესპუბლიკა დათანხმდება ჰორმუზის სრუტის სრულ, დაუყოვნებლივ და უსაფრთხო გახსნას“.

ჩემი აზრით, დონალდ ტრამპი, მისი ადმინისტრაცია და პოლიტიკური გუნდი, მგონი, არ ელოდნენ საომარი მოქმედებების ასე გაჭიანურებას. ტრამპი დაფიქრებულიც მეჩვენება ბოლო ხანებში – წინა ომის დროს 12 დღეში მოხსნეს გარკვეული პრობლემები, თუმცა ბოლომდე ვერ მოხსნეს – ამ შემთხვევაში გაუჭიანურდათ. ვფიქრობ, ტრამპს ეგონა, დროის მცირე მონაკვეთში შეძლებდა ირანის ნებისყოფის გატეხას. ეს რომ ვერ მოხდა, ეტყობა, ტრამპი აპირებს სტრატეგიისა და ტაქტიკის შეცვლას და გადაწყობას.

ირანის ზარალს რომ შევხედოთ – თითქმის მთლიანად გაუნადგურეს სამხედრო ხელმძღვანელობა, „გუშაგთა კორპუსის“ ხელმძღვანელობის პირველი ეშელონი მოსპეს და მეორე ეშელონი მიაყოლეს. უზარმაზარი ზარალი აქვს ირანს და რატომღაც ტრამპს ეგონა, ასეთ ზარალს რომ მიაყენებდა, ირანი კაპიტულანტურ პოლიტიკას აირჩევდა და დათმობდა, წავიდოდა კომპრომისზე, მაგრამ ასე არ მოხდა. მიუხედავად ამ მასშტაბის ზარალისა, ირანი იქეთ უყენებს პირობებს ამერიკას, ცდილობს, სათავისო დათმობებზე წამოიყვანოს.

ვფიქრობ, ეს ორკვირიანი შესვენება დონალდ ტრამპს სჭირდება იმისათვის, რომ ჯერ ერთი, სტრატეგია და ტაქტიკა გადააწყოს და ახალი რაღაც მოიფიქროს, მეორე მხრივ კი, სამხედრო მარაგები შეივსოს.

  • რა ჩანს ტრამპის გზავნილებიდან? 

ტრამპი ძალიან სპეციფიკური პიროვნებაა. ეს არის ადამიანი, რომელიც ფაქტობრივად არავის არ უჯერებს და ყველაფერს აკეთებს თავისი ჭკუით. ეგ ხან გამოსდის ცხოვრებაში, ხან – არა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვფიქრობ, ტრამპი ბოლომდე ცდილობს, ირანი თავის ჭკუაზე გადაიყვანოს, ასე ვთქვათ, მოარჯულოს.

ვასილ ღლონტი

ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ირანი არ წამოვა დათმობაზე, ისეთი რაღაცა დაემართება და იმდენად დიდ სამხედრო დარტყმას განვახორციელებთ, ცივილიზაციაც კი შეიძლება გაქრესო. ცხადია, ირანულ ცივილიზაციაზე ჰქონდა ტრამპს საუბარი. ვფიქრობ, თუ ირანმა ამ ორი კვირის განმავლობაში აშშ-ს პირობები არ მიიღო, ირანს ძალიან დიდი პრობლემები ელის. აქ უკვე ამერიკის იმიჯზეა საუბარი.

  • რა ჩანს ირანის პასუხიდან? ცნობილია, რომ მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია. ირანის ახალი უზენაესი ლიდერი ომის დაწყების შემდეგ საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა, მისი სახელით განცხადებებს სახელმწიფო მედია ავრცელებს. 

ირანის 10-პუნქტიან პირობებს რაც გადავხედე, ჩანს, რომ ირანი არავითარ დათმობაზე წასვლას არ აპირებს, მაგალითად, პირველ პუნქტად ირანს უწერია: აუცილებლად უნდა შეწყდეს ჩემზე თავდასხმებიო. თუ შენ არ შეასრულე ამერიკის მიერ წაყენებული პირობები, ვინ შეწყვეტს თავდასხმას? ეს ზღაპარია.

მეორე პუნქტი აქვს ასეთი: უნდა შეინარჩუნოთ ჰორმუზის სრუტეზე გავლენაო. შეიძლება, ამერიკა მაგაზე წავიდეს, რადგან ამერიკას ჰორმუზის გასასვლელის დაკეტვით არაფერი არ მოსდის, ამერიკას თავისი ენერგორესურსები აქვს დიდი რაოდენობით… ტრამპმა შეღავათი ინდოეთს, ან რუსეთს იმიტომ დაუწესა, რომ ნავთობი იყიდება ამერიკულ დოლარზე? თუ შენ ვაჭრობა გლობალურად გააჩერე, დოლარი ვეღარ გამყარდება.

ტრამპი ცდილობს, ირანის ხელისუფლება დაითანხმოს თავის პირობებზე, მოახდინოს მისი მაქსიმალური დემილიტარიზაცია, ცდილობს, რამენაირად ბირთვული პროგრამის განვითარებაზე ხელი ააღებინოს, ყოველ შემთხვევაში, ურანის გამდიდრებაზე. შენ ურანს ამდიდრებ იმ დონეზე, რომ ბირთვული იარაღი შექმნა, ეს უკვე პრობლემაა ამერიკისთვის, ისრაელისთვისაც და ჩვენთვისაც. ეს ყველასთვის პრობლემაა. ამ დროს ირანს პირდაპირ უწერია მე-3 პუნქტში ის, რომ ურანის გამდიდრება არ უნდა დაუშალონ.

  • ჰორმუზის სრუტეზე აღწევენ შეთანხმებას აშშ და ირანი? 

რთულია რამე თქვა, როცა საქმე გაქვს ირანსა და ამერიკასთან. აქეთ არის ტრამპი თავისი ხისტი ხასიათით, ასევე, იგი არაკომპრომისულობით არის ცნობილი. მეორე მხარესაა აიათოლების რეჟიმი – ხისტები და ჯიუტები.

იმის თქმა კონკრეტულად, გაიხსნება თუ არა ჰორმუზის გასასვლელი, რთულია, თუმცა აქეთკენ მიდის ამ ეტაპზე საქმე.

  • ისრაელის არმიამ 8 აპრილს გამოაცხადა, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობის დირექტივებით ირანზე დარტყმები შეწყვიტა, მაგრამ სამხედრო ოპერაციას აგრძელებს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ. რას აჩვენებს ისრაელის ეს პოზიცია? 

ირანი ოფიციალურად კი დათანხმდა ორკვირიან ზავს, მაგრამ რეალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის დაბომბვა გრძელდება, მაგალითად, არის რაიონები, რომლებიც ახლაც კი დაიბომბა. ასევე, ირანმა დაბომბა ქუვეითის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორია. ირანის მიერ მოცემული სიტყვა ყოველთვის შეიძლება რევიზიას დაექვემდებაროს. ხშირად ხდება, როცა ირანი მსგავსი ტიპის ხელშეკრულებებს აწერს ხელს და მას არღვევს. ზოგადად ამით არის ირანი გამორჩეული – ეს ქვეყანა ძალიან ძნელად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს.

  • რუსეთის მოკავშირეა ამ ნაწილშიც? 

რუსეთზე უარესებიც კი არიან. რუსეთი ხომ გადაგდების მოყვარულია, ჟარგონზე რომ ვთქვათ. ჯერ კიდევ აფხაზეთის ომის დროს გვახსოვს რუსეთის დამოკიდებულება სიტყვის შესრულებაზე. აი, ირანელები რუსებზე უარესი გადამგდებები არიან.

  • 10 აპრილს უნდა დაიწყოს პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში მოლაპარაკებები ირანსა და აშშ-ს შორის. რაზე შეიძლება შეთანხმდნენ მხარეები, რა იკვეთება?  

შეთანხმების პირობას ამ ეტაპზე ვერ ვხედავ. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა და ასევე მუნირ ასიმმა, რომელიც გენშტაბის უფროსია, განცხადებები გააკეთეს. ესენი არიან შუამავლები და იმედი გამოთქვეს, რომ შეთანხმება იქნება. სხვათა შორის, თურქეთიც გამოეხმაურა ამ საკითხს.

თურქეთი არის უხერხულ მდგომარეობაში. ერთი მხრივ, თურქეთს არ აწყობს ბირთვული იარაღის მქონე ირანი. ბირთვული იარაღის მქონე ირანი ნიშნავს ირანის რეგიონული, ზესახელმწიფოდ ქცევას. ამ დროს თურქეთს აქვს ამბიცია, ისლამურ სამყაროში დომინანტი ქვეყანა იყოს თვითონ. ირანმა თუ ბირთვული იარაღი შექმნა, მაშინ თურქეთი ვეღარ იქნება დომინანტი ქვეყანა – თურქეთს არ აქვს ბირთვული იარაღი. ამიტომაც, თურქეთისთვის ბირთვული იარაღის მქონე ირანი მიუღებელია.

მეორე მხრივ, თურქეთი ძალიან დიდი შიშით და სიფრთხილით უყურებს ამ ომს, რადგანაც შეიძლება, რომ ეს მასზე აისახოს. იგივე ნავთობის გაძვირება თურქეთს არ აწყობს, იქ სასაზღვრო ზოლი აქვს ქურთისტანთან, საიდანაც შეიძლება საფრთხე წარმოიშვას. ფაქტია, რომ თურქეთი ამ რეალობაში ვერაფერს აკეთებს და მხოლოდ გვერდიდან უყურებს მოვლენებს, პერიოდულად განცხადებებს აკეთებს, მაგრამ ვერ ერევა ვერაფრით ჯერჯერობით.

იყო საუბარი, რომ თურქეთმა თითქოს ქურთი ტერორისტები, რომლებიც თურქეთის ტერიტორიაზე ამოძრავდნენ, შეავიწროვა და ამით თითქოს ირანს რაღაცით დაეხმარა. ვფიქრობ, თურქეთი იმიტომ კი არ აკეთებს მაგას, რომ ირანი აინტერესებს, უბრალოდ იცავს თავის ტერიტორიებს – არ უნდა, რომ დესტაბილიზაცია მის ტერიტორიაზე გადავიდეს.

  • რა არის ყველაზე რეალისტური ამ ეტაპზე? თქვენი აზრით, ისევ განიხილება ის, რომ აშშ ირანში შეიძლება სახმელეთო ჯარითაც შევიდეს? 

სახმელეთო ოპერაცია რთული გადასაწყვეტია როგორც ამერიკისთვის, ისე ირანისთვის. ეს განსაკუთრებულად დიდი ზარალის მომტანი იქნება. ირანი ძალიან დიდი ყურადღებით ამზადებს დელეგაციას ისლამაბადში – ამბობენ, რომ ყალიბაფის გაგზავნა უნდათო. ყალიბაფი არის ირანის „გუშაგთა კორპუსის“ გენერალი, ანუ ირანის პარლამენტის, მეჯლისის თავმჯდომარე და ძალიან გავლენიანი პიროვნება.

ამ მოლაპარაკებების ბოლოს დასკვნა გაკეთდება, საითკენ წავა მოვლენები, თუმცა მე ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს ტრამპმა. ამერიკა ირანს ბომბავს, ძალიან დიდი უპირატესობა აქვს და ეს ამერიკელებში პატრიოტიზმს აძლიერებს, რომ აი, სამხედრო უპირატესობა ჩვენია. ეს ტრამპს რეიტინგს წევს მაღლა, მაგრამ მეორეა, თუ ტრამპი შეიყვანს ჯარს ირანში და იქ ხალხი დაიხოცება, ამ დროს ტრამპის რეიტინგი დაიწევს.

თუ სახმელეთო ოპერაციაზე ტრამპი წავიდა, ვფიქრობ, ამას უფრო სხვა ფორმა ექნება: ტრამპი ეცდება, ირანის ოპოზიცია შეაიარაღოს, ქურთები შეაიარაღოს, ამ დროს თავისი სპეცნაწილები და მედესანტეები მიაშველოს. არ მგონია ძალიან დიდი კონტინგენტი გადაისროლოს ირანში.

  • რა ხდება ამ დროს ირანის საპროტესტო მოძრაობაში? რა ინფორმაცია გაქვთ? 

ირანულ წყაროებს ყოველდღიურად ვკითხულობ ხოლმე, როგორც სახელმწიფო, ისე ოპოზიციურს. სახელმწიფო წყაროები არ აშუქებენ ასეთ თემებს, მაგრამ ოპოზიციურები აშუქებენ და რასაც ვუყურებ, მოსახლეობა წერს სოციალურ ქსელებში სპარსულად: შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხალხი არის ლოდინის რეჟიმში. ყველა ელოდება, რა მოხდება ამ მოლაპარაკებებზე, რა მოხდება ომის შემდეგ?

მოსახლეობამ ირანში გაითავისა: შიშველი ხელებით ქუჩაში რომ გავიდნენ, დახოცავენ, იციან, რომ ახლა უარესად ესვრიან, კიდევ უფრო მეტად არ დაინდობენ, რადგან საომარი მდგომარეობაა ქვეყანაში. ამიტომაცაა, რომ ყველა სახლებშია ჩაკეტილი და უყურებს მოვლენების განვითარებას. თუ ტრამპმა და ისრაელმა შეძლეს რეჟიმის სამხედრო პოტენციალის იმ დონეზე დასუსტება, რომ მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდეს და ხელისუფლება ხელში აიღოს, ეს იქნება უკვე ძალიან საინტერესო პროცესი.

„გუშაგთა კორპუსი“ და „ბასიჯი“ კარგად ორგანიზებული, შეიარაღებული ფორმირებებია. ვიდრე ამ ფორმირებებს წელში არ გადატეხავ, მანამდე რაც არ უნდა ბევრი ადამიანი გამოვიდეს ქუჩაში, შეძლებ ავტომატიანი ადამიანების და შეიარაღებული ადამიანების დამარცხებას? იქნება ძალიან დიდი მსხვერპლი, ამიტომაც ხალხი ჯერჯერობით ამას ერიდება.

  • რა რესურსს ეფუძნება „გუშაგთა კორპუსი“ და „ბასიჯი“? მათი არაერთი ლიდერი აშშ-მ გაანადგურა.

ეს სამხედრო პოტენციალია, სამხედრო სისტემა. სამხედროებს აქვთ თვითორგანიზაციის დიდი უნარი. ვიდრე ზედა რგოლი ჯერ კიდევ ცოცხალია, ქვედა რგოლი ასე თუ ისე ფუნქციონირებს.

  • რელიგიური ფანატიზმის როლი როგორია? 

რელიგიური ფანატიზმი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც ემატება სამხედრო სისტემას. ეს სისტემა არის პრობლემური, ძალადობრივი, მაგრამ ძალიან მყარია და ყალიბდებოდა ათწლეულების განმავლობაში. ვხედავთ, როგორი პრობლემაა ხელისუფლების შეცვლა, რომელიც 13 წელია სათავეშია და წარმოიდგინეთ ძალა, რომელიც 1979 წლიდან მუშაობს, მისი ნეიტრალიზაცია არ არის იოლი, მით უმეტეს, რელიგიური იდეოლოგიის დამუშავების ქვეშ მყოფი სამხედრო სისტემა.

საინტერესო რაღაც გაჟღერდა დღეს: ტრამპმა განაცხადა, შეგვიძლია, ირანელ ხალხს დანგრეული შენობების რეკონსტრუქციაში შევუწყოთ ხელიო. მე თუ მკითხავთ, ეს ირანისათვის მისაღებია, მაგრამ სანამ აი, ეს პუნქტები იქნება, რაც ახლა გვაქვს ჩამოწერილი მხარეების მიერ, ვერ ვხედავ მოლაპარაკების მიღწევის საშუალებას.

ვნახოთ, რა მოხდება მოლაპარაკებებზე. ჯერ ერთი, ერთმანეთს კბილებს მოუსინჯავენ მაინც. იგივე ჟენევის ფორმატი რომ ავიღოთ ქართველებსა და რუსებს შორის, ვიცით, რომ რუსები არანაირ დათმობაზე არ წამოვლენ, მაგრამ მაინც გვიწევს დიალოგი, ხომ? საერთაშორისო სამართალში არის ასეთი პრაქტიკა, როცა იცი, რომ ტყუილად მიდიხარ მოლაპარაკებებში, მაგრამ უნდა წახვიდე. ასეთი სიტუაციაა ახლაც. დაისვენებენ ორი კვირა და ესაა.

  • 2 კვირის შემდეგ ელოდებით ომის ახალ ეტაპს? 

ამ მოლაპარაკებებში გამოჩნდება პლუსები და მინუსები, სპეციფიკა. აქედან გამომდინარე გადაეწყობა ეს პროცესი, სტრატეგიას გადააწყობენ.

ჩემი აზრით, ამერიკა და ისრაელიც შეეცდება, ირანის სარაკეტო პოტენციალი კიდევ უფრო დაასუსტოს. მიუხედავად იმისა, რომ ირანმა დიდი დარტყმები მიიღო და იქ ბევრი სტრატეგიული ობიექტი განადგურდა, ირანი მაინც ახერხებს რაკეტების გაშვებას. ირანის სარაკეტო პოტენციალი ჯერჯერობით ისევ მოქმედებს. ირანს ეს ბუნკერები ისეთ მთებში აქვს განთავსებული, რომ ფაქტობრივად გადამალულია.

ამერიკის და ისრაელის სამხედრო პოტენციალს გაცილებით მაღლა დავაყენებდი. ნახეთ, რა ხდება: ამერიკა და ისრაელი იმდენად ფილიგრანულად მუშაობენ, რომ „გუშაგთა კორპუსის“ და თავდაცვის სამინისტროს, პოლიციის მაღალჩინოსნებს ზუსტი დამიზნებით ანადგურებენ, ხომ? ირანი კი ბომბავს ისრაელს და სხვა ქვეყნებს, მაგრამ ერთი ებრაელი ან ამერიკელი გენერალი გინახავთ, რომ მოეკლას ირანს?

უპირველესად, კლასით სჯობს ამერიკა და ისრაელი ირანს, აი, ეგ იკვეთება. ირანი ნახევრად უკვე დამარცხებულია, თუ ჩვენ სამხედრო კუთხით შევხედავთ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: