ბათუმი,მთავარი,სიახლეები

როდის დასრულდება „ჭოროხის გზა“ – მახოს ხიდიდან გონიოს ხიდამდე

23.01.2023 • 3254
როდის დასრულდება „ჭოროხის გზა“ – მახოს ხიდიდან გონიოს ხიდამდე

მდინარე ჭოროხის გასწვრივ, მახოს ხიდიდან გონიოს ხიდამდე მონაკვეთში 5,7 კილომეტრი სიგრძის გზის რეაბილიტაცია აჭარის მთავრობამ 6 წლის წინ დაიწყო და მთავრობის გათვლებით, 2018 წელში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ამ გზის [„ჭოროხის გზა“] 2,2-კილომეტრიანი მონაკვეთი ამ დრომდე არ შეკეთებულა.

მთავრობამ გზის მშენებლობის დამთავრების თარიღი იმ დროს დაასახელა, როცა კერძო მესაკუთრეებთან მიწის ნაკვეთების გამოსყიდვაზე მოლაპარაკებებიც კი არ ჰქონდა დასრულებული.

„ჭოროხის გზას“ მნიშვნელოვნად უნდა განეტვირთა ავტოტრანსპორტისგან ფრიდონ ხალვაშის გამზირი და განტვირთავდა კიდეც, თუმცა, ახალი გზა ვერ დასრულდა მანამ, სანამ ხალვაშის გამზირის რეაბილიტაცია არ დაიწყო. ხალვაშის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებმა კი, კიდევ უფრო გაართულა გადაადგილება დიდი საცობები შექმნა.

„ჭოროხის გზის“ სარეაბილიტაციო მონაკვეთი მახოს ხიდის მიმდებარედ [ბათუმი-ახალციხის მაგისტრალთან] იწყება და 2,2 კილომეტრში, ბათუმის სამრეწველო ზონასთან, გზის უკვე რეაბილიტირებულ მონაკვეთთან სრულდება. რეაბილიტირებული მონაკვეთი გონიოს ხიდთან ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალს უერთდება.

გზის ამ მონაკვეთის დასრულებაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ბონდი-2009“-ში, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გარკვეული სამუშაოები ამ დროისთვის დაწყებულია, ხოლო სამუშაოების დასასრულებლად ვადა, ხელშეკრულების მიხედვით, 2023 წლის 15 აგვისტომდე აქვთ.

ტენდერი, გზის 2,2 კილომეტრიან მონაკვეთზე „ასფალტბეტონის საფარისა და მდინარე ჭოროხის მარჯვენა სანაპიროზე ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობაზე“ აჭარის გზების დეპარტამენტმა 2022 წლის ივლისში გამოაცხადა. გამარჯვებულ „ბონდი-2009“-სთან კი, ხელშეკრულება 6 139 548 ლარზე, იმავე წლის აგვისტოში გააფორმა.

„გონიოს ხიდიდან მახოს ხიდის მიმართულებით გზაზე სამუშაოები სხვა კომპანიამ შეასრულა. დარჩენილ მონაკვეთზე კი, სამუშაოები რამდენიმე ეტაპადაა დაყოფილი და მიმდინარე წელს, ხელშეკრულებით, პირველ აპრილამდე უნდა დაგვეწყო, თუმცა, უკვე მიმდინარეობს გარკვეული სამუშაოები და შევეცდებით მთლიანობაში, გრაფიკით გაწერილ ვადაზე ადრე დავასრულოთ“ – გვითხრეს „ბონდი-2009“ -ში, რომელსაც ბათუმში, სანაპირო ზოლში, ხრეშიც შეაქვს.

„ჭოროხის გზის“ სარეაბილიტაციო მონაკვეთი [წითელი ხაზი] და ტერიტორია სადაც ნაპირდამცავი ნაგებობა უნდა ააშენონ [მწვანე ხაზი]

რაც შეეხება მდინარის ნაპირის გამაგრებას, გარემოს ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 18 იანვრის სკრინინგის გადაწყვეტილებით, სამუშაოები გზშ-ს მომზადებას არ საჭიროებს.

დოკუმენტების მიხედვით:

  • „დღეის მდგომარეობით, მდინარე ჭოროხის მარჯვენა სანაპიროზე ადგილი აქვს ინტენსიურ გვერდით და სიღრმით ეროზიას, რაც საფრთხეს უქმნის ნაპირთან არსებულ საავტომობილო გზას და მიმდებარე ტერიტორიებს.
  • ტერიტორიაზე ამჟამად განთავსებულია ძველი ნაპირდამცავი ნაგებობის ბეტონის ნარჩენები, რომელიც გამოყენებული იქნება პროექტის ფარგლებში, უკუყრილის მოსაწყობად.
  • საპროექტო გადაწყვეტილებით, დაზიანებული უბნის დაცვა დაგეგმილია ფლეთილი ქვებისგან აგებული ბერმით. საპროექტო ქვანაყარი ბერმის ჯამური სიგრძე იქნება დაახლოებით 490 მეტრი.
  • ამასთან, ბერმის ამგები ქვის დიამეტრი იქნება 1.3 მეტრი; ნაპირდამცავი ნაგებობის ერთ გრძივ მეტრზე გათვალისწინებულია 40 კუბური მეტრი მოცულობის ქვის დაყრა. ბერმის თხემის სიგანე იქნება 10.5 მეტრი, ხოლო სიმაღლე 4 მეტრი.
  • ნაპირდამცავი ნაგებობის მოსაწყობად გათვალისწინებულია 120 დღე. მოწყობისთვის საჭირო შესაბამისი მასალა შემოტანილი იქნება რეგიონში მოქმედი ლიცენზირებული ობიექტებიდან, მათსავე საკუთრებაში არსებული თვითმცლელების გამოყენებით.“

მდინარე ჭოროხი და დამცავი ნაგებობის არეალი / ფოტოები სკრინინგის განცხადებიდან

შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით „ჭოროხის გზის“ მშენებლობა, სამ ეტაპად იყოფა:

  • გზის მშენებლობა, 2017 წელს, აჭარის გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ტ.ტ“-მ დაიწყო და 1 020 022 ლარად გზის 1-კილომეტრიანი მონაკვეთი გაკეთდა.
  • 2018 წელს სამუშაოები მეორე ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ერ ტე დე“-მ გააგრძელა. გაკეთდა გზის 3,5 კილომეტრი მონაკვეთი და კომპანიისთვის იმავე წელს გადარიცხულია სახელშეკრულებო თანხა – 2 564 887 ლარი.
  • დეპარტამენტმა 2022 წელს გამოაცხადა ტენდერი გზის დარჩენილი მონაკვეთის დასრულებასა და მდინარის ნაპირის გამაგრებაზე [გამარჯვებულია „ბონდი-2009“, სამუშაოები კი 2023 წლის 15 აგვისტომდე უნდა დასრულდეს. სახელშეკრულებო თანხა [გზა/ნაპირგამაგრება], როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჯამში 6 139 548 ლარია].

გზის დაუსრულებლობა აჭარის მთავრობამ თავის დროზე ახსნა იმით, რომ მიწის მესაკუთრეებთან გამოსყიდვაზე მოლაპარაკებები დროში გაიწელა.

  • აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში დაგვპირდნენ ინფორმაციას, დასრულდა თუ არა გამოსყიდვის პროცესი და რა თანხა დაიხარჯა ამისთვის ბიუჯეტიდან. ამ ინფორმაციის მიღებისთანავე მასალაში ინფორმაცია განახლდება. 

გზების დეპარტამენტის მიერ გაკეთებული გზა, ბათუმის მერიის მიერ მოწყობილი დაახლოებით 2-კილომეტრიანი გზით გრძელდება, რომელიც გონიოს ხიდის ქვეშ გადის და ამავე ხიდთან ბათუმი-სარფის მაგისტრალს მარჯვენა მხრიდან უერთდება.

გზის ეს მონაკვეთი იმ ტენდერის ფარგლებში გაკეთდა, რომელიც 18 138 578 ლარით ბათუმის მერიის სამმართველოს ჰქონდა გამოცხადებული. ამ ტენდერით „ჭოროხის ქუჩის“ მიმდებარედ, 2022 წელს, სხვა ქუჩებიც უნდა გაკეთებულიყო, თუმცა, ეს პროცესიც დროში გაიწელა.

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ შპს „New
Road“-ს შორის 2021 წლის მაისში დაიდო და მასში ცვლილება რამდენჯერმე შევიდა.

ბოლო, 2022 წლის ნოემბრის ცვლილებით, ირკვევა რომ არაერთ კორექტირებას საჭიროებდა თავად პროექტი, რომელიც თავის დროზე აჭარის გზების დეპარტამენტს ჰქონდა მომზადებული – ელექტროხაზების გადატანა, საპროექტო გზა იკვეთებოდა კერძო საკუთრებაში, საცხენოსნოსთან და ძაღლების თავშესაფართან შეუძლებელი იყო გზის ვაკისის მოწყობა პროექტით გათვალისწინებული გაბარიტების დაცვით და სხვა.

შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საუშაოების დასრულების ვადა გაგრძელდა და განისაზღვრა 2023 წლის 15 ივნისის ჩათვლით.

ამავე დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ „ამ ეტაპზე ისევ პრობლემურ საკითხად რჩება ერთ-ერთ მთავარ გზაზე სამშენებლო კომპანია შპს „პოლატი“-ის მიერ დასაწყობებული ინერტული მასალა, რომელიც სრულად იკვეთება საპროექტო გზის მონაკვეთში და საჭიროა მისი დროული გადატანა საპროექტო გზის ვაკისის ფარგლებს გარეთ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენს მიერ როგორც გასულ, ასევე მიმდინარე პერიოდში არაერთხელ იქნა დასმული საკითხი ინერტული მასალის გადატანასთან დაკავშირებით, თუმცა საკითხი მიმდინარე ეტაპზეც გადასაჭრელია“ – წერს კომპანია მერიის სამმართველოს.

საუბარია კომპანიაზე: სს „ფოლათ იოლ იაფი სანაიი ვე თიჯარეთის ფილიალი საქართველოში“, რომელიც შპს POLAT YOL & MAP-ის ბიზნესჯგუფშია.

ამ კომპანიასა და აქ დასაწყობებულ ინერტულ მასალებზე ვრცლად შეგიძლიათ ნახოთ „ბათუმელების“ სტატიაში:

როგორ ვიშოვოთ მილიონები ჭოროხის სანაპიროზე, ანუ რას არ იმჩნევს მთავრობა – ეპიზოდი III

მთავარი ფოტო: „ჭოროხის გზა“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: