დღეს, 9 აპრილს, „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები პოლიციისა და დაცვის კორდონით მივიდნენ, რუსი სამხედროების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქეების მემორიალთან.
მათ დღესაც მოისმინეს შეძახილები – „მონა“, „რუსებო“, „ქვეყნის ინტერესების გამყიდველებო“, საქართველოს იმ მოქალაქეებისგან, რომლებიც ერთ წელზე მეტია პროტესტში იმყოფებიან და „ქართული ოცნების“ სახით, საქართველოში რუსული გავლენების გაძლიერებას ეწინააღმდეგებიან.
თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული ადამიანების მემორიალთან, დღეს ორი ადამიანი დააკავეს, ერთს სცემეს, აქტივისტ ქალ მარიამ მეყანწიშვილს კი, რომელიც ტროტუარზე დგომის გამო სამჯერ დააკავა პოლიციამ, დღეს „ოცნების“ წევრი ბექა დავითულიანი ხელითაც შეეხო და გვერდზე მოიქნია.
მარიამის თქმით, „ქართული ოცნება“, რომელიც დღეს საბჭოთა რეჟიმის რეინკარნაციას წარმოადგენს საქართველოში, ძალის დემონსტრირების მიუხედავად, ვერ შეძლებს საქართველოს ეროვნული ინტერესების ჩახშობას.
„კუნთები ათამაშეს, მაგრამ რა აჩვენეს ამით? ის, რომ პოლიციის კორდონის გარეშე თავს ვერ ყოფენ საკუთარი სოროებიდან. მხოლოდ ამის დემონსტრირება მოხდა დღეს და გულწრფელად მეცოდებიან, რადგან ქვეყნის ხელისუფლება ჰგონიათ თავი და 40 პოლიციელის და პირადი დაცვის გარეშე ვერ გადაადგილდებიან. ეს არის მათი მთავარი მარცხი“, – ამბობს მარიამ მეყანწიშვილი, რომელსაც დღეს ბექა დავითულიანი ფიზიკურადაც კი შეეხო.
„ამათ რომ ვუყურებ, ერთი იგავი მახსენდება, მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენ და ის, გამიშვიო ცხვრები გამექცაო – ამბობდა. მათი 9 აპრილის მემორიალთან მოსვლა ფარისევლობაა, რადგან ეს ადამიანები ქვეყნის თავისუფლებას შეეწირნენ. დღეს კი, „ოცნება“ იმ ადამიანებს უსწორდება ფიზიკურად, ვინც ასევე იბრძვის საქართველოს თავისუფლებისთვის.
იყენებენ ყველა რესურს – ადმინისტრაციულს, ადამიანურს, ყველაფერზე წამსვლელი შავრაზმელებს და უსწორდებიან ქვეყნის ინტერესებისთვის მებრძოლ ადამიანებს.
არ მიკვირს, რომ ფიზიკურად შემეხნენ, რადგან ეს არის მათი სახე, ეს არის მათი მეთოდი. არც ეთიკა აქვთ, არც კულტურა, არც ქცევის ფორმა.
ადამიანი, რომელიც ჩვენი გადასახადებიდან 10 400 ლარს იღებს, ჩემზე, საქართველოს მოქალაქეზე ძალადობს. ამ დროს, პენსიონერებს წამლის ფული არ აქვთ. ხალხს ჯიბიდან ჰპარავენ ფულს და კორუფციაში არიან ჩაფლული.
აი, ასეთი ადამიანები არიან. თუმცა, როცა შავ საქმეებს გააკეთებინებენ, მათაც მოიშორებენ, ისევე როგორც მოიშორეს ღარიბაშვილი, გომელაური, ბურჭულაძე და სხვები“, – ამბობს მარიამ მეყანწიშვილი.
ის ამბობს, რომ ბექა დავითულიანს აუცილებლად უჩივლებს ფიზიკური ძალადობის გამო, რადგან „ოცნების“ ხელისუფლება ტროტუარზე დგომის გამო უშვებს ადამიანებს ციხეში.
„არა, არ უნდა შერჩეთ არცერთი წამით, მაშინ, როცა სილის შემორტყმის გამო ჰყავთ მზია ციხეში. ჩემზე ფაქტობრივად იძალადა დღეს დავითულიანმა, მაგრამ პოლიციას არანაირი სამართლებრივი რეაგირება არ ჰქონია ამაზე. მაშინ, როცა, ადამიანია ადმინისტრაციული მუხლით დააკავეს ივანიშვილის ხსენების გამო. აუცილებლად დავწერ საჩივარს დავითულიანის წინააღმდეგ, ვალდებულები არიან, რეაგირება მოახდინონ.
იქ იყვნენ „ოცნების“ მხარდამჭერებიც, რამდენიმე ხანშიშესული ქალი და როდესაც ყაველაშვილის და სხვა მოღალატეების მემორიალთან მისვლა გავაპროტესტე, ერთი ქალი უკნიდან მომეპარა და თმაში მწვდა, მეორე ქალი კი პირზე მაფარებდა ხელს. ამათთვის ეროვნული ღირებულებები უცხო სიტყვაა და მოვა დრო, როცა აუცილებლად ინანებენ, რაც ჩაიდინეს.

მოქალაქე, რომელსაც 9 აპრილს, რუსთაველზე, ფიზიკურად გაუსწორდა „ოცნების“ მხარდამჭერი
ამ ქვეყნისთვის თავისუფლების წართმევა არ გამოუვიდათ საბჭოთა კავშირში, არ გამოუვიდათ კომუნისტებს, არ გამოუვიდა ჩვენი ქვეყნის არცერთ მტერს, არ გამოუვიდათ შიდა გამყიდველებს, მოღალატეებს, ვის რეინკარნაციასაც წარმოადგენს ახლა „ოცნების“ გუნდი. ესენი რუსულ გავლენას ატარებენ ამ ქვეყანაში და იმედი მაქვს, დასრულდებიან პოლიტიკურ სანაგვეზე.
ამიტომ, 9 აპრილის მემორიალთან მათი მისვლა შეურაცხყოფაა გმირთა სულების, რადგან ეს ადამიანები შეიწირა რუსულმა ოკუპაციამ“, – ამბობს მარიამ მეყანწიშვილი.

9 აპრილის მემორიალთან მოქალაქე ივანიშვილის ხსენების გამო დააკავეს.
ზვიად რატიანმა თქვა ერთხელ, რომ 9 აპრილის შემდეგ, სულ ცხრა აპრილია საქართველოში და აღარ დადგა 10 აპრილი. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს, ელოდებით 10 აპრილის დადგომას, ანუ საქართველოს საბოლოო გათავისუფლებას რუსეთისგან? – ვკითხეთ მარიამს.
მისი თქმით, ამ დღის გათენება მხოლოდ ქართველი ხალხის ბრძოლაზე არ არის დამოკიდებული და თავს გავლენას ახდენს გეოპოლიტიკური ცვლილებები.
„როცა უკრაინა გაიმარჯვებს რუსეთზე, აუცილებლად საქართველოშიც დამარცხდება რუსეთი. ვფიქრობ, ეს პროცესები ერთმანეთზეა მიბმული, მაგრამ ჩვენი ყოველდღიური ბრძოლა მაინც დიდი შინაარსის მატარებელია, რადგან როგორც მერაბ კოსტავამ თქვა, თუ შეწყვეტ თავისუფლებისთვის ბრძოლას, აუცილებლად დაკარგავო.
ამიტომ გრძელდება ჩვენი ბრძოლაც რუსული იმპერიის წინააღმდეგ და არ ნებდება ქართველი ხალხი, მიუხედავად ჩვენი მცირერიცხოვნობისა.
თუმცა, მცირერიცხოვნობაშიც დაუმარცხებიათ ჩვენ მეფეებს მტერი და შეუნარჩუნებიათ ქართველი ერის თვითმყოფადობა. შესაბამისად, მაგალითი ჩვენი წინაპრებისგან უნდა ავიღოთ და თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები.
გათენდება თუ არა 10 აპრილი, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ჩვენ ყოველთვის უნდა დავიცვათ თავისუფლება და შვილებსაც ვასწავლოთ თავისუფლებისთვის ბრძოლა“, – ამბობს მარიამ მეყანწიშვილი.
____________________
მთავარი ფოტო: ბექა დავითულიანი ხელით ეხება მარიამ მეყანწიშვილს.






