მთავარი,სიახლეები

სოფლის მეურნეობის მინისტრის ცოლი ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსად დანიშნეს

14.01.2026
სოფლის მეურნეობის მინისტრის ცოლი ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსად დანიშნეს

ბათუმის მერიაში რეორგანიზაციის პროცესი იწყება.

ცვლილებები ადმინისტრაციული სამსახურიდან დაიწყო – ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსად ბათუმის მერმა მარიამ ხაზარაძე დანიშნა.

ადმინისტრაციის ახალი უფროსის დანიშვნის შესახებ ბრძანებას ხელი გიორგი ცინცაძემ 2025 წლის 17 დეკემბერს მოაწერა.

ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე მარიამ ხაზარაძე „ინვეტ ჯგუფში“ იურიდიული დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა ბოლო სამი წლის განმავლობაში. ამ ორგანიზაციის საქმიანობის სფეროა ვეტერინარული მედიკამენტების, ვაქცინების, საკვების, ინვენტარის, მომსახურება და კონსულტირება.

მარიამ ხაზარაძე აჭარის სოფლის მეურნეობის არალეგიტიმური მინისტრის, დენის სალუქვაძის ცოლია.

დენის სალუქვაძის მიერ 2025 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, სადაც მეუღლის მონაცემებიც მიუთითა,  წერს, რომ მარიამ ხაზარაძე იურისტია და ის აქამდე კერძო იურიდიულ პრაქტიკას ეწეოდა.

ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, რომელიც ბათუმის მერიამ გამოაქვეყნა, მარიამ ხაზარაძე 2014-16 წლებში მუშაობდა თსუ-ს იურიდიული ბიბლიოთეკის მენეჯერად, 2017 წელს ხელშეკრულებით იყო დასაქმებული ცესკოში კოორდინაციის დაგეგმვის და ანგარიშგების დეპარტამენტში, ხოლო 2017 წლიდან სხვადასხვა ადგილას მუშაობდა იურისტად.

ასევე ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად, 2017 – 2019 წლებში იყო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედიტსერვისის“ იურისტი, 2019 – 2022 წლებში კი „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ იურისტი. ხოლო 2022 – 2025 წლებში „ინვეტ ჯგუფის“ იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

გიორგი ცინცაძემ ბათუმის მერიაში რეორგანიზაციის დაწყების თაობაზე ბრძანება 2026 წლის 9 იანვარს გამოსცა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ეს ბრძანება მერიის თანამშრომლების ნაწილს უკვე გააცნეს და ხელიც მოაწერინეს.

მარიამ ხაზარაძე ერთ-ერთი მათგანია, ვისაც ბათუმის მერმა რეორგანიზაციის პროცესის ჩატარება დაავალა.

რეორგანიზაციის ჩატარება ასევე დაევალათ ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსს – კახა დიასამიძეს და ადმინისტრაციის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელს – მუხრან ჯორბენაძეს.

რეორგანიზაციის კანონის მოთხოვნების შესაბამისად ჩატარებაზე პასუხისმგებლები არიან ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე და მისი მოადგილეები: ნუკრი დეკანაძე და სოფიკო ხალვაში.

ამავე თემაზე:

ბათუმის მერმა რეორგანიზაცია გამოაცხადა – ვინ დაკარგავს სამსახურს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: