მთავარი,სიახლეები

ვინ არიან ბათუმის მერიის ორგანიზაციების ახალი უფროსები და ვინ ელოდება შეთავაზებას

20.01.2026
ვინ არიან ბათუმის მერიის ორგანიზაციების ახალი უფროსები და ვინ ელოდება შეთავაზებას

ბათუმის მერიაში რეორგანიზაციის პროცესი გრძელდება. ამჯერად ბათუმის მერმა, გიორგი ცინცაძემ, რამდენიმე მუნიციპალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი დანიშნა.

მერიის ინფორმაციით, შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ დირექტორის თანამდებობაზე თემურ ჯიბლაძე დაინიშნა, ის ამ უწყებაში წლების განმავლობაში მუშაობდა.

უწყების ყოფილი დირექტორი დავით ლეკვეიშვილი კი ა(ა)იპ „ბათუმის სასაფლაოებს“ უხელმძღვანელებს. ამ თანამდებობაზე ჯუმბერ კობალაძე მუშაობდა; ის ჯერჯერობით არსად გადაუყვანიათ.

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის პოზიციაზე ნატალია ძიძიგური დაინიშნა, რომელიც 2025 წლის ოქტომბრამდე ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიას ხელმძღვანელობდა.

ამავე თემაზე: „ოცნებამ“ ბიბლიოთეკის დირექტორად ნატალია ძიძიგური დანიშნა, მან საკრებულოში ოპოზიციის პროტესტი ჩაშალა

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას ამ დრომდე ჯონი საბაშვილი ხელმძღვანელობდა, როგორც თავად გვითხრა, შეთავაზება აქვს, მაგრამ ჯერ არ ამხელს, თუ სად განიხილება მისი დანიშვნა.

„ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს“ ხელმძღვანელად თამარ გაბაიძე დანიშნეს, რომელიც მანამდე აჭარის მთავრობის სსიპ-ში – „ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრში“ სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობდა. სერვისების სააგენტოს ამ დრომდე მამუკა შამილიშვილი ხელმძღვანელობდა. ჯერჯერობით უცნობია, სად დანიშნავენ მას.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ჯერ არსად დაუნიშნავთ თამაზ სალუქვაძეც, რომელსაც „მწვანე ბათუმის“ ხელმძღვანელის პოზიცია დაატოვებინეს და შეთავაზებას ელოდება დავით დიასამიძეც „ბაღების გაერთიანების“ ყოფილი უფროსი. თამაზ სალუქვაძემ გვითხრა, რომ ის კადრების განყოფილებაშია და მისთვის ჯერ არაფერი შეუთავაზებიათ.

შპს „მწვანე ბათუმს“ ახლა ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ყოფილი უფროსი, არჩილ კონცელიძე ხელმძღვანელობს, მუნიციპალურ ინსპექციას კი – დავით მჭედლიძე.

გათავისუფლებულებმა რეორგანიზაციის პირობებში განცხადებები თავად დაწერეს და ახალ მერს საშუალება მისცეს, როგორც ერთ-ერთმა რესპონდენტმა გვითხრა, „ისე დაალაგოს ყველაფერი, როგორც თავად სურს“.

ახალი ხელმძღვანელი ჰყავს ბათუმის ბოტანიკურ ბაღსაც. ირაკლი არჩაიას წასვლის შემდეგ ამ თანამდებობაზე თენგიზ ტარიელაძე დანიშნეს.

ბათუმის მერმა რეორგანიზაცია მერიაში 9 იანვარს გამოაცხადა.

ამ დროისთვის მერიის ადმინისტრაციას ახალი კადრი, მარიამ ხაზარაძე ხელმძღვანელობს, ის გიორგი ცინცაძემ დანიშნა.

ამავე თემაზე: სოფლის მეურნეობის მინისტრის ცოლი ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსად დანიშნეს

მერიაში ვაკანტურია ვიცე-მერის თანამდებობა – რეორგანიზაცია გრძელდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: