სახელმწიფო მიწები, რომლებითაც ივანიშვილი უკანონოდ სარგებლობს


ყოფილ პრემიერსა და მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებს ოზურგეთის სოფელ ნატანებში [შეკვეთილში], საერთო ჯამში, 846 370 კვ.მ მიწის ნაკვეთი [85-ჰექტარამდე] ეკუთვნით. გარდა ამისა, „ბლექ სი რიზორთსი“ აღნაგობის უფლებით სარგებლობს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ გზას და პლაჟს [ფართობი 19 594 კვ.მ]. ასევე „ბლექ სი რიზორთსი“ სასტუმრო „პარაგრაფთან“ მისასვლელი გზის მიმდებარედ უკანონოდ სარგებლობს სახელმწიფოს კუთვნილ 89 316 კვ.მ ტერიტორიას, „ურეკი რეზიდენსი“ კი, ივანიშვილის რეზიდენციის გასწვრივ მდებარე პლაჟს. ამ ტერიტორიებზე სარგებლობის უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის.

შეკვეთილში მიწის ნაკვეთებს საკუთრებაში ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული შემდეგი კომპანიები ფლობენ: „ურეკი რეზიდენსი“, ასოციაცია „ატუ“, „ბლექ სი რიზორთსი“, „სიშორი“.

კომპანია „ურეკი რეზიდენსის“ საკუთრებაშია ასევე შეკვეთილში პლაჟთან მისასვლელი გზის გარკვეული მონაკვეთი. აქ მცხოვრები რამდენიმე ოჯახი თუ ამ გზას არ გაივლის, საკუთარ მიწის ნაკვეთზე სხვაგვარად ვერ მოხვდება.

გაყიდული გზა 

გზა, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემებით „ურეკი რეზიდენსის“ საკუთრებაშია, 3067 კვ.მ-ია. ეს ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა და ის, როგორც „ბათუმელების“ მიერ მოძიებული დოკუმენტებით ირკვევა, 2004 წლის აპრილში ციცინო ივანაშვილმა ერთ-ერთი კერძო პირისგან იყიდა 6 120 აშშ დოლარად. 2011 წლიდან, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ეს ნაკვეთი ჯერ ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში იყო, შემდეგ ბერა ივანიშვილის, რომელმაც ის „ურეკი რეზიდენსის“ კაპიტალში შეიტანა.

გზის გასწვრივ არაერთ ნაკვეთთან განთავსებულია აბრა – „იყიდება მიწა“.

„ბათუმელები“ რამდენიმე მესაკუთრეს იმის გასარკვევად დაუკავშირდა, იციან თუ არა, რომ გზის ნაწილი, რომლითაც ისინი სარგებლობენ, ივანიშვილების საკუთრებაშია. ასევე შევეცადეთ გაგვერკვია, როგორ აღმოჩნდა საერთო სარგებლობის გზა კერძო საკუთრებაში.

ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მეზობლის თქმით [მან ვინაობის გამხელა არ ისურვა], „აქ ადრე იყო მინდორი, საყანე ფართობები… გზაც იყო, მაგრამ შესაძლოა სხვისი ნაკვეთით ვსარგებლობდით, ვერ გეტყვით. რაც შეეხება ჩემს ნაკვეთს, რამდენიმე წლის უკან დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს ხომ არ გავყიდდით. მაშინ უარი ვუთხარით [არ ვიცი, ეს იყო თუ არა ბიძინას ხალხი]. არ გვქონდა გაყიდვა გადაწყვეტილი. შემდეგ არ შეგვხმიანებია არავინ. ამ ეტაპზეც არ ვარ ჩამოყალიბებული, გავყიდი თუ კერძო ინვესტიციისთვის გამოვიყენებ“.

„დენდროპარკს აშენებს, პერსპექტივა გაჩნდა ადგილობრივებისთვის, ბევრ რაღაცას გვპირდება და არ მგონია, ახლა გზა ჩაგვიკეტოს… პლაჟთან სამაშველო პუნქტიც გაიხსნა წელს“, – გვითხრა სხვა მესაკუთრემ.

ეს გზა ცენტრალური ავტომაგისტრალიდან შეკვეთილის პლაჟამდე მიდის და ე.წ. დენდროლოგიურ პარკთან გადის. პარკში მრავალწლოვანი ხეების გადმორგვა, ფაქტობრივად, დასრულებულია.

ამ გზის ბოლო მონაკვეთი [1575 კვ.მ] პლაჟთან სახელმწიფო საკუთრებად 2019 წლის მაისში დარეგისტრირდა, როგორც არასასოფლო-სამეურნეო.

პლაჟზე გასასვლელი გზა შეკვეთილში. დასაწყისში გზის ერთი მონაკვეთი [ავტომაგისტრალთან] „ურეკი რეზიდენსის“ საკუთრებაშია, ხოლო მეორე მონაკვეთი ბოლოში [პლაჟთან]  – სახელმწიფო საკუთრებაში.

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით სახელმწიფომ შეკვეთილში სხვა ადგილზე, კიდევ ერთი გზის მონაკვეთი დაირეგისტრირა საკუთრებაში 2019 წლის პირველ აგვისტოს. ამ 3066 კვ.მ ფართობის გზას ბიძინა ივანიშვილი სარგებლობდა თავის რეზიდენციასთან მისასვლელად [რეესტრში ამ სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ იძებნება]. გზა შემოღობილია და შლაგბაუმი დგას. გზის ირგვლივ მხოლოდ „ურეკი რეზიდენსის“ საკუთრებაში არსებული ნაკვეთებია, ორი გამონაკლისის გარდა, რომლებსაც სხვა კერძო მესაკუთრეები ჰყავთ. თუმცა, გზასა და კერძო ნაკვეთებს შორის არის ტერიტორია, რომელიც ჯერ რეესტრში არავის საკუთრებად არ არის რეგისტრირებული, მათ შორის არც სახელმწიფო საკუთრებაში.

სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში „ბათუმელებს“ დღეს განუცხადეს, რომ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 აგვისტოს განკარგულებით, „ურეკი რეზიდენსის“ საკუთრებაში არსებული [პლაჟზე გასასვლელი] გზა ამავე კომპანიას სახელმწიფომ, თავის საკუთრებად 2019 წლის 1-ელ აგვისტოს დარეგისტრირებულ [შლაგბაუმიან] გზაში გადაუცვალა.

თუმცა, შლაგბაუმიანი გზა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს შემოღობილი აქვს, საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, დღეს, 2019 წლის 27 აგვისტოს [11:30 სთ.], კვლავ სახელმწიფოს საკუთრებაში ფიქსირდება, ხოლო პლაჟთან მისასვლელი გზის მონაკვეთი, ასევე რეესტრის მიხედვით, „ურეკი რეზიდენსის“ საკუთრებაშია.

ამ დროისთვის საქართველოს მთავრობას შესაბამისი განკარგულება თავის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული არ აქვს.

გზის მონაკვეთი, რომელიც 2019 წლის პირველ აგვისტოს სახელმწიფომ თავის საკუთრებად დაარეგისტრირა, ბიძინა ივანიშვილს აქვს შემოღობილი. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის თქმით, შლაგბაუმი მათი აქციების შემდეგ გახსნეს. ოპოზიციის აქციები შეკვეთილში დღესაც გრძელდება. მათ შეკვეთილში, ივანიშვილის რეზიდენციასთან, რამდენიმე ადგილზე კარვები აქვთ გაშლილი. ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეს გზა სახელმწიფომ 23 აგვისტოს „ურეკი რეზიდენსს“ გადასცა საკუთრებაში. „მოხდა ქონების გაცვლა“ – გვითხრეს სააგენტოში.

სახელმწიფო მიწები სარგებლობაში აღნაგობის უფლებით და უფლების გარეშე

პლაჟი [10 420 კვ.მ] სასტუმრო „პარაგრაფის“ წინ და სასტუმრომდე მისასვლელი გზა [9174 კვ.მ] სახელმწიფომ შპს „ბლექ სი რიზორთსის“ 2015 წელს უსასყიდლო აღნაგობის უფლებით 99 წლით [2114 წლამდე] გადასცა.

აღნაგობის ხელშეკრულებით, „ბლექ სი რიზორთსის“ ევალებოდა გზის მოასფალტება და საგუშაგო ჯიხურის მოწყობა, ასევე, პლაჟის კეთილმოწყობა და ზღვაში შეჭრილი საცურაო აუზის მოწყობა, რაშიც 8 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო.

შეკვეთილი. სასტუმრო „პარაგრაფში“ შესასვლელი გზა / 11.08.2018

ხელშეკრულების ერთ-ერთ პუნქტში აღნიშნულია, რომ კომპანიას „უფლება აქვს აღნაგობის უფლება გაავრცელოს მიწის ნაკვეთების იმ ნაწილზე, რომელიც არ არის აუცილებელი აღნაგობისთვის, მაგრამ იძლევა ნაგებობით უკეთ სარგებლობის შესაძლებლობას“.

ეს პუნქტი ხელშეკრულებაში უცვლელადაა გადმოტანილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსიდან. ტერიტორიაზე, რომელზეც აღნაგობა ვრცელდება, ნაგებობა „ზღვაში შეჭრილი საცურაო აუზია“. ამ ნაგებობის „უკეთ სარგებლობისთვის“ კი ივანიშვილის კომპანია მიმდებარე პლაჟს იყენებს. აქვე ჩაკეტილია ბიძინა ივანიშვილს რეზიდენციის მოპირდაპირედ არსებული 15 000 კვ.მ-მდე ფართობის პლაჟიც.

გარეშე პირთათვის ჩაკეტილია „პარაგრაფთან“ მისასვლელი გზის გასწვრივ [89 316 კვ.მ ფართობის] ტერიტორიაც. აქედან 85 772 კვ.მ მწვანე ზოლი/ტყე სახელმწიფოსი, ხოლო სასტუმრომდე მისასვლელი საცალფეხო/ველო [3 544 კვ.მ ფართობის] ბილიკი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია. აღნაგობის უფლების მქონე ან სხვა პირის მიერ ამ ადგილების სარგებლობის უფლების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის.

3 544 კვ.მ ფართობის ბილიკთან დაკავშირებით, ოზურგეთის მერიის ქონების მართვის განყოფილებაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ეს ტერიტორია 2018 წელს სახელმწიფომ გადასცა მუნიციპალიტეტს და დარეგისტრირებულია როგორც გზა: „ეს გზა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა და ის სარგებლობაში არავისთვის არ არის გადაცემული“.

რაც შეეხება 85 772 კვ.მ ტერიტორიას [მწვანე ზოლი], რომელიც სამი ნაკვეთისგან შედგება, ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეს ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაშია და მასზე სხვა პირის მიერ სარგებლობის რაიმე უფლება [უზუფრუქტი, იჯარა, აღნაგობა] არ ვრცელდება.

ამ ტერიტორიაზე „პარაგრაფთან“ მისასვლელი გზით თუ მოხვდებით. გზის დასაწყისში განთავსებულ საგუშაგოზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ტერიტორიაზე შესვლის უფლება მხოლოდ სასტუმრო სტუმრებს აქვთ.

ბილიკი, რომელიც „პარაგრაფს“ „მუსიკოსთა პარკთან“ აკავშირებს. ეს ბილიკი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, ირგვლივ არსებული ტერიტორია კი [მონიშნულია ღია ყვითელი ფერით ] სახელმწიფო საკუთრებაა / 11.08.2019

აღნაგობის ხელშეკრულებით, ნაგებობა, რომელიც აღიმართება ნაკვეთზე, აღნაგობის უფლების პერიოდში რეგისტრირდება კომპანიის საკუთრებად. ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლისას, ან მისი სხვაგვარად შეწყვეტისას კი, მიწის ნაკვეთი და მასზე აღმართული ნაგებობა [ანუ აუზი „პარაგრაფთან“] რჩება მესაკუთრის, ანუ სახელმწიფო საკუთრებაში.

სასტუმრო პარაგრაფი და „ზღვაში შეჭრილი აუზი“ / ფოტო: Google

შპს „ურეკი რეზიდენსმა“ შეკვეთილში, 22 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი ორი წლის წინ შპს „დრიმლენდ ოაზისისგან“ იყიდა. ნასყიდობის ფასი 1 131 240 ევრო იყო. ეს ტერიტორია დენდროპარკსა და პლაჟს შორის მდებარეობს და ფიჭვნარის ზოლსაც მოიცავს. აქ ბიძინა ივანიშვილი მრავალწლოვან ბამბუკებს რგავს. ტერიტორია ჯერ შემოღობილი არ არის, თუმცა განთავსებულია დაფები წარწერით: „კერძო საკუთრება შესვლა აკრძალულია“.

დაფა „ურეკი რეზიდენსის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან შეკვეთილში / 11.08.2019

შესვლა ჯერჯერობით აკრძალული არ არის, თუმცა კერძო საკუთრებაშია ფიჭვნარის ზოლი – იქვე, პლაჟზე გასასვლელი გზის მიმდებარედ. ეს ტერიტორია [ჯამში 22 023 კვ.მ] ასევე ორი წლის წინ შეისყიდა შპს „სიშორმა“.

შპს „სიშორის“ საკუთრებაში არსებული ტერიტორია / 11.08.2019

შპს „ურეკი რეზიდენსი ბიძინა ივანიშვილმა 2016 წლის ივლისში დააფუძნა. 2017 წლის იანვარში კი, კომპანიის წილის 100% თავის შვილს, ბერა ივანიშვილს საკუთრებაში 4 მილიონ ლარად გადასცა.

შპს „ბლექ სი რიზორთსი“-ს  და შპს „სიშორის“ 100% წილს მესაკუთრე დღეს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდია. ამ ფონდს სამი წლის წინ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა თანაინვესტირების ფონდმა 8 პროექტი გადასცა.

საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის 100% წილის მფლობელი კი არის ოფშორულ ზონაში [პანამა] რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება FRANKSTON INTERNATIONAL S.A.

შეკვეთილში გადმორგული მრავალწლოვანი ხეები ე.წ. დენდროპარკის ტერიტორიაზე, რომელიც „ურეკი რეზიდენსის“ საკუთრებაშია / 2019 წლის 11 აგვისტო / თედო ჯორბენაძის ფოტო

ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები [მონიშნულია ყვითელი ფერით] ოზურგეთის სოფელ ნატანებში [შეკვეთილში]:

წყარო: საჯარო რეესტრი /23.08.2019-ის მდგომარეობით

ამ თემაზე:

ვატიკანზე რვაჯერ დიდი – ივანიშვილის მიწები საქართველოში [რუკა/ინფოგრაფიკა]


სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერა”. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED]. არარის აუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com