2024-ში, საპარლამენტო არჩევნების წელს, აჭარის მთავრობამ სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა ხელფასებში 9 მილიონამდე ლარით მეტი დახარჯა ვიდრე წინა, 2023 წელს. მათ შორის 2024 წელს ხელშეკრულებით დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებისთვის 3 მილიონ 600 ათასი ლარით მეტი გადაიხადეს.
თუ გავითვალისწინებთ, რომ საჯარო სამსახურებში ხელფასები 10-პროცენტით იზრდება ყოველ წელს, რიცხვები ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების ნაწილში საარჩევნო წელს მაინც მკაფიოდ მზარდი იყო.
„ოცნების“ ხელისუფლება თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება, შესაბამისად, სახელფასო ხარჯების ზრდის ტენდენცია, სავარაუდოდ, წელსაც გაგრძელდება.
აჭარის 2025 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შტატით დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ნაწილში 74 მილიონ 427 ათასი ლარი გაითვალისწინეს, რაც თავის მხრივ 13,2 მილიონი ლარით მეტია, ვიდრე გასულ წელს, თუმცა, რამდენი დაიხარჯება უშუალოდ ხელშეკრულებით დასაქმებულთა ხელფასებისთვის, ბიუჯეტში ცალკე დიფერენცირებული არ არის.
ხელშეკრულებით დასაქმებულებს ხელფასს ხშირად იმ თანხიდან უხდიან, რაც ბიუჯეტში „საქონელი და მომსახურების“ მუხლშია გაწერილი. ამ მუხლში აჭარის 2024 წლის ბიუჯეტში სულ 74,6 მილიონი ლარი იყო, 2025 წლის ბიუჯეტში კი ეს თანხა 19,6 მილიონი ლარით გაზარდეს და 94,3 მილიონი ლარია.
ხელშეკრულებით დასაქმებულთა ზუსტ რაოდენობაზე ვერც ბიუჯეტში და ვერც ხარჯვის ანგარიშში ინფორმაციას ვერ ნახავთ. უფრო მეტიც, ეს ციფრი აჭარის მთავრობამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურსაც კი არ მიაწოდა.
სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების გავლით საბიუჯეტო სახსრების არჩევნებისთვის გამოყენებაზე წინასაარჩევნოდ როგორც ოპოზიცია, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ, რომლებიც საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს სწავლობენ, არჩევნების შემდგომ პერიოდს აკვირდებიან, აღრიცხავენ გადაცდომებს და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევებს.
წინასაარჩევნოდ ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის შესახებ გავრცელებულ ვარაუდებს მმართველი პარტია ყოველთვის უარყოფს. თუ ასეა, რატომ მალავს სახელმწიფო სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში ხელშეკრულებით დასაქმებულთა ოდენობას „ოცნების“ მთავრობა? – ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს.
რიცხვები რომ დავაკონკრეტოთ, 2024 წლის ბიუჯეტის ანგარიშის მიხედვით აჭარის მთავრობამ საჯარო დაწესებულებებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა [სსიპ] და არასამეწარმეო [არაკომერციულ] იურიდიულ პირებში [ა(ა)იპ] დასაქმებულთა ხელფასებზე გაწეული ხარჯი რამდენიმე მილიონით გაზარდა, წინა 2023 წელთან შედარებით.
კერძოდ, გასულ წელს აჭარაში მოქმედ ააიპ-ებსა და სსიპ-ებში დასაქმებულთა ხელფასებზე გაწეულმა ხარჯმა ჯამში 81 მილიონ 602 ათას 400 ლარი შეადგინა. აქედან შრომის ანაზღაურებისთვის 61 მილიონ 141 ათას 200 ლარი დაიხარჯა. ეს რიცხვი 8 მილიონ 905 ათას 400 ლარით აღემატება 2023 წლის მაჩვენებელს.
ხოლო შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ანაზღაურება 20 მილიონ 461 ათას 200 ლარი იყო, რაც 3 მილიონ 623 ათას 400 ლარით აღემატება 2023 წლის დანახარჯს.
2024 წლის ბიუჯეტის შესრულების შეფასებისას სახელმწიფო აუდიტი ხაზს უსვამს, რომ ანგარიშში, რაც აჭარის ფინანსთა სამინისტრომ უმაღლეს საბჭოს წარუდგინა სსიპ-ებში და ა(ა)იპ-ებში ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ ჩაწერეს:
„რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში ისევე, როგორც წინა წლებში, არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია საჯარო დაწესებულებებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შესახებ.
მიზანშეწონილია რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში წარმოდგენილ იქნეს ინფორმაცია შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა შესახებ, დასაქმების ტიპის მიხედვით, რაც შესაძლებელს გახდის სხვადასხვა ფუნქციის მქონე თანამშრომლების რაოდენობების კანონმდებლობით განსაზღვრულ ლიმიტებთან შესაბამისობის ანგარიშგებას“ – წერს აუდიტი.
2024 წელს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა ხელფასების ასანაზღაურებლად მთავრობამ 20 მილიონ 461 ათას 200 ლარი დახარჯა წლის განმავლობაში. ამ თანხას 12 თვეზე თუ გავანაწილებთ გავიგებთ, რომ ხელშეკრულებით დასაქმებულთა ხელფასებისთვის გასულ წელს მთავრობა თვეში 1 მილიონ 705 ათას 100 ლარს ხარჯავდა.
საჯარო სამსახურებში ხელფასების ყოველწლიური 10-პროცენტიანი ზრდის გათვალისწინებით, სამთავრობო სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების უფროსების ხელფასი საშუალოდ 4 500 ლარამდეა.
თუ პირობითად ავიღებთ, რომ ხელშეკრულებით დასაქმებულს, ვთქვათ 2 000 ლარს უხდიდნენ თვეში, მაშინ გამოვა, რომ გასულ წელს აჭარის მთავრობას ამ ფორმით 850 ადამიანი ჰყავდა დასაქმებული.
წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტიის სასარგებლოდ მომუშავე პირების სიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში დასაქმება არჩევნებზე ბიუჯეტის ფულის გამოყენების ერთგვარი სქემაა, რომელიც მარტივად შეგვიძლია ასე გავშიფროთ:
„ოცნების“ სასარგებლოდ რამდენიმეთვიანი მუშაობისთვის პირდაპირ ბიუჯეტიდან ფულს ვერ გადაუხდიან, ამიტომ, „ოცნება“ მომხრე პირებს ხელშეკრულებით ასაქმებს ა(ა)იპ-ში ან სსიპ-ებში და ხელფასს ბიუჯეტიდან აძლევენ. სანაცვლოდ ეს პირები „ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობენ ყველგან, სადაც შეუძლიათ.
2024 წლის საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგები არ ცნო არცერთმა ოპოზიციურმა პარტიამ. ისინი აცხადებენ, რომ ხმები მოპარულია და არჩევნები – გაყალბებული. მიუხედავად ამისა ქვეყნის პარლამენტი, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოც კონსტიტუციის დარღვევით შეიკრიბა.
2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება არალეგიტიმური მთავრობის გადადგომის, ახალი არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით.