მთავარი,სიახლეები

ბოტანიკური ბაღის დირექტორი 31 თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლებას ადასტურებს

08.04.2026
ბოტანიკური ბაღის დირექტორი 31 თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლებას ადასტურებს

2025 წლის სექტემბრიდან 2026 წლის 25 მარტის ჩათვლით პერიოდში, მას შემდეგ, რაც ბოტანიკური ბაღის დირექტორად თენგიზ ტარიელაძე დაინიშნა, შრომითი ურთიერთობა შეუწყდა 31 დასაქმებულს.

გათავისუფლებული პირების შესახებ „ბათუმელებმა“ 25 მარტს გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია. ბაღის ადმინისტრაციამ მონაცემები მოგვაწოდა და თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტი დაგვიდასტურა.

ბაღის დირექტორის განმარტებით, შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის ინიციატორი 24 შემთხვევაში თავად დასაქმებულები იყვნენ.

„აღნიშნული შემთხვევებიდან 7 დასაქმებულის მიერ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დაკავშირებული იყო „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებთან, კერძოდ, სამსახურებრივი შეუთავსებლობის გარემოებასთან.

7 დასაქმებულს კი შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა დისციპლინური წარმოების შედეგად ისეთი საფუძვლებით, როგორებიცაა სამუშაო ადგილზე სისტემატური, არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა ან ორგანიზაციის შინაგანაწესის ნორმების უხეში დარღვევა,“ – მოგვწერა ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციამ.

რატომ გადაწყვიტა 17-მა თანამშრომელმა წასვლა, ამაზე კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ ბაღის ადმინისტრაციისგან.

მათ ასევე ვთხოვეთ მოეწოდებინათ ინფორმაცია, კონკრეტულად რომელი განყოფილებიდან გაუშვეს თანამშრომლები, თუმცა არც ეს დეტალები დაგვიზუსტეს ბაღის ადმინისტრაციაში და მოგვწერეს, რომ „ზემოაღნიშნული პირები, მათი ფუნქციური მოვალეობებიდან გამომდინარე, განაწილებულნი იყვნენ ორგანიზაციის სხვადასხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში“.

ბოტანიკური ბაღის რამდენიმე თანამშრომელი „ბათუმელებს“ მარტში დაუკავშირდა, რომლებიც მიგვიყვნენ, რომ მას შემდეგ, რაც ბოტანიკურ ბაღში ახალი დირექტორი დაინიშნა, მებაღეების და სხვა დასაქმებული პერსონალის შრომითი პირობები მნიშვნელოვნად გაუარესდა.

თანამშრომლები ასევე საუბრობდნენ ახალი დირექტორის მხრიდან უხეშ მოპყრობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე.

ერთ-ერთმა მეფუტკრემ უსაუბრა ფიზიკური ძალადობის შემთხვევაზეც.

თუმცა, მაშინ, ბოტანიკური ბაღის დირექტორმა „ბათუმელებთან“ უარყო თანამშრომლების მიმართ უხეში დამოკიდებულება და არც სამსახურიდან ვინმეს დათხოვნა დაადასტურა.

____________________

ამ თემაზე:

„გვაყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, იყო ფიზიკური ძალადობაც“ – რა ხდება ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: