მთავარი,სიახლეები

ბათუმი-სარფის ახალი გზისთვის საქართველომ €306,6 მილიონი ისესხა – როდის დაიწყება მშენებლობა

07.10.2025 •
ბათუმი-სარფის ახალი გზისთვის საქართველომ €306,6 მილიონი ისესხა – როდის დაიწყება მშენებლობა

„აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო ჩქაროსნული მაგისტრალის ბოლო მონაკვეთის – ბათუმი-სარფის გზის მშენებლობა მალე დაიწყება“ – აღნიშნულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, თუმცა ამ გზის მშენებლობაზე ჯერ ტენდერიც კი არ არის გამოცხადებული. ამ ეტაპზე უცნობია გზის მშენებლობის ზედამხედველობაზე გამოცხადებული ტენდერის შედეგებიც, სადაც წინადადებების მიღება 6 ოქტომბერს დასრულდა.

სასესხო შეთანხმებას კი, რომელიც ბათუმი-სარფის გზის მშენებლობას ითვალისწინებს, ხელი 2025 წლის 6 ოქტომბერს მოეწერა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით გრძელვადიანი სესხის მოცულობა 306,6 მილიონი ევროა. დონორი აზიის განვითარების ბანკია [ADB].

„დონორთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ბათუმი-სარფის გზის მშენებლობაზე ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება“ – გვითხრეს დღეს, 7 ოქტომბერს გზების დეპარტამენტში.

იგივე მოგვწერეს დეპარტამენტიდან „ბათუმელებს“ ერთი თვის წინაც [11 სექტემბერს]: „ბათუმი[ჭოროხი]-სარფის ახალი საავტომობილო გზის პროექტი ითვალისწინებს 4-ზოლიან მაგისტრალს, თუმცა, ამ ეტაპისთვის იგეგმება მხოლოდ 2-ზოლიანი საავტომობილო გზის მშენებლობა… სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოცხადდება უახლოეს პერიოდში, აზიის განვითარების ბანკის პოლიტიკის თანახმად“.

დღემდე უცნობი რჩება, როდის გამოაცხადებს მშენებლობაზე ტენდერს დეპარტამენტი. გამოცხადების შემდეგ უნდა შეირჩეს მშენებელი კომპანია, გაფორმდეს ხელშეკრულება და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაიწყოს მშენებლობა. ეს ყველაფერი კი „მალე“ ნამდვილად ვერ მოხერხდება.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით უნდა აშენდეს „ბათუმი-სარფის გზის, დაახლოებით, 11-კილომეტრიანი, ძირითადად, ორზოლიანი ავტომაგისტრალი. პროექტის ფარგლებში, ავტომაგისტრალი ბათუმის შემოვლითი გზის ხაზიდან დაიწყება და თურქეთთან სარფის სასაზღვრო გადასასვლელთან ახლოს მდებარედ გაგრძელდება. ძირითადი საინჟინრო მახასიათებლები მოიცავს 7.6-კილომეტრიან ორმხრივ გვირაბსა და 1.47 კილომეტრიან ხიდს მდინარე ჭოროხზე, რომელიც ტრანსევროპული მაგისტრალის სტანდარტების შესაბამისად აშენდება.“

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2025-2028 წლების საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მიმოხილვის დოკუმენტის მიხედვით, ბათუმი[ჭოროხი]-სარფის ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის 620 მილიონი ლარია გათვლილი.

ავტომაგისტრალი სარფში, პლაჟთან დღეს[მარცხნივ] და ახალი ავტომაგისტრალის რენდერი [მარჯვნივ] / წყარო: გზების დეპარტამენტი

ბათუმი-სარფის ავტობანის პროექტის ის ვარიანტი, რომლის მიხედვითაც გზების დეპარტამენტი ახალი ავტომაგისტრალის აშენებას გეგმავს, სარფში გამართულ შეხვედრაზე მოსახლეობამ დაიწუნა. მიზეზი სარფის პლაჟთან ახალი გზის აშენება იყო, რაც რაც „უარყოფითად იმოქმედებს სარფის ტურისტული პოტენციალის განვითარებასა და ზოგადად მის პერსპექტივაზე“.

გზების დეპარტამენტის მიერ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ გზშ-ს ანგარიშში კი აღნიშნული იყო, რომ „ბათუმი-სარფის ახალი გზის პროექტი შეეხება 112 კერძო მიწის ნაკვეთს, 17 კომერციულ შენობას, 9 საცხოვრებელ სახლს და ერთ 9-ბინიან კორპუსს“ და ახალ „გზას სარფის პლაჟთან შეხება არ აქვს“.

თუმცა, ზემოთ ნაჩვენებ რენდერზე გარკვევითაა აღნიშნული თუ რა შემხებლობაში იქნება ახალი ავტომაგისტრალი პლაჟთან. ამასთან, რენდერზე ჩანს პლაჟზე ჩასასვლელი კიბეები, თუმცა არ ჩანს ქვეითთა გადასასვლელები.

არსებული გზა, გვირაბის ერთ-ერთი ბოლო და ახალი გზა სარფში, ზღვის პირას – ანდრიას ჩანჩქერთან. რენდერი / წყარო: გზების დეპარტამენტი

„ქართული ოცნების“ 2016 წლის საარჩევნო დაპირებით ეს ავტობანი კარგა ხნის აშენებული უნდა იყოს, თუმცა, „ოცნების“ მთავრობამ ბათუმი-სარფის ავტობანის მშენებლობისთვის საჭირო სესხის ასაღებად [სასესხო შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით] უცხოურ ორგანიზაციასთან მოლაპარაკებების დაწყებაზე განკარგულება 2025 წლის 24 ივლისს გამოსცა.

ბათუმი [ჭოროხი]-სარფის გზა დაიწყება ქალაქის სამრეწველო ზონაში, ფრიდონ ხალვაშის გამზირთან [სადაც სპეციალური საგზაო კვანძით დაუკავშირდება ბათუმის შემოვლით გზას]; აშენდება ახალი ხიდი მდინარე ჭოროხზე; ახალი ხიდიდან გზა გაგრძელდება ახალსოფლისა და ჭარნალის ტერიტორიაზე და 7,6-კილომეტრიანი გვირაბით გამოვა სარფში [ანდრიას ჩანჩქერის მიმდებარედ], სადაც დაუკავშირდება სარფი-ბათუმის არსებულ გზას – აქ დაგეგმილია ზღვის სანაპიროს გამაგრება.

ამ თემაზე:

ავტობანი – რა მეთოდით გაიყვანენ 7,6 კმ სიგრძის გვირაბს ახალსოფლიდან სარფამდე

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: