მთავარი,სიახლეები

რა შეცვალეს ანაკლიის პორტის პროექტში – კონსულტანციებში 3,4 მილიონი დაიხარჯება

05.05.2025 •
რა შეცვალეს ანაკლიის პორტის პროექტში – კონსულტანციებში 3,4 მილიონი დაიხარჯება

ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის შერჩეულ ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან საქართველოს არალეგიტიმური მთავრობა ხელშეკრულების გაფორმებას არ ჩქარობს.

პარალელურად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო კონსულტანტების დაქირავებაში მიმდინარე წელს 3,4 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს უტენდეროდ. კიდევ ერთმა სახელმწიფო კომპანიამ – „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა“კი პორტის მშენებლობის პროექტში ცვლილებები შეიტანა.

„ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ ინფორმაციით, პროექტში შეტანილი ცვლილებების გამო საჭირო გახდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] პროცედურების [სკრინინგის] ხელახლა გავლა გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

ახალი დოკუმენტის მიხედვით, 2017 წელს დამტკიცებული გზშ მოიცავდა პროექტის მხოლოდ პირველ ფაზას – სამშენებლო სამუშაოებს, ნავსადგურის სხვადასხვა საზღვაო-სახმელეთო ინფრასტრუქტურისა და შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციას.

მთლიანობაში პროექტი 9 ფაზად უნდა განხორციელდეს, ამიტომ 2-9 ფაზებისათვის, სამომავლოდ, საჭირო იქნება ცალკე გზშ-ს პროცედურები და შესაბამისი ნებართვების [გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების] მოპოვება.

 

რა შეცვალეს პროექტში
სკრინინგის განცხადების მიხედვით:

 

2017 წლის გზშ-ს მიხედვით I ფაზა მოიცავდა სამშენებლო სამუშაოებს, როგორც საზღვაო, ისე სახმელეთო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. ახალი სკრინინგის ანგარიშის მიხედვით კი, საზღვაო სამუშაოები და სახმელეთო სამუშაოები ერთმანეთისგან გაიმიჯნა და ცვლილების პროექტი მოიცავს მხოლოდ საზღვაო სამუშაოების ნაწილს [ფსკერდაღრმავებითი, ტალღმტეხის, მისასვლელი არხის და მოსაბრუნებელი აუზის მშენებლობა].

ამოღებული ფსკერული მასალის რაოდენობა განსაზღვრული იყო 21 მილიონი კუბური მეტრით. ცვლილების შემდეგ კი, ამ მასალის ჯამური რაოდენობა შემცირდა დაახლოებით 7,5 მილიონ კუბურ მეტრამდე.

ამასთან, 15 მილიონი კუბური მეტრი ამოღებული ფსკერული მასალა უნდა განთავსებულიყო ზღვაში, წყალქვეშა კანიონში, 6 მილიონი კი – სახმელეთო ტერიტორიის ამაღლებისთვის უნდა გამოეყენებინათ.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2017-2018 წლებში ჩატარდა გარკვეული სამუშაოები და ფსკერდაღრმავებისას ამოღებული მასალით საინვესტიციო ტერიტორიის ძირითადი ნაწილი აამაღლეს ამიტომ სახმელეთო ტერიტორიის ამაღლების საჭიროება აღარ არსებობს.

შესაბამისად, 7,5 მილიონი კუბური მეტრი ამოღებული მასალა მთლიანად განთავსდება ზღვაში, წყალქვეშა კანიონში.

ფსკერიდან ამოღებული მასალის წყალქვეშა კანიონში განსათავსებლად განხილული იყო როგორც თვითმცლელი მიწახაპიას, ასევე საფრეზი მიწახაპიას გამოყენება. დაზუსტებული მონაცემებით კი, გამოყენებული იქნება მხოლოდ თვითმცლელი მიწახაპია.

მცირედით იცვლება საზღვაო ნაწილის კონფიგურაცია; მისასვლელი არხის, მოსაბრუნებელი ადგილის და ტალღმტეხის ფართობი იყო 123.5 ჰექტარი, დაზუსტებული მონაცემებით, ეს ფართობი შემცირდა და იქნება 113.1 ჰექტარი;

საზღვაო ინფრასტრუქტურა, ნაცვლად ადრე გათვლილი 10 000 TEU ტვირთამწეობის საკონტეინერო გემებისა, გათვლილი იქნება 10 600 TEU ტვირთამწეობის საკონტეინერო გემების მიღებაზე;

ტალღმტეხის სიგრძე, რომელიც 1 500 მეტრი უნდა ყოფილიყო, შემცირდა და დაახლოებით 1 370 მეტრი იქნება;

შემცირდა მოსაბრუნებელი ადგილის [აუზის] რადიუსიც 300 მეტრიდან 271 მეტრამდე; ამასთან, მოსაბრუნებელმა ადგილმა მცირედით გადაინაცვლა ჩრდილოეთით.

სკრინინგის ახალ ანგარიშში ყველა ეს ცვლილება დეტალურადაა აღწერილი. ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის დირექტორი ზურაბ სიჭინავა 2025 წლის 17 აპრილით დათარიღებულ განცხადებაში გარემოს ეროვნულ სააგენტოს წერს, რომ სააგენტომ კანონით დადგენილ უმოკლეს ვადაში განიხილონ სკრინინგის ახალი ანგარიში და მიიღოს გადაწყვეტილება.

„იმ პირობებში როდესაც საქართველოს არ გააჩნია დიდი გამოცდილება მასშტაბური საზღვაო სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ნავსადგურის განვითარების I ფაზის ფარგლებში ცალკე გაიმიჯნოს საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება და მშენებლობა. შესაბამისად, სამუშაოები უნდა შესრულდეს მოწვეული უცხოელი კომპანიების მიერ, რომელთაც გააჩნიათ მრავალწლიანი გამოცდილება ასეთი მასშტაბური სამუშაოების შესრულებაზე.

ასეთი გადაწყვეტილების მიღების მთავარი არგუმენტია ჩასატარებელი სამუშაოების ოპტიმიზაცია. ამავე დროს მკაფიოდ იქნება განსაზღვრული ტექნიკური [ასევე გარემოსდაცვითი] ვალდებულებები შესაბამისი სამუშაოების შემსრულებელი კონტრაქტორი კომპანიებისთვის.“ – აღნიშნულია „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ მომზადებულ დოკუმენტში.

შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“ სახელმწიფომ 2023 წელს დააფუძნა. საწყის ეტაპზე კომპანიამ უნდა უზრუნველყოფს საზღვაო ინფრასტუქტურის [ფსკერდაღრმავების, ტალღმტეხელის] პროექტირება და მშენებლობა.

ანაკლიის პორტის მშენებლობაზე საქართველოს მთავრობას ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან ხელშეკრულება ამ დრომდე არ გაუფორმებია. კონსორციუმი პროექტისთვის რომ შეირჩა, ამის შესახებ მთავრობამ განცხადება 2024 წლის მაისში გააკეთა.

საქართველოს მთავრობის მიერ შერჩეული კონსორციუმის წამყვანი ჩინური კომპანია აშშ-ში სანქცირებულია. მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში აშშ-ის ჰელსინკის კომისიის წევრებმა ორი პარტიიდან ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და შეშფოთება გამოხატეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების უფლებების აშშ-ის მიერ სანქცირებულ ჩინურ კონგლომერატზე მოსალოდნელი გადაცემის გამო.

რა ინტერესები აქვს შავ ზღვაზე ჩინეთს, რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორ აისახება ქვეყნის პოლიტიკურ კურსზე თუ ჩინურ-სინგაპურულ სახელმწიფო კომპანიას გაუფორმებს საქართველოს ხელისუფლება ხელშეკრულებას? – აღნიშნულ თემაზე ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

რატომ ვერ გააფორმა „ოცნებამ“ ხელშეკრულება ჩინეთთან ანაკლიის პორტის მშენებლობაზე – ინტერვიუ

 

3,4 მილიონი – კონსულტაციებისთვის

 

„ოცნების“ მთავრობამ 2025 წლის 7 თებერვლის განკარგულებით ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს მისცა უფლება ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით სხვადასხვა იურიდიული საკონსულტაციო მომსახურება შეისყიდოს გამარტივებული შესყიდვით [უტენდეროდ]. სააგენტო 2025 წლის განმავლობაში ამ კუთხით 3,4 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.

ცნობისთვის: სააგენტო 2017 წლის მარტში შეიქმნა საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადმოცემის [BOT] შესახებ საინვესტიციო ხელშეკრულების მონიტორინგის მიზნით.

საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება, 2020 წლის 9 იანვარს შეწყვიტა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო კი უშუალოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაუქვემდებარა. სამინისტრომ იმავე წელს სააგენტოს ახალი დებულებაც დაამტკიცა.

აღნიშნულ სააგენტოს „იურიდიულ მომსახურებებში“ დღემდე მილიონობით ლარი აქვს დახარჯული, თანაც ყველა უტენდეროდ – გამარტივებული წესით. როგორც სააგენტოს დოკუმენტებშია აღნიშნული, კონსულტანტები ძირითადად ერთი და იგივე კომპანიები არიან.

„პროექტის დაწყების დღიდან ამ ეტაპამდე, შემსყიდველ ორგანიზაციას, შერჩევის პროცესთან დაკავშირებით კონსულტაციას უწევდნენ სხვადასხვა საერთაშორისო იურიდიული თუ ფინანსურ/ტექნიკური საკონსულტაციო კომპანიები [White & Case; Dechert Georgia (MG Law); Port Consultants Rotterdam; Maritime & Transport Business Solutions B.V. (MTBS), Squire Patton Boggs და სხვა].

სააგენტოს 2024 წელს კონსულტაციას უწევდნენ იურიდიულ საკითხებში – Squire Patton Boggs/MG Law, კომერციულ საკითხებში – MTBS, ხოლო ტექნიკურ საკითხებში – Port Consultants Rotterdam;

აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ სწორედ მსგავსი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის კონსულტანტებთან მოხდეს თანამშრომლობის გაგრძელება, რაც დაზოგავს სააგენტოს დამატებით ფულად რესურსსა და დროს“ – აღნიშნულია სააგენტოს განაცხადში.

სააგენტოს განმარტებით, ასეთი მომსახურებები „ხელს უწყობს პროექტთან დაკავშირებული შესაძლო სამართლებრივი, ეკონომიკური თუ სხვა სახის რისკების მინიმალიზებას და სახელმწიფო ინტერესების მაქსიმალურ წარმოჩენასა და დაცვას.“

„შესყიდვის პროცედურების განხორციელება ტენდერის საშუალებით გამოიწვევს საქმიანობის არსებით შეფერხებას და საფრთხის ქვეშ დააყენებს აღნიშნული ღონისძიების სრულფასოვნად განხორციელებას.“ – ასკვნის სააგენტო.

 

კითხვები ანაკლიის ნავსადგურის განვითარების სააგენტოს და პასუხები

 

პროექტთან დაკავშირებით „ბათუმელებმა“ რამდენიმე კითხვით „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს“ წერილობით 2025 წლის 24 თებერვალს მიმართა. სააგენტომ წერილზე 20 მარტს გვიპასუხა. აქვე გთავაზობთ კითხვა-პასუხს სრულად:

  • „ბათუმელები“: დაიდო თუ არა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ხელშეკრულება შერჩევის პროცესში მონაწილე ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან? თუ კი – გთხოვთ მოგვაწოდოთ ხელშეკრულების ასლი ელექტრონულად; თუ არა – რა ეტაპზეა ეს პროცესი და როდისთვის იგეგმება ხელშეკრულების დადება?

სააგენტო: ამ ეტაპზე, საქართველოს მთავრობის მიერ ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან შესაბამისი ხელშეკრულებები გაფორმებული არ არის. მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს დაზუსტებების პროცესი კონსორციუმის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, რაც გარკვეულ ვადებთან არის დაკავშირებული.

დაზუსტებების ეტაპის დასრულების შემდგომ, განაცხადის შეფასებასთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაცია და რეკომენდაციები წარედგინება შესარჩევ კომისიას გადაწყვეტილების მისაღებად, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

შესარჩევი კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისა და კანდიდატის გამარჯვებულად გამოცხადების შემთხვევაში, გამარჯვებულ კანდიდატთან დაიწყება კონცესიისა და პარტნიორთა ხელშეკრულებებზე მოლაპარაკებების პროცესი.

  • „ბათუმელები“: როგორც ცნობილია კონსორციუმის წამყვანი კომპანია China Communications Construction Company Limited [CCCC] სანქცირებულია აშშ-ში. ხომ არ ქმნის ან/და შექმნის ეს ბარიერს კონსორციუმთან მოლაპარაკებების/ხელშეკრულების დადების და შემდგომში კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესში?

სააგენტო: კითხვასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ აღნიშნულ თემაზე არაერთხელ გაკეთდა საჯარო განცხადება, მათ შორის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხრიდან.

  • „ბათუმელები“: „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს“ მიერ შერჩეულია თუ არა კონსულტანტები? რომელია ეს კონსულტანტი კომპანიები? რომელ კომპანიებთან არის გაფორმებული ამ დროისთვის ხელშეკრულებები ანალოგიური მომსახურებების გაწევაზე 2025 წლის განმავლობაში? გთხოვთ, მოგვაწოდოთ ამ ხელშეკრულებების ასლები ელექტრონულად.

სააგენტო: მოცემულ ეტაპზე, რაიმე სახის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, საკონსულტაციო მომსახურების მიღებაზე, საერთაშორისო ან ადგილობრივ კონსულტანტებთან გაფორმებული არ არის და მათი გაფორმება მოხდება წლის განმავლობაში, შესაბამისი საჭიროებების გათვალისწინებით.

  • „ბათუმელები“: თქვენი ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს თუ არა ანაკლიაში რაიმე სამუშაოები სახელმწიფო შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ? ზედამხედველობს თუ არა თქვენი სააგენტო ამ სამუშაოებს?

სააგენტო: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აკვატორიის ფსკერის დაღრმავებითი და ტალღისმჭრელის პროექტირება/მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები [მობილიზაცია] აქტიურ ფაზაშია. აღნიშნული სამუშაოები ხორციელდება „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ კონტრაქტორი ბელგიური კომპანია Jan De Nul N.V. [იან დე ნულ ენ ვი] მეშვეობით.

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სააგენტოს“ კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებას წარმოადგენს პროექტისთვის კერძო პარტნიორის შერჩევა და ამ მიზნით შერჩევის პროცესის წარმართვა და შემდგომი მონიტორინგი. შესაბამისად, სააგენტო აღნიშნული სამუშაოების ზედამხედველობას არ ახორციელებს, თუმცა როგორც შერჩევის პროცესი, აგრეთვე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს სააგენტოსა და შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ მჭიდრო კოორდინაციით.

 

ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი

 

ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 2024 წლის 29 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი დასრულებული იყო და გამარჯვებული ოფიციალურად რამდენიმე დღეში გამოცხადდებოდა.

მისივე თქმით, კერძო პარტნიორის შერჩევის მეორე ეტაპზე გადასული იყო ორი კომპანია: შვეიცარიულ-ლუქსემბურგული T.I.L Holding S.A და ჩინურ-სინგაპურული China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური), თუმცა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სააგენტოში წინადადება მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა წარმოადგინა.

ჩინური კონსორციუმის ქვეკონტრაქტორები, დავითაშვილის თქმით, China Road and Bridge Corporation და Qingdao Port International Co., Ltd არიან.

კერძო ინვესტორთან ერთად უნდა დაფუძნდეს პორტის მშენებელი ერთობლივი კომპანია, სადაც სახელმწიფო 51%-ის მფლობელი იქნება, ხოლო კერძო პარტნიორი — 49%-ის.

„უახლოეს ხანებში გვექნება წინადადებების შეფასება… დაზუსტდება შემოსული წინადადების დეტალები, რომლის შემდეგაც გამოცხადდება გამარჯვებული და საპარტნიორო შეთანხმებისა და საკონცესიო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების პროცესი დაიწყება“, – განაცხადა მაშინ დავითაშვილმა.

ანაკლიის პორტის ასაშენებლად ჩინური კონსორციუმის შერჩევაზე განცხადების გაკეთებით ხელისუფლებამ დასავლელ პარტნიორებს მორიგი გამოწვევა გაუგზავნა – განაცხადა მაშინ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარემ და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა.

აქვე აღსანიშნავია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის შერჩეული ჩინური კონსორციუმის წამყვანი კომპანია China Communications Construction Company Limited [CCCC] სანქცირებულია აშშ-ში, რასაც ეკონომიკის სამინისტრო მანიპულაციურად უარყოფდა.

ვრცლად: ანაკლიის პორტის ჩინური კომპანია სანქცირებულია აშშ-ში, სამინისტრო მანიპულირებს

როგორც „ნეტგაზეთმა“ გაარკვია, ჩინური კომპანია იძებნება სანქციების კონსოლიდირებულ სიაში, რაც არ ნიშნავს, რომ CCCC-სთან თანამშრომლობით საქართველო არღვევს რამე საერთაშორისო სანქციების რეჟიმს, თუმცა აღნიშნულ სიაში შეყვანილ ჩინურ კომპანიას ეკრძალება ამერიკული წარმოების კომპონენტების შეძენა აშშ-ის მთავრობის ნებართვის გარეშე.

 

რა ხდება?

 

ანაკლია. 2018 წელი. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.

საქართველოს მთავრობამ, – გიორგი გახარიას პრემიერობისას, – 2020 წლის 9 იანვარს განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას უწყვეტდა.

ამ თემაზე: როგორ იგებს რუსეთი ანაკლიის პორტის ჩაგდებით

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მამუკა ხაზარაძემ დააფუძნა და მასში შედიოდნენ Conti Internmational (აშშ) და TBC Hodling (საქართველო).

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ (ADC) საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავას აწარმოებდა, თუმცა ეს საჩივარი საბოლოოდ არ დაკმაყოფილდა.

კიდევ ერთ საარბიტრაჟო დავას აწარმოებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ჰოლანდიელი ინვესტორი ბობ მეიერი. ამ საქმეზე ჯერჯერობით არბიტრაჟს გადაწყვეტილება არ გამოუტანია.

საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პროექტისთვის კერძო პარტნიორის შერჩევის მიზნით ახალი შესარჩევი პროცესის გამოსაცხადებლად მოსამზადებელი სამუშაოები 2022 წლის მეორე ნახევარში დაიწყო.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ დაიქირავა საერთაშორისო კონსულტანტები (კომერციულ საკითხებში − MTBS, ხოლო იურიდიულ საკითხებში − Squire Patton Boggs), რომელთა ჩართულობით მომზადდა შესარჩევი პროცესის დოკუმენტაცია.

2023 წლის 20 სექტემბერს ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის მეორე ეტაპზე ორი კომპანია გადავიდა, თუმცა ისინი მაშინ არ დაასახელა.

მთლიანობაში კი, მინისტრის თქმით, პორტის მშენებლობაში კერძო პარტნიორობის სურვილი გამოთქვა ოთხმა კომპანიამ. იმ ორი კომპანიიდან, რომელიც შემდეგ ეტაპზე ვერ გადავიდა, ერთი ისრაელიდანაა, ხოლო მეორე – ასევე ჩინეთიდან.

________________________________

ამ თემაზე: 

“მთავრობა უუნაროა ანაკლია ან ფოთი აირჩიოს ერთადერთ ღრმაწყლოვან პორტად, რაც ნიშნავს, რომ არც ერთი არ აშენდება”- ინტერვიუ

რა შენდება ოჩამჩირეში, პორტი თუ ტერმინალი? – რას ამბობს სუსი და რა ხდება სინამდვილეში

 

მთავარ ფოტოზე: ანაკლია. 2018 წელი. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: