მთავარი,სიახლეები

„საათნახევრით შევამცირებთ მატარებლით მგზავრობის დროს თბილისიდან ბათუმამდე“ – ირაკლი კობახიძე

08.04.2026
„საათნახევრით შევამცირებთ მატარებლით მგზავრობის დროს თბილისიდან ბათუმამდე“ – ირაკლი კობახიძე

„რკინიგზას დაემატება თბილისი-ქუთაისის მიმართულება. აგვისტოში დასრულდება თბილისი-ბათუმის რკინიგზის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც გადაადგილების დრო ხუთნახევარი საათიდან შემცირდება 4-საათამდე, 1.5 საათით შევამცირებთ მგზავრობის დროს თბილისიდან ბათუმამდე,“ –  განაცხადა დღეს, 8 აპრილს, ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ დღესვე სარკინიგზო მიმართულებით რამდენიმე სიახლე დააანონსა.

კერძოდ, კობახიძის თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული მატარებლის, ე.წ. „კუკუშკის“ რეაბილიტაციის თაობაზე. ეს მატარებელი 2020 წლიდან არ მუშაობს.

ასევე, რკინიგზას დაემატება თბილისი-ახალციხის რეისი, რომელიც 2009 წლიდან არ მუშაობდა.

„აგვისტოში დასრულდება თბილისი-ახალციხის რკინიგზის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც აღდგება აღნიშნული რეისი, რომელიც გაუქმებული იყო 2009 წლიდან და გადაადგილების დრო, ძველ დროსთან შედარებით, 6 საათიდან შემცირდება 3-საათამდე, ანუ განახევრდება მგზავრობის დრო თბილისი-ახალციხის მიმართულებაზე.

ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს არის გეგმის ნაწილი – ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული მატარებლის, ე.წ. „კუკუშკის“ რეაბილიტაციის თაობაზე.

სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება როგორც მატარებელს, ისე სარკინიგზო ინფრასტრუქტურას, განხორციელდება 5 შესაბამისი სარკინიგზო სადგურის რეაბილიტაცია. ეს ხაზიც იყო 2020 წლიდან გაჩერებული და გეგმის მიხედვით, მატარებელი მომავალი წლის იანვრიდან მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს, ტურისტული თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობა აქვს რკინიგზის ამ ხაზის აღდგენას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს რკინიგზამ შეიმუშავა განვითარების 2026-2028 წლების სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც, შეისყიდიან 50 ახალ ლოკომოტივს, ასევე 1 500 ახალ ვაგონს.

„დავნერგავთ თანამედროვე სარკინიგზო სისტემებს, რის შედეგადაც გაუმჯობესდება საოპერაციო პროცესები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაორმაგდება საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, 2 მლნ-დან 5 მლნ-მდე გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის წლიური მაჩვენებელი.

„შევისყიდით 10 ახალ სამგზავრო მატარებელს, ამის შედეგად, ყველა მაგისტრალური რეისი შესრულდება ახალი მატარებლებით, სამგზავრო გადაყვანები გახდება გაცილებით კომფორტული და სწრაფი, როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ისე ქვეყნის სტუმრებისთვის. 2 მლნ-დან 5 მლნ-მდე გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის წლიური მაჩვენებელი,“- განაცხადა კობახიძემ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: